ციროზული მითები

გააზიარე:

ზუსტად არ გვახსოვს, ამირანის ღვიძლსაც ერჩოდა არწივი თუ მხოლოდ მისი ბერძენი კოლეგისას. ასეა თუ ისე, დაკორტნილ-დაგლეჯილი ღვიძლის ერთ ღამეში გამთელება რომ მითია, მტკიცება არ უნდა სჭირდებოდეს. არა და ხშირად ისე იქცევით, თითქოს ეს უნიკალური ორგანო ერთი კი არა, ცხრა მაინც გქონდეთ ან პრომეთეს ჯადოსნობა თქვენთვისაც იყოს ცნობილი. არა გვგონია, უცოდინარობის ბრალი იყოს – ნებისმიერ თქვენგანს ალბათ საკმაოდ ნათელი წარმოდგენა აქვს როგორც ღვიძლის ციროზზე, ასევე მის მთავარ მიზეზზე, მაგრამ კარგად რომ ჩავუღრმავდით, აღმოჩნდა, რომ თვითდამშვიდებისა თუ თავის მართლების მიზნით იმდენი ციროზ-მითი შეგიქმნიათ, მოსე ხონელსაც შეშურდებოდა. მოკლედ, მივყვეთ და გავაცამტვეროთ:

მითი N1: უბრალოდ გვაშინებენ
ანუ ამ საზიზღარმა ექიმებმა, კომუნისტურ პროპაგანდას ვერაფრით რომ ვერ გადაეჩვივნენ და მორალის კითხვისთვის საბაბს არ უშვებენ ხელიდან, ღვიძლის ციროზის ცნებაც თავიანთ მოკავშირედ აქციეს. რეალური საშიშროება კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ისინი და მათსავე ფეხის ხმას აყოლილი ინფორმაციის მასობრივი საშუალებები გაჰყვირიან.

ჯერ ერთი, ყვირილი (თუ ჩვენთან მსგავსი რამ გაიგონეთ) უფრო მძლავრი და უფრო ხმამაღალი უნდა იყოს – იქნებ როგორმე მრავალ დახშულ ყურს მისწვდეს. ალკოჰოლის წრეგადასული სიყვარულისგან დახოცილები ჯერ კიდევ ძველ ინდოელ ექიმებს ჰყოლიათ ნანახი, “ჟღალი ღვიძლი” (ქართულად ასე ითარგმნება “ციროზი”) კი სულ ორიოდე საუკუნის წინ, XIX საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს. ტერმინიც  მაშინ გამოიყენეს პირველად და დაავადების კლინიკური სურათიც მაშინ აღწერეს. თუმცა მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა.
ციროზის არსი ღვიძლის ქსოვილის დაზიანებაა ჰეპატოციტების ნეკროზისა და ფიბროზის გამო (მარტივად რომ ვთქვათ, ღვიძლის უჯრედები იხოცება და მათ ადგილს ნაწიბუროვანი ქსოვილი – კოლაგენის ბოჭკოები იკავებს), შედეგად კი ღვიძლი სისხლის გამწმენდი ქარხნის როლს კარგავს და შემაერთებელი ქსოვილის უსარგებლო გროვად იქცევა.
ქრონიკულ ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას ციროზის შემთხვევათა ნახევარში მიუძღვის ბრალი. საშუალოდ ყოველი მესამე ალკოჰოლიკი ავადდება ლოთობის დაწყებიდან 10-15 წლის შემდეგ. რომელი სქესის დაავადებულები ჭარბობენ ორჯერ მეტად და რატომ, გამოცნობა ალბათ არ გაგიჭრდებათ.

მითი N2: სუფთა სასმელი უხიფათოა
ანუ ციროზი იმისთვის არის საშიში, ვინც ათასგვარ საზიზღრობას სვამს. ღვიძლს ალკოჰოლი კი არა, მისი ათასგვარი მინარევი თუ დანამატი აზიანებს. ხარისხიანი სასმელი კი, პირიქით, ღვიძლისთვის სასარგებლოც კია.

უხარისხო და ფალსიფიცირებული ცუდი და საშიში რომ არის, წყალი არ გაუვა, მაგრამ თუნდაც საკუთარი ხელით დაწურულ-გამოხდილს მიირთმევდეთ, ნუ გეგონებათ, რომ თავი ქუდში გაქვთ – ღვიძლს თვითონ ეთანოლი ერჩის, ანუ ის, რაც ალკოჰოლიან სასმელს გრადუსს ანიჭებს  (ეთილის, ღვინის სპირტი – რაც გინდათ, ის დაუძახეთ). თუნდაც სუფთაზე სუფთა და საუკეთესო ხარისხისა იყოს, მას შესწევს უნარი, ღვიძლში ფიბრინოგენეზის პროცესები გააქტიუროს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი ზემოქმედებით უჯრედები კოლაგენის გამომუშავებას იწყებენ და ქმედობაუნარიან ღვიძლის ქსოვილს უსარგებლო შემაერთებელი ქსოვილით ცვლიან.
ალკოჰოლის საშიში დოზაც დიდი ხანია ცნობილია: დღეში 40-50 გ ეთანოლი (200-250 გ არაყი) ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით. ისიც დადგენილია, რომ 15-წლიანი ლოთობის შემდეგ ციროზის განვითარების ალბათობა 8-ჯერ მეტია, ვიდრე 5-წლიანის შემდეგ.
მიუხედავად ამისა, იმაზე ზრუნვა, რომ რასაც სვამთ, ხარისხიანი იყოს, ზედმეტი ნამდვილად არ არის. ეთანოლისა და ათასგვარი შხამის კომბინაცია რისკს საგრძნობლად ზრდის. 

მითი N3: არამსმელებს თავი ქუდში აქვთ
სამწუხაროდ, არა. ამ შემთხვევაში თავიდან იცილებთ ციროზის გამომწვევ მხოლოდ ერთ ფაქტორს, მედიცინა კი კიდევ ათამდე მიზეზს ითვლის. დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ვირუსულმა ჰეპატიტმა, სანაღვლე გზების დაავადებებმა, ტოქსინებმა, მედიკამენტების ზედოზირებამ, ზოგიერთმა პარაზიტულმა თუ ინფექციურმა დაავადებამ (მაგალითად, ექინოკოკოზმა, ბრუცელოზმა, ტოქსოპლაზმამ)…
ჩვენი სინამდვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ალკოჰოლი და ვირუსული ჰეპატიტებია. ასე რომ თავის დასაცავად, გარდა ზომიერად სმისა, ნარკოტიკებისა და შემთხვევითი კავშირებისგან თავის არიდებისა (ყოველ შემთხვევაში, პრეზერვატივის გარეშე მაინც), სისხლთან დაკავშირებული მანიპულაციებისა თუ ჰიგიენური პროცედურების დროს სტერილურობის დაცვაა საჭირო. B ჰეპატიტისგან თავის დასაცავად კი აცრაც არსებობს, რომელიც ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარში შედარებით ცოტა ხნის წინ მოხვდა, ამიტომაც უმეტესობას ზრუნვა თავად მოუწევს.

მითი N4: ჰეპატიტიდან ციროზამდე ერთი ნაბიჯია
ერთიც არის, ოცდაოთხიც და ბევრად მეტიც. გააჩნია, რამ გამოიწვია ღვიძლის ანთება. მაგალითად, A ჰეპატიტის (ხალხში ბოტკინის დაავადებას რომ ეძახიან) დროს ანთება მხოლოდ მწვავეა და განკურნებით მთავრდება. ქრონიკული ჰეპატიტის (თუნდაც მაღალაქტიური ფორმის) დროსაც ციროზის განვითარებას წლები სჭირდება, სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაში კი ზოგჯერ ათწლეულებიც არ ჰყოფნის. სამედიცინო სტაისტიკით, B ან C ჰეპატიტის სიყვითლით მიმდინარე ან უსიმპტომო ფორმის გადატანიდან 5 წლის განმავლობაში ციროზი პაციენტთა დაახლოებით 1%-ს უვითარდება. 

მითი N5: ქონი ღვიძლს არ ერჩის
ეს მითი მითებში შემთხვევით მოხვდა. ზომიერად და გონივრულად მიღებული არც ერთი საკვები შხამი არ არის და ჯანმრთელობას კი არ ვნებს, რგებს, მაგრამ ჭარბად დაგროვილი (განსაკუთრებით ღიპზე) მარტო გულისა და სისხლძარღვებისთვის კი არა, ღვიძლისთვისაც საშიშია. ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება დიაგნოზია, რომელსაც, ინფარქტის, ინსულტისა და მეორე ტიპის დიაბეტისა არ იყოს, უფრო და უფრო ხშირად და მოსახლეობის უფრო და უფრო ახალგაზრდა ნაწილში სვამენ. და ეს დაავადება მესამეა ციროზის გამომწვევ მიზეზებს შორის! ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ მას სიმსუქნე და სისხლში ლიპიდების ცვლის დარღვევა იწვევს, მაგრამ დაავადებულთა უმრავლესობას სწორედ ჭარბი წონა აქვს.
სადღეისოდ თავდაცვის საუკეთესო სტრატეგია წონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაა ჯანსაღი კვებითა და ფიზიკური აქტივობით (თანაც ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, II ტიპის დიაბეტისა და ზოგიერთი სახის კიბოს რისკსაც შეამცირებს), ოღონდ თუ ჭარბწონიანთა (მით უმეტეს, მსუქანთა) კატეგორიას მიეკუთვნებით, უკიდურეს ზომებს (მაგალითად, ისეთ დიეტებს, გამოგონებით ინკვიზიტორებიც რომ იამაყებდნენ) ნუ მიმართავთ. წონის სწრაფი კლებისა და მატების ეპიზოდები თავდაპირველ წონაზე საშიშიც კია. კვირაში 1, მაქსიმუმ 1,5 კგ – ექიმების აზრით, ასეთი გახლავთ წონის უსაფრთხო დანაკარგი.

მითი N6: ეს განაჩენია
რა აზრი აქვს ციროზთან ბრძოლას?! ღვიძლის გარეშე დღეები ხომ დათვლილია!
სიკვდილამდე ვის მოუკლავსო, ხომ გაგიგონიათ... დროზე ადრე რატომ უნდა დანებდეთ?! სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი დამოკიდებულია ციროზის განვითარების მიზეზზე, დესტრუქციული ცვლელებების ხარისხზე, ჩატარებულ მკურნალობაზე და, რა თქმა უნდა, დაავადების სტადიაზე – რაც უფრო ადრე მოხერხდება დიაგნოზის დასმა, მით უკეთესი პროგნოზის იმედი შეიძლება გვქონდეს.
თუ ალკოჰოლური ციროზი ადრეულ სტადიაზე აღმოჩნდა, მსხვერპლმა ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი სასმელზე და ექიმების სხვა რეკომენდაციებიც გაითვალისწინა, შეგიძლიათ, თითქმის დარწმუნებული იყოთ, რომ ღვიძლი არც არასოდეს შეახსენებს თავს. თუ ციროზის მიზეზი ვირუსული ჰეპატიტია, თანამედროვე ანტივირუსულ მკურნალობას მისი შეჩერება და ხანგრძლივ რემისიაში გადაყვანა შეუძლია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ციროზის განვითარებამდე ანთების გამოვლენა და მკურნალობა ამ უსიამოვნებას თავიდან აგაცილებთ. ასე რომ, ნუ დაელოდებით სანამ რამე შეგაწუხებთ, – მაგალითად, ღვიძლის გადიდება, სიყვითლე ან ცხვირიდან სისხლდენა. ეს საწყისი კი არა, უკვე გამოხატული ციროზის ნიშნებია. ამიტომაც ღვიძლის მდგომარეობის გადამოწმება (სისხლის ბიოქიმიური ანალიზითა და მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევით) ზედმეტი ნამდვილად არ იქნება, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე დაავადება, აუხსნელი წარმოშობის ცხელება გაწუხებთ ანდა რისკფაქტორებიდან რომელიმე თქვენც შეგეხებათ: ვირუსული ჰეპატიტი გადაიტანეთ ან ალკოჰოლს ეტანებით, დაუცველი შემთხვევითი სქესობრივი კავშირი გქონდათ, სისხლი გადაგისხეს ან ქირურგიული ოპერაცია გაგიკეთეს. შეგახსნებთ: ამა თუ იმ ანალიზის დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა. ჩამოთვლილთაგან ზოგიერთ შემთხვევაში ღვიძლის ფუნქციური სინჯების ჩატარებამდე მან შესაძლოა თვითონ ვირუსული ჰეპატიტის არსებობის დადგენა გირჩიოთ. უბრალოდ, მისვლა და მასთან საუბარი არ უნდა დაიზაროთ. კითხვების დასმის უფლებაც გაქვთ და საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისაც. თუ თეორიულად მომზადებული იქნებით (თუნდაც ჩვენი ჟურნალის რეგულარული კითხვით), ექიმთან მისსავე ენაზე საუბარსაც შეძლებთ და იმის გარკვევასაც, რამდენად შეესაბამება მისი რჩევები საღ აზრსა და თანამედროვე მედიცინას.

მითი N7: თანამედროვე მედიცინისთვის ციროზი პრობლემა აღარ არის
შევთანხმდეთ, მკვდარს ვერაფერი გააცოცხლებს. ღვიძლის ქსოვილში ნაწიბუროვანი ცვლილებებიც შეუქცევადია. ნაწიბურები, კანისა არ იყოს, ღვიძლზეც სამუდამოდ დარჩება. ერთ-ერთი მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, ციროზი შეიძლება დამთავრდეს მდგომარეობის გაუმჯობესებით, გაუარესებით, უცვლელი მდგომარეობით, სიკვდილით. სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალში გამოჯანმრთელება საერთოდ არ არის. ციროზთან განშორება მხოლოდ ღვიძლთან ერთად შეიძლება, თუმცა ტრანსპლანტაციის იმედი მხოლოდ ერთეულებს თუ აქვთ, საქართველოში კი ასეთი ოპერაციები ჯერ არ ტარდება.
სამაგიეროდ გადარჩენილ ღვიძლის უჯრედებს თუ თავად არ მოუსწრაფეთ სიცოცხლე ან დაზიანებისგან დაიცავით, შეუძლიათ, მეტი დატვირთვით იმუშაონ და შეძლებისდაგვარად დანაკლისი არც კი გაგრძნობინონ. (იხილეთ მითი N4). ღვიძლის ქსოვილის მნიშვნელოვანი ნაწილის დესტრუქციისას კი, სამწუხაროდ, ყველაზე სასურველი გამოსავალი დაავადების არააქტიურ სტადიაში გადაყვანა და პროგრესის შეჩერებაა.

მითი N8: სასწაულმოქმედი წამალი (თუ წამლები) აღმოჩენილია
რამდენი რეკლამა გვაქვს ნანახი თუ მოსმენილი; უამრავი ისეთი წამალი არსებობს, ღვიძლის სტრუქტურას რომ აღადგენს.
თავი დავანებოთ ანეკდოტებს სერიიდან “რეკლამას ენდე?!” რატომაც არა, უნდა ვენდოთ კიდეც, ოღონდ ყურადღებით უნდა წავიკითხოთ თუ მოვისმინოთ. ჯერ ერთი, მათ ჰეპატოპროტექტორები – ღვიძლის დამცველები ჰქვიათ და არა ჯადოქრები და მიცვალებულის გამცოცხლებლები (იხილეთ მითი N5).
აი ამონარიდი ძლიერი ჰეპატოპტოტექტორის ჰეპოლამის ინსტრუქციიდან: “აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციურ აქტივობას ღვიძლის დაავადებების დროს, იცავს ღვიძლს ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების, ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტებისა და ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისგან. როგორც დამხმარე საშუალება, ხელს უწყობს ორგანიზმის გათავისუფლებას სხვადასხვა ნივთიერებებზე, მათ შორის ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან. აძლიერებს მადას ანორექსიის დროს. მასში შემავალი სამკურნალო მცენარეები ავლენენ პროფილაქტიკურ და თერაპიულ ეფექტს ღვიძლის სხვადასხვა დაავადების დროს. აფერხებენ ღვიძლის ფიბროზის განვითარებას და ასტიმულირებენ რეგენერაციას”. როგორც ხედავთ, სასწაულზე აქ საუბარი არ არის.
ამ ჯგუფის მრავალი ცნობილი მედიკამენტის, მაგალითად, ესენციალეს აქტიური ნივთიერება ლეციტინია – ბუნებრივი ფოსფოლიპიდი, ღვიძლის უჯრედთა მემბრანების შემადგენელი ნაწილი. წამლის რა ნაწილი აღწევს დანიშნულების ადგილს და რამდენად ხერხდება უჯრედების აღდგენა, ამას ჯერ კიდევ იკვლევენ. ზოგიერთი მონაცემით, ღვიძლის უჯრედებს შეყვანილი ფოსფოლიპიდების ნახევარი თუ აღწევს. ფაქტი ერთია: მათი მოქმედება გარკვეულ დონემდე დაზიანებული უჯრედებით შემოიფარგლება. გადაგვარებულ ქსოვილთან ისინი ვერაფერს აწყობენ.

ციროზ-ინდიკატორი
წლობით უსიმპტომო დაავადება შეიძლება გამოვლინდეს:
. დაღლილობით;
. სისხლდენებისა და სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილებით;
. მუცლის ღრუში სითხის დაგროვებით;
. მადის დაკარგვით; 
. ღებინებით;
. ფეხების შეშუპებით;
. წონის უმიზეზო კლებით.

ანტიციროზული ჩაფხუტი
. თუ ალკოჰოლს ვერ ელევით, ზომიერება არ დაკარგოთ. ქართულს კი არა, ევროპულ-სამედიცინოს ვგულისხმობთ: 2 ჭიქა დღეში, 65 წლის შემდეგ კი ნახევარი.
. იკვებეთ ჯანსაღად: ბევრი ხილი და ბოსტნეული, გადაუმუშავებელი მარცვლეული და ცილის წყარო – სოკო, პარკოსნები და მჭლე ხორცი. ცხიმიანი და შემწვარი კერძები კი შეზღუდეთ.
. შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა. ჭარბმა ცხიმმა შესაძლოა ღვიძლი დააზიანოს. თუ ზედმეტი კილოგრამები დაგიგროვდათ, თანდათანობით და სამუდამოდ დაემშვიდობეთ.
. ქიმიკატებთან ფრთხილად იყავით. მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა ნამდვილად დაგჭირდებათ. ზუსტად დაიცავით მასზე მითითებული უსაფრთხოების წესები. ღვიძლს ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს, ამიტომ ეცადეთ, ამ მხრივ რაც შეიძლება ნაკლები სამუშაო გაუჩინოთ.
. შეამცირეთ ჰეპატიტის რისკი. ზიარი შპრიცები და დაუცველი სქესობრივი კავშირები B და C ჰეპატიტების საფრთხეს საგრძნობლად ზრდის. თუ B ჰეპატიტი არ აგიცრიათ, აიცერით.

გააზიარე: