იწვევს თუ არა სგგდ უნაყოფობას

გააზიარე:

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები მხოლოდ გონორეა და სიფილისი რომ არ არის, ამის თაობაზე მედიკოსები დიდი ხანია შეთანხმდნენ. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, სგგდ-ა ყველა ის ინფექციური სნეულება, რომელიც კი სქესობრივი გზით  გადაედება. აქედან გამომდინარე, უმთავრესად იმ ასაკის ადამიანებს ემართებათ, რომლებიც აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან. მაგალითად, აშშ-ში – უმთავრესად 15-დან 25 წლამდე ასაკის პირებს, ამასთან, გოგონებსა და ვაჟებს – ერთნაირი სიხშირით.

მრავალი წელია, რომ არ ვთქვათ საუკუნე, სგგდ მოსახლეობის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ბუნებრივიც არის: არავის სურს, თავად გახდეს მისი მსხვერპლი. მიუხედავად ასეთი ინტერესისა (ან იქნებ სწორედ ამიტომ), სქესობრივი გზით გადამდები 
დაავადებების შესახებ ათასგვარი ჭორი დადის. ზოგიერთს ამის მიზეზად ინფორმაციის სიმცირე მიაჩნია, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამდენი მცდარი წარმოდგენის არსებობა სტიგმის ბრალია, ზოგი კი ფიქრობს, რომ მითების შეთხზვის ერთ-ერთი მიზეზი თავის მართლების სურვილია – წარმოიდგინეთ მამრი (თუ გნებავთ, მდედრი), რომელიც ექიმს არწმუნებს, რომ ინფექცია მთელი დღე პლაჟზე ნებივრობის შედეგად შეეყარა! ისე კი, ცხადია, დაინფიცირება პლაჟზეც შესაძლებელია, თუ ადამიანს შემოაღამდა და, რაც მთავარია, მარტო არ იყო...
სგგდ-ის შესახებ მოარული ყველაზე პოპულარული ჭორები ასეთია:
. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები მხოლოდ და მხოლოდ ვაგინალური სქესობრივი კავშირის შედეგად გადაედება. ამასთან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს კავშირის ხანგრძლივობას და მისგან მიღებულ სიამოვნებას.
. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სგგდ არასოდეს ემართებათ (ასე კი ამბობენ, მაგრამ როგორ ამოვიცნოთ ეს იღბლიანები, არავინ იცის).
. სისუფთავის მოყვარულებს სგგდ არ ემუქრებათ.
. სგგდ-ით დაავადებული ადვილი ამოსაცნობია (თუმცა არც აქ მიუთითებენ, რით – სახის გამომეტყველებით თუ გამონაყარის ტიპით).
. სგგდ-ისგან განკურნება ადვილზე ადვილია.

News #1
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, 25 წლამდე ასაკის სქესობრივად აქტიურმა ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს სკრინინგი ქლამიდიის არსებობაზე.
ეს ინიციატივა დკც-მ მას შემდეგ წამოაყენა, რაც რამდენიმე გამოკვლევის შედეგები და უკანასკნელი პერიოდის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა.
დკც-ის მოსაზრებით, ქლამიდია და გონორეა უშვილობის იმ მიზეზთაგანია, რომელთა პრევენცია შესაძლებელია და არცთუ ისე რთული. ამ ინფექციური პათოლოგიებისგან თავის დაცვა აუცილებელია იმდენად, რამდენადაც ისინი ასიდან 10-15 შემთხვევაში მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებით ცვლილებებს იწვევენ. ინფექციური პროცესი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც დიაგნოზის დასმასა და სამედიცინო ჩარევას აგვიანებს და დაავადების გაღრმავებას უწყობს ხელს. სწორედ სასქესო ორგანოებში ფარულად, მაგრამ დიდხანს მობინადრე მიკროორგანიზმები იწვევენ ფალოპის მილების, საშვილოსნოსა და რეპროდუქციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სხვა ორგანოების ქსოვილთა ღრმა, ზოგჯერ კი შეუქცევად დაზიანებას.
დკც-ის მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად ქლამიდიოზის 2,8 მლნ და გონორეის 718 ათასი შემთხვევა აღირიცხება. უმთავრესად სწორედ ამ ციფრებზე დაყრდნობით ურჩევს დაავადებათა კონტროლის ცენტრი 25 წლამდე ასაკის გოგონებს სკრინინგის ჩატარებას, 25 წლიდან კი გამოკვლევა უფრო მათთვის არის რეკომენდებული, ვინც ხშირად იცვლის სქესობრივ პარტნიორს.

რა იწვევს უნაყოფობას
უნაყოფობის მიზეზად ხშირად ასახელებენ სგგდ-ს, თუმცა მთავარი მიზეზი თავად ინფექცია კი არ არის, არამედ ის, რომ ინფიცირებული ადამიანი სიმპტომების უქონლობის გამო ექიმს არ მიმართავს, ნებაზე მიშვებული პროცესი უფრო და უფრო ღრმავდება და საბოლოოდ საქმე უშვილობამდე მიდის. ყველაფერი ბანალური ანთებით იწყება: ფალოპის მილში დაბუდებული მიკროორგანიზმი ანთებით ცვლილებებს იწვევს და ორგანოს ამომფენ ლორწოვან გარსს აზიანებს. ხანგრძლივი ანთებითი პროცესის შედეგად ლორწოვანი ქსოვილი ისე ზიანდება, რომ კედლების ერთმანეთთან შეხებისას მთლიანობადაკარგული გარსები ერთმანეთს ეკვრის. შეწებებული ქსოვილები სანათურს ახშობს და კვერცხუჯრედის მოძრაობას აბრკოლებს.
ცხადია, ეს ცვლილებები ერთ დღეში არ ვითარდება. ასე რომ, ნუ ენდობით დიაგნოზს, თუ გარწმუნებენ, რომ უშვილობის მიზეზი 1-2 თვის წინ “ზღვაზე ან აუზზე” შეძენილი ინფექციაა.
ახლა კი, მოდი, ინფიცირების საკითხს დავუბრუნდეთ. ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია თუ არა, ზღვაზე ან აუზზე ადამიანს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია შეხვდეს? თუ სტატიის პირველი ნაწილი გულდასმით წაიკითხეთ, პასუხი გეცოდინებათ – შესაძლებელია, თუ ხსენებულ ადამიანს იქ სესობრივი კავშირი ჰქონდა.
მამაკაცებს ქალებზე მეტად გაუმართლათ: ინფიცირების დამადასტურებელი ნიშნები ანუ დაავადების სიმპტომები მალევე იჩენს თავს, თანაც მეტად შემაწუხებელია, რაც მამაკაცს ექიმთან მისვლას და მკურნალობას აიძულებს. მიუხედავად ამისა, მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად ეპიდიდიმიტის (სათესლე ჯირკვლების დანამატების ანთების) 500 000 შემთხვევა სგგდ-ით არის გამოწვეული. წარმოიდგინეთ, რა შემაშფოთებელი იქნება სტატისტიკა ქალებში, რომლებსაც დიაგნოზის დასმა უმეტესად უგვიანდებათ და უშედეგოდ მკურნალობენ.

News #2
“სი-ბი-ეს ნიუსის” მონაცემებით, ქალებს, რომლებიც გათხოვებამდე თავს იკავებდნენ სქესობრივი ცხოვრებისგან, სგგდ იმავე სიხშირით ემართებათ, როგორითაც სქესობრივად აქტიურ ქალებს. 
მედიკოსებმა 12-დან 18 წლამდე ასაკის 12 000 მოზარდ გოგონაზე დაიწყეს დაკვირვება. მათი ნაწილი უმანკო იყო და გათხოვებამდე ასეთად აპირებდა დარჩენას, ნაწილს კი სქესობრივი პარტნიორი ჰყავდა. გათხოვებიდან 6 წლის შემდეგ ჩატარდა გამოკვლევა, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოვლენას ისახავდა მიზნად. აღმოჩნდა, რომ საკვლევ ჯგუფებში ინფიცირების შემთხვევათა სტატისტიკა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა. მკვლევართა დასკვნა ასეთი გახლდათ: გათხოვებამდე სქესობრივად აქტიურ გოგონებს თავდაცვის საშუალებათა გამოყენების კულტურა უყალიბდებათ, სგგდ-ის გადაცემისა და მისგან თავდაცვის გზების სესახებაც უფრო მეტი იციან, გათხოვებამდე ქალიშვილები კი სქესობრივ განათლებას გვიან ეწაფებიან და, რაღა თქმა უნდა, სქესობრივი ცხოვრების უნარ-ჩვევებიც გვიან უყალიბდებათ, თანაც უფრო მეტად ენდობიან ქმრებს.

გზები, კავშირები...
სგგდ-ის გადაცემის ძირითადი გზა სქესობრივი კავშირია, მაგრამ ინფექციის გამომწვევი ზოგჯერ სხვა გზებსაც პოულობს. გამოკვლევები მოწმობს, რომ ინფიცირება პეტინგის და, თქვენ წარმოიდგინეთ, მასტურბაციის დროსაც კია შესაძლებელი. ძნელი სათქმელია, როგორია ამ დროს ინფიცირების მექანიზმი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სგგდ-ის გამომწვევი იოლად იჭრება ორგანიზმში ნაკაწრიდან და ჭრილობიდან, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოფერებაც, მით უმეტეს – უხეში, შეიძლება ინფიცირების მიზეზად იქცეს.
გადაცემის სხვა გზებიდან აღსანიშნავია ინფიცირებულ სისხლთან, შარდსა და სპერმასთან კონტაქტი. ამ შემთხვევაში ყვითელ, გამაფრთხილებელ შუქს მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს, უფრო ზუსტად, ლაბორატორიის თანამშრომლებს უნთებენ.
რაკი სისხლთან კავშირზე ჩამოვარდა სიტყვა, თემას გავაგრძელებთ და გეტყვით, რომ რისკის უდიდეს ჯგუფს წარმოადგენენ ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები, რომლებიც ხშირად საერთო ნემსს იყენებენ.
არანაკლებ სახიფათოა ინტიმური სათამაშოების გაზიარებაც. საზოგადოდ, სგგდ ნებისმიერი სახის სქესობრივი კონტაქტის დროს შეიძლება გადაედოს, ასე რომ, ინფიცირების შიშით მხოლოდ ორალური ან ანალური სქესობრივი კავშირისთვის უპირატესობის მინიჭება დიდი ვერაფერი სტრატეგიაა.
გაითვალისწინეთ: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. წინათ თუ ვენერულ დაავადებათა ნუსხაში სულ რამდენიმე დაავადება შედიოდა, რომლებიც უმთავრესად სასქესო ორგანოების ანთებითი სიმპტომატიკით იჩენდა თავს, ბოლო ხანს მათ რიცხვს ის ინფექციებიც შეემატა, რომლებიც სქესობრივი გზით გადაედება, მაგრამ რეპროდუქციული ორგანოების დაზიანებასთან ნაკლებად დაკავშირებული ნიშნებით ვლინდება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ინფიცირების ერთადერთი გზა სქესობრივი კონტაქტი არ არის. მაგალითად, აივ-ინფექცია და B და C ვირუსული ჰეპატიტები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია, მაგრამ ინფექცია იოლად ვრცელდება სისხლის (ტრანსფუზიის ანუ გადასხმის დროს), საერთო შპრიცის მეშვეობით და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გადაედება დედისგან ნაყოფს მუცლადყოფნის პერიოდში ან მშობიარობის დროს.

გააზიარე: