ნაადრევი სიხარული

გააზიარე:
 

  მოხუცებისგან გამიგონია, ნაადრევი ყველაფერი კარგია, გარდა სიკვდილისაო. ამის მთქმელს, ალბათ, ნაადრევად დაბადებული ბავშვები არ უგულისხმია, რადგან ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ მათი უმეტესობა სასიკვდილოდ იყო განწირული. დღეს მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია, თანამედროვე მედიცინის მიღწევები დღენაკლულ ახალშობილებს გადარჩენისა და სრულფასოვანი ცხოვრების შანსს აძლევს. ნაადრევად დაბადებული ბავშვი კი არცთუ ცოტაა – აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, რვიდან ერთი ახალშობილი დროზე ადრე ევლინება ქვეყნიერებას.
დღენაკლული ბავშვების შესახებ გვესაუბრება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ინტენსიური მიმართულების ხელმძღვანელი მარინა ქარუმაშვილი. 
– ქალბატონო მარინა, როდის ითვლება ახალშობილი დღენაკლულად?
– ახალშობილს დროულად მივიჩნევთ, თუ მას შეუსრულდა მუცლადყოფნის პერიოდის 39-41 კვირა; 35-38-ე კვირაზე დაბადებული გვიან დღენაკლულად მიიჩნევა, 28-35-ე კვირაზე დაბადებული – დღენაკლულად, ხოლო 28 კვირამდე დაბადებული – ექსტრემალურად მცირე მასის ახალშობილად.
– უმეტესად რით არის გამოწვეული ნაადრევი მშობიარობა?
– ნაადრევი მშობიარობის მიზეზი ხშირად უცნობია. შესაძლოა, ეს იყოს დედის გენეტიკური განწყობა, ემოციური, ფიზიკური ან იატროგენული (ამ შემთხვევაში – წამლისმიერი) სტრესი, ინფექცია, ჰორმონული დისბალანსი, ორსულობის პერიოდის ესა თუ ის პათოლოგია, სოციალური მდგომარეობა, პლაცენტისა და ნაყოფის არასწორი მდებარეობა. 
გასათვალისწინებელია დედის ცხოვრების წესი, – იკვებება თუ არა სრულფასოვნად, ხომ არ ეწევა თამბაქოს, ხომ არ იღებს ნარკოტიკებს ან ჭარბ ალკოჰოლს, – ფიზიკური, გონებრივი და ემოციური გადაღლა, ასაკი (19 წელზე ნაკლები და 40 წელზე მეტი), ორი და მეტი ნაყოფით ორსულობა. 
– როგორ უვლიან დღენაკლულ ახალშობილს და როგორ ფასდება მისი მდგომარეობა?
 – დღენაკლულებს სპეციფიკური მოვლა სჭირდებათ, ამიტომ ხშირად ისინი დაბადებისთანავე გადაჰყავთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. იქ ჩვილისთვის აუცილებელი პირობებია – სათანადო ტემპერატურა, სტერილური გარემო, შესაბამისი კვებითი რეჟიმი და საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურება.
ორსულობის სხვადასხვა ვადაზე დაბადებულ ბავშვს სხვადასხვა პრობლემა აქვს. ნებისმიერ ახალშობილს სჭირდება სითბო და რესპირაციული დახმარება ანუ სუნთქვის აღდგენა. მას შემდეგ, რაც ბავშვს გავამშრალებთ, გავათბობთ, შევუქმნით სათანადო პირობებს ადეკვატური სუნთქვისთვის, ვაფასებთ სხვა კრიტერიუმებსაც: წონას, სიგრძეს, კანის ფერს, სუნთქვას, რეფლექსებს; მომდევნო ეტაპზე ხდება ელექტროლიტური ბალანსის, გლუკოზის ბალანსის, ტემპერატურული რეჟიმის, ნევროლოგიური სტატუსის, ინფექციების კონტროლი და სხვა.
– რატომ უჭირთ დღენაკლულ ბავშვებს სუნთქვა?
– უმეტესად იმიტომ, რომ უმწიფარი ფილტვები არ წარმოქმნის სუნთქვისთვის აუცილებელ ნივთიერებას – სურფანქტანტს. ამ უკანასკნელის დანიშნულებაა ალვეოლების (ფილტვების ბუშტუკების) ელასტიკურობის შენარჩუნება და ჟანგბადის მიწოდების უზრუნველყოფა.
26-ე კვირამდე დაბადებულ ახალშობილს, წესისამებრ, სურფანქტანტი მომწიფებული არ აქვს. 28-ე კვირიდან ორგანიზმი თვითონვე იწყებს მის გამომუშავებას. როდესაც მეანმა იცის, რომ ნაადრევ მშობიარობას უნდა ელოდეს, იწყებს პრევენციას – დედის მომზადებას სურფანქტანტის მოსამწიფებლად. საჭიროების შემთხვევაში სურფანქტანტს ჩვილს გარედან, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციასთან ერთად ვაწვდით.
– რა ასაკიდან აქვს დღენაკლულ ბავშვს გადარჩენის შანსი და დამოკიდებულია თუ არა პროგნოზი ბავშვის წონაზე?
– სათანადო მეთვალყურეობისა და თერაპიის ფონზე 24-კვირიან ახალშობილს გადარჩენის საშუალოდ 15%-იანი შანსი აქვს. ასაკთან ერთად სიცოცხლისუნარიანობაც იმატებს. თუმცა ყველა მდგომარეობა ინდივიდუალურია, მხოლოდ წონა და ზომა არ არის გადამწყვეტი. პირველი 24 საათის ადაპტაციის შემდეგ ხშირად თვალსაჩინო ხდება ისეთი ნიუანსები, რომლებმაც შესაძლოა იმედი გაგვიჩინოს ან, პირიქით, ესა თუ ის დარღვევა გვაეჭვებინოს.
როგორც უკვე ვთქვი, სხვადასხვა ასაკსა და პერიოდში სხვადასხვა პრობლემასთან გვიხდება შეხება. პირველი 24 საათის განმავლობაში ახალშობილი გარემოს ეგუება. ამ დროს უნდა ამუშავდეს თერმორეგულაცია. ვაკვირდებით, როგორ ეპასუხება ბავშვი სითბოს მხარდაჭერას. 24 საათის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს სხვა პრობლემებმაც: ინტრავენტრიკულურმა (ტვინის პარკუჭებს შიგნით) სისხლჩაქცევამ, ნოზოკომიურმა ანუ სტაციონარულმა ინფექციამ, თანდაყოლილმა ინფექციამ, თანდაყოლილმა, გენეტიკურად განპირობებულმა მეტაბოლურმა დარღვევებმა, რომლებიც შესაძლოა კვების დაწყების შემდეგ ან ჟანგბადის შემცირების შედეგად გამომჟღავნდეს...
წონა და ზომა პირდაპირპროპორციულად არც ბავშვის გონებრივ თუ ფიზიკურ განვითარებას უკავშირდება. მასთან ერთად ფასდება მრავალი სხვა კრიტერიუმი: ორგანოთა სისტემების ფუნქციობა, ნევროლოგიური სტატუსი, რესპირატორული სტატუსი...
მშობელს მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეს რეალობაზე, იცოდეს, რომ შესაძლოა, ბავშვმა შეიძინოს სიცოცხლისუნარიანობა, მაგრამ ჰქონდეს დარღვევები ან პირიქით. პათოლოგიების შემთხვევაში მოტორული და გონებრივი განვითარების პროგნოზი ადრეულ დღენაკლულებთან უფრო მძიმეა, ვიდრე იმავე პათოლოგიების მქონე დროულ ახალშობილებთან.
რაც შეეხება წონას, ბევრი 800-გრამიანი ჩვილი გამოგვიზრდია, რომლებიც გონებრივად და ფიზიკურად მშვენივრად ვითარდებიან.
– იღებს თუ არა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი ბავშვი დედის რძეს?
– დედის რძე აუცილებელია, მაგრამ ვინაიდან დღენაკლულ ახალშობილს პირველ ხანებში წოვა არ შეუძლია, მას ზონდით ვაწვდით.
დღენაკლულ ბავშვს უჭირს წოვის, სუნთქვისა და ყლაპვის რეფლექსების კოორდინაცია, ანუ ერთდროულად ვერ ახერხებს წოვას, ყლაპვას და სუნთქვას, ამიტომ ვცდილობთ, კვება წოვასთან არ იყოს დაკავშირებული, ანდა საკვები სუნთქვითი მხარდაჭერის ფონზე წვეთწვეთობით ან ზონდით მივაწოდოთ.
სხვათა შორის, დედები თვითონვე ცდილობენ, შეინარჩუნონ რძე და გარკვეული ხნის შემდეგ ჩვილს ძუძუ აწოვონ. ამისთვის არსებობს დედის ოთახი, სადაც ქალს შეუძლია, გამოიწველოს რძე და კონტეინერით შეინახოს მაცივარში.
საჭიროების შემთხვევაში კვებას ექიმის დანიშნულებით ადაპტირებულ ნარევებსაც ამატებენ, რადგან ისინი დედის რძეზე კალორიულია.
– არსებობს თუ არა მდგომარეობა, როდესაც დედის რძის მიცემა არ არის რეკომენდებული?
– დედის რძე მხოლოდ ღია ფორმის ტუბერკულოზის, მძიმე ფორმის სიფილისის და ფენილკეტონურიის დროს იკრძალება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ქალი ზედმიწევნით უნდა ეცადოს, შეინარჩუნოს რძე და გააგრძელოს ჩვილის ძუძუთი კვება. დედის რძე შეუცვლელი საკვებია ახალშობილისთვის. 
 – სავარაუდოდ, როდის ეწერება დღენაკლული ბავშვი სახლში?
– მეანობაში არსებობს ასეთი ცნება – კონცეპტუალური ანუ შესწორებული ასაკი. 28-ე კვირაზე დაბადებული ბავშვი, ჩვენი თვალთახედვით, ორი თვის შემდეგაც (როდესაც 36 კვირის უნდა ყოფილიყო) “დაუბადებელია”. შესაბამისია მოთხოვნებიც მის მიმართ.
ორ კილოგრამამდე წონის ახალშობილისთვის აუცილებელია ექიმისა და ექთნის მუდმივი მეთვალყურეობა. ამის კვალობაზე, ბავშვი სახლში რომ გავწეროთ, ორ კილოგრამზე მეტს უნდა იწონიდეს, თავისით წოვდეს და კვირაში 50-100 გრამს მაინც იმატებდეს.
თბილისში უფრო უკეთ არის ორგანიზებული უბნის პედიატრისა და მედდის მეთვალყურეობა და მონიტორინგი, მშობელთანაც და პედიტართანაც უფრო მეტი კონტაქტი გვაქვს, თვითონ მშობელსაც ხშირად მოჰყავს ბავშვი ჩვენთან სხვადასხვა მაჩვენებლის შესაფასებლად, რაიონებში კი კავშირი შედარებით ძნელია, ამიტომ გულში ხინჯად გვრჩება, რომ ბავშვს ხელიდან ხელში ვერ ვაბარებთ იქაურ პედიატრს, რომელმაც შემდგომ მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს მას. 
– რა განსაკუთრებული კვლევები სჭირდება დღენაკლულ ბავშვს სამშობიაროდან გაწერის შემდეგ?
– შესაძლოა დასჭირდეს ნეიროსონოსკოპიური კონტროლი – თავის ტვინის ექოსკოპიური შეფასება, გულის ექოსკოპიური კონტროლი. დღენაკლულებს ანემიისკენ აქვთ მიდრეკილება, ამიტომ პერიოდულად სისხლის საერთო ანალიზიც უნდა გადამოწმდეს.
– კიდევ რა განსაკუთრებულ რეკომენდაციებს აძლევთ მშობლებს, რომლებსაც ასე ნანოლიავებ ბავშვს ატანთ?
– მართლაც ღვიძლი შვილივით მივყვებით ბოლომდე... დედა ძალიან უნდა გაუფრთხილდეს შვილს, დაიცვას ინფექციებისგან, არიდოს ხალხმრავლობას; მისთვის აუცილებელია ბევრი ჰაერი, სითბო, სისუფთავე, კვების სათანადო რეჟიმი, დედის მეთვალყურეობა. როდის დაჯდეს, როდის გაიღიმოს, როდის სათამაშო გამოგართვას და სხვა – ეს ყველაფერი დედამ უნდა აკონტროლოს და შეფერხების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ექიმს. ამაში მას დაეხმარება სპეციალური წიგნაკი, რომელსაც სამშობიარო სახლიდან ატანენ და რომელშიც მითითებულია ბავშვის განვითარების ასაკობრივი სტანდრატები.
დაბოლოს, ნაადრევი მშობიარობის კანდიდატებს და დღენაკლული შვილების მშობლებს დავაიმედებ, რომ დღეს მედიცინას შესანიშნავი შედეგები აქვს ასეთი ბავშვების გამოზრდის, მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარების, დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის კუთხით. საგრძნობლად დიდია შანსი, მცირე მასის ახლაშობილები სრულფასოვან ინდივიდებად ჩამოყალიბდნენ.


მარი აშუღაშვილი

გააზიარე: