თუ თქვენი შვილი ცუდი მჭამელია
გააზიარე:
მშობლებმა ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. ამიტომაც ვწუხვართ, როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვი უარს ამბობს ხილზე, ბოსტნეულზე, არ ეკარება ახალ, მისთვის უცხო საკვებს და მხოლოდ ტკბილეულს შეექცევა სიამოვნებით.
ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე ბავშვთან საუბარი არც ისე ადვილია. მისთვის მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, რომ კარტოფილი ფრი გემრიელია, ხოლო ბრიუსელის კომბოსტო – არა. ამიტომ ჩვილობიდანვე უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ ბავშვმა რაც შეიძლება მეტი ახალი საკვები გასინჯოს და უცხო გემოებს მიეჩვიოს.
მოდი, გავიგოთ, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რათა მცირე ასაკიდანვე მიაჩვიოს შვილი ჯანსაღ კვებას.
არ დააძალოთ
ძალდატანებით კვება დაუშვებელია, ასე ბავშვს უფრო მეტად შეაძულებთ იმ საკვებს, რომლის ჭამაზე ისედაც უარს ამბობს. დაძალების მაგივრად არჩევანი მიეცით – ბავშვებს ძალიან მოსწონთ იმის განცდა, რომ გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ და არა მშობელი. "გვაქვს ბრიუსელის კომბოსტო და ბროკოლი. რომელი გირჩევნია?“ როდესაც არჩეულ ბოსტნეულს კარგად შეჭამს, სიურპრიზად საყვარელი დესერტი მიართვით, ოღონდ სასურველია, ეს იყოს ხილი, ჩირი ან რომელიმე სხვა ჯანსაღი სასუსნავი და არა შოკოლადი ან სხვა ტკბილეული.
აცადეთ მოშივება
დაელოდეთ, რომ კარგად მოშივდეს, მერე კი ჯანსაღი კერძი შესთავაზეთ. როდესაც დაინახავს, რომ სხვა გზა არ არის, კერძს გასინჯავს. პარალელურად არ მოუმზადოთ სხვა, ისეთი საჭმელი, რომელსაც მადიანად შეექცევა, მაგალითად, შემწვარი კარტოფილი. თუ ბავშვს ეცოდინება, რომ ალტერნატივა არსებობს, თქვენ მიერ შეთავაზებულ ჯანსაღ კერძს პირს არ დააკარებს.
თუ კერძზე მაინც უარი თქვა, დაელოდეთ, სანამ მართლა ძალიან მოშივდება – როცა სხვა საკვებს ვერ იპოვის, ადრე თუ გვიან შეჭამს იმას, რასაც სთავაზობთ, დარწმუნდება, რომ გოგრა და ორაგული გემრიელია და დამატებასაც მოისურვებს, მომავალში კი ახალი კერძის გასინჯვაზე უფრო ადვილად დაიყოლიებთ.
თუ ხედავთ, რომ ბავშვი კერძს ჭამს, მაგრამ მართლა არ მოსწონს, უბრალოდ, პროტესტს არ გამოთქვამს, უთხარით, რომ გესმით მისი – ყველას არ უყვარს თევზი, ამიტომ მომავალში ამგვარად მომზადებულს აღარ შესთავაზებთ, რამე სხვას მოიფიქრებთ. ოღონდ თვითონაც უნდა დაგპირდეთ, რომ გენდობათ და ახლებურად მომზადებულ კერძს გასინჯავს.
საკვების განცალკევება
თუ ბავშვს ხახვი არ უყვარს და ამიტომ ამბობს უარს წვნიანზე, სხვა გზა მოძებნეთ. მაგალითად, ხახვი კი არ ჩააჭრათ, არამედ მთლიანად ჩახარშეთ წვნიანში, მერე კი ამოიღეთ – ბავშვს ხახვის ნაჭრები აღარ შეხვდება და კერძს მშვიდად შეჭამს. ოღონდ აუხსენით, რომ მხოლოდ ამ მიზეზით წვნიანზე უარის თქმა არასწორია. მოუყვანეთ ასეთი მაგალითი: თუ საყვარელ ბურგერში მჟავე კიტრი შეხვდა, რომელიც არ უყვარს, მთელ ბურგერს ხომ არ გადააგდებს? შეუძლია, კიტრის ნაჭერი ამოიღოს და ჭამა გააგრძელოს.
მოამზადეთ ერთად
ფსიქოლოგები გვირჩევენ, სურსათის შესაძენად ბავშვებიც წავიყვანოთ, მივცეთ საშუალება, ხილ-ბოსტნეული თავიანთი გემოვნებით აარჩიონ, მერე კი საჭმლის მომზადების პროცესშიც ჩავრთოთ. მეტი შანსია, საკუთარი ხელით მომზადებული კერძი ბავშვმა მადიანად მიირთვას.
თუ ატყობთ, რომ ბავშვი ინტერესს იჩენს, ხშირად დაიხმარეთ კერძის მომზადებაში. თუ ხახვს არ ჭამს, მიეცით საშუალება, ახლოს გაიცნოს ეს ბოსტნეული. სთხოვეთ, გაფცქვნას, გარეცხოს ან, თუ შეუძლია, დაჭრას. ამგვარად ის შეეჩვევა ხახვს და ნელ-ნელა გაუქრება ზიზღი მის მიმართ.
თუ პომიდორი არ უყვარს, მის თვალწინ დაიწყეთ პომიდვრიანი კერძის მომზადება, თან მშვიდად მოუყევით ამ ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებზე. შეგიძლიათ, ზღაპარიც მოიგონოთ იმ პროდუქტებზე, რომლებისგანაც სადილს ამზადებთ და ხილ-ბოსტნეული, რომელიც ბავშვს არ უყვარს, ზღაპრის კეთილ პერსონაჟებად აქციოთ. ეს შესანიშნავი ხერხია, რათა ბავშვი დადებითად განეწყოს ამ პროდუქტების მიმართ და მომავალში თვითონვე ითხოვოს მათი დაგემოვნება.
დაიწყეთ მცირე ასაკიდან
მყარი კვების დაწყებისთანავე ეცადეთ, ბავშვის მენიუ მდიდარი და მრავალფეროვანი იყოს. მიეცით საშუალება, ჩვილი ასაკიდანვე გაეცნოს ახალ გემოებს. თუ შეატყვეთ, რომ რომელიმე პროდუქტი არ მოსწონს, სხვანაირად მოამზადეთ, მოიფიქრეთ ნაირ-ნაირი ვარიაცია, გააკეთეთ მისი საყვარელი კერძი და დაწუნებული პროდუქტი მასში შეურიეთ.
ტკბილეული ჯილდოდ
არაფრით არ შეიძლება, ბავშვთან გარიგება დადოთ, რომ თუ ბროკოლის შეჭამს, ნაყინსაც მიიღებს. ასე მის გონებაში ადრეული ასაკიდანვე ჩაიბეჭდება ის აზრი, რომ ბროკოლი ისეთი უგემურია, მისი შეჭმა ნამდვილი გმირობაა, რომლისთვისაც აჯილდოებენ.
ნაცვლად ამისა, შესთავაზეთ, მხოლოდ ერთი კოვზი გასინჯოს და დაჰპირდით, რომ თუ ნამდვილად არ მოეწონება, არ დააძალებთ, მაგრამ თუ მოეწონება და შეჭამს, სადილის შემდეგ შეეძლება, თავად აირჩიოს, გაისეირნებთ თუ შინ დარჩებით, რომელ წიგნს წაიკითხავთ ან რომელი თამაშით შეიქცევთ თავს. საკვების პოზიტიურ აქტივობებთან დაკავშირება გაცილებით უკეთეს შედეგს გამოიღებს და ბავშვიც დროთა განმავლობაში სტრესის გარეშე დაიწყებს ჯანსაღი საკვების ჭამას.
ლიკა ქათამაძე