ვეხმარებით სისხლძარღვებს

გააზიარე:

ჩვენი სისხლი ორგანიზმის ერთი წერტილიდან მეორისკენ გრძელი, მაგრამ ვიწრო მილების საშუალებით მიედინება. ორგანოთა სისხლმომარაგება რომ არ შეფერხდეს, სისხლძარღვები მუდამ მწყობრში უნდა გვქონდეს: კედლები – მაგარი და ელასტიკური, ხოლო სანათური თავისუფალი იყოს. შეგვიძლია, ამაში მცენარეებიც დავიხმაროთ.

ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს
. ცხენისწაბლას 5 გ დაქუცმაცებულ ფოთლებსა და ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი, თავდახურული მომინანქრებული ჭურჭლით ნახევარი საათით  შედგით ცეცხლზე, გაფილტრეთ და კვლავ წამოადუღეთ. პირველი ორი დღის განმავლობაში მიიღეთ 1 ს. კ. დღეში ერთხელ, შემდეგ (თუ ერთი კოვზი კარგად აიტანეთ) – 1 ს. კ. დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 2-8 კვირაა, შესაძლოა, ოდნავ მეტიც, ოღონდ არა უმეტეს 12 კვირისა. ეს ნახარში მარგებელია ბუასილის დროსაც. მკურნალობის კურსი ამ შემთხვევაში 1-დან 4 კვირამდე გრძელდება.
. ცხენისწაბლას 50 გ დაქუცმაცებულ ყვავილს ან ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი 50%-იანი არაყი, დააყენეთ 2 კვირა ბნელ და თბილ ადგილას და ყოველდღიურად შეანჯღრიეთ. მიიღეთ 30-40 წვეთი დღეში 3-4-ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში.
გარდა ამისა, ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ცხენისწაბლას ახალგამოწურული წვენი – 25 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.
ცხენისწაბლას ნახარში და ნაყენი ამაგრებს სისხლძარღვის კედელს, ამცირებს სისხლის შედედების უნარს და თრომბების წარმოქმნის ალბათობას.

ათეროსკლეროზის დროს
. თანაბარი რაოდენობით აიღეთ კუნელის ყვავილი და ნაყოფი, კარგად აურიეთ ერთმანეთში, 3 ს. კ. ნარევს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე, 2 საათით დადგით სითბოში და გაფილტრეთ. მიიღეთ ერთი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. ეს ნაყენი ასევე მარგებელია კლიმაქსური სინდრომის, თავბრუხვევისა და სულხუთვის სამკურნალოდ.
. აიღეთ 10 გ წითელი მოცვის დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე და ადუღეთ 3-5 წუთი, შემდეგ გაფილტრეთ. დალიეთ ერთ ჯერზე, თბილი. ამ ნახარშის მიღება რეკომენდებულია დღეში სამჯერ მაინც.
. ერთი საჩაროზე კოვზ წიწიბურას ყვავილს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე, 2 საათი დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში და გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს
. 10 გ კატაბალახას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ მდუღარე, ადუღეთ ნახევარი საათი და დააყენეთ 2 საათი. მიიღეთ 1 ს. კ. დღეში 3-4-ჯერ.
. 1 ს. კ. ხვართქლას დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 15 წუთი, გაგრილდება თუ არა, კვლავ შედგით ცეცხლზე მცირე ხნით. მიიღეთ 1/4 ჭიქა დილა-საღამოს.
. 40-50 გ ჟენ-შენის ფესვს დაასხით დამტკბარი ცივი ანადუღარი წყალი. 3-4 საათის შემდეგ წყალი გადაღვარეთ და ფესვი შუაზე გაჭერით, დაასხით ნახევარი ლიტრი 40%-იანი სპირტი და სამი კვირა დააყენეთ სიბნელეში. მიიღეთ 10 მლ დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ორი კვირის განმავლობაში ჭურჭელი პირამდე შეავსეთ ხოლმე. მკურნალობის ხანგრძლივობა სამი თვეა ორი 10-დღიანი შესვენებით. კურსის გამეორება ერთი წლის შემდეგ არის მიზანშეწონილი.

გააზიარე: