ბავშვები და ემპათია

გააზიარე:

“ემპათია არის უნარი, დაინახო სხვისი თვალით, მოისმინო სხვისი ყურით და იგრძნო სხვისი გულით”.

ალფრედ ადლერი

 

ჩვენს სინამდვილეში, როდესაც ასე გახშირდა ძალადობა და დღე არ გავა, ახალი მკვლელობის შესახებ არ გავიგონოთ, ალბათ ბევრს გასჩენია კითხვა: რა დაემართა სიკეთეს, თანაგრძნობას? ყველას გვინდა, ჩვენი შვილები მოერგონ ამ სამყაროს, არ დაიჩაგრონ, მაგრამ, იმავდროულად, ვიღვწით, რომ ისინი კეთილ ადამიანებად აღვზარდოთ, ადამიანებად, რომლებსაც ესმით სხვისი გულისტკივილი და ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად.

ჩვილს სრულიადაც არ ადარდებს, რომ დედა ღამეებს უთევს, მაგრამ ზრდა-განვითარებასთან ერთად ბავშვი აცნობიერებს, რომ მასაც აკისრია განსაზღვრული ვალდებულებები, რომ ოჯახის წევრები მხარში უნდა ედგნენ ერთმანეთს, ზრუნავდნენ ერთმანეთსა და გარე სამყაროზე.

ბავშვისთვის ემპათიის უნარის განვითარებაში მშობლებს დიდი წვლილის შეტანა შეგვიძლია.

 

ისაუბრეთ გრძნობებზე

“ემპათიის კარიბჭე ემოციების განვითარებაა”, – ეს სიტყვები ცნობილ ფსიქოთერაპევტს მიშელ ბობრას ეკუთვნის. ბავშვისთვის გრძნობების გამოხატვის უნარის განვითარებაზე სწორედ მშობლებმა უნდა იზრუნონ, მით უმეტეს – თანამედროვე ციფრულ სამყაროში, სადაც პირისპირ საუბარი და რეალური ემოციების ერთმანეთისთვის გაზიარება იშვიათობაა. დღეს ბავშვები ემოციებს ემოჯის საშუალებით გამოხატავენ, რაც თრგუნავს რეალურ სამყაროში მათი გამოხატვის უნარს. ამ უნარის წასახალისებლად შეგიძლიათ წესად შემოიღოთ, საუბრისას ბავშვი დააკვირდეს თანამოსაუბრის თვალების ფერს. ეს ემოციურ კავშირს გააძლიერებს.

სხვისი გრძნობების გააზრებამდე ბავშვი ჯერ საკუთარში უნდა გაერკვიოს, ამიტომ მცირე ასაკიდანვე ესაუბრეთ გრძნობების ენაზე. მაგალითად, უთხარით: “ვხედავ, რაღაც ძალიან გეწყინა”, ან “ვხედავ, პარკში გასეირნებამ გაგაბედნიერა. მოდი, ხშირად წავიდეთ ხოლმე”. მას შემდეგ, რაც ბავშვი საკუთარ ემოციებში გაერკვევა და მათ მართვას ისწავლის, სხვისი გრძნობების გაგებასაც უფრო ადვილად მოახერხებს.

ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ გრძნობები ისევე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, როგორც ციფრებსა თუ ფერებს ვასწავლით. სეირნობისას ალბათ ხშირად გიკითხავთ პატარასთვის: “აბა, იმ გოგონას ქურთუკი რა ფერია? რამდენი ჩიტი ზის მოაჯირზე?” ასევე შეგიძლიათ, გაავარჯიშოთ გრძნობების ამოცნობაშიც: “ხედავ იმ ბიჭს, სკამზე რომ ზის? როგორ ფიქრობ, მოწყენილია თუ კარგ გუნებაზეა?”

შეგიძლიათ, შინაც ითამაშოთ “გრძნობების გამოცნობანა”: თქვენ და თქვენმა პატარამ რიგრიგობით მიიღოთ სხვადასხვა ემოციის გამომხატველი გამომეტყველება და ეცადოთ გამოიცნოთ, რას “გრძნობს” მეორე მოთამაშე. ასე ბავშვის გონება მიეჩვევა, შეამჩნიოს და ამოიცნოს სხვა ადამიანების ემოციები.

მას შემდეგ, რაც ბავშვი გაიგებს, რა და რა სახის ემოციები არსებობს და როგორ მოქმედებს თავად მასზე ესა თუ ის მოვლენა, შეგიძლიათ, მისდამი სხვების დამოკიდებულებაზეც ესაუბროთ: “როგორ ფიქრობ, ბაღში მეგობარს რომ დაარტყი, როგორ გუნებაზე დადგებოდა?” ან “ძალიან მაწყენინე, მუშტი რომ მომიქნიე”.

 

გამოიყენეთ მედია თქვენს სასარგებლოდ

ფილმების ერთად ყურება და წიგნების კითხვა ემპათიის აღზრდის შესანიშნავი გზაა. განიხილეთ შემთხვევები, როდესაც ფილმის ან წიგნის გმირები კეთილ საქმეს აკეთებენ და სხვებს ახარებენ ან თავიანთი არასწორი საქციელით ვინმეს გულს სტკენენ. ერთად წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდა თავს ის პერსონაჟი, რომელსაც აწყენინეს ან რომელიც ძალიან გაახარეს. ასე ბავშვი ორივე მხარის გრძნობების გაგებას ისწავლის.

 

მიეცით მაგალითი

შეგიძლიათ, ბავშვს ყოველდღე შეახსენოთ, რომ იფიქროს იმაზე, რას გრძნობენ სხვები, მაგრამ თუ თავად არ იქცევით ასე და თქვენს მაგალითზე ბავშვი სრულიად საპირისპიროს ხედავს, თქვენს სიტყვას არავითარი ფასი არ ექნება.

უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა სცეთ თვითონ ბავშვის გრძნობებსა და ემოციებს. ყოველთვის ჰკითხეთ (რბილად, არა  დაჟნებით), რა აწუხებს, რატომ არის უგუნებოდ. საკუთარ გრძნობებზეც ესაუბრეთ, მოუყევით, სამსახურში კოლეგამ როგორ გაწყენინათ ან დაბადების დღეზე როგორ მოგიწყვეს სიურპრიზი და გაგახარეს.

ნამდვილად ძნელია, რამდენიმე ბავშვი ერთდროულად ასაუზმო, ტანსაცმლის დროულად ჩაცმას და სახლიდან დროულად გასვლას კი ხმის აუწევლად მიაღწიო, მაგრამ სანამ აყვირდებით, ყოველთვის სცადეთ მშვიდად ახსნა, მაგალითად: “ვიცი, რომ ძალიან გინდათ ამ მულტფილმის დასასრულის ნახვა, მაგრამ თუ ამდენ ხანს შევყოვნდით შინ, სკოლაში დაგვაგვიანდება, ეს კი უპასუხისმგებლო საქციელი იქნება”. თუ დილით ამ საუბრის გამართვა შეუძლებელია, საღამოს, ძილის წინ აუხსენით ეს ყველაფერი, რათა მეორე დილით გაითვალისწინონ.

 

შეაქეთ გამოჩენილი სიკეთისთვის

ბავშვებს ყოველთვის ვაქებთ კარგი ქცევისთვის, კარგი ნიშნებისთვის... ასევე შეაქეთ სიკეთისთვისაც.

მაგალითად, უთხარით: “რა კარგი საქციელი იყო შენი მხრივ იმ პატარა ბიჭისთვის სათამაშოს თხოვება, დაინახე, როგორ გაუხარდა?” ბავშვი მიხვდება, რომ სიკეთე მნიშვნელოვანია, რადგან მშობელი მასზე ასე ამახვილებს ყურადღებას. როდესაც პატარა საკუთარი თავის კეთილ ადამიანად აღქმას დაიწყებს, მისი ქცევაც ამ სტატუსის შესაფერისი გახდება.

 

ესაუბრეთ განსხვავებებზე

ჩვენი შვილები იზრდებიან სამყაროში, სადაც ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან კულტურით, მრწამსით, ღირებულებებით, ეთნიკური წარმომავლობით, გარეგნობით, ქმედობაუნარიანობით... ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ, განურჩევლად იმისა, იზიარებს თუ არა სხვა ადამიანის შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე, ყოველთვის საჭიროა, პატივი სცეს განსხვავებულ აზრს.

უამრავი გზა არსებობს იმისთვის, რომ ბავშვს სამყაროს მრავალფეროვნება გავაცნოთ: წიგნები, გადაცემები, მუზეუმები, მოგზაურობა... ასევე მნიშვნელოვანია განსხვავებული ადამიანების პატივისცემის მნიშვნელობის გააზრებაც, რთული ყოფაქცევის თანაკლასელი იქნება ეს, ეტლით მოსარგებლე მასწავლებელი თუ მეზობლად მცხოვრები ემიგრანტი. როდესაც ბავშვი შეეჩვევა საკუთარ გარემოში განსხვავებული ადამიანების არსებობას, მათთან კომუნიკაციას, მათ პატივისცემას, აღარც უფრო ფართო მასშტაბით გაუჭირდება იმავეს გაკეთება.

სასურველია, აკრძალოთ სახლში რასისტული თუ სხვა, თქვენგან განსხვავებული ადამიანების დამამცირებელი ხუმრობები და ანეკდოტები – როდესაც ბავშვს რეგულარულად ესმის რაღაც დამცინავ კონტექსტში, მომავალში ძალიან გაძნელდება მისი ამ წარმოდგენის პოზიტიური საუბრით გაქარწყლება.

 

აღიარეთ საკუთარი შეცდომები

თუ ბავშვთან ერთად სურსათის რიგში მდგომს ვიღაცამ ურიგოდ გადაგასწროთ, თქვენ კი ამაზე ერთი ამბავი დააწიეთ, არ გაატარეთ და გამოლანძღეთ კიდეც, აუცილებელია, ეს საქციელი გამოასწოროთ, რათა ბავშვმა აგრესია ნორმალურად არ მიიჩნიოს. როდესაც შინ დაბრუნდებით, მშვიდად აუხსენით, რომ მართალია, ის ქალი არასწორად მოიქცა, როდესაც ურიგოდ ჩაგიდგათ წინ, – შეეძლო, უბრალოდ ეთხოვა რიგის დათმობა, რადგან ძალიან მძიმე პაკეტი ეჭირა ხელში, – მაგრამ თქვენი საქციელიც არ იყო სწორი, რადგან აგრესიას ვერაფერი ამართლებს. შეგეძლოთ, წყნარად მიგეცათ შენიშვნა, გეთქვათ, რომ ბავშვი გახლდათ და თქვენც არანაკლებ გეჩქარებოდათ.

მშობლის ასეთი ქცევა ბავშვზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს. უფროსის მიერ საკუთარი შეცდომის აღიარება და უკეთესი გამოსავლის პოვნაზე ფიქრი მასაც უბიძგებს, მსგავს შემთხვევებში ამგვარადვე მოიქცეს.

 

აქციეთ სიკეთე ოჯახურ აქტივობად

რამდენიმე თვეში ერთხელ ან მაშინ, როდესაც შეატყობთ, რომ ბავშვს ზოგიერთი სათამაშო მობეზრდა, გაესაუბრეთ იმის შესახებ, რომ არსებობენ ბავშვები, რომლებსაც ეს სათამაშოები ძალიან გაახარებს. შეგიძლიათ, სათამაშოებთან ერთად ტანსაცმელიც გადააწყოთ (მაგალითი აქაც თქვენ უნდა მისცეთ, მაგრამ არამც და არამც არ დააძალოთ). კარგი იქნება, თუ ამ ნივთებს თავად მიიტანთ თავშესაფარში ან სხვა ადგილას და ბავშვი საკუთარი თვალით დაინახავს, რამხელა ბედნიერების მოტანა შეუძლია სიკეთეს, თუნდაც მცირედს. იმ გრძნობას კი, რასაც სხვისთვის ბედნიერების მინიჭება გვგვრის, ძნელად თუ შეედრება რამე.

 

 ლიკა ქათამაძე

 

 

გააზიარე: