ყველაფერი სანერწყვე ჯირკვლების შესახებ
გააზიარე:
ამ ორგანოს არსებობაზე არც კი დავფიქრებულვარ, სანამ ერთ დილას ყბაგასივებულს არ გამომეღვიძა. ცხადია, მაშინვე სტომატოლოგთან გავიქეცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყბის გასივება ყოველთვის კბილის ბრალი არ ყოფილა – იქვე ახლოს თურმე სანერწყვე ჯირკვლებია განლაგებული... თქვენც ჩემსავით რომ არ დაიბნეთ, გადავწყვიტე, სანერწყვე ჯირკვლების დაავადებათა შესახებ მომეთხრო, დახმარებისთვის კი ყბა-სახის ქირურგ ზურაბ ჩიჩუას მივმართე:
– ბატონო ზურაბ, მოდი, თავდაპირველად ავუხსნათ მკითხველს, რა ფუნქცია აკისრია სანერწყვე ჯირკვლებს ადამიანის ორგანიზმში.
– სანერწყვე ჯირკვალი სეკრეტორული ორგანოა, რომელიც ნერწყვს გამოიმუშავებს. ნერწყვი გამომტანი სადინარების მეშვეობით პირის ღრუში ხვდება, სადაც საკვების გუნდას ერევა და ხელს უწყობს მის მონელებას. ამის შემდეგ უკვე დამუშავებული საკვების გუნდა საყლაპავის გავლით კუჭში გადადის და მისი მონელების პროცესი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გრძელდება. ნერწყვს ანტიბაქტერიული თვისებებიც აქვს – პირის ღრუში არსებულ მიკრობებს ანადგურებს.
ადამიანს აქვს რამდენიმე დიდი ზომის სანერწყვე ჯირკვალი: წყვილი ყბაყურა, წყვილი ქვედა ყბისქვეშა და ერთი ენისქვეშა, – რომლებიც ძირითად ფუნქციას ასრულებს. გარდა ამისა, მცირე ზომის სანერწყვე ჯირკვლებით მოფენილია პირის ღრუს მთელი ლორწოვანი გარსი – პირის ღრუს ფსკერი, ლოყის ლორწოვანი, სასის ლორწოვანი.
– რომელია სანერწყვე ჯირკვლების ყველაზე გავრცელებული დაავადება?
– ხშირია როგორც მცირე, ისე დიდი ზომის სანერწყვე ჯირკვლების ანთებითი პროცესები. ჩვენ მათ სიალადენიტებს ვუწოდებთ. ზოგი გამომწვევი უშუალოდ სანერწყვე ჯირკვლის სტრომისა და პარენქიმის ანთებას იწვევს. ანთება შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, ჩირქოვანი და ვირუსული. საკმაოდ ხშირია ტრავმული წარმოშობის ან ნერწყვის გამომტანი სადინარების დახშობის შედეგად განვითარებული მეორეული ანთებითი რეაქციებიც. თუ კენჭმა ან სიმსივნურმა წარმონაქმნმა (ზეწოლის შედეგად) ნერწყვის გამომტანი სადინარი დაახშო, ნერწყვის გამოყოფის პროცესი დაირღვევა, ხოლო დარღვევა შესაძლოა მეორეული ინფექციით გართულდეს.
სიალადენიტის დროს პაციენტს, ჩვეულებრივ, აწუხებს ჯირკვლის საპროექციო არეში ქსოვილების შესივება და შეშუპება, თუმცა ნერწყვის გამოყოფის პროცესი დარღვეული არ არის. დიაგნოზის დასაზუსტებლად სანერწყვე ჯირკვლებისა და სადინარების ექოსკოპიურ გამოკვლევას ვატარებთ. თუ მათში კენჭი არ აღმოჩნდა, პაციენტი ქირურგიულ ჩარევას გადაურჩება და მის განკურნებას კონსერვატიული მეთოდითაც შევძლებთ.
– რამდენად ხშირად ჩნდება სანერწყვე ჯირკვალში კენჭი?
– ყბა-სახის ქირურგები პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად ვაწყდებით სანერწყვე ჯირკვლების კალკულოზურ ანუ კენჭოვან დაავადებას. კონკრემენტი, იგივე კენჭი, შეიძლება შეგვხვდეს როგორც უშუალოდ ჯირკვლის სისქეში: მის ზედა, ქვედა ან შუა მესამედში, – ისე ნერწყვის გამომტან სადინარშიც, როგორც ყბაყურა, ისე ქვედა ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვალშიც, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ამ უკანასკნელში გვხვდება.
სანერწყვე ჯირკვალში კენჭის წარმოშობის ზუსტი მიზეზი უცნობია. ვინაიდან ის ყველაზე ხშირად მწეველებს უჩნდებათ, არსებობს მოსაზრება, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თამბაქოს წევაა. ქალები ამ მხრივ მამაკაცებს არ ჩამოუვარდებიან, ამიტომ კენჭებიც ქალებსა და მამაკაცებთან დაახლოებით თანაბარი სიხშირით გვხვდება. ცნობილია, რომ თამბაქოს წევის დროს პირის ღრუში, კერძოდ, კბილის ყელის მიდამოში, როგორც ვესტიბულარულ, ისე ენისკენა მხარეს, გროვდება დემინერალიზებული ნატრიუმისა და კალიუმის მარილები. პერიოდულად ხდება მათი ატკეჩა, ხოლო ატკეჩილი ნაწილაკები ნერწყვის გამომტანი სადინარის დვრილს ახშობს ან აღმავალი გზით, სადინარების გავლით, სანერწყვე ჯირკვალში ხვდება და იქ გროვდება. ასე წარმოიქმნება კონკრემენტი. როცა კენჭი ნერწყვის გამომტან სადინარშია და ახშობს მას, ჯირკვალში ნერწყვი უწინდებურად წარმოიქმნება, მაგრამ შეფერხებულია მისი გამოყოფა. ასეთი პაციენტები უჩივიან ტკივილს, ქვედა ყბისქვეშა ან ენისქვეშა მიდამოს რბილი ქსოვილების შესივებასა და შეშუპებას. ხშირად ისინი თავდაპირველად სტომატოლოგთან მიდიან, სადაც ირკვევა პრობლემის არსი და პაციენტი ჩვენთან იგზავნება. დიაგნოზის დაზუსტებაში ამ დროსაც ექოსკოპია გვეხმარება. თუ კენჭი სადინარშია, მკურნალობის ერთადერთი საშუალება ქირურგიული გზით მისი ამოღებაა.
გაურთულებელი კენჭოვანი დაავადების დროს ოპერაცია საკმაოდ მარტივია. წინასწარი პრემედიკაციის შემდეგ ტარდება ადგილობრივი გაუტკივარება და ხდება კენჭის ამოღება ინტრაორალური ანუ პირშიგნითა მიდგომით. თავდაპირველად თითით ვპოულობთ კენჭს, გადავკვანძავთ სადინარს, რათა ოპერაციის დროს კენჭი მის სიღრმეში არ გაგვექცეს, ვკვეთთ ლორწოვან გარსს, ვხსნით სადინარს და ვიღებთ კენჭს. ჭრილობაში ვტოვებთ რეზინის გამომტანს – ეგრეთ წოდებულ დრენაჟს, რამდენიმე დღის შემდეგ კი მასაც ვიღებთ და პაციენტი პრაქტიკულად ჯანმრთელი და შრომისუნარიანია.
ოპერაციული მკურნალობის გადადება არ შეიძლება, ვინაიდან გამორიცხული არ არის, პროცესი გართულდეს და ჩამოყალიბდეს ადენოაბსცესი – შემოფარგლული ჩირქგროვა – ან ადენოფლეგმონა – გავრცობილი ანთებითი ჩირქოვანი პროცესი. თუ გართულება განვითარდა, აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, ზოგადი გაუტკივარების თანხლებით ადენოფლეგმონის გახსნა და ამოკვეთა, რის შემდეგაც პაციენტს უფრო მეტხანს მოუწევს საავადმყოფოში წოლა, ვიდრე გაურთულებელი პროცესის შემთხვევაში, ამიტომ უმჯობესია, პრობლემას დროულად მივხედოთ და ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას ექიმთან ვიზიტი არ გადავდოთ.
თუ კენჭი არა სადინარში, არამედ ჯირკვლის პარენქიმაშია, ის, წესისამებრ, ქრონიკულ ანთებით პროცესებს იწვევს. პაციენტი აღნიშნავს, რომ ასეთივე ჩივილებით სამი-ხუთი წლის წინაც მიმართა ექიმს, ჩაიტარა მკურნალობა, გამოჯანმრთელდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში დაავადებამ ისევ შეახსენა თავი. ამრიგად, თუ აღირიცხა პაციენტის არაერთჯერადი ვიზიტი მსგავსი ჩივილებით, ხოლო ექოსკოპიურად ჯირკვალში კენჭი აღმოჩნდა, მაშასადამე, საქმე ქრონიკულ ანთებასთან გვაქვს. ქრონიკული ანთების შედეგად ჯირკვლის სტრომა და პარენქიმა, ცხადია, გადაგვარდება. კენჭი უცხო სხეულია, რომლის გამოც ორგანო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ამ დროს საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და ზოგადი გაუტკივარებით ჯირკვლის ექსტირპაცია ანუ ამოღება ქირურგიული წესით.
ქრონიკული ანთების მიზეზი, გარდა კენჭისა, შეიძლება იყოს ვირუსი, ჯირკვლის არეში არსებული წარმონაქმნი – ცისტა, სიმსივნური პროცესი და სხვა.
– რას წარმოადგენს სანერწყვე ჯირკვლის ცისტა და რატომ ჩნდება იგი?
– სანერწყვე ჯირკვლის ცისტა სითხოვანი წარმონაქმნია, რომელიც ნერწყვის გამოყოფის შეფერხების შედეგად წარმოიშობა. მას რეტენციულ ანუ შეკავებულ ცისტას ვუწოდებთ. ასეთი ცისტები მცირე სანერწყვე ჯირკვლებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე დიდში. ყველაზე ხშირია ქვედა ტუჩის ლორწოვანი გარსის ცისტა (ცისტა სუბმუცოსა). სანერწყვე ჯირკვლის ცისტის წარმოშობის ხელშემწყობი ფაქტორია მიკროტრავმა, რომლის შედეგადაც ზიანდება სანერწყვე ჯირკვლის წილაკი და იხშობა ნერწყვის გამომტანი სადინარი; ჯირკვალში ნერწყვი წარმოიქმნება, მაგრამ შეფერხებულია მისი გამოყოფა, ნერწყვი ჯირკვალში გროვდება, იკეთებს გარსს და ცისტად ყალიბდება. ცისტის შიგთავსი წებოვანი ნერწყვია, რომელიც განსაზღვრული ხნის შემდეგ შესაძლოა დაჩირქდეს კიდეც.
სანერწყვე ჯირკვლის ცისტა უმეტესად ახალგაზრდებს უჩნდებათ, განსაკუთრებით – თხილის, ნიგვზის, მზესუმზირას მოყვარულებს, ვინაიდან ასეთი სასუსნავი ხშირად აჩენს მიკროტრავმებს პირის ღრუს ლორწოვანზე.
ქვედა ტუჩის არეში ლორწოვანი გარსი ამ დროს ამობურცულია, პალპაციით – უმტკივნეულო, მოძრავი და რბილი. თუ დაჩირქდა, ცხადია, მტკივნეული ხდება. დიაგნოზის დასმა სპეციალისტისთვის საკმაოდ იოლი საქმეა, დამატებითი კვლევები არ გვჭირდება.
ასეთ ცისტებს მხოლოდ ქირურგიული გზით მკურნალობენ. ტარდება ცისტექტომია – ცისტის ამოკვეთა საღი ქსოვილების ფარგლებში. ოპერაცია ისე უნდა ჩატარდეს, რომ რეციდივი აღარ განვითარდეს. თუ ოპერაციის დროს ცისტის გარსის მთლიანობა დაირღვა, რეციდივი გარდაუვალია, ვინაიდან ამ დროს საზღვარი იშლება და ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილებისგან ცისტის გარსის გამოყოფა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. თუმცა ახალი ცისტის გაჩენისგან არც იდეალურად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ვართ დაზღვეულნი – პაციენტმა შესაძლოა ახალი ტრავმა მიიღოს და ხელახლა განუვითარდეს ცისტა.
ქირურგიული ჩარევის გარეშე ცისტა არ გაქრება. შესაძლოა, ტრავმის გამო მისი გარსი გასკდეს, შიგთავსი გადმოიღვაროს, მაგრამ ვინაიდან გარსი ადგილზე რჩება, შიგთავსი ისევ დაგროვდება მასში და ცისტა ხელახლა განვითარდება.
დიდ სანერწყვე ჯირკვლებში გაცილებით იშვიათად ვხვდებით ცისტურ წარმონაქმნებს, ვინაიდან მიკროტრავმებისგან ისინი შედარებით უკეთ არიან დაცულნი. აქ, სტატისტიკურად, შედარებით ხშირია ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლის ცისტა. ამ დროს მთელი ჯირკვლის ამოკვეთა გვიწევს – გამოცდილებამ აჩვენა, რომ სხვაგვარად ასიდან 80 შემთხვევაში რეციდივია მოსალოდნელი. ეს ოპერაციაც ადგილობრივი გაუტკივარებით, პირის ღრუდან მიდგომით ტარდება. ოპერაცია 30-40 წუთს გრძელდება და პაციენტი მისი დამთავრებისთანავე ეწერება შინ.
– სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნურ წარმონაქმნებზე რას გვეტყვით?
– არსებობს სანერწყვე ჯირკვლების როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნეები, როგორც უშუალოდ სანერწყვე ჯირკვლის ქსოვილისგან განვითარებული, ისე შერეულიც, რომლებსაც ლიტერატურაში პლეომორფული ან პოლიმორფული ადენომის სახელით ვხვდებით. სიმსივნეებს იმის მიხედვითაც აჯგუფებენ, რა ტიპის უჯრედებისგანაა განვითარებული. სიმსივნური პროცესი ყველაზე ხშირად ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლებში ვითარდება. საბედნიეროდ, წარმონაქმნს სწრაფი ზრდა არ ახასიათებს, პაციენტმა შესაძლოა 4-5 წლის ანამნეზით მოგვმართოს. არც ტკივილია დამახასიათებელი. პაციენტი, წესისამებრ, უჩივის სახის დეფორმაციას, ასიმეტრიას, გამობერილობას ყბაყურა ჯირკვლის მიდამოში. გამოცდილი კლინიცისტი დიაგნოზს ხელით გასინჯვითაც დავსვამს, თუმცა, თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, ოპერაციულ ჩარევამდე აუცილებელია ჯირკვლის ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და ბიოფიური მასალის მორფოლოგიური კვლევა. ეს ყველაფერი უტყუარი დიაგნოზის დასასმელადაა საჭირო. სამწუხაროდ, ჩვენს პირობებში პაციენტი ყოველთვის ვერ ახერხებს ამ ძვირად ღირებული გამოკვლევების ჩატარებას, ამიტომ, წესისამებრ, გვიწევს ზოგადი გაუტკივარების თანხლებით სიმსივნური წარმონაქმნის ამოღება და მისი მორფოლოგიური კვლევა. ოცი-ოცდახუთი წლის წინ, როცა არც კომპიუტერული ტომოგრაფია არსებობდა და არც მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ასეთ ოპერაციებს ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ვაკეთებდით. ოპერაციამდე მხოლოდ ციტოლოგიური კვლევა ტარდებოდა, თუმცა ის ზოგჯერ ცდება – ამ დროს წვრილი ნემსით სიმსივნური წარმონაქმნის ერთი ან რამდენიმე წერტილიდან იღებენ მასალას, მორფოლოგიური კვლევისას კი მთელი წარმონაქმნი შეისწავლება.
ხშირად ისმის კითხვა: ვისი კომპეტენციაა სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნური დაავადებები – ყბა-სახის ქირურგისა თუ თავისა და კისრის ონკოლოგისა? საქმე ის გახლავთ, რომ თუ პროცესი ავთვისებიანია (საქმე გვაქვს ცილინდრომასთან, მუკოეპიდერმოიდულ კიბოსთან, დაბალდიფერენცირებად ან არადიფერენცირებად კიბოსთან, ადენოკარცინომასთან) და პაციენტს ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ სჭირდება ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია, მიზანშეწონილია, ეს ყველაფერი კომპლექსურად ჩატარდეს ონკოლოგიურ დაწესებულებაში. ავთვისებიანი პროცესების განსაზღვრული ნაწილი, ცხადია, ყბა-სახის ქირურგის კომპეტენციაში შედის, მაგრამ მათი მკურნალობა უმთავრესად მაინც თავისა და კისრის ონკოლოგების საქმეა. რაც შეეხება მონომორფულ ადენომას, პლეომორფულ ადენომას, ადენოკისტომას და სხვა კეთილთვისებიან სიმსივნეებს, ისინი არც ოპერაციამდე, არც ოპერაციის შემდეგ სხივურ თერაპიასა და ქიმიოთერაპიას არ მოითხოვს და სავსებით თავსდება ყბა-სახის ქირურგების კომპეტენციაში, თუმცა პაციენტს, რასაკვირველია, უფლება აქვს, თავად აირჩიოს, ვისთან გაიკეთებს ოპერაციას.
– სანერწყვე ჯირკვლების კიდევ რა დაავადებები არსებობს?
– ძალიან საინტერესოა გუჟერო-შოგრენის სინდრომის სახელით ცნობილი სისტემური დაავადება, რომელსაც ახასიათებს სიმპტომების ტრიადა: თვალების სიმშრალე ანუ ქსეროფთალმია, პირის სიმშრალე – ქსეროსტომია და სისტემური პოლიართრიტი. ამ დროს მკვეთრადაა გამოხატული დიდი, უპირატესად ყბაყურა ჯირკვლების ზომის მატება. ჯირკვლები გადიდებული და გამკვირებულია, პაციენტი უჩივის სახის ასიმეტრიას და მკვეთრ დეფორმაციას. შოგრენის დაავადების დროს მკურნალობაში უნდა ჩაერთონ მომიჯნავე სპეციალისტებიც. კერძოდ, საჭიროა ოფთალმოლოგის, კარდიორევმატოლოგისა და ყბა-სახის ქირურგის ერთობლივი მეთვალყურეობა. სამწუხაროდ, ხშირად დაავადების გამოსავალი არაკეთილსაიმედოა. თუ სანერწყვე ჯირკვლების პრობლემა შორსაა წასული, ოპერაციულ ჩარევასაც მიმართავენ – იღებენ სანერწყვე ჯირკვლებს სახის ნერვისა და მისი ტოტების მთლიანობის შენარჩუნებით, რათა არ განვითარდეს სახის კუნთების დამბლა. პაციენტებს უტარდებათ კონსერვატიული მკურნალობაც, რომელსაც კარდიორევმატოლოგი უნიშნავს.
საკმაოდ რთულად მიმდინარეობს მიკულიჩის დაავადება. ეს კოლაგენური პათოლოგიაა, რომლის დროსაც ზიანდება პრაქტიკულად ყველა დიდი ზომის სანერწყვე ჯირკვალი. პაციენტი ექიმს მიმართავს სახის დეფორმაციის გამო, მაგრამ, შოგრენის ტრიადისგან განსხვავებით, მიკულიჩის დაავადებას თვალის სიმშრალე არ ახასიათებს. მხოლოდ პირის სიმშრალე და სანერწყვე ჯირკლების გადიდება შეინიშნება. საბედნიეროდ, მიკულიჩის დაავადებაც და გუჟერო-შოგრენის სინდრომიც საკმაოდ იშვიათია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შესახებ არაფერი ვიცოდეთ.
თამარ არქანია