ცხელ-ცხელი ამბები

გააზიარე:

სიცხე მაქვს? – ამ სიტყვებით მივუშვერდით ხოლმე დედას შუბლს, მომეტებულ ალერსსაც ვიღებდით და ლოგინისკენაც მორჩილად მივდიოდით. ეს უტყუარი მიზეზი გაკვეთილების მშვიდად გაცდენის ნებას გვაძლევდა და ვინ იცის, რამდენ მეთოდს ვიგონებდით – თერმომეტრის უკუღმა დაფერთხვით 
დაწყებული, ცენტრალური გათბობის რადიატორის გამოყენებით დამთავრებული.
სიცხის ზომვის აკვიატებას მხოლოდ მშობლებს ვერ დავაბრალებთ. შესაძლოა, ინფექციონისტმა – სიცხის ყოველ 2 საათში გაზომვა, გინეკოლოგმა კი ბაზალური ტემპერატურის დაფიქსირება მოგთხოვოთ. ასეა თუ ისე, სიცხის ფენომენი ნამდვილად იმსახურებს, მასში უკეთ გავერკვეთ.
მოდით, იმთავითვე შევთანხმდეთ – სიცხე ყველას გვაქვს. თანაც ამ პრივილეგიის გაყოფა მხოლოდ ნებისმიერ ფიზიკურ სხეულთან გვიწევს. ოღონდ თუ ქვა და ხე მზისგულზე ცხელია, ყინვაში კი ცივი, თევზის სიცხე კი ზუსტად იმეორებს წყლის ტემპერატურას, ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს უნარი შეგვწევს, მეტ-ნაკლებად მუდმივი ტემპერატურა შევინარჩუნოთ.

ნორმის ძიებაში
ადამიანის ნორმალური ტემპერატურა არც ისე ადვილი დასადგენი აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. 36.6°C ხომ ბავშვობიდან გვაქვს შესისხლხორცებული. ამერიკელებს კი 37°C ჰქონიათ აკვიატებული. ისე, ეს განსხვავება რთული გასაგები არც არის: ისინი სიცხეს, ჩვეულებრივ, პირის ღრუში ზომავენ, ჩვენ კი იღლიაში. მოდით, პირველ რიგში, სწორედ სიცხის გაზომვის ადგილი გავარკვიოთ. საზოგადოდ, კიდურები სხეულთან შედარებით უფრო გრილია. პირის ღრუში სიცხე საშუალოდ 3-6 ხაზით მაღალია, ვიდრე იღლიაში და 3-6 ხაზით დაბალი, ვიდრე სწორ ნაწლავში. ნორმის მაჩვენებლებიც, ბუნებრივია, სხვადასხვა იქნება. 
ასეა თუ ისე, აქსილარული (იღლიაში გაზომილი) ტემპერატურისთვის ნორმის საზღვრები კვლავ 36-36.9°C-ა, თუმცა მოსახლეობის 5%-ის ნორმალური სიცხე ამ მაჩვენებლებს სცილდება. დღის განმავლობაშიც სიცხე რამდენჯერმე გვეცვლება: ღამის 11-იდან დილის 3 საათამდე ყველაზე დაბალი გვქონია, დილის 10-დან 18 საათამდე კი ყველაზე მაღალი. 
რაც შეეხება ცხოველებს, სიცხე, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებული.

კატას – 38-38.5
ძაღლს – 38.3-38.7
ზაზუნას – 36.2-37.5
ცხენს – 37.5
კურდღელს – 39.5
ღორს – 39.5
ძროხას – 38.6
იხვნისკარტას – 31-32
აქლემს – დღისით 41, ღამით 37
დათვს – 37, ზამთრის ძილის დროს – 31
არქტიკულ მიწის ციყვს ზამთრის ძილის დროს – -2
ფრინველებს – 30-44
ბეღურას – 41
პინგვინს – 39 (ფეხების ტემპერატურა ზამთარშიც კი მუდამ 2-3 გრადუსი აქვს)

მართვის ცენტრი
ორგანიზმს თერმორეგულაციის დახვეწილი მექანიზმი აქვს. სითბომგრძნობიარე რეცეპტორები კანში, ლორწოვან გარსებსა და საკუთრივ ტვინშია მიმობნეული. პირველი ორი გარემოს ტემპერატურას გვატყობინებს, უკანასკნელთ სისხლის სითბო-სიცივის განსაზღვრა განუზრახავთ, მთელი ამ ინფორმაციის გაანალიზება კი ტვინშივე არსებულ მაკონტროლებელ ცენტრს აკისრია. ბუნებრივია, ეს პროცესი რეფლექსებს ემყარება და პატრონისგან არც ძალისხმევას მოითხოვს და არც ნებართვას იღებს. ცხადია, მათემატიკის საკონტროლოს დროს, ბევრს გვერჩივნა, პირიქით ყოფილიყო, მაგრამ, სამაგიეროდ, მთელი ეს ინფორმაცია გონების გასააზრებელი რომ ყოფილიყო, აზროვნებას ვეღარც შევძლებდით. 
თუ სხეულის ტემპერატურამ რაიმე მიზეზით მოიმატა, თერმორეცეპტორები ამ ფაქტს ტვინს აცნობებენ. ტვინი ყველა უჯრედს ორ ბრძანებას უგზავნის: შემცირდეს სითბოს წარმოქმნა და გაძლიერდეს მისი გაცემა. კანის სისხლძარღვები ფართოვდება,  მატულობს ოფლის წარმოქმნა. ამავდროულად, გონებაც შეიტყობს, რომ ცხელა და დროა, ჟაკეტი გავიხადოთ ანდა კონდიციონერი ჩავრთოთ.
სიცივის დროს უკვე საპირისპირო მექანიზმი ირთვება: უჯრედები დეპოებიდან ცხიმსა და ნახშირწყლებს მეტი ინტენსივობით ჟანგავენ, სისხლძარღვები ვიწროვდება, სითბოს გაცემა მინიმუმამდე რომ დაიყვანონ. კუნთების გამალებული შეკუმშვა-მოდუნებაც, ანუ უბრალოდ კანკალი, სითბოს გაძლიერებულ წარმოქმნას ემსახურება. 
 
ვერცხლისწყალი ზემოთ მიიწევს
სიცხის აწევას ყველაზე ხშირად ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია იწვევს. სხვა მიზეზები კი გახლავთ: ინფარქტი, სიმსივნე, ქსოვილების დაზიანება გამოსხივების, ოპერაციის ან ტრავმის გამო, ალერგიული რეაქცია. თვლიან, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები სპეციფიკური ცილების – პროსტაგლანდინების წარმოქმნას აძლიერებს, მათი გავლენით კი თერმორეგულაციის ცენტრი, რომელიც ნორმალურ ტემპერატურად, ვთქვათ, 36.5 გრადუსს აღიქვამდა, ახალ, უფრო მაღალ მაჩვენებელზე გადაეწყობა. სხვათა შორის, სიცხის დამწევი პრეპარატები (პარაცეტამოლის, იბუპროფენის, ასპირინის) სწორედ პროსტაგლანდინების წარმოქმნას უშლის ხელს და სიცხის აწევას ამ მექანიზმით ებრძვის.
ვთქვათ, სამიზნე ტემპერატურა 39°C გახდა. სითბოს წარმოქმნის მექანიზმები (სისხლძარღვების შევიწროება, გაზრდილი მეტაბოლიზმი, კანკალი) მთელი ძალით მუშაობს. 38°C-ზეც კი ტვინი თვლის, რომ ცივა, კანი გრილი რჩება და გვაკანკალებს. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა სიცხე პროსტაგლანდინების შეკვეთას გაუტოლდება, კანკალი და შემცივნება გაგვივლის, თუმცა ორგანიზმი ამჯერად ტემპერატურას უკვე 39°C-ზე არეგულირებს. მიზეზის გაქრობა თერმორეგულაციის ცენტრს ნორმალურ მაჩვენებლებზე გადააწყობს. ტვინი ახლაღა აფიქსირებს, რომ ტემპერატურა მაღალია და სითბოს გაცემას ააქტიურებს; სისხლძარღვები ფართოვდება, ოფლის გამოყოფა ძლიერდება. სიცხის ასეთ დაწევას კრიზისს უწოდებენ.
ცხელება გარკვეულ დონემდე სასარგებლოა. მაღალ ტემპერატურაზე ძლიერდება ინტერფერონის – ბუნებრივი ანტივირუსული ცილის სინთეზი. მატულობს დამცველი უჯრედების რაოდენობაც და ანტისხეულების წარმოქმნაც. ხშირდება გულისცემა, სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობს და ინფექციასთან მებრძოლ უჯრედებს დანიშნულების ადგილას მოხვედრა უადვილდებათ. თუმცა, მეორე მხრივ, ორგანიზმი სითხეს კარგავს, იცვლება მჟავატუტოვანი წონასწორობა, თანაც შესაძლოა, უჯრედები (პირველ რიგში, ტვინის) შეუქცევადად დაზიანდეს. ადამიანისთვის ტემპერატურის 44-46°C-ზე ზემოთ ასვლა, როგორც წესი, საბედისწეროა.

გააზიარე: