ჰირსუტიზმი ანუ ჭარბთმიანობა
გააზიარე:
თმა ქალის ბუნებრივი სამკაულია, მაგრამ ზოგჯერ ის წესებს არღვევს და შეუფერებელ ადგილას ამოდის. ამ პრობლემას მშვენიერი სქესი ეპილაცია-დეპილაციით ებრძვის, მაგრამ სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ იღებს. მიზეზი მარტივია: ჭარბთმიანობა უმეტესად ჰორმონული ცვლილებების ბრალია, ამიტომ ჰორმონული ცვლის მოწესრიგებამდე მას ვერ დავამარცხებთ.
გვესაუბრება ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმი რეპროდუქტოლოგი ქეთი კაკაშვილი.
– კანი არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ვიზუალური, ტაქტილური და ესთეტიკური ორგანოც არის, ამიტომ ქალისთვის მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამით აიხსნება მშვენიერი სქესის ხშირი ვიზიტი კოსმეტოლოგიურ კაბინეტებში, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ კანის, თმის, ფრჩხილების, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილების ესა თუ ის ცვლილება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებზე, მაგალითად:
. კანის ფორიანობისა და ცხიმიანობის მატება (სებორეა), ჩირქოვანი გამონაყარი (აკნე), ჭარბთმიანობა (ჰირსუტიზმი), თმის ცვენა, უპირატესად – თხემის ნაწილში (ანდროგენული ტიპის ალოპეცია), განპირობებულია კანის ცხიმოვან ჯირკვლებსა და თმის ბოლქვებზე ანდროგენების (მამაკაცური ჰორმონების) ჭარბი ზემოქმედებით;
. კანის სიმშრალე, თმის ტოტალური ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაძლო დაქვეითებაზე მიუთითებს;
. კანის გათხელება, დანაოჭება, ტურგორის დაქვეითება ქრონიკული ესტროგენდეფიციტური მდგომარეობით (ქალის ჰორმონების უკმარისობით) აიხსნება.
სწორედ პრობლემის აქტუალობა დაედო საფუძვლად ესთეტიკურ ენდოკრინოლოგიას როგორც დისციპლინას, რომლის შესწავლის ერთ-ერთი საგანია ჰირსუტიზმი – ჭარბთმიანობა.
– რა ტიპის ჭარბთმიანობას ეწოდება ჰირსუტიზმი?
– ჰირსუტიზმი გულისხმობს ქალებში უხეში თმის ჭარბ ზრდას მამაკაცური ტიპით, სხეულის მამაკაცისთვის დამახასიათებელ, ე.წ. ანდროგენმგრძნობიარე ნაწილებზე. ასეთებია სახე, ნიკაპი, მხრები, ბეჭები, გულმკერდი, არეოლები (პიგმენტირებული უბნები ძუძუსთავების გარშემო), მუცლის ქვედა არე, წელი, დუნდულები და ბარძაყები. ნორმალურად ორივე სქესის წარმომადგენლებს თმა ეზრდებათ თავზე, წარბებზე, ქუთუთოების კიდეებზე (წამწამები), ბოქვენის მიდამოში, წვივებზე და იღლიებში, მამაკაცებს კი, ამ უბნებთან ერთად, თმიანობა ზემოთ ჩამოთვლილ ადგილებზეც აღენიშნებათ, რადგან ეს ადგილები მგრძნობიარენი არიან ანდროგენების მაღალი დონის მიმართ.
ჰირსუტიზმი უნდა განვასხვაოთ ჰიპერტრიქოზისგან, რომელიც წარმოადგენს ინდივიდის ასაკთან, სქესსა და რასასთან შეუსაბამო ჭარბთმიანობას სხეულის არაანდროგენმგრძნობიარე ადგილებში (წინამხარზე, წვივზე და სხვა) და უმთავრესად გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული.
– რამდენად გავრცელებულია ჰირსუტიზმი და უმთავრესად რა ასაკის პაციენტებში?
– ჰირსუტიზმი მთელ მსოფლიოში ასიდან 5-15 ქალს აქვს, უპირატესად სამხრეთის ქვეყნებშია გავრცელებული და, ამის კვალობაზე, აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს საქართველოშიც. იმ პაციენტთა უმეტესობა, ვინც ჭარბთმიანობის გამო მოგვმართავს, რეპროდუქციული (15-დან 49 წლამდე) ასაკისაა. ხშირია ეს პრობლემა პუბერტატული (გარდატეხის) ასაკის გოგონებში.
– რა არის კლიმაქტერიული ჭარბთმიანობა, საჭიროა თუ არა მისი მკურნალობა?
– კლიმაქტერიული ჭარბთმიანობა განპირობებულია ორგანიზმში ფიზიოლოგიურად მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებით – სისხლში ესტროგენების დონის დაქვეითებით იმ დროს, როდესაც ანდროგენების დონე ჯერ კიდევ შეესაბამება ნორმას. ეს იწვევს შეფარდებით ჰიპერანდროგენიას, რომელიც კანზე თმიანობის მატებით ვლინდება.
ამ პრობლემით იშვიათად მოგვმართავენ. მისი მოგვარებისას უნდა შეფასდეს ჰორმონული თერაპიის დანიშვნის რისკი და სარგებელი.
– რისი ბრალია ჰირსუტიზმი?
_ სხეულზე თმიანი საფარველის განვითარების მთავარ ფაქტორს ანდროგენები – მამაკაცის ჰორმონები – წარმოადგენს, სწორედ მათი გავლენით გარდაიქმნება ღინღლი უხეშ (ტერმინალურ) თმად, ხოლო როდესაც თმის ბოლქვები ჭარბად სტიმულირდება ანდროგენებით, თმის ზრდის პროცესი აქტიურდება, თმის ღერები ხშირდება, მუქდება, უხეშდება და ყალიბდება ჰირსუტიმი.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს ანდროგენების ჭარბი ზემოქმედება თმის ბოლქვებზე?
– თმის ბოლქვების ანდროგენებით ჭარბი სტიმულაცია რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.
პირველია ჰიპერანდროგენია – სისხლში ანდროგენების კონცენტრაციის მომატება. ასეთი რამ ხდება საკვერცხეების პოლიცისტოზის, ინსულინრეზისტენტული მეტაბოლური სინდრომის, კუშინგის სინდრომისა და სხვა დაავადებების დროს.
თმის ბოლქვების ანდროგენებით ჭარბი სტიმულაცია ასევე შესაძლოა განპირობებული იყოს რეცეპტორული ფაქტორით – ანდროგენების მიმართ კანის ფოლიკულების მგრძნობელობის მომატებით, რაც უმთავრესად გენეტიკურად არის განპირობებული და სამხრეთის ქვეყნების მოსახლეობაში გვხვდება. ამ დროს სისხლში ანდროგენების დონე ნორმას შეესაბამება, მაგრამ მათ მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობის გამო შესაძლოა განვითარდეს ჭარბთმიანობა.
ჰირსუტიზმს იწვევს სატრანსპორტო ფაქტორი – სისხლში ანდროგენების თავისუფალი, ქმედობაუნარიანი ფრაქციის გაზრდა. ეს განპირობებულია ჰორმონის შემბოჭველი (სატრანსპორტო) პროტეინის დეფიციტით, რომელიც გვხვდება ჰიპერინსულინემიის, ჰიპოესტროგენიის, ჰიპოთირეოზის, ღვიძლისა და სხვა დაავადებების დროს.
ცნობილია ჰირსუტიზმის გამომწვევი იატროგენული ფაქტორიც, რაც ანდროგენშემცველი და ანაბოლური პრეპარატების მიღებას გულისხმობს.
– უკავშირდება თუ არა წონის ცვლილება ჭარბთმიანობას?
– ჭარბი წონის დროს არცთუ იშვიათად შეინიშნება ინსულინრეზისტენტობა / ჰიპერინსულინემია, ხოლო ინსულინის დონის მატება იწვევს როგორც ტესტოსტერონის (ერთ-ერთი მთავარი ანდროგენის) სინთეზის გაძლიერებას, ასევე მისი თავისუფალი ანუ ქმედობაუნარიანი ფრაქციის ზრდას, ამიტომ წონის კორექცია ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს ჰირსუტიზმის მკურნალობაში.
– შესაძლებელია თუ არა, მხოლოდ წონის კორექციით მოგვარდეს პრობლემა და ჰორმონული მკურნალობა აღარ დაგვჭირდეს?
– ჰირსუტიზმის მსუბუქი ფორმის დროს შესაძლებელია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში წონის კორექციასთან ერთად საჭიროა ინსულინრეზისტენტობის საწინააღმდეგო და ანტიანდროგენული თერაპიაც, რაც წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა.
– როგორ ადგენენ ჭარბთმიანობის მიზეზს?
– დაავადების გამომწვევი მექანიზმებიდან გამომდინარე, ჭარბთმიანობის პრობლემის ეფექტური გადაწყვეტისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ჰორმონული სტატუსის დადგენა და დარღვეული ენდოკრინული წონასწორობის აღდგენა.
ჭარბთმიანობის მიზეზის დასადგენად ტარდება:
. სისხლის ჰორმონული ანალიზი, რომლის მიზანია სისხლში ანდროგენების დონის განსაზღვრა;
. გინეკოლოგიური და თირკმელზედა ჯირკვლების ულტრასონოგრაფიული კვლევა, რათა გაირკვეს, ხომ არ არის სტრუქტურული ცვლილებები აღნიშნულ ორგანოებში.
საჭიროების შემთხვევაში ტარდება უფრო ღრმა ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებიც.
– როგორ მკურნალობენ ჰირსუტიზმს?
– ჰირსუტიზმის მკურნალობა სისტემურ და ადგილობრივ თერაპიას მოიცავს.
სისტემური მკურნალობა ხორციელდება როგორც ჰორმონული, ასევე არაჰორმონული პრეპარატებით, რომლებიც უზრუნველყოფს ანდროგენების წარმოქმნის დათრგუნვას საკვერცხეებში, თირკმელზედა ჯირკვლებსა და პერიფერიულ ქსოვილში, ზრდის სისხლში ანდროგენების შემბოჭველი პროტეინის შემცველობას და ამით ამცირებს ანდროგენების თავისუფალ ფრაქციას, ამცირებს კანის ანდროგენრეცეპტორების რაოდენობას, რის შედეგადაც იბლოკება თმის ბოლქვების ანდროგენებით ჭარბი სტიმულაცია და მათი ზრდა.
ჭარბი თმის მოსაცილებელ ადგილობრივ მეთოდებს დროებითი ეფექტი აქვს, ამიტომ მათი გამოყენება რაციონალური და ეფექტურია ენდოკრინული დისბალანსის აღმოფხვრის შემდეგ.
– რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა და როდის ხდება თვალსაჩინო მისი ეფექტი?
– მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 6-12 თვეა, ხოლო ეფექტი მისი დაწყებიდან დაახლოებით 3-4 თვეში შეინიშნება. სისტემური მკურნალობის შედეგად მცირდება და წყდება ანდროგენდამოკიდებული, ახალი თმის ღერების წარმოქმნა, კატაგენისა და ტელოგენის ფაზაში მყოფი თმა ადვილად ცვივა, ხოლო ანაგენის ფაზაში მყოფის მოსაცილებლად და სწრაფი ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია ეპილაციის ჩატარება.
– რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი, რა შემთხვევაშია მოსალოდნელი რეციდივი?
– პრობლემა უმეტესად სავსებით კომპენსირდება. ხელახლა მან მაშინ შეიძლება იჩინოს თავი, თუ ჰიპერანდროგენიის გამომწვევი ფაქტორები – სტრესი, წონის მატება და სხვა – ისევ არსებობს.
– ჰორმონული პრეპარატების მიღებას ბევრი გაურბის, რადგან გავრცელებულია აზრი, რომ ისინი წონის მატებას იწვევს.
– არსებობს შიში უცოდინრობის და არსებობს შიში ცოდნის... ჰორმონული პრეპარატების სწორად შერჩეული დოზირება და მკურნალობის პროცესის მონიტორინგი სრულიად აგვაცილებს თავიდან ზემოთ აღნიშნულ პრობლემას. როგორც ითქვა, ჭარბი წონისა და სიმსუქნის კორექცია ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს ჰირსუტიზმის მკურნალობის სტრატეგიაში, ამიტომ წონის მომატება ექიმის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. ამას მოწმობს თუნდაც ჩვენი კლინიკის პაციენტთა მაგალითები, რომლებიც მითითებულ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ და სასურველ შედეგს აღწევენ.
ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად, ჰირსუტიზმი ისეთსავე უარყოფით გავლენას ახდენს სიცოცხლის ხარისხზე, როგორსაც, მაგალითად, ასთმა, ეპილეფსია ან შაქრიანი დიაბეტი, ამიტომ მის სწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
მარი აშუღაშვილი
როცა ექიმთან მიდიხართ
გაითვალისწინეთ, რომ ჭარბთმიანობასთან ერთად ექიმი სხვა საკითხებითაც დაინტერესდება, კერძოდ:
. რამდენად სწრაფად პროგრესირებს არასასურველი თმიანობა;
. არის თუ არა გამოხატული ჰიპერანდროგენიის სხვა გამოვლინებები – კანისა და თმის ცხიმიანობა, ჩირქოვანი გამონაყარი, თმის ცვენა უპირატესად თხემის ნაწილში;
. დარღვეული ხომ არ გაქვთ მენსტრუალური ციკლი;
. ხომ არ გაქვთ ჭარბი წონა ან მასის დეფიციტი.
თმის ღერის სასიცოცხლო ციკლი
1. ანაგენის ფაზა – თმის აქტიური ზრდის ფაზა; გრძელდება 2-5 წელი.
2. კატაგენის ფაზა – მოსვენების ფაზა, როდესაც თმის ზრდის პროცესი წყდება; გრძელდება 3-4 კვირა.
3. ტელოგენის ფაზა – თმის ცვენის ფაზა; გრძელდება 3 თვე.