ფოლადივით მტკიცე ძვლები

გააზიარე:

ასე მტკიცე და ასე სათუთი ძვლები

ბარძაყის ყელის მოტეხილობა–ასაკოვანთა განსაცდელი

ნუ დანებდებით ოსტეოპოროზს

პრობლემური ძვლოვანი წანაზრდები

ოსტეომიელიტი–ძვალში შეპარული საფრთხე

მიელომა მკურნალობას ექვემდებარება

პოდაგრა

  

 

დადიხართ, ზიხართ, ხელში აყვანილ ბავშვს ასეირნებთ თუ ტვირთს ეზიდებით, ამისთვის ძვლებს, სახსრებსა და კუნთებს იყენებთ. სხეულის ამ მნიშვნელოვანი ნაწილების გარეშე ადამიანს არც დგომა, არც სიარული, არც სირბილი არ შეეძლებოდა.

მთელი ჩვენი სხეული ძვლებზეა შემოშენებული. ძვლოვანი ჩონჩხი სხეულის საყრდენს წარმოადგენს და მისი ფორმის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. თავის ქალა თავის ტვინს იცავს და სახის ფორმირებაში მონაწილეობს; ზურგის ტვინი და თავისა და ზურგის ტვინს შორის იმპულსების გამტარი სისტემა ხერხემლის სვეტითაა დაფარული; ნეკნები გულს, ფილტვებს, ღვიძლსა და ელენთას იცავს დაზიანებისგან, მენჯი კი – ნაწლავებს, შარდის ბუშტსა და რეპროდუქციული სისტემის ორგანოებს. ამრიგად, ყველა შინაგანი ორგანო მძლავრი კარკასითაა დაცული, ამიტომ ძვლების სიჯანსაღე და სიმაგრე, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ადამიანის ჩონჩხი 206 ძვლისგან შედგება. მათი წარმოქმნა მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება. თავდაპირველად ჩონჩხი ხრტილოვანია, რამდენიმე კვირის შემდეგ კი იწყება მისი ოსიფიკაციის – გაძვალების პროცესი: კალციუმის ფოსფატებითა და კოლაგენით, ძვლის ორი უმთავრესი კომპონენტით, ხრტილის ჩანაცვლება. ამ პროცესის დასრულებას საშუალოდ 20-25 წელი სჭირდება, თუმცა ძვლის შენება მთელი ცხოვრება გრძელდება. ორგანიზმი განუწყვეტლივ აახლებს ძვლოვან ქსოვილს, თუმცა ასაკთან ერთად ძვლის რეგენერაციის უნარი თანდათან იკლებს.

ძვალი სამი ტიპის უჯრედებს შეიცავს:

* ოსტეობლასტებს – “ძვლისწინარე” უჯრედებს, რომლებიც ძვლის წარმოქმნაში მონაწილეობს და დაზიანების აღმოფხვრას უზრუნველყოფს;

* ოსტეოციტებს – დედისეულ უჯრედებს, რომლებიც ძვლის ძირითად მასას ქმნის;

* ოსტეოკლასტებს – ძვლის დამშლელ უჯრედებს.

ოსტეოკლასტები განსაკუთრებით აქტიურნი არიან ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოტეხილობათა შეხორცებაში.

მოტეხილი ძვლების რეგენერაციაში არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ძვლისაზრდელას. ეს შემაერთებელი ქსოვილის ფენაა, რომელიც გარს აკრავს ძვალს. ის კარგად მარაგდება სისხლით და უხვად შეიცავს ნერვულ დაბოლოებებს. ძვლისაზრდელა ძვლის ზრდასა და განვითარებაში, მყესებისა და კუნთების ფიქსაციაშიც მონაწილეობს.

ძვლებს ხუთ ჯგუფად ყოფენ: ლულისებრ, ბრტყელ, ღრუბლისებრ, ჰაეროვან და შერეულ ძვლებად. ლულისებრი ძვლები უმთავრესად კიდურების ჩონჩხს ქმნის. მკერდის, ხერხემლისა და მენჯის ძვლები ღრუბლისებრია. ბრტყელი ძვლები ქალას სარქვლის შექმნაში მონაწილეობს, ქალას ზოგიერთი ძვალი კი ჰაერით სავსე ღრუებს შეიცავს. სწორედ მათ უწოდებენ ჰაეროვან ძვლებს.

ძვლებს მხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქცია არ აკისრია – მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლაშიც. მაგალითად, შეიცავს კალციუმს, რომელიც ძვლებს სიმტკიცეს სძენს და სხეულის მასასთან გამკლავების საშუალებას აძლევს. ამასთან, ძვლები ინახავს ამ ელემენტს და საჭიროების შემთხვევაში მას სისხლში გამოყოფს. დაბოლოს, ძვალი შეიცავს ძვლის ტვინს, რომელიც სისხლის წარმოქმნაში მონაწილეობს.

მოდი, შევიტყოთ, რა შეიძლება დაემუქროს სხეულის ამ უმნიშვნელოვანეს ნაწილს და როგორ შეიძლება საფრთხის თავიდან აცილება თუ აღკვეთა.

 

ასე მტკიცე და ასე სათუთი ძვლები

პატარები ისე ხშირად ეცემიან, ზოგჯერ გვიკვირს კიდეც, როგორ ინარჩუნებენ სხეულის სიმრთელეს.

საბედნიეროდ, ბავშვების ძვლოვანი სისტემის თავისებურებათა წყალობით, ყველა დაცემა მოტეხილობით არ მთავრდება, მოტეხილობათა უმეტესობა კი მსუბუქია და შესამჩნევ კვალს არ ტოვებს. ბავშვების სქელი და ძლიერი ძვლისსაზრდელა სისხლით განსაკუთრებით კარგად მარაგდება, ხრტილი კი ძვალს ელასტიკურობასა და მოქნილობას ანიჭებს. ყოველივე ამის გამო მოტეხილობა ბავშვებთან იშვიათია. მაგრამ ხდება ისეც, რომ გართობა მძიმე შედეგით მთავრდება და პატარას კვირაობით უწევს თაბაშირის სახვევის ტარება.

 

თავგანწირული ძვლები

მოტეხილობა უმეტესად სხეულის ზედა ნაწილში ვითარდება – მხარზე, მაჯაზე, იდაყვზე. ეს ბუნებრივი რეფლექსის შედეგია – დაცემისას ბავშვები ხელებით ცდილობენ დარტყმის შემსუბუქებას.

 

მოტეხილია?

მოტეხილობის კლასიკური ნიშნებია ტკივილი, შეშუპება და დეფორმაცია, მაგრამ ზოგჯერ, როცა მოტეხილი ძვლის ბოლოები ერთმანეთს დაშორებული არ არის, დიაგნოსტიკა არც ისე ადვილია. რენტეგნოლოგიური გამოკვლევა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რათა დიაგნოზის დადასტურებასთან ერთად გაირკვეს მოტეხილობის ტიპიც, თუმცა ძვლის ზრდის ზონაში განვითარებულ მოტეხილობას ზოგჯერ რეტგენიც ვერ ავლენს. როცა ამგვარი მოტეხილობაა სავარაუდო, ექიმი პაციენტს რენტეგენოლოგიური დასკვნის უქონლობის შემთხვევაშიც უმკურნალებს.

საზოგადოდ კი მოტეხილობაზე მიუთითებს:

* ტრავმის დროს ხრაშუნი ან ტკაცუნი (კრეპიტაცია);

* დაზიანებულ ადგილას წარმოქმნილი ჰემატომა ან სირბილე;

* ტკივილი შეხების, გადაადგილების, ზეწოლის დროს;

* დაზიანებული ნაწილის დეფორმაცია (მძიმე შემთხვევებში მოტეხილი ძვალი კანიდან გამოდის კიდეც).

 

კლასიფიკაცია ნუ დაგვაბნევს

მოტეხილობათა კლასიფიკაციას სხვადასხვა ნიშნით ახდენენ. საბოლოოდ ექიმის დასკვნაში შესაძლოა მოტეხილობის იმდენ განსაზღვრებას შეხვდეთ, გაგიკვირდეთ კიდეც. მართლაცდა, როგორ შეიძლება, ერთი და იგივე მოტეხილობა სრულიც იყოს, ცდომილიც, რთულიცა და დახურულიც? მოდი, გავარკვიოთ, რას გულისხმობს ეს ტერმინები. თანაც დაიხსომეთ: ეს უბრალო სიტყვები არ არის, სწორედ მათზეა დამოკიდებული მკურნალობის გეგმა და სამომავლო პროგნოზი.

ვინაიდან ბავშვის ძვლები უფრო რბილია, პატარებს უმეტესად არასრული მოტეხილობა აღენიშნებათ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძვლის მთლიანობა ნაწილობრივ არის დარღვეული ანუ მოტეხილობის ხაზი ძვალს მთლიანად არ გასდევს. მოწიფული ადამიანებისთვის კი უფრო მეტად სრული მოტეხილობაა დამახასიათებელი.

როცა კანის მთლიანობა ირღვევა და მოტეხილი ძვალი სხეულის ზედაპირიდან გამოდის, მოტეხილობას ღია ეწოდება. დახურული მოტეხილობის დროს კი კანის მთლიანობა დარღვეული არ არის.

თუ მოტეხილი ძვლის ბოლოებმა ადგილი იცვალა, სახეზეა მოტეხილობა ცდომით, საპირისპირო შემთხვევაში კი – მოტეხილობა ცდომის გარეშე. ცდომის დროს უმეტესად ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

როცა მოტეხილი ძვალი ორ ნაწილად იყოფა, მარტივ მოტეხილობაზე საუბრობენ, როცა რამდენიმე ნაწილად – რთულზე.

ბავშვებთან განსაკუთრებით ხშირია და მხოლოდ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი ე.წ. მწვანე ტოტის მოტეხილობა – არასრული მოტეხილობა, რომლის დროსაც ძვლის ცალი მხარე მოტეხილია, მეორე კი გაღუნული, ამასთან, ძვლისსაზრდელას მთლიანობა დარღვეული არ არის – მხოლოდ კორტიკული ფენის მთლიანობა ირღვევა. ასეთი მოტეხილობა მოტეხილ და ქერქით ჩამოკიდებულ ტოტს მოგაგონებთ.

 

როგორ მოვიქცეთ

თუ მოტეხილობას ეჭვობთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას. სასწრაფო ჩარევა განსაკუთრებით მაშინაა საჭირო, თუ ბავშვს თავის ან კისრის არე დაუზიანდა ან მოტეხილი ძვალი კანიდან არის გამოსული.

 

სასწრაფოს მოსვლამდე

შევთანხმდით: პირველი, რასაც ტრავმის შემთხვევაში ვაკეთებთ, სასწრაფო დახმარების გამოძახებაა, მის მოსვლამდე კი მოტეხილი არის უძრაობა უნდა უზრუნველვყოთ:

1. სახელდახელოდ გააკეთეთ არტაშანი ან სარტყელი. ამისთვის გამოგადგებათ ფიცარი, ჯოხი, გადახვეული გაზეთი. თუ ასეთი ვერაფერი იპოვეთ, ზედა კიდურის შემთხვევაში საყრდენად ტანი გამოიყენეთ, ქვედა კიდურის შემთხვევაში კი მეორე კიდური. შეამოწმეთ, საკმარისი სიგრძისაა თუ არა სახელდახელო არტაშანი – ის ორ მეზობელ სახსარს მაინც უნდა აფიქსირებდეს.

2. გახადეთ დაშავებულს ტანსაცმელი, ოღონდ ისე, რომ დაზიანებული კიდური არ გაანძრიოთ. ამისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ სამოსის გაჭრაც.

3. დაადეთ ცივი კომპრესი ან ყინული, ოღონდ აუცილებლად ქსოვილში გახვეული. ყინულის პირდაპირ კანზე დადება არ შეიძლება.

 

როგორ არ უნდა მოიქცეთ

1.            ხელით არ მიაწვეთ გარეთ გამოსულ ძვალს.

2.            არ ეცადოთ ძვლის ჩასწორებას.

3.            სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ბავშვს ნურაფერს აჭმევთ – შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს.

 

მოტეხილობის გართულებები

მართალია, მოტეხილობის პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა, მაგრამ არც გართულებაა გამორიცხული:

* მოტეხილმა ძვალმა შესაძლოა ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილები დააზიანოს, რაც დამატებითი ტრავმისა და სისხლდენის წყაროა.

* თუ მოტეხილობის შედეგად ნერვული უჯრედები დაზიანდა, შესაძლოა, დამბლა განვითარდეს.

* ინფექცია მოტეხილობის თანმხლები კიდევ ერთი საფრთხეა, ამიტომ ღია მოტეხილობა ზედმიწევნით უნდა გასუფთავდეს.

* ზოგიერთი ძვლის მოტეხილობა სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოების – თავის ტვინის, ფილტვების, გულის – დაზიანებას იწვევს.

* ძლიერი ტკივილის დროს მოსალოდნელია შოკი.

 

მკურნალობა

შეხორცებისთვის უმეტესად საკმარისია ძვლის იმობილიზაცია, მაგრამ ხდება ისეც, რომ ქირურგიულ ოპერაციას თავს ვერ ავარიდებთ.

 

ვუბრუნდებით დისლოკაციის ადგილს

შეცილებული მოტეხილობის დროს, თაბაშირის დადებამდე, აუცილებელია ძვლების თავდაპირველ ადგილას ჩასმა. ეს გარეგანი მანიპულაცით კეთდება, რომელსაც დახურული ჩასწორება ეწოდება. პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია, ამიტომ მის წინ ბავშვებს (ისევე როგორც მოზრდილებს) სედაციურ საშუალებას აძლევენ.

ჩასწორების შემდეგ ძვალს სწორი მიმართულებით ზრდას თაბაშირი “აიძულებს”.

რამდენიმე დღის შემდეგ საჭიროა რენტეგენოლოგიური კვლევის გამეორება შეოხრცების დინამიკის შესამოწმებლად.

თუ მოტეხილობა უფრო ძლიერია, ჩასწორება ღია წესით ხდება. ეს არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც კანზე განაკვეთი კეთდება და მეტალის ფირფიტა ძვლის მოტეხილ ნაწილებს უერთდება. როცა ძვლები შეხორცდება, ექიმი ფირფიტას ამოიღებს. ეს პროცედურა ზოგადი ნარკოზის ფონზე ტარდება.

 

თეთრი ბორკილები

პირველი, რაც მოტეხილობის ხსენებისას თვალწინ წარმოგვიდგება, ალბათ, თეთრ კარკასში მოქცეული ძვლებია. სწორედ ეს თეთრი ბორკილი უზრუნველყოფს ძვლების სწორ შეხორცებას და ხშირად ოპერაციისგანაც კი გვიცავს.

თაბაშირი მძიმე თეთრი ფხვნილია, რომელიც მკვრივ მასას წარმოქმნის და წყალთან შერევის შემდეგ სწრაფად მყარდება. სიმყარე ძვალს მოძრაობის საშუალებას არ აძლევს და მთავარი მიზანი – იმობილიზაციაც – მიღწეულია.

თაბაშირი ძალზე მყარია, ამიტომ მას, წესისამებრ, მაშინ იყენებენ, როდესაც ყველაზე ძლერი ფიქსაციაა საჭირო. მსუბუქ შემთხვევებში ზოგჯერ სპეციალური დამჭერებით შემოიფარგლებიან.

მოტეხილობა, მისივე ხასიათისა და ბავშვის ასაკის კვალობაზე, სხვადასხვა სიჩქარით ხორცდება. ვადა 3-დან 6 კვირამდე მერყეობს. კარგი ის არის, რომ ძლიერი მოტეხილობაც კი უმეტესად ბოლომდე, უკვალოდ აღმოიფხვრება და რამდენიმეკვირიანი დასვენების შემდეგ თქვენი პატარა ძველებურად ირბენს, იხტუნებს და ითამაშებს.

 

“მოტეხილობაფილია”

ბავშვობაში ვინ არ დავცემულვართ, მაგრამ ალბათ თქვენც იცნობთ ერთ-ორ ისეთ ადამიანს, ამა თუ იმ კიდურის მოტეხილობის გამო დროის დიდ ნაწილს თაბაშირდადებული რომ ატარებს, მერე კი ტრაბახობს – ესა და ეს ძვალი ამდენჯერ მაქვს მოტეხილიო. მოტეხილობისადმი მიდრეკილებას თანდაყოლილ არასრულყოფილ ოსტეოგენეზს მიაწრენ. ასეთ ბავშვებს ყველაზე მეტად კვების რაციონის გამოსწორება წაადგებათ, ვინაიდან მათ ძვლებს სიმტკიცე აკლია.

ყველაზე მაგარი ძვალიც კი გატყდება, თუ მასზე დიდი ძალით ვიმოქმედებთ, მაგრამ თუ ძვალი მსუბუქი ტრავმის შედეგადაც ტყდება, მიზეზი თავად ძვალში უნდა ვეძებოთ.

ძვლების სიმტკიცეს კალციუმი და D ვიტამინი განაპირობებს. რაც უფრო მეტს იღებს ბავშვი ამ ნივთიერებებით მდიდარ საკვებს, მით უფრო “მყარად იდგება მიწაზე”. აუცილებელია ფიზიკური აქტივობაც: სიარული, სირბილი, ვარჯიში ძვლებს ამაგრებს.

მიზეზის მიხედვით მოტეხილობებს ტრავმულად და პათოლოგიურად ყოფენ. ამ უკანაკნელზე მაშინ საუბრობენ, როდესაც ძვლის მოტეხილობა ტრავმის გარეშე ან მსუბუქი ტრავმის შედეგად ხდება.

პათოლოგიური მოტეხილობები უმეტესად ზრდასრულებთან გვხვდება. მათ განვითარებას ხელს უწყობს თირკმლის დაავადებებები, ჰორმონული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური პათილოგიები, გენეტიკური დაავადებები და მანკები. ძვლის სიმტკიცეზე გავლენას ახდენს რადიაცია და მავნე ჩვევებიც, მათ შორის – მოწევა.

 

დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის კუთხით მოზრდილებსა და ბავშვებს შორის არსობრივი განსხვავება არ არის, ამიტომ ბავშვებისთვის განკუთვნილი ყველა რეკომენდაცია მოზრდილებმაც უნდა შეასრულონ.

 

ახლა კი – მოტეხილობის ერთი განსაკუთრებით საინტერესო სახეობას შევეხოთ, რომელიც დიდებთანაც გვხვდება და პატარებთანაც, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვებთან, მეტადრე ახალშობილებთან იპყრობს. ეს ლავიწის მოტეხილობაა.

 

პირველი ტირილი, პირველი ტრავმა

ლავიწი გრძელი წვრილი ძვალია, რომელიც მკერდის ძვალს მხრის ძვალთან აერთებს. ადამიანს ლავიწის ორი ძვალი აქვს – მარჯვენა და მარცხენა. მათი მოტეხილობა, წესისამებრ, რთული მშობიარობის შედეგია.

ცხადია, ახალშობილი ტრავმის შესახებ ვერაფერს გვეტყვის, მაგრამ მრავლისმთქმელია მისი პოზა – ბავშვი მტკივან კიდურს არ ამოძრავებს. ზოგჯერ მოტეხილობა ხელით გასინჯვითაც ვლინდება.

რამდენიმე კვირის შემდეგ ძვლის შეხორცების ადგილას შეშუპება წარმოიქმნება. ზოგჯერ ეს ერთადერთი სიმპტომია, რომელიც წარსულში გადატანილ ლავიწის მოტეხილობაზე მიანიშნებს. დაავადების დიაგნოზს რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე სვამენ, თუმცა შეხორცების შემდეგ გადატანილი ტრავმის ნაკვალევს ზოგჯერ კვლევის ამ მეთოდითაც კი ვერ აღმოაჩენენ. სრული გამოჯანმრთელება მკურნალობის გარეშეც შესაძლებელია. გართულებაც ძალზე იშვიათია.

 

პატარებიაღარ ვართ, მაგრამ…

ლავიწის მოტეხილობისაგან არც მოწიფულ ასაკში ვართ დაზღვეულნი. ის ხშირია მხარზე დაცემის შემდეგ და მაშინ, როდესაც დაცემისას გაწვდილი ხელით ვცდილობთ დარტყმის შემსუბუქებას. ზოგად სიმპტომებთან: ტკივილთან, დეფორმაციასთან, კრეპიტაციასა და შესივებასთან, – ერთად ლავიწის მოტეხილობას შესაძლოა თან ახლდეს მხრებსა და თითებში მგრძნობელობის დაქვეითებაც, რაც მდგომარეობის სიმძიმეზე მიუთითებს.

 

სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ :

* ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ტკივილს არ აყუჩებს;

* თითები გაფითრებული, გალურჯებული, შავი ან თეთრია ან ნემსის ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნება გაქვთ;

* გიჭირთ დაზიანებულ მხარეს თითების მოძრაობა;

* ძვალი კანიდანაა გამოსული.

 

რას ველოდეთ

თუ მოტეხილი ძვლების ბოლოები შეცილებული არ არის, მკურნალობა დამჭერი ნახვევის დადებით შემოიფარგლება. ეს ნახვევი, ერთი მხრივ, ლავიწის ფიქსაციას უზრუნველყოფს (რაც მისი სწორად შეხორცებისთვის აუცილებელია), მეორე მხრივ კი კიდურის მოძრაობის თანმხლებ ტკივილს ამსუბუქებს. შეცილებული მოტეხილობის დროს კი შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო. შეხორცებისთვის ბავშვებს 3-დან 6 კვირამდე პერიოდი ჰყოფნით, მოზრდილებს კი დაახლოებით 12 კვირა სჭირდებათ.

 

პრევენცია

მართალია, ბავშვს გარე სამყაროსგან იზოლირებულად ვერ გავზრდით და ვერც თანატოლებთან თამაშს ავუკრძალავთ, მაგრამ სიფრთხილის მარტივმა ზომებმა შესაძლოა მეტად რთული პრობლემები თავიდან აგვაცილოს. მუდამ გახსოვდეთ სათანადო სამოსი, ჩაფხუტი, ღვედი, მოძრაობის წესები... და არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ: ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტიურობა.

 

უსაფრთხო მოძრაობა

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გზებზე მოძრაობის წესების უგულებელყოფის ან დარღვევის გამო მსოფლიოში ყოველდღიურად 4000 ადამიანი იღუპება, ათასობით სახიჩრდება და ინვალიდდება. ამ მძიმე სტატისტიკაში საქართველოსაც საკმაო წვლილი შეაქვს. შსს-ს მონაცემების მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ უკანასკნელ ხანს საგრძნობლად მოიმატა. ისიც უნდა ითქვას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების მესამედი ქვეითად მოსიარულეებს აზარალებს, რომელთა შორისაც ყველაზე მოწყვლად ჯგუფს სწორედ ბავშვები წარმოადგენენ.

მოტეხილობისა თუ სხვა, უფრო მძიმე პრობლემებისგან თავი რომ დაიზღვიოთ, ზემომოყვანილ რეკომენდაციებს კიდევ რამდენიმე მარტივი წესი დაუმატეთ:

 

* ნუ გადაირბენთ სამანქანო გზაზე.

* ქუჩაზე გადასვლისას ნუ მოადუნებთ ყურადღებას.

* ქუჩაზე გადასვლისას ყურიდან გამოიძრეთ ყურსასმენები და ერიდეთ ტელეფონით საუბარს.

* ნუ იქნებით იმის იმედად, რომ მოახლოებული მანქანის მძღოლი შეგამჩნევთ და დაამუხრუჭებს.

* დაელოდეთ მანქანის გააჩერებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაჭერით ქუჩა.

* ისარგებლეთ ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მიწისქვეშა თუ მიწისზედა გადასასვლელით.

 

ბარძაყის ყელის მოტეხილობა–ასაკოვანთა განსაცდელი

მოტეხილობა, რა თქმა უნდა, არც ერთ ასაკში არ არის სასურველი, მაგრამ მოხუცებსა და ხანდაზმულებს განსაკუთრებით დიდ პრობლემას უქმნის. ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე ხშირად ბარძაყის მოტეხილობა გვხვდება. მისი ერთ-ერთი ფორმა, ყელის მოტეხილობა, პრაქტიკულად არ ხორცდება და სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა რიცხვს მიეკუთვნება.

ბარძაყის ყელის მოტეხილობის შესახებ კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგია-ორთოპედიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ ორაგველიძე გვესაუბრება:

 

– ბარძაყის ყელი სხვა ძვლებსა და ბარძაყის სხვა ნაწილებზე სუსტია. ის განსაკუთრებულ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ პირობებში იმყოფება: ა) არ გააჩნია ძვალსაზრდელა; ბ) მწირია მისი სისხლით მომარაგება. ბარძაყის ყელის მოტეხილობა ყველაზე ხშირად 60 წელს გადაცილებულ ქალებთან გვხვდება, რადგან ქალები მეტად არიან მიდრეკილნი ოსტეოპოროზისკენ, განსაკუთრებით –  მენოპაუზის შემდეგ: ამ პერიოდში მცირდება ძვლოვანი მასა, რის გამოც მოტეხილობის რისკი იმატებს.

– რა ტიპის ტრავმა იწვევს ბარძაყის ყელის მოტეხილობას?

– ბარძაყის ყელი დუნდულაზე ან გვერდზე დაცემისას ტყდება. როდესაც ოსტეოპოროზი ძლიერ არის გამოხატული, შესაძლოა, მოძრაობისა და  სიარულის დროსაც კი მოტყდეს.

შესაძლოა, პაციენტს ძვალში პათოლოგიური კერა ჰქონდეს, რომლის შესახებაც არც კი იცის. ამ შემთხვევაში ბარძაყის ყელის მოტეხა არაადეკვატური ტრავმის დროსაც არის მოსალოდნელი (პათოლოგიური მოტეხილობა).

 

რა მიგვანიშნებს

– როგორია ბარძაყის ყელის მოტეხილობის ნიშნები?

– ბარძაყის ყელის მოტეხილობის დროს შეინიშნება ტერფის გარეთა როტაცია (გარეთ გადაბრუნება), კიდურის დამოკლება, ტკივილი საზარდულის მიდამოში, რომელიც ძლიერდება ფეხის აქტიური თუ პასიური მოძრაობის მცდელობის დროს. დაშავებული ვერ ახერხებს მოტეხილი კიდურის აწევას, წოლისას ქუსლს დამოუკიდებლად ვერ აშორებს საწოლის ზედაპირს (ამას მიწებებული ქუსლის სიმპტომს ვუწოდებთ). საბოლოო დიაგნოზის დასასმელად საჭიროა რენტგენოგრაფია.

 

ჩაჭედილი მოტეხილობა

– რა სახისა შეიძლება იყოს ბარძაყის ყელის მოტეხილობა?

– ბარძაყის ყელის მოტეხილობა შეიძლება იყოს შეცილებული, შეუცილებელი და ჩაჭედილი. ეს უკანასკნელი სპეციფიკურია: ბარძაყის თავი ყელზე ჩამოეცმება და მასში იჭედება, რის ხარჯზეც სახსარი ფუნქციას ინარჩუნებს. ასეთი მოტეხილობის დროს სიმპტომები სუსტია, ფაქტობრივად შეუმჩნეველი – არც ტკივილია ძლიერი, არც ტერფის როტაცია შეინიშნება და არც კიდურის დამოკლება. ამ დროს დაშავებული შესაძლოა დადიოდეს კიდეც და ექიმთან მაშინღა მივიდეს, როდესაც მოტეხილი ძვლის ფრაგმენტები ერთმანეთს შესცილდება და კიდური საყრდენ ფუნქციას ვეღარ შეასრულებს.

თუ პაციენტმა დროულად მიმართა ექიმს, შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს კონსერვატიული მკურნალობა ან მცირეინვაზიური ოპერაცია. ეს უკანასკნელი მცირე განაკვეთით ტარდება და სამი კომპრესიული ჭანჭიკით ოსტეოსინთეზს (ძვლების შეერთებას) გულისხმობს, რის შედეგადაც შემთხვევათა 70-80%-ში  მიიღწევა მოტეხილობის სრული კონსოლიდაცია.

დაგვიანებულ შემთხვევებში ჩაჭედილი ძვლის ფრაგმენტები  შესცილდება  და აუცილებელი ხდება ოპერაციული ჩარევა.

 

ტაქტიკა – ოპერაცია

– ბარძაყის ყელის შეცილებული მოტეხილობა ოპერაციის პირდაპირი ჩვენებაა. ბარძაყის ციბრუტებზე გამავალი მოტეხილობების დროსაც ოპერაციული მკურნალობა – ოსტეოსინთეზია ნაჩვენები. ამ ტიპის მოტეხილობის დროს, ბარძაყის ყელის მოტეხილობასთან შედარებით, შეხორცების ალბათობა მეტია.

ბარძაყის ყელის მოტეხილობისას ქირურგიული ჩარევა მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირებას – ბუნებრივი სახსრის ხელოვნურით ჩანაცვლებას – გულისხმობს. ასაკოვან პაციენტებთან უმეტესად ვიყენებთ ბიპოლარულ პროთეზს, რომლის თავს ორმაგი მოძრაობის უნარი აქვს. ბიპოლარული ენდოპროთეზირება ტოტალურ ენდოპროთეზირებაზე გაცილებით დამზოგველი ოპერაციაა. ამ დროს ბარძაყის ფოსოდან ვიღებთ მოტეხილ თავს, ტაბუხის ფოსოს არ ვამუშავებთ და ზომის შესაბამისად ვათავსებთ მის ხელოვნურ კომპონენტს. ბიპოლარული პროთეზის ერთი ნაწილი ფოსოში მოძრაობს, მეორე კი – ბარძაყის ხელოვნურ თავში. ეს ხრტილის ცვეთას ამცირებს და პროთეზი საშუალოდ 8-10 წელს ემსახურება ადამიანს.

ბიპოლარულ პროთეზს სპეციალური დამცავი რგოლი აქვს, რის გამოც მისი ამოვარდნის საფრთხე ნაკლებია, ვიდრე ტოტალური პროთეზისა.

ახალგაზრდებთან უმეტესად ტოტალურ პროთეზირებას მივმართავთ. ამ დროს ვცვლით როგორც ბარძაყის, ისე ტაბუხის ფოსოს კომპონენტს – მასში ხელოვნურ ფოსოს ვამაგრებთ.

– სარისკოა თუ არა ოპერაცია?

– რა თქმა უნდა, ოპერაციას განსაზღვრული რისკიც ახლავს თან. არსებობს საშიშროება, ორგანიზმის მიერ უცხო სხეულად აღქმული პროთეზი დაჩირქდეს, მით უმეტეს, მოტეხილობის დროს ოპერაცია რაც შეიძლება სწრაფად ტარდება და ქრონიკული, მთვლემარე ინფექციების აღმოჩენას ვერ ვასწრებთ.

გარდა ამისა, ბარძაყის ყელის მოტეხილობისას იმატებს თრომბოემბოლიის განვითარების რისკი, რის გამოც პაციენტს პირველივე საათებიდან უკეთება დაბალმოლეკულური ანტიკოაგულანტები. პოსტოპერაციულ პერიოდში რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში გამორიცხული არ არის პროთეზის თავის ამოვარდნა.

 

ფეხზე სულ მალე

– რა რეკომენდაციების დაცვა უწევს პაციენტს ოპერაციის შემდეგ და ოპერაციიდან რამდენ ხანში აქტიურდება?

– ენდოპროთეზირების ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ პაციენტი მალე აქტიურდება, ფატობრივად, ოპერაციის მესამე დღესვე დგება ფეხზე. მეორე დღეს მას უტარდება სუნთქვითი ვარჯიშები და სამკურნალო ფიზკულტურის დოზირებული პროცედურები, მესამე დღეს კი უკვე სიარულს იწყებს ჭოჭინით ან სპეციალური ოთხფეხათი, ნაოპერაციებ კიდურზე სრული დაყრდნობით.

პაციენტის ადრეული მობილიზება –  ყავარჯნებზე ადრე დაყენება – ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფსიქოლოგიური ტრავმის შესამსუბუქებლად, ისე შეგუბებითი პნევმონიისა და ნაწოლების პროფილაქტიკისთვისაც. ოპერაციიდან 2-3 თვეში პაციენტი ერთ ხელჯოხზე გადადის, კიდევ 2-3 თვის შემდეგ კი უკვე დამოუკიდებლად გადაადგილდება. სრულ გააქტიურებამდე მან უნდა ატაროს ელასტიური ბანდი ან მაღალი ანტიემბოლიური წინდები, პერიოდულად აკონტროლოს კოაგულოგრამა (სისხლის შედედების ტესტი), საჭიროების შემთხვევაში ჩაიტაროს მკურნალობა დაბალმოლეკულური ანტიკოაგულანტებით, 1.5 თვის, 3 თვის, 6 თვისა და 1 წლის შემდეგ გადაიღოს  რენტგენოგრამა.

ენდოპროთეზირების შემთხვევაში, უმჯობესია, სახსრის ძლიერ გადატვირთვას ვერიდოთ, რადგან ხელოვნური სახსარი ბუნებრივის იდენტური არ არის, თუმცა ნაოპერაციებ პაციენტს უნარი შესწევს, მოემსახუროს საკუთარ თავს, იაროს ფეხით, მართოს  ავტოსატრანსპორტო საშუალება და სხვა.

პაციენტმა უნდა დაიცვას განსაზღვრული წესებიც. მაგალითად, ტოტალური პროთეზი შესაძლოა ამოვარდეს კიდურის შეზიდვისას ფეხის ფეხზე გადადების დროს, არასწორი მოძრაობისას. საზოგადოდ, კიდური არ უნდა მოიხაროს ტანის მიმართ 90 გრადუსზე მეტი კუთხით. არ შეიძლება დაბალ საკამზე ჯდომა. ტუალეტისთვის სასურველია საჯდომის სპეციალური, 10-15 სმ-იანი ასამაღლებლია გამოყენება. ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ სქესობრივ ცხოვრებასა და მშობიარობასთან დაკავშირებული რეკომენდაციებიც.

– რა გამოსავალი არსებობს ამოვარდნილობისას?

– ენდოპროთეზის ამოვარდნილობა ამ ოპერაციის ერთ-ერთი არასასურველი გართულებაა. ამ დროს პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ამ შემთხვევაში მცირე ნარკოზით შესაძლებელი იქნება ამოვარდნილი ენდოპროთეზის დახურული წესით ჩასწორება, დაგვიანებისას კი პროთეზს შესაძლოა ღია წესით ჩასწორება დასჭირდეს. ჩასწორების შემდეგ პაციენტს დაახლოებით თვენახევრით დეროტაციულ ნახვევს ვადებთ.

 

უკუჩვენება

– როდის არ შეიძლება ოპერაციის გაკეთება?

– ოპერაციის აბსოლუტური უკუჩვენებაა მოხუცებულთა ჭკუასუსტობა. ასეთი პაციენტები ვერ იცავენ ექიმის რეკომენდაციებს, შესაძლოა, პროთეზი ამოუვარდეთ ან უნებლიე მოძრაობის გამო დააინფიცირონ ჭრილობა, ეს კი მდგომარეობას ძალიან გაართულებს. ჭკუასუსტობის დროს ოპერაციას მხოლოდ დაშავებულის ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით ვაკეთებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, პაციენტი ფეხზე მალე წამოვაყენოთ.

იმ პაციენტებთან, ვინც ოპერაციას ვერ იკეთებს, იშვიათად მიმართავენ ცრუ სახსრის ხელოვნურ ფორმირებას. ტკივილის გადალახვით პაციენტს წამოვსვამთ, გავააქტიურებთ, ვუტარებთ სუნთქვით და ზოგადგამაჯანსაღებელ ვარჯიშებს. 2-3 თვეში მოტეხილობის ადგილას დრეკადი ხრტილოვანი წარმონაქმნი ყალიბდება, რომელსაც ცრუ სახსარი ეწოდება. ტკივილი მცირდება. კიდური საყრდენ ფუნქციას ვეღარ ასრულებს, მაგრამ პაციენტს შეუძლია ყავარჯნით გადაადგილება.  ამგვარად, ის დაზღვეულია პნევმონიისა და ნაწოლების განვითარებისგან.

ოპერაცია უკუნაჩვენებია პალიატიურ პაციენტებთანაც.

 

პროგნოზი

– რას ველოდეთ მოტეხილობის შემდეგ?

– თუ პაციენტმა ოპერაციის შემდეგ ყველა რეკომენდაცია დაიცვა, ფაქტობრივად, ისევე იცხოვრებს, როგორც მოტეხილობამდე – გადაადგილებას და საკუთარი თავის მომსახურებას თავისუფლად მოახერხებს, თუმცა დიდ სპორტულ დატვირთვაზე, სამწუხაროდ, უარის თქმა მოუწევს.

  

ნუ დანებდებით ოსტეოპოროზს

ბევრს ჰგონია, რომ თუ ორმოცდაათ წელს გადააბიჯა და ოსტეოპოროზმა თავი შეახსენა, ასეც უნდა იყოს. გეთანხმებით, ოსტეოპოროზი ხშირად ასოცირდება ასაკთან, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის ნორმალური დაბერების ნაწილია. ოსტეოპოროზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ისევე მოითხოვს მკურნალობას, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება.

პრობლემას რომ ვებრძოლოთ, მისი არსი უნდა ვიცოდეთ. მაშ, რა არის ოსტეოპოროზი?

 

რაზე მეტყველებს სტატისტიკა

პრობლემა რომ აქტუალურია, ამაში შემდეგი მონაცემებიც დაგარწმუნებთ: ორმოცდაათ წელს გადაცილებული ყოველი მესამე ქალი და მეთორმეტე მამაკაცი ამა თუ იმ ხარისხის ოსტეოპოროზითაა ავად; ამერიკის შეერთებულ შტატებში 53 მილიონზე მეტ ადამიანს ამა თუ იმ სიმძიმის ოსტეოპოროზი აქვს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გადაწყვეტილებით, ის სიცოცხლისთვის საშიშ იმ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც განსაკუთრებულ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ყურადღებას მოითხოვს.

ოსტეოპოროზს ხშირად “ჩუმი დაავადების” სახელითაც მოიხსენიებენ. ეს იმიტომ, რომ შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ადამიანი მაშინღა ამჩნევს მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, როდესაც პროცესი უკვე შორს არის წასული და, ამის კვალობაზე, დახმარება – ძნელი.

 

მაინც რა არის ოსტეოპოროზი?

ოსტეოპოროზი ძვლოვანი სისტემის ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ძვლოვანი მასის შემცირება და მისი მიკროარქიტექტონიკის შეცვლა ახასიათებს. ამ დროს ძვლოვანი ქსოვილის მასა და სიმკვრივე მცირდება, ძვალი მყიფე და ადვილად მტვრევადი ხდება, იმატებს მოტეხილობის რისკი. ცნობილია, რომ მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებთან ოსტეოპოროზი ხშირ მოტეხილობათა მთავარი მიზეზია.

 

რა იწვევს

ცნობილია, რომ ადამიანის ძვლოვანი ქსოვილი განუწყვეტლივ ახლდება. ძვლის “დაშლისა” და “აღდგენის” პროცესში ჰორმონები ასრულებენ მთავარ როლს, ამიტომ ოსტეოპოროზის მთავარი მიზეზიც სწორედ ჰორმონული დარღვევებია.

ოსტეოპოროზის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა ქალთა დისჰორმონული ანუ პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი. მენოპაუზას თან ახლავს ძვლების კალციუმით გაღარიბება და თანდათანობითი გამოფიტვა. ცნობილია, რომ 50 წელს გადაცილებულ ყოველ მეორე ქალს ერთხელ მაინც აქვს გადატანილი ოსტეოპოროზული მოტეხილობა.

 

როგორ ამოვიცნოთ

ოსტეოპოროზის ამოცნობა, როგორც ითქვა, საკმაოდ ძნელია, ვინაიდან შეუმჩნევლად მიმდინარეობს და თვალში საცემი სიმპტომებით არ გამოირჩევა, თუმცა შესაძლოა, მასზე მიანიშნებდეს ძვლების უმიზეზო ტკივილი, განსაკუთრებით – წელის მიდამოში, 3 სმ-ზე მეტით დადაბლება, ტანდეგობის ცვლილება, კუზის განვითარება, ფრჩხილების სიმყიფე, კბილების დაზიანება, ნაადრევი გაჭაღარავება, ერთი ან მეტი მოტეხილობა უმნიშვნელო ტრავმის დროს.

 

ვის ემუქრება

ოსტეოპოროზის საერთაშორისო ასოციაციამ გამოყო რისკის ფაქტორები – ფაქტორები, რომელთა თანაარსებობისას ოსტეოპოროზის განვითარების ალბათობა უფრო დიდია:

* ორმოცდაათ წელზე უფროსი ასაკი;

* თეთრი რასა;

* სუსტი აღნაგობა (ქალებისთვის);

* ხერხემლისა და ბარძაყის ყელის მოტეხილობის ოჯახური ანამნეზი;

* სპორტით პროფესიული დატვირთვა (ქალებისთვის);

* ნაადრევი ან ქირურგიული მენოპაუზა (საკვერცხეების, საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ);

* ენდოკრინული სისტემის დაავადებები, მალაბსორბციის სიდრომი, რევმატოიდული ართრიტი, სისხლის სისტემის დაავადებები – მათ ფონზე თავს იჩენს მეორეული ანუ ძირითადი დაავადების გართულების სახით  განვითარებული ოსტეოპოროზი;

* ზოგიერთი მედიკამენტის: კორტიკოსტეროიდების, ანტიკონვულსიური პრეპარატების, სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებების, ბარბიტურატების, ალუმინის შემცველი ანტაციდების, იმუნოსუპრესანტების, პროსტატის კიბოს საწინააღმდეგო საშუალებების – მიღება;

* დუნე, პასიური ცხოვრების წესი;

* ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ალკოჰოლიზმი;

* აქტიური მწეველობა – უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ თამბაქოს წევა ოსტეოპოროზის განვითარების რისკფაქტორია, თუმცა თამბაქოს მავნე მოქმედების ზუსტი მექანიზმი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

* ორსულობა და ძუძუთი კვება. ორსულებსა და მეძუძურ დედებს კალციუმის მოთხოვნილება უფრო მაღალი აქვთ. ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია დღე-ღამეში 1200-1500 მილიგრამამდე კალციუმის მიღება.

 

როგორ ადგენენ

ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა მარტივი არ არის. ჩვენში ხშირად ყოველგვარი კვლევის გარეშე, მხოლოდ პაციენტის ასაკისა და სიმპტომების მიხედვით სვამენ ოსტეოპოროზის დიაგნოზს. სინამდვილეში საქმე უფრო რთულადაა. ოსტეოპოროზის დიაგნოზი რომ დაისვას, საჭიროა გამოკვლევათა მთელი წყება. პაციენტის გასინჯვასა და ანამნეზის შეკრებას მნიშვნელობა, ცხადია, არ დაუკარგავს, მაგრამ, ამასთან ერთად, საჭიროა სისხლისა და შარდის ანალიზი, ძვლის სიმკვრივის შეფასება. თუ ტკივილს ან სიმაღლის კლებას უჩივით, ექიმი ხერხემლის რენტგენოგრაფიულ გამოკვლევასაც გირჩევთ.

 

არ ვნებდებით!

საწყის სტადიაზე ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა შესაძლებელია და საკმაოდ შედეგიანიც არის. იმის მიხედვით, რამ გამოიწვია დაავადება, მკურნალობისადმი მიდგომაც სხვადასხვანაირია.

ოსტეოპოროზის მკურნალობის მთავარი მიზანი მოტეხილობის პრევენციაა, ამისთვის კი სამი მთავარი პრინციპი უნდა დავიცვათ: სწორი კვება, ვარჯიში და ტრავმისთვის თავის არიდება. თუ ექიმმა საჭიროდ მიიჩნია, შესაძლოა, რამდენიმე მედიკამენტიც დაგინიშნოთ, რომლებიც ხელს უშლის ძვლოვანი მასის კარგვას, ასტიმულირებს ძვლის წარმოქმნის პროცესს და, ამის კვალობაზე, ამცირებს მოტეხილობის რისკს. მაგრამ ეს პრეპარატი ვერ ცვლის ძვლოვანი ქსოვილისთვის აუცილებელ ისეთ ნივთიერებებს, როგორებიცაა კალციუმი და D ვიტამინი, ამიტომ უნდა ეცადოთ, საკვები საკმარისი ოდენობით შეიცავდეს ამ ნუტრიენტებს.

ოსტეოპოროზის იმ ფორმის დროს, რომელიც არა ასაკობრივი ცვლილებებით, არამედ ამა თუ იმ სამედიცინო მდგომარეობითაა გამოწვეული, მკურნალობისადმი მიდგომა განსხვავებულია. თუ ოსტეოპოროზის მიზეზი რომელიმე წამალია, ექიმმა შესაძლოა შეამციროს მისი დოზა ან მის ნაცვლად სხვა პრეპარატი დაგინიშნოთ. არსებობს დაავადებები, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი ან სისტემური წითელი მგლურა, რომლებიც კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. ამ შემთხვევაში ოსტეოპოროზის პრევენციისთვის მედიკამენტური ჩარევაა საჭირო. მენოპაუზის შემდგომი ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლადაც მედიკამენტური მკურნალობა მოგვიწევს. არანაკლებ მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრების წესი, სწორი კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლისთვის თავის არიდება.

 

მთავარია სწორი კვება

რას ნიშნავს ჯანსაღი კვება ოსტეოპოროზის დროს?

რაციონი უნდა იყოს ჯანსაღი, დაბალანსებული, საკმაო ოდენობით შეიცავდეს კალორიებს, კალციუმს, D და K ვიტამინებს.

კალციუმი ოსტეოპოროზის პრევენციის უმთავრესი კომპონენტია. მენოპაუზის შემდგომი ასაკის ჯანმრთელი ქალი, რომელიც საკმარისი რაოდენობით იღებს ამ მინერალს D ვიტამინთან ერთად, იოლად აიცილებს თავიდან ოსტეოპოროზის არასასიამოვნო შედეგებს. 50 წლამდე კალციუმის დღიური ნორმა 1000 მგ-ია, ხოლო 50-დან 70 წლამდე – 1200 მგ.

როგორ შევივსოთ კალციუმის მარაგი? საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყველაზე მეტ კალციუმს რძის ნაწარმი შეიცავს, მაგრამ არსებობს ამ ნივთიერებით მდიდარი სხვა საკვებიც. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს (ფრჩხილებში მითითებულია კალციუმის შემცველობა ერთ ულუფაში):

რძე (100-200 მგ)

იოგურტი (120 მგ)

არაჟანი (100 მგ)

ხაჭო (95 მგ)

თხის ყველი (300 მგ)

მდნარი ყველი (300 მგ)

შვეიცარიული ყველი (600 მგ)

შებოლილი თევზი (3000 მგ)

ძვლიანი სარდინი (350 მგ)

გარგარის ჩირი (170 მგ)

ქიშმიში (56 მგ)

ნუში (254 მგ)

მიწის თხილი (70 მგ)

მზესუმზირა (100 მგ)

ნიახური (240 მგ)

მწვანე ხახვი (60 მგ)

მწვანე ზეთისხილი (77 მგ)

 

თუ რძის ნაწარმის მიღება რაიმე მიზეზით არ შეგიძლიათ, კალციუმის ფარმაკოლოგიური ფორმების გამოყენება მოგიწევთ, ოღოდნ აუცილებლად ექიმის რეკომენდაციით და ობიექტური მონაცემების საფუძველზე შერჩეული დოზით.

ოსტეოპოროზის მკურნალობისა და პრევენციის საკითხებზე ყოველწლიურად უამრავი კვლევა ტარდება. ექსპერტებმა უკვე დაადგინეს, რომ სათანადო მენეჯმენტის შემთხვევაში ოსტეოპოროზის არათუ პრევენცია, დამარცხებაც კი შესაძლებელი. მაშ, ნუ დანებდებით ოსტეოპოროზს, თქვენ უკეთეს სიბერეს იმსახურებთ.

 

პრობლემური ძვლოვანი წანაზრდები

ასაკი თითქმის ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემას აჩნევს კვალს, მაგრამ ყველაზე მეტად ხერხემალს აზიანებს. ხერხემლის დისტროფიულ ცვლილებებს მედიცინაში სხვადასხვანაირად
მოიხსენიებენ. ჩვენში ყველაზე გავრცელებული ტერმინი ოსტეოქონდროზია.

ხერხემლის ოსტეოქონდროზი ხანდაზმულ ასაკში ზურგის, კისრისა და წელის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ცნობილია, რომ ის მესამე ადგილს იკავებს საშუალო და ხანდაზმულ ასაკში შრომის უნარის დაქვეითების გამომწვევი ფაქტორების ჩამონათვალში.

 

რა ხდება

ადამიანის ორგანიზმში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ძვლის ქსოვილის დაშლისა და წარმოქმნის პროცესი. როცა ადამიანი ასაკში შედის, ეს პროცესი არასწორ რელსებზე გადაინაცვლებს, რის შედეგადაც ძვლებზე, უმეტესად – ხერხემლის მალებზე, მცირე ზომის წანაზარდები – ოსტეოფიტები ჩნდება.

ოსტეოფიტი ძვლოვანი წარმონაქმნია, რომელიც იმ ადგილას ვითარდება, სადაც ძვლოვანი ქსოვილი, წესით, არ უნდა იყოს. ყველაზე ხშირად – იოგებისა და მყესების ძვალთან მიმაგრების ადგილას. უფრო სწორად, იოგები და მყესები ამ უბანში იკირება და ძვლოვან სტრუქტურას წარმოქმნის.

 

რას აშავებენ ოსტეოფიტები

ისინი რბილ ქსოვილებსა და ნერვებს აწვებიან და ძლიერ ტკივილს იწვევენ. თავად ხერხემალი დეფორმაციას განიცდის, მალათაშუა სივრცეები კი ვიწროვდება, რაც მალებს შორის გამომავალი ნერვებისთვის არცთუ სახარბიელო პირობებს ქმნის.

ოსტეოქონდროზის ერთ-ერთი გამოხატულებაა მალათაშუა დისკოს დაზიანება, გაგლეჯა ან ჩვეული ადგილიდან გამოვარდნა. გამოვარდნილი დისკო აწვება ნერვებს და ტკივილსა და სხვა ჩივილებს იწვევს.

ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ტკივილია, დაზიანების სიხშირით კი პირველ ადგილს წელის მალები იკავებს, რადგან ყველაზე მეტი დატვირთვა მათ წილად მოდის. მეორე ადგილზეა კისრის მალები. გულმკერდის მიდამო ყველაზე იშვიათად ზიანდება. სანამ პრობლემა კლინიკურად გამომჟღავნდება, დაავადების არსებობაზე ეჭვის მიტანა ძნელია.

ტკივილი ლოკალურიც შეიძლება იყოს და გადაცემითიც. გადაცემითი ტკივილი მაშინ ვითარდება, როცა ძვლის წანაზარდი ან მალათაშუა დისკო ნერვს აწვება. ამ დროს ტკივილთან ერთად მოსალოდნელია პარესთეზიაც – დაბუჟება, წვა... კლინიკური ნიშნები პათოლოგიური მდგომარეობის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული, ესე იგი იმაზე, კისრის მალებია დაზიანებული, გულმკერდისა თუ წელისა.

 

ვის ემუქრება

არ არსებობს ადამიანი, ხერხემლის ოსტეოქონდროზისგან 100%-ით დაზღვეული რომ იყოს, თუმცა ზოგიერთს სხვებზე მაღალი რისკი აქვს. მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან ასაკოვანი პირები, პირები, რომლებიც მისდევენ მჯდომარე ან ადინამიურ ცხოვრების წესს. მეორე მხრივ, არც გადამეტებული ფიზიკური დატვირთვაა სასიკეთო – ოსტეოქონდროზის რისკის ჯგუფს შეადგენენ სპორტსმენებიც, რომლებიც ვარჯიშისა თუ შეჯიბრების დროს არაერთ მიკროტრავმას იღებენ. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება ოსტეოქონდროზისადმი გენეტიკური განწყობის შესახებ. უკანასკნელ ხანს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჭარბწონიანთა ოსტეოქონდროზი – რაც უფრო დიდია სხეულის მასა, მით უფრო მეტი დატვირთვა ადგება ხერხემალს და მეტად ზიანდება იგი.

 

დიფერენცირება საჭიროა

ალბათ გგონიათ, რომ დიაგნოზის დასმა ადვილია – თუ ასაკოვან ადამიანს კისერი, ზურგი ან წელი ასტკივდა, მაშასადამე, ოსტეოქონდროზი აქვს. სინამდვილეში, საქმე ასე მარტივად როდია. მედიცინაში დიაგნოზს ასე არ სვამენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ამ ტიპის ტკივილის მიზეზი უმეტესად ოსტეოქონდროზია, ექიმმა მაინც უნდა გამორიცხოს სხვა დაავადებები, რომლებსაც ასეთივე ჩივილები ახასიათებს და ჯანმრთელობას უფრო დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე ხერხემლის ასაკობრივ-დეგენერაციული ცვლილებები.

ბევრმა ისიც არ იცის, რომელ სპეციალისტს მიმართოს. ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების, მით უმეტეს – ტკივილის დროს ნევროლოგთან ვიზიტის გირჩევთ. ის გულდასმით გაგსინჯავთ, ჩივილებს გამოგკითხავთ და საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე გამოკვლევასაც დაგინიშნავთ.

ხერხემლის ამა თუ იმ მონაკვეთის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს სიმსივნით ან მისი მეტასტაზით, სისხლის მიმოქცევის დარღვევით, ანევრიზმით, კუნთების ან რომელიმე შინაგანი ორგანოს, მაგალითად, თირკმელების დაავადებით.

ხერხემლის რენტგენოგრაფია დიაგნოსტიკის შეუცვლელი მეთოდია. რენტგენის სურათზე მკაფიოდ ჩანს მალების კიდეებზე გაჩენილი წანაზარდები, ხერხემლის დეფორმაცია. გამოცდილი თვალი მალებს შორის მანძილის შემცირებასაც შეამჩნევს.

ამრიგად, რენტგენოგრაფია და სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც ანთებით პროცესებს გამორიცხავს, ოსტეოქონდროზის დიაგნოზის დასასმელად ხშირად საკმარისია. თუ ექიმს კითხვები დარჩა, შესაძლოა, დაგინიშნოთ მუცლის ღრუს ან თირკმელების ულტრასონოგრაფიული კვლევა, შარდის ანალიზი, იშვიათად – კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა.

 

მეტი აქტიურობა, ნაკლები ტკივილი

როგორც აღვნიშნეთ, ოსტეოქონდროზის მთავარი რისკფაქტორები ჰიპოდინამია და ჭარბი წონაა. ლოგიკურია, რომ დაავადების პროფილაქტიკაც უწინარესად ცხოვრების ჯანსაღ წესს – ფიზიკური დატვირთვისა და კვების რეჟიმის მოწესრიგებას გულისხმობს. ბევრს წონის დაკლებაც ჰყოფნის, რომ თავი უკეთ იგრძნოს. ამასთანავე, სასურველია, კვების რაციონში შედიოდეს კალციუმი, ფოსფორი და D ვიტამინი. რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, ცხადია, ვგულისხმობთ არა ინტენსიურ სპორტულ დატვირთვას, არამედ ორგანიზმის ტონუსში მოყვანას.

მსუბუქი, გაუმწვავებელი ოსტეოქონდროზის დროს ცურვა და სიარული იდეალური ვარიანტია. კუნთები რომ ტონუსში იყოს, დღეში საშუალოდ 7 კილომეტრი უნდა გავიაროთ, ძუნძულის უფლება კი პაციენტს ექიმმა უნდა მისცეს. კარგია სეირნობა და მსუბუქი აერობიკა. ინტენსიური სპორტული დატვირთვა კი უარეს შედეგს გამოიღებს.

ვარჯიში მხოლოდ ინსტრუქტორის მეთვალყურეობით არის რეკომენდებული, რადგან ზოგიერთი სავარჯიშოს შესრულება ხერხემალს უფრო მეტად ტვირთავს. დიდი მნიშვნელობა აქვს დატვირთვის ეტაპობრივ ზრდას, ზომიერებას და რეგულარულობას.

სპორტის ერთადერთი სახეობა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ძვალსახსროვან პრობლემას უხდება, ცურვაა. ამ დროს კუნთებიც ძლიერდება და არც მალებზე ზეწოლა ხდება.

ჩვენში ძალზე გავრცელებული პრობლემაა ბრტყელტერფიანობა, რომელიც სხეულის ცენტრის არასწორ განაწილებას და ხერხემალზე არათანაბარ ზეწოლას განაპირობებს. ამ პათოლოგიის მქონე პირებთან ხერხემლის პრობლემები კიდევ უფრო მკაფიოდაა გამოხატული. ტკივილის თავიდან ასაცილებლად ადამიანმა სუპინატორიანი ფეხსაცმელი უნდა ატაროს. თუ ბრტყელტერფიანობა ძლიერია, სუპინატორი ინდივიდუალურად უნდა დამზადდეს.

დიდი მნიშვნელობა აქვს საწოლს. ის არც მეტისმეტად მაგარი უნდა იყოს და არც მეტისმეტად რბილი. იდეალური ვარიანტია ორთოპედიული ლეიბი, რომელიც წოლისას ხერხემალს ფიზიოლოგიურ მდგომარეობას უნარჩუნებს.

 

გავიმაგროთ ძვლები

ოსტეოქონდროზის მკურნალობა რთულია. მალებზე გაჩენილ ძვლოვან წანაზარდებს ვერავითარი კონსერვატიული მკურნალობა ვერ აქრობს, თუმცა შეგვიძლია, დაავადების პროგრესირება შევაჩეროთ, რათა მდგომარეობა უფრო მეტად არ დამძიმდეს. ამისთვის არსებობს მედიკამენტური თერაპია. ხრტილების გასამაგრებლად ქონდროპროტექტორებს იყენებენ, დაჭიმული კუნთების მოსადუნებლად – მიორელაქსანტებს, დაზიანებული ნერვებისა და სისხლის მიმოქცევის აღსადგენად – ვიტამინებს, ანთების ჩასაცხრობად – ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს და ა.შ. მაგრამ მათი მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება. არასწორად მიღებულმა პრეპარატმა უკეთესობის ნაცვლად შესაძლოა პრობლემის გამწვავება და გართულებები გამოიწვიოს.

ოსტეოქონდროზის იოლი ფორმის დროს მედიკამენტური თერაპია და დატვირთვის შეზღუდვა ან წოლითი რეჟიმი სავსებით საკმარისია. მწვავე რადიკულოპათიისა და ნერვის ანთების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობაში დამატებითი საშუალებების ჩართვა.

ოსტეოქონდროზის მკურნალობის სქემაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ბალნეოთერაპიას, წერტილოვან მასაჟს, სამკურნალო მასაჟს, ხერხემლის ტრაქციას, რეფლექსოთერაპიას, სამკურნალო ფიზკულტურას, თუმცა ნებისმიერი ამ მეთოდის შერჩევას პროფესიული გამოცდილება სჭირდება. თვითმკურნალობა დაუშვებელია.

ქირურგიული ჩარევა აუცილებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც კონსერვატიული მიდგომა უეფექტოა, მკურნალობის მთელი რესურსი ამოვწურეთ, მაგრამ პაციენტს ისევ ტანჯავს ხერხემლის ტკივილი.

 

ოსტეომიელიტიძვალში შეპარული საფრთხე

 

უბრალო ენით, ოსტეომიელიტი ძვლის ინფექციაა. როგორ ხვდება ინფექცია ძვალში? რამდენიმე გზით. ყველაზე ხშირად – სისხლის მეშვეობით ან ირგვლივ მდებარე ქსოვილებიდან, იშვიათად კი ძვალშივე აღმოცენდება, მაგალითად, მაშინ, როდესაც ტრავმის შედეგად ძვალი უშუალოდ ინფიცირდება მიკრობებით.

ბავშვებთან ოსტეომიელიტი უმეტესად კიდურების გრძელ, ლულოვან ძვლებს აზიანებს. მოზრდილებს შორის უფრო მეტად ხერხემლის მალების ოსტეომიელიტია გავრცელებული. დიაბეტით დაავადებულებთან, განსაკუთრებით მათთან, ვისაც ტერფზე წყლულები აქვს, ხშირად ვხვდებით ტერფის ძვლების ოსტეომიელიტს.

ერთ დროს უკურნებელ სენად მიჩნეულ ოსტეომიელიტს თანამედროვე მედიცინა იოლად ამარცხებს, თუმცა პაციენტთა უმრავლესობას ქირურგიული ჩარევა – ძვლის დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა, მერე კი – ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდება.

 

როგორ ვლინდება

ოსტეომიელიტის სიმპტომები არასპეციფიკურია, თუმცა გონიერ ექიმს მათი მეშვეობით დაავადების ამოცნობა არ გაუჭირდება.

თქვენც გადაავლეთ თვალი ჩივილების ჩამონათვალს და თუ გეცნოთ, ექიმთან ვიზიტს ნუღარ გადადებთ:

* ცხელება და შემცივნება;

* გაღიზიანებადობა ან მივარდნილობა;

* ტკივილი ინფექციის ადგილას;

* ინფექციის ადგილას შესივება, გახურება და სიწითლე.

ზოგჯერ ოსტეომიელიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან მხოლოდ ტემპერატურითა და შემცივნებით იჩენს თავს. ცხადია, ამ შემთხვევაში დიაგნოზის დასმა უფრო მეტად რთულდება.

 

როდის მივმართოთ ექიმს

თუ რამდენიმე ხანია, ძვლის ტკივილს უჩივით, ბოლო ხანს კი ტკივილმა იმატა და ცხელებაც დაერთო, დაუყოვნებლივ ჩაეწერეთ ექიმთან მიღებაზე. კლინიკაში ვიზიტს ნურც მაშინ გადადებთ, თუ ახლახან გადაიტანეთ ქირურგიული ჩარევა ან ტრავმა – ორივე მათგანი ზრდის ინფექციის რისკს.

 

რა იწვევს ძვლის ინფექციას

ოსტეომიელიტის შემთხვევათა უმრავლესობა სტაფილოკოკური ბაქტერიით არის გამოწვეული. ეს ბაქტერიები ყველაზე ხშირად ადამიანის კანზე და ცხვირის ღრუში ბინადრობენ. როგორც აღვნიშნეთ, არსებობს ძვალში მათი მოხვედრის რამდენიმე გზა:

* სისხლის ნაკადი. თუ ორგანიზმში ინფექციის კერაა, გამომწვევი სისხლის ნაკადის მეშვეობით მთელ სხეულში გადაადგილდება და შესაძლოა, ძვლოვან ქსოვილშიც მოხვდეს, ამიტომ, მაგალითად, ფილტვების ან საშარდე გზების ანთების დროს ოსტეომიელიტის განვითარების რისკიც იზრდება. ბაქტერიები, წესისამებრ, ძვლის “სუსტ წერტილებს” ირჩევენ. ბავშვებთან ასეთი ადგილი ძვლის რომელიმე ბოლოზე არსებული ძვლისსაზრდელაა.

* ინფიცირებული ქსოვილი ან ხელოვნური სახსარი. ღრმა ნაჩხვლეტი ჭრილობიდან ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა ბაქტერიები შეიჭრას. თუ ასეთი ჭრილობა დაინფიცირდა, გამომწვევი შესაძლოა მიმდებარე ძვლის ქსოვილზეც გავრცელდეს და ანთებითი პროცესი გამოიწვიოს. გამორიცხული არ არის, ინფექციის წყარო ხელოვნური სახსარიც გახდეს.

* ღია ჭრილობები. მოტეხილობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმის, ღია მოტეხილობის, დროს იმატებს მომავალში ოსტეომიელიტის განვითარების რისკი. გატეხილი ძვლის ფრაგმენტები ამ დროს, წესისამებრ, შიშველია და გარემოსთან აქვს კონტაქტი, ამიტომ მაღალია ძვლის უშუალო დაბინძურების რისკი. ასეთივე რისკს წარმოშობს სახსრის გამოცვლის ან მოტეხილობის ქირურგიული მკურნალობის დროს.

 

რა ზრდის რისკს

ადამიანის ძვლოვანი ქსოვილი ინფექციის მიმართ, წესისამებრ, რეზისტენტულია. ოსტეომიელიტი რომ განვითარდეს, ინფექციის გამომწვევთან ერთად საჭიროა სხვა ფაქტორებიც, რომელთა ზემოქმედების დროსაც ძვლის დაზიანების რისკი იზრდება. ასეთი ფაქტორებია:

* ახლო წარსულში ჩატარებული ორთოპედიული ოპერაცია ან ტრავმა. ძვლის მოტეხილობის ან ღრმა ნაჩხვლეტი ჭრილობის დროს ბაქტერიები იოლად აღწევენ ძვლამდე ან მის იგვლივ მდებარე ქსოვილებამდე. მოტეხილობის სამკურნალოდ ან სახსრის შესაცვლელად ჩატარებული ქირურგიული ჩარევაც შეიძლება იქცეს ინფექციის წყაროდ. ამავე ტიპის რისკფაქტორებია იმპლანტი და ცხოველის ნაკბენიც.

* სისხლის მიმოქცევის დარღვევა. როდესაც სისხლძარღვები დაზიანებული ან დახშულია, ირღვევა სისხლის იმ უჯრედების ცირკულაცია, რომლებიც ბაქტერიებს ებრძვიან, ინფექციის კუპირებას ახდენენ და ხელს უშლიან მის გენერალიზებას – მთელ ორგანიზმში გავრცელებას. სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს მცირე ზომის ნაკაწრი შესაძლოა სერიოზულ წყლულადაც კი იქცეს და ღრმად მდებარე ქსოვილები დააზიანოს. პათოლოგიურმა პროცესმა შესაძლოა ძვლამდეც კი ჩააღწიოს. სისხლის მიმოქცევის დარღვევა მოსალოდნელია ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს, როგორიცაა უმართავი შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადება, რომელიც ხშირად მოწევას უკავშირდება და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.

* დაავადებები, რომლებიც ინტრავენური კათეტერის ჩადგმას მოითხოვს. ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობის დროს აუცილებელია პაციენტის ორგანიზმში სპეციალური მილების ჩადგმა, თუმცა უდავო სარგებლობასთან ერთად ამ მილებს უსიამოვნოებებიც მოაქვთ. კერძოდ, ზრდიან ორგანიზმში ინფექციის შეჭრის რისკს. ეს, უწინარეს ყოვლისა, ეხება დიალიზის აპარატს, შარდის ბუშტის კათეტერს და ხანგრძლივ ინტრავენურ (ე.წ. ცენტრალურ) კათეტერს.

* მდგომარეობები, რომლებიც იმუნურ სისტემას ასუსტებს. როცა იმუნური სისტემა დასუსტებულია ავადმყოფობის ან რომელიმე მედიკამენტის მოხმარების გამო, ოსტეომიელიტის განვითარების რისკი იზრდება. იმუნურ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს ქიმიოთერაპია, უმართავი შაქრიანი დიაბეტი, კორტიკოსტეროიდების ან სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის მიღება.

* აკრძალული მედიკამენტების მოხმარება. ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ, უფრო მაღალი აქვთ ოსტეომიელიტით დაავადების რისკი, ვინაიდან უმეტესად არასტერილურ ნემსს იყენებენ და არც კანს იმუშავებენ ინექციის წინ.

 

რა ველოდეთ

ოსტეომიელიტი საკმაოდ მძიმე დაავადებაა და მძიმე გართულებებიც ახასიათებს. ამ დროს მოსალოდნელია:

* ოსტეონეკროზი – ძვლოვანი ქსოვილის სიკვდილი. ძვლოვან ქსოვილში განვითარებული ანთებითი პროცესის შედეგად ძვლის სისხლით მომარაგება ირღვევა, რაც ძვლოვანი ქსოვილის სიკვდილს იწვევს. ოპერაციის შემდეგ ძვალი შეხორცების კარგ უნარს ამჟღავნებს. თუ ინფექციამ ძვლის დიდი ნაწილი დააზიანა, აუცილებელია დაზიანებული ნაწილის სრული ამოკვეთა, მაშინაც კი, თუ კიდურის ამპუტაცია გახდა საჭირო. სხვაგვარად ოსტეომიელტის მკურნალობა, სამწუხაროდ, შეუძლებელია.

* სეპტიკური ართრიტი – ზოგჯერ ინფექცია ძვლიდან მიმდებარე სახსრებზე ვრცელდება და სახსრის ანთებას იწვევს.

* ზრდის შეფერხება – როგორც ითქვა, ბავშვებთან ოსტეომიელიტის “საყვარელი” ადგილი ძვლისსაზრდელაა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მისი დაზიანებისას ზრდის პროცესი შეფერხდება.

* კანის კიბო – თუ ოსტეომიელიტის შედეგად კანზე გაჩნდა ღია ჭრილობა, რომლიდანაც ჩირქი მოედინება, იმატებს ირგვლივ მდებარე კანზე სკვამოზურუჯრედოვანი სიმსივნის განვითარების რისკი.

 

რას გვკითხავს ექიმი

დიაგნოზის დასასმელად ექიმს რამდენიმე კითხვაზე თქვენი ზუსტი პასუხის მოსმენა დასჭირდება, ამიტომ ჯობს, მასთან მომზადებული მიხვიდეთ. მნიშვნელოვანია, როდის იჩინა თავი პირველმა სიმპტომებმა, უჩივით თუ არა ცხელებას ან შემცივნებას, რა ამძიმებს ან ამსუბუქებს სიმპტომებს, ბოლო დროს კანი ხომ არ გაგეჭრათ ან გაგეკაწრათ, ხომ არ მიგიღიათ ტრავმა, ხომ არ დაგჭირვებიათ ქირურგიული ჩარევა, ხომ არ გადაგიტანიათ სახსრის შეცვლის ან მოტეხილობის სამკურნალო ოპერაცია, ხომ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან წყლული ტერფზე.

 

იოლად ვავლენთ

მტკივანი ადგილის გასინჯვის შემდეგ რამდენიმე გამოკვლევის ჩატარება მოგიწევთ. სისხლის საერთო ანალიზი აუცილებელია. ოსტეომიელიტის დროს სისხლში, წესისამებრ, ინფექციური პროცესისთვის დამახასიათებელი ცვლილებები შეინიშნება, თუმცა მხოლოდ სისხლის ანალიზით, ცხადია, ოსტეომიელიტის დიაგნოსტირება შეუძლებელია.

მტკივანი ძვლის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ფასდაუდებელია ოსტეომიელიტის დიაგნოსტიკისთვის, თუმცა ზოგჯერ, საწყის სტადიაზე, აშკარა ცვლილებებს ვერც რენტგენის სურათზე შევამჩნევთ. კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა უფრო მაღალმგრძნობიარე და ზუსტი მეთოდებია და დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ძვლის სტრუქტურის შესახებ.

ყოველგვარი დაავადებისთვის არსებობს დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი – მეთოდი, რომელიც 100%-სიზუსტით გამოირჩევა. ოსტეომიელიტის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი ძვლის ბიოფსიაა – ამ დროს შეისწავლიან ანთებად სუბსტრატს და არა მხოლოდ დიაგნოზს სვამენ, არამედ დამნაშავე ბაქტერიებსაც გამოავლენენ, რაც მკურნალობას აადვილებს: ექიმმა დანამდვილებით იცის, რომელი ანტიბიოტიკი იქნება შედეგიანი მოცემულ ვითარებაში.

მართალია, ბიოფსია ძალზე ზუსტი და სასარგებლო მეთოდია, მაგრამ არც ისე სასიამოვნო, მტკივნეულიც კი. ტკივილის გასაყუჩებლად ანესთეზიას მიმართავენ.

 

მკურნალობის შესახებ

ოსტეომიელიტის მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდია ძვლის დაზიანებული ფრაგმენტის ქირურგიული გზით მოცილება და შემდგომი ანტიბიოტიკოთერაპია. ჰოსპიტალიზაცია, წესისამებრ, აუცილებელია.

 ინფექციის გავრცობისა და სიმწვავის მიხედვით ექიმი სხვადასხვა ოპერაციულ მიდგომას ირჩევს. შესაძლებელია დაზიანებული არის დრენირება – გახსნა და ინფიცირებული შიგთავსის გამოშვება; უფრო რადიკალური მეთოდია დაზიანებული ძვლის ფრაგმენტის მთლიანად ამოღება. ამ დროს ძვალთან ერთად ირგვლივ მდებარე ინფიცირებულ რბილ ქსოვილებსაც აშორებენ. ხშირად ცარიელი სივრცის ამოსავსებად იყენებენ სპეციალურ დროებით ფილერებს, მერე კი – ბუნებრივ ქსოვილს. იშვიათად, შორს წასული შემთხვევების დროს, გამორიცხული არ არის, კიდურის ამპუტაციაც გახდეს საჭირო.

 

მიელომა მკურნალობას ექვემდებარება

ძვლის დაზიანებით მიმდინარე სნეულებებზე საუბრისას ვერაფრით ავუვლით გვერდს მიელომას, რომელიც გავრცელებით მეორე ადგილს იკავებს სისხლის სიმსივნურ დაავადებებს შორის. მიელომის დიაგნოზს განსაკუთრებით ხშირად უსვამენ პათოლოგიური მოტეხილობის მქონე ხანდაზმულებს. დაავადება არ იკურნება, მაგრამ მკურნალობას ექვემდებარება, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროული დასმა.


მრავლობითი მიელომის შესახებ კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის დაავადებათა დეპარტამენტის ექიმი ჰემატოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე გაფრინდაშვილი გვესაუბრება:

 

– მიელომურ დაავადებაზე საუბარს ერთი შემთხვევით დავიწყებ. ცოტა ხნის წინ ჩვენს კლინკაში შემოიყვანეს 67 წლის ქალბატონი ბარძაყის პათოლოგიური მოტეხილობით (პათოლოგიურს ვუწოდებთ მოტეხილობას, რომელიც ტრავმით არ არის გამოწვეული). აღმოჩნდა, რომ ერთი წლის წინ ასეთივე მოტეხილობა მეორე ფეხზეც ჰქონია. გამოკვლევისას ანემიაც აღმოაჩნდა, ამიტომ ოპერაციისთვის სისხლის მაჩვენებლების გამოსასწორებლად ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში გადმოიყვანეს. პაციენტს იმდენად მყიფე ძვლები ჰქონდა, რომ სტაციონარში წოლისას შემთხვევით ისევ მოსტყდა მეორე ბარძაყის ძვალი. სიმპტომების საფუძველზე ვივარაუდეთ მიელომური დაავადება, რომელიც შემდეგ დადასტურდა კიდეც.

ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ ასეთი შემთხვევა ხშირია. პათოლოგიურ მოტეხილობას, წესისამებრ, პირველად ოსტოპოროზს უკავშირებენ, სინამდვილეში კი არცთუ იშვიათად მიელომასთან გვაქვს საქმე, რომელიც მეორეული ოსტეოპოროზის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია.

 

გამოფიტული ძვლები

– ძვალი ცოცხალი ქსოვილია, რომელიც რემოდელირებას განიცდის – მასში მიმდინარეობს როგორც წარმოქმნის, ისე რღვევის (რეზორბციის) პროცესები. 25 წლამდე წარმოქმნის პროცესი უფრო ინტენსიურია, 25-დან 35 წლამდე წარმოქმნასა და რეზორბციას შორის ბალანსია დაცული, ხოლო 35 წლიდან რეზორბციის პროცესი დომინირებს, რის შედეგადაც ძვალი თანდათან იშლება და იფიტება. ძვლის რეზორბცია პიკს 65-70 წლის ასაკში აღწევს, მეტადრე – ქალებთან, რომელთა დიდ ნაწილს მენოპაუზის შემდეგ განვითარებული ჰორმონული დისბალანსის გამო პირველადი ოსტეოპოროზი ემართება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მიელომით ავადობის მაქსიმალური მაჩვენებელიც 50-70 წელზე მოდის, მივხვდებით, რომ ამ ასაკში მოტეხილობის რისკი განსაკუთრებით იზრდება ხსენებული ორი მიზეზის თანხვედრის გამო.

როგორც აღვნიშნე, მიელომა მეორეულ ოსტეოპოროზს იწვევს. ამ უკანასკნელს საფუძვლად უდევს სიმსივნურად გამრავლებული მიელომური უჯრედებით ძვლის ქსოვილის ინფილტრაცია, მათ მიერ ოსტეოკლასტმააქტივირებელი ფაქტორების სეკრეცია, ძვლის რემოდელირების პროცესის დარღვევა და ძვლების რეზორბცია. სწორედ ეს გახლავთ მიელომის დროს მოტეხილობათა მიზეზი.

 

სიმპტომები

– კიდევ რა ნიშნებითაა შესაძლებელი მიელომის ამოცნობა?

– მიელომური დაავადება ძვლებთან ერთად აზიანებს თირკმელებს, ნერვულ სისტემას, იმუნიტეტს, არღვევს სისხლის მიმოქცევას.

ძვლების დაზიანებამ შესაძლოა მათი ტკივილით იჩინოს თავი. განსაკუთრებით მტკივნეულია ბრტყელი ძვლების: ნეკნების, მკერდისა და თეძოს ძვლების, ხერხემლის, თავის ქალას დაზიანება. ლულოვანი ძვლებიდან უმთავრესად მხრისა და ბარძაყის ძვლების ეპიფიზის პროქსიმული – სხეულთან მიმაგრების ახლოს მდებარე – ნაწილები ზიანდება. ტკივილიცა და მოტეხილობაც სწორედ ამ ადგილასაა მოსალოდნელი.

ანემია და ძვლებიდან გამოთავისუფლებული კალციუმი იწვევს სისუსტეს, დაღლილობის შეგრძნებას, დროსა და გარემოში დეზორიენტაციას, შეკრულობას, შარდის გამოყოფის გაძლიერებას, უმადობას, გულისრევას, ღებინებას, წნევის დაქვეითებას, შორს წასულ შემთხვევებში – ძილიანობას, დეზორიენტაციას, კრუნჩხვებს. იმუნური სისტემის დასუსტების გამო პაციენტს ხშირად ემართება სხვადასხვა ინფექცია, მაგალითად, ფილტვების ან საშარდე გზების ანთება.

ზოგი პაციენტი უჩივის პარესთეზიას (დაბუჟებას), კუნთოვან სისუსტეს, ტკივილს, რომლებიც პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნებია. ხშირია რადიკულური ტკივილები ხერხემლის, გულმკერდისა და წელის მიდამოში. მისი მიზეზი უმეტესად ხერხემლის გასწვრივ, ნერვულ ფესვებზე, პლაზმოციტების ზეწოლაა, ზოგჯერ კი ხერხემლის მალის მოტეხილობა და მისი ფრაგმენტის ზეწოლა ნერვებზე.

 

დიაგნოსტიკა

– მთავარი გზავნილი ექიმისთვის, რის გამოც მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტი მასთან ხვდება, არის ანემია, მაღალი ედსი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე), შარდში ცილის მაღალი შემცველობა, ძვლების დაზიანება. ამ სიმპტომების არსებობისას ავადმყოფი აუცილებლად ჰემატოლოგმა უნდა შეაფასოს. რუტინული კვლევების – სისხლისა და შარდის საერთო ანალიზის, რომლებსაც პაციენტს პრაქტიკულად ყველა ექიმი უნიშნავს – და კლინიკური ნიშნების საფუძველზე მიელომის პირველადი დიაგნოზის დასმა სავსებით შესაძლებელია. ხშირად, როდესაც დიაგნოზს სვამენ, ორგანიზმში უკვე მრავალი დარღვევაა ჩამოყალიბებული.

– რომელი კვლევა ადასტურებს მიელომის დიაგნოზს და როგორ აფასებენ დაზიანებებს?

– მრავლობითი მიელომის დიაგნოზის დასადასტურებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადასტურდეს ძვლის ტვინში პლაზმოციტების არსებობა – მათი წილი 10%-ს უნდა აღემატებოდეს. ამისთვის ატარებენ სტერნალურ პუნქციას – მკერდის ძვლის წინა კედლიდან იღებენ ძვლის ტვინს და ციტოლოგიურად იკვლევენ. ზოგჯერ საჭირო ხდება განმეორებითი გამოკვლევაც, რადგან ნემსით სათანადო ადგილას მოხვედრა ყოველთვის ვერ ხერხდება. დაავადების ზოგიერთი, მაგალითად, ვისცერული ფორმის დროს პლაზმოციტები ძვლის ტვინში არ არის. ამ შემთხვევაში მათი არსებობა სხვაგან უნდა დადასტურდეს.

მიელომის დიაგნოზის დასასმელად პლაზმოციტების აღმოჩენა აუცილებელია, მაგრამ არ არის საკმარისი. საჭიროა მეორე ან მესამე კრიტერიუმის თანხვედრაც.

მეორე კრიტერიუმია პარაპროტეინის არსებობა სისხლში ან`და ბენს-ჯონსის ცილისა შარდში, რასაც შარდისა და შრატის იმუნოგლობულინების იმუნოქიმიური კვლევის გზით ვადგენთ. ზოგჯერ სისხლში პარაპროტეინის რაოდენობა ოდნავ არის მომატებული. ამ შემთხვევაში აკვირდებიან მის დინამიკას – ვიდრე ის ზღვრულ დონეს არ გადააბიჯებს, მიელომური დაავადების დიაგნოზი არ ისმება. ეს მდგომარეობა შესაძლოა 10-20 წელიწადსაც კი გაგრძელდეს და მერეღა გადაიზარდოს მიელომაში. შესაბამისად, ასეთ პაციენტებს ექიმთან სიარული ხშირად უწევთ.

მესამე კრიტერიუმი ძვლების დაზიანებაა –დესტრუქციით ან მის გარეშე მიმდინარე დიფუზური ოსტეოპოროზი. ის მეტად დამახასიათებელ რენტგენოლოგიურ სურათს იძლევა. მაგალითად, თავის ქალას დაზიანებისას რენტგენოგრამაზე ჩანს “დაცხრილული თავის ქალა” – ტერმინი სავსებით შეესაბამება შინაარსს.

მიუხედავად მაღალტექნოლოგიური მეთოდების არსებობისა, მიელომური დაავადების დროს ძვლების გამოკვლევაში წამყვან როლს კვლავ რენტგენოლოგია ასრულებს, თუმცა დინამიკაზე დასაკვირვებლად სცინტიგრაფიასაც ვიყენებთ. თუ რენტგენოგრამამ ძვლის დესტრუქცია ვერ გამოავლინა, მივმართავთ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას. ოსტეოპოროზის შესაფასებლად საკმარისი არ არის სისხლში კალციუმის განსაზღვრა, რომელიც ამ დროს მომატებულია – აუცილებელია დენსიტომეტრიის ჩატარებაც, რომელიც ძვლის მინერალებით გაჯერების ხარისხს გვიჩვენებს.

საერთო ჯამში, მრავლობითი მიელომის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, რადგან პლაზმოციტოზი და პარაპროტეინემია შესაძლოა სხვა დაავადებების დროსაც შეგვხვდეს.

 

მკურნალობა

– რა გამოსავალს სთავაზობს მედიცინა მიელომით დაავადებულ პაციენტებს?

– მართალია, მიელომური დაავადება უკურნებლად მიიჩნევა, მაგრამ კარგად ექვემდებარება მართვას.

მკურნალობის მეთოდებია:

1. მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციით (საკუთარი ძვლის ტვინის გადანერგვით) – მას მიმართავენ მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პაციენტებთან;

2. გრძელვადიანი ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და ახალი აგენტებით მკურნალობა, მათ შორის – იმუნომოდულატორებით (თალიდომიდითა და ლენალიდომიდით), პროტეოსომის ინჰიბიტორებით (ველკეიდით) და ბიფოსფონატებით. ეს უკანასკნელი ოსტეოკლასტებს თრგუნავს და ძვლის დაზიანებას აჩერებს (სხვათა შორის, თუ ბიფოსფონატებს დასაწყისიდანვე სათანადოდ გამოვიყენებთ, ის ძვლებს მოტეხილობისგან დაიცავს).

პირადი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ხანს მიელომის თითქმის ყველა შემთხვევა ძალიან კარგად პასუხობს მკურნალობას, რაც ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდებთან ერთად იმანაც გამოიწვია, რომ დღეს ტრანსფუზიული ჩანაცვლებითი თერაპია ძალიან მაღალ დონეზეა და პაციენტი აღარ ეჯახება ანემიზაციის პრობლემას არც მკურნალობის დაწყებამდე, არც ქიმიოთერაპიის გართულებისას (ქიმიოთერაპიის შედეგად ანემია არცთუ იშვიათად ღრმავდება).

მკურნალობის ახალი, განსაკუთრებით ტარგეტული (მიზანმიმართული) იმუნოლოგიური პრეპარატების გამოყენებას მინიმუმამდე დაჰყავს დაავადებისა და მისი მკურნალობის გართულებების – ერითროციტების, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების შემცირების – რისკი, ვინაიდან ასეთი პრეპარატი არჩევითად ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს ანუ კლონს, რომელიც პათოლოგიურ პარაპროტეინს გამოიმუშავებს. იმედი გვაქვს, მალე მიელომური დაავადება განკურნებადი გახდება.

– რა ელის პაციენტს მკურნალობის შემდეგ?

– მკურნალობის შემდეგ დგება რემისიის პერიოდი – პაციენტი ინარჩუნებს შრომის უნარს და თავს აღწევს ინვალიდობას, რასაც მკურნალობის გარეშე ვერაფრით გადაურჩებოდა.

 

პოდაგრა

ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობის საწინდარია. მაგრამ ვცხოვრობთ კი ჯანსაღად? ალბათ, თქვენც ხვალიდან დაიწყებთ სირბილს, ორშაბათიდან შეუდგებით სწორ კვებას, მეგობრის დაბადების დღის შემდეგ უარს იტყვით ალკოჰოლზე და ასე, უსასრულოდ... თქვენი ორგანიზმი კი დაუსრულებელ დაპირებებს ერთ მშვენიერ დღეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევით უპასუხებს, რაც, მოგეხსენებათ, უამრავი დაავადების საწინდარია. ერთი მათგანია პოდაგრა.

 

შუაღამისას მოულოდნელად ფეხის ცერა თითის ტკივილმა გაგაღვიძათ? ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს ცერი გეწვით? თითი შეშუპებულია და წითელი? თუ ყველა ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, შესაძლოა, პოდაგრა გქონდეთ. თუმცა ამ დიაგნოზის დასმამდე აუცილებლად, უნდა გამოირიცხოს, ტერფის ვალგუსური დეფორმაცია, რომელსაც ათიდან ცხრა შემთხვევაში ვიწრო, ცუდად მორგებული, უხეში და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იწვევს.

მართალია, პოდაგრას დროსაც უმეტესად ფეხის ცერი თითის სახსარი ზიანდება, მაგრამ ტერფის ვალგუსურ დეფორმაციასთან მას საერთო არაფერი აქვს. პოდაგრა ნივთიერებათა ცვლით მიმდინარე დაავადებაა და შესაძლოა, ნებისმიერი სხვა სახსრის დაზიანებითაც იჩინოს თავი.

 

რა ახასიათებს

პოდაგრისთვის დამახასიათებელია უეცარი, მწვავე დასაწყისი, უმეტესად – ღამით.

ტკივილი განსაკუთრებით ძლიერია შეტევის პირველი 4-12 საათის განმავლობაში. გარდა ფეხის ცერისა, მოსალოდნელია ტერფის, კოჭის, მუხლის, იდაყვისა და მაჯის სახსრებიც დაზიანებაც.

ტკივილი რამდენიმე საათში გაივლის, მაგრამ დისკომფორტის შეგრძნება შესაძლოა რამდენიმე დღე და რამდენიმე კვირაც კი დარჩეს, ყოველი მომდევნო შეტევა კი უფრო ხანგრძლივია და მეტ სახსარს ითრევს.

ანთებითი სახსარი შეშუპებული, დაჭიმული, წითელი და ცხელია.

რაც უფრო მეტად პროგრესირებს დაავადება, მით უფრო მეტად იზღუდება სახსრის მოძრაობა.

 

რა იწვევს

როგორც ითქვა, პოდაგრა ნივთიერებათა ცვლით მიმდინარე დაავადებაა. ნივთიერებათა ცვლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პურინები. მათი უდიდესი ნაწილი ორგანიზმში საკვების – ხორცის, ზღვის პროდუქტების, სპირტიანი სასმელების – მეშვეობით ხვდება, მცირე ნაწილს კი ორგანიზმი თავად წარმოქმნის. პურინული ცვლის საბოლოო პროდუქტია შარდმჟავა, რომელიც თირკმელების გავლით გამოიდევნება გარეთ.

პოდაგრის დროს ორგანიზმში ზომაზე მეტი შარდმჟავა გროვდება, რაც მისი ჭარბი წარმოქმნით ან გამოყოფის შეფერხებით არის გამოწვეული. დაგროვილი შარდმჟავას მარილებისგან წარმოიქმნება ურატული კრისტალები, რომლებიც სახსრებსა და მიმდებარე ქსოვილებში ილექება. ორგანიზმი მათ უცხოდ აღიქვამს და ბრძოლას უცხადებს. ამის შედეგად ვითარდება ანთებითი პროცესი, რაც სახსრის ტკივილითა და შეშუპებით ვლინდება.

 

აუცილებლად მიმართეთ ექიმს:

* თუ სახსრის უეცარმა, ინტენსიურმა ტკივილმა შეგაწუხათ;

* თუ სახსარი ცხელია და თქვენც აგიწიათ სიცხემ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება აუცილებელია, რადგან ნებაზე მიშვებული პოდაგრა ტკივილის მომატებას და სამომავლოდ სახსრების დაზიანებას ნიშნავს.

 

ხელშემწყობი ფაქტორები

ორგანიზმში შარდმჟავას დონეს ზრდის:

* საკვები – ხორცი, ზღვის პროდუქტები, ტკბილი (განსაკუთრებით – ფრუქტოზას შემცველი) და ალკოჰოლური სასმელები (განსაკუთრებით – ლუდი);

* ჭარბი წონა – ჭარბწონიანი ადამიანის ორგანიზმში შარდმჟავა დიდი რაოდენობით წარმოიქმნება, ხოლო მისი გამოყოფაც გაძნელებულია, რაც შესამჩნევად ზრდის პოდაგრის განვითარების რისკს;

* ზოგიერთი დაავადება – ნებაზე მიშვებული არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, გულის, თირკმლის და სხვა ქრონიკული დაავადებები;

* მედიკამენტები – თიაზიდური დიურეტიკები (შარდმდენები), ასპირინი, იმუნოსუპრესორები (იმუნიტეტის დამთრგუნველი საშუალებები);

* ოჯახური ანამნეზი – თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს პოდაგრა აქვს, რისკჯგუფს მიეკუთვნებით;

* ასაკი და სქესი – ქალის ორგანიზმი ნაკლებ შარდმჟავას შეიცავს, ვიდრე მამაკაცისა, ამიტომ პოდაგრა უმეტესად 30-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს ემართებათ, თუმცა შარდმჟავას დონე მენოპაუზის შემდეგ ქალის ორგანიზმშიც იმატებს, შესაბამისად, მაღლა იწევს დაავადების განვითარების რისკიც;

* ახლო წარსულში გადატანილი ტრავმა ან ოპერაცია.

 

გართულებები

მორეციდივე პოდაგრა. პოდაგრის მწვავე შეტევა შესაძლოა აღარასოდეს განმეორდეს, მაგრამ ხდება ისეც, რომ დაავადება წელიწადში რამდენჯერმე გვახსენებს თავს. ხშირი შეტევების დროს სამედიცინო ჩარევა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია სახსრის ეროზია (დაწყლულება) და დესტრუქცია (დაშლა).

გართულებული პოდაგრა. ნებაზე მიშვებული გართულებული პოდაგრის დროს კანქვეშ ურატული კრისტალების დეპოზიტები (ტოფუსები) წარმოიქმნება. ტოფუსი ჩნდება მტევნებზე, ტერფებზე, იდაყვებზე და აქილევსის მყესის მიდამოში. მტკივნეული არ არის, მაგრამ შეტევებისას შუპდება და იჭიმება.

თირკმლის კენჭები. ისინი საშარდე სისტემაში ურატული კრისტალების დაგროვების გამო ვითარდება.

 

დიაგნოსტიკა

სისხლის ანალიზი. განისაზღვრება სისხლში შარდმჟავასა და კრეატინინის რაოდენობა, თუმცა შარდმჟავას მაღალი დონე ყოველთვის არ არის პოდაგრის უტყუარი ნიშანი, რადგან ხდება ხოლმე, რომ ორგანიზმში მისი დიდი რაოდენობით არსებობისას დაავადება არ ვითარდება.

სახსრის სითხის ტესტი. სახსრიდან გამოღებულ სითხეში მიკროსკოპით შესაძლებელია ურატული კრისტალების აღმოჩენა.

რენტგენოგრაფია. მისი საშუალებით გამორიცხავენ სახსარში ანთებითი პროცესის გამომწვევ სხვა მიზეზებს.

ექოსკოპია. ამ გზით ურატული კრისტალების აღმოჩენა ხდება. ამ მეთოდს ევროპაში უფრო მიმართავენ, ვიდრე ამერიკაში.

ორმაგენერგეტიკული კომპიუტერული სკანირება. ის მაშინაც კი იძლევა ურატების აღმოჩენის საშუალებას, როცა სახსარში მწვავე ანთებითი პროცესი არ მიმდინარეობს, თუმცა კლინიკურ პრაქტიკაში რუტინულად არ გამოიყენება, რადგან ძალიან ძვირად ღირებულია.

 

მკურნალობა

მკურნალობა, ჩვეულებრივ, მედიკამენტურია. ოპერაციას მაშინ მიმართავენ, როცა პაციენტს სახსრის მკვეთრად გამოხატული დეფორმაცია აღენიშნება ან, უბრალოდ, კოსმეტიკური მიზნით.

 

პოდაგრის მწვავე შეტევის სამკურნალოდ და რეციდივის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

* ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები: იბუპროფენი, ნაპროქსენის სოდიუმი, ინდომეტაცინი ან ცელეკოქსიბი, – თუმცა მათ გვერდითი მოვლენების: კუჭის ტკივილის, სისხლდენის, წყლულის გამოწვევაც შეუძლიათ. მწვავე შეტევის სამკურნალოდ ეს წამლები დიდი დოზებით ინიშნება, რეციდივის თავიდან ასაცილებლად კი შედარებით მცირე დოზებს იყენებენ.

* კოლხიცინი. ის უმთავრესად ტკივილის შესამცირებლად გამოიყენება. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, დიარეა. ინიშნება მცირე დოზებით რეციდივის თავიდან ასაცილებლად მწვავე შეტევის შემდეგ.

* კორტიკოსტეროიდები, კერძოდ, პრედნიზოლონი. გამოიყენება ანთებისა და ტკივილის კუპირებისთვის. უნიშნავენ უმთავრესად ისეთ პაციენტებს, რომელთათვისაც არასტეროიდებისა და კოლხიცინის მიღება არ არის სასურველი. გვერდითი მოვლენებია განწყობის ცვლილება, გლუკოზის დონის მომატება, ჰიპერტენზია.

 

გართულებები თავიდან რომ ავიცილოთ

თუ წელიწადში რამდენჯერმე გაქვთ პოდაგრის შეტევა, უნდა ჩაიტაროთ მკურნალობა გართულებების თავიდან ასაცილებლად, მკურნალობის სქემა მოიცავს:

* ქსანთინოქსიდაზის ინჰიბიტორებს – შარდმჟავას წარმოქმნის მაბლოკირებელ მედიკამენტებს, მათ შორის – ალოპურინოლსა და ფებუქსოსტატს;

* შარდმჟავას თირკმლებით გამოყოფის გამაძლიერებელ მედიკამენტებს, კერძოდ, პრობენეციდს (პრობალანს). მისი მიღებისას შარდში მკვეთრად იმატებს შარდმჟავას კონცენტრაცია. გვერდითი მოვლენებია გამონაყარი, კუჭის ტკივილი, თირკმლის კენჭოვანი დაავადებები.

 

ალტერნატიული მედიცინა

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ყავა, ჩ ვიტამინი და ალუბალი ორგანიზმში შარდმჟავას შემცველობას ამცირებს. კვლევებმა გამოავლინა კავშირი შარდმჟავას მცირე კონცენტრაციასა და მოცემული პროდუქტების მოხმარებას შორის, თუმცა სარწმუნო მონაცემები ჯერ კიდევ არ არსებობს.

 

პრევენცია

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც შეტევის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ:

* სვით საკმაო რაოდენობის წყალი.

* ერიდეთ ალკოჰოლსა და ტკბილ სასმელებს. აუცილებლად ჰკითხეთ ექიმს, რომელი სასმელები უწყობს ხელს პოდაგრის განვითარებას. უკანასკნელი მონაცემებით, ესენია ფრუქტოზის შემცველი სასმელები და ლუდი.

* მიირთვით ცხიმით ღარიბი რძის ნაწარმი – დაბალცხიმიან საკვებს ნამდვილად აქვს დამცავი ეფექტი.

* ნუ მიეძალებით პურინების შემცველ საკვებს – საქონლის, თევზის, ქათმის ხორცს.

* აკონტროლეთ სხეულის მასა – წონის დაკლება შეამცირებს ორგანიზმში შარდმჟავას რაოდენობას.

მარი აშუღაშვილი

გვანცა გოგოლაძე

თამარ არქანია

თამთა ხელიძე

 

გააზიარე: