როგორ ვიკვებოთ ფსორიაზის დროს

გააზიარე:

ქრონიკული დაავადების მქონე მრავალ ადამიანს მთელი სიცოცხლე სპეციფიკური დიეტის დაცვა უწევს. მაგრამ არსებობს დაავადებები, რომელთა დროს დიეტური კვების უპირატესობა მეცნიერული გამოკვლევებით არ არის დადასტურებული. ამ შემთხვევაში პაციენტები დაკვირვების შედეგად თავად ადგენენ, რა სახის საკვები სწყენთ თუ რგებთ. დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა ფსორიაზის დროსაც, რომელიც ქრონიკული არაგადამდები, მაგრამ ფსიქიკის დამთრგუნველი აუტოიმუნური დაავადებაა. სწორედ ფსორიაზით დაავადებულთა კვების შესახებ გვესაუბრება კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექიმი დერმატოლოგი ირმა ბუჩუკური:

 

– ფსორიაზი კანის ანთებით მიმდინარე აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის განვითარებაშიც უდავოა გენეტიკური განწყობის როლი. ამ დავადებას ახასიათებს უხვი მოწითალო, ვერცხლისფერი ქერცლით დაფარული, კანის დონიდან შემაღლებული გამონაყარი. გამონაყარი შესაძლოა განლაგებული იყოს ზედა და ქვედა კიდურებზე, სხეულზე, თავის თმიან ნაწილზე. მოსალოდნელია როგორც ხელის, ისე ფეხის ფრჩხილების დაზიანება, გამორიცხული არ არის ართრიტი.

ფსორიაზს მრავალიკლინიკური ფორმა აქვს:

  • ყველაზე მეტად ბალთისებრი ფსორიაზია გავრცელებული. ახასიათებს ვერცხლისფერი ქერცლით დაფარული ბალთების წარმოქმნა სხეულის სხვადასხვა არეში.
  • წვეთისებრი ფსორიაზისთვის დამახასიათებელია მცირე ზომის წვეთისებრი წითელი პაპულები (ბრტყელი კვანძები), რომლებიც ასევე დაფარულია ქერცლით.
  • ინვერსიული ფსორიაზის დროს გამონაყარი იღლიებში, საზარდულსა და კანის ნაოჭებში ჩნდება.
  • პუსტულური ფსორიაზის შემთხვევაში ჰიპერემიულ (შეწითლებულ) კანზე ჩნდება წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი.
  • ერითროდერმიული ფსორიაზი ვლინდება ძლიერი სიწითლით კანის ვრცელ უბნებზე.

მიმდინარეობის სირთულის მიხედვით განასხვავებენ ფსორიაზის მსუბუქ, საშუალო სიმძიმისა და მძიმე ფორმებს.

  • რა მიუთითებს დაავადების სიმძიმეზე?

– ფსორიაზის სიმძიმის შესაფასებლად ხშირად მიმართავენ ხელისგულებით მისი გავრცელების ფართობის შეფასებას. მიიჩნევა, რომ ერთი ხელისგულის ფართობი სხეულის ფართობის 1%-ია. მსუბუქ შემთხვევებში გამონაყარი გავრცელებულია სხეულის 1-2%-ზე, საშუალო სიმძიმის ფორმების დროს – 3-10%-ზე, მძიმე შემთხვევებში გამონაყარის გავრცელების ფართობი აღემატება 10%-ს. გარდა ამისა, დაავადების სირთულე განისაზღვრება გამონაყარის არეში აქერცვლის ინტენსივობითა და ინფილტრაციის ხარისხით, აგრეთვე იმით, რა გავლენას ახდენს ის ცხოვრების ხარისხზე. ფსორიაზით დაავადებული მრავალი ადამიანი უჩივის ძილის დარღვევას, დიდხანს სიარულის, ჯდომის, დგომის გაძნელებას, დისკომფორტს სამუშაოს ხელით შესრულებისას. ზოგჯერ მცირე ფართობზე გავრცელებული ფსორიაზიც შესამჩნევად ვნებს ცხოვრების ხარისხს, მაგალითად, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე გავრცელებისას.

ფიზიკურ დისკომფორტთან ერთად ფსორიაზი უზარმაზარ გავლენას ახდენს ემოციურ სფეროზეც. ფსორიაზით დაავადებულები აღნიშნავენ, რომ აქვთ უხერხულობის, უსუსურობის, გაუბედაობის შეგრძნება, ხშირად ფიქრობენ თავის მოკვლაზე. მრავალი მათგანი უჩივის სამუშაოს შესრულებასთან, სოციალურ ცხოვრებასა და ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სირთულეებს, სქესობრივი ცხოვრების არასრულფასოვნებას.

ფსორიაზსა და მენტალური ჯანმრთელობის დარღვევებს შორის კავშირის დასადგენად ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ფსორიაზით დაავადებულთა შორის 39%-ით იმატებს დეპრესია, 31%-ით – შფოთვა და 44%-ით – სუიციდის რისკი.

  • როგორ ადგენენ ფსორიაზის არსებობას?

– ფსორიაზის დიაგნოზის დასასმელად საკმარისია პაციენტის კლინიკური გასინჯვა, თუმცა რთულ შემთხვევებში შესაძლოა ჩატარდეს ბიოფსია (კანის მცირე ზომის ანათალის მიკროსკოპული შესწავლა).

  • ეფექტურია თუ არა ფსორიაზის მედიკამენტური მკურნალობა?

– ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც რეციდივებისა და რემისიების მონაცვლეობით მიმდინარეობს. არსებობს მისი მკურნალობის სამი ძირითადი მეთოდი: ტოპიკური მკურნალობა (მკურნალობა გარეგანი საშუალებებით, კერძოდ, მალამოებით, კრემებით, ემულსიებით, პასტებით, ლოსიონებით), ფოტოთერაპია (მკურნალობა ულტრაიისფერი სხივებით) და სისტემური მკურნალობა (მკურნალობა შინაგანად მისაღები საშუალებებით). სამკურნალო მეთოდი ინდივიდუალურად, დაავადების ლოკალიზაციის, ფორმის, გავრცელების ფართობის, პაციენტის ზოგადი მდგომარეობისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით ირჩევა. მკურნალობის სწორად შერჩეული სტრატეგია უზრუნველყოფს სწრაფ და ხანგრძლივ რემისიას, რეციდივების გაიშვიათებას და მათ სიმსუბუქეს.

  • საჭიროა თუ არა დიეტა ფსორიაზის დროს?

– ფსორიაზით დაავადებულები ზოგჯერ აღნიშნავენ, რომ ესა თუ ის საკვები ხელს უწყობს გამონაყარის განვითარებას. არ არსებობს სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც სპეციალური დიეტა სარგებლობის მომტანი იქნებოდა ფსორიაზის დროს (თუმცა, რაღა თქმა უნდა, ჯანსაღი კვება არასოდეს არის საზიანო). ანთებითი პროცესის შესუსტებასა და ფსორიაზული გამონაყარის მართვაში კი ზოგიერთი საკვებისგან თავშეკავება ნამდვილად დაგეხმარებათ. მაგალითად, ზოგიერთი კვლევა საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ცელიაკიის დროს, რომელსაც გლუტენის აუტანლობა ახასიათებს (გლუტენი ცილაა, რომელსაც შეიცავს ხორბალი, ჭვავი და ქერი), გლუტენის შემცველი საკვების მიღება ზრდის ფსორიაზის გამოვლენის რისკს. ასეთ პაციენტებთან გლუტენისგან თავისუფალი დიეტა ფსორიაზული გამონაყარის შემსუბუქებასაც განაპირობებს. ფსორიაზით დაავადებული სხვა ადამიანებისთვის კი ამ დიეტის მიზანშეწონილობა მეცნიერულად არ არის დადასტურებული.

ზოგი პაციენტი მიუთითებს, რომ ფსორიაზულ გამონაყარს ამძიმებს საფუარიანი საკვების მიღება. გავიმეორებ, ეს მონაცემები მეცნიერულად არ არის დადასტურებული, თუმცა უსაფუარო საკვები, ბუნებრივია, არ აუარესებს ფსორიაზის მიმდინარეობას, ამიტომ პაციენტს შეუძლია, მოსინჯოს ასეთი კვება და შედეგს დააკვირდეს. ზოგი ფსორიაზის გამწვავებას ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასაც უკავშირებს, თუმცა არც ეს კავშირია დადასტურებული მეცნიერულად.

  • რას ურჩევდით კვების თაობაზე ფსორიაზით დაავადებულებს?

– როგორც მოგახსენეთ, ფსორიაზი კანის ანთებით მიმდინარეობს, ამიტომ ანთების საწინააღმდეგო დიეტა, სავარაუდოდ, დადებით გავლენას მოახდენს დაავადების მიმდინარეობაზე. ანთების საწინააღმდეგო დიეტა გულისხმობს მაღალი ცხიმიანობის რძის ნაწარმისა და მსუქანი წითელი ხორცის (საქონლის, ცხვრის, ღორის ხორცის) შეცვლას დაბალი ცხიმიანობის მქონე ანალოგიური პროდუქტებით. თუ ამან ფსორიაზული გამონაყარის შემცირებას არ შეუწყო ხელი, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მაინც დადებითად იმოქმედებს, უკანასკნელ ხანს ჩატარებული კვლევები კი მოწმობს, რომ ფსორიაზი ზრდის კარდიოვასკულურ დაავდებათა რისკს.

ფსორიაზის მიმდინარეობას ამსუბუქებს:

  • თევზის ქონი და ომეგა-3. კვლევებით დადასტურებულია, რომ ომეგა-3 ასუსტებს ანთებას. გარდა ამისა, ამერიკის გულის ასოციაცია (American Heart Association) რეკომენდაციას იძლევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან ასაცილებლად რაციონში შევიტანოთ მსუქანი თევზი – თინუსი, მაკრელი, ორაგული, კალმახი და ქაშაყი, კვირაში, სულ მცირე, ორჯერ. რაკი ფსორიაზით დაავადებულებს გულის დაავადების რისკი უფრო მაღალი აქვთ, ეს რეკომენდაცია მათთვის უფრო მეტადაა ხაზგასმული, თუმცა ომეგა-3-ის დადებითი გავლენა უშუალოდ ფსორიაზის მიმდინარეობაზე დადასტურებული არ არის.
  • ანტიოქსიდანტებით მდიდარი კვება. ფსორიაზით დაავადებულთა რაციონი უხვად უნდა შეიცავდეს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც მოიპოვება ხილში, ბოსტნეულში, თხილეულსა და მარცვლეულში. ამ საკვებს ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. ზოგიერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფსორიაზით დაავადებულებს სისხლში დაბალი აქვთ გლუტათიონის დონე, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია და უხვად მოიპოვება ნიორში, ხახვში, კომბოსტოში (თეთრში, ბროკოლიში, ყვავილოვანში). მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა შედეგიანია ფსორიაზის მკურნალობისას.
  • ვიტამინები. ხილი და ბოსტნეული, რომლებიც A ვიტამინს შეიცავს, კანისთვის სასარგებლოა. A ვიტამინით მდიდარია სტაფილო, პომიდორი, ნესვი, წითელი ბულგარული წიწაკა, ქაცვი, მანგო. ფსორიაზის მკურნალობაში გვეხმარება D ვიტამინიც, რომელსაც მზის ვიტამინსაც უწოდებენ (მისი წარმოქმნა კანში მზის სხივების ექსპოზიციისას ხდება), თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად მისი ისეთი დიდი დოზებია საჭირო, რომლებსაც არასასურველი გვერდითი მოვლენების გამოწვევაც შეუძლია, მაშინ როდესაც ყოველდღიურად მზეზე 10-15 წუთით ყოფნა უვნებელიცაა და, ამავე დროს, D ვიტამინის სასურველი დოზითაც უზრუნველყოფს ორგანიზმს.
  • ბალახები. ფსორიაზით დაავადებულები მიუთითებენ, რომ გამონაყარი მცირდება იმუნური სისტემის მომაძლიერებელი და ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი ბალახის გამოყენებისას, თუმცა არც ამის მეცნიერული მოწმობა გაგვაჩნია. აღნიშნავენ ფურისულას ზეთის, მილკ ტჰისტლე-ს (ბრტყელეკალას სახეობა), ორეგანოს ზეთის, ტურმერიკის ეფექტურობას ფსორიაზის მკურნალობისას.
  • შეიძლება თუ არა ფსორაიზით დაავადებულისთვის ექსტრემული დიეტის დაცვა წონის დასაკლებად?

– დიდი სიფრთხილეა საჭირო ფსორიაზის დროს ექსტრემული დიეტით სარგებლობისას. ასეთი დიეტები ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით აღარიბებს ორგანიზმს. თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ფსორიაზით დაავადებულებისთვის საუკეთესოა დიეტა ცხიმის დაბალი და ხილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის მაღლი შემცველობით. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ჭარბი წონა აძლიერებს კანის ანთებას და ამით ფსორიაზის მიმდინარეობას ამძიმებს. გამოვლენილია თეძოების გარშემოწერილობის, წელის გარშემოწერილობის, წელისა და თეძოების გარშემოწერილობათა შეფარდების ძლიერი კორელაცია ფსორიაზის სიმძიმის მიმართ.

საზოგადოდ, მავნე ჩვევებისაგან თავისუფალი, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, სპორტული აქტივობა, ზამთრისა და ზაფხულის კურორტებით სარგებლობა და სწორი კვება უკიდურესად მნიშვნელოვანია ფსორიაზის მართვისას.

 

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ფსორიაზის შესახებ

  • მსოფლიოში საშუალოდ ყოველი 30-ე ადამიანი ფსორიაზითაა დაავადებული (სხვადასხვა ქვეყანაში მაჩვენებელი სხვადასხვაა, თუმცა საშუალოდ 2-5%-ს უდრის. 2012 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 125 მლნ ფსორიაზით დაავადებული ადამიანი იყო). ფსორიაზით ავადდებიან, მიუხედავად ასაკისა, სქესისა და ეროვნებისა.
  • ფსორიაზი არ არის კონტაგიოზური, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გადაეცემა ერთი ადამიანისგან მეორეს, არ არის გადამდები.
  • ფსორიაზით დაავადებულთა 10-30%-ს აღენიშნებ ფსორიაზული ართრიტი.
  • ფსორიაზით დაავადებულთა დაახლოებით მესამედი აღნიშნავს დაავადების არსებობას მშობლებთან ან ახლო ნათესავებთან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფსორიაზით დაავადებულ მშობელს შვილი აუცილებლად დაავადებული უნდა ჰყავდეს.
  • ნერვული სტრესი, მავნე ჩვევები, ჭარბი წონა, სტრეპტოკოკული ინფექციები, ზოგიერთი მედიკამენტი ფსორიაზის ტრიგერს ანუ გამშვებს წარმოადგენს.
  • ფსორიაზი ხშირად არის შეჭიდული სხვა დაავადებებთან – ისეთებთან, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მეტაბოლური სინდრომი, კრონის დაავდება, სიმსუქნე, ჰიპერტენზია, დეპრესია.
  • 29 ოქტომბერი ფსორიაზის მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული.
  • ევროპისა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც, არსებობს ფსორიაზით დაავდებულთა ასოციაციები.


მარი აშუღაშვილი

გააზიარე: