საშიშია თუ არა წამოქაფება

გააზიარე:
რა მოეთხოვება ქვეყნიერებას სულ რამდენიმე დღის წინ მოვლენილ ჩვილს? – ჭამა, ძილი, პამპერსის დასვრა, ტირილი, ზოგჯერ – ღიმილი… თუმცა უმეტესობას თავის მოვალეობად რატომღაც საუზმის, სადილისა თუ ვახშმის ნარჩენებით მამიკოს კოსტიუმის, დედიკოს ხალათის, საბნის, ზეწრის დასვრა მიაჩნია.

უსიამოვნება – უსიამოვნებად, პედიატრის მიერ დასმული დიაგნოზი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, კი შემაშფოთებელი ლათინურით უფრო მეტად გვაფრთხობს. რას ნიშნავს სინამდვილეში ეს დიაგნოზი, რა იწვევს ამ მოვლენას, საშიშია თუ არა ჩვენი თვალისჩინის ჯანმრთელობისთვის?
გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი:
– გასტროეზოფაგური რეფლუქსი ქართულად კუჭის შიგთავსის საყლაპავ მილში ამოტყორცნას ნიშნავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთ მდგომარეობას აქალაზიას უწოდებენ, ხოლო ევროპაში ამჯობინებენ ტერმინებს “მკერდის კუჭი” და “დიაფრაგმული თიაქარი”. გასტროეზოფაგური რეფლუქსი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, ჩვილებში კი განსაკუთრებით ხშირია.
– რისი ბრალია ჩვილებში გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიხშირე?
– უმეტესად ეს ფუნქციური დარღვევის გამოვლინებაა და კუჭ-ნაწლავის უმწიფრობით არის გამოწვეული. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვილებს საყლაპავი შედარებით მოკლე აქვთ, მისი ქვედა სფინქტერი – კუჭისა და საყლაპავის საზღვარზე არსებული ბეჭდისებური კუნთი, რომელიც იკუმშება და საკვების უკან დაბრუნებას ხელს უშლის – ჯერ კიდევ არასრულფასოვნად მუშაობს. ამას ემატება ანატომიური გადახრებიც: დიაფრაგმის თიაქარი (მუცლისა და გულმკერდის გამყოფი კუნთოვანი ძგიდის ნორმაზე დიდი ხვრელი, სადაც საყლაპავის გარდა კუჭის ნაწილიც ადის) და სხვა დეფექტები, თორმეტგოჯა ნაწლავის არასრული შემობრუნება, რაც კუჭიდან საკვების ევაკუაციას ართულებს, საყლაპავის ტალღოვანი მოძრაობის – პერისტალტიკის – დარღვევა და მჟავას განეიტრალების პროცესის შენელება. დაბოლოს, განსაზღვრულ როლს ასრულებს კუთხე, რომლითაც საყლაპავი მილი უკავშირდება კუჭს.
კუჭის შიგთავსის საყლაპავში, პირის ღრუსა  და ცხვირში დაბრუნებას ხშირად უნებლიეთ მშობლებიც უწყობენ ხელს იმით, რომ:
* ბავშვი ხშირად ჰყავთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში;
* სწრაფად უცვლიან პოზას;
* უწესრიგოდ კვებავენ;
* აძლევენ ასაკობრივ ნორმაზე მეტ საკვებს;
* აჭმევენ სწრაფად – ამ დროს ბავშვი სიჩქარეში საკვებთან ერთად ჰაერსაც ყლაპავს (რასაც ექიმები აეროფაგიას ვუწოდებთ), ეს კი, გარდა იმისა, რომ ზრდის კუჭის შიგთავსის მოცულობას, აირების დაგროვებასაც უწყობს ხელს;
* არასწორად ურჩევენ საკვებს, მეტისმეტად ხშირად აძლევენ რძემჟავა ნარევებს – ასეთი კვება ზოგიერთ პატარას კუჭს უღიზიანებს და ღებინებას იწვევს;
* აქვთ კვების არასწორი ტექნიკა – ბუნებრივი კვების დროს ბავშვი არასწორად უკავიათ, ხელოვნურის დროს კი არასწორად აწვდიან ბოთლს; 
* აცმევენ მოჭერილ ტანსაცმელს, მეტისმეტად მჭიდროდ უკრავენ საფენს, კვების დროს და მის შემდეგ მუცელზე ხელს აჭერენ ან ისეთ პოზიციაში უკავიათ, რომელიც მუცლის ღრუსა და მის ორგანოებზე ზეწოლას ზრდის.
– როგორ ვლინდება გასტროეზოფაგური რეფლუქსი?
– კლინიკური სიმპტომატიკა მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რა ხარისხის ზემოქმედებას ახდენს კუჭის შიგთავსი საყლაპავი მილის ლორწოვან გარსზე. ახალშობილებში რეფლუქსის ნიშნები წამოქაფება და ღებინებაა. ბავშვების 85%-ს ღებინება სიცოცხლის პირველსავე კვირას აღენიშნება, 10%-ს მე-6 კვირამდე გამოაჩნდება. მოზრდილი ბავშვები ღებინებასთან ერთად ხშირად უჩივიან მუცლის ტკივილს, წვას, მუცლის შებერილობას, გულისრევას. ეს სიმპტომები ზოგჯერ ისეთი ძლიერია, რომ კვების ქრონიკულ დარღვევას, სხეულის მასის დაქვეითებას იწვევს.
განურჩევლად სიმპტომების გამოხატულების ხარისხისა, თუ რომელიმე მათგანი ოდნავ მაინც არღვევს ბავშვის საერთო მდგომარეობას, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს; ეს უკვე აღარ არის რეფლუქსი, რომელიც ათასში ერთხელ ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, – ამ დროს უკვე გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებაზე ვსაუბრობთ.
– როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტიკა?
– სიმპტომები ზოგჯერ ისე მკვეთრად არის გამოხატული, რომ დიაგნოზის დასასმელად დამატებითი მეთოდების გამოყენება აღარ გვჭირდება. რთული შემთხვევების დროს კი ტარდება რიგი დიაგნოსტიკური კვლევა. ამ ვრცელი არსენალიდან სადღეისოდ ყველაზე ინფორმაციულად საყლაპავი მილის 24-საათიანი PH-მეტრია (მჟავატუტოვანი წონასწორობის განსაზღვრა), ეზოფაგოტონომეტრია (საყლაპავი მილის ტონუსის გაზომვა), კუჭისა და საყლაპავი მილის ენდოსკოპიური გამოკვლევა მიიჩნევა.
– ახალშობილობისას წამოქაფება და ღებინება ზრდასრულ ასაკში ასეთივე პრობლემის წარმოშობის საწინდარია?
– უმეტესად არა. იმ ბავშვების 50%-ს, რომლებსაც გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომები დაბადებიდან აქვთ გამოხატული, ისინი 6 თვის ასაკში უქრება, 75%-ს – 1 წლის ასაკში, ხოლო 95%-ს – 18 თვის ასაკში. ორი წლის ასაკში, როდესაც ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს ვერტიკალურ მდგომარეობაში ატარებს და ძირითადად მყარი საკვებით იკვებება, კლინიკური სიმპტომები მთლიანად ქრება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც წამოქაფებისა და ღებინების უკან სერიოზული სამედიცინო პრობლემა დგას, ამიტომ საგანგაშო ნიშნები დედამ აუცილებლად უნდა იცოდეს და ექიმს დაუყოვნებლივ მიმართოს.
– რა ნიშნებს გულისხმობთ?
– ფიზიოლოგიური რეფლუქსი, როგორც გითხარით, ბავშვის ნორმალურ ნერვულ-ფსიქიკურ განვითარებას ხელს არ უშლის. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვი:
- წონას ვერ იმატებს ან ცუდად იმატებს;
- ღებინება შადრევნისებურია (კუჭის შიგთავსი წნევით ამოდის);
- ამონაღები მასა უხვია (მით უმეტეს – აღემატება ერთ ჯერზე მიღებული საკვების ოდენობას);
- უგუნებოდაა, ჭამაზე უარს ამბობს ან საფენები უჩვეულოდ მშრალია;
- ამონაღებ მასას აქვს მჟავე სუნი, მომწვანო ან მოყავისფროა ან სისხლს შეიცავს;
- შეამჩნიეთ სხვა სიმპტომიც, მაგალითად, სიცხე, ფაღარათი, სუნთქვის გახშირება ან გაძნელება.
– როგორ შევამციროთ წამოქაფების ალბათობა?
– ახალშობილს უნდა ვაჭამოთ ვერტიკალურ ან ნახევრად ვერტიკალურ მდგომარეობაში. სასურველია, ეს მდგომარეობა კვებიდან ერთი საათის განმავლობაში შევინარჩუნოთ. რთულ შემთხვევებში ბავშვი მთელი დღე უნდა იწვეს. 

დედამ სამშობიაროშივე უნდა აითვისოს ბუნებრივი კვების სწორი ტექნიკა. თუ რძე თავიდან დიდი ნაკადით მოდის, სასურველია, ნაწილი გამოიწველოს. ხელოვნური კვებისას კი ბოთლი ნახევრად ვერტიკალურად დაიკავეთ, ისე, რომ საწოვარასთან საკვები იყოს და არა ჰაერი. მიაქციეთ ყურადღება ნახვრეტის ზომას: თუ ის ფართოა, რძე ნაკადად წამოვა, რაც აეროფაგიას გამოიწვევს. ზედმეტად წვრილი ნახვრეტით დაქანცულმა ბავშვმაც შეიძლება ჰაერის ყლაპვა დაიწყოს. ისიც იცოდეთ, რომ ხანგრძლივი გამოყენებისას საწოვარა რბილდება, ნახვრეტი უფართოვდება,  ამიტომ გაცრეცილი და გაცვეთილი საწოვარა დროულად უნდა გამოცვალოთ. უპირატესობა მიანიჭეთ სპეციალურ საწოვარებს, რომლებიც რძით მთლიანად ივსება და ბავშვი ჰაერს ნაკლებად ყლაპავს.
თუ ბავშვის ასაკი ხელს გიწყობთ, მყარი საკვების მიცემა საუკეთესო ეფექტს იძლევა.
– რას გვეტყოდით სპეციალურ ანტირეფლუქსურ ნარევებზე? რამდენად სასარგებლოა და რა პრინციპით ხელმძღვანელობენ მათი შერჩევისას? შეიძლება თუ არა, მშობელმა საკუთარი გადაწყვეტილებით მისცეს ისინი პატარას?
– ანტირეფლუქსური ნარევები სპეციალურ გამასქელებელ დანამატებს შეიცავს. ასეთი საკვები უფრო ადვილად ჩერდება კუჭში და ღებინების ალბათობა იკლებს. გამასქელებელ აგენტად, ჩვეულებრივ, ბრინჯს იყენებენ. ეს, ერთი მხრივ, საკვებს კალორიულობას მატებს (ბრინჯი, მოგეხსენებათ, ნახშირწყლებით არის მდიდარი), მეორეს მხრივ კი შეკრულობის ალბათობას ზრდის, ამიტომაც ჭარბწონიანი და შეკრულობისკენ მიდრეკილი პატარებისთვის უფრო მიზანშეწონილია ისეთი გამასქელებელი კომპონენტის შემცველი ნარევი, რომელიც კუჭ-ნაწლავში არ იწოვება. მით უმეტეს, თუ მას კოლიკისა და ყაბზობის საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. რაც შეეხება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას: ჩემი აზრით, არამცთუ სამკურნალო ნარევის, რეგულარული ფორმულის დანიშვნის თაობაზეც კი ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა ნიუანსის გათვალისწინებას მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების პროფესიონალი შეძლებს. ერთადერთი, რაც შემიძლია მშობლებს ვურჩიო, ეს არის: ეცადონ, პატარა ბუნებრივად კვებონ. დედის რძე უნიკალური საკვებია და ხელოვნური ანალოგები მას ვერ გაუტოლდება. თუ ეს ვერ ხერხდება, ხელოვნური საკვები აუცილებლად პედიატრთან ერთად შეარჩიეთ.

გააზიარე: