გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტი: ალერგია უდანაშაულოა
გააზიარე:
გარე სამყაროს აღქმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა შეხებაა. სამწუხაროდ, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარი შესაძლოა პრობლემების წყაროდ გვექცეს. კანი, პირველი ზღუდე, რომელიც წინ ეღობება მავნე მიკრობებს და ხელს უშლის ორგანიზმზე გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებას, გაღიზიანებაზე ანთებით რეაგირებს, თანაც ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი ალერგიული განწყობა...
გვინდა, თქვენი ყურადღება არაალერგიული დერმატიტის გავრცელებაზე, მკურნალობასა და პრევენციაზე შევაჩეროთ.
გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტი კანის არასპეციფიკური, არაალერგიული ანთებითი რეაქციაა, რომელიც ვითარდება, როცა გამღიზიანებელი ეხება კანის მხოლოდ გარეთა შრეს. ამ შრეში, ეპიდერმისში, გამომუშავდება ანთების მედიატორები. დაავადება შესაძლოა წარიმართოს მწვავედ ან მიიღოს ქრონიკული ფორმა. მწვავე ფაზაში ახასიათებს ერითემა (კაპილარების გაფართოების შედეგად კანზე გაჩენილი ძლიერი სიწითლე), ქავილი, ვეზიკულების (სითხის შემცველი ბუშტუკების) წარმოქმნა, ხოლო ქრონიკული მიმდინარეობისას – კანის აქერცვლა და ჩამოფცქვნა.
გამღიზიანებელი შეიძლება იყოს:
* კუმულაციურად ტოქსიკური, მაგალითად, ხელის საპონი საავადმყოფოს პერსონალისთვის;
* ნაკლებად ტოქსიკური, დეგენერაციული, როდესაც ანთების გამოსაწვევად საჭიროა კანთან გამღიზიანებლის ხშირი კონტაქტი. ასეთი გამღიზიანებლებია წყალი, შამპუნი, კანის გამწმენდი და კოსმეტიკური საშუალებები;
* ტოქსიკური, მაგალითად, მჟავები და ტუტეები.
კანი – დაცვის პირველი ხაზი
კანი ადამიანის ყველაზე დიდი და საკმაოდ მგრძნობიარე ორგანოა. ის მიკრობებისგან ორგანიზმის დამცავი მთავარი ბარიერია. გარდა ამისა, გვეხმარება სხეულის ტემპერატურის რეგულირებასა და შეხების აღქმაში. გაღიზიანების კონტაქტურ დერმატიტს ალერგიულისგან განასხვავებს იმუნური სისტემის თანდაყოლილი აქტიურობა. კანის დაზიანებისას ეს სისტემა გამოათავისუფლებს სპეციფიკურ ცილებს – ციტოკინებს, რაც არასპეციფიკურ, არაალერგიულ ანთებით რეაქციას იწვევს. მწვავე ანთებითი რეაქცია გამოიხატება სიწითლით, ერითემით, მსუბუქი შეშუპებით ან დანაწიბურებით, ხოლო ქრონიკული – ლიქენიფიკაციით (კანის გასქელებით), ჰიპერკერატოზით (ეპიდერმისის ძლიერი გარქოვანებით), ნახეთქებით ან წყლულებით.
რა იწვევს
კანის გაღიზიანება ნებისმიერ ნივთიერებას შეუძლია. მთავარია მისი კონცენტრაცია და ურთიერთქმედების ხანგრძლივობა. გარემო ფაქტორებს კი შეუძლია, გააძლიეროს გამღიზიანებლის მოქმედების ეფექტი.
გაღიზიანების კონტაქტურ დერმატიტს ყველაზე ხშირად იწვევს გამხსნელები, მათეთრებლები, სპირტი, პირადი ჰიგიენის საშუალებები (საპონი, დეოდორანტი), მცენარეები, ჰაერში არსებული ნივთიერებები (მტვერი, შალის ნაწილაკები) და სხვა. ზოგს რეაქცია ალერგენთან პირველივე შეხებისას უვითარდება, ზოგს კი – მხოლოდ განმეორებითი კონტაქტის შემდეგ. გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტი ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც პროიფესიული საქმიანობის გამო დღეში 20-40-ჯერ უწევთ ხელების დაბანა. მაგალითად, სამედიცინო პერსონალს, დამლაგებლებს, მზარეულებს. ასეთ დაზიანებას კუმულაციური ანუ დაგროვებითი გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტი ეწოდება.
ამრიგად, დაავადების გამომწვევი ფაქტორებია:
* მშრალი ჰაერი, სიცივე და სიცხე;
* წყალთან ხშირი და ხანგრძლივი კონტაქტი – ამ დროს მოსალოდნელია კანის მაცერაცია, ქსოვილთა უჯრედების ერთმანეთისგან განცალკევება, გამოხდილი წყალი კი აპროვოცირებს ეპიდერმისში იმუნური უჯრედების: ციტოკინებისა და ნეიტროფილების – წარმოქმნას;
* გამხსნელები – ბევრს, უმეტესად – სამსახურებრივი მოვალეობის გამო, უწევს შეხება სპირტთან, ესთერებთან, რომლებიც შედის სუნამოების შემადგენლობაში, კეტონებთან, რომლებსაც შეიცავს საღებავები, გასარუჯი საშუალებები. ისინი აცლიან კანს ცხიმს, რისი შედეგიცაა კონტაქტური დერმატიტი და საპნისა და წყლის მიმართ კანის მგრძნობელობის მომატება. გამხსნელებით ხშირად უწევთ ხელების დაბანა ადამიანებს, რომლებსაც შეხება აქვთ ზეთთან, ცხიმთან, საღებავებთან, ამიტომ მათ ადვილად უვითარდებათ გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტი;
* ლითონის დასამუშავებელი სითხეები – უმეტესად იწვევს თმის ფოლიკულების ანთებას და აკნეს;
* კოსმეტიკურ და ჰიგიენურს საშუალებებს ასევე შეუძლია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, რომელიც გამოიხატება კონტაქტის ადგილას (სახეზე, ტუჩებზე, თვალებზე, ყურებზე, კისერზე) კანის შეწითლებით, ქავილით და წვით;
* სარეცხი საშუალებები, მათეთრებლები;
* მიკროტრავმები, რეზინის ხელთათმანები ლატექსის ან ხელთათმანის ფხვნილის შემცველობის გამო, ქიმიური სპრეი, მტვერი, ზოგიერთი მცენარე, ქიმიური ნივთიერებები: მჟავები, ტუტეები.
ვის ემართება
დაავადება უმეტესად გავრცელებულია მათ შორის, ვისაც, პროფესიის გამო ხშირად უწევს ხელების დაბანა ან შეხება აქვს ქიმიურ გაღიზიანებლებთან. რისკის ჯგუფებს ქმნიან: სამედიცინო პერსონალი, მზარეულები, სტილისტები. სტატისტიკის თანახმად, დაავადება კონტაქტური დერმატიტის შემთხვევათა 80%-ში გვხვდება. მამაკაცებზე ორჯერ ხშირად – ქალებთან, თუმცა ბიოლოგიას ამაში ბრალი არ მიუძღვის, უბრალოდ, ქალს, დიასახლისს, უფრო ხშირად აქვს შეხება წყალსა და ქიმიურ ნივითიერებებთან. სტილისტები, ექთანები და სანიტრებიც უმეტესად ქალები არიან. დაავადება შეილება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, თუმცა პაციენტების უმეტესობა ასაკოვანია – მოგეხსენებათ, ასაკში შესულ ადამიანს კანი უთხელდება და უშრება, ამიტომ უფრო მგრძნობიარეცაა სხვადასხვა გამღიზიანებლის მიმართ.
როგორ ვლინდება
მწვავე დერმატიტის მარტივი ფორმის დროს სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინოს გამღიზიანებელთან პირველივე კონტაქტის შემდეგ, რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე შუალედში, ხოლო კუმულაციური ფორმის დროს გამოვლენას შესაძლოა რამდენიმე კვირაც კი დასჭირდეს. დერმატიტი შეიძლება განვითარდეს კანის ნებისმიერ უბანზე, თუ თუმცა უმეტესად მაინც ხელებზე აღირიცხება, რადგან მათ ყველაზე ხშირად უწევთ შეხება სხვადასხვა გამღიზიანებელთან.
დაავადებისთვის დამახასიათებელია:
* ქავილი, ზოგჯერ – ძალიან ძლიერი;
* შესივება, წვა, მტკივნეულობა;
* გამონაყარი;
* მშრალი, აქერცლილი კანი (ქრონიკული ფორმისთვის);
* სითხით სავსე ქერქიანი მუწუკები (მწვავე ფორმისთვის).
დიაგნოსტიკა
გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტი ისევე ვლინდება, როგორც კანის სხვა ანთებითი დაავადებები. მისი დიაგნოსტიკისთვის სპეციფიკური ტესტი არ არსებობს. ექიმი ეყრდნობა ანამნეზს და გამორიცხავს ისეთ მიზეზებს, როგორებიცაა:
* ალერგიული კონტაქტური დერმატიტი;
* მუნი;
* ფსორიაზული დერმატიტი;
* ატოპიური დერმატიტი;
* თირკმლის დაავადების დერმატოლოგიური გამოვლინება;
* მედიკამენტების გვერდითი ეფექტი;
* წითელი ქარი;
* ეგზემა;
* ბავშვთა ატოპიური დერმატიტი;
* სებორეული დერმატიტი;
* ფიტოფოტოდერმატიტი – კანის გაღიზიანება მცენარისა და მზის სხივების ერთდროული ზემოქმედების შედეგად. საქმე ის გახლავთ, რომ ზოგიერთმა მცენარემ, რომელიც ცალკე სულაც არ არის ტოქსიკური, მზის სხივებთან ურთიერთქმედებისას შესაძლოა ანთება გამოიწვიოს.
ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გამოსარიცხად კი ექიმმა უნდა მიაგნოს მათ გამომწვევს: ალერგენს, ბაქტერიას, სოკოს, – რისთვისაც შესაძლოა საჭირო გახდეს ალერგიული ტესტი, მიკროსკოპიული და ჰისტოლოგიური ანალიზი, კანის ბიოფსია.
მკურნალობა
გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტის მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს გამღიზიანებელი აგენტის მოცილებას. თუ ეს შეუძლებელია – შესაბამისი აღჭურვილობით თავის დაცვას, შესაბამისი ხელთათმანებისა და სამოსის ჩაცმას. გამღიზიანებელთან კონტაქტის შეწყვეტისას სიმპტომები უმეტესად ქრება, მაგრამ ზოგჯერ საჭირო ხდება სტეროიდებით მკურნალობა. მეორეული ინფექციის შემთხვევაში შესაძლოა მკურნალობაში ანტიბიოტიკის ჩართვაც. მნიშვნელოვანია კანის მოვლა, მისი აღმდგენი საშუალებების გამოყენება. მჟავებითა და ტუტეებით ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში აუცილებელია გამდინარე წყლით ჩამობანა და შემდეგ დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოს წასმა.
გართულებები
დერმატიტი შესაძლოა გართულდეს მეორეული ინფექციით (მაგალითად, სტაფილოკოკუს აურეუსით), მეორეული ნეიროდერმატიტით, ის სკლეროზული ცვლილებებით. ანთების შემდეგ კანზე შესაძლოა დარჩეს ჰიპერ– და ჰიპოპიგმენტაციები, რომლებიც გამღიზიანებელთან კონტაქტის შეწყვეტის შემდეგაც კი არ ალაგდება. კოროზიული აგენტებით დაზიანებისას შესაძლოა კანზე დარჩეს ნაწიბურები.
პროგნოზი
დაავადების პროგნოზი დამოკიდებულია გამღიზიანებელ აგენტზე, მისი ზემოქმედების ხანგრძლივობაზე, გარემო და სხვა ფაქტორებზე, თუმცა დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კარგია, განსაკუთრებით – მათთვის, ვისაც მემკვიდრეობით ალერგიული განწყობა არ მიუღია.
მარიამ ჯანიაშვილი