როგორ გავხდეთ საუკეთესო მამა
გააზიარე:
ორ წელიწადზე მეტია, გენდერულ ამბებზე ვმუშაობ. ამ სიტყვამ არ შეგაშინოთ – მე და ჩემი კოლეგები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მამებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ შვილების აღზრდის შესახებ, მეტად ჩაერთონ აღზრდაში და მათ საუკეთესო მეგობრებად იქცნენ.
ამ ორი წლის განმავლობაში საკმაო ინფორმაცია დამიგროვდა, ვფიქრობ, საინტერესოც, და მინდა, ჩვენს მკითხველსაც გავუზიარო. რუბრიკით “მამები და შვილები” ყოველთვიურად გაგაცნობთ ბავშვის აღზრდის მსოფლიოში დაგროვილ გამოცდილებას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, მამებს ყოველნაირად ეხმარებიან, რათა უკეთ გაართვან თავი მამობას. ხუთი წელია, მათ დედებთან ერთად დეკრეტულ შვებულებაში გასვლის უფლება აქვთ, ახლახან კი მათთვის სპეციალური სახელმძღვანელო გამოიცა: “როგორ გავხდეთ საუკეთესო ახალბედა მამა”. სახელმძღვანელოებს მამებს თავად პედიატრები გადასცემენ და ხანმოკლე ტრენინგსაც უტარებენ იმის შესახებ, როგორ დაეხმარონ დედებს ახალშობილის მოვლაში.
ოთხმოცდათხუთმეტგვერდიანი წიგნიდან შეიტყობთ, რითია სასარგებლო პირველივე დღეებიდან მამის აქტიური მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში, მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს იმის თაობაზე, როგორ დააძინოთ პატარა, როგორ მოუმზადოთ საკვები, როგორ აჭამოთ, როგორ დაამშვიდოთ, როგორ განუვითაროთ საჭირო უნარები...
ჩვილის დაბანა ახალბედა მშობლისთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ გვერწმუნეთ – სულ რამდენიმე ცდა და ამ სირთულესაც გადალახავთ.
უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ, მოერიოთ შიშს და კარგად დაიჭიროთ პატარას სველი, სრიალა სხეული. პირქვე გადაიწვინეთ პასიურ ხელზე (თუ მემარჯვენე ბრძანდებით – მარცხენაზე, თუ ცაცია – მარჯვენაზე), მაჯა თქვენკენ მოქცეული მკლავის ქვეშ გაუტარეთ, თითები კი მეორე მკლავში ჩაავლეთ. ასე ბავშვს ტანი წყალში ექნება, თავი კი – წყლის ზემოთ. მეორე ხელით ნაზად გასაპნეთ, მერე კი წყალი გადაავლეთ.
გადმოაბრუნეთ, ახლა ზურგით გადაიწვინეთ ხელზე და კეფა დაუკავეთ. გაუსაპნეთ მკერდი და მუცელი და ფრთხილად, ზომიერი ჭავლით გადაავლეთ წყალი.
რაღა თქმა უნდა, შეგიძლიათ, პირიქითაც მოიქცეთ – ჯერ მკერდი და მუცელი დაბანოთ, მერე კი ზურგი. ასე უფრო მოხერხებულიც კია – თავიც ხომ უნდა ჩამობანოთ, ესე იგი, წყალი კეფაზეც დაასხათ.
წინასწარ საგულდაგულოდ შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა. რაღა თქმა უნდა, სპეციალური თერმომეტრით. ნუ ენდობით საკუთარ შეგრძნებებს – გახსოვდეთ, ჩვილის კანი თქვენსაზე ნაზია.
გამოიყენეთ ახალშობილებისთვის განკუთვნილი საბანი საშუალებები.
რაც მთავარია, ყურადღება მიაქციეთ ჰაერის ტემპერატურას. ახალშობილის დაბანისას ოთახში უნდა თბილოდეს.
თუ ბავშვი დაბანის დროს ატირდა, მთელი თქვენი სიმამაცის მოკრება მოგიწევთ. გეთანხმებით, არ არის იოლი საქმე, მაგრამ გვჯერა, ამასაც მოახერხებთ და საქმეს ისე მიიყვანთ ბოლომდე, რომ ხელი არ აგიკანკალდებათ. საბედნიეროდ, ახალშობილთა უმრავლესობას უყვარს წყალი და აბაზანაში სიამოვნებით ლივლივებს. აი, თვალებსა და ცხვირ-პირში თუ ჩაუვიდათ, მაშინ კი განწირული ხმით ატირდებიან ხოლმე, მაგრამ რას ვიზამთ... ბოლოს და ბოლოს, შეგვიძლია, ეს უსიამოვნო წუთები ბოლოსთვის მოვიტოვოთ.
ახლა მეორე რუბიკონის გადასალახავად მოემზადეთ – პატარას ფრჩხილებიც ხომ უნდა დააჭრათ, რომ სათუთი კანი არ დაიკაწროს.
პირველ თვეებში ფრჩხილები რბილია, ამიტომ მათ დასაჭრელად საბავშვო მაკრატელი გამოიყენეთ. ამ მაკრატელს ბლაგვი წვერები აქვს და უსაფრთხოა.
ფრჩხილის ფირფიტა სწორად გადაჭერით ანუ თითის წვერის ფორმას მიჰყევით, თორემ გვერდები კანში ჩაეზრდება. საქმეს რომ მორჩებით, შეამოწმეთ, სადმე წვეტი ხომ არ დარჩა. თუ ბავშვი ფართხალებს და წინააღმდეგობას გიწევთ, ნუ დააძალებთ, ფრჩხილები ძილის დროს დააჭერით.
მშობლებისთვის ყველაზე მძიმე წუთები მაშინ დგება, როცა პატარა ტირილს იწყებს.
ჩვილები ტირიან, როცა შიათ, სცივათ, გამოსაცვლელი პამპერსი აწუხებთ, რაღაც სტკივათ... დააკვირდით პატარას და სცადეთ, თავად გაარკვიოთ ტირილის მიზეზი, ოღონდ გულგრილი დამკვირვებლის როლს ნუ დასჯერდებით – მიიკარით გულზე, დაამშვიდეთ და მოეფერეთ. თქვენი სწრაფი რეაქცია ბავშვს აგრძნობინებს, რომ მარტო არ არის.
თუ ახალშობილი მაძღარიცაა, პამპერსიც სუფთა აცვია და არც ხელ-ფეხი აქვს გაყინული, მაგრამ მაინც არ ჩუმდება, დაუკავშირდით პირად ექიმს და ჰკითხეთ რჩევა, საჭიროების შემთხვევაში კი ბავშვიც აჩვენეთ.
ბარემ აქვე გეტყვით – სპარტანული აღზრდის მეთოდი კარგა ხანია მოძველდა. ბავშვის ფიზიკური გაკაჟება აუცილებელიც კია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია მასთან ემოციური კავშირი. პატარებს მაშინაც უნდა ვეფეროთ, როცა მშვიდად არიან და არაფერი აწუხებთ.
ამჯერად სულ ეს იყო. ხომ არ გგონიათ, რომ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულია? გვენდეთ, ყველაფერი გამოგივათ. რაც მთავარია, ენდეთ საკუთარ თავს – სიყვარული საუკეთესო მასწავლებელია, ხშირად ის თვითონვე გიკარნახებთ სწორ გზას.
ნინია მაჭარაშვილი