რა მოვუხერხოთ ჭარბ თმას

გააზიარე:
ჟურნალის წინა ნომერში თუ თმის ცვენაზე გესაუბრეთ, ამჯერად თემის რევერსიულ ვარიანტს შემოგთავაზებთ. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარი ჭარბთმიანობაზე გვექნება.

ქალებში თმის სიჭარბეს და ისეთ ადგილებზე ამოსვლას, რომელთა თმიანობაც მამაკაცისთვის არის დამახასიათებელი, ჰირსუტიზმი ეწოდება. ამ დროს თმა ამოდის სახეზე, გულმკერდზე, ზურგზე...

ბრალი ედება ჰორმონებს

ქალებში ჰირსუტიზმის მიზეზი უპირატესად ანდროგენების სიჭარბე ან მათ მიმართ თმის ფოლიკულების მეტისმეტი მგრძნობიარობაა. იმ ქალების ნახევარს, რომლებიც ჭარბთმიანობას უჩივიან, სწორედ მამაკაცური ჰორმონების დონე აქვს მომატებული.
ანდროგენების სიჭარბე თან ახლავს პათოლოგიათა მთელ წყებას, მათ შორის:
. საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომს. ამ დროს ჰორმონული დისბალანსის ფონზე ირღვევა მენსტრუალური ციკლი, ყალიბდება უნაყოფობა, სიმსუქნე და საკვერცხეების კისტოზური გადაგვარება. ეს სინდრომი ყველაზე ხშირად იწვევს ჰირსუტიზმს.
. კუშინგის სინდრომს. ამ დროს ორგანიზმში ჭარბად არის კორტიზოლი – ჰორმონი, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვალი გამოიმუშავებს და რომელიც აქტიურად მონაწილეობს სტრესის საპასუხო რეაქციაში.
. თირკმელზედა ჯირკვლის კონგენიტალურ ჰიპერპლაზიას. იგი მიეკუთვნება გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს, რომელიც ანდროგენებისა და კორტიზოლის გამომუშავების დარღვევით ვლინდება.
. სიმსივნურ წარმონაქმნს თირკმელზედა ჯირკვალზე ან საკვერცხეზე.
ჰირსუტიზმს იწვევს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებაც, მაგალითად, დანაზოლისა, რომელსაც ენდომეტრიოზის სამკურნალოდ იყენებენ.
დამნაშავე უცნობია
ჭარბთმიანობის მიზეზი ხშირად უცნობი რჩება. კვლევა-ძიება ვერაფერს გვაძლევს: ანდროგენების დონე ნორმალურია, მენსტრუაციაც ყოველგვარი დარღვევის გარეშე მიმდინარეობს და თითქოს არც სხვა პათოლოგიური ცვლილებები შეინიშნება. ამ მდგომარეობას იდიოპათიურ ჰირსუტიზმს უწოდებენ. ყველაზე ხშირად ასეთი რამ თურმე განსაზღვრული ეთნიკური ჯგუფის ქალებს ემართებათ. მაგალითად, უმიზეზოდ ჭარბთმიანები ყოფილან ხმელთაშუა ზღვის მახლობლად მცხოვრები, ახლო აღმოსავლეთის მკვიდრი, ჩრდილოაზიელი ქალბატონები.
გენდერული ტრანსფორმაცია
ჰირსუტიზმს მრავალსიმპტომიანობა არ ახასიათებს, მისთვის უფრო მრავალთმიანობაა დამახასიათებელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჰირსუტიზმის თითქმის ერთადერთი ნიშანი უადგილო ადგილას ამოსული თმაა. თუმცა პრობლემა ყოველთვის ჭარბთმიანობით არ სრულდება; ჰირსუტიზმს დროთა განმავლობაში ემატება ვირილიზაციაც, ანუ გარეგნობის “ქალური” ნიშნების “გამამაკაცურება”: ხმის დაბოხება, გამელოტება, აკნე, მკერდის დაპატარავება, კუნთოვანი მასის მომატება. ამ ცვლილებების თავიდათავიც ანდროგენების სიჭარბეა.
ჭარბთმიანობა ქალისთვის კატასტროფაა. ამიტომაც შეიქმნა ათასგვარი თერაპიული თუ კოსმეტიკური საშუალება, რომლებიც მშვენიერ სქესს ჭარბი თმის მოცილებაში ეხმარება. მაგრამ ვიდრე თმასთან ბრძოლას შეუდგებოდეთ, გირჩევთ, ენდოკრინოლოგს ეწვიოთ. მისი პროფესიული კონსულტაცია, ზუსტი დიაგნოზი და მართებული მკურნალობა ჭარბთმიანობისგან საბოლოოდ გიხსნით.
ექიმს უთუოდ მიმართეთ, თუკი:
. უხეში შავი თმა სწრაფად იზრდება საულვაშეზე, ლოყებზე, ნიკაპზე, გულმკერდის შუაში, ბარძაყების შიდა ზედაპირზე და ზურგის ქვედა მხარეს;
. თმიანობას თან ახლავს მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
. სწრაფად ვითარდება ვირილიზაციის ნიშნები;
. მიუხედავად მკურნალობისა, ჭარბთმიანობა კიდევ უფრო მკვეთრი ხდება.
კიდევ ერთი: მენოპაუზის დროს სახეზე ამოსული უხეში თმა ყოველთვის არ არის ჰირსუტიზმის მაჩვენებელი.
თმის ცვენის სეზონი
ჰირსუტიზმის დიაგნოზის დასმა იოლია – დაავადების ნიშნები, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, სახეზეა, აი, მიზეზის დასადგენად კი ხშირად საფუძვლიანი გამოკვლევაა საჭირო. შესაძლოა, ექიმმა მოითხოვოს სისხლის გამოკვლევა ანდროგენების დონის განსაზღვრის მიზნით, ექოსკოპია საკვერცხეებისა და თირკმელზედა ჯირკვლის დასათვალიერებლად, ძალზე იშვიათად – კომპიუტერული ტომოგრაფიაც.
ასეა თუ ისე, ჰირსუტიზმის მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად არც ადგილობრივი საშუალებების გამოყენება აუკრძალავს ვინმეს.
ჭარბი თმის მოსაცილებლად მიმართავენ:
. ელექტროლიზს. ამ მეთოდს ქალბატონები უფრო ელექტროეპილაციის სახელწოდებით იცნობენ. მეთოდის არსი ასეთია: ექიმი უწვრილესი ნემსით თმის ფოლიკულამდე ჩადის და მასში ელექტროდენს ატარებს. ამის წყალობით თმის ღერი ძვრება, ფოლიკული ზიანდება და თმის გამოზრდის უნარს კარგავს.
ელექტროლიზი უსიამოვნო, მტკივნეული პროცედურაა, თუმცა თანამედროვე კლინიკებში ელექტროეპილაციამდე კანს სპეციალური კრემების საშუალებით აუტკივარებენ.
ელექტროლიზს აქვს გვერდითი ეფექტებიც: კანის პიგმენტაციის შეცვლა (გამუქება ან გაბაცება) და ძალზე იშვიათად – დანაწიბურება.
. ლაზერული თერაპია. ეს მეთოდი ელექტროლიზისს ჰგავს, ოღონდ ფოლიკულის დასაზიანებლად ელექტრომუხტის ნაცვლად ლაზერს იყენებენ (განსხვავდება ფასიც – ლაზერული თერაპია გაცილებით ძვირი ღირს). პროცედურა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება – ეს, რა თქმა უნდა, მოსაცილებელი თმის რაოდენობაზეა დამოკიდებული. პირველი პროცედურის შემდეგ თმა დიდხანს არ ამოდის, მაგრამ საბოლოოდ მაინც ამოიწვერება ხოლმე (გარდა იშვიათი გამონაკლისისა), ამიტომ სასურველია, ლაზეროთერაპია ქალმა რამდენჯერმე ჩაიტაროს, სანამ საბოლოოდ არ ამოძირკვავს ურჩ თმას.
ლაზეროთერაპია უმტკივნეულოა, თუმცა მცირე დისკომფორტს მაინც იწვევს: პროცედურის შემდეგ კანი ხშირად შეშუპებული და შეწითლებულია, თუმცა მალევე იბრუნებს ადრინდელ იერს.
ეპილაცია, რა ეფექტურიც არ უნდა იყოს, მხოლოდ დამხმარე საშუალებაა; ჭარბთმიანობას მხოლოდ მისი მეშვეობით ვერ გაუმკლავდებით. მიზეზის კვალობაზე, ექიმი მედიკამენტებსაც დაგინიშნავთ, მაგალითად:
. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, რომლებიც ესტროგენსა და პროგესტერონს შეიცავს. ისინი ტესტოსტერონის წარმოქმნას თრგუნავენ და ამით ებრძვიან ჰირსუტიზმს.
. ანტიანდროგენები – მედიკამენტები, რომლებიც რეცეპტორებს ანდროგენებთან ურთიერთქმედებისგან იცავს. ასეთია, მაგალითად, სპირონოლაქტონი (ალდაქტონი). სამწუხაროდ, ამ მედიკამენტების მიღებას შესამჩნევი თანამოვლენებიც ახლავს: პირღებინება, მენსტრუაციული ციკლის მოშლა, დიარეა. მათი ყველაზე საშიში თვისება კი ნაყოფის თანდაყოლილი სიმახინჯეების გამოწვევის უნარია, ამიტომ ანტიანდროგენული მედიკამენტების სმის პერიოდში სასურველია ქალმა ჩასახვისგან თავი დაიცვას.
. ადგილობრივი კრემები, რომლებიც ეფლორნითინს შეიცავს. ეს ნივთიერება ახალამოწვერილი თმის ზრდას აფერხებს, თუმცა უკვე ამოსულს ვერაფერს უხერხებს. ამგვარი საშუალებების გამოყენება მედიკამენტების პარალელურად თვეობ
ით არის სასურველი.
მედიკამენტური მკურნალობის შედეგი ერთი თვის შემდეგ ხდება შესამჩნევი, თუმცა მკურნალობა ექვსი თვე მაინც გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში არც მედიკამენტის დოზის, არც თვით მედიკამენტის შეცვლა მიზანშეწონილი არ არის.

პინცეტი, ცვილი და... ჭარბი თმის მოსაცილებლად კიდევ არაერთი მეთოდი არსებობს. ეს მეთოდები ეპილაციაზე მარტივი და იაფია, მაგრამ ნაკლებად ეფექტური. შედეგიც გაცილებით ხანმოკლეა... ასეა თუ ისე, ეს მეთოდები მცირე ხნით მაინც იძლევა ამოსუნთქვისა და საკუთარი სხეულით ტკბობის საშუალებას.
. პინცეტით ამოწიწკვნა – ამ ხერხით მხოლოდ რამდენიმე (ან რამდენიმე ათეულ) ღერს თუ მოიცილებთ, ისიც – მოკლე ხნით. მეთოდი მტკივნეულია, თუმცა, როგორც ქალები იტყვიან ხოლმე, სილამაზე (თუნდაც დროებითი) მსხვერპლს მოითხოვს.

. გაპარსვა ყველაზე უმტკივნეულო და სწრაფი გზაა, თუმცა სამართებლის ბასრი პირი მხოლოდ კანს ზემოთ ამოსულ თმას ჭრის, კანქვეშ დარჩენილი ნაწილი კი უვნებელი რჩება და მალევე ამოიწვერება.
. ცვილით თმის მოცილება ძალზე მტკივნეული მეთოდია, თუმცა სწრაფი. გაცხელებულ, გამდნარ ცვილს ქალი არასასურველი თმით დაფარულ უბანზე ისვამს, გაცივებას აცდის და თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით სწრაფი მოძრაობით იცლის კანიდან.
ეს პროცედურა კანს აღიზიანებს, თუმცა არსებობს სპეციალური კრემები, რომლებიც იოლად აშუშებს შეწითლებულ ადგილს. ცვილით თმის მოცილების შემდეგ რეკომენდებულია აზულონის ზეთის წასმა, რომელიც, გარდა იმისა, რომ კანს გაღიზიანებას აცხრობს, თმის ფოლიკულებზეც მოქმედებს და თმის ამოსვლას აფერხებს.
. არსებობს აგრეთვე სადეპილაციო გელები, ლოსიონები და კრემები, რომელიც თმის ცილოვან სტრუქტურას არღვევს და თმას კანიდან აცილებს, თუმცა იშვიათად ისინიც იწვევს ალერგიულ რეაქციას.
. გაბაცება თმას არ აცილებს, მხოლოდ პიგმენტს გამორეცხავს, რის შედეგადაც თმა ნაკლებად შესამჩნევი ხდება. გამაბაცებელ საშუალებებს, წესისამებრ, ძლიერი ქიმიური შემადგენლობა აქვთ, ამიტომ გირჩევთ, ფართო უბანზე წასმამდე მომცროზე მოსინჯოთ: წაისვათ და დააკვირდეთ, როგორი რეაქცია ექნება კანს.

გააზიარე: