ერექციული დისფუნქციის მიზეზები
გააზიარე:
სქესობრივი ფუნქციის დარღვევა, ისევე აშინებს მამაკაცს, როგორც კასტრაცია. იოლი მისახვედრია, რატომ – სქესობრივი ფუნქცია ხომ ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა! მიუხედავად პრობლემის აქტუალობისა, ხშირად გაისმის კითხვა: მაინც რას ნიშნავს სქესობრივი დისფუნქცია? შესაძლებელია მამაკაცური უძლურებისგან განკურნება თუ ერთადერთი ხსნა “ცისფერი აბებია”?
სქესობრივ დისფუნქციას ამგვარად განმარტავენ: პრობლემა, რომელიც წყვილს სქესობრივი აქტის დროს კმაყოფილების განცდას საშუალებას არ აძლევს. დაბრკოლება სქესობრივი აქტის ნებისმიერ ფაზაში შეიძლება წარმოიშვას: როგორც აგზნებისას, ისე პიკის, ორგაზმისა და მოდუნების (პოსტკოიტუსის) დროს. დაგვეთანხმებით – მამრისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როდის უღალატებს მამაკაცური საწყისი. სამაგიეროდ, ის ინფორმაცია, რომ სქესობრივ დისფუნქციათა უმრავლესობა იკურნება, ფრიად იმედის მომცემია. აქაც, როგორც ყველა სხვა სამედიცინო პრობლემის შემთხვევაში, მთავარია დროული და სწორი ჩარევა.
სქესობრივ დისფუნქციას ორი ძირითადი მიზეზი აქვს:
. ფიზიკური. სქესობრივ უძლურებაში ბრალი მიუძღვის ამა თუ იმ პათოლოგიას, მაგალითად, შაქრიან დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებას, ნევროლოგიურ ან ენდოკრინულ დარღვევას, ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკულ პათოლოგიას, ასევე – ალკოჰოლიზმს, ნარკომანიას, ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, ანტიდეპრესანტების ჭარბ და უკონტროლო მიღებას.
. ფსიქოლოგიური – მეტწილად სტრესს, დეპრესიას უკავშირდება. ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია გადამეტებული ნერვიულობა იმის თაობაზე, როგორ ჩაივლის ღამე. უდიდესი მნიშვნელობა აქვს წარსულში გადატანილ ტრავმასაც.
მამაკაცები უმთავრესად სამ პრობლემას უჩივიან: ეაკულაციის დარღვევას, ერექციულ უკმარისობას და ლიბიდოს (სქესობრივი ლტოლვის) სისუსტეს ან უქონლობას.
პრობლემა №1
ეაკულაციის დარღვევა რამდენიმე სახისაა:
. ნაადრევი. ეს ის შემთხვევაა, როცა მამაკაცი სპერმას სქესობრივი აქტის დაწყებისთანავე ღვრის. არ არის გამორიცხული, ეს უშუალო შეხებამდეც კი მოხდეს.
. დაგვიანებული, როცა სპერმის გამოტყორცნა გვიანდება.
. რეტროგრადული – სპერმის ნაწილი უკანვე აიტყორცნება და საშარდე ბუშტში ხვდება.
ნაადრევ და დაგვიანებულ ეაკულაციას შესაძლოა ერთი და იგივე რამ ედოს საფუძვლად: წარსულში გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმა (სასტიკი დაცინვა სქესობრივი პარტნიორის მხრიდან, სქესობრივი ძალადობა და სხვა), “იძულებითი” სქესობრივი აქტი (როდესაც მამაკაცს პარტნიორი არ იზიდავს), რელიგიური ფაქტორი – როდესაც მამაკაცს სქესობრივი აქტი ცოდვად მიაჩნია (იმის გამო, რომ პარტნიორთან კანონიერ ქორწინებაში არ იმყოფება) და სხვა.
ყველაზე გავრცელებული სქესობრივი დისფუნქციაა ნაადრევი ეაკულაცია, რომლის უმთავრეს მიზეზად შიში მოიაზრება – ვაითუ ჩემი მამაკაცური მოვალეობა პირნათლად ვერ მოვიხადო და რჩეულს თავი ვერ მოვაწონოო.
რეტროგრადული ეაკულაცია უმეტესად იმ ნერვის დაზიანებით არის გამოწვეული, რომელიც საშარდე ბუშტისკენ მიემართება. დაზიანების მიზეზი შესაძლოა დიაბეტური ნეიროპათია იყოს. გარდა ამისა, სპერმის უკან ატყორცნას უჩივიან მამაკაცები საშარდე ბუშტზე ან წინამდებარე ჯირკვალზე, უფრო იშვიათად – მუცლის ღრუზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ. მიზეზი ამ დროსაც ნერვის დაზიანება უნდა იყოს.
პრობლემა №2
ერექციულ დისფუნქციას ხშირად იმპოტენციად მოიხსენიებენ და არცთუ იშვიათად ასევე უწოდებენ ნებისმიერ სქესობრივ დარღვევას, თუმცა მამაკაცი მხოლოდ მაშინ მოიაზრება იმპოტენტად, როდესაც ის საერთოდ ვერ ახერხებს ერექციის მიღწევას ან ერექცია იმდენად სუსტია, რომ სქესობრივი აქტის განსახორციელებლად საკმარისი არ არის.
ერექციულ დისფუნქციასაც ხშირად იგივე ფაქტორები უდევს საფუძვლად, რომლებიც სხვა სქესობრივ დარღვევებს. მაგალითად, მამაკაცს ეშინია, პარტნიორს იმედი არ გაუცრუოს. იმპოტენციის სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია: პათოლოგიები, რომლებიც სისხლძარღვთა დაზიანებას იწვევს, მათ შორის – ათეროსკლეროზი, ასევე – ნერვული დარღვევები, სასქესო ასოს ტრავმა. არცთუ იშვიათია ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებით განპირობებული იმპოტენცია და პეირონის დაავადება.
პრობლემა №3
ლიბიდოს სისუსტესა და ალიბიდემიას – ლიბიდოს უქონლობას – უამრავი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანია ტესტოსტერონის დაბალი დონე. ხშირად ლიბიდოს არქონასა ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, მაგალითად, პირად ცხოვრებაში არსებულ სირთულეებს, აბრალებენ.
ეშველება რამე?
რა თქმა უნდა, ეშველება. მთავარია, მამაკაცმა დროულად მიმართოს ექიმს და პირნათლად შეასრულოდ მისი დანიშნულება. წარმატებაში უდიდესი როლი ეკისრება პარტნიორს: როცა ის მაქსიმალურად ეხმარება მამაკაცს, ამხნევებს მას, მკურნალობა გაცილებით ეფექტურია.
სქესობრივ დისფუნქციას რამდენიმე მეთოდით მკურნალობენ. ესენია:
. მედიკამენტური თერაპია. ამ შემთხვევაში ექიმი პრობლემის ძირითად მიზეზს, მაგალითად, ათეროსკლეროზს ებრძვის.
. დამხმარე მედიკამენტების – ვიაგრას, სიალისის, ლევიტრას მიღება, რომლებიც სასქესო ასოს ქსოვილში სისხლის მოდენას უწყობენ ხელს,
. ჰორმონული თერაპია – სჭირდებათ იმ მამაკაცებს, რომლებსაც ტესტოსტერონის დონე დაქვეითებული აქვთ;
. ფსიქოთერაპია – მკურნალობის ძალზე გავრცელებული მეთოდია აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.