ვენერას საჩუქარი

გააზიარე:

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა გზით შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დასნებოვნება. ისინი არც ქუჩაში შეგვეფეთებიან, არც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ გავრცელებას ვერც ცხოველებსა თუ მწერებს დავაბრალებთ და ვერც დაქვეითებულ იმუნიტეტს. არადა, მათთან შეხვედრის შემდეგ დამნაშავეს თავგამოდებით ვეძებთ... სათანადო ცოდნითა და სიფრთხილის ზომების დაცვით ამ ინფექციების თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია, ასე რომ, თუ დამნაშავის პოვნა გსურთ, უწინარესად საკუთარ თავში ეძებეთ. არ გეგონოთ, საქმე მორალურ ან ზნეობრივ ფასეულობებს ეხებოდეს – ამ კატეგორიებზე საუბარი ჩვენი პრეროგატივა არ არის; თქვენს ყურადღებას მხოლოდ არასწორი სქესობრივი ცხოვრებისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათ პრევენციაზე შევაჩერებთ. გაითვალისწინებთ თუ არა ჩვენს რჩევებს, თქვენი გადასაწყვეტია.

მაშ ასე, როგორ დავიცვათ თავი ვენერას საჩუქრისგან?

ეს საჩუქარი მრავალფეროვანია. მისი მთავარი თვისება ის გახლავთ, რომ სიურპრიზები უყვარს, ამიტომ კარგა ხანს იმალება და მანამდე არ გამოდის დღის სინათლეზე, სანამ საქმე თითქმის შეუქცევად ცვლილებებამდე არ მივა.

ვინაიდან დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენა ძნელია, დაგვიანებული დიაგნოსტიკა კი სერიოზული პრობლემების წყაროდ იქცევა, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან ბრძოლის საუკეთესო გზა მათი პრევენციაა.

 

ვენერას მსახურები

გონორეა, ქლამიდია – ბაქტერიული ინფექციები


სიფილისი


ტრიქომონიაზი – ბრძოლა უმარტივესებთან


პაპილომავირუსი – შენელებული მოქმედების ნაღმი


მტკივნეული ბუშტუკები


შიდსი: დაავადებულთან საყოფაცხოვრებო ურთიერთობა უსაფრთხოა



ვენერას მსახურები

ვენერას მსახურების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს. მათ შორის არიან როგორც ბაქტერიები, ისე ვირუსები, სოკოები და პარაზიტებიც კი. დღესდღეობით სქესობრივი გზით გადამდები ოცდაათამდე ინფექციაა ცნობილი. მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ქლამიდიოზი, გონორეა, სიფილისი, ტრიქომონიაზი, გენიტალური ჰერპესი, შიდსი, ჰეპატიტები. სტატისტიკური მონაცემები არცთუ სახარბიელოა: ეპიდემიოლოგები იუწყებიან, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით ყოველწლიურად 330 მლნ კაცი ავადდება, რაც ყოველდღიურად 1 მლნ ახალი შემთხვევის გამოვლენას ნიშნავს, თანაც ავადობის მაჩვენებლები წლიდან წლამდე იმატებს. დაავადებულთა შორის ქალები ჭარბობენ – მათი რიცხვი ორჯერ აღემატება მამაკაცებისას. ავადობა განსაკუთრებით 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორისაა გავრცელებული.

სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა უმრავლეობა სიმპტომებს, ფაქტობრივად, არ იწვევს. დაავადება შეუმჩნევლად მიმდინარეობს, სანამ გართულებები არ იჩენს თავს ან პარტნიორს ინფექცია არ დაუდასტურდება. მაგრამ თუ ინფექციამ თავი მაინც ვერ დამალა, მას შემდეგი ნიშნებით ამოიცნობთ:

* წყლულები სასქესო ორგანოებზე, პირის ღრუში ან სწორ ნაწლავზე;

* ტკივილი ან წვა შარდვის დროს;

* გამონადენი სასქესო ასოდან;

* უჩვეულო გამონადენი საშოდან;

* ვაგინალური სისხლდენა;

* ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;

* ტკივილი ან ლიმფური ჯირკვლების შესივება, განსაკუთრებით – საზარდულის მიდამოში;

* ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;

* გამონაყარი ხელებზე, ფეხებზე ან ტანზე.

სიმპტომებმა, ორგანიზმის თავისებურებების კვალობაზე, შესაძლოა დასნებოვნებიდან რამდენიმე დღის, თვის ან წლის შემდეგაც კი იჩინოს თავი. მათი გაჩენა იმაზე მიგანიშნებთ, რომ ექიმთან დაუყოვნებლივ უნდა მიბრძანდეთ.

 

სადი მალება საფრთხე

როგორც აღვნიშნეთ, სქესობრივი ურთიერთობა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების მთავარი გზაა. ისინი ადამიანისგან ადამიანს სისხლის, სპერმის, საშოს სეკრეტისა და ორგანიზმის სხვა სითხეების საშუალებით გადაედება. თუმცა შესაძლოა, დასნებოვნება სხვა გზითაც მოხდეს. მაგალითად, ინფიცირებული დედისგან მუცლად ყოფნის ან სამშობიარო გზაბში გავლის დროს, სისხლის გადასხმისას ან საერთო შპრიცის მეშვეობით. უკანასკნელი გზა განსაკუთრებით აქტუალურია ჰეპატიტების დროს.

რისკს ზრდის:

* დაუცველი სქესობრივი კავშირი – ინფიცირებული პარტნიორისგან დასნებოვნება ადვილია, თუ სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივს არ ხმარობთ. ინფექციისგან ვერც არასწორად გამოყენებული კონდომი დაგიცავთ.

* პარტნიორების სიმრავლე – რაც უფრო მეტი პარტნიორი გყავთ, მით მეტია დასნებოვნების რისკიც. ვგულისხმობთ როგორც ერთდროულად რამდენიმე პარტნიორთან ურთიერთობას, ასევე პარტნიორთა ხშირ ცვლას.

* სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ისტორია – სქესობრივი ინფექციები ხშირად თანაარსებობენ, ამიტომ რომელიმე მათგანის დადასტურების შემთხვევაში იმატებს შეუღლებული ფორმების გამოვლენის ალბათობა.

* ძალადობა – ინფიცირების რისკი მაღალია ნებისმიერი ტიპის სექსუალური ძალადობისას. მართალია, ძალადობა ფსიქოლოგიურად ძალზე მძიმედ გადასატანია, მაგრამ არც ეს ფაქტორი უნდა დაივიწყოთ და აუცილებლად მიმართოთ ექიმს დაავადების გამოსარიცხად.

* ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება – ფსიქოაქტიური საშუალებების ბოროტად გამოყენება ცნობიერებას თრგუნავს და საკუთარ ქცევაზე კონტროლს გაკარგვინებთ. ასეთ მდგომარეობაში შესაძლოა სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია აიკიდოთ.

* ასაკი – ეს ქალებს ეხება, რომელთა საშვილოსნოს ყელის უჯრედებიც ახალგაზრდა ასაკში განუწყვეტლივ იცვლება. უმწიფრობა და არასტაბილურობა მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

ვინაიდან დაავადებები უსიმპტომოდ მიმდინარეობს, არც ინფიცირებულის ამოცნობაა ადვილი საქმე, ამიტომ ინფექცია შესაძლოა ერთი შეხედვით სავსებით  ჯანმრთელი ადამიანისგან გადაგედოთ, რომელმაც საკუთარი ინფიცირების შესახებ არაფერი იცის. სწორედ აქ მართლდება ანდაზა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო – რაც უნდა ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე ჩანდეს პარტნიორი, მის ეპიდემიოლოგიურ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა და სიფრთხილის ზომების დაუცველობა შესაძლოა დიდ პრობლემად გექცეთ. ასე რომ, პრევენცია, პრევენცია და კიდევ ერთხელ პრევენცია!

 

რას გულისხმობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია

* შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ყველა სამედიცინო ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავებაა. აღმოჩნდა, რომ 100%-ით არც კონდომის გამოყენება ამართლებს. თუ მისი შენახვის პირობები დარღვეულია, ვადა გასული აქვს ან უხარისხოა, უსიამოვნება არ აგცდებათ. ამიტომ პრეზერვატივით სქესობრივ ურთიერთობას უსაფრთხო სექსის ნაცვლად შედარებით უსაფრთხო ეწოდა, იმის ხაზგასასმელად, რომ სრულიად უსაფრთხო მხოლოდ სქესობრივი კავშირის უქონლობაა.

* სქესობრივი აქტის დროს გამოიყენეთ პრეზერვატივი (მიაქციეთ ყურადღება ვადას, ხარისხის ნიშანსა და შენახვის პირობებს.

* ყოველ ჯერზე გამოიყენეთ ახალი პრეზერვატივი.

* გყავდეთ ერთი პარტნიორი დიდხანს.

* ერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს.

* ნუ გამოიყენებთ სხვის ინტიმურ ნივთებს – საცვალს, პირსახოცს და სხვ. არც საერთო შპრიცის გამოყენება შეიძლება.

* ყოველგვარი საეჭვი კონტაქტის შემდეგ ან სიმპტომის შემჩნევისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადების დიგანოზი არავის სიამოვნებს. სრული უფლება გაქვთ, დაუმალოთ ის ახლობლებს და კონფიდენციალურობის დაცვა მოსთხოვოთ ექიმსაც. ერთადერთი, ვისაც აუცილებლად უნდა შეატყობინოთ თქვენი დიაგნოზის შესახებ, თქვენი პარტნიორია. მისთვის სიმართლის დამალვით მასაც ავნებთ და თქვენს მომავალსაც საფრთხეში ჩააგდებთ. ამიტომ მკურნალობა აუცილებლად ორივემ ერთდროულად უნდა ჩაიტაროთ.

 

გახსოვდეთ!

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციისგან კარგი ჯანმრთელობა ვერ დაგიცავთ. თუნდაც ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე იყოთ – ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადება არ შეგხვდებათ. მეტიც – ვინაიდან ახალგარზდა ორგანიზმი სექსუალურად უფრო აქტიურია, ინფიცირების შანსიც უფრო დიდი აქვს.

არც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებაა გამოსავალი – ისინი მხოლოდ ორსულობისგან იცავენ, ინფექციას კი ვერ აკავებენ.

“გაწყვეტილი სქესობრივი აქტი” ასევე ვერ გამოდგება უსაფრთხოების გარანტიად – ზოგიერთი გამომწვევისთვის მხოლოდ გარეთა სასქესო ორგანოზე მოხვედრაც საკმარისია.

ინფიცირების ალბათობა დიდია ორალური და ანალური სქესობრივი კონტაქტის დროსაც. ეს უკანასკნელი ყველაზე სარისკოდაც კი მიიჩნევა.

გახსოვდეთ ისიც, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება წითელა ან წითურა არ არის, მოხდის შემდეგ მყარ იმუნიტეტს რომ ტოვებდეს. რამდენჯერაც არ უნდა იმკურნალოთ და მორჩეთ, ხელახლა დასნებოვნების შანსი ისეთივე იქნება, როგორიც თავიდან. ამიტომ სიფრთხილე ყოველთვის აუცილებელია.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველაზე გავრცელებული სქესობრივი ინფექციების შესახებ ელემენტარული ცოდნა არ გვაწყენდა. მოდი, გავიგოთ, სახელდობრ რა თავისებურებები ახასიათებთ მათ და როგორ ამოვიცნოთ ისინი, რომ სავალალო შედეგებისგან დაზღვეულნი ვიყოთ.

 

გონორეა, ქლამიდიაბაქტერიულიინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული გენეზის ინფექციებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გონორეაა. მას იწვევს Neisseria gonorrhoeae – ცერცვის ფორმის უძრავი, უსპორო ჩირქმბადი ბაქტერია. დაავადება ორივე სქესის წარმომადგენლებთან გვხვდება, თუმცა მისი სამიზნეები უმთავრესად მამაკაცები არიან. დაავადება ყველაზე მეტად შარდგამომყოფ და სასქესო სისტემას, სწორ ნაწლავსა და ყელს აზიანებს, მაგრამ შესაძლოა, გამომწვევი სხვა ორგანოებსაც გადასწვდეს და გონორეული ართრიტი ან კონიუნქტივიტი გამოიწვიოს.გონორეა, ქლამიდია

გონოკოკის საინკუბაციო პერიოდი მამაკაცებთან 2-5 დღეა, ქალებთან – 5-10 დღე. დააავადება უმთავრესად 15-დან 24 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორისაა გავრცელებული. გადაედება მეტწილად სქესობრივი კონტაქტის დროს, თუმცა ხშირია ინფიცირებული დედისგან შვილის დასნებოვნებაც. საყოფაცხოვრებო პირობებში ინფექციის გადაცემა ნაკლებსავარაუდოა. უწინარესად იმიტომ, რომ გონოკოკი ადამიანის ორგანიზმის გარეთ დიდხანს ვერ ცოცხლობს. მეორე – დასნებოვნებისთვის საჭიროა, ორგანიზმში სათანადო რაოდენობის ბაქტერია მოხვდეს, საყოფაცხოვრებო სიტუაციებში კი გონოკოკების მარაგი არცთუ ისე დიდია, ამიტომ უნიტაზის საჯდომიდან, აუზიდან, აბანოდან თუ საერთო პირსახოციდან ამ ინფექციის გადადება არ გემუქრებათ (თუმცა ჰიგიენის წესების დაცვა მაინც არ იქნება ზედმეტი).

გონორეა, ისევე როგორც სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაძლოა არც კი იცოდეთ, რომ ინფიცირებული ხართ. ასეთი პერიოდი ყველაზე მეტად იმითაა საშიში, რომ დიდია პარტნიორის დასნებოვნების ალბათობა. დაავადება ზოგჯერ იმ დროს იჩენს თავს, როდესაც მკურნალობა დაგვიანებული ან უეფექტოა. თუ სიმპტომები მაინც გამომჟღავნდა, უნდა ვიცოდეთ, როგორ ამოვიცნოთ ისინი და მივმართოთ ექიმს.

საეჭვო ნიშნებია:

მამაკაცის სასქესო სისტემის მხრივ:

* ტკივილი ან წვა შარდვის დროს;

* ასოს თავიდან ჩირქიანი გამონადენი;

* სათესლე ჯირკვლის ტკივილი ან შესივება;

 

ქალის სასქესო სისტემის მხრივ:

* ვაგინალური გამონადენის მატება, გამონადენი მოყვითალო-მოთეთრო ფერი;

* მტკივნეული შარდვა;

* ვაგინალური სისხლდენა, მაგალითად, სქესობრივი აქტის შემდეგ, მენსტრუაციებს შორის;

* მუცლის ტკივილი;

* ტკივილი მენჯის მიდამოში;

სხვა ორგანოების მხრივ:

* ანალური მიდამოს ქავილი, ჩირქოვანი გამონადენი, მკვეთრი წითელი სისხლის ლაქა ტუალეტის ქაღალდზე, დაჭიმულობა დეფეკაციის დროს;

* თვალის ტკივილი, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ერთი ან ორივე თვალიდან ჩირქოვანი გამონადენი (თვალის დაზიანება ყველაზე ხშირია ბავშვებთან);

* ყელის ტკივილი და კისრის მიდამოს ლიმფური კვანძების გადიდება;

* სახსრების შესივება, შეწითლება და ძლიერი მტკვინეულობა, განსაკუთრებით – მოძრაობის დროს.

 

როდის მივმართოთ ექიმს

ნებისმიერი ზემოთ აღწერილი სიმპტომის შემჩნევისას. ვიზიტი საჭიროა მაშინაც, თუ თქვენს პარტნიორს ინფექცია აღმოაჩნდა. შესაძლოა, სიმპტომები ჯერ კიდევ არ გაწუხებდეთ, მაგრამ მკურნალობის გარეშე პარტნიორის რეინფიცირებას გამოიწვევთ და თავადაც გაირთულებთ საქმეს. ნებისმიერი სახის დაუცველი სქესობრივი კავშირი თუ სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია რომ ექიმთან დაუყოვნებლივ მისვლის ჩვენებაა, უკვე იცით.

გონორეით ინფიცირების რისკს ზრდის:

* ახალგაზრდა ასაკი;

* ახალი პარტნიორი;

* რამდენიმე პარტნიორი;

* სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების არსებობა.

 

რას შეიძლება ველოდეთ ნებაზე მიშვებული გონორეისგან?

მოსალოდნელი გართულებები და შორეული შედეგები საკმაოდ უსიამოვნოა. ქალებთან შესაძლოა საქმე უშვილობამდე მივიდეს – გონორეა გავრცელდეს საშვილოსნოში, საშვილოსნოს მილებში და განვითარდეს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება, ეს უკანაკნელი კი ნაწიბურების წარმოქმნას უწყობს ხელს, რომლებიც, თავის მხრივ, ორსულობის გართულებისა და უნაყოფობის ხელმშემწყობი ფაქტორია. მამაკაცებთან ინფექცია იწვევს ეპიდიდიმიტს – სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთებას, რომელიც ნამდვილად არ არის განაჩენი და არც ისე რთული სამკურნალოა, მაგრამ თუ ყურადღება არ მიაქციეთ, უშვილობის მიზეზად იქცევა. სახსრების დაზიანების შედეგად შესაძლოა წარმოიშვას წყლულები, შეშუპება, უძრაობაც კი. გონორეის არსებობა შიდსით ან სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადების განვითარების რისკსაც საგრძნობლად ზრდის. მშობიარობისას ბავშვის დასნებოვნებამ შესაძლოა სიბრმავე გამოიწვიოს.

ამრიგად, მკურნალობის გადადებას არ გირჩევთ. როცა დაავადების სიმპტომებს შეამჩნევთ, თავი შეიკავეთ სქესობრივი ურთიერთობისგან და დერმატოვენეროლოგის კაბიენტს მიაშურეთ. ექიმი დათვალიერებისა და გასინჯვის შემდეგ რამდენიმე კვლევას დაგინიშნავთ. მანამდე კი გულახდილად ესაუბრეთ მას, არაფერი დაუმალოთ – ამაზე თქვენი ჯანმრთელობა და მომავალია დამოკიდებული. შესაძლოა დაგჭირდეთ საშოდან ნაცხის აღება, სისხლისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების ანალიზი დაავადების გამომწვევის აღმოსაჩენად, ყელიდან, ურეთრიდან, საშვილოსნოდან ან სწორი ნაწლავიდან აღებული მასალიდან ბაქტერიის გამოყოფა, სისხლში გამომწვევის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა, ექოსკოპიური თუ სხვა ინსტრუმენტული გამოკვლევა. დიაგნოსტიკის უახლესი და მაღალეფექტური მეთოდია PCR დიაგნოსტიკა, რომლის მეშვეობითაც სისხლში გამომწვევის ყველაზე სპეციფიკური მახასიათებლის დნმ-ს აღმოაჩენენ. ექიმი აუცილებლად შემოგთავაზებთ სქესობრივად გადამდები სხვა ინფექციების სადიაგნოზო ტესტებსაც, ვინაიდან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ხშირად ერთად გვესხმიან თავს. ამ მხრივ გონორეა ყველაზე უკეთ ქლამიდიოზთან “თანამშრომლობს”. ისინი ერთად შემთხვევათა 30%-ში გვხვდებიან. ეს უკანასკნელი სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. სტატისტიკური მონაცემებით, ქლამიდიოზით ყოველწლიურად 100 მლნ კაცი ავადდება, ინფიცირებულთა რაოდენობა კი მილიარდს აღემატება. განსაკუთრებით ხშირია ის ახალგაზრდებთან, რომელთა 5-15%-მდე სწორედ ქლამიდიის მსხვერპლია. ქლამიდიის ასეთ გავრცელებას ხელს მისი უსიმპტომო მიმდინარეობა უწყობს. ინფექცია ადვილად გადაგედებათ “სავსებით ჯანმრთელი” ადამიანისგან, შემდეგ თქვენ, ასევე “სავსებით ჯანმრთელი”, მას სხვას გადასდებთ და ა.შ. რამდენი რგოლი ექნება ჯაჭვს, თქვენსა და თქვენი ყოფილი თუ ახლანდელი პარტნიორების სექსუალურ მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებზე და უსაფრთხოების წესების დაუცველობაზეა დამოკიდებული.

ქლამიდიოზის გამომწვევია Chlamydia trachomatis -ი. დაავადება ორივე სქესის პირებთან გვხვდება, მაგრამ, გონორეისგან განსხვავებით, უპირატესად ქალის ორგანიზმს აზიანებს. ქლამიდიოზის შორეული შედეგებიც არცთუ სახარბიელოა – ქალის რეპროდუქციულ სისტემაში დაავადება მძიმე, შეუქცევად ცვლილებებს იწვევს და საშვილოსნოსგარე ორსულობის, ნაადრევი მშობიარობის ან უნაყოფობის მიზეზად იქცევა. უნაყოფობა შესაძლოა განვითარდეს მამაკაცებთანაც ეპიდიდიმიტის ფონზე.

ინფექცია ნებისმიერი ტიპის სქესობრივი კონტაქტით გადაედება. დამახასიათებელია გადაცემის ვერტიკალური გზაც (დედისგან შვილზე). გახსოვდეთ, ეაკულაცია რომც არ მოხდეს, თუ მამაკაცი ინფიცირებულია, დასნებოვნება მაინც გარდაუვალია – “გაწყვეტილი სქესობრივი აქტი” ვერ დაგიცავთ.

ქლამიდიოზის სიმპტომებმა შესაძლოა სქესობრივი კონტაქტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იჩინოს თავი. მისი ნიშნები სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისას ჰგავს, ამიტომ, თუ საშოდან ან სასქესო ასოდან უჩვეულო, უსიამოვნო სუნის მოყვითალო გამონადენი, შარდვისას წვა, ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის ტკივილი და შეშუპება შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ვენეროლოგთან მისვლის ჩვენებაა რექტალური (სწორი ნაწლავის) ტკივილი, გამონადენი ან სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, რომელიც ამ უბნის დაზიანებაზე მიგვანიშნებს. ეს უმეტესად ანალური სექსის შედეგია, თუმცა სწორი ნაწლავის დასნებოვნება შესაძლოა სხვა დაავადებული უბნიდანაც მოხდეს. ბავშვებთან გამომწვევი უპირატესად თვალებსა და სასუნთქ სისტემას აზიანებს (ქლამიდიური კონიუნქტივიტი და პნევმონია).

გონორეისა და ქლამიდიის დიაგნოსტიკა მსგავსია. მკურნალობის პრინციპებიც ერთნაირია. წესისამებრ, ორივე შემთხვევაში ანტიბიოტიკებს იყენებენ, ექიმის შეხედულებისამებრ, შესაძლოა დაგჭირდეთ სიმპტომური თერაპია ან იმუნიტეტის გამაძლიერებელი და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებაც. თერაპიის მთავარი მიზანი სარკისებრი მკურნალობაა, რაც ორივე პარტნიორისთვის იდენტური მედიკამენტური თერაპიის ჩატარებას გულისხმობს. დროული და ადეკვატური მკურნალობით ქლამიდიოზისა თუ გონორეის დამარცხება სავსებით შესაძლებელია.

 

სიფილისისიფილისი

ამ დაავადების შესახებ ჯერ კიდევ ჰიპოკრატე და გალენუსი წერდნენ. ბიბლიიდანაც ირკვევა, რომ კაცობრიობა ათასწლეულების წინათ იცნობდა მას, თუმცა დაავადების გავრცელების ისტორიული ათვლა მხოლოდ XV საუკუნის ბოლოდან იწყება, მთავარ გამავრცელებლებად კი კოლუმბის მეზღვაურებს მიიჩნევენ, რომლებმაც ის ამერიკიდან ევროპაში შემოიტანეს. “სიფილისი” ამ დაავადებას იტალიელებმა უწოდეს. ის უკურნებლად მიიჩნეოდა, სანამ ფლემინგმა პირველი ანტიბიოტიკი არ აღმოაჩინა.

სიფილისი არ ყოფილა უბრალო მოკვდავთა დაავადება – ამ სნეულებით იტანჯებოდნენ მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები, მეფეები თუ დიქტატორები, მათ შორის – ნაპოლეონ ბონაპარტე, ივანე მრისხანე, ბენიტო მუსოლინი, აბრაამ ლინკოლნი, ვინსენტ ვან გოგი, პოლ გოგენი, გი დე მოპასანი, ლევ ტოლსტოი, ადოლფ ჰიტლერი, ოსკარ უაილდი...

 

რა არის სიფილისი და რა იწვევს მას

სიფილისი, იგივე ათაშანგი, მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხანგრძლივი ტალღისებური მიმდინარეობით გამოირჩევა. ის სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება და აზიანებს ლორწოვან გარსებს, კანს, ცენტრალურ ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელ და საჭმლის მომნელებელ სისტემებს. არანამკურნალევი სიფილისი გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობით შესაძლოა წლობით გაგრძელდეს. აქტიურ პერიოდში დაავადების ნიშნები ვლინდება კანზე, ლორწოვან გარსებზე, შინაგან ორგანოებზე. ლატენტური მიმდინარეობისას, სამწუხაროდ, არავითარი სიმპტომი არ შეინიშნება.

სიფილისის გამომწვევია ბაქტერია მკრთალი ტრეპონემა (Treponema palidum), რომელსაც მიკროსკოპით დათვალიერებისას სპირალის ფორმა აქვს. ბაქტერია ლიმფურ კვანძებში მრავლდება და ლიმფური სისტემის მეშვეობით ვრცელდება ორგანიზმში. ის არა მარტო სქესობრივი გზით, არამედ სისხლით, ტრანსპლაცენტურად (დედისგან ნაყოფს), ნერწყვით, პირადი ჰიგიენის ნივთებით (უფრო იშვიათად) და დედის რძითაც კი გადაეცემა. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება სამედიცინო პერსონალს, ვინაიდან შესაძლებელია ბაქტერიის ნემსითა და ქირურგიული ინსტრუმენტებით გადაცემაც.

 

მშრალი რიცხვები

ყოველწლიურად სიფილისით ავადდება 12 მლნ კაცი, უმთავრესად – 15-დან 40 წლამდე ასაკისანი. ავადობა 20-30 წლის პირთა შორის აღწევს გავრცელების პიკს. უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გახშირდა თანადაყოლილი სიფილისი. საყურადღებოა მისი გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ჰომოსექსუალებშიც.

 

რომ არ გამოგვეპაროს

სიფილისს სტადიების მიხედვით პირველად, მეორეულ და მესამეულ სიფილისად ყოფენ.

სიფილისის საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით 2-3 კვირას გრძელდება. ავადმყოფი ამ ხნის განმავლობაში არაფერს უჩივის და ვერ ხვდება რომ ინფიცირებულია. თუ ის იმავდროულად, რაიმე მედიკამენტს იღებს, უსიმპტომო პერიოდი შესაძლოა გახანგრძლივდეს.

პირველადი სიფილისი დაახლოებით 8 კვირას გასტანს. მისთვის დამახასითებელია:

* ლიმფური კვანძების გადიდება;

* მაგარი შანკრი – უმტკივნეულო წყლული, რომელიც ორგანიზმში ინფექციის შეჭრის ადგილას წარმოიქმნება: უმთავრესად – სასქესო ორგანოებზე, იშვიათად – ანალურ მიდამოში, ტუჩზე, ენაზე. მაგარი შანკრი უმტკივნეულოა, ამიტომ შესაძლოა, ყურადღება არ მიაქციოთ, რაც დაავადების პროგრესირებამდე მიგვიყვანს;

* ცხელება;

* საერთო სისუსტე, ართრალგია, უძილობა, დეპრესია.

მეორეული სიფილისი ვლინდება მაგარი შანკრის გაჩენიდან 10 კვირის შემდეგ. სტატისტიკური მონაცემებით, ის დაავადებულთა 25%-თან იჩენს თავს. მისთვის დამახასიათებელია:

* გამონაყარი, უმთავრესად – ხელისგულებსა და ფეხისგულებზე; შესაძლოა, მრავლობითი სიმეტრიული გამონაყარი გაჩნდეს ზურგზეც;

* კანის სიმშრალე და ქავილი, ჰიპერპიგმენტაცია;

* გადიდებული (უმტკივნეულო) ლიმფური კვანძები;

* ბუდობრივი ალოპეცია (თმის ცვენა);

* სიფილისური ანგინა;

* საერთო სისუსტე, უმადობა, წონის კლება, ართრალგია (სახსრების ტკივილი), თავის ტკივილი.

შედარებით იშვიათად ვითარდება სიფილისური ჰეპატიტი, ნეფრიტი, პროქტიტი, ართრიტი და მხედველობის ნერვის ნერვიტი.

მესამეული სიფილისი სიფილისის ყველაზე მძიმე ფორმაა. ის ინფიცირებიდან 2-10 წლის შემდეგ ვლინდება, თუმცა არიან პაციენტები, რომელთაც მესამეულ სიფილისს 20-25 წლის შემდეგ აღმოუჩენენ. ამ დროს ზიანდება ორგანოთა თითქმის ყველა სისტემა. განსაზღვრულ ეტაპზე მკურნალობით პროცესის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ დაზიანება იმდენად დიდია, რომ პროცესი შეუქცევად სახეს იღებს – დაზიანებულ ორგანოთა აღდგენა ვეღარ ხერხდება.

მესამეული სიფილისის არასპეციფიკური ნიშნებია:

* ასწვრივი აორტისა და აორტის სარქვლის დაზიანება, მიოკარდიტი, აორტის ანევრიზმა;

* სიბრმავე და სიყრუე;

* პოლიართრიტი;

* ძვლებისა და ქსოვილების დესტრუქცია;

* გუმოზური სიფილისი – სიმსივნის მსგავსი სხვადასხვა ზომის წარმონაქმნების გაჩენა კანზე; გუმოზური წარმონაქმნები ჩნდება შინაგან ორგანოებზეც და არღვევს მათ ფუნქციას;

* ფილტვების, თირკმლების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება;

* კუნთოვანი სისუსტე, იმპოტენცია.

განსაკუთრებით საყურადღებოა ნეიროსიფილისი, რომელიც ვლინდება დემენციით, სიფილისური ენცეფალიტით, მენინგიტით, ქცევისა და კორდინაციის დარღვევით, მგრძნობელობის დაკარგვით, გულყრებით. შესაძლოა, განვითარდეს ისეთი მძიმე დარღვევებიც, რომ სიკვდილი გამოიწვიოს.

ცალკე უნდა გამოიყოს ლატენტური სიფილისი, რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ადრეულ ან გვიან პერიოდში მჟღავნდება. გამოსავალი დაავადების დადგენის დროზეა დამოკიდებული.

თანდაყოლილი სიფილისის დროს დაავადება ბავშვს ან მუცლად ყოფნის პერიოდში გადაედება დედისგან პლაცენტის გზით, ან სამშობიარო გზების გავლისას, ამიტომ თუ დედას სიფილისის დიაგნოზი დაუსვეს, მას საკეისრო კვეთას უტარებენ. ახალშობილთა 2„3 უსიმპტომოდ იბადება. ხშირია ნაყოფის ანომალიები და მკვდრადშობადობა. იმის მიხედვით, როდის იჩენს თავს პირველი ნიშნები, გამოყოფენ ადრეულ (2 წელზე ადრე გამოვლენილ) და გვიან (2 წლის შემდეგ გაოვლენილ) სიფილისს. თანდაყოლილი სიფილისს ახასიათებს ღვიძლისა და ელენთის გადიდება (70%), გამონაყარი (70%), ცხელება, სიყვითლე, ფილტვების ანთება, მოგვიანებით ვითარდება ნეიროსიფილისი (20%), ცხვირის ძგიდის დეფორმაცია, ჰატჩინსონის ტრიადა (კბილების სპეციფიკური დაზიანება – ქვედა კიდეების ნახევარმთვარისებრი ფორმა, სიყრუე და კორდინაციის მოშლა და კერატიტიტი – თვალის რქოვანა გარსის ანთება), ამიტომ აუცილებელია ორსულთა სკრინინგი სიფილისზე. საქართველოში სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს და ყველა ქალს ორსულობის მე-12 კვირამდე უტარებენ ამ გამოკვლევას.

 

დიაგნოსტიკა

სიფილისის დიაგნოსტიკის მეთოდი 1906 წელს წელს შეიმუშავა გერმანელმა მიკრობიოლოგმა ავგუსტ ვასერმანმა, ამიტომ მეთოდს ვასერმანის რეაქცია ეწოდა. მას დღემდე აქტიურად იყენებენ.

თუ საკუთარ თავს ან პარტნიორს შეატყვეთ საეჭვო სიმპტომი, მაგალითად, წყლული სასქესო ორგანოზე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ექიმი გაგსინჯავთ, გამოგკითხავთ დაავადების ისტორიას, დაგინიშნავთ გამოკვლევებს. შესაძლოა, დაგჭირდეთ სისხლის ანალიზი, რომლითაც ბაქტერიის საწინააღმდეგო ანტისხეულებს განსაზღვრავენ (სეროლოგიური ანალიზი VDRL , RPR ტესტი). მეთოდი ემყარება იმ ფაქტს, რომ ანტისხეულები დიდხანს რჩება ორგანიზმში. ცრუ დადებითი პასუხი მოსალოდნელია ქუნთრუშის, ტუბერკულოზის, მალარიის, ლიმფომის, ჩუტყვავილასა და ორსულობის დროს. თუ გაქვთ ხილული წყლული, აიღებენ ნაცხს მიკროსკოპით მკრთალი ტრეპონემის აღმოსაჩენად. გარდა ამისა, ჩაატარებენ პოლიმერიზაციის ჯაჭვურ რეაქციას (PCR). თუ ექიმმა ნეიროსიფილისი იეჭვა, შესაძლოა მოგიწიოთ ლუმბალური პუნქციის გადატანა თავზურგტვინის სითხის გამოსაკვლევად.

 

მკურნალობა

ეს ვერაგი დაავადება პენიცილინ G-თი იკურნება. მას პირველი რიგის პრეპარატად მიიჩნევენ. თუ პაციენტს პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებზე ალერგია აქვს, შეიძლება დოქსიციკლინის, ტეტრაციკლინის ან ცეფტრიაქსონის გამოყენება. დაავადების გადატანიდან 6 თვისა და 12 თვის შემდეგ ისევ კეთება ტესტი სიფილისზე. ანტიბიოტიკით მკურნალობის დაწყების შემდეგ ზოგჯერ თავს იჩენს სპეციფიური რეაქცია მაღალი ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილით, ტაქიკარდიით. ანტიბიოტიკების ზემოქმედებით მკვდარი ტრეპონემები გამოყოფენ ნივთიერებს, რომლებიც ამ რეაქციას იწვევს. მკურნალობა სიმპტომურია.

ამრიგად, სიფილისი იკურნება და მის დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, როგორც აღვნიშნეთ, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

 

ტრიქომონიაზიბრძოლა უმარტივესებთან

ალბათ ყველას გვახსოვს სკოლა, ზოოლოგიის გაკვეთილი:ტრიქომონიაზი – ბრძოლა უმარტივესებთან როგორი ინტერესით ვაკვირდებოდით მიკროსკოპით ერთუჯრედიან უმარტივესებს – ამებასა და მწვანე ევგლენას. გაგიკვირდებათ და უმარტივესთა სამეფოს წარმომადგენელია Trichomona vaginalis-იც. ეს ერთუჯრედიანი, მომრგვალო ან მსხლისებრი ფორმის არსება საცეცების წყალობით სწრაფად გადაადგილდება და უმთავრესად ადამიანის შარდსასქესო სისტემაში ბუდობს. სწორედ ტრიქომონა ვაგინალისი იწვევს სქესობრივი გზით გადამდებ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას – ტრიქომონიაზს, რომელიც შესაძლოა უამრავი პრობლემის მიზეზად იქცეს. ის მექანიკურად აზიანებს მასპინძლის სასქესო სისტემის ეპითელურ უჯრედებს – ეწებება მათ და ფრაგმენტებად შლის.

ტრიქომონა ვაგინალისი მხოლოდ სქესობრივი გზით გადაედება. პირადი ჰიგიენის ნივთები ამ კუთხით უსაფრთხოა.

აშშ-ში ყოველწლიურად ტრიქომონიაზის 8 მილიონი ახალი შემთხვევა აღირიცხება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი სრულყოფილი არ არის, რადგან ხშირად ტრიქომონიაზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოში ყოველწლიურად 170 მილიონ ახალი დაავადებულს აღრიცხავს. დამეთანხმებით, საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია. ქალები მამაკაცებზე ხშირად ავადდებიან. დაავადება უმთავრესად სქესობრივად აქტიურ – 15-დან 35 წლამდე ასაკის პირებს ემუქრება. გეოგრაფიული გავრცელების თვალსაზრისით მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აფრიკაშია.

მაინც რა არის ტრიქომონიაზი და გვეშინოდეს თუ არა მისი?

ტრიქომონა ვაგინალისი ქალებთან უმთავრესად ვაგინიტს (საშოს ანთება), ცერვიციტს (საშვილოსნოს ყელის ანთება) და შარდსადენის ანთებას იწვევს. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 4 დღიდან 4 კვირამდე გრძელდება. ასიდან დაახლოებით 50 შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ტრიქომონიაზისთვის დამახასიათებელია წვისა და ქავილის შეგრძნება, გარეთა სასქესო ორგანოების ჰიპერემია (სიწითლე), მოყვითალო-მომწვანო ფერის გამონადენი, რომლის სუნსაც ხშირად გაფუჭებული თევზის სუნს ადარებენ, ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს, ზოგჯერ – დისკომფორტი შარდვისას. იშვიათად შეინიშნება სისხლდენაც. სიმპტომატიკა მძიმდება მენსტრუაციის დროს.

მამაკაცებს ხშირად წლობით აქვთ ეს დაავადება და არაფერს უჩივიან. შესაძლოა, თავი იჩინოს მსუბუქმა სიმპტომატიკამ, წვის შეგრძნებამ შარდვისა და სქესობრივი აქტის დროს, თუმცა ზოგს აღენიშნება გამონადენი შარდსადენი მილიდან, სიწითლე, წვის შეგრძნება, ქავილი. ზოგჯერ უეცარი პროსტატიტი ვითარდება სხვა სიმპტომების გარეშე, გამოკვლევისას კი პროსტატის სეკრეტში პარაზიტებს აღმოაჩენენ.

ორსულებთან ტრიქომონიაზი ნაადრევ მშობიარობასა და ნაყოფის მცირე წონას იწვევს. 2014 წლის სისტემურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტრიქომონიაზით დაავადებულ ორსულებთან 42%-ით იზრდება ნაადრევი მშობიარობის რისკი. ახალშობილი შესაძლოა დაავადდეს სამშობიარო გზების გავლისას, ჰქონდეს სასუნთქი სისტემის პრობლემა, ცხელება, საშარდე გზების ინფექცია. გოგონებთან ხშირად ვლინდება გამონადენი საშოდან.

 

დიფერენციული დიაგნოსტიკა

დიფერენციული დიაგნოსტიკა ტარდება ყველა იმ ბაქტერიული ანთებითი დაავადების მიმართ, რომელიც ასეთივე სიმპტომატიკით მიმდინარეობს. ესენია ქლამიდიური, გონორეული, სოკოვანი ვაგინიტები.

 

როგორდავიჭიროთტრიქომონა

გასინჯვისას ექიმი საშოს კედელზე ხშირად წითელი ფერის ლაქებს პოულობს, თუმცა ეს არ არის ტრიქომონიაზის უტყუარი ნიშანი. საჭიროა ნაცხის მიკროსკოპული ანალიზიც, რომლითაც ცოცხალი პარაზიტების აღმოჩენაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია საშოს PH-ის (მჟავატუტოვანი წონასწორობის) განსაზღვრა, რადგან საშოს ნორმალური PH, ფაქტობრივად, გამორიცხავს ტრიქომონიაზს. დაავადებისას ის 4,5-ზე მეტია. დიაგნოსტირებისთვის ასევე იყენებენ პოლიმერიზაციის ჯაჭვურ რეაქციას (PCR), ანტიგენის დადგენის სწრაფ ტესტს, ნუკლეინის მჟავას ამპლიკაციურ ტესტს. ორი უკანასკნელი დიაგნოსტირების ახალი მეთოდია და ჯერჯერობით ფართოდ არ არის გავრცელებული.

 

მკურნალობა

ტრიქომონიაზის დროს ორივე პარტნიორმა უნდა იმკურნალოს. მკურნალობა ტარდება მეტრონიდაზოლისა და ტინიდაზოლის ჯგუფის პრეპარატებით. წამლის დალევიდან 72 საათის განმავლობაში იკრძალება ალკოჰოლი მიღება, რადგან ალკოჰოლის ფონზე წამალმა შესაძლოა ძლიერი გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს. მკურნალობის დასრულებამდე თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი კონტაქტისგანაც.

ტრიქომონიაზის დიაგნოსტირების შემთხვევაში მკურნალობა ორსულებსაც უტარდებათ. რაც შეეხება მეძუძურ დედებს, ვინაიდან მეტრონიდაზოლი გამოიყოფა რძით, ზოგიერთი ექიმის რეკომენდაციით, თუ დედა იღებს ერთჯერად დიდ დოზას, ძუძუთი კვება 12-24 საათით უნდა შეწყდეს. როცა მკურნალობა 7 დღეზეა განაწილებული, მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია რძეში იმდენად მცირეა, რომ ძუძუთი კვების გაგრძელება საშიში არ არის.

 

არანამკურნალევი ტრიქომონიაზი ქალებსა თუ მამაკაცებთან ხშირად იქცევა უშვილობის მიზეზად. გარდა ამისა, ის ზრდის საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.

 

პაპილომავირუსიშენელებული მოქმედების ნაღმი

პაპილომავირუსი ქალებს ყველაზე მეტად გვაფრთხობს. გენიტალური ჰერპესის მსგავსად, ისიც სქესობრივი კონტაქტით გადაედება,პაპილომავირუსი – შენელებული მოქმედების ნაღმი მაგრამ ამ დროს კანით კანთან კონტაქტიც სახიფათოა. იცოდით, რომ იმ ადამიანების ნახევარი, ვისაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰქონია სექსი, ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე პაპილომავირუსით ინფიცირდება? ადამიანის პაპილომავირუსი სულაც არ არის ახალაღმოჩენილი ვირუსი, მაგრამ ბევრმა მის შესახებ არაფერი იცის. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას შენელებული მოქმედების ნაღმს – ქალების უმრავლესობა წლების განმავლობაში არაფერს უჩივის, ერთ მშვენიერ დღეს კი გინეკოლოგს მიაკითხავს და აღმოაჩენს, რომ პაპილომავირუსით ყოფილა დაავადებული. თუ ბედმა გაგიღიმათ, მან შესაძლოა ისე გაიაროს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა არც კი გამოიწვიოს.

 

ვინ შეიძლება დაინფიცირდეს პაპილომავირუსით?

რისკი ემუქრება ყველას, ვისაც კი ოდესმე ჰქონია გენიტალური კონტაქტი პაპილომავირუსით ინფიცირებულ პარტნიორთან. პაპილომავირუსის გავრცელება კაცსაც შეუძლია და ქალსაც, თანაც ისე, რომ ამის თაობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდეს. ინფიცირების რისკი იზრდება, როცა ადამიანი ადრეულ ასაკში იწყებს აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას, მრავალი პარტნიორი ჰყავს ან ჰყავს პარტნიორი, რომელსაც მრავალფეროვანი სქესობრივი ცხოვრება ჰქონდა.

 

რა არ უნდა გამოგვეპაროს

პაპილომავირუსის ასზე მეტი სახეობა არსებობს და მათი უმეტესობა ჯანმრთელობას არავითარ საფრთხეს არ უქადის. ზოგი მათგანი გენიტალურ კონდილომებს ანუ მეჭეჭებს იწვევს, განსაკუთრებით საშიშ სახეობებს კი საშვილოსნოს ყელის, ვაგინის, ვულვის ან ანუსის კიბოს გამოწვევაც კი შეუძლია. ამ მხრივ განსაკუთრებით სახიფათოა მე-6, მე-11, მე-16 და მე-18 ტიპები.

ალბათ იკითხავთ: “იქნებ მეც ინფიცირებული ვარ, როგორ გავიგო ეს?” პასუხი მარტივია: არსებობს გამოკვლევა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ პაპილომავირუსს აღმოაჩენს. მის ჩატარებას 30 წელს გადაცილებულ ყველა ქალს ურჩევენ. ამ გამოკვლევის წყალობით პაპილომავირუსის აღმოჩენა მანამდეა შესაძლებელი, სანამ ის საშვილოსნოს ყელის პათოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევდეს.

აღნიშნული გამოკვლევა პაპ-ტესტში არ აგერიოთ. პაპ-ტესტის დროს ყელის შესწავლა უჯრედულ დონეზე ხდება. ასე რომ, თუ 30 წელს გადააბიჯეთ, ორივე გამოკვლევის ჩატარება მოგიწევთ.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან

სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაამტკიცა ვაქცინა, რომელიც თავიდან აგვაცილებს ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეულ საშვილოსნოს ყელის კიბოს. გარდა ამისა, არსებობს ღონისძიებები, რომლებიც პაპილომავირუსით დასნებოვნების რისკს ამცირებს. ერთი მათგანია სექსისგან თავის შეკავება (აბსტინენცია). თუ სქესობრივად აქტიური ბრძანდებით, ეცადეთ, ხშირად არ იცვალოთ პარტნიორი. ამოირჩიეთ ერთი, რომელსაც, თავის მხრივ, ცოტა პარტნიორი ჰყავდა. დანამდვილებით არ არის ცნობილი, იცავს თუ არა პრეზერვატივი პაპილომავირუსისგან, ვინაიდან ვირუსი კანის იმ ნაწილებზეც გვხვდება, რომლებსაც პრეზერვატივი არ ფარავს.

 

რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინის შესახებ

ვაქცინაცია ეფექტურად იცავს მე-16 და მე-18 ტიპის ვირუსებისგან, ანუ იმათგან, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობას იწვევს. არსებობს კვადრივალენტური ვაქცინაც, რომელიც დამატებით მე-6 და მე-11 ტიპის ვირუსებისგან დამცავ კომპონენტებსაც შეიცავს. თუმცა ვაქცინაცია არ იცავს ადამიანის პაპილომავირუსის ყველა ტიპისგან, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევა შეუძლია.

ვაქცინაცია ყველაზე ეფექტურია მოზარდ გოგონებთან, ვიდრე ისინი სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებდნენ. სქესობრივად აქტიურ ქალებთან ვაქცინაციის ეფექტურობა უფრო მცირეა. გახსოვდეთ: აცრა ამცირებს, მაგრამ ვერ აქრობს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს. აცრილიც რომ იყოთ, საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარული სკრინინგი მაინც აუცილებელია.

ადამიანის პაპილომავირუსის ერთ-ერთი ვაქცინის მონაცემები მოწმობს, რომ ის უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას მინიმუმ 7.3 წლით. დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპის ცენტრის განცხადებით, ვაქცინები, რომლებსაც ამჟამად იყენებენ გოგონებისთვის, უსაფრთხოა. მათდამი ამტანობაც კარგია. ვაქცინაცია რეკომენდებული არ არის ორსულთათვის.

საქართველოში ვაქცინაცია რამდენიმე კლინიკაშია შესაძლებელი. კვადრივალენტური ვაქცინა დაახლოებით 200-300 ლარი ღირს. ეროვნულ სკრინინგცენტრში ფუნქციობდა პროგრამა, რომელიც მოსახლეობას უფასო აცრას სთავაზობდა. სამწუხაროდ, ეს პროგრამა დასრულდა.

 

როგორ განვიკურნოთ

თავად პაპილომავირუსისგან, სამწუხაროდ, ვერ განვიკურნებით. შესაძლებელია გაკურნება იმ დაავადებებისგან, რომლებსაც აღნიშნული ვირუსი იწვევს (გენიტალური მეჭეჭი, საშვილოსნოს ყელის ცვლილებები, საშვილოსნოს ყელის კიბო).

გენიტალური მეჭეჭების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ვირუსი მას შემდეგაც აგრძელებს ცხოვრებას თქვენს ორგანიზმში, რაც მეჭეჭებს მოიშორებთ და სხვების დასნებოვნებაც შეუძლია. თუ გენიტალურ მეჭეჭებს დროულად არ მიხედეთ, შესაძლოა გაიზარდოს და გამრავლდეს, მაგრამ ნუ შეშინდებით – მეჭეჭი საშვილოსნოს ყელის კიბოში არ გადაიზრდება, ვინაიდან მას სხვა ტიპის პაპილომავირუსი იწვევს.

 

და ბოლოს...

ყველა ქალმა, რომელსაც აქტიური სქესობრივი ცხოვრება აქვს ან ჰქონია, რეგულარულად უნდა ჩაიტაროს პაპ-ტესტი. მისი მეშვეობით საშვილოსნოს ყელზე მიმდინარე ცვლილებებს უჯრედულ დონეზე აღინუსხება, თანაც ადრეულ ეტაპზე. შესაბამისად, პრობლემაც დასაწყისშივე, საშვილოსნოს ყელის კიბოს წარმოშობამდე მოგვარდება – დროული დიაგნოსტიკა ხომ ეფექტური მკურნალობის საწინდარია.

 

მტკივნეული ბუშტუკები

გენიტალური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.მტკივნეული ბუშტუკები აშშ-ში ყოველი მეხუთე ზრდასრული მისი გამომწვევით – ადამიანის მარტივი ჰერპესის ვირუსითაა ინფიცირებული, თუმცა უმრავლესობამ ამის შესახებ არც კი იცის. ეს იმიტომ, რომ დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. კლასიკური მიმდინარეობისას პაციენტთა უმრავლესობას გენიტალიების მიდამოში (პენისი, ანუსი, დუნდულები, ვულვა) მტკივნეული ბუშტუკები უჩნდება. ჰერპესისთვის დამახასიათებელი გამონაყარი შესაძლოა ბარძაყსა და თეძოზეც გავრცელდეს.

ვფიქრობ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ გენიტალური ჰერპესი სქესობრივი კონტაქტით გადაედება. უპრიანი იქნება, ჰერპესით დაავადებული თავისი ავადმყოფობის შესახებ სქესობრივ პარტნიორს მოუყვეს და გამოიყენოს თავდაცვის ბარიერული საშუალებები, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს. ცნობილია, რომ დაავადებულმა მაშინაც კი შეიძლება დააინფიციროს პარტნიორი, როცა გამონაყარი არ აქვს. მაგრამ ნუ შეშინდებით – მყარი თუ რბილი ზედაპირების (ავეჯის, თეთრეულის, უნიტაზის) მეშვეობით გენიტალური ჰერპესი არ გადაედება.

მარტივი ჰერპესის ვირუსის გადაცემის ერთ-ერთი გზაა მშობიარობა – დაავადებული დედა ახალშობილს აინფიცირებს.

გენიტალური ჰერპესისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ერთგვარი აფეთქებების სახით იჩენს თავს. გამონაყარი, წესისამებრ, იმ ადგილას ჩნდება, საიდანაც ვირუსი ორგანიზმში შეიჭრა. ბუშტუკები მქავანა და მტკივნეულ წყლულებად გარდაიქმნება, განსაზღვრული ხნის შემდეგ კი ხორცდება. ხშირად დაავადება უსიმპტომოდ ან იმდენად უმნიშვნელო გამონაყარით მიმდინარეობს, რომ პაციენტი ვერც კი ამჩნევს. კლინიკური სურათი სერიოზულ სახეს სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებსა და ბავშვებთან იღებს. გამონაყარი ინფიცირებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იჩენს თავს და დაახლოებით 2-3 კვირას გასტანს. ზოგჯერ საზარდულის არეში სივდება და მტკივნეული ხდება ლიმფური კვანძები, შეინიშნება გაციების მსგავსი სიმპტომები – სახსრების ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი და ზოგჯერ მტკივნეული შარდვაც კი. გულისრევა, თავბრუხვევა და შარდვის გაძნელება იშვიათია და ნერვული სისტემის დაზიანებაზე მიუთითებს.

 

რა ხდება შემდეგ?

გამონაყარი შესაძლოა გაქრეს, მაგრამ ნაადრევად ნუ იზეიმებთ – საწყისი აფეთქების შემდეგ ვირუსი ლატენტურ ფაზაში გადადის და ზურგის ტვინში აგრძელებს ცხოვრებას. დაავადება, წესისამებრ, წელიწადში რამდენიმეჯერ გვახსენებს თავს, თუმცა სიმპტომები ყველაზე მკვეთრია პირველი აფეთქების დროს, მერე და მერე კი უფრო და უფრო იშვიათდება და ნაკლებშესამჩნევი ხდება. რეციდივების სიხშირე ინდივიდუალურია. ის ვირუსის ტიპსა და ადამიანის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული.

 

როდის გამეორდება?

ძნელი სათქმელია. ყველა ფაქტორი, რომელიც კი იმუნურ სისტემას აზიანებს, რეციდივს უწყობს ხელს. მათ შორისაა ავადმყოფობა, სტრესი, მზით ინსოლაცია, დაღლილობა, მენსტრუაცია. დაკვირვებამ ისიც აჩვენა, რომ დაავადება ქალებთან უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე მამაკაცებთან.

დიაგნოზის დასმა რთული არ არის, გამოცდილი ექიმისთვის გამონაყარის დათვალიერება და ჩივილების მოსმენაც საკმარისია, მაგრამ უფრო ზუსტი და დამაჯერებელი პასუხისთვის რამდენიმე ტესტის ჩატარებაა მიზანშეწონილი. ზოგიერთი დიაგნოსტიკური ტესტისთვის სისხლის ანალიზიც კმარა, ზოგისთვის კი ბუშტუკიდან აღებული ნაცხია საჭირო. ნაცხის შესწავლის შემდეგ ირკვევა, არის თუ არა ბუშტუკში ჰერპესის ვირუსი. თუმცა ვირუსს, წესისამებრ, მხოლოდ ახალწარმოქმნილ ბუშტუკებში აღმოაჩენენ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, პაციენტმა ექიმს პირველი 48 საათის განმავლობაში მიმართოს. სისხლის ტესტი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს ავლენს, მაგრამ აქ საქმე სხვაგვარადაა – დაავადების ადრეულ ეტაპზე ანტისხეულები სისხლში შესაძლოა არ გამოჩნდეს, ვინაიდან მათ წარმოქმნას განსაზღვრული დრო სჭირდება.

გენიტალური ჰესპესი არ უნდა აგვერიოს სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებში, რომლებსაც ასევე ახასიათებს გენიტალიებზე წყლულების გაჩენა.

 

მკურნალობა შესაძლებელია, განკურნებაარა

თანამედროვე მედიცინას, სამწუხაროდ, არ შეუძლია გენიტალური ჰერპესისგან პაციენტის განკურნება, მაგრამ ვირუსთან ბრძოლა შესაძლებელია. ანტივირუსული მკურნალობა აიშვიათებს დაავადების გამწვავებას, ასუსტებს სიმპტომებს, ამცირებს ვირუსის გადაცემის რისკს. მკურნალობა განსაკუთებით ეფექტურია სიმპტომების გაჩენიდან პირველი 72 საათის განმავლობაში. არსებობს ე.წ. სუპრესიული თერაპია, რომლის დროსაც პაციენტი ყოველდღიურად იღებს ანტივირუსული პრეპარატის მცირე დოზას. შედეგად რეციდივები იშვიათდება. ასეთი მკურნალობა მაშინაა რეკომენდებული, თუ ადამიანს წელიწადში 6 ან მეტი რეციდივი უვითარდება ან სუსტი იმუნური სისტემა აქვს (მაგალითად, ინფიცირებულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით). სუპრესიული თერაპიის დროს პარტნიორის დაინფიცირების რისკიც მცირდება.

დაუდგენელია, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს სუპრესიულმა თერაპიამ. ზოგი ექიმის აზრით, რამდენიმე წელიწადში ერთხელ შესვენებაა საჭირო. თუ გამონაყარი ისევ გაჩნდა, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს.

 

რომ არ ვიმკურნალო?

ასეც შეიძლება. ფაქტია, მკურნალობა ყველა პაციენტს არ სჭირდება. განსაკუთრებით მათ, ვისაც სუსტად გამოხატული სიმპტომები აქვს და არც აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევა. ლატექსის პრეზერვატივის სწორ გამოყენებას შეუძლია შეამციროს ვირუსის გადაცემის რისკი, მაგრამ მთლიანად ვერ აღმოფხვრის მას – ინფიცირების მინიმალური ალბათობა მაინც რჩება.

 

ორსულობა და გენიტალური ჰერპესი

თუ გენიტალური ჰერპესის პირველი აფეთქება მშობიარობის მახლობელ პერიოდში მოხდა, ახალშობილის დასნებოვნების რისკი იზრდება. ამ დროს მშობიარობა უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს. ვინაიდან ახალშობილთა ჰერპესი საკმაოდ მძიმე დაავადებაა, ორსულმა ამის თაობაზე წინასწარ უნდა აცნობოს ექიმს. თუ ორსულობის დროს დაავადების რეციდივი რამდენიმეჯერ მოხდა, რეკომენდებულია აციკლოვირით მკურნალობა, ხოლო თუ მშობიარობა გამწვავების პერიოდს დაემთხვა – საკეისრო კვეთა.

 

შიდსი: დაავადებულთან საყოფაცხოვრებო ურთიერთობა უსაფრთხოაშიდსი: დაავადებულთან საყოფაცხოვრებო ურთიერთობა უსაფრთხოა

დაავადება, რომელსაც მეოცე საუკუნის შავ ჭირს უწოდებდნენ, 21-ე საუკუნესაც გადმოჰყვა და უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების (აივ)  ახალმა შემთხვევებმა წელს საქართველოშიც საგრძნობლად იმატა. მიუხედავად იმისა, რომ აივ/შიდსის აღმოჩენიდან 30 წელზე მეტი გავიდა და მთელ მსოფლიოში (მათ შორის – ჩვენს ქვეყანაშიც) აქტიურად მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამები, საზოგადოებამ ისევ ცოტა რამ იცის ამ დაავადების შესახებ და ადამიანები კვლავ ინფიცირდებიან. შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საიტზე ყველასთვის ხელმისაწვდომია დაავადების შემთხვევათა გამოვლენის დინამიკა: 2015 წლის 7 ოქტომბრისთვის საქართველოში აივ„შიდსის 5257 შემთხვევაა აღრიცხული; 2014 წელთან შედარებით 25%-ით მეტია ჰეტეროსექსუალური კონტაქტის გზით გადაცემის შემთხვევა, 163%-ით – ჰომო- და ბისექსუალური კონტაქტების გზით გადაცემისა; ინფიცირებულთა გამოვლენამ 36.9%-ით იმატა, თუმცა 18.5%-ით შემცირდა ნარკოტიკების მოხმარების შედეგად ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი.

დაავადების შესახებ შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ეპიდემიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი ეპიდემიოლოგი ნინო ბადრიძე გვესაუბრება.

 

– საიდან გაჩნდა შიდსი?

– შიდსი (შეძენილი იმუნიდეფიციტის სინდრომი) პირველად აშშ-ში აღწერეს 1981 წელს, როდესაც ზედიზედ იქნა დიაგნოსტირებული იშვიათი დაავადებების – პნევმოცისტური პნევმონიისა და კაპოშის სარკომის რამდენიმე შემთხვევა. ეს დაავადებები მანამდე მხოლოდ დაქვეითებული იმუნური სისიტემის მქონე პაციენტებთან იყო აღწერილი. ექიმებმა იმუნოდეფიციტი იეჭვეს. მალევე დარწმუნდნენ, რომ საქმე ახალ დაავადებასთან ჰქონდათ, რომელიც 1982 წელს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც ახალი დაავადება – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი).

1983 წელს მოხერხდა დაავადების გამომწვევი ვირუსის აღმოჩენა, რომელსაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) ეწოდა.

ამ ხნის განმავლობაში დაავადების წარმოშობისა და გავრცელების შესახებ მრავალი თეორია გამოითქვა. შიდსის სამშობლო აფრიკაა. სავარაუდოდ, იქ არსებობდა მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც ზუსტად ისეთივე დაავადებას იწვევს, როგორსაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი. ეს დაავადება ემართებოდათ და დღესაც ემართებათ მაიმუნებს (მწვანე მაიმუნებს და მაკაკებს). მუტაციის შედეგად ვირუსმა სახე იცვალა და ადამიანისთვისაც საშიში გახდა. შემდეგ აივ აფრიკაში გავრცელდა. აფრიკის მოსახლეობისგან რეციპიენტებისთვის იბარებდნენ სისხლს, რომელსაც ამოწმებდნენ ყველა შესაძლო სისხლის გზით გადამდებ ინფექციაზე, გარდა აივ/შიდსისა, რადგან ეს დაავადება  ჯერ არ იყო აღმოჩენილი. აივ-ით ინფიცირებული სისხლის გადასხმის შედეგად დასნებოვნებული ადამიანები ვირუსს შემდეგ სქესობრივი კონტაქტისა თუ ნარკოტიკების ინექციისთვის გამოყენებული ნემსის და შპრიცის მეშვეობით ავრცელებდნენ.

– რას წარმოადგენს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რატომაა შეუძლებელი მისგან თავის დაზღვევა ვაქცინაციის გზით?

– აივ-ი რეტროვირუსების ოჯახის წარმომადგენელია. მას ძლიერი მუტაგენურობა ახასიათებს – ძალიან სწრაფად იცვლის სახეს. ამიტომაც ვერ ხერხდება მისთვის ვაქცინის შექმნა. ვირუსის გენოტიპი ერთი ადამიანისგან მეორეზე გადაცემისას იცვლება. მართალია, ცვლილებას გენოტიპის უმცირესი ნაწილი განიცდის, მაგრამ ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ვაქცინის შექმნა შეუძლებელი გახდეს. რეტროვირუსების ოჯახის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში შეჭრილი ვირუსი წლების განმავლობაში ცხოვრობს იქ, მრავლდება, აზიანებს ორგანიზმს, მაგრამ კლინიკურად არ მჟღავნდება. პაციენტი 5-7 წელი შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი, ინფექციის წყარო, და არ იცოდეს, რომ ასეა, სანამ გამოკვლევას უშუალოდ აივ ინფექციაზე არ ჩაიტარებს.

– უმთავრესად რა გზით ვრცელდება აივ-ი?

– მსოფლიოში ვირუსის გადაცემის სამი გზაა აღრიცხული:

1. დაუცველი სქესობრივი კონტაქტი;

2. სისხლისმიერი გზა, რომელიც გულისხმობს როგორც სისხლის გადასხმას და არასტერილური ინსტრუმენტებით სამედიცინო მანიპულაციებს, ისე ზიარი ნემსის, შპრიცისა თუ სხვა საინექციო მოწყობილობის გამოყენებას ნარკოტიკებისა თუ სხვა პრეპარატების ორგანიზმში შესაყვანად;

3. ვერტიკალური გადაცემა – ნაყოფის ინფიცირება აივინფიცირებული ორსულისგან მშობიარობის დროს ან ძუძუთი კვების პერიოდში.

– ვინ მიეკუთვნება რისკის ჯგუფს?

– რისკის ჯგუფში შედიან:

* ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, რომლებსაც ერთხელ მაინც გამოუყენებიათ სხვის მიერ ნახმარი ნემსი, შპრიცი ან სხვა საინექციო ინსტრუმენტი;

* პირები, რომლებსაც აქვთ ხშირი დაუცველი სქესობრივი კონტაქტი (როგორც ჰეტეროსექსუალური, ისე ჰომოსექსუალურიც);

* პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია;

* B და C ჰეპატიტით ინფიცირებულები.

რისკის ჯგუფს მიაკუთვნებენ აგრეთვე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს და პაციენტებს, რომლებსაც ხშირად უტარდებათ სამედიცინო მანიპულაციები.

საბედნიეროდ, სტერილიზაციისა და დეზინფექციის საკითხები საქართველოში ისეა მოგვარებული, რომ აივ ინფექციის გადაცემა სამედიცინო დაწესებულებაში ძალიან იშვიათია.

ამრიგად, ყველამ, ვისაც კი ჰქონია დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, გამოუყენებია სხვის მიერ ნახმარი ნემსი ან შპრიცი, აქვს ან გადაუტანია სქესობრივი გზით გადამდები რომელიმე დაავადება, ინფიცირებულია B ან ჩ ჰეპატიტის ვირუსით, ხშირად ცივდება, დაესვა ტუბერკულოზის დიაგნოზი, ჰქონია გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, 2 კვირა და მეტია აღენიშნება ფაღარათი,  გადიდებული აქვს ლიმფური კვანძები (ხალხში ამას ჯირკვლების გადიდებას ეძახიან), დიეტის ან სხვა მიზეზის გარეშე იკლებს წონას (სხეულის მასის 10%-ს და მეტს), ღამღამობით ოფლიანობს, უჩივის სისუსტეს, ვურჩევთ აივ ინფექცია„შიდსზე ჩაიტაროს კონსულტირება და ტესტირება.

– როგორ ადგენენ დაავადების არსებობას?

– პაციენტები ხშირად გვეუბნებიან, რომ სისხლის საერთო ანალიზი გაიკეთეს და არაფერი აღმოაჩნდათ. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ დაავადების დიაგნოსტიკა სტანდარტული გამოკვლევებითაც შესაძლებელია. აივ ინფექციის აღმოსაჩენად ანალიზი უნდა გაკეთდეს უშუალოდ ვირუსის ანტიგენზე ან აივ–საწინააღმდეგო ანტისხეულებზე. შიდსის ცენტრში მოსულ პაციენტს უტარდება  ტესტისწინარე კონსულტაცია – ექიმი-კონსულტანტი აფასებს მისი ინფიცირების რისკს და აწვდის ინფორმაციას დაავადების დიაგნოსტირების, მიმდინარეობის, მკურნალობისა და პრევენციის შესახებ.  მაგალითად, თუ გაირკვა, რომ სარისკო ქცევა (მაგალითად, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი) ე.წ. ფანჯრის პერიოდში მოხდა, პაციენტს ვურჩევთ, ტესტირება ჩაიტაროს ამ (ფანჯრის) პერიოდის გავლის შემდეგ.

– რამდენ ხანს გასტანს ეს პერიოდი?

– ფანჯრის პერიოდი უმეტესად 6-8 კვირას გრძელდება, მაგრამ თუ ანალიზი ჩატარდა მე-4 თაობის ტესტებით, ეს პერიოდი შესაძლოა 4-6 კვირამდე შემცირდეს. ტესტისწინარე კონსულტაციის შემდეგ პაციენტს ვთავაზობთ აივ„შიდსზე გამოკვლევას, რაც აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენას გულისხმობს და მას სკრინინგული ანუ პირველადი გამოკვლევა ეწოდება. თუ პირველადი გამოკვლევით უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი აივინფიცირებული არ არის. დადებითი პასუხის შემთხვევაში კვლევა უნდა გაგრძელდეს კონფირმაციული მეთოდებით (იმუნობლოტინგის მეთოდი, პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის მეთოდი). ამ გზით მიღებული დადებითი პასუხი იურიდიულ და მორალურ უფლებას გვაძლევს, პაციენტს მისი დიაგნოზი ვუთხრათ.  წლამდე ასაკის იმ ბავშვების დიაგნოსტირება, რომლებიც აივპოზიტიურმა დედებმა გააჩინეს, ხდება მხოლოდ პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის მეთოდის გამოყენებით, რადგან ბავშვს წლამდე გადმოჰყვება აივინფიცირებული დედის აივსაწინააღმდეგო ანტისხეულები და რუტინული სკრინინგული გამოკვლევა ცრუ დადებით პასუხს მოგვცემს.

– ყველა ორსულისთვის სავალდებულოა თუ არა აივ ინფექციაზე გამოკვლევა?

– საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აივ ინფექციაზე გამოკვლევა სავალდებულოა მხოლოდ სისხლის, ორგანოს ან სპერმის დონორებისთვის, ასევე – მათთვის, ვის შესახებაც სასამართლო მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში აივ-ზე ტესტირება ნებაყოფლობითია. ქალთა კონსულტაცია ვალდებულია, ორსულს გამოკვლევა შესთავაზოს. დათანხმდება თუ უარს იტყვის, ქალის ნებაა.

– ფინანსდება თუ არა აივ ინფექციის შესახებ კონსულტაცია და გამოკვლევა?

 – კონსულტაციაც, გამოკვლევაც, მკურნალობაც ყველა პაციენტისთვის უფასოა. ამ პროექტებს დაფინანსების უმთავრესად ორი წყარო ჰყავს: სახელმწიფო და გლობალური ფონდი. ეს პროგრამები ჰარმონიულად არის ერთმანეთთან შერწყმული და მათი დუბლირება, გამეორება არ ხდება – რასაც აფინანსებს გლობალური ფონდი, იმას არ აფინანსებს სახელმწიფო და პირიქით.

– როდის იწყება აივ ინფექციის მკურნალობა და როგორია პერსპექტივა?

– განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აივ„შიდსის მკურნალობისა და მოვლის სფეროში საქართველოში მიღწეული წარმატებები. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ 1995 წელს ამოქმედდა შიდსის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, 1997 წლიდან კი დაინერგა იმ დროისთვის უახლესი ანტირეტროვირუსული (არვ) მკურნალობის მეთოდები. მკურნალობა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა 2004 წლიდან და იმ დროისთვის საქართველომ, პირველმა და ჯერ კიდევ ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, უზრუნველყო და შეინარჩუნა არვ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა. ჯანმოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, 1997 წლიდან სქემა ითვალისწინებდა ყველა იმ პაციენტის მკურნალობას, რომლის ჩD-4 ლიმფოციტების რაოდენობა 200-ზე ნაკლები იყო. 2013 წელს შიდსის ცენტრში დაიწყო ჯანმოს უახლესი სამკურნალო რეკომენდაციების დანერგვა, რომელიც მკურნალობის დაწყებას დაავადების ადრეულ სტადიაზე ითვალისწინებს (როცა ჩD-4 ლიმფოციტების რიცხვი 500-ზე ნაკლებია). 2015 წლიდან კი საქართველო ეტაპობრივად გადადის უახლესი რეკომენდაციების დანერგვაზე, რაც გულისხმობს მკურნალობის შეთავაზებას ყველა პაციენტისთვის, განურჩევლად ჩD-4 ლიმფოციტების რაოდენობისა. ორი უკანასკნელი ინოვაცია ძალზე მნიშვნელოვანია როგორც პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების, ისე ახალი ინფექციების პრევენციის კუთხით. პაციენტს მაქსიმალურად უნარჩუნდება ჯანმრთელობა, თავს კარგად გრძნობს და, ამასთან, უვნებელი ხდება როგორც ინფექციის წყარო.

– როგორ იცავენ ნაყოფს დაავადებული დედისგან?

– 2005 წლიდან შიდსის სამსახურმა გლობალური ფონდის დახმარებით უზრუნველყო დედისგან შვილზე აივ-ის გადაცემის პროფილაქტიკის ღონისძიებათა უნივერსალური ხელმისაწვდომობა. კერძოდ, ყველა აივინფიცირებული ორსულისა და მათი ახალშობილებისთვის ხელმისაწვდომია პროფილაქტიკური მკურნალობა, რაც საგრძნობლად (თითქმის 0-მდე) ამცირებს აივინფიცირებული ახალშობილის დაბადების რისკს.

ნამშობიარებ აივინფიცირებულ ქალს ეძლევა მკაცრი რეკომენდაცია, უარი თქვას ბავშვის ძუძუთი კვებაზე, რადგან ვირუსი დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი რძეში.  ბავშვს ხელოვნური საკვები ენიშნება, რომლის მიწოდებას პირველი ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფო უზრუნველყოფს. 2005 წლიდან, შიდსის ცენტრის თანამშრომლების ძალისხმევით, ყველა აივინფიცირებულ ქალს, რომელსაც ჩაუტარდა სრულფასოვანი პროფილაქტიკური მკურნალობა, საბედნიეროდ, ჯანმრთელი შვილი შეეძინა.

– რამდენად უსაფრთხოა აივ„შიდსით დაავადებულთან კონტაქტი?

– საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით შიდსი არ გადაედება. სახიფათოა მხოლოდ დაავადებულის საპარსის, ნუნების მაკრატლის და სხვა ისეთი ნივთების გამოყენება, რომლებსაც სისხლთან შეხება აქვს. უსაფრთხოებას თავი რომ დავანებოთ, ეს ჰიგიენის ელემენტარული წესია. რისკს არ შეიცავს საერთო აბაზანით, თეთრეულით, პირსახოცით, ჭურჭლით სარგებლობა, დაავადებულის გადაკოცნა, ჩახუტება, მასთან ერთად ერთ ოთახში სწავლა ან მუშაობა... ხშირად გვეკითხებიან, ხომ არ გადაედება აივ„შიდსი კოღოს, ძაღლის ნაკბენით. არა, ამ გზით აივ ინფექცია არ ვრცელდება. არსებობს გადაცემის მხოლოდ სამი გზა: სქესობრივი კონტაქტი, სისხლი და ვერტიკალური გადაცემა.

– რამდენად სტიგმატიზებულია ეს დაავადება საქართველოში?

– სამწუხაროდ, ჩვენში სტიგმა ჯერ კიდევ არსებობს, აივინფიცირებულები ხშირად აწყდებიან პრობლემებს საზოგადოების მხრიდან, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ თავიანთი სტატუსის დამალვას. იკვრება მანკიერი წრე: პაციენტს დისკრიმინაციისა ეშინია, საზოგადოება კი მათგან სტატუსის გამხელას ითხოვს.

საბედნიეროდ, ახალგაზრდები უკეთ არიან გათვითცნობიერებულნი ამ საკითხში. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში, მოსახლეობის განათლების დონის ამაღლებასთან ერთად, ინფიცირებულები ამ კუთხით ნაკლებ პრობლემას შეეჯახებიან.

მთავარი თემა მოამზადეს: გვანცა გოგოლაძემ, თეონა ირემაძემ, მარი აშუღაშვილმა

გააზიარე: