თავისუფალი სუნთქვისათვის

გააზიარე:
მრავალი დაავადება ადამიანებმა საკუთარი საქციელით ან, უკეთ, უსაქციელობით დავიტეხეთ თავს. ისტორიული მიდგომა: მოვიდა პაციენტი, დავუნიშნეთ წამალი, დალია და მორჩა, – უფრო და უფრო კარგავს მნიშვნელობას. სიცოცხლის ხარისხის გაუარესებასა და სიკვდილიანობაში სულ უფრო მეტ წილს იდებს ქრონიკული არაგადამდები დაავადებები. მათი სიხშირის შესამცირებლად მოსახლეობას ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლის აუცილებლობა უნდა განვუმარტოთ, მერე კი ხელი შევუწყოთ, რომ ამისთვის ძალისხმევა არ დაიშურონ. დიახ, პიარსტრატეგია და რეკლამა ჯანმრთელობის ხელშეწყობასაც სჭირდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სხვადასხვა დაავადების შესახებ ცოდნის ამაღლების საერთაშორისო დღეები, რომლებიც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, არც ისე ცოტაა გამოცხადებული. ნოემბრის მესამე ხუთშაბათი ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსოფლიო დღეა და ჩვენც გადავწყვიტეთ, მთავარი თემა სწორედ ამ პრობლემისთვის დაგვეთმო.

 სუნთქვის უნარის მზარდი დაქვეითება ექიმებმა საუკუნეების წინათ შეამჩნიეს და სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელითაც მონათლეს. უკანასკნელ ათწლეულებში ტერმინმა “ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება” თანდათან მოიკიდა ფეხი. ჯანმოს მხედველობის არეალში იგი გასული საუკუნის ბოლოდან მოექცა, 1997 წელს კი ამ ორგანიზაციამ აშშ-ის გულის, ფილტვისა და სისხლის ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად დაარსა გლობალური ინიციატივა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისთვის – The Global Initiative For Cronic Obstructive Lung Disaese (GOLD). ეს ორგანიზაცია აერთიანებს დარგის წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, შეიმუშავებს რეკომენდაციებს დაავადების გამოვლენის, მკურნალობისა და პრევენციის თაობაზე და უკვე მეცხრე წელია, ფქოდ-ის მსოფლიო დღის აღნიშვნასაც უწევს ორგანიზებას. მთავარი თემის მომზადებისას უმთავრესად მათი ვებსაიტით (www.goldcopd.com) და ზოგადსაექიმო პრაქტიკაში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისა და მართვის ეროვნული გაიდლაინით ვიხელმძღვანელეთ. 


რა არის ფქოდ
ფილტვის და დაავადების განმარტება, ვგონებთ, საჭირო არ უნდა იყოს. ქრონიკული ამ შემთხვევაში მუდმივს ნიშნავს, ობსტრუქციას კი ექიმები შევიწროებას, გამავლობის შეზღუდვას უწოდებენ. ფილტვში ჰაერის ნაკადის სიჩქარის შეზღუდვას სხვადასხვა მექანიზმი შეიძლება ედოს საფუძვლად. თუმცა ვიდრე დარღვევაზე ვისაუბრებდეთ, ორიოდე სიტყვით სასუნთქი სისტემის ფუნქციობის ნორმას შევეხოთ.
სასულიდან ჰაერი ჯერ ორ მსხვილ ბრონქს მიეწოდება, შემდეგ – მის სხვადასხვა დიამეტრის ტოტებს და საბოლოოდ უწვრილეს ბრონქიოლებზე ყურძნის მარცვლებივით ასხმულ ალვეოლებს აღწევს. ალვეოლები ჩაჩუტვის საწინააღმდეგო მექანიზმის მქონე პაწაწინა ელასტიკური ბუშტუკებია, ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ფართოვდება და იკუმშება, სისხლს ჟანგბადის ახალ დოზას აწვდის და ჭარბ ნახშირორჟანგს აცლის.
ფქოდ-ის დროს ბრონქული ხე თითქოს უკუღმა შემობრუნდება – მისი ქვედა, ალვეოლებისმხრივი დაბოლოებები ფართოვდება, ბრონქების კედლები სქელდება და შუპდება, ჰაერგამტარ გზებში ნორმაზე მეტი ლორწო (ნახველი) გროვდება. ეს ყველაფერი იწვევს გამავლობის შეზღუდვას – მედიცინის ენით რომ ვთქვათ, ობსტრუქციას, რომელიც უფრო და უფრო შეუქცევადი ხდება. ექიმები ასეთ ცვლილებებს ქრონიკულ ობსტრუქციულ ბრონქიტს ვუწოდებთ.
სუნთქვის ნორმალური პროცესი შესაძლოა უშუალოდ ფილტვის ქსოვილში განვითარებული ცვლილებების გამოც დაირღვეს: ვგულისხმობთ ალვეოლების ელასტიკურობის დაქვეითებას, ალვეოლებს შორის ტიხრების გაქრობას და მათ უფრო მოზრდილ, ტომრისებურ გაფართოებებად ქცევას.  ფქოდ-ის ადრეულ ეტაპზე ამ სახის ცვლილებები უპირატესად ფილტვების ზემო ველებში ვლინდება. ალვეოლების ელასტიკურობის დაკარგვას, ტიხრების გაქრობასა და უფრო მოზრდილ ბუშტებად გაერთიანებას ექიმები ემფიზემას უწოდებენ. ფქოდ-ის დროს ყველაზე ხშირად ქრონიკული ბრონქიტის ან ემფიზემის ნიშნებს ვხვდებით. ავადმყოფთა უმრავლესობას ერთიც აქვს და მეორეც.
ცოტა ხნის წინ ევროპის რესპირაციული ასოციაციისა და ამერიკის თორაკალური საზოგადოების ექსპერტთა ერთობლივი მუშაობის შედეგად გაჩნდა ფქოდ-ის ახალი განმარტება: ფქოდ არის დაავადება, რომელიც შეიძლება თავიდან ავიცილოთ და ვუმკურნალოთ. მას ახასიათებს ჰაერის ნაკადის სიჩქარის შეზღუდვა, რომელიც ნაწილობრივ შექცევადია. ჰაერის ნაკადის სიჩქარის შეზღუდვა, ჩვეულებრივ, პროგრესირებს, რაც უკავშირდება სასუნთქი გზების ანთებით პასუხს მავნე ნაწილაკების ან აირების მიმართ და ყველაზე ხშირად თამბაქოს წევით არის გამოწვეული. ფქოდ მოქმედებს არა მარტო ფილტვებზე, არამედ მნიშვნელოვან სისტემურ გამოვლინებებსაც იწვევს. სასუნთქი სისტემის არადეკვატური ვენტილაციის შედეგად ირღვევა ჟანგბადის მიწოდება სხეულის ყველა უბანთან, ჟანგბადის ნაკლებობა კი რთავს რთულ მექანიზმებს, რომლებსაც გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციურ დარღვევებამდე მივყავართ. ასევე რთული, ჯაჭვური მექანიზმებით იზრდება სისხლის წებოვნება, რაც სისხლის მიმოქცევას უფრო მეტად აფერხებს და ჟანგბადით ისედაც დამშეულ ორგანოებს უფრო მეტ პრობლემას უქმნის. გულის მარჯვენა პარკუჭს უხდება მომატებული წნევის გადალახვა, რაც თანდათანობით მის ფუნქციურ უკმარისობას იწვევს. სუნთქვის მზარდი უკმარისობა ადამიანს საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმას აიძულებს და დეპრესიას ახშირებს.

***
ფქოდ-ის ტვირთი
ფქოდ აზარალებს ცალკეულ ადამიანებს, ოჯახებს და მთელ საზოგადოებას.
რამდენ ადამიანს აქვს ფქოდ
. მთელ მსოფლიოში ორმოც წელს გადაცილებული 10 ადამიანიდან ერთს შეიძლება ფქოდ ჰქონდეს. დაავადების გავრცელების სავარაუდო მაჩვენებელი, რომელიც 2004 წლის ფქოდ-ის მსოფლიო დღისთვის გამოცხადდა, მიუთითებს, რომ ფქოდ, სავარაუდოდ, სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე აქამდე ეგონათ.
რამდენი სიცოცხლე ეწირება ფქოდ-ს
. ამ დაავადებით ყოველწლიურად თითქმის 3 მილიონი კაცი იღუპება. ფქოდით გამოწვეული სიკვდილიანობის თითქმის 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.
. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მთელ მსოფლიოში ფქოდ სიკვდილიანობის მეოთხე წამყვანი მიზეზია და მხოლოდ მიოკარდიუმის ინფარქტს, ინსულტსა და ფილტვის მწვავე ინფექციას ჩამოუვარდება. მას იმდენივე ხალხი ეწირება, რამდენიც აივ ინფექცია`შიდსს და უფრო მეტი ვიდრე ავთვისებიან სიმსივნეს.


რა ჯდება ფქოდ
. ფქოდ-თან დაკავშირებული დანახარჯი მოიცავს როგორც პირდაპირ  ხარჯებს (მედიკამენტების, ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებულთა სამედიცინო მომსახურების ღირებულება), ასევე არაპირდაპირსაც, როცა ადამინი იძულებულია, სამსახური გააცდინოს, რადგან ან თვითონ არის ავად, ან ფქოდ-ით დაავადებულ ნათესავს უნდა მოუაროს.
. ევროკავშირში ფქოდ-ის პირდაპირი ხარჯი, სავარაუდოდ, 38.6 მილიარდი ევროა.
. აშშ-ში 2005 წელს ფქოდ-ის პირდაპირი ხარჯი 21.8 მილიარდი იყო, არაპირდაპირი კი 17 მილიარდი.


როგორ შეიძლება ფქოდ-ის ტვირთის შემცირება
. რისკფაქტორების ზემოქმედების შემცირებით. მაგალითად, მოწევის საწინააღმდეგო კამპანიებით, რომლებიც სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ფორმების მომხმარებელთა რაოდენობას შეამცირებს, სახლების გასათბობად და საკვების მოსამზადებლად უფრო სუფთა საწვავზე გადასვლით, სამუშაო ადგილებზე მტვრის შემცირებით.
. ადრეული დიაგნოსტიკით. სპირომეტრიის ჩატარება ყველასთვის, ვისაც რისკფაქტორები და სიმპტომები აღენიშნება, ზრდის დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შანსს.

***
შევაფასოთ რისკი
რამდენჯერ გვინატრია, გვცოდნოდა ამა თუ იმ დაავადების განვითარების ზუსტი მიზეზი. ფქოდ-ის შემთხვევაში ის, ჩვეულებრივ, გარკვეულია. 100-იდან 90 შემთხვევაში ფილტვებისკენ შხამს საკუთარი ნებით ვგზავნით. არსებული მონაცემებით, სიგარისა და
 ჩიბუხის მწეველების ავადობა და ამ მიზეზით სიკვდილიანობა არამწეველებისაზე მაღალია, თუმცა სიგარეტის მწეველებისაზე დაბალი. ფქოდ-ის რისკი მწეველებში დოზადამოკიდებულია. ასაკი, როცა თამბაქოს წევა დაიწყეთ, წლის განმავლობაში მოწეული თამბაქოს ოდენობა და მიმდინარე მწეველობის სტატუსი განსაზღვრავს ფქოდ-ით სიკვდილიანობის პროგნოზს.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ფქოდ ყველა მწეველს არ უვითარდება, რის საფუძველზეც ვარაუდობენ, რომ ის, თუ რა სიჩქარითა და ინტენსივობით დააზიანებს ფილტვებს თამბაქოს კვამლი, გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. თამბაქოს პასიური მოწევაც შეიძლება ფქოდ-ის განვითარების რისკფაქტორად მივიჩნიოთ, რადგან იგი ზრდის ინჰალირებული ნაწილაკებისა და მავნე აირების ტოტალურ ტვირთს. ორსულობის დროს თამბაქოს წევა, ასევე, საშიშია ნაყოფისთვის ემბრიონულ პერიოდში ფილტვების განვითარებასა და იმუნურ სისტემაზე შესაძლო ზემოქმედების გამო.
ჰაერის შენობისშიდა დაბინძურება. შეშის, ნაკელის, მოსავლის ნარჩენებისა და ნახშირის წვამ ღია ცეცხლზე ან გაუმართავად მომუშავე ღუმელში შესაძლოა შენობისშიდა ჰაერის ძლიერი დაბინძურება გამოიწვიოს. მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანი იყენებს ორგანულ საწვავს ენერგიის ძირითად წყაროდ საკვების მომზადების, გათბობისა და სხვა საშინაო საქმიანობის მიზნით. ამდენად, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის საერთო რაოდენობა ძალზე დიდია. დადგენილია, რომ ორგანული საწვავის წვით გამოწვეული შენობისშიდა ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად დაახლოებით ორი მილიონი ქალისა და ბავშვის სიკვდილის მიზეზია.
პროფესიული მტვერი და ქიმიური ნივთიერებები. რამდენად ხშირად განაპირობებს ეს ფაქტორები ფქოდ-ს, კვლევებით სათანადოდ არ არის შეფასებული, თუმცა ცნობილია, რომ ფილტვების დაზიანების ანგარიშგასაწევი მიზეზია, ამიტომაც აუცილებელია, სამუშაო ადგილებზე მავნე ნივთიერებათა ელიმინაცია ან შემცირება მოხერხდეს, პერსონალმა კი ინდივიდუალური დამცავი საშუალებები გამოიყენოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორეული პრევენცია, რაც შემთხვევათა ადრეულ გამოვლენას ითვალისწინებს. ორივე მიდგომა თანაბრად აქტუალურია არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად და ფილტვის დაავადებათა ტვირთის შესამცირებლად.
ჰაერის შენობისგარე დაბინძურება. ურბანული არეების ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე მავნებელია მათთვის, ვისაც უკვე აღენიშნება ფილტვების ან გულის დაავადება. ჰაერის შენობისგარე დაბინძურების როლი ფქოდ-ის განვითარებაში მკაფიო არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, სიგარეტისაზე გაცილებით ნაკლებია. თუმცა დაუმუშავებელი საწვავის წვით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება, რაც, პირველ რიგში, ეხება ქალაქებში მანქანების გამონაბოლქვს, ფილტვების ფუნქციათა გაუარესებასთან არის ასოცირებული.
ინფექციები. ბაქტერიულმა და ვირუსულმა ინფექციებმა შესაძლოა შეასრულონ გარკვეული როლი ფქოდ-ის პათოგენეზსა და მის პროგრესირებაში, სასუნთქი გზების ანთებასთან დაკავშირებულ ბაქტერიულ კოლონიზაციასა და გამწვავებათა განვითარებაში. მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს კავშირი, ერთი მხრივ, ბავშვობაში ქვედა სასუნთქი გზების მძიმე ინფექციებს და, მეორე მხრივ, მოზრდილ ასაკში ფილტვის ფუნქციების დაქვეითებასა და რესპირატორული სიმპტომების მომატებულ სიხშირეს შორის.
არსებობს მონაცემები იმის შესახებაც, რომ აივ ინფექცია აჩქარებს თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული ემფიზემის განვითარებას. ამ პროცესში შესაძლოა განსაზღვრულ როლს ასრულებდეს აივ-ით გამოწვეული ფილტვის ანთება. ადრე გადატანილი ტუბერკულოზი, ზოგიერთი გამოკვლევით, ასოცირებული იყო სასუნთქი გზების ობსტრუქციასთან 40 წლის ზემოთ.
ძალზე იშვიათად ფქოდ-ის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური პათოლოგიაც, მაგალითად, ნახველის გამათხიერებელი ფერმენტის დეფიციტი.
***
როგორ ვიცნოთ
ბევრმა ფქოდ-ით დაავადებულმა არ იცის, რომ ავად არის და ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები განგაშს ტეხენ.
ვინაიდან ჰაერგამტარ გზებსა და ფილტვის ქსოვილს ფქოდ ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ანადგურებს, მსხვერპლი თავის ხვედრს, ჩვეულებრივ, მხოლოდ ათწლეულების შემდეგ იგებს. სიმპტომებიც 40-50 წლის ასაკში იჩენს თავს.
ლორწოვანი ნახველით ხველა ხშირად დაავადების პირველი ნიშანია, თუმცა ამის გამო ექიმს იშვიათად მიმართავენ. მრავალ მწეველს მიაჩნია, რომ ხველა და ნახველი მათი მდგომარეობისთვის ნორმალურია. როცა პაციენტს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, სულ მცირე, სამი თვის მანძილზე აქვს სხვა მიზეზით აუხსნელი ქრონიკული ნახველიანი ხველა და აღენიშნება ჰაერგამტარი გზების ფიქსირებული ობსტრუქცია (ეს უკანასკნელი ფასდება სპირომეტრიის მეშვეობით), ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის დიაგნოზს სვამენ. ოღონდ დიაგნოზის დასმამდე აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ქრონიკული ხველის სხვა გავრცელებული მიზეზები (მაგალითად, სინუსიტი, ალერგიული რეაქციები).
თუ წინა პლანზე ემფიზემა და ფილტვის ქსოვილის დაზიანება მოდის, პაციენტი, ჩვეულებრივ, ჰაერის უკმარისობას, ქოშინს უჩივის და ექიმსაც ამის გამო მიმართავს.
დაავადებულს უჭირს წოლა – ამ დროს ჰაერის უკმარისობა და მოხრჩობის შეგრძნება ეწყება. ზოგჯერ ჩნდება სისხლიანი ნახველი (ჰემოპტოე), რაც დაზიანებული ჰაერგამტარი გზების ეროზიებს უკავშირდება. ორგანიზმი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას და ნახშირორჟანგის სიჭარბეს. ამის გამო ტუჩებს ხშირად მოლურჯო ელფერს დაჰკრავს (ან, როგორც ექიმები ვამბობთ, ვითარდება ციანოზი).
ფქოდ-ის დროს ხშირად გამოხატულია ამოსუნთქვის გახანგრძლივება, ხიხინი. მნიშვნელოვანი სადიაგნოზო ნიშანია კასრისებრი გულმკერდი, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს ადამიანმა ჩაისუნთქა და აღარ ამოისუნთქაო.
დაავადების პროგრესირებისას ავადმყოფი იძულებით იღებს მჯდომარე პოზას, ვინაიდან ამ მდგომარეობაში ჰაერის უკმარისობა უმსუბუქდება, ანდა მოკუმული ტუჩებით სუნთქავს. თუ ქვედა კიდურები შეშუპდა, ეს უკვე გულის უკმარისობით გართულებაზე მიუთითებს. მძიმე შემთხვევებში კიდურები შუპდება. ჟანგბადის ქრონიკული ნაკლებობის გამო ტუჩებმა და ფრჩხილებმა შესაძლოა მოლურჯო ელფერი მიიღოს. დაავადება თანდათან პროგრესირებს და ქოშინი უფრო და უფრო მარტივი ყოველდღიური საქმიანობის დროსაც იჩენს თავს. შესაძლოა, შეტევა ორი ნაბიჯის გადადგმამ, პირის დაბანამ, თმის დავარცხნამაც კი გამოიწვიოს.
***
შეიმოწმე თავი
ბევრმა დაავადებულმა თავისი სნეულების შესახებ არაფერი იცის.
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლოა იმის გარ-კვევაში დაგეხმაროს, გაქვს თუ არა ფილტვის ქრონი-კული ობსტრუქციული დაავადება:

1. ხშირად დღეში რამდენიმეჯერ წამოახველებ?
კი 
არა

2. უმეტესად ნახველი ან ლორწოც ხომ არ ამოგაქვს?
კი 
არა

3. ქოშინი შენი ასაკის ადამიანებთან შედარებით ად-ვილად გივარდება?
კი 
არა

4. 40 წელს გადააბიჯე?
კი 
არა

5. ხომ არ ეწევი ან ეწეოდი?
კი 
არა

თუ სამ და მეტ კითხვას დადებითად უპასუხე, მიდი ექიმთან – გამორიცხული არ არის, ფქოდ გქონდეს.
თუ ფქოდ-ის დიაგნოზი დროულად დაგისვეს, სათანადო ქცევით მოახერხებ, ფილტვების შემდგომი დაზიანება შეამცირო და თავი უკეთ იგრძნო.

***
 ვიზომავთ სუნთქვას
არსებობს მარტივი, უმტკივნეულო, იაფი გამოკვლევა – სპირომეტრია, რომელიც დაავადების დადგენისა და მისი სიმძიმის შეფასების საშუალებას იძლევა და რომელიც, პაციენტებისა თუ ექიმების მიზეზით, არ ტარდება ისე ხშირად, როგორც ექსპერტები ისურვებდნენ.
მოდი, ამ გამოკვლევის შესახებ ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბროთ.
სპირომეტრია წარმოადგენს სასუნთქი ნაკადის შეზღუდვის გაზომვის ყველაზე უკეთ სტანდარტიზებულ და ობიექტურ მეთოდს და დაავადების დიაგნოსტიკისა და მისი პროგრესირების მონიტორინგის ოქროს სტანდარტად რჩება.
ტესტის ჩატარება მარტივია და სულ მცირე ხანი სჭირდება. ის გარეგან სუნთქვას ზომავს, სახელდობრ, ადგენს, რამდენ ჰაერს ამოისუნთქავთ და რამდენი დრო გჭირდებათ ამისთვის.
თუ ტესტს ჩაიტარებთ, მისი შედეგების გაგებაში ექიმი დაგეხმარებათ, მაგრამ მაინც გვინდა, ძირითად მაჩვენებლებზე ყურადღება გავამახვილოთ.


სპირომეტრია ადგენს:
. ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობას წამში (FEV1) – რამდენ ჰაერს ამოისუნთქავთ მაქსიმალურად ღრმა ჩასუნთქვიდან პირველ წამს,
. ფორსირებულ სასიცოცხლო ტევადობას (FVჩ) – რამდენ ჰაერს გამოდევნით ფილტვებიდან მას შემდეგ, რაც მაქსიმალურად ღრმად ჩაისუნთქავთ
. და ამ მაჩვენებლების შეფარდებას – FEV1` FVჩ.
მაჩვენებლების ნორმებს ასაკის, სქესისა და ეთნიკური კუთვნილების მიხედვით ადგენენ. როცა ფილტვის ფუნქცია ნორმალურია, ჩვეულებრივ, ჰაერის 80%-ს პირველ წამს ამოვისუნთქავთ. მაჩვენებელთა ფარდობის დაქვეითება ჰაერის ნაკადის სიჩქარის შემცირებაზე მეტყველებს. ექსპერტები მოგიწოდებენ, თუ 40 წელს გადააბიჯეთ, ეწევით ან ეწეოდით და ფქოდ-ის რომელიმე სიმპტომი გეცნოთ, ექიმს სპირომეტრიის ჩატარება სთხოვოთ, მისი შედეგები კი აუცილებლად დაიმახსოვროთ ან ჩაიწეროთ, რომ ტესტის განმეორებით ჩატარებისას შესაძლებელი გახდეს ძველი და ახალი მონაცემების შედარება და დაავადების პროგრესირების შეფასება.
აუცილებელია თუ არა 40 წელს გადაცილებული ყველა მწეველის სპირომეტრიით სკრინინგი, ამის თაობაზე ექიმები ჯერ ვერ შეთანხმებულან. შემდგომი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, ამართლებს თუ მასობრივი სპირომეტრია შესაბამის ხარჯებს.
ამავე დროს, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ დიაგნოზის დასადგენად თუ სხვა შესაძლო ვარიანტების გამოსარიცხად ექიმებს სპირომეტრიასთან ერთად სხვა გამოკვლევებიც სჭირდებათ, თუმცა ისინი ინდივიდუალურად ინიშნება და ამაზე აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.

***
რა ვიღონოთ
თავიდანვე აღვნიშნოთ: სადღეისოდ მედიცინას არავითარი საშუალება არ გააჩნია, მთლიანად გამოასწოროს ფილტვებისთვის უკვე მიყენებული ზიანი (თუ, რა თქმა უნდა, ფილტვის გადანერგვის ოპერაციას არ ჩავთვლით) და დაავადება საბოლოოდ განკურნოს. სამაგიეროდ, შეუძლია შეაფერხოს მისი პროგრესირება, შეამსუბუქოს სიმპტომები და, საერთოდ, ავადმყოფს უფრო ხანგრძლივი და სისხლსავსე ცხოვრების საშუალება მისცეს. გააჩნია, რამდენად ადრე მოხერხდება დიაგნოზის დასმა და სათანადო ჩარევა. თუ საქმე მძიმე ქოშინამდე და თითებისა და ტუჩების გალურჯებამდე მივიდა, ექიმები ბევრს ვერაფერს გააკეთებენ, მაგრამ საწყის სტადიებში მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლითაც კი შეიძლება, ზიანი იმდენად შევამციროთ, რომ ცხოვრებაში ხელი საერთოდ არ შეგვიშალოს. მწეველებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესების საუკეთესო გზა მავნე ჩვევაზე უარის თქმაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფილტვის ქსოვილი გაცილებით სწრაფად დაზიანდება და ჩუმად შემოპარული სენი კლანჭებს უფრო მალე გამოაჩენს. მრავალჯერ თქმულს კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: მოწევისთვის თავის დანებება არასოდეს არის გვიან, მაგრამ რაც უფრო ადრე მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას, მით უფრო მეტად დაგიმადლებთ საკუთარი ორგანიზმი და შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას.
ფქოდ-ით დაავადებულებს გრიპი და გაციება უფრო ადვილად ემართებათ, ამიტომ წელიწადში ერთხელ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ ფქოდ და მის გამო თავჩენილი სუნთქვის უკმარისობა უბრალო საქმიანობასაც კი ართულებს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სწორედ ფიზიკურ აქტიურობას შეუძლია, ოღონდ დატვირთვა ზუსტად გამოზომილი და მზარდი უნდა იყოს. რამდენიმე ათწლეულის წინ პოპულარულმა დილაობით თავგანწირულმა სირბილმა ბევრს სარგებლობის მაგიერ ზიანი მოუტანა. ფიზიკური დატვირთვის შერჩევა, დაავადებისა და მედიკამენტების შესახებ მეტის გაგება დაავადების კონტროლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საამისოდ განვითარებულ ქვეყნებში სპეციალური პულმონური რეაბილიტაციის პროგრამებიც კი აქვთ – ექიმები, ფიზიკური და სუნთქვითი თერაპიის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და დიეტოლოგები პაციენტთა ჯგუფებს ცხოვრების გაჯანსაღებასა და დაავადების მართვის შესწავლაში ერთად ეხმარებიან. საქართველოში ამ ინფორმაციის მოძიება თავად მოგიწევთ, ვარჯიშის დაწყებამდე კი რჩევა აუცილებლად ექიმს ჰკითხეთ. უხიფათო ფიზიკური დატვირთვის პროგრამა შეიძლება ასეთიც იყოს:  დაიწყეთ სეირნობით, 5-7 წუთი ისეირნეთ თქვენთვის კომფორტული ტემპით; ასე მოიქეცით ყოველდღე, ვიდრე არ იგრძნობთ, რომ ამ ხნის განმავლობაში შესვენება ერთხელაც არ გჭირდებათ, ამის შემდეგ კი სიარულის ხანგრძლივობა კვირაში თითო წუთით ზარდეთ.
დაავადების უფრო შორს წასულ სტადიებზე აუცილებელია მედიკამენტური მკურნალობა. ფილტვის ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად პაციენტებს, ჩვეულებრივ, ბრონქოდილატატორებს – სასუნთქი გზების ირგვლივ არსებული კუნთების მომადუნებელ მედიკამენტებს – უნიშნავენ. ეს შეიძლება იყოს ხანმოკლე მოქმედების პრეპარატი, რომელსაც რაიმე საქმიანობის წინ გამოიყენებთ, ყოველდღიურად მისაღები ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატი ან მათი კომბინაცია.
საინჰალაციო სტეროიდები – ამცირებს სასუნთქი გზების ანთებას და უკეთ სუნთქვაში გეხმარებათ, თუმცა მათი ხანგრძლივი გამოყენების შედეგად შეიძლება დასუსტდეს ძვლები და გაიზარდოს მაღალი წნევის, კატარაქტის, დიაბეტის განვითარების ალბათობა. ჩვეულებრივ, მათ მხოლოდ გამოხატული ან მძიმე ფქოდ-ის დროს ნიშნავენ. გამწვავების დროს შესაძლოა სტეროიდების აბების მიღება გირჩიონ. ხანგრძლივად მათი დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
ანტიბიოტიკები – თუ გამწავება ბაქტერიული ინფექციის ბრალია, ამ მედიკამენტების დანიშვნა აუცილებელია, ოღონდ მხოლოდ ამ დროს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ ექიმის მიერ.
მძიმე სტადიებში პაციენტებს ოქსიგენოთერაპია – ჟანგბადის დამატებითი მიწოდება – სჭირდებათ. ძალიან იშვიათად ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო.


როცა საქმე მწვავდება
ფქოდ-ის ფონზე შესაძლოა თავი იჩინოს გამწვავებამ, როცა სიმპტომები მკვეთრად იმატებს და 24 საათზე მეტხანს გრძელდება. გამწვავების შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესებას შესაძლოა საკმაო ხანი დასჭირდეს, ზოგჯერ კი ფილტვის ფუნქციის შეუქცევადი დაზიანებაც გამოიწვიოს. ამავე დროს მათი ალბათობის შემცირება მარტივი ხერხებით შეიძლება:
1. ძალიან ხშირად გამწვავება სასუნთქი გზების ინფექციებთან (გრიპსა და გაციებასთან) არის დაკავშირებული, ამიტომ:
- ჩაიტარეთ ანტიპნევმოკოკური ვაქცინაცია და ყოველწლიურად აიცერით გრიპზე;
- ხშირად დაიბანეთ ხელები, გამოიყენეთ ხელის სანიტაიზერი და დაიცავით ჰიგიენა, რომ ინფექციის ალბათობა შეამციროთ.
2. სხვა  შემთხვევაში გამწვავებები ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული, ამიტომ:
. თავი დაანებეთ მოწევას, არავის მისცეთ უფლება, თქვენ ახლოს მოწიოს.
. თუ განსაზღვრულ დღეებში გარეთ ჰაერი დაბინძურებულია, შინ დარჩით და ფანჯრები დახურეთ.

3. წამლები ზუსტად ისე მიიღეთ, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. სთხოვეთ ექიმს, შეამოწმოს, სწორად ხმარობთ თუ არა ინჰალატორს.
4. ეცადეთ, ორგანიზმი მოიძლიეროთ. რეგულარულად ისეირნეთ, ივარჯიშეთ და ჯანსაღი საკვები მიირთვით.
5. ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სუნთქვა გაგიძნელდათ. გამწვავების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, შეასრულეთ მისი დანიშნულება – ამით  ზიანის  ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანთ.


საზეპირო
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიაა, რომელიც ნორმალურ სუნთქვას უშლის ხელს. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ “მწეველის ხველა”.
- სადღეისოდ, მწეველი ქალების რაოდენობის მატების გამო, დაავადება ქალებსა და მამაკაცებში თანაბრად არის გავრცელებული.
- ფქოდ-ისგან განკურნება შეუძლებელია, სამაგიეროდ, მკურნალობას დაავადების პროგრესირების შენელება და მდგომარეობას გაუმჯობესება შეუძლია.
- თუ უახლოეს 10 წელიწადში სათანადო ღონისძიებები არ გატარდა რისკების, სახელდობრ, თამბაქოს კვამლის ზემოქმედების შესამცირებლად, ფქოდ-ით საერთო სიკვდილიანობა 30%-ით გაიზრდება.


***
მოწევისთვის თავის დანებება პირველი და უმთავრესი ნაბიჯია ფქოდ-ის პრევენციისა და მკურნალობისთვის.
თუ ფქოდ გაქვს და მოწევას განაგრძობ, ფილტვების მდგომარეობა გაგიუარესდება და დაავადება საბედისწერო გახდება.
ფქოდ-ის გაღრმავება რომ შეაჩერონ, მწეველებისთვის ერთადერთი გზა მოწევის შეწყვეტაა.
თუ ეწევით, მაგრამ ფქოდ ჯერ არ გაქვთ, დაავადების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა მოწევის შეწყვეტაა.
გარდა ფქოდ-ისა, მოწევა იწვევს:
* კიბოს (ფილტვის, ყელის, ენის);
* იმპოტენციასა და უნაყოფობას;
* გულის დაავადებას;
* განვითარების მანკებს;
* კანის დაბერებას;
* კბილების დაზიანებას.

ჰკითხე ექიმს, ვინ ან რით შეიძლება დაგეხმაროს მოწევისთვის თავის დანებებაში.
მოწევისთვის თავის დანებება გვიან არასოდეს არის.

გააზიარე: