ზაფხულის ნაკვალევი

გააზიარე:

მთავარი თემის კონსულტანტია “ავერსის კლინიკის” დერმატოვენეროლოგი ნინო ლომსაძე

ყველაზე მეტად რით გამოირჩევიან შვებულებიდან დაბრუნებულები? უპირველეს ყოვლისა, დასვენებული იერით, მაგრამ არის კიდევ ერთი შტრიხი, რომელიც უმალვე მიგახვედრებთ, რომ მისმა მფლობელმა მტვრიანი, ხმაურიანი ქალაქი მთისა თუ ზღვის უკიდეგანო სივრცეებზე გაცვალა, გულიანად მიეფიცხა თაკარა მზეს და მისი ენერგია შეისრუტა. რა თქმა უნდა, მიხვდით, რომ ეს შტრიხი ოქროსფერი ნამზეურია. შემოდგომით ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სწორედ მისი შენარჩუნება. ექიმებს, ჭარბი დასხივების მავნებლობაზე რომ ლაპარაკობენ, ყურს თითქმის არავინ უგდებს. არავინ ფიქრობს იმაზე, მომხიბლავ რუჯთან ერთად რით გვაჯილდოებს მზეზე ნებივრობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ნომრის მთავარი თემა ზაფხულის ნაკვალევისთვის მიგვეძღვნა.

იის უხილავი ფერები 
მზის სხივები სინამდვილეში ელექტრომაგნიტური ტალღებია. ფიზიკის სასკოლო კურსიდან ალბათ ისიც გვახსოვს, რომ სხივი სხვადასხვა ფერის ტალღების ნარევია და საკმაოდ მარტივად, პრიზმაში გატარებით, ცისარტყელას ყველა ფერად შეიძლება დაიშალოს. თვალი ფერებს ტალღის სიგრძის მიხედვით აღიქვამს. წითელს ყველაზე გრძელი ტალღა აქვს, იისფერს კი – ყველაზე მოკლე. ამასთანავე, თვალი მზის გამოსხივების მხოლოდ მცირე ნაწილს აღიქვამს; სპექტრში ამაზე მოკლე სხივებიც შედის და ამაზე გრძელიც. პირველთა ტალღის სიგრძე იისფერისაზე ნაკლებია, ამიტომ მათ ულტრაიისფერი სხივები ჰქვიათ, მეორეთა ტალღა კი სიგრძით წითლისას აღემატება და, შესაბამისად, ინფრაწითელი დაარქვეს. ნამზეურის გაჩენაც და მის მიერ მოტანილი სარგებლობა თუ ზიანიც სწორედ ულტრაიისფერი ანუ იისფერზე იისფერი სხივების დამსახურებაა, რომელთა რაოდენობა ყბადაღებული ოზონის ხვრელის გამო უფრო და უფრო იმატებს.
თავად ულტრაიისფერი სხივებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათ სამ ტიპად ყოფენ: A(UVA), B(UVB) და C(UVC) სხივებად. UVA მათ შორის ყველაზე სუსტია, მაგრამ ყველაზე ღრმად აღწევს კანში, შეუძლია გამოიწვიოს კანის ღრმა დამწვრობა, დააზიანოს შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურები, ბადურა, ბროლი. მას ვერც ფანჯრის მინები აკავებს და ვერც ღრუბლები. UVB უფრო ძლიერი და ნაკლებად შეღწევადია, მაგრამ თუ დიდი რაოდენობით დაგროვდა, შესაძლოა კანისა და რქოვანას მძიმე დამწვრობა გამოიწვიოს. კანის კიბოს განვითარებაში კი A-საც მიუძღვის ბრალი და B-საც. საბედნიეროდ, არსებობს ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ბუნებრივი ბარიერი: დარღვეულია თუ არა, ოზონის შრე თავის ფუნქციას ჯერ კიდევ ასრულებს და UVB-ს დიდ ნაწილსა და UVC-ს მთლიანად შთანთქავს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან UVC მზის სპექტრის ყველაზე ძლიერი და საშიში ნაწილი გახლავთ.
ულტრაიისფერი სხივები დედამიწაზე მთელი წლის განმავლობაში აღწევენ და ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერ ტემპერატურაზე შეიძლება მოგვაყენონ ზიანი, მაგრამ განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ მათ მაისიდან აგვისტოს ბოლომდე და დილის 11-დან ნაშუადღევის 16 საათამდე, როცა მზე ზენიტშია. თანაც მათ პრაქტიკულად ნებისმიერი ზედაპირი ირეკლავს, წყალი იქნება ეს, ასფალტი, ქვიშა თუ თოვლი.
რაც უფრო ახლოს ვართ ეკვატორთან, მით უფრო ძლიერია UV გამოსხივება. მთაში, ზღვის დონიდან ყოველ 300 მეტრზე, ულტრაიისფერი გამოსხივება 4-5%-ით იმატებს. უფრო დაწვრილებით კი UV გამოსხივებაზე მოქმედი გარემო ფაქტორები სურათზე იხილეთ.

მავნეა თუ სასარგებლო?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებოდ შეისწავლა ორგანიზმზე ულტრაიისფერი სხივების გავლენა და დაადგინა, რომ მათ სარგებლობაც მოაქვთ და ზიანიც. გადამწყვეტი ფაქტორი მათი რაოდენობაა.
UV გამოსხივება კანში D ვიტამინის წარმოქმნას აძლიერებს, D ვიტამინი კი საკვებიდან კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას აუმჯობესებს და გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩონჩხის ჩამოყალიბებაში, იმუნური სისტემის ფუნქციობასა და სისხლის უჯრედების  ფორმირებაში. ამრიგად, მზის სინათლე უდავოდ სასარგებლოა, მაგრამ ექიმები ამტკიცებენ, რომ D ვიტამინის მაღალი დონის შესანარჩუნებლად საკმარისია, ზაფხულობით კვირაში სულ ორჯერ ან სამჯერ ხელებსა და სახეზე სულ 5-10 წუთით მოგვხდეს მზის სხივები. აქედან გამომდინარე, D ვიტამინის  დეფიციტი არავის გვემუქრება, გარდა საწოლს მიჯაჭვული ავადმყოფებისა და მაღალ განედებზე მცხოვრები შავკანიანებისა.
მზის სხივების ორგანიზმში მოხვედრისთანავე იწყება ენდორფინების – ბედნიერების ჰორმონის – გამოყოფა, ამიტომ გაზაფხულზე და ზაფხულში ადრე ადგომა გაცილებით ადვილია, ვიდრე შემოდგომაზე და ზამთარში, როცა მზე სუსტად ანათებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დასკვნა მარტივია: UV გამოსხივების სიმცირე ჩონჩხის პათოლოგიებსა და D ვიტამინის დეფიციტს უკავშირდება, ოპტიმალური რაოდენობა – მინიმალურ რისკს, სიჭარბე კი – საკმაოდ მძიმე დაავადებებს.
ჯანსაღი ნამზეური – ასეთი ცნება, ექიმების აზრით, საერთოდ არ არსებობს. კანი მუქ პიგმენტს, მელანინს, გაძლიერებულად იმიტომ წარმოქმნის, რომ სხეულს ფარად გადაეფაროს და კანის შემდგომ დაზიანებას შეუშალოს ხელი. მართლაც, გარუჯული კანი უფრო ნაკლებად იწვება მზეზე, ვიდრე, ვთქვათ, თოვლივით ქათქათა. თუმცა UV გამოსხივების შორეული შედეგებისგან (მაგალითად, ნაადრევი დაბერებისა და კანის კიბოსგან) ნამზეური ვეღარ დაგიცავთ. არ შეგედავებით, ზომიერი რუჯი ძალიან ლამაზია, მაგრამ სინამდვილეში ბრინჯაოსფერი შეფერილობა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კანი დაზიანდა და თავის დაცვა სცადა.
UV გამოსხივების დიდი დოზა კანის ზედა შრის უჯრედებს ხოცავს, დანარჩენებს კი აზიანებს. დაზიანების ყველაზე მსუბუქი ფორმა სიწითლეა. იგი დასხივების დროსვე ჩნდება, პიკს 8-24 საათში აღწევს და რამდენიმე დღეში გაივლის. უფრო ძლიერმა დამწვრობამ შესაძლოა ბუშტუკების გაჩენა და აქერცვლა გამოიწვიოს, ეს კი ძალიან მტკივნეულია, თანაც მისი მოშუშების შემდეგ წარმოქმნილი ახალი კანი მეტისმეტად თეთრი და ნაზია და UV გამოსხივებას კიდევ უფრო ძნელად იტანს.
ზოგიერთის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ. UV გამოსხივების მინიმალური ოდენობაც კი საკმარისია, რომ ამა თუ იმ სიმძიმის – გამონაყარიდან დაწყებული, უმძიმესი დამწვრობით დამთავრებული – ალერგიული რეაქცია განვითარდეს. ზოგიერთი მედიკამენტი ფოტომგრძნობელობას ზრდის, ამიტომ თუ რეგულარულად სვამთ რომელიმე წამალს, აუცილებლად ჰკითხეთ ექიმს, ხომ არ აქვს მას ასეთი გვერდითი ეფექტი.
ეს ყველაფერი არ გეგონოთ; დამწვრობა და ალერგიული გამონაყარი აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია. ხშირად გვავიწყდება, რომ UV გამოსხივება აკუმულირდება და წლევანდელმა ნამზეურმა 10-20 წლის შემდეგ შესაძლოა ძალზე უსიამო საჩუქარი მოგიძღვნათ.
UVA სხივები ღრმად აღწევს კანში და შემაერთებელ ქსოვილოვან ელემენტებს, კოლაგენსა და ელასტინს, აზიანებს. სწორედ იმ ნივთიერებს, კანს ელასტიკურ და ახალგაზრდულ იერს რომ ანიჭებს. ნაოჭები და უპეებთან გაჩენილი ტომრები ამ პროცესის ერთ-ერთი შედეგია. მელანინის ჰიპერპროდუქცია მუქი ლაქების გაჩენასაც იწვევს. გარდა ამისა, მზის სხივები აშრობს და აუხეშებს კანს.
UV სხივების თვალზე ზემოქმედების შედეგი გახლავთ კატარაქტა (ბროლის შემღვრევა), ფტერიგიუმი (მოთეთრო წანაზარდი რქოვანაზე) და თვალის ანთება – ფოტოკერატიტი და ფოტოკონიუქტივიტი.
ეს კიდევ არაფერი; ჭარბმა UV გამოსხივებამ შესაძლოა იმუნური სისტემის დათრგუნვა გამოიწვიოს. სულ უფრო მეტი მონაცემი მოწმობს, რომ გარემოში UV სხივების რაოდენობის მატებამ შესაძლოა უჯრედული იმუნიტეტი შეასუსტოს, ინფექციურ დაავადებათა რისკი გაზარდოს და ვაქცინაციის ეფექტიანობა შეამციროს, რაც განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილის, ბავშვების, ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. თანაც მრავალი განვითარებადი ქვეყანა სწორედ ეკვატორის მეტ-ნაკლებ სიახლოვეს მდებარეობს.
არსებობს მითი, რომ მზის ჭარბი ინსოლაციისა მხოლოდ თეთრი კანის პატრონებს უნდა ეშინოდეთ. ამაში არის სიმართლის წილი – მუქი კანი მართლაც მეტ მელანინს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკეთ არის დაცული და შავგვრემნებს შორის კანის კიბოც უფრო იშვიათია. მიუხედავად ამისა, დაავადება ასეთ ადამიანებსაც ემართებათ და სწორედ იმიტომ, რომ თავი დაცული ჰგონიათ, მას უფრო გვიან და საშიში სტადიაში აღმოაჩენენ. თვალსა და იმუნურ სისტემაზე UV გამოსხივების გავლენა კი კანის ფერზე საერთოდ არ არის დამოკიდებული.

მხოლოდ ციფრები
კანის სიმსივნეთა გავრცელებამ ლამის ეპიდემიის მაჩვენებლებს მიაღწიოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ავთვისებიანი მელანომის 130 000 და სხვა სიმსივნეების 2-დან 3 მილიონამდე შემთხვევა აღირიცხება. ონკოლოგიურ ავადმყოფთა ყოველი მესამე კანის კიბოთია დაავადებული. და ამ დაავადებათა უმრავლესობა ჭარბი UV გამოსხივებით არის გამოწვეული. მრავალ დერმატოლოგს მიაჩნია, რომ არსებობს განსაზღვრული კავშირი ბავშვობაში მზეზე ნებივრობასა და მოგვიანებით (10-20 წლის შემდეგ) მელანომის განვითარებას შორის. საბედნიეროდ, ასეთ სიმსივნეთა უმრავლესობა ფატალური არ არის და ქირურგიული გზით მათი მოცილება შესაძლებელია. და მაინც, კანის სხვადასხვა ტიპის ავთვისებიან სიმსივნეს ყოველწლიურად 66 000 კაცი ეწირება.
იმავე ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 12-დან 15 მილიონამდე კაცი ბრმავდება კატარაქტის  გამო და ამ შემთხვევათა 20%-მდე სწორედ ჭარბი ინსოლაციით არის განპირობებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სპეციალური მოხსენება გამოაქვეყნა “მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული დაავადებების გლობალური ტვირთის” შესახებ, რომლის თანახმად, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 1.5 მილიონი DALY (ინვალიდობასთან დაკავშირებული სიცოცხლის წლები) იკარგება. გარემოს დაბინძურებისა თუ სხვა მიზეზების გამო ოზონის შრის შესუსტება პრობლემას უფრო მეტად გაამძაფრებს. მაგალითად, ატმოსფეროს ზედა შრეებში ოზონის კიდევ 10%-ით შემცირება დამატებით კანის არამელანომური კიბოს სამასი ათას, მელანომური კიბოს ოთხი ათას ხუთას, ხოლო კატარაქტის 1.6-დან 1.75 მილიონამდე შემთხვევას გამოიწვევს.
UV გამოსხივებას წარმატებით იყენებენ ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის – რაქიტისა, ფსორიაზისა, ეგზემისა და სიყვითლისა, თუმცა ასეთი მკურნალობა საკმაოდ მძიმე დაავადებების განვითარების მაღალ რისკსაც შეიცავს, ამიტომ, ვიდრე მკურნალობას გადაწყვეტდეს, ავადმყოფმა ექიმისგან ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს.
ცნობისათვის
გარუჯვა მოდად მეოცე საუკუნეში იქცა. წინა საუკუნეებში მოდური იყო ფერმკრთალი კანი, რადგან მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები ფიზიკურად არ მუშაობდნენ და დროის უმეტეს ნაწილს შენობაში ატარებდნენ.

მზეს განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეთ, თუ:
- გაქვთ ბაცი კანი;
- ჯერ არ შეგსრულებიათ 18 წელი;
- გაქვთ ბევრი ხალი, განსაკუთრებით – უსწოროკიდეებიანი ან დიდი ზომისა;
- ზაფხულში სახე გეჭორფლებათ;
- ხშირად დამწვარხართ მზისგან;
- გაქვთ ავთვისებიანი ან კიბოსწინარე წარმონაქმნი კანზე;
- თქვენს ახლო ნათესავს ჰქონდა კანის სიმსივნე, განსაკუთრებით – მელანომა;
- დიდხანს გიწევთ გარეთ ყოფნა;
- გადანერგილი გაქვთ ორგანო;
- დაგისვეს წითელი მგლურას დიაგნოზი.

მზით დაბერებულნი
ასე ტკბილად დამიბერდიო, გვეტყოდნენ უფროსები გოზინაყითა თუ ჩურჩხელით გამასპინძლებისას, პატარებს კი ეს სიტყვები გულზე უსიამოდ გვხვდებოდა – სიბერე, თუნდაც ტკბილი, მაინცდამაინც სასურველი არ ჩანდა... წლები გვემატება და ვგრძნობთ,  რომ ის “ტკბილად დასადგომი” დრო უფრო და უფრო მეტად გვიახლოვდება, სარკე კი მწარე სიმართლეს მოურიდებლად გვახლის პირში... თუმცა არც ის არის საიდუმლო, რომ წლები ზოგს უფრო ადრე აჩნევს კვალს, ზოგს კი – უფრო გვიან.
თანამედროვე მონაცემებით, კანის დაბერების მთავარ მიზეზებად უჯრედულ დონეზე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დისტროფიული (კვების მოშლასთან დაკავშირებული) ცვლილებები მიიჩნევა. კანის დაბერება შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენურ ბოჭკოებს უკავშირდება: დამახასიათებელი ცვლილებები იჩენს თავს როგორც კანის ზედაპირული შრის, ასევე მისი უფრო ღრმად მდებარე ფენის შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებსა და სისხლძარღვოვან ბადეში. ამას თან ახლავს კანის შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოების – ელასტინისა და კოლაგენის – ღრმა ცვლილებები, რომელთა გამოც კანი შრება, იქერცლება, ეშვება, ნაოჭდება.
პირველად ყოველთვის მიმიკური ნაოჭები ჩნდება. მათ წარმოქმნას ის განაპირობებს, რომ სახის განსაზღვრული უბნების კუნთები შემაერთებელი ქსოვილის ელასტიკურ ბოჭკოებს ჭიმავს, ხოლო მას შემდეგ, რაც კოლაგენური ბოჭკოების რაოდენობა მცირდება, დარჩენილი ვეღარ ახერხებენ, კანს საჭირო ტენიანობა შეუნარჩუნონ. დროთა განმავლობაში კანი ელასტიკურობასაც კარგავს. ყველაზე ადრე ეს ლოყებსა და ყელს ეტყობა.
მაგრამ ყოველივე ამას მხოლოდ ასაკს ვერ დავაბრალებთ. დერმატოლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კანის ბიოლოგიური დაბერება 60 წლიდან იწყება. თუ ზემოთ აღწერილმა პრობლემებმა ადრე იჩინა თავი, სხვა მიზეზი უნდა ვეძებოთ.
კანის დაბერების შინაგან მიზეზებს შორის გენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თანდაყოლილია არა მარტო კანის ტიპი, არამედ ხარისხიც. გენეტიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემო პირობები. დაბერების დამაჩქარებელ მავნე ფაქტორებს შორის კი ერთ-ერთი მთავარი ადგილი სწორედ მზის გამოსხივებას უკავია.
ხდება ხოლმე, რომ ადამიანს, რომელიც 20 წლამდე მეტისმეტად ხშირად ირუჯება, 35-40 წლის ასაკში კანის აქტიური დაბერება ეწყება: ჩნდება ღრმა ნაოჭები, კანი გამოშრობას იწყებს და ადამიანი გარეგნულად გაცილებით უფროსს ემსგავსება, ვიდრე სინამდვილეშია.
კანის ნაადრევ დაბერებას დერმატოლოგები გეროდერმიას ვუწოდებთ, ხოლო გარუჯვის მოყვარულებთან მიმართებით, ძირითადი მიზეზის გამოსაკვეთად, ტერმინფოტოდაბერებას ვიყენებთ.
გეროდერმიის ხასიათი დამოკიდებულია ულტრაიისფერი სხივების ჯამურ დოზაზე, ადამიანის კონსტიტუციურ თავისებურებებზე  (კანის ტიპზე) და მელანინურ პიგმენტაციაზე. ეს დაავადება განუწყვეტლივ პროგრესირებს.
სამწუხაროდ, ასეთი ცვლილებები ხშირად შეუქცევადია, მეტადრე – თუ პაციენტმა სპეციალისტთან მისვლა დააგვიანა ან მისი რეკომენდაციები არ შეასრულა. მაგრამ თუ კანის ინტენსიურ დატენიანებას და მზისგან დამცავი კრემების ხმარებას დავიწყებთ, შესაძლოა, შემაერთებელი ქსოვილი ნაწილობრივ აღდგეს კიდეც.
ზაფხულის საჩუქარია მზის კერატოზი (კანის გარქოვანება) და ასაკობრივი ლენტიგოც (პიგმენტური ლაქები, უმთავრესად – მკერდსა და ზურგზე). ამ ორმა დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს როგორც უშუალოდ აქტიური  ინსოლაციის (მზის აბაზანების), ასევე გარკვეული ხნის შემდეგ.
მზისმიერი კერატოზი და ლენტიგო იმით არის საყურადღებო, რომ თუნდაც მზის აბაზანებზე სამუდამოდ ვთქვათ უარი, გარქოვანება და პიგმენტაცია აღარ გაივლის, კანის ჯანსაღი სტრუქტურა აღარ აღდგება, ყავისფერი ლაქები სამუდამოდ დარჩება კანზე.
გარდა ჭარბი ინსოლაციისა, კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს:
. თამბაქო. გარდა იმისა, რომ კანზე უშუალოდ ახდენს მავნე გავლენას, ის C ვიტამინის დაშლასაც უწყობს ხელს, ეს უკანასკნელი კი კანის კოლაგენის წარმოქმნისთვის არის აუცილებელი. ამიტომ უპირველესი, რასაც მწეველ ქალებს ვურჩევთ, ბუნებრივია, მოწევისთვის თავის დანებებაა. თუ ვერ მოახერხებენ, ეცადონ, რაც შეიძლება მეტი ვიტამინი მიიღონ, განსაკუთრებით კი A, E და C.
. ალკოჰოლი. კანს აუცილებელი მინერალებისაგან ფიტავს, თანაც აფართოებს სისხლძარღვებს, მათ შორის – სახის კანის კაპილარებს, რის შედეგადაც წითელი ლაქები და სისხლჩაქცევები წარმოიქმნება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ალკოჰოლი ვნებს ღვიძლს, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა კი სახის კანზეც აისახება.
. მიუხედავად გავრცელებული წარმოდგენისა, ყავა და ჩაი განსაკუთრებული მავნე ზემოქმედებით არ გამოირჩევა, მაგრამ დიდი ოდენობით არც მათი მიღებაა მიზანშეწონილი.
. დაბინძურებული ჰაერი. სახის კანს ვნებს გამონაბოლქვი და დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელი უამრავი სხვა მომწამლავი ნივთიერება, ამიტომ სუფთა ჰაერზე სეირნობა კანისთვის სასარგებლოა. ქალაქში  კი დამცავი დღის კრემები იხმარეთ.
. შიმშილობა და სტრესულ დიეტა. თუ გსურთ, კანმა სინორჩე დიდხანს შეინარჩუნოს, 30 წლის შემდეგ ნუ იშიმშილებთ – ეს ელასტიკური ბოჭკოების დაჭიმვას უწყობს ხელს და კანი დროზე ადრე იწყებს დაბერებას. თუ დიეტას იცავთ, კვების რაციონი პროფესიონალ ენდოკრინოლოგთან შეათანხმეთ.
. ხანგრძლივი სტრესი. ხშირი დაძაბულობა სახის კუნთების დაჭიმვას იწვევს. ელასტიკური ბოჭკოები ნორმაზე მეტად იჭიმება. ამ დროს ჭარბად გამოყოფილი ადრენალინი სისხლძარღვებს ავიწროებს, ეს კი კანის ზედა ფენის წვრილ კაპილარებზე ახდენს გავლენას. ხანგრძლივი სტრესის დროს კანი ვერ იღებს საჭირო საკვებსა და ჟანგბადს. სტრესის მეორე ჰორმონი კორტიზოლი კი უჯრედთა გამრავლების პროცესს და კოლაგენური უჯრედების წარმოქმნას აფერხებს.

ცნობისათვის
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, ნიუკასლის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი) ამოხსნა ბიოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი გამოცანა – როგორ და რატომ ბერდებიან უჯრედები. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ როდესაც დაბერების პროცესში მყოფი  უჯრედი აღმოაჩენს საკუთარი დნმ-ს დაზიანებას, სპეციფიკურ სიგნალებს გზავნის. ეს ავარიული სიგნალები ”აღვიძებს” უჯრედების მიტოქონდრიებს, რომლებიც იწყებენ დამჟანგავი ”თავისუფალ რადიკალური” მოლეკულების პროდუქციას, ისინი კი, თავის მხრივ, აიძულებენ უჯრედს, დაიშალოს ან დაყოფა შეწყვიტოს.
ბრიტანელი მეცნიერები ამჟამად მუშაობენ საშუალებაზე, რომელიც კანის დაბერებას გენეტიკურ დონეზე შეაჩერებს.
კანის დაბერებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი იწვევს. ერთ-ერთი მათგანი უჯრედების მიერ წყლის შენარჩუნების უნარის დაკარგვაა. წყლის დაკარგვა იწვევს ნაოჭების გაჩენას. როგორც აღმოჩნდა, ამ პროცესზე პასუხისმგებელია 700 გენი. თუ მათ აქტიურ მუშაობას ხელი შეუწყო, ადამიანს სახეზე ნაოჭები არ გაუჩნდება.
ამჟამად სპეციალისტები დაკავებულნი არიან ახალი თაობის კოსმეტიკური საშუალებების შექმნით, რომლებიც იმოქმედებენ გენეტიკურ დონეზე და ადამიანებს დიდხანს შეუნარჩუნებენ ახალგაზრდობას.

დავიბრუნოთ ახალგაზრდობა
რა თქმა უნდა, ჯობს, იმთავითვე შევინარჩუნოთ და საამისოდ ზრუნვა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყოთ, როცა ჩვენი კანი ახალგაზრდობით ამაყობს. ამისთვის კი სწორად შერჩეული კანის მოვლის საშუალებების რეგულარული გამოყენება და ცხოვრების ჯანსაღი წესია საჭირო, რაც, პირველ რიგში, სიმშვიდეს, ფიზიკურ აქტივობას და ჯანსაღ კვებას გულისხმობს.
თუ თქვენი პროფესია და ოჯახური პირობები მუდმივი სტრესის ქვეშ ყოფნას გაიძულებთ, განმტვირთავ ვარჯიშს მაინც უნდა მიმართოთ. სპორტთან ერთად აუცილებელია ჯანსაღი კვება, კარგი ძილი. მართალია, ეს ყველაფერი უკვე არსებულ ნაოჭებს ვერ გააქრობს, მაგრამ ახლების წარმოქმნას მაინც შეუშლის  ხელს

გამოვკვებოთ სილამაზე
გარდა კოსმეტიკური საშუალებებისა, რომლებიც კანს ვიტამინებით ამარაგებს, სასიცოცხლო მნიშვნელობის ეს ნივთიერებები საკვების მეშვეობითაც უნდა მივიღოთ.
კანისთვის აუცილებელია A ვიტამინი, რომელიც უხვად არის ღვიძლში, კვერცხში, რძეში, ტკბილ კარტოფილში, ფორთოხალში, წითელ ყურძენში, პომიდორში, მწვანეფოთლოვან ბოსტნეულში.
A ვიტამინი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. ის ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას და მონაწილეობს ქსოვილების, მათ შორის – კანის (და არამარტო სახის კანის) აღდგენაში.
E ვიტამინი, რომელსაც შეიცავს ბოსტნეული, ზეთი, ნუში, ვაშლი, მარცვლეული, არაქისი, წიწაკა, ასევე ანტიოქსიდანტია, რომელიც კანის დაბერების პროცესს ანელებს.
კანისთვის ძალიან სასარგებლოა C და B ჯგუფის ვიტამინებიც.

რამდენი წლის ხარ?
ბუნებრივია, საპასპორტო ასაკს არ ვგულისხმობთ. კანის ასაკის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი მკურნალობის შესარჩევად. “ავერსის კლინიკაში” კანის ფოტოდაბერების ხარისხის განსასაზღვრად გლოგაუს კლასიფიკაციით ვსარგებლობთ: 

დერმატოლოგების არსენალი
სქემის გაცნობისას ალბათ ყურადღება მიაქციეთ მრავალ უცხო სიტყვას და მიხვდით, რომ ეს სპეციალური პროცედურებია, რომლებიც ასაკის შესანიღბავად და კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ყველა ამ პროცედურის ჩატარება “ავერსის კლინიკის” დერმატოკოსმეტოლოგიურ კაბინეტში შეგიძლიათ. მოდი, თითოეულ მათგანზე უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ.

სიჭაბუკის ნემსები
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი კოსმეტოლოგიური საშუალება და პლასტიკური ქირურგიის ძალზე დახვეწილი ოპერაციული მეთოდიკები, აუცილებელი გახდა ნაკლებად რადიკალური და გაცილებით ეფექტური გზების შემუშავებაც. სწორედ ფოტოდაბერებით განპირობებული ესთეტიკური პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება დაედო საფუძვლად მეზოთერაპიის შექმნას. ეს მეთოდი 1952 წელს ფრანგმა მეცნიერმა მიშელ პისტორმა შეიმუშავა, ხოლო როგორც სამკურნალო სამედიცინო მეთოდი, ოფიციალურად 1987 წელს აღიარა საფრანგეთის სამედიცინო აკადემიამ.
მეზოთერაპია გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამ დროს კანქვეშ, 0,5-6 მილიმეტრ სიღრმეზე, სპეციალური კოქტეილი შეჰყავთ. ეს კოქტეილი, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მცენარეულ ექსტრაქტებსა და ვიტამინებს, კანს ელასტიკურობას და ახალგაზრდულ ელფერს უბრუნებს. ამ მეთოდით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები უშუალოდ დერმაში (კანის შუა შრეში) ხვდება, რასაც ზედაპირზე მოქმედი საშუალებებით ვერ მოვახერხებთ. სამკურნალო ეფექტი ორმაგი ზემოქმედებით მიიღწევა: ჩხვლეტით ანუ ნერვულ დაბოლოებებზე მექანიკური ზემოქმედებით და კოქტეილში შემავალი მედიკამენტების სამკურნალო ზემოქმედებით. მთავარი პრინციპი ჯერ კიდევ მეთოდიკის შემქმნელმა ჩამოაყალიბა: “ცოტა, იშვიათად და მიზნობრივ წერტილებში”. კოქტეილი შეირჩევა ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკისა და კანის სტრუქტურის გათვალისწინებით.
ინექციები უმტკივნეულოა, რადგან ინექციის წინ პაციენტს უკეთდება სპეციალური ტკივილგამაყუჩებელი მალამოს აპლიკაცია, ხოლო პროცედურა სრულდება საგანგებოდ მეზოთერაპიისთვის განკუთვნილი ატრავმული მცირე კალიბრის ნემსებით. 
მეზოთერაპიის ჩვენებებია: 
- ასაკობრივი ნაოჭები;
- ცხიმიანი, ფორებიანი, მშრალი ან მოდუნებული კანი;
- პიგმენტური ლაქები;
- აკნე და კანზე არსებული სხვა გამონაყარი;
- გამოხატული კაპილარული ქსელი, 
- ორმაგი დაკიდებული ღაბაბი, 
- სტრიები და ცელულიტი;
- ზედმეტი ცხიმი;
- თმის ცვენა;
- კანისა და კანქვეშა ქსოვილების სხვა პრობლემები.
გარდა ამისა, მეზოთერაპია წარმატებით გამოიყენება სახისა და ტანის კანის აღსადგენად პლასტიკური ოპერაციის, ქიმიური პილინგისა და ლაზერული აბრაზიის შემდეგ, ხოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზის ჭარბი აბაზანების შემდეგ კანის დასატენიანებლად.
მეზოთერაპიის სეანსი საგრძნობლად ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს კანის ფერს, ტონუსს, ასწორებს ზედაპირულ ნაოჭებს და აღადგენს სახის ოვალს. რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი კანის დაბერებასთან ბრძოლას, მით უფრო იშვიათად დასჭირდება ეს პროცედურები. მით უმეტეს, რომ “ავერსის კლინიკაში” მეზოთერაპიისთვის იყენებენ მხოლოდ მსოფლიოს მოწინავე კოსმეტოლოგიური ფირმების მიერ წარმოებულ კოქტეილებს. ჯანმრთელ კანთან ერთად ხომ ადამიანს თვითშეფასებაც უმაღლდება და სიცოცხლის ხარისხიც.

სიცოცხლის შთასაბერად
რევიტალიზაცია ქართულად გაცოცხლებას ნიშნავს. ამ ფუნქციას კოსმეტიკური პროცედურის დროს ჯანსაღი კანის ბუნებრივი კომპონენტი – ჰიალურონის მჟავა – იღებს საკუთარ თავზე.
ჰიალურონის მჟავა კანის ელასტიკურობისა და სიმკვრივის შესანარჩუნებლად აუცილებელი ნივთიერებაა. ახალგაზრდა კანი მას დიდი რაოდენობით შეიცავს. დაღლილობა, უძილობა, არასახარბიელო გარემო პირობები კი მას ანადგურებს. შედეგად კანი ფერს კარგავს და ეშვება, ჩნდება შავი რგოლები უპეებთან, იკვეთება ნაოჭები. დასვენებისას ჰიალურონის მჟავას სინთეზი ძალიერდება და კანი მკვრივი და ნაზი ხდება.
40 წლამდე ასაკის ადამიანის კანის უჯრედებში ჰიალურონის მჟავას შემცველობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მერე კი მისი რაოდენობა თანდათან იკლებს, დასვენება და ძილი სასურველ ეფექტს უკვე აღარ იძლევა. ასეთ დროს საუკეთესო საშუალებაა ბიორევიტალიზაცია – კანის გამოცოცხლება ბიოლოგიური მეთოდებით.
ბიორევიტალიზაცია შეიძლება ჩატარდეს კანის ნებისმიერ უბანზე, რომელიც გაახალგაზრდავებას საჭიროებს. წესისამებრ, ეს უბნებია ახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევანი – მათ ყველაზე ინტენსიური შეხება აქვთ ულტრაიისფერ სხივებთან, რაც კანის ტონუსსა და ელასტიკურობას ამცირებს.
ბიორევიტალიზაციის დროს თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ბიოპრეპარატი – ჰიალურონის მჟავა – კანის ეპიდერმისის შუა შრეში შეჰყავთ. ამ პროცედურის შედეგად კანის უჯრედები სტიმულირდება და მუშაობას ახალგაზრდა რეჟიმში განაგრძობს.
ტუჩებისა და მიმიკური ნაოჭების კორექცია ხდება ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული სპეციალური გელებით – ფილერებით (შემავსებლებით). ტუჩების მოცულობის გაზრდა და ფორმის შეცვლა სრულიად უსაფრთხო პროცედურებია, სტაბილურ შედეგს იძლევა და გვერდითი ეფექტები პრაქტიკულად არ გააჩნია.

რას გვერჩის სოკო
შოკოლადისფერ ნამზეურთან ერთად პლაჟიდან არცთუ იშვიათად სხვა სტუმარსაც წამოვიყოლებთ ხოლმე, ან ცხელი სეზონი ჩვენსავე ორგანიზმში მთვლემარეს გამოაღვიძებს. ქუდიან-ფეხიანი გემრიელი სეხნიებისგან განსხვავებით, მათ საძებნელად ტყეში  წასვლა არ არის საჭირო, თუმცა, მიუხედავად აბეზრობისა, მათთან გამკლავება არც ისე ძნელია. მთავარია, დერმატოლოგს მიმართოთ და ზედმიწევნით შეასრულოთ მისი დანიშნულება.
კანისა და მისი დანამატების მტერი სოკოები, დერმატოფიტიები, აზიანებენ კერატინოციტებს – ეპიდერმისის რქოვანა შრეს, ფრჩხილებსა და თმებს. დერმატოფიტიების ჯგუფში შედის epidermophyton, microsporum, trichophyton. ამ სოკოებით გამოწვეულ დაავადებებს, იმისდა მიხედვით, რომელი ქსოვილია დაზინებული, ეპიდერმომიკოზებად, ტრიქომიკოზებად და ონიქომიკოზებად ყოფენ.
სოკოთი ყველა შეიძლება დაინფიცირდეს. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი და მისი ნივთები, ასევე – ცხოველები (უმეტესად – კნუტები ან ლეკვები) და ნიადაგი.
იმუნური სისტემის დაქვეითებით მიმდინარე დაავადების დროს სოკოვანი ინფექციის განვითარების ალბათობა იზრდება, დაავადება უფრო მძიმედ  მიმდინარეობს, ხშირად ჩნდება აბსცესები (ჩირქის დაგროვება) და გრანულომები (ნაწიბუროვანი კვანძები). მდგომარეობას ამძიმებს არასწორი მკურნალობაც, მაგალითად, სტეროიდული მალამოების გამოყენება. ჩვეულებრივ, ეს ექიმთან მიმართვის გარეშე ხდება.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი ინფექციაა ნაირფეროვანი პიტირიაზი, რომლის გამომწვევია pitiriasis furfuracea, იგივე lichen versicolor. ეს პირობითპათოგენური მიკროორგანიზმია, ბინადრობს 15 წელს გადაცილებულთა ეპიდერმისის რქოვანა შრესა და თმის ფოლიკულებში. ნაირფეროვანი პიტირიაზი ჩნდება სოკოს ფსევდომიცელების აქტიური ზრდის დროს. იგივე სოკო, გარდა ნაირფეროვანი პიტირიაზისა, იწვევს ფოლიკულიტს, ასრულებს განსაკუთრებულ როლს სებორეული დერმატიტის მიმდინარეობისას.
მაპროვოცირებელი ფაქტორებია: ოფლიანობა (ამიტომ წლის თბილ ან ცხელ სეზონზე უფრო მძლავრდება), ცხიმოვანი სებორეა, ადრეული ბავშვობის ასაკში ცხიმოვან ფუძეზე დამზადებული კანის ზეთის გამოყენება, კანში კორტიზოლის დონის მომატება (კუშინგის სინდრომის დროს), კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა.
დიაგნოსტიკისთვის ტარდება  იოდის სინჯი. მისი ჩატარება პაციენტს თვითონვე შეუძლია: იოდის კანზე წასმისას დაზიანებული და ჯანმრთელი კანი იძლევა კონტრასტს. მნიშვნელოვანია ვუდის ნათურით დათვალიერებაც: დაზიანებულ კერები მომწვანო-მოყვითალოდ ანათებენ. ამ გამოკვლევის ჩატარება, რა თქმა უნდა, მხოლოდ დერმატოლოგის კაბინეტშია შესაძლებელი.
პაციენტთა მომართვიანობა ამ დაავადების დროს მაღალია, რადგან ადამიანებს აღიზიანებთ ვიზუალური მხარე – არაერთგვაროვნად შეღებილი კანი.
ამ დროს სასურველია ხშირი აბაზანა, ნატურალური ქსოვილის სამოსის ტარება, თეთრეულის ხშირი ცვლა და, რაღა თქმა უნდა, დერმატოლოგთან დროულად მისვლა.
მკურნალობა ექიმმა უნდა შეარჩიოს. მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია ადგილობრივი ანტიმიკოზური საშუალებების გამოყენება, ხოლო ხშირი რეციდივის შემთხვევაში – სისტემური პრეპარატებისა და ადგილობრივი საშუალებებისა ერთად. განკურნების შემდეგ შესაძლოა კანზე დარჩეს დეპიგმენტური ლაქები, სოკო-პარაზიტით დაზიანებული უბნები, რომლებიც ზომიერი, თანაბარი რუჯის შემთხვევაში ერთ ფერად იფერება.
აუცილებლად უნდა შევჩერდეთ ტერფის სოკოსა და ონიქომიკოზზე, რომელთა მკურნალობა დერმატოლოგის დანიშნულების გარეშე, მხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით, მიზანშეწონილი არ არის, რადგან პათოლოგიას სხვადასხვა ტიპის სოკო იწვევს და მკურნალობაც პარაზიტის სახეობაზეა დამოკიდებული.
არაჰიგიენურია სხვისი ფეხსაცმლის ჩაცმა. საერთო სარგებლობის აბაზანაში საჭიროა გვეცვას ინდივიდუალური ფეხსაცმელი.
მკურნალობის დაწყებისას მიზანშეწონილია ფეხსაცმლის დეზინფექცია (გირჩევთ ხსნარ ფორმიდრონს: ამ ხსნარით დამუშავებული ფეხსაცმელი ორი დღე-ღამით ცელოფნის კარგად დახურულ პარკში მოათავსეთ, მერე კი გაანიავეთ).
ტერფის დაზიანებისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ დაგვიანდა და კანის მთლიანობა დაირღვა, შესაძლოა განვითარდეს ძლიერი ანთებითი რეაქცია, რომლის სამკურნალოდაც უფრო მეტი თანხა დაგეხარჯებათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლებსაც ტერფის სპეციფიკური მოვლა სჭირდებათ.
თუ კონტაქტი გქონდათ მაწანწალა ცხოველებთან, კანზე ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენისას მიმართეთ ექიმს – ეს უმნიშვნელო ლაქა შესაძლოა სოკო-პარაზიტით გამოწვეული ინფექცია იყოს.
ფრჩხილის დაზიანებისას სასწრაფოდ მიმართეთ დერმატოლოგს. თვითნებურად არ მიიღოთ სისტემური ანტიმიკოზური პრეპარატები. მიზეზი შესაძლოა სულაც არ იყოს ონიქომიკოზი – არსებობს ფრჩხილის უამრავი სხვა პათოლოგია, რომელთა დიაგნოსტიკაც მხოლოდ დერმატოლოგს ხელეწიფება.
ფრჩხილის ჩაზრდის მიზეზიც შესაძლოა ონიქომიკოზი იყოს.
ნუ ეცდებით ონიქომიკოზის დროს “ფრჩხილების მოძრობას” – ეს მცდარი და მოძველებული მეთოდია.
საქართველოს სამედიცინო ბაზარზე უხვადაა ონიქომიკოზის სამკურნალო ანტიმიკოზური პრეპარატები, მათ შორის – ქართული წარმოებისაც, რომლებიც ძალზე ეფექტურია და ფასიც ხელმისაწვდომი აქვს. ასეთებია, მაგალითად, ტერბინაფინის ჯგუფის პრეპარატი მუსიტროლი და ფლუკონაზოლოს ჯგუფის პრეპარატი ეფცენ 150. 

გააზიარე: