გვირგვინოვანი არტერიების დაავადება

გააზიარე:

გული, სისხლის დაუღლელი ტუმბო, მთელი სიცოცხლე შეუსვენებლად მუშაობს. სწორედ მისი წყალობით არის, რომ სისხლს თითოეულ ორგანომდე, თითოეულ ქსოვილამდე მიაქვს ჟანგბადი და მკვებავი ნივთიერებები. ბუნებრივია, ამ მნიშვნელოვანი მისიის 

შესასრულებლად გულს თავადაც სჭირდება კვება. გულის სისხლით მომარაგებას გულის მკვებავი არტერიები – კორონარები უზრუნველყოფენ. მათ დაზიანებას გული და, აქედან გამომდინარე, მთელი ორგანიზმი მწყობრიდან გამოჰყავს.
კორონარების დაავადების შესახებ გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” კარდიოლოგი დავით მაისურაძე.

– ბატონო დავით, რას წარმოადგენს კორონარული არტერიების დაავადება?
– კორონარული არტერიების დაავადება ან, როგორც მედიკოსები ვუწოდებთ, გულის იშემიური დაავადება (ischemic heart disease), ქრონიკული პათოლოგიური პროცესია, რომელიც გულის კუნთის (მიოკარდის) სისხლმომარაგების დარღვევით არის განპირობებული. უმეტესად, ასიდან 97-98 შემთხვევაში, იგი წარმოადგენს გულის კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის შედეგს. ამ დაავადების ძირითადი კლინიკური ფორმებია სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი და კორონაროგენული (ათეროსკლეროზული) კარდიოსკლეროზი. პირველი ორი დაავადების მწვავე ფორმაა, ხოლო მესამე – ქრონიკული.
მიოკარდის ფუნქციობისთვის აუცილებელია ჟანგბადით მდიდარი სისხლით მუდმივი მომარაგება. ასეთი სისხლით გულის კუნთს აორტიდან – გულის მთავარი სისხლძარღვიდან – გამომავალი კორონარული არტერიების ტოტები ამარაგებენ. კორონარული არტერიების დაავადება (კად) ბლოკავს სისხლის ნაკადს, რამაც შეიძლება სტენოკარდია ან ინფარქტი გამოიწვიოს.
განვითარებულ ქვეყნებში კორონარული არტერიების დაავადება (კად) როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებშიც სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია, თუმცა მამაკაცებს საშუალოდ 10 წლით ადრე უვითარდებათ, რადგან მენოპაუზამდე ქალის ორგანიზმს კად-ისგან ესტროგენების მაღალი დონე იცავს. მენოპაუზის შემდეგ კად-ი ქალებშიც ხშირდება.
– რა იწვევს კად-ს?
– ყველაზე ხშირად – კორონარული არტერიის კედელზე ქოლესტერინისა და სხვა ცხიმოვანი ნივთიერებების დალექვა. ასეთ დანალექს ათერომას ან ათეროსკლეროზულ ფოლაქს ვუწოდებთ, ხოლო თვით პროცესს – ათეროსკლეროზს. ის არა მარტო გულის, არამედ ორგანიზმის სხვა არტერიებსაც აზიანებს.
ათერომა ზრდასთან ერთად არტერიაში გამოიდრიკება, რაც სანათურის შევიწროებას და სისხლის ნაკადის ნაწილობრივ ბლოკირებას განაპირობებს. ამასთან ერთად ხდება ათერომაზე კალციუმის აკუმულირება. ათერომის ზრდა ჟანგბადით მდიდარი სისხლით  გულის კუნთის კვების შემცირებას განაპირობებს. განსაკუთრებით არაადეკვატურია სისხლით მომარაგება ფიზიკური დატვირთვისას, როდესაც გული მეტ სისხლს მოითხოვს. სისხლით მიოკარდის არასათანადო მომარაგებას, რითაც არ უნდა იყოს ის გამოწვეული, ეწოდება მიოკარდის იშემია. იშემიის დროს გულს ნორმალურად შეკუმშვა და სისხლის გადატუმბვა აღარ შეუძლია.
ათერომა შეიძლება გაწყდეს და თრომბის წარმოქმნა შეიძლება გამოიწვიოს. წარმოქმნილი თრომბი ახშობს ან ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს, რასაც მიოკარდის მწვავე იშემია და შედეგად მწვავე კორონარული სინდრომი მოსდევს. ეს სინდრომი აერთიანებს არასტაბილურ სტენოკარდიას და გულის დაზიანების სხვადასხვა ფორმას, რაც ბლოკირებული სისხლძარღვის ლოკალიზაციასა და დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული.
ზოგჯერ კად-ს იწვევს კორონარული არტერიების სპაზმი, რომელიც სპონტანურადაც შეიძლება განვითარდეს და ზოგიერთი მედიკამენტის (მაგალითად, კოკაინის) ან ნიკოტინის ზემოქმედებითაც. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს თანდაყოლილი მანკი, ვირუსული ინფექცია (მაგალითად, კავასაკის დაავადება), სისტემური წითელი მგლურა, არტერიების ანთება (არტერიიტი). არც ის არის გამორიცხული, გულის ღრუებიდან წამოსული თრომბი კორონარული არტერიების ერთ-ერთ ტოტში მოხვდეს ანდა დაზიანება ფიზიკურმა ფაქტორებმა (ტრავმამ ან რადიაციამ) გამოიწვიოს.
– კლინიკურად როგორ ვლინდება მიოკარდის იშემია?
– მიოკარდის იშემია სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ტკივილის ხასიათს, ლოკალიზაციას, ფიზიკურ დატვირთვასთან კავშირს. ტიპური სტენოკარდიული ტკივილი ლოკალიზდება მკერდის ძვლის უკან, ვრცელდება მარცხენა ბეჭისკენ ან მარცხენა ხელისკენ, აღმოცენდება მცირე ან ზომიერი ფიზიკური დატვირთვისას, მცირდება მოსვენებისას. გასტანს 25-30 წუთს.
ხშირად ამ სიმპტომების ნაცვლად ვითარდება ატიპური ჩივილები, რაც დამოკიდებულია სტენოკარდიის ფორმაზე, თანმხლებ დაავადებებსა და სხვა ფაქტორებზე.  
– ხომ არ დაგვისახელებთ ნიშნებს, რომელთა დროსაც პაციენტმა ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს?
– ასეთი ნიშანია, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი, თუნდაც გაურკვეველი, დაუზუსტებელი ლოკალიზაციისა თუ ინტესივობის ტკივილი გულმკერდის წინა ზედაპირზე ან ბეჭქვეშ. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება თანმხლებ სიმპტომებსაც: ოფლიანობას, საერთო სისუსტეს, თავბრუხვევას, გონების დაბინდვას. ყველა ეს სიმპტომი საკმაო საფუძველია ექიმთან მისასვლელად.
– რას გვეტყვით კად-ის რისკფაქტორებზე?
– რისკის ფაქტორები, რომელთა მოდიფიცირება ვერ ხდება, არის:
• ასაკი;
• მამრობითი სქესი;
• ადრეული კად-ის ოჯახური ისტორია (როდესაც ახლო ნათესავებს დაავადება 50-55 წლამდე დაემართათ).
ფაქტორები, რომელთა შეცვლა ან მკურნალობა შესაძლებელია, არის:
• დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მაღალი დონე;
• ლიპოპროტეინ ა-ს მაღალი დონე;
• მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაბალი დონე;
• შაქრიანი დიაბეტი;
• მოწევა (აქტიური მწეველობა ორჯერ და მეტად ზრდის კად-ისა და გულის შეტევების რისკს; რისკს ზრდის პასიური მწეველობაც);
• მაღალი არტერიული წნევა;
• სიმსუქნე;
• მცირე ფიზიკური აქტივობა;
• დიეტური ფაქტორები;
• მეტაბოლიზმის დარღვევით მიმდინარე დაავადებები: ჰიპოთირეოიდიზმი, ჰიპერჰომოცისტინემია, B აპოპროტეინის მაღალი დონე.
კად-განვითარების ალბათობას ზრდის ზოგიერთი ტიპის ინფექციები. ცნობილია ისიც, რომ პერიოდონტის სხვადასხვა დაავადების მქონე პირებში გულის შეტევების სიხშირე მაღალია. სამაგიეროდ, მცირე რაოდენობის ალკოჰოლის რეგულარული მიღება ამცირებს კად-ის რისკს.
– როგორ მკურანლობენ კად-ს?
– კად-ის მკურნალობის დროს ექიმები ცდილობენ, სამ ფაქტორზე იმოქმედონ: შეამცირონ გულის მუშაობის დატვირთვის მოცულობა, გააუმჯობესონ კორონარული სისხლის მიმოქცევა და შეასუსტონ ან უკუგანვითარება აიძულონ ათეროსკლეროზულ პროცესს.
გულის დატვირთვის შემცირება ხდება არტერიული წნევის კონტროლით ან განსაზღვრული მედიკამენტების გამოყენებით. ასეთებია ბეტა-ბლოკერები და კალციუმის არხების ბლოკერები.
 კორონარული სისხლის მიმოქცევა შეიძლება გაუმჯობესდეს კანსგავლითი კორონარული ინტერვენციით (PCI)  ან აორტოკორონარული შუნტირებით (CABG).
კორონარულ არტერიებში წარმოქმნილ თრომბს მედიკამენტებით შლიან.
დიეტის მოდიფიცირება, ფიზიკური აქტივობა და მედიკამენტური მკურნალობა ხელს უწყობს ათეროსკლეროზული პროცესის სტაბილიზაციას ან უკუგანვითარებას.
– როგორ ტარდება კანგავლითი კორონარული ინტერვენცია და აორტოკორონარული შუნტირება?
– კანგავლითი კორონარული ინტერვენციის (PCI) მანიპულაციის დროს ექიმი ჩხვლეტს ერთ-ერთ მსხვილ სისხლძარღვს (ჩვეულებრივ, ბარძაყის არტერიას) და შეჰყავს მასში ბალონდამაგრებული კათეტერი ჯერ აორტის მიმართულებით, მერე კი დახშული ან შევიწროებული კორონარული არტერიისკენ, სადაც ხდება ბალონის გაბერვა (ბალონირება) და არტერიის გახსნა. ჩვეულებრივ, მავთულის ბადე (სტენტი) თავსდება ბალონზე; როდესაც ბალონი იბერება, სტენტი თავსდება დაზიანებული არტერიის სანათურში და იქ რჩება, ხოლო ბალონი და კათეტერი უკან გამოაქვთ.
პაციენტს ამ პროცედურის დროს, წესისამებრ, არ აძინებენ, თუმცა რელაქსაციისთვის შეიძლება მისცენ განსაზღვრული მედიკამენტი.
PCI-დროს პაციენტების მონიტორინგი განსაკუთრებული ყურადღებით ტარდება, რადგან ბალონის გაბერვის დროს სისხლის ნაკადი იბლოკება, რამაც შესაძლოა გულმკერდის არეში ტკივილი და ეკგ-ის ცვლილებები გამოიწვიოს.
ამ პროცედურის დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1-2%ზე ნაკლებია, არაფატალური გულის შეტევა – 3-5%-ზე ნაკლები, ხოლო 3%-ზე ნაკლებია აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების აუცილებლობა.
CABG, კორორონარულ-არტერიული ბაიპას-გრაფტი, იგივეა, რაც აორტოკორონარული შუნტირება. ამ პროცედურის  დროს ექიმი სხეულის სხვა ნაწილიდან იღებს ვენას ან არტერიას და აერთებს აორტას კორონარულ არტერიასთან ბლოკირებული სისხლის ნაკადის მომდევნო უბანზე, რის შედეგადაც სისხლის ნაკადი იცვლის მიმართულებას და შემოუვლის შევიწროებულ ან ბლოკირებულ უბანს.
ვენებს ქვედა კიდურებიდან იღებენ, ხოლო არტერიებს – მკერდის ძვლის უკან მდებარე ან წინამხრის არტერიებიდან.
გადანერგილ არტერიებში კად-ი იშვიათად ვითარდება და ასიდან 90-ზე მეტ შემთხვევაში 10 წელიწადს სრულყოფილად ფუნქციონირებს, ხოლო გადანერგილი ვენები შესაძლოა თანდათან შევიწროვდეს ათერომით და 5 წლის შემდეგ მესამედი ან მეტი სავსებით ბლოკირებული აღმოჩნდეს. 
– რას გულისხმობს კად-ის პრევენცია?
– რისკფაქტორების მოდიფიცირება ხელს უწყობს კად-ის პრევენციას. ზოგიერთი ფაქტორი ურთიერთკავშირშია, რის გამოც ერთის მოდიფიცირება მეორის ცვლილებასაც იწვევს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია თამბაქოსთვის თავის დანებება. მას, ვინც მოწევას თავს ანებებს, კად-ის განვითარების რისკი უნახევრდება. თამბაქოსთვის თავის დანებება ამცირებს სიკვდილის რისკს აორტოკორონარული შუნტირებისა და სტენოკარდიული შეტევის შემდეგაც. ასევე მნიშვნელოვანია პასიური მწეველობისთვის თავის არიდება.
არანაკლებ საყურადღებოა დიეტა. რეკომენდებულია, ცხიმები შეადგენდეს ყოველდღიური კალორიების არა უმეტეს 25-35%-ს, თუმცა ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ მათი ოდენობა 10%-მდე უნდა შემცირდეს. დაბალცხიმოვანი დიეტა, გარდა კად-ის ალბათობისა, ხელს უწყობს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL, ცუდი ცხიმი) შემცირებასაც. რეკომენდებულია აგრეთვე ომეგა-3 ცხიმების შემცველი თევზეულის (ორაგული) მიღება, მაღალბოჭკოვანი დიეტა. 
არსებიბს ორი სახის ბოჭკო: ხსნადი (იხსნება ხსნარებში), რომელსაც შეიცავს შვრია, ქატო, ცერცვი, ბარდა, ბრინჯი, ქერი, ციტრუსები, მარწყვი, ვაშლის რბილობი. მათი მიღება ხელს უწყობს საერთო ქოლესტერინის მაღალი დონის შემცირებას, სისხლში გლუკოზის მაღალი დონის შემცირებას ან სტაბილიზაციას და დაწეული ინსულინის დონის მომატებას. ასეთი დიეტა ამცირებს დიაბეტიან პაციენტებში კად-ს რისკს. არახსნად ბოჭკოს შეიცავს ხორბალი და მისი პროდუქტები, აგრეთვე – ვაშლი (უფრო ზუსტად, მისი ქერქი), კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ბრიუსელის კომბოსტო, თალგამი, ყვავილოვანი კომბოსტო. ეს პროდუქტი ხელს უწყობს მონელებას, თუმცა მათი ჭარბი მოხმარება ხელს უშლის ზოგიერთი მინერალისა და ვიტამინის შეწოვას.
კად-ის რისკს ამცირებს ხმელთაშუა ზღვის დიეტაც, რომელიც მოიცავს დიდი ოდენობით ხილს, ბოსტნეულს, კაკალს და ზეითუნის ზეთს.

გააზიარე: