მედიცინა ტკივილის გარეშე

გააზიარე:

უილიამ მორტონი და ჩარლზ ჯექსონი – შესაძლოა, მათი სახელებისთვის არასოდეს მოგეკრათ ყური და არც თარიღი – 1846 წლის 16 ოქტომბერი – გეუბნებოდეთ რამეს, მაგრამ როცა მის მნიშვნელობასა და ამ ადამიანების დამსახურებას შეიტყობთ, დარწმუნდებით – რომ არა ისინი, თანამედროვე სამყარო სულ სხვანაირი იქნებოდა. სწორედ მორტონმა და ჯექსონმა გამოიყენეს პირველად საანესთეზიო საშუალება. ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ პრაქტიკულად ყოველგვარი ოპერაცია პაციენტის ენით აუწერელ ტანჯვას ნიშნავდა. სადღეისოდ მედიცინის ეს დარგი არნახულად განვითარდა და დაიხვეწა. მისი წყალობით ნებისმიერი სახისა და სირთულის ქირურგიული ჩარევა დისკომფორტის გარეშე სრულდება. აღარც ტკივილისგან შეშლილ ავადმყოფს აკავებს რამდენიმე კაცი და ექიმსაც შეუძლია, მშვიდად, აუჩქარებლად გააკეთოს ყველაფერი მის გადასარჩენად.

ექიმობა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პროფესიაა, მაგრამ ანესთეზიოლოგია მაინც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. რაც უნდა მცოდნე და გამოცდილი იყოს ქირურგი, კვალიფიციური ანესთეზიოლოგის გარეშე მისი მუშაობა წარმოუდგენელია. ანესთეზიის მეთოდების, ჩვენებების, უკუჩვენებებისა და გართულებების შესახებ თსუ ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასისტენტ-პროფესორი, ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ინტენსიური თერაპიის სამსახურის უფროსი მამუკა ჩხაიძე გვესაუბრება.

 

– რას ნიშნავს ანესთეზია?

– ფართო მნიშვნელობით, ანესთეზია მეცნიერებაა ტკივილის გაყუჩების შესახებ. თანამედროვე გაგებით, მისი მიზანი ქირურგიული ოპერაციისა თუ დიაგნოსტიკური მანიპულაციის დროს პაციენტისთვის ტკივილის, დისკომფორტისა და სტრესის მოხსნაა.

არსებობს ანესთეზიის რამდენიმე სახეობა: ზოგადი, სპინალურ-ეპიდურული და პერიფერიულ-რეგიონული.

ზოგადი ანესთეზის დროს ხდება სრული გაუტკივარება და სრული სედაცია, რაც ნიშნავს, რომ პაციენტის ცნობიერება დათრგუნულია. ზოგადი ანესთეზია, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ინტრავენური, ინჰალაციური და კომბინირებული. არჩევანი პაციენტის მდგომარეობაზე, ოპერაციის ტიპსა და ანესთეზოლოგის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. უმეტესად კომბინირებულ ანესთეზიას მივმართავთ. ამ დროს ჯერ ინტრავენური სედირება ხდება, შემდეგ – ინტუბაცია. ინტუბაციის დროს პაციენტი უკვე ღრმა მედიკამენტურ ძილშია, ამიტომ ვერაფერს გრძნობს. არის შემთხვევები, როდესაც ინჰალაციური ანესთეტიკები არითმოგენული, ჰეპატოტოქსიკური და სხვა თვისებების გამო საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას. ასეთ დროს ოპერაციას მხოლოდ ინტრავენური გაუტკივარებით წარვმართავთ. როდესაც პაციენტის დაძინება განსაკუთრებულ რისკთანაა დაკავშირებული, შესაძლოა სწრაფი თანმიმდევრული ინტუბაცია ფხიზელ პაციენტს გავუკეთოთ, თუმცა ასე ძალზე იშვიათად ხდება.

ზოგადი ნარკოზის დროს უნდა შესრულდეს რამდენიმე პირობა: ტკივილის გაყუჩება, სედაცია, რელაქსაცია და ამნეზია, ანუ პაციენტს არ უნდა ახსოვდეს გადატანილი ოპერაცია. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ტრავმული სტრესი ანუ ოპერაციის მსვლელობის შეგრძნება შესაძლოა მძიმე ფსიქიკური აშლილობის საფუძვლად იქცეს.

– გაუტკივარებისთვის რომელ პრეპარატებს იყენებთ?

– გაუტკივარებისთვის ვიყენებთ ნარკოტიკებს – ოპიატებს, სახელდობრ, ფენტალინსა და მორფინს, სედაციისთვის – სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტებს: ბენზოდიაზეპინებსა და არაბენზოდიაზეპინებს, ფენობარბიტალებს, დისოციაციურ ანესთეტიკებს. კომბინაციაში ასევე შედის საინჰალაციო ანესთეტიკები, კუნთების მოსადუნებლად – მიორელაქსანტები. ოპერაციამდე ყველა პაციენტს უტარდება პრემედიკაცია წინასაოპერაციო დაძაბულობის მოსახსნელად. პრემედიკაციისთვის, წესისამებრ, გამოიყენება პერორალური ბენზოდიაზეპინები.

–  რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ზოგად ანესთეზიას?

– გულის გაჩერება, სიცოცხლისთვის საშიში არითმიის განვითარება, თავის ტვინის ღრმა დაზიანება, ფილტვის არტერიის ემბოლია, უმართავი ჰიპოტენზია, გულის ტოტალური იშემია, ჰიპერკალიემია... უშუალოდ საინჰალაციო ანესთეტიკებსა და ნერვკუნთოვან ბლოკატორებთან ასოცირებული ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება ავთვისებიანი ჰიპერთერმიაა, რომელიც შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს. საბედნიეროდ, ეს გართულება ძალზე იშვიათია და დაახლოებით ათი ათასიდან ერთს ემართება.

– გართულებათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და უსიამოვნოა. დიდია მათი განვითარების ალბათობა?

– მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ბევრი და საშიში გართულება ვასხენეთ, მათი განვითარების ალბათობა ძალზე მცირეა. თუ პაციენტი ოპერაციამდე სათანადოდ იქნა გამოკვლეული და შეფასებული ანესთეზიოლოგის მიერ და, ამასთან, თავადაც შეასრულა ექიმის ყველა მითითება, გართულების რისკი მინიმუმადე დადის, ამიტომ წინასაოპერაციო კონსულტირებასა და ექიმისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას პაციენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

– როდის არის უკუნაჩვენები ზოგადი ანესთეზია?

– ზოგადი ანესთეზია გულზე დამთრგუნველი, კარდიოდეპრესიული ზემოქმედებით გამოირჩევა, ამიტომ გულის ექსტრემალურად დაბალი განდევნის ფრაქცია მისი შედარებითი უკუჩვენებაა. იგივე შეიძლება ითქვას ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობაზე, ხანდაზმულ ასაკზე. გარდა ამისა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს ძალზე არასასურველია პაციენტის ინტუბაცია და მექანიკურ ვენტილაციაზე გადაყვანა, ვინაიდან შესაძლოა, ოპერაციის შემდეგ ის აპარატზე “დამოკიდებული” გახდეს, ამიტომ სპირომეტრიით ვაფასებთ ობსტრუქციის ხარისხს, ვამოწმებთ ჰიპერკაპნიის დონეს და კომპენსირების შესაძლებლობებს. მძიმე არაკომპენსირებული ჰიპერკაპნიის დროს ზოგადი ენდოტრაქეული ანესთეზია მეტად საფრთხილოა, ამიტომ ვცდილობთ, არჩევანი პერიფერიულ, რეგიონულ გაუტკივარებაზე შევაჩეროთ. მით უმეტეს, ანესთეზიოლოგიის ეს დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება და შთამბეჭდავი შედეგები აქვს. შესაძლოა გამოვიყენოთ სპინალურ-ეპიდურული მიდგომაც.

– მართებულია თუ არა გავრცელებული წარმოდგენა, თითქოს ზოგადი ანესთეზიის დროს გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებები ნარკოდამოკიდებულებას იწვევდეს?

– ნარკოტიკების ერთჯერადი გამოყენება დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ვერ გამოიწვევს. არის შემთხვევები, როცა ოპერაციის შემდეგ, რეანიმაციაში, რამდენიმე დღე გრძელდება მორფინის ან ფენტანილის ინფუზია. ყველაზე უარესი, რაც ასეთ დროს შეიძლება მოხდეს, აბსტინენციის ანუ მოხსნის სინდრომის განვითარებაა, თუმცა მისი კუპირება ადვილად ხერხდება ნარკოტიკული საშუალების ძალიან მცირე, სუბთერაპიული დოზით ან სხვა მედიკამენტით. ვიმეორებ: ასე მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ხანგრძლივი გამოყენებისას ხდება, ანესთეზიის დროს მორფინის ერთჯერადი შეყვანა მიჩვევას არ იწვევს, მაგრამ თუ პაციენტი წარსულში ნარკოდამოკიდებული იყო, ერთჯერადმა დოზამაც შეიძლება დამოკიდებულობა განაახლოს.

– ამბობენ, რომ ენდოტრაქეული ნარკოზის დროს დიდია პნევმონიის განვითარების ალბათობა...

– როდესაც პაციენტის საერთო მდგომარეობა, ჯანმრთელობის სტატუსი დამაკმაყოფილებელია, ენდოტრაქეული ინტუბაციის შემდეგ პნევმონიის განვითარების ალბათობა ძალზე მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს, თუ კუჭის შიგთავსი სასუნთქ გზებში მოხვდა. თუ ზედმიწევნით დავიცავთ წინასაოპერაციო შიმშილობის პროტოკოლს და პაციენტი ცარიელი კუჭით მოვა ოპერაციაზე, პნევმონიის რისკი პრაქტიკულად ნულის ტოლია. როდესაც საქმე არაგეგმურ, ურგენტულ შემთხვევებთან გვაქვს, ვცდილობთ, კუჭი დავცალოთ, ვიყენებთ ნაზოგასტრალურ ზონდს, დამცავ ელემენტებს და სხვა, თუმცა კუჭის მთლიანად დაცლა და ასპირაციის თავიდან აცილება შესაძლოა მაინც ვერ მოხერხდეს. გეგმური ოპერაციის დროს ასეთი რამ გამორიცხულია.

– რა კვალს ტოვებს ანესთეზია პაციენტის ორგანიზმზე? იწვევს თუ არა ნარკოზი, როგორც ამბობენ, თმის ცვენას, მეხსიერების დაქვეითებას?

– ზოგადი ანესთეზია მართლაც იწვევს ხანმოკლე ამნეზიას, რომელიც, წესისამებრ, რამდენიმე კვირაში გაივლის. სამწუხაროდ, ზოგიერთ ანესთეტიკს ახასიათებს თმის ცვენაც. საბედნიეროდ, პოსტანესთეზიური ალოპეცია იშვიათია.

– ზემოთ წინასაოპერაციო გამოკვლევა ახსენეთ. რა საჭიროა მისი ჩატარება?

– წინასაოპერაციო გამოკვლევა ძალზე მნიშვნელოვანია. მისი შედეგების მიხედვით ირჩევა ანესთეზიის ფორმა და ტიპი. ანესთეზიოლოგი სწავლობს ყველა იმ სნეულებას, რომელმაც ანესთეზიის დროს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. ზოგჯერ პაციენტს ახალი დაავადება უდასტურდება, ჯერ მას ვმკურნალობთ და მერეღა ვგეგმავთ ოპერაციას. ზოგი პაციენტი მედიკამენტურ მკურნალობას იტარებს. ანესთეზიოლოგი ამასაც აქცევს ყურადღებას და საჭიროებისამებრ ცვლის ან დროებით წყვეტს მკურნალობას. წინასაოპერაციო გამოკვლევა პაციენტის ალერგიულობის დადგენასაც ითვალისწინებს – ანესთეზიოლოგისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

– რა რეკომენდაციები ეძლევა პაციენტს ანესთეზიამდე?

– როგორც ითქვა, აუცილებელია შიმშილის პროტოკოლის დაცვა – ნორმალური, მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავის მქონე პაციენტმა ანესთეზიამდე 8 საათით ადრე უნდა შეწყვიტოს მყარი საკვების მიღება. თუ დიაბეტი ან სხვა ისეთი დაავადება აქვს, რომლის დროსაც კუჭის დაცლა გაძნელებულია, კვებისგან თავი 10-12 საათის განმავლობაში უნდა შეიკავოს. ბუნებრივია, იკრძალება საკვებისა და წყლის მიღება თავად ოპერაციის დღეს, რათა არ განვითარდეს პოსტანესთეზიური ღებინება, საკვების ასპირაცია და პნევმონია.

 

გაუტკივარების სხვა ფორმებზე – ადგილობრივ, სპინალურ და ეპიდურულ ანესთეზიაზე, მათ ჩვენებებსა და უკუჩვენებებზე, უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე, ასევე – გაუტკივარებისას განვითარებულ ალერგიულ რეაქციებზე საუბარს მომდევნო ნომერში განვაგრძობთ.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: