საკვები თმისთვის

გააზიარე:

ლამაზი თმა რომ ქალის საუკეთესო სამკაულია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ თმასაც ისევე სჭირდება ვიტამინები და მინერალები, როგორც ორგანიზმს. ჯანმრთელი კვების, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს პირობებში თმას საკვებ ნივთიერებებს ორგანიზმი აწვდის, მაგრამ ზაფხულის 
მცხუნვარე მზე, ჭარბი გამონაბოლქვი, ქარი და არასწორი რაციონი ღერებს ბზინვარებას უკარგავს. ასე რომ, თუ გსურთ, თქვენი თმა მუდამ აბრეშუმივით ნაზი და ბრწყინვალე იყოს, ისღა დაგრჩენიათ, დამატებითი საკვები მიაწოდოთ. სწორედ ამისთვის არსებობს სამკურნალო და პროფილაქტიკური ნიღბები, რომელთა რეცეპტებსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ.

ვიდრე ნიღბის მომზადებას შეუდგებოდეთ, დაიმახსოვრეთ: დაზიანებული თმისთვის განკუთვნილი სამკურნალო ნიღბის გამოყენება კვირაში ორი-სამჯერ შეიძლება, პროფილაქტიკური ნიღბების წასმა კი თვეში ორ ჯერზე მეტად არ არის რეკომენდებული.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბები
თუ ატყობთ, რომ თმა შეგითხელდათ და ვარცხნისას სავარცხელს არცთუ უმნიშვნელო ოდენობის ღერი მიჰყვება, სწორედ ის დროა, ჩვენ მიერ შერჩეული ნიღბების მომზადება-გამოყენებას შეუდგეთ:
1. ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და თითო კოვზი ატმისა და კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნარევი წაისვით სუფთა თმაზე და ორ საათს გაიჩერეთ. თუ ამ ნიღაბს სამი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ გაიკეთებთ, შედეგს აუცილებლად დაინახავთ – თმის ცვენა შეგიმცირდებათ და თქვენს ბუნებრივ სამკაულს ბრწყინვალება შეემატება.
2. ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ნახევარი ჭიქა თბილი წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 10-15 წუთს და თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.
3. ერთი პაკეტი (25 გრამი) უფერული ინა გააზავეთ იმდენ კეფირში, რომ არაჟანისებრი მასა მიიღოთ. ნარევი წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 30 წუთს და კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი არამარტო გაამაგრებს თმის ძირებს და შეაჩერებს ცვენას, არამედ თმას არაჩვეულებრივ ბზინვარებას შესძენს.
4. 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ნივრის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე ალოეს წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნარევი წაისვით ნოტიო თმაზე, თავი პოლიეთილენით შეიხვიეთ და პირსახოცით დაითბუნეთ. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნივრის მკვეთრი სუნი რომ გაიქროთ, თბილ წყალს მშრალი მდოგვი დაამატეთ.

ნიღბები გამომშრალი და გახუნებული თმისათვის
ზაფხულის მზე თმა აშრობს და ახუნებისს, ამიტომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნიღბები ამ სეზონზე განსაკუთრებით გამოგადგებათ.
ავერსი საკვები თმისთვის1. 1 კვერცხი და 6 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი  კარგად აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე და 10-15 წუთს გაიჩერეთ. თმა თბილი წყლით და თქვენი თმის ტიპისთვის განკუთვნილი შამპუნით ჩამოიბანეთ.
2. 150 გრამი ყაბაყის რბილობი კარგად ათქვიფეთ ბლენდერში, დაამატეთ ნახევარი ჭიქა რძე და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთს და ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და შამპუნით.

ნიღბები ცხიმიანი თმისთვის

მართალია, მცხუნვარე მზე ცხიმიან თმას ნაკლებად აზიანებს, მაგრამ  ამ ტიპის თმა მშრალზე არანაკლებ პრობლემებს გვიქმნის: ის სწრაფად  კარგავს მოცულობას, სიცხეში მალე ჭუჭყიანდება და დილით გაკეთებული ვარცხნილობა საღამოს უკვე უსიამოვნოდ გამოიყურება.
თავის კანის ცხიმიანობა რომ შეამციროთ, ამ ნიღბებით ისარგებლეთ:
1. ერთი ცალი ტკბილი ბულგარული წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი კეფირი და 1 სუფრის კოვზი თეთრი თიხა. კარგად აურიეთ და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 20-30 წუთს და უხვად თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
2. წვრილად გახეხეთ 1 ცალი ვაშლი, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და ამდენივე ლიმონის წვენი. წაისვით თმაზე და 30 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლითა და თქვენი თმის შესაფერისი შამპუნით ჩამოიბანეთ.

პროფილაქტიკური ნიღბები
 
ბედმა გაგიღიმათ – ჯანმრთელი და უპრობლემო თმა გაქვთ, მაგრამ მის სიჯანსაღესა და სილამაზეს შენარჩუნება უნდა, ამიტომ კარგი იქნება, თუ თქვენს მშვენიერ თმას ზაფხულში პროფილაქტიკური ნიღბებით გაანებივრებთ. 
1. ერთი ჩაის კოვზი ცისფერი თიხა, ერთი კვერცხის გული და ერთი ჩაის კოვზი თაფლი კარგად აურიეთ, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი და ერთი ჩაის კოვზი მდოგვი. ისევ აურიეთ, მიღებული მასა თმის ძირებში შეიზილეთ და შემდეგ მთელ სიგრძეზე გაანაწილეთ. დაიხურეთ პოლიეთილინის ქუდი და შეიფუთეთ პირსახოცით. ნიღაბი თმაზე 2 საათს დაიტოვეთ და შემდეგ თავი თბილი წყლით და შამპუნით დაიბანეთ. გაიკეთეთ ეს ნიღაბი თვეში ორჯერ.
2. თითო სუფრის კოვზი სტაფილოსა და ლიმონის წვენი, ერთი სუფრის კოვზი ალოეს წვენი,  ერთი სუფრის კოვზი კონიაკი, ერთი კვერცხის გული და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ერთმანეთში კარგად აურიეთ, მიღებული ნარევი თმაზე წაისვით და ნახევარი საათს გაიჩერეთ, შემდეგ კი თავი ჩვეულებრივ დაიბანეთ. ეს ნიღაბი თვეში  ერთხელ უნდა გაიკეთოთ. ის თმას ყველა აუცილებელი ვიტამინით მოამარაგებს.
3. 100 გრამი ქოქოსის კარაქი, 100 გრამი ცისფერი მშრალი თიხა, 30 მლ ვაშლის ძმარი და ნახევარი ჭიქა გვირილის ნაყენი ერთმანეთში კარგად აურიეთ, რათა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ, შეიზილეთ თმის ძირებში და მთელ თმაზე გაანაწილეთ. გაიჩერეთ 5-10 წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის წასმა კვირაში ერთხელ არის რეკომენდებული. ის თმას  არაჩვეულებრივ სურნელს, მკვეთრ ელფერსა და ბზინვარებას მიანიჭებს.

დაბოლოს, წაისვით მხოლოდ ახალმომზადებული ნიღაბი – რამდენიმე საათის შემდეგ მის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებათა სამკურნალო თვისებები სუსტდება.
გამოკვებეთ თქვენი თმა. ის აუცილებლად დაგიფასებთ მზრუნველობას და განუმეორებელი მომხიბვლელობით დაგაჯილდოებთ.

გააზიარე: