მარცხენა ხელის უფლება

გააზიარე:

ყველამ იცის, რომ ადამიანის ტვინი ორი ნახევარსფეროსგან შედგება. თითოეულს თავისი “სამოქმედო არეალი” და საკუთარი “გავლენის სფერო” აქვს. მარჯვენა პასუხს აგებს არავერბალური ინფორმაციის გადამუშავებაზე (ნიშნები, სიმბოლოები, სახისმეტყველება...), წარმოსახვაზე (ვოცნებობთ, ვფანტაზიორობთ და ვთხზავთ), ფერის, მუსიკისა და რიტმის აღქმაზე. ერთი სიტყვით, იგი იდეების გენერატორია. მარცხენა კი ვერბალურ ინფორმაციას ამუშავებს – მეტყველება, წერა და კითხვა, ფაქტების, სახელების, თარიღების დამახსოვრება, ანალიზი, ლოგიკა და მათემატიკური შესაძლებლობები  მისი პრიორიტეტებია.
ასევე ცნობილი და შესწავლილია, რომ სხეულის მოძრაობას უზრუნველყოფს ორივე ნახევარსფეროს ერთობლივი და შეთანხმებული მუშაობა. მარცხენა ნახევარსფერო მარჯვენა ხელ-ფეხს მართავს, მარჯვენა ნახევარსფერო კი მარჯვენას.
მეცნიერთა და მკვლევართა დაკვირვებით, ერთ-ერთი ნახევარსფერო ყოველთვის დომინირებს. სწორედ მასზეა დამოკიდებული, მემარჯვენე იქნება ადამიანი თუ მემარცხენე (ცაცია). თუმცა მემარცხენეობის მიზეზი დღემდე ამოუცნობია.
საინტერესოა, რომ ახალშობილის ტვინის ნახევარსფეროები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციობენ. ერთი ნახევარსფერო თითქოს “ვერ ამჩნევს” 
მეორის არსებობას. ამიტომ არის, რომ ახალშობილს მოძრაობა არაკოორდინირებული, ქაოსური აქვს: არ შესწევს უნარი, წაეპოტინოს სათამაშოს, გადაბრუნდეს ზურგიდან მუცელზე... მაგრამ ზრდასა და მოტორიკის დახვეწასთან ერთად ეს უნარებიც უვითარდება. სწორედ ამ დროისთვის გამოიკვეთება, მემარჯვენეა იგი თუ მემარცხენე (თუმცა ამ ფენომენის ჩამოყალიბება, როგორც დადგენილია, მუცლადყოფნის პერიოდშივე ხდება). 4 წლისთვის, პრაქტიკულად, უკვე შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თქვენი შვილი მარცხენა ხელს არჩევს სამოქმედოდ თუ მარჯვენას.
არსებობს სპეციალური ტესტი, რომლის მონაცემებზე დაყრდნობითაც მარტივად არის შესაძლებელი დომინანტური მიმართულების განსაზღვრა. ის შინაც შეგიძლიათ ჩაატაროთ: 
. სთხოვეთ ბავშვს, აიღოს კალამი მაგიდიდან (არ მიაწოდოთ!) და დახატოს მზე ან ბურთი. 
. სთხოვეთ, ბოთლიდან ჭიქაში გადაასხას წყალი.
.  სთხოვეთ, “მოუმზადოს” თოჯინას “ფაფა“ და დააკვირდით, რომელი ხელით მოურევს “კერძს”
. გამოაგორებინეთ ბურთი თითის წაკვრით; სთხოვეთ, ააგდოს ის და დაიჭიროს; ესროლეთ ბურთი და დააკვირდით, რომელი ხელით დაიჭერს.
თუ ჩამოთვლილი სავარჯიშოებიდან ბავშვმა ნახევარზე მეტი მარცხენათი შეასრულა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას დომინანტური მარცხენა ხელი აქვს, ანუ ცაციაა.
ბევრი მშობელი ამ პერიოდს ერთგვარი სიფრთხილით და შიშითაც კი ელის. მიზეზი გასაგებია: ცაციებისადმი დამოკიდებულება საზოგადოებაში ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი უმცირესობისადმი უმრავლესობისა – დამამცირებელი, უპირატესობის გამომხატველი, უარყოფითი. რით არის განპირობებული ასეთი მიმართება ადამიანისადმი, რომელიც ამორალურს, მიუღებელს არაფერს სჩადის, მხოლოდ მარცხენა ხელს იყენებს უფრო ხშირად, ვიდრე მარჯვენას, უცნობია. შესაძლოა, მოქმედებს უძველესი ინსტინქტი: “ნებისმიერი უმცირესობა შეიცავს საფრთხეს”. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ბოლო დრომდე ცაციების “მემარჯვენეებად” გადაკეთებას დაჟინებით ცდილობდნენ ყველგან _ ოჯახშიც, სკოლაშიც. ცაციობა აღიქმებოდა გადახრად, პათოლოგიად და აუცილებლად გამოსასწორებელ ნაკლად. საინტერესოა ისიც, რომ ცაციებისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა გამოხატული სალაპარაკო ენაშიც. გაიხსენეთ სიტყვები მარცხი, დამარცხება, მარცხიანი... ასევე ფრაზეოლოგიზმი მარცხენა ფეხზე ადგომა _ ცუდად წასული საქმის მიზეზი, ზღაპრული ფორმულა მარცხნივ წახვალ _ დაიღუპები... და, საპირისპიროდ ამისა, დადებითი მნიშვნელობის, ქების, აღფრთოვანების გამომხატველი გამარჯვება, მარჯვე (ძალიან მოხერხებული) გამარჯობა, შენი მარჯვენის ჭირიმე, ვისმა მარჯვენამ შექმნა და ა.შ.
საბედნიეროდ, დღეს ამ მხრივ უკეთესი სიტუაციაა: სკოლებში აღარავინ ცდილობს, სახაზავისა თუ სახვევის გამოყენებით გადააკეთოს ცაცია და არც თავად მემარცხენეებს აქვთ დანაშაულისა და სირცხვილის განცდა. მართალია, დროდადრო მშობლები მაინც გამოხატავენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ბავშვი “სხვებს არ ჰგავს”, იშვიათად კი მასწავლებლებიც წუხან “ცუდი კალიგრაფიის გამო“, მაგრამ გვინდა, დავამშვიდოთ ისინი: ბავშვი სხვებს არ ჰგავს? – გამოდის, იგი არაჩვეულებრივი და  განუმეორებელია! ბატიფეხურად წერს? – გვერწმუნეთ: სკოლის დაწყებით კლასში კალიგრაფია არ ყალიბდება, ხოლო მასწავლებლების დანიშნულება მოსწავლეების კალიგრაფებად  დახელოვნება არ არის.
ასე რომ, თუ თქვენი პატარა ცაციაა და ხელით შესასრულებელი ნებისმიერი სამუშაოს შესრულებას მარცხენათი ამჯობინებს, ნურც დაუშლით და ნურც შეფიქრიანდებით.
ვიდრე პრაქტიკულ რჩევებს მოგაწვდიდეთ, გვინდა, ცოტაოდენი სტატისტიკით გაგამხნევოთ:
მსოფლიოს მოსახლეობის 10-17 % ცაციაა (უკეთ რომ წარმოიდგინოთ, ადამიანთა 40-კაციან ჯგუფში აუცილებლად აღმოჩნდება ერთზე მეტი ცაცია). სხვათა შორის, ეს მაჩვენებელი მზარდია და ამას საქართველოში წარმოებული კვლევებიც ცხადყოფს.
ცაციებს შორის მამრობითი სქესის წარმომადგენლები სჭარბობენ.
მონოზიგოტურ ტყუპებში ხშირია ცაცია ტყუპისცალი (ამ ტიპის ტყუპი ნაყოფისთვის ცაციობის შანსი 76%-ია).
შემოქმედებით სფეროში არაპროპორციულად მეტი ცაცია ადამიანია, მაშინ როდესაც მათი რიცხვი საგრძნობლად ნაკლებია ტექნიკურ სფეროში მოღვაწეთა შორის.
ცაციები პროფესიონალურ დონეზე ეუფლებიან სპორტის ისეთ სახეობებს, როგორიც არის ბეისბოლი, გოლფი, კრივი.
ეკონომიკური კვლევების ნაციონალურმა ბიურომ (The National Bureau of Economic Research; ოფიციალური გვერდი _ http://www.nber.org/) გამოაქვეყნა გამოკვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც უმაღლესი სასწავლებლების ის კურსდამთავრებულები, რომლებსაც მარცხენა ხელი უფრო მეტად აქვთ განვითარებული, 13%-21%-ით მეტ ხელფასს გამოიმუშავებენ, ვიდრე მათი მემარჯვენე თანატოლები. ცაციათა შორის არაპროპორციულად მეტია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების რიცხვიც (53 პროცენტი 38-ის წინააღმდეგ).
ვფიქრობთ, იმედისმომცემი სტატისტიკაა. ყოველივე ამის საილუსტრაციოდ კი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ცაციების ჩამონათვალსაც გაგაცნობთ: გაიუს იულიუს ცეზარი, არისტოტელე, ფრიდრიხ ნიცშე, ფრანც კაფკა, ჰანს ქრისტიან ანდერსენი, ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონ ბონაპარტი, ოტო ბისმარკი, ბენჯამინ ფრანკლინი, უინსტონ ჩერჩილი, რონალდ რეიგანი, ბილ კლინტონი, მაჰათმა განდი, ლევ ტოლსტოი, ლუის კეროლი, მარკ ტვენი, ალექსანდრ პუშკინი, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, ალბერტ აინშტაინი, ისააკ ნიუტონი, ივან პავლოვი (ძაღლების რისხვა!), ბილ გეიტსი, როკფელერი, ნილ არმსტრონგი (თავისი განუმეორებელი “ნაბიჯი მთვარის ზედაპირზე“ მან სწორედ მარცხენა ფეხით გადადგა), პაბლო პიკასო, ჩარლი ჩაპლინი, რობერტ დე ნირო, ნიკოლო პაგანინი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ენრიკე კარუზო, პოლ მაკარტნი, დევიდ ბოუი და უამრავი სხვა. შთამბეჭდავი სიაა, არა?
ახლა კი დაპირებული პრაქტიკული რჩევები პატარა ცაციების მშობლებისთვის.
პირველ რიგში იმ დარღვევებზე შევჩერდეთ, რაც ცაციობის გადაჩვევის შემთხვევაში იჩენს თავს:
. ძილის დარღვევები;
. უმადობა;
. თავისა და მუცლის ტკივილები;
. შიშები;
. ენურეზი;
. ენაბრგვილობა;
. ტიკები;
. აკვიატებული მოძრაობები;
. აღგზნებადობა და გაღიზიანებულობა;
. ტრანსპორტის აუტანლობა;
. მომატებული მგრძნობელობა;
. მოუსვენრობა ან, პირიქით, უმოძრაობა და აპათია.
ახლა _ რაც შეეხება თავისებურებებს, რომლებიც თავს იჩენს ცაცია ბავშვის შემეცნებით-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობისას (გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საუბარია თავისებურებებზე და არა ნაკლოვანებებზე). მათთვის განსაკუთრებით ძნელად დასაძლევია:
. სივრცეში ორიენტაცია და სივრცითი მიმართებები _ ზევით, გვერდით, მარჯვნივ, მარცხნივ და ა.შ.;
. გრაფიკული გამოსახულების გადაწერა ან გადახატვა;
. ასოების გარშემოწერილობის აღწერისას მათი მარცხენა-მარჯვენა და ზედა-ქვედა მხარეების განსაზღვრა (ხშირად და დიდხანს ურევენ ერთმანეთში წ-სა და შ-ს, მ-სა და ნ-ს, ძ-სა და ხ-ს);
. წერის დაწყებისას უჭირთ სწორი ორიენტაცია ფურცელზე (იწყებენ არასწორი კიდიდან ან ცენტრიდან წერას და მიმართულებაც მცდარია);
. მხედველობითი და მოტორული კოორდინაცია (ხელის მცდარი ტრაექტორია წერისას);
. ასოების მცდარი მიმართულებით და არამართებულად გამოწერა (მაგალითად, იწყებენ ლ-ს წერას ზედა ხაზიდან, ან შ-ს წერას, პირიქით, ქვედა ხაზიდან და ა.შ.);
. სწრაფად, გამართულად ან გადაბმით წერა.
ზოგადად, ნააზრევს წერილობით უკეთ გადმოსცემენ, ვიდრე ვერბალურად. აქვთ დროის თავისებური, განსხვავებული აღქმა და უჭირთ დიდ სივრცეში ორიენტაცია.
სასურველია, მშობლებმა ბავშვის საჭიროების მიხედვით მოაწყონ მისი სამუშაო გარემო:
. სინათლის შუქი რვეულს უნდა ანათებდეს მარჯვენა მხრიდან. ყურადღება მიაქციეთ, რომ სტრიქონი იყოს ღია (არ ეფარებოდეს ხელი). შესაძლოა, მოხერხებული აღმოჩნდეს რვეულის ზედა მარჯვენა კუთხის გადახრა ოდნავ მარჯვნივ, ზედა მარცხენა კუთხის გასწორება მკერდის გასწვრივ (ფურცელი ასე უფრო მოხერხებულად თავსდება). სთხოვეთ ბავშვს წეროს სწორად და არა დახრილი ასოებით. ნუ დააძალებთ განსხვავებული მიმართულებით წერას; თუ მისთვის უფრო მოხერხებულია, ვთქვათ, ნ-ს წერა ზედა ხაზიდან, მიეცით ამის საშუალება.
. საჭიროებისას შეგიძლიათ მონიშნოთ ის კიდე, საიდანაც ბავშვმა წერა უნდა დაიწყოს.
. მარჯვენა და მარცხენა ხელის განსასხვავებლად შეგიძლიათ, ერთ-ერთი (მაგალითად, მარცხენა) ხელი შეამკოთ საათით, სამაჯურით, ლენტით. ზოგიერთ ბავშვს ეხმარება მუსიკის სწავლა – მარცხენაა ხელი, რომლითაც ვიღებთ დაბალ ნოტებს კლავიშებიან ინსტრუმენტზე.
. კითხვისას ბავშვებს ხშირად “ეკარგებათ” სტრიქონი ან იწყებენ კითხვას არასწორი მიმართულებით. შენიშვნებს და შეცდომებზე გაუთავებელ მითითებებს ასცდებით, თუ სივრცითი ორიენტაციისთვის გამოიყენებთ “მარკირებულ“ ხელს (“დაიწყე კითხვა იმ ხელის მხრიდან, რომელზეც საათი გიკეთია”) ანდა სუფთა ფურცლით ან სახაზავით  გადაფარავთ ტექსტს და გამოაჩენთ მხოლოდ წასაკითხ სტრიქონს.
. აუცილებელია, ყოველდღე დაუთმოთ დრო ორივე ხელის შეთანხმებული მოქმედების მასტიმულირებელ ვარჯიშს. გამოდგება წვრილი მოტორიკის განსავითარებელი ნებისმიერი სავარჯიშო, ძერწვა, ქარგვა, ქსოვა, აპლიკაცია, დეკორატიული საქმიანობა, პლასტილინით ხატვა წინასწარ მოხაზულ მუყაოზე, წვრილი კენჭებითა და მარცვლეულით მოზაიკის აწყობა. სპორტის ყველა სახეობა, სადაც კი ფიგურირებს ბურთი. ასევე სასარგებლოა ცურვა.
. ძალიან სახალისო და საინტერესოა წაკითხული ტექსტის მიხედვით თანამიმდევრული ილუსტრაციების შექმნა, მერე კი ამ ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამბის გადმოცემა. აუცილებლად მიანიშნეთ, თუ პატარა ილუსტრატორის ნახატზე რომელიმე საგანი სარკისებურად იქნება გამოსახული და შენიშვნის გარეშე აუხსენით სწორი მდგომარეობა თუ მიმართულება.
. გადაწერის ან გადახატვის დროს ცაციას შესაძლოა დასჭირდეს უფრო მეტი დრო და მოუვიდეს მეტი შეცდომა, ვიდრე მის მემარჯვენე თანატოლს. მოთმინებითა და გაგებით მოეკიდეთ მის ამ თავისებურებას.
. სასარგებლოა შემდეგი ტიპის სავარჯიშოები: იდენტური ფიგურის (წყვილის) მოძებნა, გროვიდან იდენტური ასოს ან ციფრის ამორჩევა, ასოებისა და ციფრების გარკვეული თანამიმდევრობის დაძებნა გროვაში, მცირე დეტალებისგან ფიგურის შექმნა, შეცდომების აღმოჩენა სიტყვაში ან წინადადებაში, ფიგურის კოპირება, ნახატის დასრულება, დაუსრულებელ ნახატზე ნაკლული დეტალის მიხატვა...
. ამ ტიპის ვარჯიში საჭიროა ჩავატაროთ ყოველდღე 15-20 წუთის განმავლობაში.
დაბოლოს: გახსოვდეთ, რომ თქვენზეა დამოკიდებული, როგორი თვითშეფასება ექნება თქვენს პატარა ცაციას, ნურასოდეს დაუპირისპირებთ მის მიღწევებსა და ნამუშევარს მარჯვენადომინანტური ბავშვის მიღწევებსა და ნამუშევარს. თუ დაინტერესდება, აუხსენით, რომ მის გარდა კიდევ უამრავი ადამიანია ცაცია (გარდა მარცხენა დომინანტური ხელისა, არსებობს მარცხენა დომინანტური თვალი, მარცხენა დომინანტური ფეხი და ყური). გაითვალისწინეთ მისი ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ემოციური თავისებურებები და შეუქმენით სათანადო და მოხერხებული საარსებო გარემო.

გააზიარე: