პატარების დიდი პრობლემა

გააზიარე:

არ გეგონოთ, ყაბზობა მხოლოდ ზრდასრულთა პრობლემა იყოს – კვებისა და ცხოვრების თანამედროვე წესის გამო დღეს პატარებიც ხშირად იტანჯებიან ამ აუტანელი დისკომფორტით. ცნობილია, რომ პაციენტთა 5% პედიატრთან სწორედ ყაბზობის გამო მიჰყავთ, ხოლო გასტროენტეროლოგებთან მოხვედრილი ბავშვების 25% შეკრულობას უჩივის.

სანამ აღნიშნული პრობლემის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ვისაუბრებდეთ, მოდი, დავაზუსტოთ, რა მიიჩნევა ბავშვებთან ყაბზობად.

სამედიცინო ლიტერატურაში ვკითხულობთ: თუ ბავშვს კვირაში 2-ზე ნაკლები სიხშირით აქვს კუჭის მოქმედება ან განავლოვანი მასები მაგარია, მშრალი და მცირე ზომისა, ხოლო დეფეკაციის აქტი – მტკივნეული, მაშასადამე, თქვენს პატარას ნამდვილად ყაბზობა აქვს. საბედნიეროდ, ბავშვთა შეკრულობა უმეტესად ცოტა ხანს გრძელდება და იშვიათად გადაიზრდება რაიმე სერიოზულში.

რით შეიძლება გართულდეს

შეკრულობა საკმაოდ გავრცელებული და, ერთი შეხედვით, იოლად მოსაგვარებელი პრობლემაა, თუმცა უყურადღებობის შემთხვევაში მასაც შეუძლია სერიოზული გართულებების გამოწვევა, მათ შორის – ისეთებისა, როგორებიცაა ფეკალური საცობი, ყითის ნახეთქი და სწორი ნაწლავის პროლაფსი.

ფეკალური საცობი მაშინ წარმოიშობა, როცა მკვრივი განავლოვანი მასები ისე მჭიდროდ ლაგდება სწორ ნაწლავში, რომ ნორმალური ჭინთვითი მოქმედება საკმარისი აღარ არის მსხვილი ნაწლავის დასაცლელად. ყითის ნაპრალის, იმავე ანალური ნაპრალის დროს ანუსის მიდამოში წარმოიქმნება მცირე ზომის ნახეთქები, რომლებიც მქავანა და ძალიან მტკივნეულია, ხშირად – სისხლმდენიც. სწორი ნაწლავის პროლაფსი, იგივე სწორი ნაწლავის გამოვარდნა, ბავშვებთან იშვიათია. მას, როგორც წესი, დიდი ხნის განმავლობაში დეფეკაციის დროს ჭინთვები და დაძაბვა იწვევს.

როგორ ვლინდება

დეფეკაციის აქტის დროს პოზის ხშირი ცვლა, მოუსვენრობა შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ თქვენი პატარა ან შეკრულია, ან, პირიქით, უჭირს განავლის შეკავება. ამ დროს ბავშვები ფეხის წვერებიდან ქუსლებზე ინაცვლებენ, ძაბავენ დუნდულა კუნთებს ან სხვა უჩვეულო მოძრაობებს ასრულებენ. ამის გამო მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ ბავშვმა მსხვილი ნაწლავი დაცალა და მშვიდად არიან, სინამდვილეში კი ცდამ უშედეგოდ ჩაიარა.

შეკრულობისას საკმაოდ ხშირია მუცლის ტკივილი და შებერილობაც. თუ ბავშვს რამდენიმე დღეა არ ჰქონია კუჭის მოქმედება, შესაძლოა, სწორ ნაწლავში დაგროვდეს განავლოვანი მასა და წარმოიქმნას განავლოვანი საცობი, რის შემდეგაც მისი ნაწილი გარეთ გამოდის თხევადი სახით და საცვალს სვრის. მშობლებს ეს სიმპტომი ხშირად დიარეაში ერევათ, მაშინ როცა ბავშვს რეალურად ყაბზობა აწუხებს. გარდა ამისა, განავლოვანი მასებით გადაბერილი ნაწლავები შესაძლოა შარდის ბუშტს მიაწვეს და დღის ან ღამის შარდის შეუკავებლობაც კი გამოიწვიოს.

 

როდის მოვინახულოთ ექიმი

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყაბზობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ვიზიტის გადადება დაუშვებელია, თუ ბავშვს აღენიშნება თუნდაც ერთი შემდეგი სიმპტომებიდან:

* ღებინება;

* მაღალი ტემპერატურა;

* სისხლი განავალში;

* მუცლის შებერვა;

* წონის კარგვა.

ყაბზობა მაშინ ვითარდება, როცა განავალი მეტისმეტად დიდხანს რჩება მსხვილ ნაწლავში, რის მიზეზადაც, თავის მხრივ, შეიძლება იქცეს:

* კუჭის მოქმედების სურვილის უგულებელყოფა. ბავშვების უმრავლესობას ყაბზობა იმიტომ ემართება, რომ თავს იკავებენ, მომავლისთვის დებენ ამ საქმეს. როცა ბავშვი განავალს იკავებს, მსხვილი ნაწლავი იმაზე მეტ სითხეს შეიწოვს, ვიდრე საჭიროა, რის შედეგადაც განავალი შრება და მკვრივდება, მისი გამოძევება რთულდება. ბავშვები ხშირად იკავებენ კუჭის მოქმედებას სტრესის დროს, ასევე მაშინ, როცა რცხვენიათ, არ სურთ თამაშის შეწყვეტა ან მტკივნეული დეფეკაცია აშინებთ.

* კვების არასწორი რაციონი. კიდევ ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არასწორი კვებაა. სამწუხაროდ, ბავშვები ხშირად მიირთმევენ უჯრედისით ღარიბ საკვებს, უჯრედისი კი, მოგეხსენებათ, მონელების პროცესში მონაწილეობს და ნაწლავების მოქმედებას ასტიმულირებს. ასევე აუცილებელია საკმაო სითხის მიღება – წყალი და წვენი უჯრედისის მოქმედებას უწყობს ხელს.

* მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ აუცილებელია, ყაბზობას იწვევს. ასეთებია: ანტაციდები – კუჭის მჟავიანობის სამკურნალო საშუალებები; ანტიქოლინერგიული პრეპარატები – გამოიყენება ნაწლავის გლუვი კუნთის სპაზმის მოსახსნელად; ნარკოტიკები, რომლებსაც ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად იყენებენ; დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი.

* ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემა, მაგალითად, ჰირშპრუნგის დაავადება. ეს თანდაყოლილი დაავადებაა, რომლის დროსაც სწორი ნაწლავის ზოგიერთ ნაწილში ნერვული დაბოლოებები არ არის. ამის გამო თავის ტვინიდან წამოსული სიგნალი ნაწლავთა შეკუმშვის შესახებ სწორ ნაწლავამდე ვერ აღწევს, განავალი დიდხანს რჩება მსხვილ ნაწლავში, მკვრივდება და ყაბზობას იწვევს.

* მექანიკური ბლოკი, მაგალითად, სიმსივნე ან სტრიქტურა (შევიწროება) საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა ნაწილში;

* საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური პათოლოგიები. ამ დროს მსხვილი ნაწლავი ჩვეულებრივზე ნელა მოძრაობს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ძუძუთი კვებიდან ხელოვნურზე ან თხევადი საკვებიდან მყარზე გადასვლა, ახალ გარემოში მოხვედრა, სკოლაში მისვლა და იქაური საპირფარეშოსთვის თავის არიდება. არასტაბილური ნაწლავის სინდრომიც შეიძლება იქცეს ყაბზობის მიზეზად.

როგორ გავიგოთ, რა იწვევს შეკრულობას

ამისთვის პედიატრს ანამნეზის გამოკითხვა, ბავშვის გასინჯვა და რამდენიმე გამოკვლევის ჩატარება მოუწევს. ზოგჯერ სამედიცინო ისტორიაც საკმარისია დიაგნოზის დასასმელად. ექიმი დაინტერესდება, როგორი აქვს ბავშვის კუჭის მოქმედება, დაბადების შემდეგ როდის ჰქონდა დეფეკაციის პირველი აქტი, როგორ იკვებება, რას მიირთმევს ყველაზე ხშირად, როგორია მისი სოციალური პირობები, ჯანმრთელობის სხვა პრობლემა ხომ არ აწუხებს, რაიმე მედიკამენტს ხომ არ იღებს, ოჯახში კიდევ ვინმეს ხომ არ აქვს ასეთივე პრობლემა.

მაგრამ ანამნეზის შეკრება ყოველთვის არ არის საკმარისი, მეტადრე მაშინ, როცა საქმე ბავშვს ეხება. აუცილებელია, ექიმმა გასინჯოს პაციენტი, მოუსმინოს მუცლის ხმიანობას, ხელით შეამოწმოს იგი იმის გასარკვევად, ხომ არ არის მგრძნობიარე, მტკვინეული, ხომ არ ისინჯება მასში რაიმე წარმონაქმნი, ლიმფური კვანძი. არ არის გამორიცხული, თქვენს პატარას რექტალური გასინჯვაც დაჭირდეს.

რა გამოკვლევების ჩატარება მოგვიწევს

ვინაიდან ბავშვებში ხშირია ფუნქციური შეკრულობა, ექიმები, წესისამებრ, ემპირიულად, ყოველ პაციენტს საფუძვლიან დიაგნოსტიკურ გამოკვლევას არ უნიშნავენ. მათი გამოყენება მაშინ დგება დღის წესრიგში, თუ სათანადო მკურნალობის შემდეგ ყაბზობამ არ გაიარა და ექიმი სხვა მიზეზს ეჭვობს. ყველაზე ხშირად სისხლის საერთო ანალიზს აკეთებენ. მან შესაძლოა გამოავლინოს ანემია, რომელიც შეკრულობის ერთ-ერთი მიზეზია. ზოგჯერ საჭირო ხდება რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარებაც.

 

როგორ მკურნალობენ

უმეტესად პრობლემის მოგვარება შინ მკურნალობითაც შესაძლებელია. თუ ბავშვი მარტივ ღონისძიებებზე არ რეაგირებს, გამოიძახეთ ექიმი. მკურნალობა გულისხმობს ცვლილებებს კვების რაციონში, კვებითი ქცევისა და ჩვევების კორექციას. შესაძლოა, ოყნა და საფაღარათო საშუალებებიც დაგჭირდეთ.

კვების ცვლილება გულისხმობს მეტი სითხის მიღებას. სითხის ოდენობას ბავშვის წონისა და ასაკის გათვალისწინებით პედიატრი შეგირჩევთ. საჭიროა მეტი ხილი, ბოსტნეული და ცელულოზის შემცველი სხვა საკვებიც. არსებობს კვებითი ჩვევები, რომლებიც თქვენს შვილს ყაბზობის დაძლევასა და პრევენციაში დაეხმარება. თქვენი მოვალეობაა, მას ამ უნარების გამომუშავებაში დაეხმაროთ. მაგალითად, შედარებით მოზრდილები მიაჩვიეთ ჭამიდან მალევე ტუალეტში გასვლას.

თუ ამან არ უშველა, სცადეთ ოყნა. ეფექტურია სწორ ნაწლავში საფაღარათო საშუალების შეყვანაც. არსებობს ორალურად მისაღები საფაღარათო საშუალებებიც, თუმცა ექიმის დანიშნულების გარეშე მათი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

როგორ ვუმკურნალოთ გართულებებს

ფეკალური საცობის მკურნალობა შესაძლებელია მცენარეული ზეთის მიღებით როგორც პირის ღრუდან, ისე სწორი ნაწლავიდანაც. თუ ვერც ამან უშველა საქმეს, შესაძლოა, ექიმის ჩარევა გახდეს საჭირო. ყითის ნახეთქების სამკურნალოდ, ტკივილის გასაყუჩებლად ანესთეზიური ეფექტის მქონე მალამოებს იყენებენ. ეფექტურია თბილი აბაზანაც. სწორი ნაწლავის პროლაფსის სამკურნალოდ ექიმის მონახულება მოგიწევთ, მისი პრევენცია კი მომავალში ყაბზობის პროფილაქტიკაა.

როგორ ავიცილოთ თავიდან

წესები დაახლოებით იგივეა: ბავშვმა საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოს წყალი და სხვა სითხეები, მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, წვნიანი კერძები, ასევე – უჯრედისის შემცველი საკვები, რათა ასტიმულიროს ნაწლავების მოქმედება. უჯრედისით მდიდარია ლობიო, საღი მარცვლეული, ქატო, გაუთლელი ვაშლი და მსხალი, ჟოლო, ქლიავი (უმჯობესია, ჩაშუშული), მწვანე ბარდა, ბროკოლი, მწვანილი, ისპანახი, თალგამი... 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა, ასაკის შესაბამისად, დღეში 14-31 გრამი უჯრედისი უნდა მიიღონ. თუ ბავშვს ყაბზობა აწუხებს, ნუ შესთავაზებთ ყველს, ჩიფსებს, ნაყინს, ხორცს, პიცას, ჰამბურგერს, სენდვიჩს და, საზოგადოდ, უჯრედისით ღარიბ საკვებს.

თამარ არქანია

გააზიარე: