არომათერაპია ორსულებისთვის

გააზიარე:

ცხრა თვე სურნელთა ტყვეობაში

არომათერაპია დღეს ერთობ მოდურია. მოდას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ, სასიამოვნოა. თავად განსაჯეთ: მკურნალობთ და ამავე დროს საუცხოო არომატის ტყვეობაში ხართ მოქცეული. დადებითი მუხტი, ამაღლებული განწყობილება, თუ გნებავთ, სიმშვიდე და შინაგანი ჰარმონია – აი, რა შეუძლია სურნელს. თუმცა მისი გავლენით ან, როგორც ახლა ამბობენ, არომათერაპიით მეტის მიღწევაც შეიძლება. თურმე ნუ იტყვით და სურნელოვანი ზეთების წყალობით ძალგვიძს, გაციებას, ყელის ტკივილსა და სხვა უსიამოვნებებს დავუძვრეთ ხელიდან.

ამდენად, არომათერაპია არც ორსულებისთვის უნდა იყოს ურიგო, მით უმეტეს, რომ  მომავალი დედებისთვის ფიზიკურ სიჯანსაღესთან ერთად სულიერი სიმშვიდეც მეტად მნიშვნელოვანია. “სურნელით მკურნალობის” მთავარი მიზანიც ხომ ეს არის...

სურნელთა ათვისების ხერხები

არომატული ნივთიერებები ორგანიზმში სხვადასხვა გზით აღწევს. ყველაზე გავრცელებული ხერხი ჰაერის არომატიზაციაა. დამათრობელ-დამატყვევებელი სურნელის მიმოფრქვევა არომატული სანთლების საშუალებითაც შეიძლება, მაგრამ გაცილებით ეფექტურია არომალამპა: თიხის სპეციალურ ნაკეთობას, რომელიც წყლისა და არომატული ზეთის რეზერვუარს წარმოადგენს, ქვეშ სანთელს უნთებენ. წყალი თბება და ზეთი ორთქლდება.

არომათერაპიის ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა სურნელოვანი ზეთებით გაჟღენთილი კომპრესების გამოყენება. ამ ხერხს უპირატესად მაშინ მივმართავთ, როდესაც კანის ან სახსრების რომელიმე პათოლოგია გვაწუხებს.

ერთი შეხედვით, უვნებელმა სურნელოვანმა ზეთმა არამც და არამც არ უნდა მოგვაყენოს ზიანი, მაგრამ დერმატოლოგთან კონსულტაცია, მით უმეტეს, ფეხმძიმობისას, ურიგო ნამდვილად არ იქნება.

თუ ამგვარი აპლიკაციების გაკეთებას მაინც გადაწყვეტთ, განზავებული (2%-იანი) ზეთოვანი წყალხსნარი გამოიყენეთ: 50 მლ წყალს დაამატეთ 1 მლ სურნელოვანი ზეთი (სიზუსტისთვის შეგიძლიათ შპრიცი მოიშველიოთ).

არომათერაპია შეიძლება სავლებისა და ინჰალაციის საშუალებითაც ჩავიტაროთ. სავლები ასე მზადდება: 200 მლ წყალს ვურევთ 2 წვეთ არომატულ ზეთს და ვამატებთ 1 ჩ/კ თაფლს.

ზედა სასუნთქი გზების დაავადებისას უებარია არომატული ინჰალაცია: ერთ ლიტრ მდუღარე წყალს ვამატებთ 2-4 წვეთ ზეთს და ორთქლს 3-5 წუთის განმავლობაში ვისუნთქავთ. 

ქაფქაფა არომატული წყალხსნარი ინჰალაციის დროს სახიდან 30-50 სმ მანძილზე დაიკავეთ. რაც მთავარია, პროცედურის დროს თვალები დახუჭეთ.

სიფრთხილეს თავი არ სტკივა
ნებისმიერი თერაპია, არომატული იქნება ის თუ უსუნო, ორსულისთვის განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს. სულ რაღაც ათიოდე წლის წინ მიუნხენში, საერთაშორისო კონფერენციაზე, არომათერაპიის პრინციპებით დაინტერესებულმა პროფესორმა აუდიტორიას წარუდგინა იმ მცენარეების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებასაც ორსულები უნდა ერიდონ. დიდად პატივცემულმა მეცნიერმა ამ მცენარეებს ემბრიოტროპულობა (ნაყოფის დამაზიანებელი ზემოქმედების უნარი) დასდო ბრალად და ითხოვა, ეს “შავი სია” გამოექვეყნებინათ. ნუსხაში მოხვდა აბზინდა, ტუია, თავთავიანი ლავანდა... სია კიდევ უფრო ვრცელია, მაგრამ ყველას ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, რადგან საეჭვოა, ჩვენებურმა ქალბატონებმა ეს მცენარეები ოდესმე გამოიყენონ. რაც არ უნდა იყოს, ვიდრე არომატის ტყვეობაში მოექცეოდეთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

მავნე ქიმია

იმ მცენარეთა უმრავლესობა, რომელთაგანაც არომატულ ზეთებს ამზადებენ, შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს ორსულის ორგანიზმზე. მოდით, ვნახოთ, რას შეიძლება ველოდეთ მათგან:

. კეტონები – მათ მხოლოდ ზოგიერთი არომატული ზეთი შეიცავს. ისინი ცვლის შუალედური პროდუქტებია, რომლებიც მეტად ტოქსიკურად მოქმედებს ქსოვილებსა და უჯრედებზე. იმასაც ამბობენ, რომ კეტონები საშვილოსნოსმიერი სისხლდენის პროვოცირებას ახდენს.
. ფენოლები – ამ ნაერთებს ძლიერი ჰეპატოტროპული (ღვიძლისთვის ტოქსიკური) და შარდმდენი ეფექტი აქვს, ნეგატიურად მოქმედებს ლორწოვანი გარსების სტრუქტურაზე და ჰორმონული ბალანსის რღვევასაც განაპირობებს.
არომატული ზეთები, რომლებსაც არომათერაპიისთვის ვიყენებთ, მავნე ქიმიას მეტად მცირე რაოდენობით შეიცავს (ისიც – ყოველთვის არა). ასე რომ, საშიში არაფერია, თუმცა ქართული ანდაზა ხომ გაგიგონიათ: სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
ფეხმძიმობისას, სასურველია, ზოგიერთი მცენარისგან დამზადებულ არომატულ ზეთებს ვერიდოთ ან მეტად მცირე რაოდენობით გამოვიყენოთ. ასეთი მცენარეებია რეჰანი, გვირილა, ღვია, ლავანდა, კოჭა, ანისული, კამა, სვია (მათი დიდი რაოდენობით გამოყენებისას შესაძლოა საშვილოსნოს ტონუსმა მოიმატოს).

არომარჩევები

არომათერაპია ყველა ორსულს როდი სიამოვნებს. ზოგიერთ ქალბატონს არამცთუ ეთერზეთების არომატი, საკუთარი მეუღლის სავსებით ასატანი სურნელიც კი აუტანლად მიაჩნია, რომ აღარაფერი ვთქვათ მადის აღმძვრელად შეზავებული კერძების დამატყვევებელ ოხშივარზე. თუკი რომელიმე სუნმა გულისრევის შეგრძნება გაგიჩინათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძაფრ არომატულ ზეთზეც ასეთივე რეაქცია გექნებათ, მაგრამ თუკი არცთუ ისე მძაფრი ატმის ან ყავის სანთლის ანთებისთანავე უსიამოვნო შეგრძნება დაგეუფლათ, თავს ძალას ნუ დაატანთ, არომათერაპია რამდენიმე თვით გადადეთ.

ორსულობისას კანი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება და არომატულმა საფენებმა თუ აბაზანამ, სურნელოვანმა შამპუნმა თუ საშხაპე გელმა შესაძლოა გააღიზიანოს, ასეთ დროს კანი წითლდება და გამონაყარი უჩნდება. ამ ნიშნების შემჩნევისთანავე არომათერაპია უნდა შეწყვიტოთ და კანის გაღიზიანებული უბანი გულდასმით ჩამოიბანოთ წყლით.

გაითვალისწინეთ: არომატული ზეთი ხშირად ფალსიფიცირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზეთში სპირტია შერეული (სურნელების გასამძაფრებლად ამატებენ). შედეგად არომატული ნივთიერებას კიდევ უფრო აგრესიული ხდება და კანს (არომატული მასაჟის დროს, როდესაც კანში არომატული ზეთის უხვად შეზელაა საჭირო) და სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსს (ინჰალაციისას) აღიზიანებს. ასე რომ, თუკი არომატული ზეთის შეძენას გადაწყვეტთ, გირჩევთ სპეციალურ მაღაზიას ეწვიოთ. 

არომატული ზეთის აუტანლობა შემდეგი ნიშნებით ვლინდება:

. გამონაყარის გაჩენა, ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსების შეწითლება;
. სუნთქვის გაძნელება, სულხუთვა;
. გაძლიერებული ოფლიანობა, პულსის გახშირება, გულის რიტმის დარღვევა;
. თავის ტკივილი, თავბრუხვევა;
. ცხვირცემინება, ცრემლდენა.

პრაქტიკული არომათერაპია

თუ გულისრევა შემოგეჩვიათ, გირჩევთ, შუშის პატარა ბოთლით თან ატაროთ არომატული ზეთი, დროდადრო ცხვირსახოცზე დააწვეთოთ და შეისუნთქოთ. გულისრევის შეგრძნებას პიტნის, კოჭასა და ილის არომატული ზეთები მოგიხსნით. თუკი ტოქსიკოზის შეტევები ღამღამობით გაწუხებთ, გირჩევთ, ბალიშზე სურნელოვანი ზეთი დაიწვეთოთ.

გულძმარვის, გულისრევის შეგრძნების, მეტეორიზმისა და სხვა დისპეფსიური მოვლენების შემთხვევაში მუცელზე დაიწვეთეთ 10 მლ-მდე მცენარეული ზეთი, ერთი წვეთი მანდარინის ზეთი და მსუბუქი მასაჟით შეიზილეთ კანში.

ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას რეკომენდებულია სპეციალური ზეთოვანი საფენები. ამისთვის ზეთოვანი ნარევი უნდა მოამზადოთ – ძირითადი და ეთეროვანი ზეთის შეზავება. საფუძვლად გამოგადგებათ ცხენისწაბლას, სიმინდის ან არაქისის ზეთი (30 მლ). დაამატეთ კვიპაროსის, ლიმონისა და გვირილის ეთერზეთების წვეთები (5 მლ). მზა ნარევი ფეხებზე წაისვით, განსაკუთრებით უხვად – პრობლემურ ზონაში, იქ, სადაც ვენური ბადე მეტად არის გამოხატული.

გააზიარე: