ინსულტის დამარცხება შეიძლება
გააზიარე:
მოდით, სტატისტიკით დავიწყოთ: დედამიწაზე ყოველწლიურად 50 მილიონი ადამიანი კვდება და მათი 8,7% თავის ტვინის ინსულტის მსხვერპლია. მსოფლიო მონაცემებით, ამ სნეულებას სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მეორე ადგილი უკავია.
საზოგადოდ, 65-74 წლის ასაკში ინსულტი 6-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მანამდე, თუმცა უკანასკნელ ხანს მისი “გაახალგაზრდავების” ტენდენცია შეინიშნება. ისიც უნდა ითქვას, რომ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ინვალიდობის მიზეზებს შორის ინსულტი პირველ ადგილზეა.
სპეციალისტებმა სავსებით ობიექტურად შეაფასეს ინსულტის ვერაგობა – დღემდე არ წყდება იმ მეთოდთა ძიება, რომლებიც შემაშფოთებელ სტატისტიკურ მაჩვენებლებს ოდნავ მაინც მიუახლოებდა სანუგეშო ციფრებს.
ინსულტის განვითარების თავისებურებებზე, მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ცენტრალური ფილიალის ექიმი ნევროლოგი გვანცა გიორგაძე.
გაითვალისწინეთ: კაროტიდული ენდარტერექტომია კონსერვატიულ მკურნალობასთან შედარებით 6-10-ჯერ ამცირებს ინსულტის რისკს სიმპტომების მქონე იმ პირებში, რომელთაც შიგნითა საძილე არტერიის სანათურის 70%-ზე მეტი შევიწროებული აქვთ.ინსულტი თავის ტვინის დაზიანებაა, რომელსაც სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს. თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვში სისხლის ნაკადის მკვეთრი დაქვეითების ან მისი სრული დახშობის შემთხვევაში იშემიური ინსულტი ვითარდება, ტვინში სისხლჩაქცევის დროს კი ჰემორაგიულ ინსულტზე ვსაუბრობთ. ინსულტების უმრავლესობა, დაახლოებით 80%, იშემიური ხასიათისაა. იშემიური ინსულტის განვითარების მთავარი რისკფაქტორებია ასაკი, მაღალი არტერიული წნევა, თავის ტვინის არტერიების ათეროსკლეროზი, თამბაქოს მოწევა, გულის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი.
ინსულტი, წესისამებრ, რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში ვითარდება. მისი ნიშნებია კიდურების მოძრაობის დარღვევა, მხედველობის ან მეტყველების მოშლა, წონასწორობის დაკარგვა. ინსულტის დროს სწრაფ სამედიცინო დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სასურველია, ყველა ადამიანს შეეძლოს ამ მდგომარეობის ამოცნობა, რაშიც FAST (ინგლ. სწრაფად) გეგმა დაგეხმარებათ:
Face – სახე. სთხოვეთ ადამიანს, გაიღიმოს და დააკვირდით, ხომ არ არის განსხვავება სახის მარჯვენა და მარცხენა ნახევრებს შორის.
Arms – ხელები. სთხოვეთ ადამიანს, ასწიოს ორივე ხელი. დააკვირდით, ხომ არ არის რომელიმე კიდურის მოძრაობა შეზღუდული.
Speech – საუბარი. შეაფასეთ, რამდენად სწორად მეტყველებს და აღიქვამს თქვენს ნათქვამს.
Time – დრო. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება.
გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ხშირად ინსულტის განვითარებამდე რამდენიმე წლით ან თვით ადრე ტრანზიტორული იშემიური შეტევები (ტიშ) აღინიშნება. ტიშ-ის დროს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა დროებით ირღვევა. სიმპტომები რამდენიმე წუთიდან ერთ საათამდე გრძელდება. მართალია, ეს მდგომარეობა შექცევადია და 24 საათის განმავლობაში გაივლის, მაგრამ მისი იგნორირება არამც და არამც არ შეიძლება.
ტრანზიტორული იშემიური შეტევის ერთი შემთხვევაც კი მიუთითებს, რომ ინსულტის რისკი ძალიან მაღალია და აუცილებელია, რაც შეიძლება მალე მიმართოთ ექიმს.
ათეროსკლეროზი, რომელიც იშემიურ ინსულტს ასიდან 90-95 შემთხვევაში უდევს საფუძვლად, უმთავრესად ხანდაზმულ ან მოხუცებულ ასაკში ვითარდება, თანაც უპირატესად მამაკაცებში იჩენს თავს. სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს
ჭარბი წონა, მცირე ფიზიკური აქტიურობა, მოწევა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გადამწყვეტ როლს კი ლიპიდური (ცხიმოვანი) ბალანსის დარღვევა ასრულებს – ათეროსკლეროზის დროს მომატებულია საერთო ქოლესტეროლის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონე. შედეგად სისხლძარღვის კედელზე წარმოიქმნება ერთგვარი ფოლაქი, რომელიც ქოლესტეროლის, კალციუმისა და ფიბროზული ქსოვილისაგან შედგება. მზარდი ათეროსკლეროზული ფოლაქი თანდათან ავიწროვებს სისხლძარღვის სანათურს და ხელს უშლის სისხლის ნორმალურ დინებას. გარდა ამისა, ფოლაქის ზედაპირს შესაძლოა მოსწყდეს პატარა ნაწილაკები, რომლებიც შედარებით მცირე სისხლძარღვებს დაახშობს. თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვებიდან კი ათეროსკლეროზი ყველაზე ხშირად (ასიდან 75 შემთხვევაში) საძილე არტერიას აზიანებს.
საძილე ანუ კაროტიდული არტერიები აორტის რკალიდან იწყება, კისრის წინა ზედაპირზე თავსდება, შედის ქალას ღრუში და თავის ტვინს სისხლით ამარაგებს.
მათი ათეროსკლეროზი ზოგჯერ ავადმყოფისთვის შეუმჩნევლად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი პირველი გამოვლინება ხშირად ტრანზიტორული იშემიური შეტევა ან ინსულტია.
უსიმპტომოდ მიმდინარე სტენოზს ექიმი ხშირად შემთხვევით აღმოაჩენს – კისერზე აუსკულტაციის დროს ისმის შუილი.
ათეროსკლეროზის დიაგნოზს უმთავრესად სისხლში ლიპიდური პროფილის განსაზღვრის შემდეგ სვამენ, ხოლო კაროტიდების სტენოზის დასადგენად ტარდება დუპლექსსონოგრაფია. ამ დროს ულტრაბგერის საშუალებით სისხლძარღვის ორგანზომილებიანი გამოსახულების მიღება ხდება, იმავდროულად კი დოპლერით სისხლის ნაკადი ფასდება. საძილე არტერიების სტენოზის ხარისხი ამ გამოკვლევის საშუალებით დგინდება, შესაბამისად, მიღებულ მონაცემებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის მეთოდის არჩევაში.
ხშირად ინიშნება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები, ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფიაც. გამოკვლევების საშუალებით ექიმი დაადგენს სისხლძარღვებისა და თავის ტვინის დაზიანების ხარისხს, შესაძლო გართულებათა რისკს და ამის მიხედვით შეარჩევს მკურნალობის მეთოდს.
ათეროსკლეროზის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და პაციენტისგან ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას, ხშირად ცხოვრების წესის რადიკალურ შეცვლას მოითხოვს. აუცილებელია, კვების რაციონში მაქსიმალურად შეიზღუდოს ცხოველური ცხიმების ოდენობა. დიეტა ინდივიდუალურად შეირჩევა. მისი თავისებურებები ისეთ ფაქტორებზე გახლავთ დამოკიდებული, როგორიც არის წონა, სისხლში ქოლესტეროლის დონე, თანმხლები დაავადებები და სხვა. კვების კორექციასთან ერთად ზოგჯერ საჭიროა სისხლში საერთო ქოლესტეროლის დონის დამწევი პრეპარატების – სტატინების დანიშვნა. სტატინების მიღება აუცილებლად დიეტის ფონზე, ლაბორატორიული მონაცემების მკაცრი კონტროლით უნდა მოხდეს. გაითვალისწინეთ: სასურველ ეფექტს მხოლოდ ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მივაღწევთ.
როდესაც ათეროსკლეროზის გამო საძილე არტერიების სანათური საგრძნობლად არის შევიწროებული, განურჩევლად იმისა, პათოლოგია უსიმპტომოდ მიმდინარეობს თუ ტრანზიტორული იშემიური შეტევებით, დგება ქირურგიული მკურნალობის საკითხი.
ოპერაციის ერთ-ერთი სახეობა გახლავთ კაროტიდული ენდარტერექტომია, რომლის დროსაც საძილე არტერიას ათეროსკლეროზული მასებისაგან “წმენდენ”.
ისევე, როგორც ყველა ქირურგიულ ოპერაციას, ბუნებრივია, გართულებები კაროტიდულ ენდარტერექტომიასაც შეიძლება მოჰყვეს, თუმცა ალბათობა საკმაოდ მცირეა. ოპერაციის დროს ან მის შემდეგ თავად ინსულტის განვითარების რისკი 3,5-5%-ს უტოლდება. სხვა გართულებათა (ცრუ ანევრიზმის ჩამოყალიბება, თავის ტვინის ნერვების დაზიანება, ჭრილობის ინფექცია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ტრანპლანტატის ინფექცია ან რუპტურა) წილი 1-დან 5%-მდე მერყეობს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ მიუხედავად გართულების შესაძლებლობისა, კაროტიდული ენდარტერექტომია მეტად ეფექტურია. ეს ოპერაცია საგრძნობლად ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს, თუმცა რჩება ფოლაქის ხელმეორედ წარმოქმნისა და რესტენოზის (სისხლძარღვის ხელახალი შევიწროების) საშიშროება, ამიტომ ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების განუხრელი დაცვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი.
გახსოვდეთ, რომ ათეროსკლეროზისა და მისი შედეგების მკურნალობა გაცილებით რთული და შრომატევადია, ვიდრე ამ პროცესის თავიდან აცილება.
თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა, სტრესული გარემო ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებას. ასეთ დროს ნევროლოგთან, ანგიოლოგთან დროული ვიზიტი, კაროტიდული დუპლექსის ჩატარება ძალზე მნიშვნელოვანია, ხოლო გულისა და ქვემო კიდურების სისხლძარღვების დაავადებების, არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზისადმი გენეტიკური განწყობის მქონე პაციენტებში – აუცილებელია.
ინსულტის რისკი მინიმუმამდე შემცირდება, თუ ადამიანი არჩევანს ცხოვრების ჯანსაღი წესის სასარგებლოდ გააკეთებს, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, გირჩევთ:
- არ მოსწიოთ;
- კვებით რაციონში შეამცირეთ ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველი პროდუქტებისა (ნაღების კარაქი, ცხოველური ცხიმები) და სუფრის მარილის წილი;
- მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები;
- ივარჯიშეთ და შეინარჩუნეთ სხეულის იდეალური წონა;
- აკონტროლეთ სისხლში ლიპიდების შემცველობა.