შემოდგომა ქალის ცხოვრებაში

გააზიარე:
 სიტყვა “კლიმაქსი” სუსტი სქესის წარმომადგელებში გაურკვევლისა და გარდაუვლის შიშს იწვევს. ხშირად კლიმაქსს ქალის შემოდგომად მოიხსენიებენ, მაგრამ ვინ თქვა, რომ შემოდგომა არ არის ლამაზი? შიში კი, მოგეხსენებათ, უმთავრესად მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი არ იცნობს მოვლენის არსს, ამიტომ მისი დამარცხების საუკეთესო საშუალება შიშის მიზეზზე ინფორმაციის მოპოვებაა. ჩვენი სტატიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ჟურნალის სტუმარია ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმი რეპროდუქტოლოგი თამთა ცაავა.
– რა არის კლიმაქტერიული პერიოდი, რომელი ასაკი მიიჩნევა კლიმაქსისთვის ნორმალურად და რომელი – ნაადრევად ან გვიანად?
– კლიმაქტერიული პერიოდი თავისი არსით არ წარმოადგენს დაავადებას ან დაავადებათა კომპლექსს; ეს ქალის ცხოვრების ფიზიოლოგიური ეტაპია. ქალის სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილი კლიმაქტერიულ ასაკზე მოდის. ამ დროს მისი პროფესიული თუ შემოქმედებითი აქტივობა ზენიტს უნდა აღწევდეს, მაგრამ კლიმაქტერიული პერიოდის პათოლოგიური გამოვლინებები ადეკვატური მკურნალობის გარეშე შესაძლებლობათა რეალიზაციას ხშირად შეუძლებელს ხდის. მკვეთრად უარესდება ცხოვრების ხარისხი და იკლებს მისი ხანგრძლივობა.თეთრი რასის ევროპელი ქალისთვის კლიმაქსის დადგომის საშუალო ასაკი, სტატისტიკურად, 49 წელია, ნაადრევ კლიმაქსად მიჩნეულია 40-45 წელი, ხოლო გვიანი კლიმაქსი შეიძლება 55 წლისთვის დადგეს, მაგრამ კლიმაქსის ისეთი კლინიკური გამოვლინებები, როგორებიცაა ალები, ოფლიანობა და სხვა, მენოპაუზაში მყოფ ქალებს 60 წლის შემდეგაც კი შეიძლება გამოუვლინდეთ. ამის მიზეზია არა ესტროგენის დეფიციტი (კლიმაქსის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი), არამედ აქამდე ნორმალურად მიმდინარე ანდროგენების (მამაკაცის ჰორმონების) სეკრეციის დათრგუნვა.
– რა მექანიზმით იწყება კლიმაქსი, როგორ იცვლება ციკლი და რამდენ ხანში წყდება?
– პრეკლიმაქტერიულ  ასაკში ქალის ჰორმონულ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, იწყება პროგესტერონის სეკრეციის შემცირება, რასაც ხშირად მოჰყვება მენსტრუაციული ციკლის რიტმულობის ესა თუ ის ცვლილება – როგორც მენსტრუაციათა შორის პერიოდის, ისე თვითონ ციკლის ხანგრძლივობის შემცირება ან ზრდა. პროგესტერონის დეფიციტს მოჰყვება ესტროგენების წარმოების შემცირება, რაც განაპირობებს მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტას – ამენორეას. დგება მენოპაუზა, რაც გულისხმობს უკანასკნელ დამოუკიდებელ მენსტრუაციას (მისი დიაგნოზის დადასტურება შეიძლება მოხდეს ერთწლიანი ამენორეის – მენსტრუაციის უქონლობის – შემდეგ). ციკლის შეწყვეტის დრო და ხასიათი, ისევე როგორც ყოველივე ზემოთქმული, თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია. კლიმაქტერიული სინდრომის განვითარებაში პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება ქალის სასქესო ჰორმონთა დეფიციტს, რაც უკვე მეორეული ცვლილებებით აისახება ჰორმონმგრძნობიარე ორგანოებსა და სისტემებზე: თავის ტვინზე, გულსა და სისხლძარღვებზე, ღვიძლზე, ძვლებზე, კუნთებზე, საშარდე ორგანოებზე, სასქესო ორგანოებზე, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, კანზე.
– ყველა ქალს უვლინდება თუ არა კლიმაქტერიული სინდრომი კლიმაქტერიულ პერიოდში? საზოგადოდ, რაზეა დამოკიდებული მისი მიმდინარეობა?
– კლიმაქტერიულ პერიოდს ყველა ქალი გაივლის, მაგრამ კლიმაქტერიული სინდრომი უვითარდება თეთრის რასის ევროპელი ქალბატონების მხოლოდ 75%-ს. ყვითელი რასის ქალებს, კერძოდ, იაპონელებს, კლიმაქტერიული სინდრომი ასიდან მხოლოდ 25 შემთხვევაში ყალიბდება. ამას მათი კვების თავისებურებას – სოიით (რომელიც მცენარეულ ესტროგენს შეიცავს) მდიდარ რაციონს – უკავშირებენ.
კლიმაქტერიული სინდრომის სიმძიმე და ხანგრძლივობაც ინდივიდუალურია. ამაში განსაზღვრულ როლს ასრულებს როგორც გენეტიკა, ასევე ფსიქოემოციური დარღვევები, გადატანილი გინეკოლოგიური დაავადებები და სხვა არასასურველი ფაქტორები – ცხოვრების არაჯანსაღი წესი, კვების არასწორი რეჟიმი, მავნე ჩვევები, გარეგანი ფაქტორების მავნე გავლენა...
– როგორ ვლინდება კლიმაქტერიული სინდრომი კლინიკურად?
– კლიმაქტერიულ სინდრომს ახასიათებს ისეთი კლინიკური გამოვლინებები, როგორებიცაა ალები, ოფლიანობა, შემცივნება, ტაქიკარდია, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ვაზომოტორული, ფსიქოემოციური, მეტაბოლური, კანის, გულ-სისხლძარღვთა, ძვალსახსროვანი, შარდსასქესო სისტემებისა და სქესობრივი ფუნქციის დარღვევები.
ალები – წამოხურების შეგრძნება და ჰიპერემია სახეზე, ყელსა და მკერდზე ¬– აღმოცენდება უეცრად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ან პროვოცირდება ემოციური სტრესით. ალები რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება. თან ახლავს გულისცემის აჩქარება, თავბრუხვევა, სიცხის შეგრძნება, რომელსაც ხშირად შემცივნება ცვლის. დღე-ღამეში შესაძლოა თავი იჩინოს ალების ერთეულიდან 30-50-მდე ეპიზოდმა როგორც მუშაობის, ისე დასვენების დროს. ეს ყველაფერი იწვევს გაღიზიანებას, უძილობას, რაც საერთო მდგომარეობას ამძიმებს.კლიმაქტერიული სინდრომის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო გამოვლინებაა კარდიოპათია – ტკივილი გულის არეში, რომელიც, როგორც  წესი, ყრუ ან მჩხვლეტია, დიდხანს გრძელდება და, იშემიური დაავადებისგან განსხვავებით, ფიზიკურ დატვირთვაზე არ არის დამოკიდებული. მისი აღმოცენება ან გაძლიერება უკავშირდება ნერვულ აღგზნებას. ტკივილის წარმოშობას შესაძლოა წინ უსწრებდეს ალები ან შემცივნება, ცივი ოფლი, კიდურების დაბუჟება, ჰაერის უკმარისობა. პაციენტთა 2`3-ს ახასიათებს არტერიული წნევის მატება და ლაბილობა, მისი კრიზული მიმდინარეობა. უმრავლესობას ალების შეტევის დროს აღენიშნება გულისცემის აჩქარება, თუმცა ეს უკანასკნელი ყოველგვარი მიზეზის გარეშეც შეიძლება ჩამოყალიბდეს. კლიმაქტერიული სინდრომის დროს სხვა ჩივილებთან ერთად ხშირია ვესტიბულოპათიაც. მისთვის დამახასიათებელია თავბრუხვევა, წონასწორობის დარღვევა, თავისა და ყურების შუილი.
კლიმაქტერიული სინდრომის შედარებით იშვიათი, მაგრამ მძიმე ფორმაა დიენცეფალური კრიზები. შეტევები უმეტესად ღამით იწყება, ზოგჯერ – სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. მისთვის დამახასიათებელია სპაზმი და ტკივილი გულის არეში, გულისცემისა და პულსის აჩქარება, სახის გაფითრება ან ჰიპერემია, თავბრუხვევა, საერთო სისუსტე, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მატება, სიკვდილის შიშის შეგრძნება.
კლიმაქტერიული სინდრომის ასიდან 15-25 შემთხვევაში თავს იჩენს ფსიქოემოციური დარღვევებიც. მათ რიცხვს მიეკუთვნება ასთენონევროზული სინდრომი და დეპრესია.
ასთენონევროზული სინდრომისთვის დამახასიათებელია გაღიზიანებადობა, ტირილის სურვილი (გულჩვილობა), უძილობა და ძილის ხარისხის გაუარესება, შიშის, დაძაბულობისა და საფრთხის შეგრძნება, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, გუნება-განწყობილების გაუარესება, დეპრესისათვის – დათრგუნვილობა, ნიჰილიზმი, საფრთხის მონოტონური შეგრძნება, სიცარიელისა და უსუსურობის განცდა, თვითგვემა, სოციალური იზოლაციისკენ ლტოლვა, პიროვნებათაშორისი კავშირების რღვევა, აკვიატებული აზრები და სუიციდის მცდელობაც კი. კლიმაქტერიულ პერიოდში ქალების 2`3-ს ლიბიდოს დაქვეითება აღენიშნება, ხოლო 5-7%-ს უძლიერდება სქესობრივი ლტოლვა (კლიმაქტერიული ნიმფომანია). სქესობრივი ფუნქციის დარღვევები განსაკუთრებით ლაბილური ფსიქიკის მქონე ქალებშია გამოხატული. კლიმაქტერიულ ასაკში ვითარდება შეფარდებითი ჰიპერანდროგენია (მამაკაცის ჰორმონების სიჭარბე), რაც კლინიკურად ხშირად ვლინდება ხმის ტემბრის შეცვლით, ჰირსუტიზმით (ჭარბთმიანობით), თავზე თმის შეთხელებითა და ცვენით, ცხიმოვანი ქსოვილის მატებით და მისი ვისცერული (მამაკაცური) ტიპის გადანაწილებით. მენოპაუზიდან 2-5 წლის შემდეგ ესტროგენდეფიციტი განაპირობებს შარდსასქესო სისტემის დისტროფიულ ცვლილებებს. კერძოდ, იწყება ვულვისა და საშოს ქავილი, აღმოცენდება წვისა და სიმშრალის შეგრძნება, იკლებს რეზისტენტობა ინფექციების მიმართ, რაც განაპირობებს ატროფიულ კოლპიტს (საშოს ანთებას), რომელიც ცუდად ემორჩილება ანტიბაქტერიულ თერაპიას, ყალიბდება შარდის შეუკავებლობა – უნებლიე შარდვა ხდება ფიზიკური დატვირთვის, ხველის, ცემინების, სიცილის, მკვეთრი მოძრაობის დროს და დიდ დისკომფორტს უქმნის ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ქალს. ვითარდება საშვილოსნოს დაწევაც, ზოგჯერ – მის სრულ გამოვარდნამდეც კი.
– რა გზა არსებობს ამ დისკომფორტის დასაძლევად?
– შარდის შეუკავებლობის დროს, გარდა მიზნობრივი  ფარმათერაპიისა, მნიშვნელოვანია სპეციალური ვარჯიშების ჩატარება, რომლებსაც მათი ავტორის, კეგელის სახელი ჰქვია და შარდის ბუშტისა და ურეთრის კუნთების გასავარჯიშებლად არის გამიზნული. კერძოდ, შარდვის დროს პაციენტი უნდა ეცადოს, 3-10 წამით შეაკავოს შარდის ნაკადი, მერე დაიწყოს შარდვა და ისევ შეაკავოს. რეგულარული ვარჯიშით შეგვიძლია სრულად ან თითქმის სრულად აღვადგინოთ კონტროლი შარდის ბუშტსა და შარდვაზე.
მენოპაუზის პირველი ხუთი წლის განმავლობაში ესტროგენების დეფიციტის ფონზე 30-40%-ით მცირდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი, რაც კანის გათხელებას, დანაოჭებას, სიმშრალეს და სიფითრეს იწვევს. კანქვეშ სითხის შეკავება მცირდება, თმა და ფრჩხილები მყიფდება, შრება. იგივე მექანიზმი იწვევს ოსტეოართროზისა და ოსტეოქონდროზის ჩამოყალიბებას.
კლიმაქტერიული სინდრომის გვიან გამოვლენილ ფორმებს, რომლებიც მენოპაუზიდან 8-10 წლის შემდეგ ვითარდება, მიეკუთვნება ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ალცჰაიმერის დაავადება.
– შესაძლებელია თუ არა, ქალი კლიმაქსის დროს დაორსულდეს?
– როგორც წესი, ასეთი რამ არ ხდება, ვინაიდან ამ დროს ქალის ორგანიზმში მყარი ანოვულაციაა, თუმცა ლიტერატურაში აღწერილია ამ ასაკში დაორსულების რამდენიმე შემთხვევა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოხდა სპონტანური ოვულაცია, რომლის ფონზეც შედგა ორსულობა. ამავე დროს, თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელია, ქალმა 9 თვის განმავლობაში ატაროს მის საშვილოსნოს ღრუში გადანერგილი განაყოფიერებული ემბრიონი. 
– რა შემთხვევაში და როგორ მკურნალობენ კლიმაქსს?
– კლიმაქსის მკურნალობისას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას, რაც ქალის ჰორმონების (ესტროგენისა და პროგესტერონის) ხელოვნურად შევსებას გულისხმობს. რაც მნიშვნელოვანწილად ამცირებს კლიმაქტერიულ ჩივილებს. მაგრამ სადღეისოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის გამოყენება საგრძნობლად შეზღუდულია, მოითხოვს პაციენტის წინასწარ კვლევას და ადეკვატური თერაპიის შერჩევას.
არსებობს სხვა გამოსავალიც: კლიმაქტერიული სინდრომის მსუბუქი გამოვლენისას შეიძლება გამოვიყენოთ ფიტოპრეპარატები და ზოგიერთი სედაციური საშუალება.
– როგორ ხდება კლიმაქსურ პერიოდში ოსტოპოროზის პრევენცია და რას გულისხმობს ამ დროს სწორი კვება?
– ოსტეოპოროზი კლიმაქტერიული ასაკის ქალების 30%-ს ემართება. მისი პრევენციისთვის საჭიროა აქტიური სპორტული ცხოვრება, რაც ზრდის ძვლოვან მასას, ასევე – კალციუმის მიღება (ქალმა დიდი რაოდენობით უნდა მიირთვას რძის ნაწარმი – რძე, ხაჭო) და ისეთი მავნე ნივთიერებების შეზღუდვა, როგორებიცაა ალკოჰოლი და ნიკოტინი.
კლიმაქსის დროს არც კოფეინის შემცველი პროდუქტების ჭარბი მიღებაა სასურველი.
კლიმაქტერიულ პერიოდში ცხოვრების აქტიური წესი, მსუბუქი სპორტული აქტივობა (სირბილი, ცურვა) და სწორი კვება ამსუბუქებს კლიმაქტერიული ჩივილების გამოვლენასა და ინტენსივობას.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: