როგორ ყალიბდება ფსიქოლოგიური იმუნიტეტი?

გააზიარე:

შეგიმჩნევიათ, როგორ იმორცხვებენ ბავშვები უცხოებთან? შუბლს იკრავენ, ოჯახის წევრის კალთას ეფარებიან და ყოველნაირად არიდებენ თავს უცნობს, რომელიც მათ უცნაურ, გაუგებარ კითხვებს უსვამს ან ცდილობს მოეფეროს. მცირე ასაკში ასეთი რეაქცია ნორმალურია, მაგრამ როდესაც ზრდასრული ადამიანი ასევე ფრთხება, ერიდება ან გაურბის ახალ კონტაქტებს, მარტივ, ყოველდღიურ, სოციალურ ურთიერთობებს ან მეტისმეტად აღელვებს, რას იფიქრებენ მასზე სხვები, საქმე დაქვეითებულ ფსიქოლოგიურ იმუნიტეტთან გვაქვს.

ეს, ცხადია, სერიოზული სამედიცინო დიაგნოზი არ არის – უფრო მხატვრული, მეტაფორული სახელდებაა გავრცელებული ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, რომელიც შემდეგი “სიმპტომებით” გამოიხატება:

* ადამიანი ადვილად ხდება ფსიქოლოგიური მანიპულაციის მსხვერპლი. მაგალითად, უარს ვერ ეუბნება ე.წ. “აგრესიული მარკეტინგის” წარმომადგენლებს, რომლებიც ათასგვარ უსარგებლო, მაგრამ, მათი მტკიცებით, “სასიცოცხლოდ აუცილებელ” ნივთს ყიდიან ქუჩებში, ოფისებსა თუ მარკეტებში. ის მხოლოდ იმისთვის ყიდულობს ამ ნივთებს (ეს შეიძლება იყოს ძვირად ღირებული მტვერსასრუტიც, იოგურტიც ახალი საგემოვნო დანამატით და ქანჩებისა და ჭანჭიკების ნაკრებიც), რომ თავიდან მოიშოროს აბეზარი გამყიდველი ან იმიტომ, რომ ფიქრობს: “რას იტყვის ეს ადამიანი, რომ არ ვიყიდო? ხომ მისაყვედურებს, აბა, ამდენი რას მალაპარაკეო?”

* ადვილად ეთანხმება უმრავლესობის თვალსაზრისს, წინადადებას ან სურვილს, თუნდაც ეს უკანასკნელი რადიკალურად განსხვავდებოდეს მისი სურვილისგან. “როგორც თქვენ გადაწყვეტთ” ასეთ დროს ყველაზე გავრცელებული პასუხია და მას, როგორც წესი, იმის “იძულებითი” კეთება მოჰყვება, რაც ადამიანს ოდნავაც არ სურს. არ სურს, მაგრამ მაინც აკეთებს, იმიტომ, რომ “უმეტესობამ ასე გადაწყვიტა”, “რას იფიქრებენ, მე რომ არ დავეთანხმო?”

* მაღაზიაში, მარკეტში, ბუტიკში კონსულტანტის კითხვას: “რამით ხომ არ დაგეხმაროთ?” – იღებს როგორც შენიშვნას, ფრთხება და ან სასწრაფოდ გაეცლება იქაურობას, ან ყიდულობს ნივთს, რომელიც არ სჭირდებოდა`არ ჰქონდა გათვალისწინებული მისი შეძენა`არ მოსწონს.

* მხოლოდ იმისთვის თანხმდება შეთავაზებას, რომ “არ აწყენინოს მას, ვინც შესთავაზა”. ამის გამო შესაძლოა გადაიღოს კერძის დამატებითი ულუფა სტუმრად ყოფნის დროს, თუნდაც ეს კერძი არ მოსწონდეს ან მეტი აღარ უნდოდეს, დადებითად უპასუხოს კითხვაზე: “მოგეწონა?” – თუნდაც რეალურად არ ჰქონდეს ეს განცდა და ა.შ.

იგივე შეიძლება ითქვას ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც ადამიანს უჭირს, მიმართოს უცნობს დახმარების სათხოვნელად. აქ არ იგულისხმება რაიმე სერიოზული სათხოვარი – დიდი ოდენობის ფული ან მნიშვნელოვან საქმეში დახმარება; საუბარია ისეთ წვრილმანებზე, როგორებიცაა ფულის გადახურდავება, საათის დაზუსტება, უცხო ადგილას გზის გაგნება და ა.შ.

 

რისი ბრალია

ზრდასრულ ასაკში ზღვარგადასული მორიდების ან საკუთარ თავში დაურწმუნებლობის მიზეზი ბავშვობაშია საძიებელი. ერიკ ერიქსონი – ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც შექმნა თეორია ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების ეტაპების შესახებ – აღნიშნავდა, რომ არასრულფასოვნების განცდა ან ზედმეტი მორიდება, რომელიც ხელს უშლის ადამიანს ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ბავშვს მაშინ უჩნდება, როდესაც შინ, სკოლაში თუ თანატოლებთან ურთიერთობისას მასში არაკომპეტენტურობის შეგრძნება ჭარბობს და სოციუმი, განსაკუთრებით – უახლოესი გარემოცვა (მშობლები, ოჯახის წევრები, მასწავლებლები) მას მუდმივი აკრძალვების პირობებში ამყოფებს.

“სკოლა და სპორტი – ინტელექტუალური და მოტორული უნარების, თანატოლებთან ურთიერთობა კი სოციალური უნარების განვითარების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებით წარმატებულ მცდელობებს ბავშვი კომპეტენტურობის შეგრძნებამდე მიჰყავს. თუ ამ სტადიაზე ბავშვი შემსრულებლის ნაცვლად მაყურებელის როლში აღმოჩნდა ან მარცხი განიცადა, შესაძლოა, არასრულფასოვნების შეგრძნება განუვითარდეს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს მომდევნო ცხოვრებისეული სტადიების მოთხოვნათა დაკმაყოფილების უნარს”, – აღნიშნავს მეცნიერი თავის ნაშრომებში.

სხვებთან მუდმივი შედარება, სხვა ბავშვების, თანაკლასელებისა თუ თანატოლების მიღწევებისა და ნიჭიერების, შესაძლებლობებისა და გამარჯვებების ხაზგასმა, ისევე როგორც ზედმეტი და უსაფუძვლო ქება, უარყოფითად აისახება მოზარდის ფსიქიკაზე და შესაძლოა, ზრდასრულ ასაკში არასასურველი შედეგიც გამოიღოს.

ამის მიზეზი შესაძლოა იყოს აღზრდის ისეთი მეთოდიც, როდესაც გადაჭარბებებული მზრუნველობა ყოვლისმომცველი ხდება და ბავშვს ნებისმიერი ინიციატივა თუ სურვილი გამოთქმისთანავე ეხშობა. “შენ ამას ვერ შეძლებ”, “შენთვის ჯერ ადრეა”, “ამას ვერ გაიგებ”, “გაიზრდები და აგიხსნი”, “დედამ (მამამ, ბებიამ, პაპამ) უკეთესად იციან, რა გინდა და რა – არა”, “ვერ ხვდები, რომ ეს საშენო არ არის?”, “შენ არ გამოგივა, მე გავაკეთებ”, “არა და მორჩა!” – ეს და მსგავსი ფრაზები იმაზე მეტ გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე, ვიდრე წარმოგვიდგენია და თუ მოზარდს უმეტესად სწორედ ისინი ესმის, შედეგიც შესაბამისი იქნება – მივიღებთ უინიციატივო, დამფრთხალ, საკუთარ თავში დაურწმუნებელ, არასრულფასოვნების კომპლექსით გატანჯულ ზრდასრულს.

 

როგორ გავუმკლავდეთ

კანადელი ორატორი, პიროვნული განვითარებისა და მენეჯმენტის სპეციალისტი, უამრავი პოპულარული წიგნისა და აუდიოლექციის ავტორი ბრაიან ტრეისი თავის ერთ-ერთ გამოკვლევაში მიუთითებს ოთხ მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომლებსაც ის “თავდაჯერებისა და წარმატებისკენ მიმავალ საფეხურებს” უწოდებს. მისი თქმით, იმისთვის, რომ აიმაღლო თავდაჯერება, მოახერხო სოციუმთან ადაპტირება, იოლად გაართვა თავი სოციალურ ამოცანებს და მიაღწიო დასახულ მიზნებს, საჭიროა:

1. ზუსტად იცოდე, როგორი ადამიანი გინდა იყო და რა გსურს. მნიშვნელოვანია იმის გააზრება და ცხადყოფა, – უპირველესად – საკუთარი თავისთვის, – როგორი პიროვნება გინდათ იყოთ`გახდეთ. ამ საფეხურს ტრეისი მოიხსენებს ინგლისური სიტყვით ჩლარიტყ, რაც გარკვეულობას, მკაფიოობას, სიცხადეს ნიშნავს.

2. დარწმუნდე საკუთარ შესაძლებლობებში. ირწმუნო საკუთარი თავისა და შესაძლებლობების. გჯეროდეს, რომ შეძლებ ყველაფერს, რასაც კი მოინდომებ. ტრეისი ამ საფეხურს აღნიშნავს ცნებით ჩონვიცტიონ (რწმენა, თავდაჯერება).

3. ვალდებულება და პასუხისმგებლობა. მხოლოდ სურვილი ან რწმენა, რომ რაღაც გამოგივა, არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ გადაწყვეტილებები განსაზღვრულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებთანაა დაკავშირებული. მნიშნელოვანია, გააკეთო ყველაფერი, რაც საჭიროა და პირველივე დაბრკოლებასთან შეჯახებისთანავე არ დაიხიო უკან (ჩომმიტმენტს – ვალდებულებები).

4. თანმიმდევრულობა და სიმტკიცე. არანაკლებ მნიშვნელოვანი უნარებია თანმიმდევრულობა – დაწყებული საქმის, გეგმის, ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა, სიმტკიცე და ყოველდღიურად თუნდაც მცირედის გაკეთება მიზნის მისაღწევად (ჩონსისტენცყ – მუდმივობა, ურყევობა).

 

პრაქტიკული რჩევები

დაისახეთ პატარ-პატარა მიზნები და გეგმები, რომლებსაც აუცილებლად შეასრულებთ და მიაღწევთ. გახსოვდეთ ჩინური სიბრძნე: ათასი ლი სიგრძის გზა პირველი ნაბიჯით იწყება. გადადგით ეს ნაბიჯი აქ და ახლა. თუ აქამდე გიჭირდათ უცნობთან გამოლაპარაკება ან აზრის ხმამაღლა გამოთქმა, პირველივე ხელსაყრელ სიტუაციაში გამოიჩინეთ ინიციატივა და გადალახეთ ეს დაბრკოლება.

ეცადეთ, დღის განმავლობაში გააკეთოთ რაიმე სასიამოვნო ან სასარგებლო არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვისთვისაც, თუნდაც სრულიად უცნობი ადამიანისთვის: ქუჩაზე გადასვლაში ან მძიმე ტვირთის გადატანაში დაეხმარეთ მოხუცებულს, უყიდეთ წყალი, ტკბილეული ან რაიმე სასუსნავი, მაგალითად, თქვენი სამსახურის დარაჯს ან მანქანების სადგომის მცველს, გაესაუბრეთ ეზოში ბავშვებს, კაფეში ყავით გაუმასპინძლდით უცნობს). დამტკიცებულია, რომ ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს და აკეთებს სიკეთეს, ადვილად ირწმუნებს საკუთარ შესაძლებლობებს და სხვების დახმარებით რეალურად საკუთარ თავს ეხმარება.

მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები და სურვილები. დაეუფლეთ “არას” თქმის ხელოვნებას. არავის წინაშე არ ხართ ვალდებული და ნურაფრის გულისთვის ნუ გააკეთებთ იმას, რაც არ გსურთ – ნურც ზედმეტ ულუფას მიირთმევთ ვინმეს ხათრით და ნურც რაიმე უსარგებლოს შეიძენთ მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან გთხოვეს ან დაჟინებით მოითხოვეს.

ყურადღება მიაქციეთ, როგორ იქცევიან თავდაჯერებული ადამიანები. საუბრისა თუ კამათის დროს ისინი, როგორც წესი, თვალებში უყურებენ თანამოსაუბრეს, მათი მიმიკა, ჟესტიკულაცია, მოძრაობები და ფრაზები იმაზე მეტყველებს, რომ სირთულეების წინაშე უკან დახევას ჩვეულნი არ არიან. ასეთი ადამიანებისგან ვერასდროს გაიგებთ გაუთავებელ მობოდიშებას, ისინი სხვების დაკრულზე არ ცეკვავენ, ყოველთვის იციან, რა სურთ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა – არა.

ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გადალახეთ დაბრკოლებები და გამოიმუშავეთ ფსიქოლოგიური იმუნიტეტი.

ნინო ლომიძე

გააზიარე: