ვენდოთ თუ არა სამედიცინო ნიუსებს
გააზიარე:
რა ვჭამოთ? რამდენი ვივარჯიშოთ? რა სიხშირით მივმართოთ ექიმს ჯანმრთელობის შესამოწმებლად? ნებისმიერი ჩვენგანი მოელის, რომ მეცნიერება, სახელდობრ, სამედიცინო კვლევები, ამომწურავ პასუხს გასცემს ამ მნიშვნელოვან კითხვებს.
საუბედუროდ, ერთმნიშვნელოვანი პასუხის პოვნა ხშირად ძნელია. “ექსპერტები” ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს – მეორეს, მერე კი ისევ თავდაპირველ ჩვენებას უბრუნდებიან. ასეთმა წაღმა-უკუღმა ტრიალმა შესაძლოა ჭკუაზე შეგშალოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდილობ, რაც შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიო. თუნდაც კარაქისა და მარგარინის ამბავი გავიხსენოთ; რატომ უნდა დახარჯო უზარმაზარი ენერგია ცხოვრების წესის ძირფესვიანად შესაცვლელად, როცა დღეს ასე პოპულარული რჩევა სახვალიოდ შესაძლოა ცუდი მაგალითი აღმოჩნდეს?!
ჟურნალისტები კი მთელ მსოფლიოში ასეთ ცეცხლზე მხოლოდ ნავთის დასხმაში არიან შემჩნეულნი. რთული, წინააღმდეგობრივი სამეცნიერო პროცესი ვერ ეწყობა სიახლეებზე, ბრჭყვიალა სათაურებსა და სწორხაზოვან დასკვნებზე მონადირე მასმედიას. უმთავრესად სწორედ მედიარეპორტაჟებს მიუძღვის ბრალი, ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევებზე გული რომ უცრუვდებათ. სენსაციებად რომ გამოადგეთ, ჟურნალისტები ხშირად ცალკეულ გამოკვლევათა შედეგებს ახმოვანებენ, მრავალ მათგანს კი იმიტომ არჩევენ, რომ ისინი არსებული რეკომენდაციების საპირისპიროზე მიუთითებენ. ვინაიდან მსგავს განცხადებებში თითქმის ვერ იპოვით მონაცემებს იმის თაობაზე, რა დამოკიდებულება აქვთ ცალკეულ გამოკვლევათა შედეგებს საკითხის შესახებ უკვე არსებულ სამეცნიერო ინფორმაციასთან, მსმენელს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მეცნიერებმა კვლავ რაღაც აურიეს და ახლა საკუთარი შეცდომის გამოსწორებას ცდილობენ.
მოდი, ამთავითვე შევთანხმდეთ: უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში მეცნიერებამ ბევრი რამ გააკეთა ადამიანების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ამერიკელები ტრაბახობენ, რომ ამ ხნის მანძილზე მათ ქვეყანაში ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 წლით გაიზარდა, მამაკაცისა კი 25 წლით და ამის მთავარი მიზეზი სწორედ მეცნიერული წინსვლაა რომელმაც მრავალი მძიმე დაავადების თავიდან აცილება ან მკურნალობა გახადა შესაძლებელი. მეცნიერული კვლევის საბოლოო დასკვნებს, უდავოა, ადამიანისთვის სიკეთე მოაქვს, მაგრამ თვითონ სამეცნიერო პროცესი საქმეში ჩაუხედავი ხალხისთვის გულისგამაწვრილებელი და ნერვებისმომშლელია.
და მაინც, მთელ ამ აურზაურში გარკვევა არც ისე ძნელია, თუმცა ცოტაოდენ ძალისხმევას ნამდვილად მოითხოვს. ქვემოთ შევეცდებით აგიხსნათ, როგორ და რა პრინციპით ადგენენ ექიმები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, საზოგადოდ, რას წარმოადგენს მეცნიერული კვლევა-ძიების პროცესი და რა არსენალი გააჩნია მეცნიერული ფაქტების მოსაპოვებლად, ორიოდე მაგალითსაც გავიხსენებთ იმის თაობაზე, როგორ და რატომ შეცვალეს ექიმებმა თავდაპირველი ჩვენება, ბოლოს კი ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სპეციალისტთა მიერ შედგენილ “ჩამჭრელი” კითხვების ჩამონათვალსაც მოგაწვდით, რომელიც იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, როგორია ახალი რეკომენდაციისა თუ “მეცნიერული დასკვნის” არსი და რამდენად მნიშვნელოვანია ეს შედეგები სახელდობრ თქვენთვის.
ავწონ-დავწონოთ შედეგები
გამოკვლევათა ურთიერთსაპირისპირო შედეგები სამეცნიერო პროცესის გარდაუვალი ნაწილია. მეცნიერები გამუდმებით ატარებენ კვლევებს და მათ შედეგებს მსოფლიოს აცნობენ, და რაკი ერთსა და იმავე საკითხს უამრავი მეცნიერი სხვადასხვა კუთხით სწავლობს, ბუნებრივია, შედეგები ყოველთვის ერთნაირი არ იქნება. მთავარია ვიცოდეთ, რამდენი და როგორი მტკიცებულება მოიპოვება ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ და მათი შედეგები, როგორც მთლიანობა, რაზე მიუთითებს. ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა თემიდას როლს ირგებს (ბუნებრივია, თვალების აუხვევლად) და სააფთიაქო სასწორზე წონის ამა თუ იმ მომენტისთვის არსებულ მონაცემებს. როცა რომელიმე მხარეს მეტი “ტვირთი”, ანუ მეტი დამაჯერებელი საბუთი დაგროვდება, სასწორის ისარიც კონკრეტული რეკომენდაციისკენ გადაიხრება. რაც უფრო მეტია სხვაობა პინებს შორის, მით უფრო სარწმუნოა რეკომენდაცია და მეტი მტკიცებულებაა საჭირო მის შესაცვლელად. თუ სასწორის ერთ მხარეს აღმოჩნდა 40-ზე მეტი გამოკვლევა, რომელთა შედეგები ალკოჰოლის ზომიერი მოხმარების გულის დაზიანებისგან დამცავ ეფექტზე მიუთითებს, მეორე მხარეს დადებული თითო-ოროლა კვლევის საპირისპირო შედეგი ძნელად თუ შეარხევს სასწორის ისარს. საერთო სურათი კვლავ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარების სასარგებლო გავლენაზე მიუთითებს. მართლაც, გულის დაავადებებსა და ალკოჰოლს შორის კავშირზე იმდენი რამ მეტყველებს, რომ ეს დადგენილ კავშირად ითვლება. თუმცა ყველა საკითხი ასე როდია გარკვეული. ხშირად მტკიცებულებათა წონა ასეთი დიდი არ არის. ზოგჯერ კონკრეტული საკითხის ირგვლივ სულ რამდენიმე გამოკვლევაა ჩატარებული. ზოგჯერ ერთი მხარის სასარგებლოდ შესაძლოა საკმაოდ დიდი მასალა იყოს დაგროვილი, მეორე მხარეს კი – არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოკვლევები, ზუსტად იმდენი, ეჭვი რომ გააჩინოს. ასეთ დროს ვამბობთ, რომ დაავადებასა და ქცევას შორის დამოკიდებულება სავარაუდოა. მოსაზრება, რომ თხილეულის ზომიერი ჭამა გულის დაავადებებისგან გვიცავს, ერთ-ერთი ასეთი მაგალითია. არსებობს შესაძლო კავშირიც, როცა მტკიცებულებათა ძალა კიდევ უფრო მცირეა და სასწორიც სულ ოდნავ თუა გადახრილი რომელიმე მხარეს. შესაძლო კავშირები კვლევის ახალ, ჯერ გაუკვალავ სფეროებში გვხვდება, სადაც რამდენიმე მკვლევარმა კავშირი აღმოაჩინა, მაგრამ შედეგების დასადასტურებლად მეტი მონაცემია საჭირო. ტრანსცხიმების დიდი რაოდენობით მიღება-დიაბეტის რისკის ზრდა სწორედ ასეთი კავშირის მაგალითია.
საწონსაც თავისი წონა აქვს
წონასწორობას მხოლოდ საბუთების ოდენობა კი არა, თითოეული მათგანის წონაც განსაზღვრავს. დიდი ქვები სასწორს უფრო მეტად და სწრაფად გადახრის თავის მხარეს, ვიდრე პატარები; ფართომასშტაბიანი, კარგად დაგეგმილ-შესრულებული კვლევები კავშირის დადგენასა და ჯანმრთელობის რეკომენდაციების შემუშავებაზე მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე მცირე და ნაკლებად კარგად დაგეგმილი. შესაძლოა, დეტალებში ჩაღრმავება ზედმეტი მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში წონიანი მტკიცებულების ამოცნობა არც ისე რთულია, ამისთვის კი მოგვიწევს გავიგოთ, რა მეთოდებით სწავლობენ მეცნიერები ქცევასა და ჯანმრთელობას შორის არსებულ თუ შესაძლო დამოკიდებულებას. ლაბორატორიული და ცხოველებზე ჩატარებული კვლევები. ამ შემთხვევაში შესწავლის ობიექტები უჯრედები, ქსოვილები ან ცხოველებია. ლაბორატორიებში შესაძლებელია შეიქმნას მკაცრად კონტროლირებული პირობები და ისეთი მეცნიერული იდეები დაიბადოს, რომელთაც ადამიანის ჯანმრთელობაზე უზარმაზარი გავლენა აქვთ. ოღონდ ლაბორატორია მხოლოდ საწყისი წერტილია. ცხოველები ან უჯრედები ადამიანებს ვერ შეცვლიან. შემთხვევა-კონტროლის კვლევები. ასეთი კვლევები ჯანმრთელობის კონკრეტული დარღვევის მქონე ჯგუფის (შემთხვევის) მახასიათებლებს ადარებენ მსგავსი ადამიანების ჯგუფს, რომელთაც ასეთი დარღვევა არ აღენიშნებათ (კონტროლს). თუმცა შემთხვევა-კონტროლის კვლევები შეიძლება სწრაფად და იაფად ჩატარდეს. ისინი, მეტი რომ არ ვთქვათ, იდეალურად ვერ ჩაითვლება. ეს გამოკვლევები წარსულის შესახებ აგროვებს ინფორმაციას. და განა ადვილია, ზუსტად გაიხსენო, რა ჭამე გუშინ, მით უმეტეს – წლების წინ, სანამ დაავადება დაგემართებოდა? თანაც დაავადებულები წარსულს ხშირად ჯანმრთელებისგან განსხვავებულად იმახსოვრებენ. ამიტომაც ასეთ კვლევებს ნაკლები სიზუსტე და ობიექტურობა ახასიათებს. კოჰორტული კვლევები. ამ დროს ადამიანების დიდ ჯგუფს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აკვირდებიან და მრავალ განსხვავებულ ცვლადს ინიშნავენ (მაგალითად, რამდენ ხორცს მიირთმევენ, რამდენ ხანს უთმობენ ფიზიკურ აქტივობას, რამდენს იწონიან). როცა დროის სპეციფიკური მონაკვეთი გაივლის, სამეცნიერო ჰიპოთეზის შესამოწმებლად ამ ჯგუფის წევრთა მახასიათებლებს ერთმანეთს ადარებენ. თუმცაღა კოჰორტული კვლევები მეტ დროსა და ფინანსებს მოითხოვს, მათ მიერ მოწვდილი ინფორმაცია გაცილებით ზუსტია, რადგან წარსულის შესახებ საკვლევ პირთა მოგონებებს კი არ ეყრდნობა, არამედ თვითონ მეცნიერები აკვირდებიან მათ, თანაც დაკვირვება მანამდე იწყება, სანამ დაავადება თავს იჩენდეს. რანდომიზებული კვლევები. კოჰორტულთა მსგავსად, ასეთი კვლევებიც ადამიანთა ჯგუფის ხანგრძლივ თვალყურის დევნებას გულისხმობს, ოღონდ ამ შემთხვევაში მკვლევარები აქტიურად ერევიან, რათა დაინახონ, ქცევის სპეციფიკური ცვლილება ან მკურნალობის მეთოდი როგორ ცვლის, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობას ან გადახრის ჩამოყალიბების ალბათობას. რანდომიზებული ასეთ კვლევებს იმიტომ ჰქვია, რომ მათში მონაწილე ადამიანებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით (რანდომულად) მიაკუთვნებენ ჯგუფს, რომელშიც ხდება ან არ ხდება ჩარევა. ასეთი რანდომიზაცია მკვლევარებს საშუალებას აძლევს, ნახონ, რა მოხდებოდა ყოველგვარი ჩარევის გარეშე და შედეგებსაც მეტ ობიექტურობას სძენს. რანდომიზებულ კვლევებს, ბუნებრივია, თავიანთი ნაკლიც აქვთ, განსაკუთრებით იქ, სადაც საქმე დიეტას ეხება. დიეტური ცვლილებები მონაწილეთაგან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე, ვთქვათ, ვიტამინის აბის მიღება, ამიტომ დანიშნული დიეტის დაცვა უფრო უჭირთ, თანაც ასეთი აქტიური ჩარევა შეიძლება ძალიან ძვირი დაჯდეს. მიუხედავად ამისა, როგორც მედიკამენტურ მკურნალობაში, ისე კვებით რეკომენდაციებშიც რანდომიზებული კვლევები ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. რაკი მეცნიერება დინამიკური პროცესია, ზუსტად ვერასოდეს იტყვი, საით წაგვიყვანს იგი და საკითხის უკეთ და უფრო ღრმად შესწავლის შემდეგ დასკვნები, რომლებიც ერთ დროს ლოგიკური და სარწმუნო ჩანდა, შესაძლოა გადასახედი და უარსაყოფიც კი აღმოჩნდეს. და მაინც, დღეს რჩევების თუნდაც ასეთი მეტ-ნაკლებად რადიკალური ცვლილებები ძალზე იშვიათია. დიეტისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესასწავლად გაცილებით მეტი გამოკვლევაა ჩატარებული, ვიდრე ათეულობით წლის წინათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ დიეტურ რეკომენდაციებს მეტი საფუძველი აქვთ – მეტი გამოკვლევის შედეგებს ემყარება და ექიმთა პირადი მოსაზრებებისა და ინტუიციისთვის მათში ნაკლები ადგილია დარჩენილი.
მედიაგაუგებრობაში სიცხადის შესატანად
და აი დაპირებული ჩამჭრელი შეკითხვების ჩამონათვალიც; როცა ჯანმრთელობათან დაკავშირებულ ახალ ამბებს უყურებთ ან უსმენთ, გონებაში ეს შეკითხვები უნდა გიტრიალებდეთ:
* მხოლოდ ერთი კვლევის შედეგებს ხომ არ გაცნობენ? თუ ასეა, რამდენად ეთანხმება ან ეწინააღმდეგება ისინი საკითხის შესახებ უკვე დაგროვილ მეცნიერულ ცოდნას? ცალკეული კვლევები ძალიან იშვიათად თუ იქნება ისეთი გავლენიანი, რომ მათ შედეგებზე დაყრდნობით ექსპერტებმა ადამიანებს ქცევის შეცვლა ურჩიონ.
* გამოქვეყნდა თუ არა კვლევის შედეგები ავტორიტეტულ პროფესიულ (ე.წ. პეერ-რევიეწედ) ჟურნალში? ასეთ ჟურნალებში ერთმანეთისა და სხვა მეცნიერთა სტატიებს წინასწარ პროფესიონალები განიხილავენ და დაბეჭდვის უფლებას მხოლოდ მაშინ აძლევენ, როცა დარწმუნდებიან, რომ კვლევის მეთოდები და შესრულება არსებულ სტანდარტებს შეესაბამება. ეს სტანდარტები კი საკმაოდ მკაცრია, გათვალისწინებულია ყველა ნიუანსი, თუნდაც ის, ხომ არ აქვთ დამფინანსებლებს რაიმე სახის ინტერესი შედეგების მიმართ. მაგალითად, რძის ნაწარმის მარგებლობის შესახებ გამოკვლევას ასეთი პროდუქციის მწარმოებელი ფირმა არ უნდა აფინანსებდეს და ა.შ. თუ მხოლოდ ახალ ამბებში შუქდება და კოლეგებთან და საქმეში ჩახედულ ადამიანებთან ამ საკითხზე საუბარს ერიდებიან, ეს უკვე, ბუნებრივია, სულ სხვა შეკითხვებს აჩენს.
* რამდენად მასშტაბური იყო კვლევა? ფართომასშტაბიან გამოკვლევათა შედეგები, ჩვეულებრივ, უფრო სარწმუნოა.
* კვლევა ადამიანებზე ჩატარდა თუ ცხოველებზე? როგორც უკვე ვთქვით, თაგვები, ვირთხები, ზღვის გოჭები თუ მაიმუნები ადამიანები არ არიან. უკეთ რომ გავიგოთ, საკვები (ან რომელიმე სხვა ფაქტორი) რა გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, კვლევა თითქმის ყოველთვის ადამიანებზე უნდა ჩატარდეს.
* თუ იყო კვლევის საგანი რეალური დაავადებები, მაგალითად, კორონარული არტერიების (გულის იშემიური) დაავადება ან ოსტეოპოროზი? ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბებას ხშირად ათწლეულები სჭირდება. დროის მოსაგებად მკვლევარები ზოგჯერ ამ დაავადებების მარკერებს, მაგალითად, არტერიების შევიწროებას ან ძვლის სიმკვრივეს, აკვირდებიან. ეს მარკერები კი დაავადების განვითარებაზე ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს.
* რა მეთოდებით შეისწავლიდნენ კონკრეტულ საკითხს? ყველა მეთოდს თანაბარი წონა არ აქვს, ზოგიერთი სხვაზე უკეთესია (იხ. ზემოთ).
პურზე წასასმელი ამბავი
ჯანსაღი კვების თაობაზე რეკომენდაციების რადიკალური ცვლილების კლასიკურ მაგალითად კარაქისა და მარგარინის “დაპირისპირება” მიიჩნევა (დაწვრილებით ეს ამბავი შეგიძლიათ ჩვენი ჟურნალის 2010 წლის მე-5 ნომერში იხილოთ). 30 წელიწადზე მეტი ხნის წინ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლებიც მიუთითებდა, რომ ნაჯერი ცხიმი გულისთვის შესაძლოა ცუდი ყოფილიყო. ამის საფუძველზე ექიმებმა ხალხს ნაჯერი ცხიმებით მდიდარი კარაქის ასეთი ცხიმებით უფრო ღარიბ მარგარინზე გაცვლა ურჩიეს. არადა მომდევნო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ხშირად მარგარინი განსაკუთრებული კლასის ცხიმს ე.წ. ტრანსცხიმს შეიცავს, ეს უკანასკნელი კი გულისთვის ნაჯერზე უარესიც კია.
ეს ცნობილი შემთხვევა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ მუშაობს მეცნიერება. სამეცნიერო კვლევა დინამიკური პროცესია, რომელიც ნელა მიიწევს წინ. რეკომენდაციები იმ დროისთვის არსებულ საუკეთესო მეცნიერულ მტკიცებულებათა საფუძველზე მუშავდება, თუმცა ახალმა გამოკვლევებმა და ახალმა შედეგებმა შესაძლოა ამ რეკომენდაციების გადახედვა გახადოს საჭირო. თანაც დააკვირდით: გასულმა 30-ზე მეტმა წელმა და უამრავმა სამეცნიერო მტკიცებულებამ გულსა და სიხლძარღვებზე ნაჯერი ცხიმების სიჭარბის არასასურველი გავლენა დაადასტურა, ასე რომ, მას, ვინც კარაქი ხელოვნურად მიღებულ მარგარინზე კი არა, ბუნებრივ მცენარეულ ზეთზე გაცვალა, არაფერი წაუგია.
ბოჭკო კიბოს წინააღმდეგ?
XX საუკუნის 80-იან წლებში მცენარეული ბოჭკოს უხვად მიღებას ხშირად ურჩევდნენ – ეს მსხვილი ნაწლავის კიბოს თავიდან აცილების ერთ-ერთ მეთოდად მიიჩნეოდა. რეკომენდაცია უმთავრესად იმ დაკვირვებას ეფუძნებოდა, რომ ქვეყნებში, სადაც მეტ მცენარეულ ბოჭკოს მიირთმევენ, მსხვილი ნაწლავის კიბო უფრო იშვიათია. ასეთი აღწერილობითი გამოკვლევა ზუსტ ინფორმაციას ვერ გვაწვდის, თუმცა კი მშვენიერი საწყისი წერტილია მეცნიერული კვლევა-ძიების დასაწყებად. ამის გამო ბევრს ზედაპირული დასკვნა გამოაქვს. ისინი, ჩვეულებრივ, ვერ ითვალისწინებენ ყველა იმ ფაქტორს, რომელიც კი დაავადებათა სიხშირის განსხვავებას განსაზღვრავს. დღიურ რაციონში ბოჭკოს ოდენობას შესაძლოა მართლაც ჰქონდეს კავშირი მსხვილი ნაწლავის კიბოს გავრცელებასთან, მაგრამ ამ ქვეყნებს მრავალი სხვა დიეტური თუ ცხოვრების წესთან დაკავშირებული განსხვავება ექნებათ და არ არის გამორიცხული, შემჩნეული კანონზომიერება სწორედ რომელიმე მათგანს ემყარებოდეს.
როცა გამოკვლევებმა ინდივიდუალურ დონეზე გადაინაცვლა, სურათი გაიცრიცა – რამდენიმე შემთხვევა-კონტროლის გამოკვლევამ ცხადყო, რომ ბოჭკოს დიდი რაოდენობით მიღება მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების შედარებით ნაკლებ რისკს უკავშირდებოდა, მრავალმა სხვამ კი კავშირი ვერ იპოვა. რაკი შედეგები ურთიერთსაპირისპირო იყო, თანაც შემთხვევა-კონტროლის მეთოდი ნაკლებსანდოა, ექიმთა უმრავლესობა კვლავ ურჩევდა პაციენტებს, მეტი ბოჭკო მიეღოთ. აი, როცა კოჰორტული კვლევების შედეგები გამოქვეყნდა, რეკომენდაციებს საფუძველი უფრო მეტად გამოეცალა. როგორც იცით, ასეთი კვლევები მონაწილეთა მოგონებებს არ ეფუძნება, ამიტომ მათ შედეგებსაც მეტი წონა აქვთ. და აი, ასეთ გამოკვლევათა უმრავლესობამ ბოჭკოს ჭამასა და მსხვილი ნაწლავის კიბოს შორის კავშირი თითქმის ვერ აღმოაჩინა. როცა მათ რანდომიზებული კვლევების შედეგებიც წამოეწია, სურათი უფრო და უფრო ნათელი გახდა. მეცნიერებმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შედგენილ ერთ ჯგუფს ბოჭკოს მაღალი შემცველობის მქონე დიეტა დაუნიშნეს, მეორეს კი დაბალი შემცველობისა. 3-4 წლის შემდეგ ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს შეადარეს, მაგრამ მსხვილი ნაწლავის პოლიპების – კეთილთვისებიანი წარმონაქმნების, რომლებიც შეიძლება კიბოდ გადაიქცეს – გავრცელებაში განსხვავება ვერ იპოვეს. რა თქმა უნდა, პოლიპი კიბო არ არის, მაგრამ რაკი მიიჩნევა, რომ მსხვილი ნაწლავის ყველა კიბო განვითარებას პოლიპიდან იწყებს, ეს ძლიერი საბუთია იმისა, რომ რაციონში ბოჭკოს ოდენობას მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებასთან უშუალო კავშირი არ აქვს. ასე იქცა საყოველთაოდ მიღებული სამეცნიერო შეხედულება არარსებულად. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. შესაძლოა, შემდგომმა კვლევებმა სუსტი კავშირი აღმოაჩინოს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ეს მიგნებაც ვერ შეცვლის დასკვნას, რომ მსხვილი ნაწლავის კიბოსგან თავის დასაცავად სხვა მეთოდების ძიებაა საჭირო. კიდევ ერთი მთავარი შენიშვნა: მიუხედავად ყოველივე ზემოთთქმულისა, მცენარეული ბოჭკო ჯანმრთელობისთვის ძალზე სასარგებლოა, აწესრიგებს ნაწლავთა მოქმედებას, გვიცავს ყაბზობისგან, აუმჯობესებს სისხლის ლიპიდურ შემადგენლობას (ამცირებს ცუდ ქოლესტეროლს), ანელებს მარტივი ნახშირწყლების შეწოვას და, ამის კვალობაზე, სისხლში გლუკოზის სტაბილური დონის შენარჩუნებაში გვეხმარება, თანაც წონის დაკლებასა და ჯანსაღი წონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ასე რომ, როგორც ხედავთ, ექიმთა ძველი რეკომენდაცია მეტი ხილის, ბოსტნეულის, დაუმუშავებელი მარცვლეულისა და პარკოსნების მირთმევის შესახებ, – თუმცაღა სხვა მიზნით, – კვლავ ძალაშია.