რატომ უწევს ბავშვს სიცხე
გააზიარე:
რომელი პატარა გაზრდილა ისე, რომ სიცხეს არ აეწიოს, მაგრამ ჯანმრთელი ბავშვისთვის ტემპერატურის მომატება საშიში არ არის. თვითონ სიცხე პატარას არაფერს ავნებს, უფრო მეტიც – სასარგებლოც კია, რადგან ორგანიზმი მისი დახმარებით ებრძვის
ინფექციებს, თუმცა მაღალმა სიცხემ შესაძლოა დისკომფორტი და გაუწყლოება გამოიწვიოს.
კიდევ რა უნდა ვიცოდეთ სიცხის შესახებ?
ადამიანის ნორმალური ტემპერატურა არც ისე ადვილი დასადგენია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. 36.6°C ხომ ბავშვობიდან გვაქვს შესისხლხორცებული, – აი, ამერიკელებს კი 37°C ჰქონიათ აკვიატებული. განსხვავების მიზეზი იოლი მისახვედრია: ისინი სიცხეს პირის ღრუში ზომავენ, ჩვენ კი იღლიაში. რაკი ასეა, მოდი, პირველ რიგში, ის გავარკვიოთ, სად უნდა გაიზომოს სიცხე.
კიდურები სხეულზე გრილია. პირის ღრუში ტემპერატურა საშუალოდ 3-6 ხაზით მაღალია, ვიდრე იღლიაში და 3-6 ხაზით დაბალი, ვიდრე სწორ ნაწლავში. ნორმის მაჩვენებლებიც, ბუნებრივია, სხვადასხვა იქნება.
ასეა თუ ისე, აქსილარული (იღლიაში გაზომილი) ტემპერატურისთვის ნორმად კვლავ 36-36.9°C რჩება, თუმცა მოსახლეობის 5%-ის ნორმალური სიცხე ამ მაჩვენებლებს სცილდება. ტემპერატურა დღის განმავლობაშიც რამდენჯერმე იცვლება: ღამის 11-დან დილის 3 საათამდე ყველაზე დაბალია, დილის 10-დან 18 საათამდე კი ყველაზე მაღალი.
სხეულის ტემპერატურაზე პასუხისმგებელი ცენტრი ჰიპოთალამუსში – თავის ტვინის ფუძეზე მდებარე ნაწილშია მოთავსებული. სწორედ ჰიპოთალამუსმა “იცის”, რამდენი უნდა იყოს ნორმალური ტემპერატურა და მის შესანარჩუნებლად სხეულს სათანადო ბრძანებებს უგზავნის. ზოგჯერ კი ტემპერატურის განმგებელი ორგანიზმს მაღალი ტემპერატურის რეჟიმზე გადართავს.
უნდა გვახსოვდეს: სიცხე დაავადება არ არის, ის სხვა პრობლემის გამოვლინებაა.
ბავშვებში ტემპერატურის მომატების მიზეზად შეიძლება იქცეს:
. ინფექცია. სწორედ ეს არის ყველაზე ხშირი მიზეზი – ამგვარად ორგანიზმი თავდაცვის ბუნებრივ მექანიზმებს ააქტიურებს.
. გადახურება (მეტისმეტად თბილად ჩაცმა ან ზომაზე მეტად დამთბარ ოთახში ყოფნა). ამ მიზეზით ტემპერატურა უმეტესად ახალშობილებს უწევთ, რადგან ტემპერატურის მარეგულირებელი ორგანო მოუმწიფებელი აქვთ, მაგრამ ცხელება ახალშობილებში სერიოზული ინფექციის გამოვლინებაც შეიძლება იყოს, ასე რომ, ზედმეტად ჩაფუთნული სიცხიანი პაწიებიც სხვა მიზეზის გამოსარიცხად ექიმმა უნდა გასინჯოს.
. აცრა. ზოგიერთ ბავშვს ვაქცინაციის შემდეგ ტემპერატურა ზომიერად უწევს.
. კბილების ამოჭრამაც შეიძლება სიცხის მომატება გამოიწვიოს, მაგრამ ნაკლებმოსალოდნელია, ამ დროს ტემპერატურამ 37.8ºC-ს გადააჭარბოს.
რას ეწოდება სიცხე
მიიჩნევა, რომ ბავშვს სიცხე აქვს, თუკი თერმომეტრმა
. რექტალური გაზომვით – 38 გრადუსი,
. პირში გაზომვით – 37,5 გრადუსი,
. იღლიაში გაზომვით 37,2 გრადუსი აჩვენა.
ამავე დროს გახსოვდეთ: თერმომეტრზე გამოსახული ციფრები ვერ გვეტყვის, რამდენად მძიმედ არის ავად თქვენი შვილი. უბრალო გაციებამ შესაძლოა 39-40ºC-იანი სიცხეც გამოიწვიოს, რომელიმე მძიმე ინფექცია კი სხეულის ანომალიურად დაბალი ტემპერატურით მიმდინარეობდეს.
მაღალი ტემპერატურა საშიში არ არის, თუ ბავშვი:
. აქტიურია და ხალისით თამაშობს;
. საკვებზე უარს არ ამბობს;
. დედიკოს უღიმის და, საზოგადოდ, კარგ გუნებაზეა;
. აქვს კანის ჯანსაღი ფერი (კანი არც აჭრელებულია, არც მეტისმეტად ფერმკრთალი).
დავადგინოთ, გავარკვიოთ
თუ უკვე ნახსენებ კოცნას არ ჩავთვლით, სიცხის გასაზომად, ბუნებრივია, თერმომეტრს ვიყენებთ. XXI საუკუნემ ამ უკანასკნელსაც თავისი მოთხოვნები წაუყენა. მაგალითად, ვერცხლისწყლიანი შუშის თერმომეტრის ეპოქა განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია დასრულდა. ამერიკის პედიატრიის აკადემიის განცხადებით, ამ ტიპის თერმომეტრის გამოყენება ვერცხლისწყლის ტოქსიკურობის გამო დაუშვებელია, მათ კი, ვისაც ჯერ ისევ აქვს შემორჩენილი ასეთი თერმომეტრი, ურჩევენ, მის გამოყენებას თავი დაანებონ. განზრახ არ ვთქვით, “ნაგავში მოისროლონო” – ასე სწორედ რომ არ უნდა მოვიქცეთ, რათა გარემო ვერცხლისწყლით არ დაბინძურდეს. ამის თავიდან ასაცილებლად ვერცხლისწყლიანი თერმომეტრების ლიკვიდაციის საპატიო მისია ექიმებს აქვთ დაკისრებული და მისი უსაფრთხო განადგურების წესებსაც ისინი ასწავლიან პაციენტებს. მათ ადგილს კი საოჯახო აფთიაქებში ციფრული თერმომეტრები იკავებენ, რომელთა ცალი ბოლო სენსორით არის აღჭურვილი (სწორედ ის აღიქვამს ტემპერატურას), ხოლო ტემპერატურის მაჩვენებელი ციფრებით დისპლეიზე გამოისახება. ციფრული თერმომეტრი საკმაოდ ზუსტად ზომავს ტემპერატურას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც რექტალური (სწორ ნაწლავში), ისე ორალური (პირში) და აქსილარული (იღლიაში) გაზომვისათვის.
დღეს უკვე ჩვენშიც შეხვდებით ყურისა და შუბლის თერმომეტრებს. პირველი მათგანი მხოლოდ სამი თვიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ. სამ თვემდე ასაკის ჩვილების ყურის არხი მეტისმეტად პატარაა საიმისოდ, რომ სენსორი ჩაეტიოს და სანდო ჩვენება მოგვცეს. შუბლის თერმომეტრების ჩვენება კი სიზუსტით სწორ ნაწლავსა და პირის ღრუში გაზომილს ჩამოუვარდება.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ საწოვარიან თერმომეტრებზეც – სამ თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მისი გამოყენება საერთოდ არ არის რეკომენდებული, თანაც სწორი ჩვენება რომ მივიღოთ, ბავშვს ის გაუნძრევლად უნდა ედოს პირში, რაც ჩვილისთვის უბრალოდ შეუძლებელია.
იღლიაში გაზომილი სიცხის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენში ასე პოპულარულია, ამერიკელ პედიატრებს ნაკლებად სანდოდ მიაჩნიათ.
ამრიგად, როცა სამ თვემდე ასაკის პატარებთან გვაქვს საქმე, ყველაზე სანდო ციფრული თერმომეტრით ტემპერატურის სწორ ნაწლავში გაზომვაა.
3 თვიდან 4 წლამდე სიცხე შეიძლება გავზომოთ სწორ ნაწლავში, იღლიაში ან ყურის არხში სპეციალური ელექტრონული თერმომეტრით.
4 წლიდან, თუ ბავშვმა დაგვიჯერა, შეიძლება სიცხე პირის ღრუში გავუზომოთ, მაგრამ თუ პატარას ახველებს ან ცხვირი აქვს გაჭედილი, პირის ამდენ ხნით მოკუმვა გაუჭირდება. ამ შემთხვევაში სიცხის იღლიაში ან ყურის არხში გაზომვა მოგიწევთ.
კიდევ რამდენიმე გაფრთხილება:
- ნუ გაუზომავთ ბავშვს სიცხეს აბაზანის მიღებისთანავე ან მეტისმეტად ჩაფუთნულს – თერმომეტრის ჩვენებაზე ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
- ნუ დატოვებთ ბავშვს მარტო სიცხის გაზომვისას – თერმომეტრი სათამაშო არ არის, უფრო მოზრდილებმა კი ციფრული თერმომეტრის მოტყუების ხერხებიც შეიძლება გამონახონ.
ვირჩევთ წამალს
სიცხის დამწევი წამლები მშობლების უცვლელი მოკავშირეები არიან, მაგრამ დღეს ფარმაცევტული წარმოება მათ ისეთ სიმრავლეს გვთავაზობს, არჩევანის გაკეთებისას ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება დაიბნეს.
როგორც იცით, წამლებს კომერციულთან ერთად საერთაშორისო, ე.წ. ჯენერიკული სახელებიც აქვთ. სწორედ მის მიხედვით ჯობს გადაწყვეტილების მიღება.
ბავშვებისთვის, ჩვეულებრივ, აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) ან იბუპროფენის შემცველ საშუალებებს ურჩევენ. პირველი მათგანი დაბადებიდანვე შეგვიძლია გამოვიყენოთ (სამ თვემდე – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით), მეორე კი 3 თვიდან (6 თვემდე – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით). პედიატრები ორივეს უწევენ რეკომენდაციას. ისინი ეფექტური და უსაფრთხოა.
არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სიცხის დამწევად აცეტილსალიცილის მჟავა – ასპირინი. ეს მედიკამენტი შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემისა და ღვიძლის დაზიანებით მიმდინარე უმძიმესი რეიეს სინდრომის მიზეზად იქცეს. ეს იშვიათი, მაგრამ ძალზე სახიფათო გართულება ფატალურიც შეიძლება აღმოჩნდეს.
ჩვენში ჯერ კიდევ პოპულარული ანალგინიც, ასევე პოტენციური გართულებების გამო, საკმაო ხანია, განვითარებულმა ქვეყნებმა ხმარებიდან ამოიღეს. მის გამოყენებას ძალიან იშვიათად, ისიც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გირჩევთ.
ფორმაც თქვენი ასარჩევია. ტაბლეტს არასასიამოვნო გემო აქვს, თანაც პატარასთვის მისაცემად მისი დაფხვნა და წყალში გახსნა გიხდებათ. თუმცა ზოგიერთი ბავშვი აბებს უფრო ადვილად სვამს, ვიდრე ნაირ-ნაირი გემოს მქონე სიროპებს.
არც ტაბლეტი და არც სიროპი არ გამოგადგებათ, თუ ბავშვს აღებინებს, რექტალურ (სწორ ნაწლავში გასაკეთებელ) სანთლებს კი ფაღარათის დროს უჭირთ ორგანიზმში მოხვედრა.
დავიმახსოვროთ: სამ თვემდე ბავშვს სულ ოდნავაც რომ ჰქონდეს სიცხე მომატებული, ექიმს მივმართავთ და მისი რჩევის გარეშე წამალს არ ვაძლევთ – შესაძლოა, სერიოზული დაავადების ნიშნები შევნიღბოთ და ძვირფასი დრო დავკარგოთ. უფრო მოზრდილებში კი გადაწყვეტილებას თერმომეტრის ჩვენებასთან ერთად ბავშვის მდგომარეობის მიხედვითაც ვიღებთ. სიცხის დამწევს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს და პატარასთვის ავადმყოფობას უფრო ასატანს ხდის, მაგრამ ეს მაინც დროებითი საშუალებაა, მისი მიზანი სიმპტომის მოხსნაა და არა ავადმყოფობისგან განკურნება. შეგახსენებთ: ცხელება ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მას ინფექციასთან ბრძოლას უადვილებს, ამიტომ მასთან გამკლავებას ნუ იჩქარებთ და წამალსაც მხოლოდ მაშინ მიმართეთ, როცა ის აუცილებელია.
უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა
კიდევ ერთი გაფრთხილება დოზის ზუსტად შერჩევას ეხება. ისეთმა უწყინარმა პრეპარატმაც კი, როგორიც აცეტამინოფენია, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს. არ შეგეშინდეთ: რეკომენდებულზე ორჯერ და სამჯერ მეტი დოზაც, ჩვეულებრივ, უვნებელია. ჩარევა მაშინ არის საჭირო, თუ პარაცეტამოლის დოზამ კილოგრამზე 200 მგ-ს გადააჭარბა. ცნობისათვის: რეკომენდებული დოზა კილოგრამზე მხოლოდ 10-15 მგ-ია. თუმცა, სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ბავშვები პარაცეტამოლის მეტისმეტად დიდ დოზას იღებენ. ასეთი რამ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა:
. ბავშვს წამალს რამდენიმე მომვლელი ისე ასმევს, რომ წინა დალევის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ;
. ბავშვს ერთდროულად ასმევენ ერთი და იმავე საერთაშორისო, მაგრამ სხვადასხვა კომერციული სახელის მქონე მედიკამენტებს;
. ბავშვს წამალი კანფეტი ან წვენი ეგონება.
ასე რომ, დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ დოზის განსაზღვრისას, ზუსტად დაიცავით ექიმის რეკომენდაცია და მწარმოებლის ინსტრუქცია. არასოდეს დატოვოთ წამალი თავახდილი და ისეთ ადგილას, სადაც პატარა შეიძლება მისწვდეს.
უწამლოდაც ვებრძვით
შუბლზე ტილო დავადოთ, ამოვუგოთ საბანი, კოვზით გადავაყლაპოთ უებარი წამალი... თუმცა ჩვენი ბავშვობის შემდეგ ექიმების რეკომენდაციები შესამჩნევად შეიცვალა. წამლის თაობაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. გარდა ამისა, პატარას მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ მოიქცეთ ასე:
. დაზილეთ წყლით – ბავშვსაც ესიამოვნება და სიცხის დაწევაშიც დაგეხმარებათ. სხეულზე ფაქიზად წაუსვით ნელთბილ წყალში დასველებული ღრუბელი. ცივი წყლით დაზელამ და ყინულიანი პარკის დადებამ პაწაწინას შესაძლოა კანკალი დააწყებინოს, ეს კი სითბოს შენარჩუნების მექანიზმია და არ არის გამორიცხული, ტემპერატურის მომატებასაც კი შეუწყოს ხელი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სიცხის სწრაფი აწევა და დაწევა შესაძლოა კრუნჩხვის მიზეზად იქცეს. პედიატრები არც სპირტით დაზელას გვირჩევენ – თურმე ალკოჰოლი კანიდანაც კარგად შეიწოვება, ასე რომ, შესაძლოა, ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, მარტივი ენით რომ ვთქვათ, პატარა დაგვითვრეს.
. მაღალი სიცხისას თბილად ჩაცმა და რამდენიმე საბნის დაფარება ასევე აღარ არის აქტუალური. ჩაფუთნული სხეული სითბოს ვერ გასცემს, ორგანიზმი უფრო მეტად ხურდება და ტემპერატურაც მაღლა იწევს. უმჯობესია, სიცხიან ბავშვს თხლად ჩააცვათ და თხელი ზეწარი ან პლედი დაახუროთ.
. ყურადღება მიაქციეთ ოთახის ტემპერატურას – ის არც მაღალი უნდა იყოს და არც, მით უმეტეს, მეტისმეტად დაბალი.
. ბავშვს უხვად მიეცით სითხე. მაღალი ტემპერატურის დროს ორგანიზმი სითხეს ინტენსიურად კარგავს, რამაც შესაძლოა დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) გამოიწვიოს. კარგია ბაცი ჩაი ლიმონითა და ჟოლოთი, წვნიანი კერძები, უბრალო წყალი. ერიდეთ კოფეინის შემცველი სასმელების (კოკა-კოლას, ყავის, მაგარი ჩაის) მიცემას – მათ შარდმდენი მოქმედება აქვთ და გაუწყლოებას უფრო მეტად შეუწყობენ ხელს.
. როცა სიცხეს ღებინება და ფაღარათიც ერთვის, ორგანიზმის წყლის მარაგის შევსებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერს ჯობს სპეციალური სარეჰიდრატაციო სითხეები (მაგალითად, აისოლი), რომლებიც წყალთან ერთად ელექტროლიტების მარაგსაც ავსებს. სპეციალური დიეტა საჭირო არ არის, მაგრამ ჯობს მოვარიდოთ ბავშვი ხილსა და ხილის წვენს – უხეშმა მცენარეულმა ბოჭკომ ისედაც გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავი შესაძლოა უფრო მეტად გაუღიზიანოს.
. ავადმყოფს ნება დართეთ, ის მიირთვას, რაც სურს (რაღა თქმა უნდა, ზომიერად). ნუ დააძალებთ საჭმელს. თუ სითხეს კარგად სვამს, სანერვიულო არაფერი გაქვთ, მაღალი სიცხის დროს მადის დაკარგვა ბუნებრივია.
. მთელი დღე წოლა აუცილებელი არ არის, მაგრამ ავადმყოფი პატარა არ უნდა დაიღალოს, პირიქით, უნდა დაისვენოს – ენერგია ორგანიზმს დაავადების დასამარცხებლად სჭირდება.
. როგორც თქვენი შვილის, ისევე მისი თანაკლასელებისა და ჯგუფელების ჯანმრთელობისთვის სიცხიანი ბავშვი საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში არ უნდა გაუშვათ, თუმცა არც ხანგრძლივი არდადეგებია აუცილებელი. ექსპერტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ტემპერატურის ნორმაში დაბრუნებიდან 24 საათის შემდეგ კლასში თუ ჯგუფში დაბრუნება უსაფრთხოა. იგულისხმება, რომ ამ ხნის განმავლობაში სიცხის დამწევი მედიკამენტის მიცემა არ დაგჭირვებიათ.