სამშობიარო სახლები: ტრადიცია და თანამედროვე მოთხოვნები

გააზიარე:

სულ ორიოდე საუკუნის წინათ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მშობიარე უწმინდურად მიაჩნდათ და განცალკევებით მდგარ ქოხში მარტო ტოვებდნენ. XX საუკუნის დასაწყისის ქართველი ექიმები 

დაწვრილებით აღწერდნენ, რამხელა შრომის გაწევა უხდებოდათ ქალების დასარწმუნებლად, სახლში მშობიარობის მავნე პრაქტიკაზე უარი ეთქვათ და უპირატესობა სამშობიაროსთვის მიენიჭებინათ. დღეს მარტო თბილისში უამრავი სამშობიაროა და ყველა სხვადასხვა პირობებს გვთავაზობს, ყველა თვითონვე ადგენს საკუთარ წესებს. რამდენად სასარგებლოა ესა თუ ის მიდგომა დედისა და შვილის ჯანმრთელობისთვის ან რისი მოთხოვნის უფლება გვაქვს ქართველ დედებს? ამის თაობაზე გვესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის ხაზინადარი, მეან-გინეკოლოგი ლელა შენგელია.

– მთავარი პრინციპი, რასაც ემყარება თანამედროვე მედიცინა, სადავო არც უნდა იყოს: ორსულობა ფიზიოლოგიური მოვლენაა და არა დაავადება. მშობიარობა წინასწარ არ უნდა განვიხილოთ პრობლემად, ხოლო ახალშობილი – პაციენტად. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ ასათიანმა მურმან ლომაიასთან ერთად შექმნა ფიზიოლოგიური მშობიარობის გაიდლაინი, რომელიც საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არის დამტკიცებული და საუკეთესო რეკომენდებულ პრაქტიკად ითვლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.
– გაიდლაინი მედიცინის მუშაკებისთვის არის განკუთვნილი; რამდენად საინტერესო და სასარგებლოა მის ცალკეულ დებულებათა ცოდნა ჩვეულებრივი მკითხველისთვის?
– რა თქმა უნდა, გაიდლაინის შექმნის მიზანი საზოგადოების ინფორმირება არ ყოფილა, თუმცა, ვფიქრობ, სწორსა და არასწორს შორის, თანამედროვე და მოძველებულ მიდგომებს შორის განსხვავების ცოდნა ძალიან სასარგებლოა სამშობიაროს ნებისმიერი ქალისთვის. ქალებს აქვთ უფლება, თავიანთი  უფლებები იცოდნენ. მით უმეტეს, დღევანდელ დღემდე სამეანო პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება ჩარევები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებზეა დაფუძნებული და არა სამეცნიერო მტკიცებულებებზე. არადა, თითქმის ყველა ქვეყნის ექსპერტები გვირჩევენ, ფიზიოლოგიური მშობიარობისას ანუ მშობიარობის ასიდან 70%-ზე მეტ შემთხვევაში ჩარევა მაქსიმალურად შეზღუდოს და პაციენტცენტრული მიდგომები დაინერგოს.
– რას გულისხმობს ეს მიდგომები?
– თანამედროვე რეკომენდაციები ერთხმად მოითხოვს სამშობიარო სახლში მოთავსებასთან დაკავშირებული სტრესისა და უხერხულობის შემცირებას. მშობიარე და მისი თანხმლები პირები სამედიცინო პერსონალისგან მაქსიმალურ მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას უნდა გრძნობდნენ. სავადმყოფოს ხალათის ჩაცმაც მთლიანად მშობიარის ნება-სურვილზე უნდა იყოს დამოკიდებული. მრავალ ქალს ურჩევნია, შინიდან თვითონ მიიტანოს ტანსაცმელი და თეთრეული. ეს მას ინდივიდუალობის შენარჩუნებაში ეხმარება. გაიდლაინი მოგვიწოდებს, მის სურვილს პატივი ვცეთ. ვინაიდან ოჯახის წევრებისა და ნათესავების გარემოცვაში მშობიარობას აქვს გარკვეული უპირატესობა, აუცილებელია, საავადმყოფოს პირობებში შეიქმნას გარემო, რომელიც მიახლოებულია სახლის პირობებთან: ე. წ. სამშობიარო ოთახები საწოლებით, ტელევიზორით, სარწეველა სავარძლითა და ფარდებით. ზოგიერთ სამშობიაროში ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება მშობიარის გადაყვანა წინასამშობიარო პალატიდან სამშობიარო დარბაზში მეორე პერიოდის დასაწყისში. ჩვეულებრივ, სამშობიარო ბლოკი აღჭურვილია სანათურებით, საწოლებით, რომლებსაც აქვს ფეხების დასადები და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ოთახები სამედიცინო პერსონალისთვის უფრო ხელსაყრელია, ქალისთვის ტრანსპორტირება არასასურველია და არასასიამოვნო. ნორმალური მშობიარობის დროს არც არის აუცილებელი ქალის სხვაგან გადაყვანა. სავსებით შესაძლებელია, იმავე ოთახში მოვამშობიაროთ, სადაც მიმდინარეობდა მშობიარობის პირველი პერიოდი.
ბებიაქალმა და ექიმმა ორსულს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია და აუხსნან ყველა იმ პროცედურისა და გამოკვლევის მნიშვნელობა, რომელიც მას უნდა ჩაუტარდეს. ექიმმა მშობიარე აუცილებლად აუცილებლად მშვიდ გარემოში უნდა გასინჯოს, ნებისმიერი გარეშე პირის დასწრება თუ შემოსვლა აკრძალული უნდა იყოს. თუ ქალს სურვილი აქვს, გასინჯვას შეიძლება ახლობელი დაესწროს.
– მაგრამ რაც არ უნდა კეთილგანწყობილი პერსონალი დაგხვდეს, სამშობიაროში მოხვედრისას უსიამოვნო და უხერხული პროცედურები, მაგალითად, ოყნა და ბოქვენის გაპარსვა მაინც გარდაუვალია...
– ნაწლავების რუტინული მომზადება იმდენად წესად არის ქცეული, რომ სხვაგვარი მიდგომა არამცთუ მშობიარეებს, ხშირად ექიმებსაც ვერ წარმოუდგენიათ. თეორიულად მისი მიზანი საშვილოსნოს შეკუმშვების სტიმულაცია და ნაწლავების გათავისუფლება, თავის წინმსვლელობის გაადვილება და ნაწლავთა შიგთავსით მშობიარისა და ახალშობილის ინფიცირების რისკის დაქვეითებაა. პროცედურას კომფორტულს, სამწუხაროდ, ვერ დავარქმევთ, მარგებლობა კი ვერც ერთმა გამოკვლევამ ვერ  გამოავლინა. ასეულობით ქალზე დაკვირვებამ დაამტკიცა, რომ ეს მანიპულაცია დედისა და ახალშობილის ინფიცირების ალბათობას არ ცვლის და არც მშობიარობას აჩქარებს თუ აადვილებს.
ბოქვენის გაპარსვაც თითქოს ინფიცირების ალბათობის დასაქვეითებლად და შორისზე ნაკერების დადების გასაადვილებლად არის მიმართული, მაგრამ არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები ამ თვალსაზრისის განსამტკიცებლად. ქალები ამ პროცედურის დროს დისკომფორტს განიცდიან, ხოლო შიდსითა და B და С ჰეპატიტით ინფიცირების ალბათობა იმატებს.
– ზოგჯერ მშობიარობა 24 საათიც კი გრძელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალს მარტო შიმშილობა კი არ უწევს, წყლის დალევისგანაც კი თავის შეკავებას ურჩევენ.
– ეს მიდგომაც მოძველებულია. მისი ძირითადი მიზეზი ის არის, რომ თუ საკეისრო გახდა საჭირო, იქმნება საფრთხე, სასულეში მილის ჩადგმისას კუჭის შიგთავსი სასუნთქ გზებში მოხვდეს, თუმცა ამ საშიშროებას არამცთუ შიმშილი, მჟავიანობის დამაქვეითებელი სპეციალური მედიკამენტების მიღებაც კი ვერ ვერ გვაცილებს თავიდან. ამავე დროს მშობიარობა ენერგეტიკულ დანახარჯს ითხოვს. იმის გამო, რომ მშობიარობის ხანგრძლივობა წინასწარ ვერ განისაზღვრება, ენერგიის წყარო მუდმივად უნდა შეივსოს. მშობიარობის დროს საკვების მკვეთრმა შეზღუდვამ შესაძლოა გაუწყლოება და სისხლში მჟავიანობის მომატება გამოიწვიოს და გლუკოზისა და სხვა ხსნარების ინტრავენური შეყვანა გახდეს საჭირო. გადასხმების გავლენა რამდენიმე რანდომიზებული კვლევით შეფასდა და გარკვეული არასასურველი შედეგები გამოავლინა. ამავე დროს, სითხისა და ადვილად მოსანელებელი საკვების მიღება შეიძლება გადასხმის ალტერნატივად მოვიაზროთ. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, როცა მედიცინას ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გააჩნია, ექსპერტები გვირჩევენ, ამ საკითხის გადაწყვეტა თვით მშობიარეს მივანდოთ გადაწყვეტილების ყველა პლიუსისა და მინუსის ახსნის შემდეგ.
– უკვე დაწყებული სამშობიარო მოქმედებისა და ტკივილების ფონზე გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ ძნელია...
– ამ შემთხვევაში სავსებით საკმარისია, ქალი საკუთარ ინსტინქტებს ენდოს. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ქალები თვითონ, ყოველგვარი აკრძალვის გარეშე ერიდებიან მძიმე საკვებს და უპირატესობას წყალს, ნამცხვარს, შოკოლადს ანიჭებენ. თუმცა, მეორე მხრივ, სასურველია, ეს საკითხიც წინასწარ შეათანხმოს ექიმთან ან ბებიაქალთან. სწორედ ამიტომ მთელ მსოფლიოში ორსულის მომზადებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ენიჭება. არსებობს ორსულთა სკოლები, მუშავდება სამშობიარო გეგმა, რომელსაც ქალი სამედიცინო პერსონალთან ერთად ადგენს. ამ გზით საშუალება გვეძლევა, წინასწარ გავიგოთ, როგორი გარემო სურთ ქალებს ნორმალური მშობიარობის დროს, ახლობლებიდან ვისი დასწრება ურჩევნიათ, რა პოზაში სურთ იმშობიარონ, სურთ თუ არა მუსიკა, ტელევიზორი, ვიდეო თუ ფოტოგადაღება, შხაპი თუ აბაზანა. როგორც ხედავთ, გაიდლაინი პირდაპირ არ მიუთითებს, რომ დასწრების უფლება მხოლოდ დედას ან მეუღლეს აქვთ. ეს საკითხი მთლიანად მშობიარის გადასაწყვეტია, სამშობიაროებმა კი მას ამაში ხელი უნდა შეუწყონ. 
სამშობიარო გეგმით შეიძლება განისაზღვროს უშუალოდ მშობიარობის შემდეგ და დაბადებიდან პირველი დღეების განმავლობაში ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებული საკითხებიც: ვინ უნდა გადაჭრას ჭიპლარი? სურს თუ არა დედას, ახალშობილი დაბადებისთანავე მუცელზე დაუწვინონ და ძუძუ მაშინვე აწოვოს? სად დაიძინოს ბავშვმა – დედასთან თუ ბავშვთა განყოფილებაში? დედის უფლებების განხილვისას პატარას უფლებებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. დედამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ შვილთან რაც შეიძლება მეტი ხნის გატარება მისი ჯანმრთელობისთვის, ისევე როგორც ბუნებრივი კვების ხელშეწყობისთვის, ძალიან საჭიროა, თუმცა ეს პირადად მისი არჩევანი უნდა იყოს და არა თავს მოხვეული ძალადობა.
სასურველია, წინასწარ დაიგეგმოს, რა ურჩევნია ქალს გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში. არავის არ უნდა იმაზე ფიქრი, რომ მოვლენები შეიძლება ცუდად წარიმართოს, მაგრამ თუ ეს მოხდა, უკეთესია, ამისათვის ყველა მომზადებული იყოს და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ მოგვიხდეს. ქალმა უნდა იფიქროს ისეთი გართულების შესახებაც, როგორიც არის ნაადრევი მშობიარობა.
– საკეისრო კვეთაც ხომ ქალის არჩევანია?
– რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ბევრი რამ ექიმის ან ბებიაქალის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. თუ კარგად აუხსნიან, ქალების უმრავლესობა დაეთანხმება, რომ ნებისმიერი ჩარევა მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით მოხდეს, თუმცა ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა და მოდი, სხვა დროისთვის გადავდოთ. მოკლედ კი აი, რა შემიძლია გითხრათ: უკვე მრავალმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ დამხმარესა და მშობიარეს შორის კარგი ფსიქოლოგიური კონტაქტის არსებობა (მუდმივი გვერდით ყოფნა და მხარდაჭერა მშობიარის კომფორტის გასაუმჯობესებელი ზომების ჩათვლით, ზურგის მასაჟი, მშობიარობის მექანიზმის ახსნა) საგრძნობლად აუმჯობესებს მშობიარობის მიმდინარეობას: მოკლდება მშობიარობის ხანგრძლივობა, იშვიათად ხდება საჭირო საკეისრო კვეთა ან მაშების გამოყენება. ის კი არა, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროს თურმე უფრო ჯანმრთელი ახალშობილები იბადებიან – გამოკვლევები მოწმობს, რომ ამ დროს მკვეთრად მცირდება იმ ახალშობილთა რაოდენობა, რომლებიც აპგარის შკალით 7 ქულაზე ნაკლებით ფასდებიან (შეგახსენებთ: ეს შკალა ახალშობილის სუნთქვას, კუნთების ტონუსს, კანის ფერს და სხვა მონაცემებს დაბადებისთანავე და დაბადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ აფასებს. მაქსიმალური შეფასება 10 ქულაა. რაც უფრო ნაკლებია მაჩვენებელი, მით უფრო მძიმეა ახალშობილის მდგომარეობა). მცირდება ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების საჭიროებაც. ასე რომ, ახლობლის გვერდით ყოფნა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, პროფესიონალი, რომელსაც კარგად იცნობს და ენდობა, ტკივილებსაც კი ამსუბუქებს.
– გინდათ თქვათ, რომ დღეს, როცა გაუტკივარების ამდენი მეთოდია მოგონილი, შეგვიძლია, მხოლოდ მეანის თუ ბებია ქალის ტკბილი სიტყვის იმედად ვიყოთ?
– თუ ეს ქალისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქალი განიცდის ტკივილებს მშობიარობის დროს, ტკივილზე მათი რეაქცია სხვადასხვაგვარია. ამავე დროს ფიზიოლოგიური მშობიარობა ნაკლები ჩარევით, ჩვეულებრივ, ნაკლებ ტკივილთან არის დაკავშირებული. ბებიაქალმა თუ მეან-გინეკოლოგმა, რა თქმა უნდა, მშობიარობის მართვისას ტკივილების შესამსუბუქებლად ქალს დახმარება უნდა გაუწიონ, მაგრამ ჯობს, ეს წამლის გარეშე მოახერხონ.
არამედიკამენტური გაუტკივარებისთვის მომზადება, ქალისა და მისი პარტნიორის ანტენატალური (ორსულობის დროს) მომზადების პროცესში უნდა დავიწყოთ. დამტკიცდა, რომ მშობიარობისთვის მოსამზადებელ პროგრამებში მონაწილეობა საგრძნობლად ამცირებს მშობიარობის გაუტკივარებისთვის მედიკამენტური საშუალებების გამოყენების სიხშირეს.
მშობიარობის დროს, ფსიქოლოგიურ დახმარებასთან ერთად, ტკივილებს კიდევ რამდენიმე ხერხით შევამცირებთ. პირველ რიგში, ქალს უნდა მივცეთ საშუალება, მშობიარობის დროს თვითონ ამოირჩიოს სასურველი პოზა. მას შეუძლია, იდგეს, იჯდეს ან იაროს, განსაკუთრებით – მშობიარობის პირველი პერიოდის განმავლობაში. ვიმეორებ – მდგომარეობა თვითონ უნდა აირჩიოს. მშობიარობისას სიარულის ან დგომის დაძალება თავისუფლების ისეთივე შეზღუდვაა, როგორც მოთხოვნა, გაუნძრევლად იწვეს ზურგზე. ზოგიერთ ქალს შვებას ჰგვრის თბილი აბაზანა ან შხაპი, მასაჟი, ზურგზე ხელის მოსმა. ასეთივე შედეგს იძლევა სუნთქვითი ვარჯიშები და რელაქსაცია, რომელთა საშუალებითაც ქალის ყურადღება სხვა საგანზე გადაგვაქვს. ასეთი მოქმედებები უსაფრთხოა და შეიძლება მათი ფართოდ გამოყენება.
ისე არ გამიგოთ, თითქოს მე ან გაიდლაინი მედიკამენტური გაუტკივარების წინააღმდეგი ვიყოთ. უბრალოდ, აბსოლუტურად უსაფრთხო და გამოცდილი მეთოდები არ უნდა დაგვავიწყდეს და თავიდანვე ქიმიურ შეტევას არ უნდა მივმართოთ.
– რატომ არის ოპტიმალური ფიზიოლოგიური მშობიარობისას მედიკამენტური გაუტკივარებისგან თავის შეკავება?
– მშობიარობის მედიკამენტური გაუტკივარების დადებითი ეფექტი მრავალი გამოკვლევით არის დამტკიცებული, მაგრამ, სამწუხაროდ, კარგად არ არის შესწავლილი მისი ნეგატიური ეფექტი.
საინჰალაციო მედიკამენტები, ტრანკვილიზატორები გადის პლაცენტურ ბარიერს და შესაძლოა, ნაყოფის სუნთქვის დათრგუნვა, ტვინის ფუნქციების მოშლა, ძუძუთი კვების სურვილის გაქრობა გამოიწვიოს.
ამგვარ გავლენას არ ახდენს პერიდურული ანესთეზია – მედიკამენტის ხერხემლის არხში შეყვანა. ამ დროს პრეპარატი ხერხემალში გამავალ ნერვულ ღეროებზე ზემოქმედებს და ტკივილის შეგრძნების უნარს დროებით თიშავს, სისხლის მიმოქცევის სისტემაში საერთოდ არ ხვდება. თუმცა პერიდურალური ანესთეზიის გამოყენებასაც ახლავს არასასურველი მომენტები: ხანგრძლივდება მშობიარობის პირველი პერიოდი, უფრო ხშირია სამშობიარო მოქმედების სისუსტე, მშობიარობის მეორე პერიოდში ჭინთვითი რეფლექსის დაქვეითების გამო იმატებს ღრუსა და გამოსავლის მაშების გამოყენების სიხშირეც. თქვენ წარმოიდგინეთ, გამოვლინდა საკეისრო კვეთის სიხშირის მომატებაც კი პერიდურალური ანესთეზიის გამოყენებისას, განსაკუთრებით – იმ შემთხვევებში, როდესაც მისი გამოყენება იწყებოდა საშვილოსნოს ყელის 5 სმ-ზე ნაკლებით გახსნის დროს.
ეჭვგარეშეა, რომ პერიდურული ანესთეზია ძალზე ეფექტურია პათოლოგიური მშობიარობის დროს, მაგრამ თუ ის ფიზიოლოგიური მშობიარობისას იქნა გამოყენებული, იბადება კითხვა: შეიძლება კი, ასეთ მშობიარობას ფიზიოლოგიური ვუწოდოთ? პერიდურული ანესთეზიის გამოყენება არის თვალსაჩინო მაგალითი ნორმალური მშობიარობის “მედიკალიზაციისა”, რაც ნორმალურ, ფიზიოლოგიურ პროცესს სამედიცინო პროცედურად გადააქცევს. ასეთი ტრანსფორმაცია გამოწვეულია კულტურული ფაქტორებითა და ადათ-წესებით. მაგალითად: აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ქალთა უმრავლესობა მშობიარობს პერიდურული ანესთეზიის გამოყენებით; საპირისპიროდ ამისა, ჰოლანდიაში ქალთა 30%-ზე მეტი მშობიარობს შინ, მედიკამენტური გაუტკივარების გარეშე, ხოლო საავადმყოფოში მშობიარობის შემთხვევაში მათ მხოლოდ მცირე ნაწილს სჭირდება მედიკამენტური გაუტკივარება. 
– მშობიარობის დაჩქარების მცდელობისას ტკივილები იმატებს?
– რა თქმა უნდა. ესეც გავრცელებული და არასწორი ტაქტიკაა. ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენი ეროვნული გაიდლაინის რეკომენდაციით, მშობიარობაზე მეთვალყურეობა სპეციალური გრაფიკული ფორმის პარტოგრამის მიხედვით უნდა მოხდეს. მისივე მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ იმის შესახებ, საჭიროებს თუ არა მშობიარობა დაჩქარებას. ქალებს ვურჩევდი, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, გაარკვიონ, იყენებს თუ არა სამშობიარო სახლი პარტოგრამას. თანამედროვე თვალთახედვით, დამაჩქარებელი მედიკამენტის ოქსიტოცინის შეყვანა მხოლოდ ვენაში და მხოლოდ ინფუზომატის (სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ვენაში წამლის თანაბარ და განსაზღვრული ტემპით შეშვებას უზრუნველყოფს) მეშვეობით შეიძლება. განსაკუთრებული და იშვიათი ჩვენება უნდა ჰქონდეს სანაყოფე ბუშტის ხელოვნურ დარღვევას. აქვე ვიტყვი, რომ შორისის დაცვის მიზნით მისი წინასწარი ჩაჭრაც ხშირად არ არის გამართლებული და ეს გზაც გაცილებით იშვიათად უნდა გამოვიყენოთ.
– ბებიაქალსა და მეან-გინეკოლოგებს თითქოს ერთ სიბრტყეში მოიხსენიებთ. მე როგორც ორი შვილის დედას ეს ცოტა არ იყოს მეუცხოება...
– ეს, საზოგადოდ, ქართული სინამდვილისთვის არის უცხო. არადა ბებიაქალებს მშობიარეთა დახმარების ბევრად უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, ვიდრე მეან-გინეკოლოგებს. უკანასკნელ საუკუნეში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გავლენით, როგორც იცით, მეან-გინეკოლოგებმა ორსულთა სამედიცინო დახმარების ფაქტობრივი მონოპოლიზაცია მოახდინეს, თუმცა არსებული მონაცემების საფუძველზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ასეთი მიდგომა ორსულისა თუ მშობიარისთვის სასარგებლოა. მშობიარობის დროს მეან-გინეკოლოგთა და ბებიაქალთა მიერ გაწეული დახმარების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბებიაქალებს მშობიარობა უფრო კონსერვატიულად მიჰყავთ, უფრო იშვიათია მშობიარობის სტიმულაცია, ოპერაციული საშოსმხრივი მშობიარობა (მაშები და ვაკუუმექსტრაქცია), ეპიზიოტომია, იკლებს იმ ახალშობილთა რაოდენობა, რომლებსაც რეანიმაცია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში გადაყვანა სჭირდება. ნათელია, რომ თუ ორსულობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს, არ არის აუცილებელი, ქალს მეან-გინეკოლოგი მეთვალყურეობდეს.
სპეციალისტებმა, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ დაბალი და მაღალი რისკის ჯგუფის ორსულებს, უნდა გააკეთონ რთული არჩევანი: მოახდინონ კონცენტრაცია ან მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფის ორსულებზე, ან ფიზიოლოგიურ ორსულებზე (რაც შემთხვევათა უმრავლესობას შეადგენს), უკანასკნელ შემთხვევაში კი ისინი სწრაფად დაკარგავენ კვალიფიკაციას.
ბებიაქალები და ოჯახის ექიმები თავიდანვე ორიენტირებულნი არიან დაბალი რისკის ჯგუფის ორსულებისთვის დახმარების გასაწევად, ურთიერთობის პროცესში უფრო ახლოს ეცნობიან ქალის ინდივიდუალურ თვისებებს, ამიტომ მათ მიერ გაწეული დახმარების ხასიათი უფრო მეტად პასუხობს ორსულთა უმრავლესობის მოთხოვნებს, ვიდრე მეან-გინეკოლოგის მიერ გაწეული დახმარება.
ორსულები ხშირად გამოთქვამენ სურვილს, ორსულობისა და მშობიარობის დროს დახმარება მიიღონ ერთი და იმავე პირისაგან, ვისთანაც ისინი ამყარებენ ახლო ურთიერთობას. რანდომიზებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ასეთ ორსულებს მშობიარობისას აღენიშნებათ საშოსმხრივი გასინჯვისა და მედიკამენტური სტიმულაციის მნიშვნელოვნად ნაკლები სიხშირე, მცირდება ისეთ ბავშვთა რაოდენობაც, რომლებიც იბადებიან აპგარის შკალით 7 ქულაზე ნაკლები შეფასებით, ხოლო მშობიარობის ხანგრძლივობა მცირდება. გარდა ამისა, ასეთი ქალები უფრო მეტად არიან მომზადებულნი მშობიარობისა და ახალშობილის მოვლისათვის.
საზეპირო:
მუდმივი მხარდაჭერა მშობიარობის დროს, რომელსაც ახორციელებს სამედიცინო პერსონალი (ექიმი,  ბებიაქალი) მშობიარის ახლობელთან 
ერთად, ამცირებს სამედიცინო ჩარევის რიცხვს და აუმჯობესებს ქალის მდგომარეობას.
მშობიარეებში გამწმენდი ოყნისა და ბოქვენის გაპარსვის უპირატესობის სასარგებლოდ მტკიცებულებები არ არსებობს.
არ არსებობს საფუძველი, ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს შეიზღუდოს სითხისა და საკვების მიღება.
ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს სასურველია გაუტკივარების არაფარმაკოლოგიური მეთოდების გამოყენება. გამტარებლობითი ანალგეზიის გამოყენება ახანგრძლივებს მშობიარობას, ზრდის სამშობიარო მოქმედების მედიკამენტური სტიმულაციისა და საშოსმხრივი ოპერაციული მშობიარობის (მაშების გამოყენების) სიხშირეს.
ორსულებს უნდა მივცეთ არჩევანი, იმშობიარონ იმ პოზიციაში, რომელიც თავად მათ ყველაზე კომფორტულად მიაჩნიათ.
ყველა ქალს უნდა გაეწიოს მუდმივი მხარდაჭერა მშობიარობის დროს. პარტოგრამის გამოყენება, ლატერალური და ვერტიკალური პოზა და ეპიდურალური ანესთეზიის თავიდან აცილება ამცირებს მშობიარობის დროს ოპერაციული ჩარევის აუცილებლობას.

გააზიარე: