ბუნებრივი კვების შესახებ
გააზიარე:
უცნაური არსებაა ადამიანი: ათასგვარი სიკეთე დააბერტყა თავზე ბუნებამ, ის კი ანბანურ ჭეშმარიტებებსაც საკამათოდ ხდის. აბა, რამდენიმე საუკუნის წინ
ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ქალებს ახსნა ან დაყოლიება დასჭირდებოდათ ბუნებრივზე ბუნებრივი მოვალეობის შესასრულებლად. საბედნიეროდ, დღეს პრინციპულად თითო-ოროლა თუ დავობს. სამაგიეროდ, კვლავ ერთმანეთშია არეული მოძველებული და თანამედროვე რეკომენდაციები იმის თაობაზე, რამდენ საათში ერთხელ უნდა ჭამოს პატარამ, რამდენად უნდა შეიცვალოს დედის რაციონი, როგორ დავადგინოთ, ჰყოფნის თუ არა პატარას რძე... სწორედ ამაზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე.
რატომ უნდა ვკვებოთ ძუძუთი ჩვენი პატარა?
ძუძუთი კვება მუცლადყოფნის პერიოდის საუკეთესო გაგრძელებაა. ბავშვისთვის დედის რძე შეუცვლელი საკვებია, რომელიც ჩვილის ზრდის კვალდაკვალ, მის მოთხოვნილებათა შესაბამისად იცვლება და ოპტიმალური რაოდენობით შეიცავს ყველა იმ ინგრედიენტს, რომელიც კი აუცილებელია ბავშვის ფიზიკური თუ გონებრივი განვითარებისთვის – წყალს, ცილებს, ნახშირწყლებს, ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებსა და მინერალებს. ამავე დროს, დედის რძე შეიცავს ფერმენტებს, რის გამოც იგი ადვილი მოსანელებელია. ყოველივე ამასთან ერთად, ქალის რძეში არის დამცველობითი ნივთიერებები – ანტისხეულები, რომლებიც ჩვილს ინფექციური დაავადებებისაგან იცავს. განსაკუთრებით მდიდარია ანტისხეულებით ხსენი, ამიტომ მის მიღებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პრაქტიკულად, ეს ახალშობილის პირველი იმუნიზაციაა. ამავე დროს, ძუძუთი კვება მოხერხებულია, რადგან, ხელოვნური საკვებისგან განსხვავებით, დედის რძეს არ სჭირდება მომზადება, შეთბობა, საწოვარას სტერილიზაცია... დაბოლოს, ბუნებრივი კვება ეკონომიურია, ზოგავს ოჯახის ბიუჯეტს – ხელოვნური საკვები ხომ ძვირია – და ქვეყნის ხაზინას, რადგან ამცირებს ბავშვის მკურნალობისა და ჰოსპიტალიზაციისთვის გაწეულ ხარჯს.
გახსოვდეთ: ძუძუთი კვება დედისთვისაც სასარგებლოა. იგი მშობიარობის შემდგომი სისხლდენისაგან იცავს, რადგან ხელს უწყობს საშვილოსნოს დროულ შეკუმშვას; ამავე დროს ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხეების ავთვისებიანი დაავადებების განვითარების რისკს.
ცოტა რამ რეჟიმზე
სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ბავშვებს სამშობიაროდანვე აჩვევდნენ წესრიგს, დედიკოს მხოლოდ სამ საათში ერთხელ აჩვენებდნენ, თანაც სულ რამდენიმე წუთით. ამის შემდეგ ის კი არ უნდა გაგვიკვირდეს, ბევრს მალევე რომ უხდებოდა დამატებითი საკვების მიცემა, არამედ ის, ზოგიერთი ღიპუცა მაინც რომ ახერხებდა, რამდენიმე თვე საკმაო რაოდენობით ეწრუპა ბუნებრივი ფია. მას შემდეგ მრავალი გამოკვლევა ჩატარდა და დამტკიცდა, რომ თავისუფალი რეჟიმი როგორც ბავშვისთვის, ასევე დედისთვისაც ბევრად უფრო მოხერხებული და სასარგებლოა. ჯერ ერთი, ხშირი კვება და სარძევეჯირკვლის დაცლა რძის წარმოქმნას აძლიერებს. მეორე – ქალის რძე კუჭში ხელოვნურ ნარევზე ნაკლებ ხანს ყოვნდება, ამიტომ არც კუჭის გადატვირთვისა და მონელების დარღვევისა უნდა შეგვეშინდეს. ამქვეყნად ახალმოვლენილმა ადამიანებმა თავიანთი საქმე მშვენივრად იციან, ამიტომაც ჯობს, გასტრონომიული მოთხოვნილებების დროის დადგენა მათვე მივანდოთ.
ძუძუ ბავშვს მაშინვე მიაწოდეთ, როგორც კი შიმშილის გამოხატვას დაიწყებს. შიმშილი შეიძლება გამოხატოს ბგერებით, ტუჩების ცმაცუნით, წოვითი მოძრაობით. ტირილი შიმშილის უკიდურესი გამოხატულებაა, ამიტომ ჯობს, საქმე აქამდე არ მივიყვანოთ.
კვების დროს ძუძუ მთლიანად უნდა დაიცალოს რძისგან. თუ თქვენი პატარა ამას ვერ ახერხებს, რძე გამოიწველეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რძის ბოლო ულუფების მიცემა, რადგან იგი ცხიმით არის მდიდარი და წონის მატებას უწყობს ხელს.
დაბადებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში ბავშვს დედის რძის გარდა ნურაფერს მისცემთ – ნურც წყალს, ნურც სხვა საკვებს. ბუნებრივია, არ ვგულისხმობთ იმ გამონაკლისებს, როცა ჩვილს რძე არ ჰყოფნის, თუმცა ამაზე – ქვემოთ.
ბავშვი თავად არეგულირებს საკვების ულუფას. დროული, ჯანმრთელი ახალშობილი და ჩვილი საშუალოდ 15-30 წუთის განმავლობაში წოვენ ძუძუს. იშვიათად კვება 40 წუთსაც გრძელდება. წოვის ხანგრძლივობის შეზღუდვა მიზანშეწონილი არ არის. ეს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ თვისებებსა და აქტიურობაზეა დამოკიდებული.
პირველი დამატებითი საკვები ბავშვს 6 თვიდან უნდა მისცეთ, რადგან ამ ასაკიდან დედის რძე საკმარისი აღარ არის.
თუ ბავშვი მთლიანად ცლის ერთ ძუძუს, მაგრამ ვერ კმაყოფილდება, კვება მეორეთი უნდა გაგრძელდეს. მომდევნო კვება იწყება იმ ძუძუთი, რომლითაც დამთავრდა წინა.
არ არის რეკომენდებული ე.წ. პრელაქტაციური საკვების – ძუძუთი კვების დაწყებამდე სხვა საკვების (ხელოვნური ნარევი, გლუკოზის ხსნარი, წყალი) მიცემა. ასეთი პრაქტიკა ხელს უშლის წარმატებული ლაქტაციის განხორციელებას. საბედნიეროდ, სამშობიარო სახლების უმრავლესობამ მსგავს პრაქტიკაზე უარი თქვა. თუ ასეთი რამ გირჩიეს, აუცილებლად მოითხოვეთ სხვა პედიატრის კონსულტაცია. მიუღებელია ხელოვნური საკვების მიცემა იმ მიზნით, რომ დედას საკეისროს შემდეგ ძალ-ღონის აღსადგენად დრო მივცეთ ან სტრესის შემთხვევაში ძუძუ დავზოგოთ.
სჭირდება თუ არა მეძუძურ ქალს დიეტა?
არავითარ შემთხვევაში. მეძუძური ქალისთვის სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებაა აუცილებელი. სითხე მიიღეთ მოთხოვნილებისამებრ. ყოველი ახალი საკვები მცირე ულუფით ჩართეთ რაციონში. თუ პატარას გამონაყარი გაუჩნდა, ეს საკვები რაციონიდან უნდა ამოიღოთ.
ძუძუს წოვებისას ნუ მიიღებთ კოფეინის შემცველ პროდუქტებს: მაგარ ჩაის, ყავას, კოლას. ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს წევა ხომ, საერთოდ, დაუშვებელია. ერიდეთ ნივრიან, სანელებლებიან საკვებს, უმ ხახვს – ეს პროდუქტები რძეს გემოს უცვლის და შესაძლოა, პატარამ კვებაზე უარი თქვას.
როგორ გავიგოთ, ჰყოფნის თუ არა რძე ჩვილს?
დაივიწყეთ ერთ დროს საკმაოდ გავრცელებული რძის კალორიულობის განსაზღვრა ან საკონტროლო აწონა. დედის რძე ცოცხალი ორგანიზმია და მისი შემადგენლობა (მათ შორის – კალორიულობაც) განუწყვეტლივ იცვლება. ცვალებადია პატარას მადაც. ერთ ჯერზე შეიძლება 20 გრამი გამოწოვოს, მეორედ – 120 გრამი. ასე რომ, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ აწონით ზოგად დასკვნებს ვერ გამოვიტანთ. მით უმეტეს, რომ სასწორისკენ და პირუკუ სირბილი ნერვულ ფონს ქმნის, რაც არც პატარას და არც დედას ნამდვილად არ წაადგებათ.
ჰყოფნის თუ არა პატარას რძე, ამგვარადაც შეგვიძლია შევაფასოთ:
. კვების შემდეგ ბავშვი კმაყოფილია, ხშირად იძინებს;
. აქვს რეგულარული კუჭის მოქმედება, ზოგჯერ – ყოველი კვების შემდეგაც;
. იმატებს კვირაში საშუალოდ 125-150 გრამს;
. შარდავს დღე-ღამეში 6-8-ჯერ მაინც.
როცა ბავშვი ტირის, ხშირად გამოითქმის ვარაუდი, რომ დედის რძე საკმარისი არ არის და ხელოვნური საკვების დამატებაზე იწყება ფიქრი. სინამდვილეში კი შესაძლოა პატარას მუცელი ან ყური სტკივა ან, უბრალოდ, ალერსი სურს.
რძის ნაკლებობის შეგრძნება დედას ჩვილის ზრდის ე.წ. კრიტიკულ პერიოდებში უჩნდება (ამ პერიოდებს ექიმები ლაქტაციის კრიზებს ვეძახით). უმეტესად ასეთი პერიოდია დაბადებიდან მე-3-4 დღე, მე-3-4 კვირა, მე-3-4 თვე და ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ცვლილებებს უკავშირდება. რძე ამ დღეებში მართლაც შედარებით ნაკლებია, მაგრამ პატარასთვის ეს ერთგვარი დიეტა სრულიად უვნებელია. დედებს ვურჩევთ, დამშვიდდნენ და ბავშვს ამ დღეებში უფრო ხშირად აწოვონ ძუძუ. რამდენიმე დღის შემდეგ რძის რაოდენობა თავისთავად მოიმატებს. თუ პანიკას ავყვებით და ბავშვს მაშინვე ხელოვნურ საკვებს გავასინჯებთ, შესაძლოა, უშრომელი შემოსავალი მოეწონოს კიდეც – დაგვეთანხმებით, ბუნებრივი კვება ხელოვნურთან შედარებით მეტ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს, მეორეც, სავსე მუცლით პატარა ბევრად უფრო ნაკლებს მოწოვს, შესაბამისად, დედის რძის რაოდენობაც უფრო და უფრო დაიკლებს.
კიდევ ერთი მარტივი წესი დაიმახსოვრეთ: თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ პატარას რძე არ ჰყოფნის, პირველ რიგში სცადეთ დამშვიდდეთ, დაისვენოთ და მსუნაგს ფაქტობრივად ყოველი წამოტირებისას ძუძუ შესთავაზოთ. თუ რამდენიმე დღეში ეჭვი არ გაგიქრათ, პედიატრს მიმართეთ და ხელოვნური საკვების დამატების საკითხი მასთან ერთად გადაწყვიტეთ. არ მისცეთ ბავშვს ხელოვნური საკვები საკუთარი ინიციატივით, ექიმის რჩევის გარეშე.
გავიკეთოთ თუ არა ანალიზი რძის შემადგენლობის გასარკვევად?
არა. ეს არაინფორმაციულია. დედის რძე, ჩვილის მოთხოვნილებისამებრ, მუდმივად იცვლება, ამიტომ მის გამოკვლევას აზრი არ აქვს.
ძუძუთი კვება და მედიკამენტები
ძუძუთი კვების პერიოდში მედიკამენტი დაგჭირდათ? ნუ მიიღებთ მას ექიმთან შეუთანხმებლად. გახსოვდეთ, რომ მედიკმენტების დიდი ნაწილი რძეში ადვილად გადადის და შესაძლოა, ბავშვს ავნოს.
დახეთქილი დვრილები
ეს ძალიან მტკივნეულია!
დვრილების დახეთქვის მიზეზი უმეტესად ძუძუზე არასწორი მოჭიდებაა, ამიტომ აუცილებელია მოჭიდების სწორი პოზიციის შერჩევა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არ შეიძლება მჭიდრო თეთრეულის ტარება. ნუ დაიმუშავებთ დვრილებს ანტისეპტიკური ხსნარებითა და სხვადასხვა მალამოთი. ყოველი კვების შემდეგ დვრილებზე გამოწველილი რძე წაისვით და ჰაერზე გაიშრეთ – ეს მათთვის საუკეთესო წამალია!
ძუძუზე სწორი მოჭიდების ნიშნებია:
. ბავშვი მთელი ტანით არის შეტრიალებული დედისკენ და ეხება მის სხეულს.
. ნიკაპი ძუძუზე აქვს მიბჯენილი.
. პირი ფართოდ აქვს გაღებული, კარგად ჩანს პირის ღრუს ლორწოვანი.
. ლოყები გამობერილია და არ მონაწილეობს წოვით აქტში.
. ბავშვი მოჭიდებულია არა მარტო ძუძუს დვრილს, არამედ მასთან ერთად არეოლის დიდ ნაწილსაც.
. ბავშვის ზედა ტუჩთან არეოლის უფრო მეტი ნაწილი ჩანს, ვიდრე ქვედასთან.
. ყოველ 1-2 წოვას ყლაპვა მოჰყვება.
. ბავშვი კმაყოფილია, მშვიდადაა.
. დედას ძუძუ არ სტკივა.
ბუნებრივი კონტრაცეფცია
თუ ხელახლა დაორსულებას არ აპირებთ და ჩვილი ბუნებრივ კვებაზე გყავთ, არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება ლაქტაციური ამენორეის მეთოდით შეიძლება. მეთოდი ემყარება მეძუძური დედის ორგანიზმის ჰორმონულ თავისებურებებს, რის გამოც ძუძუთი კვების პერიოდში ქალი კარგავს განაყოფიერების უნარს. გახსოვდეთ, რომ მეთოდის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ:
. პატარა 6 თვემდე ასაკისაა და არ იღებს სხვა საკვებს ან სითხეს, გარდა დედის რძისა.
. მშობიარობის შემდეგ მენსტრუაცია ჯერ არ მოგსვლიათ.
. ბავშვი იკვებება ყოველგვარი თავს მოხვეული რეჟიმის გარეშე, როცა თვითონ სურს, დაახლოებით 8-12-ჯერ დღე-ღამეში; კვებათა შორის ინტერვალი დღისით – 3-4, ღამით კი 6 საათს არ აღემატება.
მეორეს ველოდებით
საკმაო საფუძველია თუ არა მომდევნო ორსულობა უფროსი შვილის ძუძუდან მოსაწყვეტად? მედიცინის მუშაკებს ამის თაობაზე სხვადასხვა აზრი აქვთ. ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტები და ბუნებრივი კვების ხელშემწყობი ორგანიზაცია La Leche League International ამტკიცებენ, რომ არ არსებობს მონაცემები, თითქოს ძუძუს წოვება უფროს შვილს ან დედის წიაღში მყოფ პატარას რამეს ავნებს ან აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს წაართმევს. ძუძუს წოვებამ შეიძლება საშვილოსნოს შეკუმშვა გამოიწვიოს, მაგრამ ეს ნორმალურად მიმდინარე ორსულობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. სადღეისოდ არ არსებობს სპეციფიკური გაიდლაინი, რომელიც მიუთითებდა, რა შემთხვევაშია სარისკო ძუძუს წოვება, ამიტომ მეანთა რეკომენდაციები სხვადასხვანაირია.
თუ დედა ძუძუს წოვებას განაგრძობს, ორსულობის მე-4-5 თვისთვის, ჰორმონული ცვლილებების გამო, რძის რაოდენობა თავისთავად მცირდება. იმავე მიზეზით შეიძლება რძემ გემოც იცვალოს. ამის გამო შედარებით დიდი ბავშვები უფრო და უფრო იშვიათად წოვენ ან საერთოდ თავს ანებებენ ძუძუს.
თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვი ძუძუს მოსწყვიტოთ, ყველაზე ადვილი გზა შესაძლოა თანდათანობითი მეთოდი აღმოჩნდეს: ამერიკაში მიდგომა ”უარი არ უთხრა, მაგრამ არ შესთავაზო” თურმე ყველაზე მეტად ამართლებს. ეცადეთ წინასწარ გამოიცნოთ, როდის მოინდომებს პატარა ძუძუს და ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინეთ ან სხვა ჯანსაღი ნუგბარი შესთავაზეთ. სამაგიეროდ, უფრო ხშირად მოეფერეთ და ყურადღება არ მოაკლოთ. იმავე ორგანიზაციების რჩევით, არც უფროსისა და პაწაწინასთვის ძუძუს ერთდროული წოვებაა მიუღებელი. ასეა თუ ისე, ეს მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია.
ძუძუთი კვების გაკვეთილები
თითქოსდა, ინსტინქტს სწავლება რად უნდა. და მაინც, სწორი პოზიცია თქვენც და თქვენს პატარასაც საქმეს საგრძნობლად გაგიადვილებთ. კომფორტისთვის ნურც დამატებითი ბალიშებისა თუ ფეხის დასადგმელი პატარა სკამის გამოყენებას მოერიდებით. თანაც გახსოვდეთ: რაც ერთი კვებისთვის მოხერხებული იყო, მომდევნო ჯერზე შესაძლოა აღარ გამოგადგეთ.
აკვანი
მარტივი და ყველაზე გავრცელებული, დედებისა და პაწიების უმრავლესობისთვის კომფორტული. ბავშვი მოხრილ მკლავზე გადაიწვინეთ ისე, რომ თავი თქვენს იდაყვზე ედოს, მტევნით ტაკუცებს უჭერდეთ, ცხვირი კი ძუძუსთავს გაუსწორდეს. მოაბრუნეთ გვერდზე ისე, რომ მუცლით თქვენს მუცელს შეეხოს. მეორე ხელით შეგიძლიათ ძუძუსთავი დაიჭიროთ და პირში ჩადება გაუადვილოთ.
ხიდი
ეს პოზიციაც აკვნისას ჰგავს, მხოლოდ მკლავების განლაგებით განსხვავდება: მოსაწოვებელი ძუძუს მხარეს ხელი მკერდის დასაფიქსირებლად გამოიყენეთ; მეორე ხელი ბავშვის ზურგს უნდა მიუყვებოდეს, მტევნით კი თავს უჭერდეთ ისე, რომ ხელისგული კეფას ამოსდოთ, ცერი და საჩვენებელი თითები კი ყურებთან მოხვდეს. ზედა პოზიციის მსგავსად, თქვენი მუცლები ერთმანეთს უნდა უყურებდეს.
ხიდის პოზიცია გამოსადეგია დღენაკლულებისა და წოვის სუსტი რეფლექსის მქონე ბავშვებისთვის, რადგან მისი თავის უფრო მყარად დაფიქსირებისსაშუალებას იძლევა და შესაძლოა, ძუძუზე მოკიდება გაუადვილოს. ბევრი დედა აღნიშნავს, რომ ამ პოზიციაში ბავშვი ძუძუს პირში უფრო ღრმად იდებს.
ფეხბურთელი
მოხერხებულია საკეისრო კვეთის შემდეგ, ასევე – დიდი მკერდის, ბრტყელი ან ჩაბრუნებული ძუძუსთავების ანდა რძის მოწოლის მკვეთრად გამოხატული რეფლექსის შემთხვევაში. ბავშვი იღლიის ქვეშ ბალიშზე დაიწვინეთ, ისე, რომ მაღლა იყურებოდეს. იმავე ხელით კეფა დაუფიქსირეთ და ტანზე მიიკარით. მისი ფეხები და ტერფები თქვენს უკან უნდა აღმოჩნდეს.
ნებიერა
დასვენების წუთებს გაჩუქებთ და ნაოპერაციევ მუცელს პაწაწინას წიხლებისგან დაიცავს. ბავშვი გვერდით მოიწვინეთ პირით თქვენკენ, ისე, რომ მისი ცხვირი თქვენი დვრილის წინ აღმოჩნდეს. ქვემოთ მოქცეული ხელით პატარას ზურგი დაუჭირეთ. შეგიძლიათ, ამავე მიზნით დახვეული თხელი პლედი გამოიყენოთ, ხელი კი თავქვეშ ამოიდოთ. მეორე ხელით შეგიძლიათ ძუძუ დაიჭიროთ და ბავშვს მოჭიდება გაუადვილოთ.