აზოოსპერმია – მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი

გააზიარე:

ჩვენ გარშემო უამრავი ახალგაზრდა ქალია, რომელთა ყველაზე დიდი სადარდებელი უშვილობაა. ისინი დადიან გინეკოლოგთან, იტარებენ უამრავ გამოკვლევას, თვიდან თვემდე ისმენენ ექიმის ვარაუდებს და მიმართავენ მკურნალობის ახალ-ახალ მეთოდებს, მაგრამ ამაოდ...

ალბათ შეამჩნიეთ – მხოლოდ ქალები ვახსენე. ეს იმიტომ, რომ საქართველოში უშვილობა დიდხანს ბრალდებოდა ქალს. მამაკაცის უნაყოფობას არც კი განიხილავდნენ... მოდი, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს – უშვილობის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მწვავედ დგას და ბევრმა არც კი იცის, რომ ზოგჯერ ქალი არაფერ შუაშია – წყვილის უნაყოფობის მიზეზი სპერმის არასრულფასოვნებაა.

საბედნიეროდ, ბოლო ხანს ამ საკითხისადმი დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა და პრობლემის მოგვარებაში მომავალი მამებიც ჩაერთნენ. მეგობრებისგან, ნათესავებისგან, ნაცნობებისგან ალბათ თქვენც გაგიგონიათ ან ინტერნეტში, სამედიცინო ფორუმზე წაწყდომიხართ ასეთ ფრაზებს: "ექიმმა მითხრა, დაბალი პროცენტულობა გაქვს და შვილი თუ გინდა, აუცილებლად უნდა იმკურნალოო"; "დაბალი პროცენტულობა დამიდგინეს, მაქვს შვილის ყოლის შანსი?" აშკარაა, პრობლემისადმი საზოგადოების ინტერესი დიდია, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამჯერად სწორედ მამაკაცთა უნაყოფობაზე, კერძოდ, აზოოსპერმიაზე გესაუბროთ.

 

სპერმის წარმოქმნა საკმაოდ რთული პროცესია და როგორც სათესლეების, ისე ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ნორმალურ ფუნქციობას მოითხოვს (ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი თავის ტვინის ნაწილებია, რომლებიც სპერმის წარმოქმნისთვის აუცილებელ ჰორმონებს გამოიმუშავებს).

მამაკაცის სასქესო უჯრედები, სპერმატოზოიდები, სათესლე ჯირკვლებში წარმოიქმნება, იქვე გროვდება და სქესობრივი აქტის ბოლოს სპერმის გამომტანი სადინარების მეშვეობით გარეთ გამოიყოფა. სპერმის გამოყოფას ეაკულაციას უწოდებენ.

პროცესის რომელიმე ეტაპზე აღმოცენებული დაბრკოლება სპერმის წარმოქმნის ან გამოყოფის დარღვევას იწვევს.

სპერმაში სპერმატოზოიდების ნაკლებობას ოლიგოსპერმია ეწოდება, სრულ არარსებობას კი – აზოოსპერმია.

სპერმატოზოიდების დეფიციტი კვერცხუჯრედის განაყოფიერების შანსს ძალიან ამცირებს, თუმცა  უშვილობა საბოლოო განაჩენი არ არის -მკურნალობა პრობლემას, წესისამებრ, აგვარებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა მამაკაცი, რომელსაც სპერმაში სპერმატოზოიდების შემცველობა დაქვეითებული აქვს, არ არის უნაყოფო. მეტიც – აზოოსპერმიაც კი არ მიიჩნევა გამოუვალ მდგომარეობად. ამ დროს მნიშვნელოვანია მიზეზის დადგენა, რადგან ზოგ შემთხვევაში პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

 

რა ახასიათებს

აზოოსპერმიის ყველაზე აშკარა ნიშანი უშვილობაა. ზოგჯერ პაციენტები ამჩნევენ ცვლილებებს სპერმაში, აღნიშნავენ მის მცირე მოცულობას, თხიერებას, უჩვეულო ფერს (მოყვითალოს, მომწვანოს, სისხლის შერევის შემთხვევაში – მოწითალოს ან მოყავისფროს). ხშირად კი კლინიკურ სურათს ძირითადი დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა განსაზღვრავს. ეს შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი ქრომოსომული დაავადება, ამა თუ იმ სახის ჰორმონული დისბალანსი, სათესლის ვენების დილატაცია (გაგანიერება) და სხვა.

აზოოსპერმიისთვის დამახასიათებელია:

* სქესობრივი დისფუნქცია, მაგალითად, ეაკულაციის გაძნელება, სქესობრივი ლტოლვის გაქრობა ან შემცირება, ერექციული უკმარისობა;

* სათესლეების ტკივილი, შეშუპება ან მათში არაბუნებრივი წარმონაქმნის არსებობა;

* გინეკომასტია – სარძევე ჯირკვლის გადიდება;

* სახისა და სხეულის თმოვანი საფარველის შემცირება, ქრომოსომული ან ჰორმონული დარღვევის სხვა ნიშნები.

როდის მივმართოთ ექიმს

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ, მიუხედავად რეგულარული სქესობრივი ცხოვრებისა, უკვე ერთ წელზე მეტია ვერ ახერხებთ ბავშვის ჩასახვას ან:

* უჩივით ერექციულ ან ეაკულაციურ დისფუნქციას ან სქესობრივი ფუნქციის სხვა პრობლემებს;

* გაწუხებთ ტკივილი, დისკომფორტი ან შეშუპება სათესლეების მიდამოში;

* ოდესმე გქონიათ სათესლის, პროსტატის ან სქესობრივი ფუნქციის პრობლემები;

* გადაგიტანიათ საზარდულის, სათესლე ჯირკვლების, სასქესო ასოს ან სათესლე პარკის ოპერაცია.

 

განასხვავებენ ობსტრუქციულ და არაობსტრუქციულ აზოოსპერმიას.

არაობსტრუქციული აზოოსპერმიის დროს დარღვეულია სპერმის წარმოქმნა. მისი მიზეზების ჩამონათვალი ასეთია:

* ვარიკოცელე – სათესლე ჯირკვლების ვენათა ვარიკოზული გაგანიერება. ეს მამაკაცთა უნაყოფობის ყველაზე ხშირი მიზეზია. რატომ იწვევს ვარიკოცელე უშვილობას, უცნობია. სავარაუდო მიზეზია სათესლე ჯირკვლების ტემპერატურის რეგულაციის დარღვევა. ვარიკოცელეს დროს სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობა მცირდება, თუმცა მკურნალობა უმეტესად აუმჯობესებს მდგომარეობას.

* კრიპტორქიზმი – მუცლად ყოფნის პერიოდში ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა სათესლე პარკში;

* ჰიპოსპერმატოგენეზი – ამ დროს სპერმა წარმოიქმნება, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. სპერმატოზოიდების აღმოჩენა მხოლოდ ბიოფიის საშუალებით არის შესაძლებელი;

* სპერმატოზოიდების მომწიფების დარღვევა – ამ დროს სპერმა მხოლოდ მოუმწიფებელ სპერმატოზოიდებს შეიცავს;

* ჰორმონული დისბალანსი – ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი და სათესლე ჯირკვლები გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც აუცილებელია სპერმის წარმოქმნისთვის. ამ ჰორმონთა წარმოქმნის დარღვევა სპერმის პროდუქციაზე უარყოფითად აისახება. ჰორმონული ცვლილებები შესაძლოა გამოიწვიოს ქირურგიულმა ჩარევამ, ტრავმამ ან რომელიმე დაავადებამ;

* ქრომოსომული ანომალიები, მაგალითად, კლაინფელტერის სინდრომი, რომლის დროსაც მამაკაცს, ნაცვლად ერთი X-ისა და ერთი Y-ისა, ორი X და ერთი Y ქრომოსომა და მისი რეპროდუქციული ორგანოები არასწორად ვითარდება;

* ზოგიერთი მედიკამენტი – ტესტოსტერონით ჩანაცვლებით თერაპიას, ანაბოლური სტეროიდების ხანგრძლივ მიღებას, ქიმოთერაპიას, ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო და წყლულის სამკურნალო თერაპიას შეუძლია, უარყოფითი გავლენა მოახდინოს სპერმის წარმოქმნაზე;

* სპერმის საწინააღმდეგო ანტისხეულები, რომლებსაც მამაკაცის იმუნური სისტემა გამოიმუშავებს. ისინი შეცდომით უცხოდ აღიქვამენ საკუთარი ორგანიზმის სპერმატოზოიდებს და ანადგურებენ მათ;

* სიმსივნეები, რომლებიც რეპროდუქციულ სისტემას აზიანებენ. მაგალითად, სათესლე ჯირკვლის სიმსივნის პირველი კლინიკური ნიშანი სწორედ აზოოსპერმიაა. აღსაღნიშნავია ჰიპოფიზის სიმსივნეც, რომელიც ჰორმონულ დისბალანსს იწვევს. ოპერაცია, დასხივებითი თერაპია და ქიმიოთერაპია სიმსივნური პროცესების დროს ასევე უქმნის საფრთხეს მამაკაცის შვილოსნობას.

 

ობსტრუქციული აზოოსპერმის დროს სპერმის გამოყოფის პროცესია დარღვეული. ამ სახის აზოოსპერმიას იწვევს:

* ეაკულაციის დარღვევა. მისი ერთ-ერთი ტიპია რეტროგრადული ეაკულაცია – სქესობრივი აქტის დროს სპერმა გარეთ გამოყოფის ნაცვლად უკან ბრუნდება და შარდის ბუშტში გადადის. დარღვევა შესაძლოა გამოწვეული იყოს დიაბეტით, ზურგის ტვინის დაზიანებით, შარდის ბუშტის, პროსტატის ან შარდსაწვეთის გადატანილი ოპერაციით, ასევე – ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, ალფა ბლოკერების, მიღებით, რომლებსაც წნევის რეგულირებისთვის ვსვამთ;

* ზოგიერთი ინფექციური დაავადება, რომლებიც ეპიდიდიმიტს (დანამატის თავის ანთებას), ორქიტს და სასქესო სისტემის სხვა ანთებით დაავადებებს იწვევს. ესენი უმეტესად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია: გონორეა, ქლამიდია, აივ-ინფექცია. ანთებითი პროცესისა და შეშუპების შედეგად იბლოკება სპერმის გამოსასვლელი გზა;

* თესლის გამომტანი მილაკების დახშობა. მას ბევრი რამ იწვევს, მათ შორის – დაუდევარი ქირურგიული ჩარევა, ტრავმა, გადატანილი ინფექციური დაავადება. ბლოკი შესაძლოა ნებისმიერ დონეზე განვითარდეს – სათესლე ჯირკვლებში, მადრენირებელ მილაკებში, დანამატის თავში, თესლის გამომტან სადინარში ან შარდსადენში;

* ზოგიერთი გენეტიკური დაავადება, მაგალითად, ცისტური ფიბროზი, რომლის დროსაც წარმოიქმნება ბლანტი სქელი სპერმა და ძნელდება მისი გამოყოფა. გენეტიკურად არის განპირობებული ასევე თესლის გამომტანი სადინარის არარსებობა და ზოგიერთი სხვა პათოლოგია;

* გადატანილი ოპერაციები. ზოგიერთი ოპერაციის შემდეგ სპერმატოზოიდები შესაძლოა ეაკულატში ვეღარ მოხვდეს. ასეთებია: ვაზექტომია, თესლგამომტანი სადინარის ამოკვეთა, საზარდულის თიაქრის პლასტიკა, სათესლე პარკისა და სათესლე ჯირკვლის ოპერაციები, მუცლის ღრუს ფართო ოპერაციები სათესლის ან სწორი ნაწლავის სიმსივნის დროს. ქირურგიული ჩარევით თესლის გამომტანი გზების აღდგენა შესაძლებელია.

 

გარეგანი ფაქტორების როლი

მამაკაცის შვილოსნობაზე გავლენას ახდენს და სპერმაში სპერამტოზოიდების შემცირებას იწვევს გარეგანი ფაქტორებიც:

* ინდუსტრიული ქიმიური ნარჩენები – ბენზინი, ტოლუოლი, პესტიციდები, ჰერბიციდები, ორგანული გამხსნელები, საღებავები და ტყვია;

* მძიმე მეტალები;

* რადიაცია და რენტგენის სხივები;

*სათესლეების გადახურება – მაღალი ტემპერატურა აფერხებს სპერმის წარმოქმნას. ვარაუდობენ, რომ საუნაში ხშირი სტუმრობა და ვიწრო შარვლის დიდხანს ტარება ასევე ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას.

 

ცხოვრების წესი

სპრემატოზოიდების დეფიციტის გამომწვევი სხვა ფაქტორებია:

* ნარკოტიკების, მათ შორის – კოკაინისა და მარიხუანას მოხმარება, ანაბოლური სტეროიდების მიღება კუნთოვანი მასის გასაზრდელად;

* ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

* თამბაქოს წევა – დადგენილია, რომ მწეველ მამაკაცებს არამწეველებზე დაბალი ხარისხის სპერმა აქვთ;

* ემოციური სტრესი – ეს უკანასკნელი ჰორმონულ დისბალანსს იწვევს

* წონა – ის უშუალო გავლენას ახდენს სპერმაზე და ჰორმონულ ცვლილებებს განაპირობებს.

 

დიაგნოსტიკა

ექიმი, უპირველეს ყოვლისა, შეკრებს ანამნეზს, გამოგკითხავთ სხვადასხვა თანდაყოლილი, გადატანილი თუ შეძენილი დაავადებების შესახებ, მერე კი სპერმის ანალიზის ჩასატარებლად გაგგზავნით.

სპერმის ანალიზი მოიცავს სპერმატოზოიდების დათვლას მიკროსკოპის საშუალებით. გამოიყენება კომპიუტერული მეთოდიც, რომელიც ავტომატურად ითვლის სპერმატოზოიდების რაოდენობას.

ექიმი მოგცემთ სპეციალურ კონტეინერს, რომელშიც მასტურბაციის გზით შეაგროვებთ სპერმას. მასალის აღება შესაძლებელია სპეციალური კონდომითაც სქესობრივი აქტის დროსაც.

ახალი სპერმატოზოიდები განუწყვეტლივ წარმოიქმნება სათესლეებში. მათ მომწიფებას 42-76 დღე სჭირდება. აქტის დროს მიღებული სპერმა სამი თვისაა. ამრიგად, პოზიტიურ ცვლილებებს მაშინვე ვერ შეამჩნევთ, დაკვირვებისთვის დროა საჭირო.

სპერმის დაბალი პროცენტულობის მიზეზი შესაძლოა მისი არასწორად, სათანადო პირობების დაუცველად შეგროვებაც იყოს, ამიტომ ექიმები ხშირად ორ-სამ ნიმუშს ამოწმებენ.

იმაში დასარწმუნებლად, რომ სპერმა სწორად შეაგროვეთ, ექიმი გკითხავთ:

* ეაკულაცია კონტეინერში მოხდა თუ კონდომში;

* ნიმუშის შეგროვებამდე იკავებდით თუ არა თავს სქესობრივი აქტისგან მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ თერთმეტი დღე;

* პირველი ნიმუშის აღებიდან მეორის აღებამდე გავიდა თუ არა, სულ მცირე, ერთი-ორი კვირა;

* გამოიყენეთ თუ არა ლუბრიკანტი (ინტიმური გელ-საპოხი) რადგან ისინი მოქმედებენ სპერმატოზოიდებზე.

 

სპერმის ანალიზის შედეგები

ერთ მილილიტრ ნორმალურ სპერმაში 15-დან 200 მილიონამდე სპერმატოზოიდია. თუ ერთ მილილიტრში 15 მილიონზე ნაკლები ან მთელ ულუფაში 39 მილიონზე ნაკლები სპერმატოზოიდი აღმოჩნდა, სპერმატოზოიდების დეფიციტზე საუბრობენ.

 

 

დამატებითი გამოკვლევები

* სათესლე პარკის ექოსკოპია – ამ დროს ულტრაბგერითი აპარატით ათვალიერებენ სათესლე ჯირკვლებს, დანამატებსა და სათესლე პარკს;

* ჰორმონების კვლევა – ადგენენ სისხლში სათესლეების, ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი ჰორმონების დონეს, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სქესობრივ განვითარებასა და სპერმის პროდუქციაში;

* ეაკულაციის შემდგომი შარდის ანალიზი რეტროგრადული ეაკულაციის გამოსარიცხავად;

* გენეტიკური კვლევა გენეტიკური პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის;

* სათესლე ჯირკვლის ბიოფსია – სათესლიდან ნემსით ნიმუშის აღება და მიკროსკოპით დათვალიერება. თუ დადასტურდა, რომ სპერმა ნორმალურად წარმოიქმნება, ესე იგი მისი გამოყოფაა დარღვეული;

* სპერმის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა;

* სპერმის ფუნქციური სინჯები – არსებობს უამრავი ტესტი, რომელთა მეშვეობითაც ადგენენ, რამდენად გადარჩებიან სპერმატოზოიდები გამოყოფის შემდეგ, როგორ ემაგრებიან საკვერცხეს და აღწევენ მასში. ამ ტესტებს იშვიათად არ იყენებენ, რადგან ამ გზით მიღებული მონაცემები მკურნალობის ტაქტიკაზე არც ისე დიდ გავლენას ახდენს;

* ტრანსრექტალური ექოსკოპია – ულტრასონოგრაფიული მოწყობილობის საშუალებით სწორი ნაწლავიდან ათვალიერებენ პროსტატას და გამომყოფ მილებს.

 

მკურნალობა

აზოოსპერმიის სამკურნალოდ იყენებენ როგორც ქირურგიულ, ისე მედიკამენტურ მეთოდებსაც. ობსტრუქციული აზოოსპერმია უმეტსად იკურნება, რასაც არაობსტრუქციულზე ვერ ვიტყვით – თუ უშუალოდ სათესლე ჯირკვალი დაზიანდა, მისი ფუნქცია, წესისამებრ, ვეღარ აღდგება. თუმცა ეს ყველა შემთხვევას არ ეხება. მაგალითად, ვარიკოცელეს განკურნება ქირურგიული გზით შესაძლებელია. ქირურგიული გზით ხდება თესლის გამომტან მილაკებში არსებული დაბრკოლების აღმოფხვრაც. ინფექციურ დაავადებებს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, თუმცა ეს, სამწუხაროდ, განკურნების გარანტიას არ გვაძლევს. ჰორმონული დისბალანსის დროს კი საჭიროა ჩანაცვლებითი თერაპია შესაბამისი ჰორმონით.

თუ მკურნალობის ჩამოთვლილი მეთოდებით ბუნებრივი ორსულობის მიღწევა ვერ მოხერხდა, საქმეში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები ერთვება. სპერმის მიღება შესაძლებელია როგორც ნორმალური ეაკულაციით, ისე ქირურგიული გზით. სურვილისამებრ, შეიძლება განაყოფიერებისთვის დონორის სპერმის გამოყენებაც. ეს უკანასკნელი უშუალოდ შეჰყავთ ქალის გენიტალურ ტრაქტში ან ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის იყენებენ.

 

პრევენცია

ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ:

* ნუ მოსწევთ.

* მაქსიმალურად ერიდეთ ალკოჰოლს.

* ნუ გაეკარებით ნარკოტიკებს.

* ჰკითხეთ ექიმს, რომელი მედიკამენტები ახდენს გავლენას სპერმაზე.

* შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა.

* თავი არიდეთ სიცხეს და სტრესს.

* ერიდეთ პესტიციდების, მძიმე მეტალებისა და ტოქსინების შემცველ საკვებს.

თამთა ხელიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: