პატარა მჩაგვრელი

გააზიარე:

 

მშობლისთვის გაცილებით ადვილია, ჩაგვრა აღიქვას როგორც მისი შვილისგან დისტანცირებული ქმედება, რომელსაც სხვა ბავშვები სჩადიან. ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ დღესაც შესაძლოა შენი შვილი აღმოჩნდეს მჩაგვრელის როლში. როდესაც ჩვენს შვილს ჩაგრავენ, დედობრივი ინსტინქტი გვერთვება: ვისწრაფვით, დავიცვათ ბავშვი მჩაგვრელისგან, ვასწავლოთ თავის დაცვა, ავუხსნათ, როგორ მოიქცეს, თუ ვინმე დაჩაგვრას დაუპირებს, – მაგრამ რას ვშვრებით, როდესაც გვაცნობებენ, რომ ჩვენმა შვილმა სხვა ბავშვს ჩაარტყა, ატირა ან გული ატკინა, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ის არა მსხვერპლი, არამედ მჩაგვრელია?

ასეთ სიტუაციაში შეიძლება ნებისმიერი მშობელი აღმოჩნდეს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიმოქმედოთ ამ დროს, რადგან ჩაგვრა არა მარტო ჩაგრულის, არამედ მჩაგვრელის ფსიქიკაზეც ახდენს გავლენას.

 

ნუ აჰყვებით პანიკას

ლოგიკურია, რომ ამ არასასიამოვნო ამბის გაგებისას მშობელს, უპირველეს ყოვლისა, დანაშაულის განცდა უჩნდება, ფიქრობს, რომ აღზრდისას რაღაც შეეშალა, სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია შვილს, რაღაც მნიშვნელოვანი გამოეპარა. თვითგვემა გამოსავალი არ არის, მოსახდენი მოხდა და ახლა აქცენტი არა საკუთარ, არამედ ბავშვის გრძნობებზე უნდა დასვათ. შეცდომა ყველას მოსდის და ამის გააზრება უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, მომდევნო კი მისი გამოსწორების გზაზე ფიქრია.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მჩაგვრელი ბავშვი უმეტესად თვითონვე განიცდის ერთგვარ ემოციურ არასტაბილურობას, უჭირს საკუთარი გრძნობების გამოხატვა და სხვისი დაცინვით, სხვისთვის გულის ტკენით ცდილობს დანაკლისის შევსებას. ხშირად ბავშვებს არ აქვთ საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა მშობელს გაუზიარონ საკუთარი განცდები, თუნდაც შური მეგობრის კარგი ნიშნების ან ახალი სათამაშოს მიმართ ან მარტოობით გამოწვეული სევდა. ეს გრძნობები ილექება და ხშირად არასასურველი ქცევით – სხვა ბავშვის ჩაგვრით ვლინდება.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, ჩაგვრა განვიხილოთ როგორც ბავშვის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ეტაპი. მაგალითად, 18 თვის პატარას, რომელსაც ცუდ ჩვევად ექცა სხვების კბენა, დიაგნოზს კი არ ვუსვამთ, რომ “ცუდი” ბავშვია, არამედ ვცდილობთ, გადავაჩვიოთ. ასევე უნდა მოვიქცეთ მოზრდილ ბავშვთანაც, რომელიც სხვას ჩაგრავს – მივაგნოთ მიზეზს და მის აღმოსაფხვრელად ყველაფერი ვიღონოთ.

მერი გორდონი, ფსიქოლოგი და ბავშვის უფლებათა დამცველი, ამბობს, რომ ჩაგვრა არ არის ქრონიკული პროცესი. უბრალოდ, ამ დროს ბავშვი თავისი მოზღვავებული ემოციების ან ფიზიკური ძალის დემონსტრირებას ცდილობს. თუ ჩაგვრა დასაწყისშივე შევამჩნიეთ, მისი აღმოფხვრა გაცილებით ადვილი იქნება. თუ თქვენი შვილი ძლიერ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტრავმას აყენებს სხვა ბავშვებს, სავარაუდოდ, უკვე დიდი ხანია ასე გრძელდება და სათანადო ზომების მიღება აუცილებელია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი “ცუდი” ბავშვი არ არის. ნუ განსაზღვრავთ მის სტატუსს მხოლოდ ამ საქციელით, ნუ მიაკერებთ “ცუდის” იარლიყს; პირიქით, ეცადეთ, მისი დადებითი პიროვნული თვისებები წამოსწიოთ წინ. იარლიყის მიკერება მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს.

 

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

ბუნებრივი და გასაგებია მშობლის ემოციური რეაქცია, როდესაც შეიტყობს, რომ მისი შვილი სხვა ბავშვზე ძალადობს. ბრაზი, სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა ამ დროს მძლავრად გვიტევს. მაგრამ უნდა დავმშვიდდეთ, თავი ხელში ავიყვანოთ, სანამ ბავშვს გავკიცხავდეთ ან, პირიქით, მის დაცვას დავიწყებდეთ.

ბავშვის ამ არასასურველ ქცევაზე საუბრისას აქცენტი მის გრძნობებზე უნდა დასვათ, ეცადოთ გაარკვიოთ, რამ უბიძგა ამ ქმედებისკენ. როდესაც ბრაზი გმართავთ, ნაკლებსავარაუდოა, ეს მოახერხოთ. პირიქით, ასეთ დროს არსებობს საშიშროება, ბავშვი დატუქსოთ, თავი კუთხეში მიმწყვდეულად აგრძნობინოთ და საერთოდ გაუშვათ ხელიდან მასთან გულახდილი საუბრის და ჩაგვრის მიზეზის პოვნის შანსი. ასე რომ, პირველი ნაბიჯი თავის მოთოკვა და დამშვიდებაა. დაითვალეთ ოცამდე, გაესაუბრეთ მეგობარს, გააკეთეთ ყველაფერი, რაც დამშვიდებაში დაგეხმარებათ, რათა თქვენი უარყოფითი ემოციები ბავშვსაც არ გადასდოთ.

გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც თავად ხედავთ, როგორ უქმნის თქვენი შვილი სხვა ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს: გამეტებით ურტყამს, ახრჩობს... ასეთ დროს, რასაკვირველია, დაუყოვნებლივ უნდა ჩაერიოთ და განმუხტოთ სიტუაცია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვის სახალხოდ დატუქსვა პრობლემას ვერ მოაგვარებს. თუ არ გინდათ, თვითმხილველებმა გაგკიცხონ, შვილს ცუდი საქციელისთვის არაფერს ეუბნებაო, შეგიძლიათ, ბავშვს უბრალოდ უთხრათ, რომ არასწორად მოიქცა და მოგვიანებით ამაზე აუცილებლად უნდა ისაუბროთ. ნუ დააძალებთ დაუყოვნებლივ გაუაზრებელი და არასასურველი ბოდიშის მოხდას – ეს თვალთმაქცობა იქნება და ვერც თქვენ, ვერც თქვენს შვილს და ვერც დაჩაგრულ ბავშვს სიკეთეს ვერ მოგიტანთ.

 

მაგალითი მნიშვნელოვანია

დაფიქრდით, ხომ არ ბაძავს ბავშვი ოჯახის რომელიმე წევრს, რომელიც სხვა წევრებზე ძალადობს. აუცილებელი არ არის, ძალადობა ფიზიკური იყოს. კარგად გააანალიზეთ, როგორ გექცევათ მეუღლე თქვენ და ბავშვებს, როგორ იქცევით თავად ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში. შესაძლოა, ბევრი არასასიამოვნო დეტალი აღმოაჩინოთ, მაგრამ ეს აუცილებელია, რადგან ბავშვების ძალადობრივი  ქცევა ყველაზე ხშირად სწორედ ოჯახიდან იღებს სათავეს.

 

გაამახვილეთ ყურადღება ბავშვის გრძნობებზე

უმჯობესია, საუბარი სეირნობისას ან ძილის წინ, ჩაბნელებულ ოთახში გამართოთ, ან მანქანაში, ისე, რომ ბავშვი უკანა სავარძელზე იჯდეს და თვალებში არ უყურებდეთ – ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ასე ის უფრო თავისუფლად ილაპარაკებს თავის საქციელზე.

თავდაპირველად აგრძნობინეთ, რომ არც თქვენ ხართ იდეალური ადამიანი და შეცდომები თქვენც ხშირად მოგდით. მოუყევით ამბავს თქვენი წარსულიდან, როდესაც სხვას გული ატკინეთ, მაგრამ მოგვიანებით მიხვდით შეცდომას, გააცნობიერეთ, რომ იმ ადამიანმა თქვენი საქციელის გამო თავი ცუდად იგრძნო და ამან თქვენც დაგასევდიანათ, მერე კი გულით სთხოვეთ პატიება და ამან ისევ კარგად გაგრძნობინათ თავი.

შეეცადეთ მიახვედროთ, რომ ასეთი ქცევა არა მარტო სხვა ბავშვისთვის, მისთვისაც ცუდია. დაეხმარეთ, გაერკვიოს საკუთარ ემოციებში, მიხვდეს, რომ ამ საქციელით თავი უკეთ არ უგრძნია. საუბრისას ნუ გამოიყენებთ ისეთ ეპითეტებს, როგორიცაა “ცუდი ბავშვი”. ცუდი ბავშვები არ არსებობენ, არსებობს ცუდი ქცევა, რომლის თავიდან აცილება ერთობლივი ძალებით ძნელი არ არის. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მის მხარეს ხართ, მოუსმენთ, გაუგებთ და მასთან ერთად ეცდებით პრობლემის მოგვარებას.

 

სწორი ტაქტიკა

არსებობს ემპათიის ორი ფორმა: კოგნიტიური, როდესაც ფოკუსირებას ვახდენთ სხვა ადამიანის გრძნობებზე და სიტუაციას აღვიქვამთ მისი თვალით და ეფექტური, როდესაც ვფოკუსირდებით საკუთარ გრძნობებზე და მათ ვაფასებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვს იმის გაცნობიერებაში ვეხმარებით, რომ სხვისთვის გულის ტკენით თვითონ უკეთესად არ გახდება, რაც არ უნდა აწუხებდეს, ამით გულზე არ მოეშვება. გორდონი ამბობს, რომ აღწერილ შემთხვევებში უმჯობესია ეფექტური ემპათიის გაღვიძება ვცადოთ, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ტაქტიკა უფრო ჭრის.

ნუ გეყოლებათ ბავშვი მუდმივად კონტროლის ქვეშ, ნუ შებოჭავთ. მიეცით საშუალება, გაიცნოს საკუთარი თავი, დაალაგოს ურთიერთობა მეგობრებთან, მიხვდეს, რა ანიჭებს სიამოვნებას, რა აბრაზებს, რა უბიძგებს აგრესიისკენ. თქვენც დააკვირდით ამ პროცესს, შორიდან შეხედეთ თქვენი შვილის ქცევას არა როგორც მშობელმა, არამედ როგორც გარეშე პირმა, ეცადეთ დაინახოთ ბავშვი სხვა რაკურსით – შესაძლოა, გაოცდეთ, მისი ხასიათის იმდენი მნიშვნელოვანი შტრიხი აღმოაჩინოთ, რომელთათვისაც აქამდე ყურადღება არ მიგიქცევიათ.

 

 ლიკა ქათამაძე

 

 

გააზიარე: