განახლებული მუხლის სახსარი

გააზიარე:

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანება ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს. განსაკუთრებით – სიარულში მონაწილე სახსრებისა. მათ რიცხვს მიეკუთვნება მუხლის სახსარიც, რომლის დაზიანებაც ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინას უმეტესად შეუძლია პრობლემის მოგვარება, რისთვისაც კონსერვატიულ მკურნალობასთან ერთად გამოიყენება ქირურგიული ჩარევაც. ბოლო დროს ხშირად მიმართავენ მუხლის სახსრის ართროპლასტიკას – ენდოპროთეზირებას.

მუხლის სახსრის დაზიანებისა და ქირურგიული მკურნალობის შესახებ “ავერსის კლინიკის” ტრავმატოლოგია-ორთოპედიის სამსახურის უფროსი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ლუხუმ ჭანტურია გვესაუბრება:

 

– მუხლის სახსარი რამდენიმე სტრუქტურული ელემენტის ერთობლიობით იქმნება და საკმაოდ რთულ მექანიზმს წარმოადგენს. მისი შემადგენელი ნაწილებია: ძვალი (ბარძაყის დისტალური ბოლო, წვივის პროქსიმული ბოლო), რომელიც დაფარულია სასახსრე ხრტილებით, წინა ჯვარედინი და გვერდითი იოგები, სინოვიური გარსი, რომელიც წარმოქმნის სასახსრე სითხეს და მენისკები. მუხლის სახსარი კუნთებისა და მყესების დახმარებით მოძრაობს – კუნთების მოხრა-გაშლა მათზე მყესით მიმაგრებულ ძვალს ამოძრავებს, რაც, თავის მხრივ, სახსრის მამოძრავებელ ფუნქციას განსაზღვრავს.

– რა განაპირობებს სახსრის დაზიანებას და რა მიგვანიშნებს ამაზე?

– სახსრის შემადგენელი ნებისმიერი ელემენტის დაზიანება არღვევს სახსრის ნორმალურ ფუნქციობას და ხშირად მუხლის ტკივილსა და სიარულის გაძნელებას იწვევს. მუხლის დაზიანებას ბევრი რამ იწვევს და უწყობს ხელს: ტრავმა, ვირუსული და ინფექციური ართრიტები, ოსტეოპოროზი, მდედრობითი სქესი, ჭარბი წონა, ასაკი, ჰიპერმობილური იოგოვანი აპარატი და სხვა.

მუხლის სახსრის ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელიც ართროპლასტიკას მოითხოვს, ართროზია. ეს უკანასკნელი მიეკუთვნება სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული ქრონიკული დაავადებების ჯგუფს, აგრესიულად მიმდინარეობს - პროგრესირებს და სახსრის ფაქტობრივად ყველა ელემენტს აზიანებს - როგორც ხრტილოვან და ძვლოვან ნაწილს, ისე მიმდებარე (პერიარტიკულურ) ქსოვილებსაც.

მუხლის დაზიანების წამყვანი კლინიკური ნიშანია მუხლის ტკივილი ან ტკივილთან მიახლოებული დისკომფორტი, რომელიც ძლიერდება დატვირთვისა და უხერხული მოძრაობის დროს. მოსალოდნელია აგრეთვე სახსრის შესივება-შეშუპება, დეფორმაცია სხვა.

– დიაგნოსტიკის რა მეთოდებით აღმოაჩენენ პრობლემის მიზეზს?

– პაციენტის გასინჯვისა და მისი ჩივილების მოსმენის შემდეგ ტარდება ულტრასონოგრაფიული და რენტგენოგრაფიული კვლევები. საჭიროებისამებრ, მათ ემატება კომპიუტერული და მაგნიტურ-რენზონანსული ტომოგრაფია.

– რით მკურნალობენ ართროზს და მუხლის სხვა პრობლემებს?

– მუხლის სახსრის დაავადებების მკურნალობა კომპლექსურია და სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, როდესაც სახსრის დაზიანების საწყისი და პირველადი ნიშნები იჩენს თავს, ტარდება მკურნალობა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით, კალციუმის პრეპარატებით და ქონდროპროტექტორებით, ფიზიოპროცედურებით – ფონოფორეზით, ელექტროფორეზით, ლაზეროთერაპიით, სამკურნალო ფიზკულტურითა და მასაჟით. თუ ჩივილები არ ჩაცხრა, იწყება მკურნალობის მეორე ეტაპი ჰიალურონის მჟავასა და ქონდროიტინის სულფატის სახსარშიდა ინექციებით. შესაძლოა გაკეთდეს სტეროიდის ინექციაც.

კომპლექსური თერაპია მიმართულია ტკივილის ჩახშობისკენ, რათა შემდეგ სარეაბილიტაციო ღონისძებებით აღვადგინოთ სახსრის დინამიკა. თუ პროცესი მეტისმეტად შორსაა წასული და მოძრაობა მკვეთრადაა შეზღუდული, დღის წესრიგში დგება მკურნალობის მესამე ეტაპზე - ქირურგიულ ჩარევაზე გადასვლის საკითხი.

– რა სახის ოპერაცია ტარდება დაზიანებულ მუხლზე?

– მუხლის სახსრის ოპერაციული მკურნალობაც ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე ტარდება ართროსკოპია, რომელიც შეიძლება განხორციელდეს თერაპიული მკურნალობის პარალელურად. ართროსკოპიის დროს ქირურგი ასუფთავებს, რეცხავს სახსარს, მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს გადაგვარებულ მენისკს. თუ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი, ტარდება მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება.

– სახელდობრ, რა ხდება ამ ოპერაციის დროს?

– მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება გულისხმობს სხეულის დაზიანებული ნაწილების ხელოვნურით შეცვლას. მდგომარეობის კვალობაზე, შესაძლოა მოგვიხდეს სახსრის როგორც ნაწილობრივი, ისე სრული ჩანაცვლება. პირველ შემთხვევაში მუხლის სახსრის მხოლოდ ნაწილი იცვლება. მეორეში სახსრიდან მთლიანად ვიღებთ დაზიანებულ ძვალსა და ხრტილს და მათ ხელოვნური, მაღალი ხარისხის მეტალისა და ასევე მაღალი ხარისხის პოლიეთილენისგან დამზადებული დეტალებით ვცვლით.

დღესდღეობით პრაქტიკაში გამოიყენება მუხლის სახსრის ორი ტიპის ენდოპროთეზი: სრიალა პროთეზი კვირისტავის ჩართვით (ამ დროს იცვლება როგორც წვივისა და ბარძაყის ხრტილოვანი ზედაპირები, ისე კვირისტავის სასახსრე ზედაპირიც) და პროთეზი ჩამკეტი მექანიზმით, რომელიც გამოიყენება უმთავრესად სარევიზიო-განმეორებითი ოპერაციის დროს და გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც იოგოვანი აპარატი ძლიერაა დასუსტებული (ისმება პროთეზის წვივისა და ბარძაყის კომპონენტები ჩამკეტი მექანიზმით). ვიყენებთ სხვადასხვა ფირმის ნაწარმს, რომლებსაც ამერიკული და ევროპული ხარისხის ნიშანი აქვს.

– როგორი ანესთეზიით ტარდება ოპერაცია და როგორ ამზადებთ ამისთვის პაციენტს?

– ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს როგორც სპინალური, ისე ზოგადი ანესთეზიითაც. ის 1-დან 3 საათამდე გასტანს. ოპერაციისთვის პაციენტის მომზადება სტანდარტულად ხდება: ტარდება ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა მისი ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად (სისხლის გამოკვლევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევა და ა.შ.). კარდიოლოგიურ პაციენტებთან, რომლებსაც ენდოპროთეზირება სჭირდებათ, წინასაოპერაციო პერიოდში კარდიოლოგის რეკომენდაციებით ვხელმძღვანელობთ, ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებთან – ნევროპათოლოგის რეკომენდაციებით და ა. შ. ოპერაციის შემდეგ პაციენტი 3-4 დღეს რჩება კლინიკაში, მერე კი ამბულატორიულ რეჟიმზე გადაგვყავს და ვგზავნით "ავერსის კლინიკის" აღდგენითი თერაპიის კვლევით ცენტრში, სადაც რეაბილიტაციის სრული კურსი უნდა გაიაროს.

– რას გულისხმობს და რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაცია?

– ისევე, როგორც ყველა სხვა ორთოპედიული ოპერაციისა, მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების შედეგიც პოსტოპერაციულ პერიოდში სწორად წარმართულ რეაბილიტაციის პროცესზეა დამოკიდებული. რეაბილიტაცია გულისხმობს როგორც კუნთოვანი კორსეტის გამაგრება-გაძლიერებას, რაც შესაბამისი ვარჯიშებით ხორციელდება, ისე სახსრის მეთოდურ დამუშავებასაც სპეციალური სარეაბილიტაციო მექანიკური აპარატებით. რეაბილიტაციის პერიოდი, სახსრის დაზიანების სიმძიმის კვალობაზე, 1-დან 3 თვემდე გრძელდება. მუხლის ფუნქციის სრული აღდგენა 4-6 თვეს მოითხოვს.

– რით შეიძლება გართულდეს ოპერაცია?

– მუხლის სახსრის ართროპლასტიკის ყველაზე ხშირი გართულებაა ჩირქოვანი პროცესი, რომელსაც უცხო სხეული იწვევს. ამ შემთხვევაში საჭიროა განმეორებითი ოპერაციის ჩატარება.

– რა წესების დაცვა უწევს პაციენტს ოპერაციის შემდეგ?

– პაციენტს, რომელიც სრულყოფილად გადის რეაბილიტაციის კურს, განსაკუთრებული რეჟიმი არ სჭირდება. ბუნებრივია, კიდური უნდა დაიზოგოს, მაგალითად, გამოირიცხოს მძიმე სამუშაოს შესრულება, მძიმე – 5-6 კგ და მეტი მასის – ტვირთის აწევა. გადაადგილება  ამ პერიოდში არ იზღუდება. ოპერაციიდან ძალიან მცირე ხნის, არა უმეტეს 12-14 დღის შემდეგ პაციენტს უკვე შეუძლია საკუთარი თავის მოვლა.

– დაახლოებით რამდენ ხანზეა გათვლილი ხელოვნური სახსარი?

– თუ იმპლანტიც მაღალი ხარისხისაა, ოპერაციაც სათანადოდ ჩატარდა და პაციენტიც გადის რეაბილიტაციის შესაბამის კურსს, შესაძლოა, ხელოვნური სახსარი სიცოცხლის ბოლომდე ემსახუროს. სტატისტიკური მონაცემებით, მისი ნორმალური ფუნქციობის საშუალო ხანგრძლივობა 10-25 წელია. ამ ხნის შემდეგ, თუ თავი იჩინა ტკივილმა და სახსრის ფუნქცია დაირღვა, შესაძლებელია ხელმეორე ოპერაციის ჩატარება იმპლანტის შეცვლის მიზნით.

– დაბოლოს, როგორ ავიცილოთ თავიდან მუხლის დაზიანება?

– ტრავმისა და უბედური შემთხვევის თავიდან აცილება ძნელია, მაგრამ შესაძლებელია ზოგიერთი ფაქტორის გათვალისწინება. მაგალითად, სპორტულ დატვირთვამდე აუცილებელია მოთელვა, გახურება - სიარული, გაჭიმვითი ვარჯიშები. მუხლის კუნთების გასაძლიერებლად კარგია სიარული, ველოსიპედის ტარება.

უნდა ერიდოთ უეცარ და მკვეთრ მოძრაობას, ვარჯიშისაა დატვირთვის ძალა თანდათან ზარდოთ, გეცვათ კომფორტული, კარგად მორგებული ფეხსაცმელი, შეინარჩუნოთ სხეულის ჯანსაღი წონა, რათა მისმა სიჭარბემ მუხლის სახსრები არ გადატვირთოს.

მუხლის სახსრის დაავადებების პრევენცია კი გულისხმობს მკურნალობას კალციუმის პრეპარატებით, ქონდროპროტექტორებით, ბისფოსფონატებით, კალციტონინებით და სხვ., რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ექიმმა უნდა დაგინიშნოთ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: