პროფესიული ასთმა

გააზიარე:

პროფესიული საქმიანობა ადამიანისთვის შესაძლოა ავადმყოფობის წყაროდ იქცეს. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა პროფესიული ასთმა. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ის ზრდასრული მოსახლეობის 15%-ს აღენიშნება. პროფესიული ასთმა ვითარდება მუშაობისას ქიმიური კვამლის, აირების, მტვრის ან სხვა ნივთიერებების ჩასუნთქვის შედეგად. ასეთი რამ თითქმის ყოველგვარ გარემოში შეიძლება მოხდეს, მაგრამ განსაზღვრული პროფესიის წარმომადგენლებისთვის ალბათობა მეტია. მაგალითად, მეწისქვილეებისთვის, ცხოველების მომვლელებისა და ვეტერინარებისთვის, მცხობელებისთვის, ხალიჩების მქსოველებისთვის, პარიკმახერებისთვის, ფარმაცევტულ საწარმოებში მომუშავე პირებისთვის.

რა არის და როგორ ვლინდება

ასთმა სასუნთქი გზების ანთებითა და შევიწროებით მიმდინარე დაავადებაა. პროფესიულ ასთმას იგივე სიმპტომები ახასიათებს, რაც ჩვეულებრივს: მსტვენი სუნთქვა (ზოგ შემთხვევაში – მხოლოდ საღამოობით), ხველა, გულმკერდის შებოჭილობა. ზოგჯერ ჩამოთვლილ სიმპტომებს თან ახლავს სურდო, თვალების გაღიზიანება და ცრემლდენა.

სიმპტომების გამოვლენა იმაზეა დამოკიდებული, რომელ  ნივთიერებასთან, რამდენ ხანს და რა სიხშირით უწევს ადამიანს შეხება. რაც უფრო ხანგრძლივია კონტაქტი, მით მეტია პერმანენტული ასთმური სიმპტომების განვითარების ალბათობა.

პროფესიული ასთმისთვის დამახასიათებელია სიმპტომების დამძიმება სამუშაო კვირის მდინარებასთან ერთად. უქმეებზე სამუშაო გარემოსგან მოწყვეტა შვების მომგვრელია. თუმცა ზოგჯერ სიმპტომები შეინიშნება არასამუშაო დღეებშიც, ასთმის გამომწვევ ნივთიერებასთან კონტაქტის შეწყვეტა კი მდგომარეობას არ ამსუბუქებს.

სასწრაფო დახმარება აცილებელია, თუ სახეზეა სუნთქვის თუნდაც მცირედ გამოხატული უკმარისობა და სწრაფად მოქმედი ინჰალატორის გამოყენება მდგომარეობას არ აუმჯობესებს.

ალერგიის ოჯახური ანამნეზი და მწეველობა ზრდის პროფესიული ასთმის განვითარების რისკს.

რაც უფრო ხანგრძლივია კონტაქტი პროფესიული ასთმის გამომწვევ ნივთიერებასთან, მით უფრო მძიმეა სიმპტომები და მეტი დროა საჭირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ. 

რა იწვევს

პროფესიული ასთმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალერგია. ამ ტიპის ასთმამ შესაძლოა თავი იჩინოს მავნე სამუშაო გარემოსთან (პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ მავნე ნივთიერებასთან) კონტაქტიდან თვეების და წლების შემდეგაც კი – ეს ორგანიზმის იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციაზეა დამოკიდებული. მეორე მხრივ, თუ გამაღიზიანებელ ნივთიერების კონცენტრაცია მაღალია, ასთმის სიმპტომებმა შესაძლოა პირველი 24 საათის განმავლობაშივე იჩინოს თავი. თუ ადამიანს უკვე აქვს ასთმა ან სასუნთქი სისტემის სხვა დაავადება, გამღიზიანებელთან კონტაქტის შემთხვევაში სიმპტომები შესაძლოა დაუმძიმდეს.

მრეწველობის სხვადასხვა დარგში დასაქმებულებთან პროფესიული ასთმა სხვადასხვა სიხშირით ვლინდება. მაგალითად, სარეცხი საშუალებების მრეწველობაში მომუშავეებს ალერგია და პროფესიული ასთმის სიმპტომები შესაძლოა ბაქტერიის ფერმენტებზე განუვითარდეთ, მცხობელებს – ფქვილზე ან საცხობ ფერმენტებზე, ვეტერინარებს, მეთევზეებს და ცხოველების მომვლელებს – ცხოველების ქერტლში, ბეწვში, ნერწყვში შემავალ ცილებზე, ჯანდაცვის მუშაკებს – ლატექსის ხელთათმანების ფხვნილზე ან შერეულ ფხვნილისებურ მედიკამენტებზე (შესუნთქვის შედეგად). საერთო ჯამში, პროფესიული ასთმის გამომწვევებად სამუშაო ადგილთან დაკავშირებული  400-ზე მეტი ნივთიერება მოიაზრება, მათ შორის – ნავთობის, ქიმიურ და სხვა მრეწველობებში გამოყენებული ქიმიური ნაერთები (მაგალითად, წებოს, ლამინატის, ღრუბლისებური მატრასის, საღებავების, საიზოლაციო მასალების, პლასტმასის კომპონენტები), მარცვლეულში არსებული მცენარეული ნაერთები, მეტალები (უმთავრესად – პლატინა, ქრომი და ნიკელის სულფატი), ქლორი, გოგირდის დიოქსიდი. ეს ნივთიერებები მომუშავეთა დაახლოებით 10%-თან იწვევენ პროფესიულ ასთმას. ზოგიერთი ნივთიერების აეროზოლის ფორმით ჩასუნთქვისას ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ქიმიური ნაერთები – ჰისტამინი და აცეტილქოლინი – ფილტვებში გროვდება, რაც ასევე ასთმის სიმპტომების განვითარებას განაპირობებს. მაგალითად, ინსექტიციდები, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში იყენებენ, აცეტილქოლინის დაგროვებას, შედეგად კი სასუნთქი გზების კუნთების შეკუმშვას და სასუნთქი გზების შევიწროებას იწვევს.

პრევენცია

პროფესიული ასთმის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა იმ ნივთიერებებთან კონტაქტის კონტროლი, რომელთა მიმართაც მომუშავე პირს შეიძლება ჰქონდეს მომატებული მგრძნობელობა. ამისთვის სამუშაო ადგილებზე უნდა დაინერგოს კონტროლის უკეთესი მეთოდები, შეძლებისდაგვარად გამოყენებულ იქნეს ნაკლებად მავნე ნაერთები, დარგში დასაქმებულები უზრუნველყოფილ იყვნენ პერსონალური დამცავი აღჭურვილობით. ზოგადი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და შეტევათა ალბათობის შესამცირებლად კი რეკომენდებულია მოწევისთვის თავის დანებება, ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების მიღებისგან თავის შეკავება, ჭარბი წონის შემთხვევაში – წონის დაკლება. ეს ყველაფერი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას და საკუთრივ ფილტვების ფუნქციას გააუმჯობესებს.

როგორ სვამენ დიაგნოზს

პროფესიული ასთმის დიაგნოსტიკა ისევე ხდება, როგორც სხვა ტიპის ასთმისა, თუმცა გასათვალისწინებელია სიმპტომების კავშირი პროფესიულ საქმიანობასთან. დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება ფილტვების ფუნქციის შესაფასებელი ტესტები: სპირომეტრიით აფასებენ სუნთქვას – 10-15 წუთის განმავლობაში პაციენტი ღრმად ჩაისუნთქავს და ძლიერად ამოისუნთქავს მილში, რომელიც სპეციალურ მანქანასთან, სპირომეტრთან, არის შეერთებული. თუ ძირითადი პარამეტრები ასაკისა და სქესის მიხედვით შემუშავებულ სტანდარტულ ზღვარს ქვემოთაა, მიიჩნევა, რომ სასუნთქი გზები დახშულია ანთების გამო, რაც ასთმის ძირითადი ნიშანია. სპირომეტრია ტარდება ბრონქების გამაფართოებელი მედიკამენტის ინჰალაციის ფონზეც, რომელიც ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება. მაჩვენებლების შესამჩნევი გაუმჯობესება ასთმის დიაგნოზის სასარგებლოდ მეტყველებს.

პიკური ნაკადის გაზომვა გულისხმობს პატარა ხელსაწყოს მეშვეობით იმის დადგენას, რამდენად სწრაფად და მძლავრად შეუძლია პაციენტს ფილტვებიდან ჰაერის გამოდევნა. ის ტარდება სამუშაო და არასამუშაო საათებში. სამუშაოზე არყოფნის დროს სუნთქვის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პროფესიული ასთმის დამადასტურებელი კიდევ ერთი ნიშანია.

პროფესიული ასთმის გამომწვევი მიზეზის დასადგენად კანის ალერგიულ სინჯებს მიმართავენ, რომლებიც ეფექტურია ცხოველების ქერტლის, ობის, მტვრის ტკიპების და ლატექსის მიმართ მგრძნობელობის შესაფასებლად. გამოწვევის ტესტის დროს პაციენტი ჩაისუნთქავს მცირე რაოდენობის საეჭვო ქიმიური ნაერთის შემცველ აეროზოლს, ექიმი კი აკვირდება, განუვითარდება თუ არა რეაქცია. ტესტის ჩატარებამდე და შემდეგ ფასდება ფილტვების ფუნქცია.

ეს ტესტი საკამოდ რთული ჩასატარებელია და ტარდება მხოლოდ სპეციალიზებულ ცენტრებში, პაციენტის ინტენსიური მონიტორინგის პირობებში.

გულმკერდის რენტგენოგრაფია ტარდება სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ტიპის სუნთქვის პრობლემების გამოსავლენად.

პროფესიული ასთმის დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რათა დროულადვე შეწყდეს გამომწვევთან კონტაქტი და თავიდან ავიცილოთ სასუნთქი გზების პერმანენტული ცვლილებები. ამისთვის კი საჭიროა ალერგოლოგის დახმარება – ის ზუსტად განსაზღვრავს სიმპტომების მიზეზს და შეიმუშავებს მკურნალობის გეგმას, რომლის შესრულებაც გააუმჯობესებს ავადმყოფის თვითშეგრძნებას და ცხოვრების ხარისხს.

მკურნალობა

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღიკვეთოს იმ ნივთიერებასთან კონტაქტი, რომლის მიმართაც პაციენტს მომატებული მგრძნობელობა აღენიშნება. გასათვალისწინებელია, რომ მცირე ზომის ნაწილაკები ხშირად ნიღაბსა და რესპირატორის ფილტრშიც კი აღწევს.

მკურნალობის მიზანია სიმპტომების გამოვლენისთვის ხელის შეშლა და ასთმის შეტევის შეჩერება. ამისთვის იგივე მედიკამენტები გამოიყენება, რომლებიც სხვა ტიპის ასთმის შემთხვევაში. ისინი ირჩევა ასაკის, ავადმყოფობის სიმპტომების, ასთმის გამომწვევის გათვალისწინებით. ხანგრძლივი კონტროლისთვის გამოიყენება შემდეგი ჯგუფის მედიკამენტები:

. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები – ამცირებს ანთებას და შედარებით ნაკლები გვერდითი ეფექტებით გამოირჩევა;

. ლეიკოტრიენების მოდიფიკატორები – მიიღება როგორც დამოუკიდებლად, ისე კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში.

. ხანგრძლივმოქმედი ბეტა-აგონისტები – აფართოებს სასუნთქ გზებს და ამცირებს ანთებას. ასთმის სამკურნალოდ მიიღება საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში. ეს ორი პრეპარატი გამოდის კომბინირებული სახითაც.

სწრაფად დამხმარე ხანმოკლე მოქმედების მედიკამენტებიდან კი, წესისამებრ, იყენებენ:

. ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტებს, რომლებიც ამსუბუქებს სიმპტომებს ასთმური შეტევის დროს;

. დასალევი და ინტრავენური კორტიკოსტეროიდები – ამცირებს სასუნთქი გზების ანთებას მძიმე ფორმის ასთმის დროს, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში სერიოზულ გვერდით ეფექტებს იწვევს;

თუ ადამიანს ხანმოკლე მოქმედების ინჰალატორი რეკომენდებულზე ხშირად სჭირდება, საჭიროა დაზუსტდეს ხანგრძლივი მოქმედების მედიკამენტების მიღების სქემა.

თუ ასთმის გამწვავებას ან მდგომარეობის  დამძიმებას თან ახლავს ალერგია, მასაც მკურნალობენ.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: