სტუმრად სტომატოლოგთან

გააზიარე:
კბილის ექიმის შიში ლამის დაბადებიდან თან გვდევს. ეს ფობიის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც ბურღის ხმასთან, ნემსის ჩხვლეტასა თუ სტომატოლოგიურ სავარძელთან ასოცირდება. რა ტექნოლოგიები აღარ შეიმუშავა თანამედროვე მედიცინამ იმისთვის, რომ “ღიმილის ექიმთან” ვიზიტი კომფორტული გაეხადა. შიშმა მართლაც იკლო, თუმცა სრულ ბედნიერებამდე ჯერ კიდევ შორია.
არადა, ნაკლებად რომ გვეშინოდეს კბილის ექიმის და პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ მაინც ვსტუმრობდეთ მას, რთულ მანიპულაციებს იოლად ავიცილებდით თავიდან. უკეთესად რომ ვიცავდეთ პირის ღრუს ჰიგიენას, შესაძლოა სულაც არ დაგვჭირვებოდა სტომატოლოგიურ სავარძელში ჯდომა.
დიახ, შიშიც კი ვერ გვაიძულებს, კბილებსა და ღრძილებს სათანადოდ მოვუაროთ. ჰოდა, სტომატოლოგიურ პრობლემებსაც არ სძინავთ – ხან კბილი წამოგვტკივდება, ხანაც სისხლმდენი ღრძილი შეგვაწუხებს...
ყველაზე ხშირი მიზეზი
მაინც რა მიზეზით მივმართავთ კბილის ექიმს ყველაზე ხშირად?
სტატისტიკის თანახმად, სტომატოლოგიურ სავარძელში უმეტესად კარიესის გამო ვხვდებით, კარიესის მთავარი მიზეზი კი, თავის მხრივ, ნახშირწყლებით მდიდარი საკვები და პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენაა.
კბილებს ყველა იხეხავს, მაგრამ კარიესი მაინც უჩნდებათ. როგორც ჩანს, ჩვენში არასწორი წარმოდგენა აქვთ კბილების გამოხეხვის ტექნიკაზე და, საზოგადოდ, პირის ღრუს ჰიგიენაზე.
დაიხსომეთ: ყველაზე უკეთ პირადი სტომატოლოგი აგიხსნით, როგორ მოუაროთ პირის ღრუს, რომელი ჯაგრისი შეიძინოთ და რამდენად ხშირად გამოცვალოთ იგი. პირის ღრუს ჰიგიენის თავისებურებები დამოკიდებულია ასაკზე, კბილების მდგომარეობაზე, პროთეზის არსებობა-არარსებობაზე და სხვა. ზოგადი წესი კი ასეთია: კბილები დღეში ორჯერ მაინც უნდა გამოვიხეხოთ, ერთხელ – უთუოდ ძილის წინ, ხოლო ჯაგრისის შეცვლა თვეში-თვენახევარში ერთხელ არის აუცილებელი.
საზოგადოდ კი, როდესაც ექიმი კარიესულ დეფექტს შეამჩნევს, ეს იმის მანიშნებელია, რომ პათოლოგიური პროცესი დიდი ხანია დაიწყო. საკონტროლო-პროფილაქტიკური ვიზიტი გაცილებით ადრე რომ განხორციელებულიყო, დეფექტი არ ჩამოყალიბდებოდა ან მისი ზომა გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ხოლო პროცედურა – საგრძნობლად იოლი და იაფი. რაც უფრო შორს მიდის კარიესული პროცესი, მით უფრო რთულდება, ხანგრძლივდება და ძვირდება სტომატოლოგიური მანიპულაცია.
ჩხვლეტის მეშინია
საანესთეზიო საშუალებები, რომლებსაც ამჟამად იყენებენ სტომატოლოგიაში, როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისა და ორსულებისთვისაც სრულიად უსაფრთხოა. გარდა ამისა, უმტკივნეულოა ნემსის ჩხვლეტაც, რომლის მეშვეობითაც საანესთეზიო საშუალება ორგანიზმში ხვდება. ჩხვლეტის ადგილს ექიმი წინასწარ ამუშავებს სპეციალური გემრიელი (მარწყვის, ბანანის, ჟოლოს, შოკოლადის) ჟელეთი, რომელიც ლორწოვან გარსს აბუჟებს. თანაც სტომატოლოგიური ინექციებისთვის საჭირო ნემსის დიამეტრი გაცილებით მცირეა, ვიდრე კუნთში გასაკეთებელი ერთჯერადი შპრიცის ნემსისა – თამამად შეიძლება, თმის ღერს შევადაროთ.
ამრიგად, დღეს სტომატოლოგთან ვიზიტი სრულებით აღარ არის უსიამოვნო პროცესი; მთავარია, სათანადო კვალიფიკაციისა და პროფესიული განათლების სპეციალისტს მიმართოთ.
ალერგია იცისო
სტომატოლოგიური მანიპულაციის დროს არცთუ იშვიათი ყოფილა ალერგიული რეაქცია, ამიტომ ვიდრე სტომატოლოგი პაციენტს ორგანიზმში საანესთეზიო პრეპარატს შეუყვანს, უნდა გაარკვიოს, ალერგიული ხომ არ არის იგი ამ პრეპარატის მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება ექიმს მაშინ მართებს, თუ ადამიანს მანამდე არასოდეს გაუკეთებია საანესთეზიო საშუალების ინექცია ან ანესთეზიის შედეგად ერთხელ მაინც განვითარებია ალერგიული რეაქცია. ამ შემთხვევაში მას ალერგიული სინჯი უნდა გაუკეთდეს. მხოლოდ ამ სინჯის შედეგად გაცემული დასკვნის საფუძველზეა შესაძლებელი ანესთეზიის უსაფრთხოდ ჩატარება.
სპეციალური მიდგომა არსებობს იმ პაციენტების მიმართ, ვისაც მძიმე დაავადება აქვს. მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადების მქონეთათვის შექმნილია საანესთეზიო საშუალებათა ცალკე ხაზი, რომელიც მეტად დამზოგველად მოქმედებს ორგანიზმზე.
საზოგადოდ კი, თანამედროვე სტომატოლოგია გაცილებით დამზოგველია – ნაკლებად მტკივნეული და ნაკლებად ტრავმული. ასე რომ, კბილის ექიმთან ვიზიტის გადადება არ ღირს – პროფილაქტიკა არასოდეს იქნება ზედმეტი.
კარიესის ტყვეობაში
მიზეზი, რომელიც ყველაზე ხშირად გვაიძულებს კბილის ექიმთან მისვლას, ჭიანი კბილია. სტომატოლოგები “ჭიას” კარიესს უწოდებენ.
კარიესი სხვა არაფერია, თუ არა ღრმული, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილის დაშლის შედეგად წარმოიქმნება.
კბილის ქსოვილი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მაგარი ქსოვილია. ეს არც არის გასაკვირი: კბილის მინანქრის 95% ხომ მყარი მინერალური მარილებისგან შედგება, რომელთა მთავარი კომპონენტი კალციუმია.
მინანქართან ერთად კბილის მაგარ ქსოვილს ქმნის დენტინიც. მინანქარი კბილის მხოლოდ ხილულ, ღრძილიდან ამოშვერილ ნაწილს ფარავს, მის შიგნით არსებული შრე და მთელი დანარჩენი კბილი – ფესვი და ყელი – კი დენტინისგან შედგება. ის მინანქარზე რბილია, რადგან მასში უფრო დაბალია მყარი მინერალური ნივთიერებების შემცველობა. ამიტომაც არის, რომ თითქოს დაუზიანებელი მინანქრის ქვეშ დენტინი ხშირად დაშლილია – შედარებით რბილი ქსოვილი იოლად და სწრაფად ზიანდება.
აი, ტკივილს კი არც დაზიანებული მინანქარი იწვევს და არც დენტინი. დისკომფორტის მიზეზი დენტინის შუაგულში – კბილის არხში – მოთავსებული ნერვი გახლავთ.
კარიესსაც აქვს საფეხურები
კარიესი განვითარების რამდენიმე სტადიას გაივლის. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ რაც უფრო ღრმაა ხვრელი, მით უფრო შორს არის წასული კარიესული პროცესი ანუ კბილის ქსოვილის დემინერალიზაცია.
საწყისი კარიესი – ასე უწოდებენ მინანქრის დაშლის საწყის სტადიას, როდესაც კბილზე მხოლოდ პატარა მუქ ლაქას თუ შეამჩნევთ. ამ დროს მინანქარი ზედაპირულად არის დაზიანებული.
საშუალო კარიესი – კარიესული ღრუ დენტინამდე აღწევს.
ღრმა კარიესი – ამ დროს ხვრელი დენტინსაც გაივლის და პულპამდე – არხში მდებარე რბილ ქსოვილამდე – და, შესაბამისად, ნერვამდე ჩადის.
იმისთვის, რომ პაწაწინა დაზიანებული უბნიდან ღრმა კარიესი ჩამოყალიბდეს, საკმაოდ ბევრი დრო – წელიწადი-წელიწადნახევარი მაინც არის საჭირო. თუ პროცესი საწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ და სათანადო ზომებიც მივიღეთ, ჭიანი კბილი კარგა ხანს აღარ შეგვაწუხებს.
რა აჩენს კარიესს
პირის ღრუ უამრავი ბაქტერიით არის დასახლებული, რომლებსაც, ჩვეულებრივ, არავითარი ზიანი არ მოაქვთ. ცუდი ის არის, რომ ცხოველმყოფელობის პერიოდში ეს მიკროორგანიზმები გამოიმუშავებენ მჟავას (მათ შორის ყველაზე აგ
რესიული რძემჟავაა), რომელიც კბილის ქსოვილს შლის. რაკი პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიები ძირითადად ნახშირწყლებით იკვებებიან და სწორედ მათი დაშლის შედეგად წარმოქმნიან მავნე მჟავებს, ტკბილეული კბილების მთავარ მტრად შერაცხეს, მაგრამ, როგორც მოგვიანებით აღმოაჩინეს, მნიშვნელობა ჰქონია არა მირთმეული ნახშირწყლების (ნამცხვრების, კანფეტების) რაოდენობას, არამედ პირის ღრუში მათი დაყოვნების ხანგრძლივობას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მალე მოვაცილებთ კბილებს ტკბილეულის ნარჩენებს, მით მეტად შევამცირებთ კარიესის განვითარების რისკს.
ამისთვის დღესდღეობით მრავალი საშუალება არსებობს: ჯაგრისი, ფლოსი (სპეციალური ძაფი), საღეჭი რეზინი.
ვიჭერთ თადარიგს
კარიესი მეტწილად კბილის გვირგვინის რელიეფურ ზედაპირზე ჩნდება (ასეთი რელიეფი უმეტესად ბავშვებს აქვთ), რადგან საკვების ნამცეცები უმთავრესად კბილის დაღარულ უბნებში გროვდება. როდესაც სტომატოლოგი პირის ღრუს ათვალიერებს, მას შეუძლია, წინასწარ განსაზღვროს, სად გაჩნდება კარიესი. პროფილაქტიკის მიზნით სტომატოლოგმა შესაძლოა შემოგთავაზოთ ფისურების ჩაბეჭდვა ანუ ჰერმეტიზაცია – სპეციალური საბჟენი მასალით  იმ ბუნებრივი ღრმულების ამოვსება, სადაც კარიესის განვითარების ალბათობა მაღალია. საჭიროა თუ არა და  რა ასაკშია მიზანშეწონილი  ჰერმეტიზაცია, პირადმა სტომატოლოგმა უნდა გადაწყვიტოს. 
როდესაც ექიმი კარიესულ დეფექტს ამჩნევს, პათოლოგიური პროცესი იმ დროისთვის უკვე დიდი ხნის დაწყებულია. საკონტროლო-პროფილაქტიკური ვიზიტი გაცილებით ადრე რომ განხორციელებულიყო, კარიესი არ ჩამოყალიბდებოდა, ანდა დეფექტი გაცილებით პატარა იქნებოდა, ხოლო პროცედურა – საგრძნობლად იოლი და იაფი. რაც უფრო შორს მიდის კარიესული პროცესი, მით უფრო რთულდება, ხანგრძლივდება და ძვირდება სტომატოლოგიური მანიპულაცია.
ამჟამად კარიესული დეფექტის რესტავრაციისთვის ძალზე მაღალი ხარისხის მასალებს იყენებენ. მათი მეშვეობით რესტავრირებულ კბილს ჯანმრთელისგან პრაქტიკულად ვერც კი გაარჩევთ. თუ რესტავრირება დაგვიანებულია, ექიმი პროთეზირებას გირჩევთ. აქვე უნდა ითქვას, რომ  ტერმინი “პროთეზი” ყოველთვის არ აღნიშნავს მოსახსნელ კონსტრუქციას. პროთეზირების არსი დაკარგული კბილების ორთოპედიული კონსტრუქციით აღდგენაა. მას მაშინ მიმართავენ, როცა პრობლემის მოგვარება თერაპიული გზით უკვე შეუძლებელია. პაციენტმა და მისმა პირადმა ექიმმა ერთობლივად უნდა შეარჩიონ პროთეზის მასალა და ტიპი.
არსებობს რეკონსტრუქციის სხვა, უფრო თანამედროვე საშუალებებიც, მაგალითად, კბილის იმპლანტაცია. ამ დროს ყბის ძვალში ლითონის სპეციალური შენადნობისგან დამზადებული ხელოვნური ფესვი ინერგება.  იმპლანტაცია დღეს მეტად პოპულარულ სტომატოლოგიურ მანიპულაციად ითვლება.
ხანდაზმული კარიესი
სტომატოლოგები აღნიშნავენ, რომ კარიესს შესაძლოა ორი წლის ასაკშიც შევხვდეთ. ეს ის პერიოდია, როდესაც პირის ღრუში ჯერ კიდევ არ არის ამოჭრილი ყველა სარძევე კბილი, ამიტომ კბილების კარიესით დაზიანება საგანგაშო მდგომარეობად მიიჩნევა (ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ განვითარებული ქვეყნების სტომატოლოგიურ და პედიატრიულ საზოგადოებებს), ოთხი-ხუთი წლის ბავშვებს კი კბილები ზოგჯერ ისე აქვთ დაზიანებული, რომ მათი შენარჩუნება შეუძლებელია.  
სარძევე კბილების კარიესი უმთავრესად მუცლად ყოფნის პერიოდში მოქმედი ფაქტორებით არის განპირობებული. დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის მიმდინარეობას, ტოქსიკოზის არსებობა-არარსებობას,  ვინაიდან ტოქსიკოზის დროს ორგანიზმი სითხეს და მასში გახსნილ მინერალურ ნივთიერებებს კარგავს. ამავე პერიოდში ხდება სარძევე კბილების ჩანასახების ფორმირება და მინერალიზაცია. თუ ჩანასახს საჭირო ნივთიერებები დააკლდა, ამოიჭრება გარეგნულად ჯანსაღი, მაგრამ სუსტი, დაზიანებისკენ მიდრეკილი კბილი. კბილებს კიდევ უფრო აზიანებს ორსულობის დროს დედის მიერ გადატანილი ინფექცია, რკინის დეფიციტი, რომელიც ჰემოგლობინის ნაკლებობით ვლინდება, ზოგიერთი პრეპარატი. დაბადების შემდეგ კი კბილების დაზიანებას გარეგანი ფაქტორებიც, მაგალითად, ტკბილეულის ჭარბი მიღება უწყობს ხელს. ბევრი მშობელი ღამით ატირებულ ჩვილს დასამშვიდებლად ჩაის, ფაფას ან სხვა ტკბილ საკვებს აძლევს. ზოგიერთი მთელი ღამე წოვს საწოვარიან ბოთლს. უფრო მოზრდილ ასაკში ამ ფუნქციას წარმატებით ითავსებენ კანფეტები. ისიც უნდა ითქვას, რომ საწუწნ კარამელს კბილთან უფრო მეტხანს აქვს შეხება და ამიტომ უფრო მეტადაც აზიანებს, ვიდრე, ვთქვათ, შოკოლადი. 
შეცდომაა ფიქრი, რომ არაფერი დაშავდება, თუ კარიესულ სარძევე კბილს კი არ ვუმკურნალებთ, პირდაპირ ამოვიღებთ. სარძევე კბილს თავისი ფუნქცია და პირის ღრუში ყოფნის განსაზღვრული ვადა აქვს, რომლის თვითნებური დარღვევაც მიზანშეუწონელია. ბავშვს სულ ოცი სარძევე კბილი აქვს. მეექვსე ძირითადი კბილი ექვსი წლის ასაკში ამოდის; თუ მეზობელი თავის ადგილას არ დახვდა, აუცილებლად იქით გადაინაცვლებს – აუთვისებელი ტერიტორიების მიერთება კბილებსაც უყვართ, ხოლო 11-12 წლის ასაკში ამოსასვლელ მცირე ძირითად კბილს ადგილი აღარ დახვდება. აუცილებლად დაირღვევა თანკბილვა, საჭირო გახდება ხანგრძლივი ორთოდონტიული მკურნალობა.
ასე რომ, კბილებზე ზრუნვა, როგორც არაერთხელ გვითქვამს, მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე უნდა დავიწყოთ. აღარაფერს ვამბობთ ბავშვობის ასაკზე...
დაკარგული კბილის განსაცდელი
დაავადებას, რომელიც სისხლმდენ ღრძილებსა და კბილების უეცარ დაკარგვასთან ასოცირდება, პაროდონტიტი ეწოდება. ამ დაავადების გამო ადამიანი ხუთჯერ უფრო ხშირად კარგავს კბილებს, ვიდრე კარიესის გართულების მიზეზით. განვითარებულ ქვეყნებში 21-იდან 50 წლამდე ასაკის მოსახლეობაში მისი გავრცელება დაახლოებით 15%-ია, 50 წელს გადაცილებულებში კი 30%. 
მიზეზების ძიებაში
ვიდრე მიზეზებზე გადავიდოდეთ, მოდი, ანატომიას გადავავლოთ თვალი. პაროდონტი იმ ქსოვილთა კომპლექსია, რომლებიც კბილს კბილბუდეში აკავებს. ეს კომპლექსი მოიცავს ღრძილს, კბილბუდის ძვლოვან ქსოვილს, პერიოდონტს (შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოების კომპლექსს, რომელიც კბილს კბილბუდის ძვალთან აკავშირებს) და ცემენტს, რომლითაც დაფარულია კბილის ფესვი. პაროდონტიტი პაროდონტის ანთებითი დაავადებაა, პაროდონტოზი კი დისტროფიული, არაანთებითი.
პაროდონტიტი ვითარდება იმუნური ძალების დაქვეითების ფონზე, ადგილობრივი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, ზოგჯერ კი ორგანიზმის ამა თუ იმ სისტემის დაავადება პაროდონტის ისეთ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს, რომ ადგილობრივი ფაქტორები უკანა პლანზე გადადის. პაროდონტიტის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს გენეტიკაც.
ადგილობრივი ფაქტორები ვახსენეთ: კბილის მიკრობული ბალთა, კბილის ქვა, არასწორად გაკეთებული ბჟენი და ორთოპედიული კონსტრუქცია, კარიესული ღრუები კბილების შემხებ ზედაპირებზე და კბილის ყელის მიდამოში, თანკბილვისა და ცალკეული კბილების დგომის ანომალია ის მუდმივმოქმედი გამღიზიანებლებია, რომლებიც პაროდონტის ანთებას იწვევს და პაროდონტიტის მიმდინარეობას ამძიმებს.
გაითვალისწინეთ, რომ კბილის მიკრობული ბალთა ანუ ბაქტერიული ნადები ანთების პირველადი გამომწვევი ფაქტორია. 
როგორ ამოვიცნოთ 
პაროდონტიტის ნიშნებია:
. ღრძილებიდან სისხლდენა;
. ჰიპერემიული (გაწითლებული), შესივებული და მგრძნობიარე ღრძილები;
. ღრძილებისა და კბილების დაშორიშორება (ღრძილის ქსოვილი კბილის ზედაპირს მჭიდროდ აღარ ეკვრის);
. სივრცის გაჩენა კბილებს შორის;
. კბილების მორყევა, გადაადგილება;
. კბილებზე ქვებისა და ნადების არსებობა;
. უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.
პაროდონტიტის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია პაროდონტული ჯიბის სიღრმის განსაზღვრა. პაროდონტული ჯიბე წარმოიქმნება კბილ-ღრძილის შეერთების დარღვევისას პაროდონტის შემადგენელი ქსოვილების დესტრუქციის შედეგად. სწორედ ამ ჯიბის სიღრმეა პაროდონტიტის სადიგნოზო მთავარი კრიტერიუმი.
პაროდონტის გამოკვლევის სხვა მეთოდებიდან აღსანიშნავია რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული მეთოდები. ძვლოვან ქსოვილში ცვლილებების შეფასება სწორედ რენტგენოლოგიურად ხდება. დაავადების დიაგნოსტიკისა და მედიკამენტური სამკურნალო საშუალებების ასარჩევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაროდონტულ ჯიბეში პათოგენური მიკროფლორის შემადგენლობის დადგენას, რაც ლაბორატორიულ კვლევას წარმოადგენს.
როგორ გადავარჩინოთ კბილი
პაროდონტის დაავადებათა მკურნალობა ინდივიდუალურად და კომპლექსურად უნდა ჩატარდეს. კომპლექსურობა ადგილობრივი და ზოგადი მეთოდების ერთობლიობას გულისხმობს. ზოგადი მკურნალობა მოიცავს სომატური პათოლოგიების მკურნალობას შესაბამის სპეციალისტებთან, ანთების საწინააღმდეგო, მასტიმულირებელ და ზოგადგამაჯანსაღებელი თერაპიას.
ადგილობრივი მკურნალობა ითვალისწინებს ადგილობრივი გამღიზიანებლების – არასწორად გაკეთებული ბჟენებისა და ორთოპედიული კონსტრუქციების მოცილებას, თანკბილვის ანომალიების გამოსწორებას, ნადებისგან, ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვებისგან პირის ღრუს გაწმენდას, პირის ღრუს მოვლის სწავლებას.
კბილის ნადების, ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვების მოცილება ულტრაბგერითი სკალერის საშუალებით ხდება. ღრძილებში ანთებითი მოვლენების ჩასაქრობად სხვადასხვა მალამოს იყენებენ. საჭიროა პაროდონტული ჯიბეების მედიკამენტებით დამუშავებაც.
პაროდონტიტის სამკურნალოდ თერაპიულთან ერთად მიღებულია ქირურგიული და ორთოპედიული მეთოდებიც.
პაროდონტიტის პროფილაქტიკა მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე უნდა დაიწყოს – დედის ჯანმრთელობა ხომ ჯანმრთელი ბავშვის დაბადების საწინდარია. ორსულობის დროს აუცილებელია სტომატოლოგთან, სულ მცირე, სამი ვიზიტი: ორსულობის დადგენისთანავე, ორსულობის მეორე ნახევარში და მშობიარობის წინ. ორსულობისას მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები ააგრესიულებს პირის ღრუს ფლორას. ამერიკის პაროდონტოლოგიის აკადემიის მონაცემებით, ორსულთა 50%-ს ორსულთა გინგივიტი აღენიშნება. სტომატოლოგთან ვიზიტის დროს უნდა მოხდეს პირის ღრუს სანაცია, პირის ღრუს ჰიგიენის სწავლება, ორსულმა უნდა მიიღოს ინდივიდუალური რეკომენდაციები. მხოლოდ ამგვარად ავიცილებთ თავიდან ორსულთა პაროდონტის დაავადებებს.
მოუვლელობის ბრალია?
პირის ღრუს გამუდმებით სჭირდება მოვლა. ჰიგიენის უგულებელყოფა გაცილებით უარეს შედეგებს იწვევს, ვიდრე მრავალ ჩვენგანს წარმოუდგენია. მოუვლელი კბილები და ღრძილები, გარდა იმისა, რომ უსიამოვნო შესახედავია, პათოლოგიურ პროცესებსაც აძლევს დასაბამს. ერთ-ერთი ასეთი პათოლოგია გინგივიტია.
გინგივიტი ღრძილების ანთებაა, რომელიც ღრძილებიდან სისხლდენით, ლორწოვანი გარსის შეშუპებითა და ტკივილით ვლინდება. გინგივიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია კბილის ნადები, უხარისხო ბჟენი და ხელოვნური გვირგვინი, რომელიც ღრძილის ქსოვილს აზიანებს. არცთუ იშვიათად ანთებით პროცესს ზოგიერთი მედიკამენტის მიღება და ორსულობაც უწევს პროვოცირებას.
თუ ღრძილების ანთებას, რომელსაც თავდაპირველად ზედაპირული ხასიათი აქვს, ყურადღება არ მივაქციეთ, ის გაღრმავდება და პათოლოგიური პროცესი ღრძილის ქსოვილიდან ძვლამდე გავრცელდება. წარმოიქმნება ე.წ. პაროდონტული ჯიბეები, რომლებშიც ბაქტერიები დაიბუდებენ და საბოლოოდ საქმე პაროდონტიტამდე – კბილის მორყევამდე და დაკარგვამდე მივა.
გინგივიტის საუკეთესო პროფილაქტიკა პრის ღრუს სათანადო მოვლა და სტომატოლოგთან პერიოდული ვიზიტია.
ნუ დააყოვნებთ და ეწვიეთ ექიმს, თუ:
. კბილებზე ნადები გაგიჩნდათ,
. კბილები ზედმეტად მგრძნობიარეა ცხელისა და ცივის მიმართ;
. ღრძილებიდან სისხლი ჟონავს (ტრავმის გამო ხანმოკლე სისხლდენა არ იგულისხმება);
. (გ)აწუხებთ პირიდან უსიამოვნო სუნი.
ამჟამად გინგივიტის სამკურნალო მრავალი ეფექტური საშუალება არსებობს, მათ შორის – პროპროლის დენტი, პროპროლის პაროდონტი, ლაკალუტ აქტივი. 
მცენარეული სავლებები
. მოკრიფეთ ალოეს ქვედა ფოთლები, გარეცხეთ ცივი ანადუღარი წყლით, დააჭერით ეკლები, დაკეპეთ წვრილად (0,2-0,3 მმ-იან ნაჭრებად), გაახვიეთ დოლბანდში და გაწურეთ. გამოივლეთ პირში.
. აიღეთ 1 ს. კ. გველის სუროს დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და 20 წუთი ადუღეთ. ეს ნახარში სასარგებლოა კბილის ტკივილის დროსაც.
. აიღეთ 1 ჩ. კ. კულმუხოს დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე, დააყენეთ 4 საათი და დღეში 3-4-ჯერ გამოივლეთ პირში.
. აიღეთ 2 ს. კ. მუხის დაქუცმაცებული ქერქი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარი საათი ნელ ცეცხლზე ადუღეთ, გააგრილეთ და კვლავ წამოადუღეთ. გამოივლეთ პირის ღრუში დღეში 6-7-ჯერ.
. მუხის ქერქის ნახარში ასეც მზადდება: 1 ს. კ. დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი, გააგრილეთ და გამოივლეთ პირში დღეში 2-3-ჯერ.
. აიღეთ 1 ს. კ. დაქუცმაცებული კრაზანას ბალახი, ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ერთი კვირით დააყენეთ. 40 წვეთი გააზავეთ ნახევარი ჭიქა წყლით და პირში გამოივლეთ. იდეალური საშუალებაა უსიამოვნო სუნის გასაქრობად.
. აიღეთ 1 ჩ. კ. წნორის დაქუცმაცებული ქერქი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ, დააყენეთ 4 საათით, შემდეგ გაფილტრეთ და პირში გამოივლეთ.
. წნორისგან ნაყენი ასეც მზადდება: 15 გ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ჩაასხით თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში და ადუღეთ ნახევარი საათი წყლის ორთქლზე, ცხელივე გაფილტრეთ და კვლავ წამოადუღეთ. გარდა გამოვლებისა, ეს ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ აბაზანისთვისაც ქვედა კიდურების ჭარბი ოფლიანობის, ასევე ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, ხოლო მისი დალევა (1 ს. კ. დღეში 4-5-ჯერ) კარგია ფაღარათის დროს.
. ასევე: აიღეთ 3 წილი წნორის დაქუცმაცებული ქერქი და 2 წილი ცაცხვის ყვავილი. 2 ს. კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და 30-40 წუთით დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ. გამოივლეთ თბილი.
. აიღეთ 1 ს. კ. გულყვითელას ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და 1 საათით დააყენეთ. გამოივლეთ პირში დღეში 2-3-ჯერ. ან გულყვითელას სპირტხსნარი გააზავეთ ერთი ჭიქა ანადუღარი თბილი წყლით და ისე გამოივლეთ.
ცხრათვიანი გამოცდა
“ჯანმრთელი კბილი ჩამომეშალა”, “კბილს კბილზე ვკარგავ. არადა, ისეთი ჯანმრთელი კბილები მქონდა!” – ხშირად მოისმენთ ორსულებისგან. სწორედ ამ კრიტიკული ცხრა თვის განმავლობაში შეგვახსენებს ხოლმე კბილი, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი ურიგო არ იქნებოდა. არც კალციუმის პრეპარატების მიღება აწყენდა მომავალ დედას... მოდი, ერთად გავარკვიოთ, რა სტომატოლოგიური პრობლემები აწუხებს ორსულებს.
რა ემართება კბილს
ორსულობისას რამდენიმე სტომატოლოგიური პრობლემა იჩენს თავს. ყველაზე ხშირად – ღრძილების ანთებითი დაავადება გინგივიტი, რომელიც უმთავრესად ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული ცვლილებების ბრალია. არც კარიესს სძინავს – უამრავი ქალი აღნიშნავს, რომ დაორსულებამდე საღი და მაგარი კბილები ჰქონდათ, ორსულობისას კი გვირგვინი ჩამოეშალათ. კარიესს უმთავრესად კალციუმის დეფიციტი განაპირობებს. იოლი მისახვედრია, რატომაც: მომავალი დედა ხომ ამ ელემენტს ნაყოფსაც უნაწილებს. თუმცა ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA) ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, კალციუმის ის ოდენობა, რომელსაც ორსული საკვების მეშვეობით იღებს, სავსებით საკმარისია, რომ კბილების სტრუქტურა არ დაირღვეს. საჭიროების შემთხვევაში კალციუმი ნაყოფს არა კბილებიდან, არამედ ძვლებიდან მიეწოდება.
ამრიგად, შევთანხმდეთ, რომ კარიესის მიზეზი მეტწილად არასწორი კვებაა. მოარული აზრით, ორსულმა უნდა მიირთვას ყველაფერი, რაც სურს. ასე არამც და არამც არ შეიძლება. მაგალითად, ჭარბი ტკბილეული და პურ-ფუნთუშეული, გარდა იმისა, რომ წონის არასასურველ მატებას იწვევს, კბილებსაც აზიანებს.
გაითვალისწინეთ: ბავშვის კბილებზე მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე უნდა ვიზრუნოთ, რადგან სწორედ ამ დროს ვითარდება კბილის პირველი ჩანასახები.
სარძევე კბილების ჩასახვა მუცლად ყოფნის III-VI თვეს ხდება. ასე რომ, პროფილაქტიკა და კბილებზე ზრუნვა მომავალმა დედამ მართლაც ამ პერიოდიდანვე უნდა დაიწყოს.
სარძევე კბილების პრობლემა ბავშვს იმ შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეს, თუ დედა ორსულობის დროს არასწორად იკვებებოდა, ჰქონდა მძიმე ტოქსიკოზი, გადაიტანა ინფექციური დაავადება და ა. შ.
ორსულის რაციონი საგანგებოდ უნდა შეირჩეს. მისთვის სასურველია ისეთი საკვები, რომელიც C და B ჯგუფის ვიტამინებით არის მდიდარი. C ვიტამინს უხვად შეიცავს ციტრუსი, B ვიტამინს – ხორბალი, ხორცი, თევზი.
უსაფრთხო ვიზიტი
ბევრი ორსული სტომატოლოგთან ვიზიტს მხოლოდ იმიტომ ერიდება, რომ ეშინია, საანესთეზიო საშუალებებმა ნაყოფს არ ავნოს. არაფრით არ შეიძლება, შიშის გამო ორსულმა კბილის ძლიერი ტკივილი აიტანოს ან, თუ სერიოზული პრობლემა აქვს, ექიმთან მისვლა მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის გადადოს. თუ აუცილებელი არ არის, ორსულობის პირველ ტრიმესტრში უხეშ სტომატოლოგიურ პროცედურებს და ნაყოფისთვის ტოქსიკური საანესთეზიო საშუალებების გამოყენებას ექიმი ისედაც მოერიდება, კბილების გაწმენდა კი ორსულობის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.
სასურველია, მესამედან მერვე თვემდე (მეორე ტრიმესტრსა და მესამე ტრიმესტრის პირველ ნახევარში) ორსული ერთხელ მაინც ეწვიოს სტომატოლოგს, მიიღოს მისი კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში იმკურნალოს.
საანესთეზიო საშუალებების უმრავლესობა შეიცავს ადრენალინს, რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვას იწვევს, ამიტომ პირველ ტრიმესტრში, როცა ნაყოფი მტკიცედ არ არის მიმაგრებული საშვილოსნოს კედელს, მათი გამოყენება არასასურველია. მართალია, ისეთი საანესთეზიო საშუალებებიც არსებობს, რომლებიც ადრენალინს არ შეიცავს, მაგრამ ისინი ნაკლებეფექტურია, ვინაიდან ადრენალინი ანესთეზიის მოქმედებას აძლიერებს.
ვიდრე სტომატოლოგს მიმართავდეს, სასურველია,, ორსულმა კონსულტაცია გინეკოლოგთან გაიაროს. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგალითად, მომატებული არ აქვს საშვილოსნოს ტონუსი, სტომატოლოგიურ მანიპულაციებსა და მკურნალობას ჩვეულებრივ ჩაუტარებენ. 
როგორ მოვუაროთ პირის ღრუს
ორსულმა კბილებს ჩვეულებრივ უნდა მოუაროს, არავითარი განსაკუთრებული წესის დაცვა არ არის საჭირო, თუმცა სასურველია, პირის ღრუს ოდნავ მეტი ყურადღება მიაქციოს, ვიდრე დაორსულებამდე. ურიგო არ იქნება, თუ გამოიყენებს სავლებს, რომელიც კბილებისა და ღრძილებისთვის სასარგებლო მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს. სასურველია სპეციალური ძაფის, ფლოსის, ხშირი გამოყენებაც.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: მომავალი დედის ჯანმრთელობა ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია.
ვუვლით, ვწმენდთ, ვაკონტროლებთ
კბილების მოვლა – ეს კეთილშობილური საქმე – ბავშვობიდან უნდა დაიწყოს და მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს. სხვაგვარად წამდაუწუმ სტომატოლოგთან სიარული არ აგვცდება. 
მოდი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი კბილების მოვლის ზოგად პრინციპებს და გავიხსენოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კბილი დაგვიზიანდა.
პირველი კონტაქტი ჰიგიენასთან
კბილების გამოხეხვის მიზანი მათი ზედაპირიდან მიკრობების მოცილებაა. ერთ წლამდე ამ პროცედურას შედარებით დამზოგველი ხასიათი უნდა ჰქონდეს. შეგვიძლია, ჭამის შემდეგ ნადები ჯაგრისის გარეშე მოვაცილოთ ბავშვს – თითზე დოლბანდი დავიხვიოთ, ჩვეულებრივ სასმელ ან სოდიან წყალში დავასველოთ და კბილებზე გადავატაროთ. ჩვილის კბილების მოსავლელად ეს მარტივი პროცედურა საკმარისია, ცოტა მოზრდილი ბავშვი კი ნელ-ნელა უნდა შევაჩვიოთ კბილის ჯაგრისისა და პასტის ხმარებას.
ვინაიდან სარძევე კბილის სტრუქტურა, მეტადრე _ ახალამოჭრილისა, მუდმივი კბილისაზე გაცილებით სუსტია, ბავშვისთვის ზედმიწევნით კარგი, საუკეთესო ჯაგრისი უნდა შევარჩიოთ, ისეთი, რომ არც მინანქარი დააზიანოს და არც დენტინი. თავდაპირველად შეიძლება ბავშვს კბილები მხოლოდ წყლით გავახეხვინოთ და როდესაც ამას შეეჩვევა, მერეღა ჩავრთოთ პროცედურაში კბილის პასტა.
საბავშვო კბილის პასტები ისეთი გემრიელია, რომ ბავშვები მას ტკბილეულად აღიქვამენ და ყლაპავენ. ქიმიური სტრუქტურა, რომელიც საკვებად არ არის გათვალისწინებული, კუჭ-ნაწლავში ხვდება და ქრონიკულ ინტოქსიკაციას იწვევს, ამიტომ საბავშვო კბილის პასტას უაღრესად ნატიფი ქიმიური ფორმულა უნდა ჰქონდეს, რომ ბავშვი არ მოწამლოს.
კბილის პასტა აუცილებლად უნდა შეიცავდეს ფთორს. ეს ნივთიერება კბილის პასტების შემადგენლობაში მას შემდეგ ჩართეს, რაც დამტკიცდა, რომ ამ სახით მისი ყოველდღიური ხმარება ათიდან 4-8 შემთხვევაში კარიესის საწინააღმდეგო სერიოზულ ეფექტს ახდენს. ამას მოწმობს ამერიკის, კანადის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის გამოცდილება, სადაც კარიესის მაჩვენებელი დღეს ძალიან დაბალია. ამ მხრივ უნიკალურია “ლაკალუტის” საბავშვო კბილის პასტების სერია. მათი გამოყენება პირველი კბილის ამოჭრისთანავე შეიძლება. “ლაკალუტის” საბავშვო კბილის პასტების სერია მოიცავს ოთხ წლამდე, ოთხიდან რვა წლამდე და რვა წელს გადაცილებული ბავშვებისთვის განკუთვნილ ნაწარმს. ფთორის შემცველობა მათში ასაკის შესაბამისია. გარდა ამისა, საბავშვო “ლაკალუტში” არ არის შაქარი, რომელიც, როგორც იცით, აზიანებს კბილებს. დაბოლოს, ის სათანადო ოდენობით შეიცავს A და E ვიტამინებს.
თუ ადამიანი არც კბილებს იხეხავს და არც მაგარ საკვებს იღებს, მით უმეტეს _ თუ ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოშიც ცხოვრობს, ნადების სტრუქტურა იცვლება და კბილის ზედაპირზე უწყინართა ნაცვლად საკმაოდ აგრესიული ბაქტერიები ჩნდება. მიკრობების მოცილება აუცილებელია, რასაც შესანიშნავად ახერხებს კბილის ჯაგრისი, ხოლო როდესაც მას კბილის პასტაც ემატება თავისი ქიმიური რეაგენტებით, კბილების ხეხვა კბილებისა და ღრძილების დასაცავ მძლავრ ინსტრუმენტად იქცევა.
ტექნიკა-მეთოდიკა
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ კბილების გამოხეხვის სხვადასხვა მეთოდიკა არსებობს. სტანდარტულად, ზედა ყბის კბილებისთვის ვერტიკალური მოძრაობები უნდა შესრულდეს ზემოდან ქვემოთ, ქვედა ყბის კბილებისთვის კი _ ქვემოდან ზემოთ, რათა კბილის ყელის მიდამოში ღრძილი არ დაზიანდეს და ნადები ღრძილისკენ კი არა, არამედ ღრძილიდან თავისუფალი საჭრელი კიდისკენ გადაადგილდეს.
კბილის ღრუ შეიძლება წარმოსახვით გავყოთ ჯაგრისის თავის ტოლ რამდენიმე სეგმენტად და თითოეული მათგანი დავამუშაოთ როგორც წინა, ისე უკანა მხრიდან. ამას სულ 3-5 წუთი სჭირდება.
ძალიან კარგია ელექტრონული ჯაგრისი. ის ყველაფერ ამას გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად აკეთებს.
თქვენ წარმოიდგინეთ, ჯაგრისსაც სჭირდება მოვლა. იგი ვარგისია, საუკეთესო შემთხვევაში, 3-4 თვე. ამ ხნის შემდეგ ჯაგრისის თავი ფუჭდება და გამოსაცვლელი ხდება. ხმარების შემდეგ ჯაგრისი აუცილებლად უნდა გაირეცხოს. მრავალი მწარმოებელი უშვებს ჯაგრისის საწმენდ ფხვნილებს, ტაბლეტებს, ხსნარებს, თუმცა მათ გარეშეც შეიძლება გავიდეთ იოლას – საკმარისია, ჯაგრისი ნელთბილი წყლით და ჩვეულებრივი ხელის საპნით გავრეცხოთ და გავამშრალოთ, თავით ზევით, უთავსახუროდ ჩავდოთ ჭიქაში და მეორე გამოხეხვამდე შევინახოთ. ამით თავიდან ავიცილებთ ჯაგრისის თავზე მიკრობების გამრავლებას და პირის ღრუს ინფიცირებას. 
კბილის პასტასთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს სავლებს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ანტიბაქტერიული მოქმედება ახასიათებს, მეორე – მთელ პირის ღრუს სწვდება: ხვდება ღრძილებზე, ენის მთელ ზედაპირზე, ხახის ლიმფურ რგოლზე, ტუჩების შიგნითა ზედაპირზე. სავლებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორთოდონტიული მკურნალობის დროს.
თუ მაინც ამოსაღებია
ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე კბილის ქრონიკული ინფექციები ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდებოდა, ამიტომ ამა თუ იმ დაავადების დროს კბილის ამოღება რუტინულ მანიპულაციად მიიჩნეოდა. დღეს სტომატოლოგიის მთავარი მიზანი კბილის ამოღება კი არა, შენარჩუნებაა. ამის კვალობაზე, მკვეთრად შემცირდა ექსტრაქციის აუცილებლობა, თუმცა მაინც არის შემთხვევები, როდესაც კბილთან გამოთხოვება გვიხდება. ასე ვიქცევით, როცა:
. სავსებით დაშლილია კბილის გვირგვინი, ხოლო ფესვი გამოუსადეგარია;
. კბილი ძლიერ არის მორყეული პაროდონტის დაავადებების გამო;
. არასწორად არის ამოჭრილი და ორთოპედიული და ორთოდონტიული თვალსაზრისით არავითარი ღირებულება არ გააჩნია;
. ამოუჭრელია ან არასრულად არის ამოჭრილი, იწვევს გართულებებს და მისი ამოჭრის შესაძლებლობა აღარ არსებობს.
საზოგადოდ კი, თუ კბილის ქრონიკული დაავადება გვაქვს და კბილის შენარჩუნება ვერ ხერხდება, ჯობს, იგი ვითარების გამწვავებამდე ამოვიღოთ, ვინაიდან ანთების დროს ქირურგიული მანიპულაციების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი – გართულების რისკი უფრო მეტია.
კბილის ამოღების აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს, მაგრამ ცნობილია ფაქტორები, რომელთა თანაობისას ექიმმა შესაძლოა ამ ოპერაციისგან თავი შეიკავოს. ესენია:
. სისხლის სისტემური დაავადებები;
. ჰემოფილია, სისხლის შედედების დაქვეითება;
. ორსულობის პირველი და მესამე ტრიმესტრი;
. დიაბეტური კომა;
. 2-3 დღე მენსტრუაციამდე და მის შემდეგ;
. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
. ნერვული სისტემის ორგანული და ფუნქციური დაზიანებები;
. ინსულტის მწვავე სტადია;
. ფსიქიკური აშლილობა გამწვავების პერიოდში;
. პარენქიმული ორგანოების მწვავე დაავადებები;
. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები (წყლულოვანი გინგივიტი, სტომატიტი).
თუმცა კბილის ამოღების დიდი ხნით გადადება არც ამ შემთხვევაშია მიზანშეწონილი.
გავაყუჩოთ და მერე
დღესდღეობით სამედიცინო მანიპულაციები გაყუჩების გარეშე წარმოუდგენელია, მეტადრე მაშინ, როდესაც საქმე სტომატოლოგიურ პროცედურას ეხება. კბილის ექსტრაქცია უმეტესად ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ზოგად ანესთეზიაც დაგვჭირდეს.
კბილის ამოღებისას იყენებენ რეგიონულ (გამტარ) და ინფილტრაციულ ანესთეზიას ზედა და ქვედა ყბის ძვლების ანატომიური აგებულების თავისებურებათა გათვალისწინებით. გაუტკივარების მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა. ლაბილური ნერვული სისტემის მქონე პირებს შეიძლება გაუკეთდეთ დამამშვიდებელი პრეპარატი, ძლიერ მშიშარა, ისტერიკულ პაციენტებს კი კბილის ამოღების ოპერაცია აუცილებლად ზოგადი გაუტკივარების ფონზე უნდა ჩაუტარდეთ.
ამჟამად სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებად ფართოდ იყენებენ ამიდებს. ამ ჯგუფის პრეპარატების გამოყენება ნებადართულია ორსულებისთვისაც (თუმცა სასურველი არ არის ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრებში) და ბავშვებისთვისაც ხუთი წლიდან. არ არის მიზანშეწონილი ორსულებისთვის ვაზოკონსტრიქტორების შემცველი ადგილობრივი ანესთეტიკების: ადრენალინის, ნორადრენალინის, ეფედრინის და სხვათა, _ გამოყენება. ეს პრეპარატები დამხმარე საშუალებებია, რომელთა მიზანი ადგილობრივი ანესთეტიკის ეფექტის გაზრდა, პრეპარატის შეწოვის სისწრაფის შემცირება და მისი მოქმედების გახანგრძლივებაა.
ბავშვებსა და იმ პაციენტებს, რომელთა ანამნეზი დატვირთულია ალერგიული დაავადებებით, რეკომენდებულია, წინასწარ ჩაუტარდეთ ალერგიული სინჯი.
ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ოპერაცია, კბილის ამოღებაც შეიძლება გართულდეს. გართულება შეიძლება მოჰყვეს როგორც გაუტკივარებას (გულის წასვლა, კოლაფსი, ანაფილაქსიური შოკი, ინექციის შემდგომი ტკივილი და შეშუპება, კრიჭის შეკვრა და სხვა), ისე უშუალოდ ექსტრაქციას (კბილის მოტეხვა, მეზობელი კბილის მოტეხვა ან ამოვარდნა, ალვეოლიტი, სისხლდენა, კბილბუდის ტკივილი და სხვა). 
დაბოლოს
თქვენ წარმოიდგინეთ, პირის ღრუს კბილის ამოღების შემდეგაც სჭირდება მოვლა. ლილვაკი, რომელიც კბილის ამოღების შემდეგ ედება კბილბუდეს სისხლდენის შესაჩერებლად, პაციენტმა 15-20 წუთი უნდა გაიჩეროს; კბილის ამოღებიდან სამი საათის განმავლობაში უნდა ერიდოს ჭამას, ხოლო მეორე დღემდე _ ცხელი საკვებისა და სასმლის მიღებას. ასევე არ არის რეკომენდებული კბილის ამოღების დღეს პირის ღრუში სავლების გამოვლება – ეს ხელს შეუშლის სისხლის კოლტის ჩამოყალიბებას ან მოწყვეტს უკვე წარმოქმნილ კოლტს, რომელიც ბიოლოგიური ნახვევის როლს ასრულებს. ჩაის, ყავას, რძის ნაწარმს, ალკოჰოლსა და ნიკოტინს, სასურველია, 24 საათის შემდეგაც ვერიდოთ, რადგან ისინი ხელს უშლიან ჭრილობის შეხორცებას; ფრთხილად ვიყოთ კბილების გამოხეხვისას, რათა თითებით, ენით ან ჯაგრისით უნებლიეთ ტრავმა არ მივაყენოთ ჭრილობას; შეძლებისამებრ, თავი ვარიდოთ ფიზიკურ გადაძაბვას.
რთული ექსტრაქციის შემდეგ ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი და ანტიბაქტერიული თერაპია.
ლამაზი ღიმილისათვის
იშვიათია, ჩვენს დროში ადამიანს ბუნებრივად ჩაწიკწიკებული კბილები ჰქონდეს. დღევანდელი ბავშვების უმრავლესობას თანკბილვის გასასწორებელი აპარატის ტარება უწევს, თუმცა ორთოდონტები თანკბილვის კორექციაზე არც ლამაზი ღიმილის მსურველ მოზრდილებს ეუბნებიან უარს.
ურიგო არ იქნება, სპეციალისტთან მისვლამდე ამ პროცედურაზე მცირე ინფორმაცია თვითონვე მოვიპოვოთ, რაშიც “ავერსის კლინიკის” ორთოდონტი სალომე ავალიშვილი დაგვეხმარება:
– კბილთა არასწორი დგომა და თანკბილვის ანომალიები სტატისტიკურად მოსახლეობის 90%-ს აღენიშნება, თუმცა მათი მხოლოდ მესამედი მიმართავს სპეციალიზებულ ორთოდონტიულ მკურნალობას. ორთოდონტია (ბერძ. Oორტჰოს – სწორი) არის სტომატოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მიზეზებს, მათ პროფილაქტიკასა და მკურნალობას. წინათ თუ მიიჩნეოდა, რომ არასწორი თანკბილვის კორექცია მხოლოდ ბავშვთა ასაკში იყო შესაძლებელი, დღესდღეობით ის ნებისმიერი ასაკის ზრდასრულ პაციენტებთანაც წარმატებით ხორციელდება.
– რისი ბრალია თანკბილვის დარღვევა?
– ამ კუთხით უმთავრესი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას. გარდა ამისა, საყურადღებოა არასწორი ხელოვნური კვება, რაქიტი და ზოგიერთი სხვა დაავადება, პირღიაობა ანუ პირით სუნთქვა, ასევე – მავნე ჩვევები: თითის ან რაიმე ნივთის წოვა, ზარმაცი ღეჭვა, არასწორი ყლაპვა, თავის არასწორი მდებარეობა ძილის დროს, ენის კბილებს შორის მოქცევა, კბილების ნაადრევი ექსტრაქცია (ამოღება).
– უმთავრესად რა სახის დარღვევებია გავრცელებული?
– ყველაზე ხშირად გვხვდება მეზიალური (ქვედა ყბის წინ წამოწევა) და დისტალური (ზედა ყბის ზედმეტად წინ წამოწევა) თანკბილვა. მრავლადაა ერთეულ კბილთა დგომის ანომალიები, კბილთა მჭიდრო დგომა და კბილთა რკალების ანომალიებიც.
– რა დანიშნულება აქვს, გარდა ვიზუალური ეფექტისა, ორთოდონტიულ მკურნალობას?
– ცნობილია, რომ თანკბილვის ანომალიები, გარდა კოსმეტიკური ნაკლისა, კბილებისა და ღრძილების დაავადებებსაც იწვევს. არასწორი თანკბილვის დროს კბილებზე არათანაბრად ნაწილდება ღეჭვითი ძალა, რასაც დროთა განმავლობაში კბილების მორყევამდე, მათი ყელის გაშიშვლებამდე და კბილთაშორისი სივრცეების გაჩენამდე მივყავართ. არასწორი თანკბილვის დროს ხშირად ვითარდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებებიც, რასაც თან სდევს თავის ტკივილი, პირის გაღების დროს სახსრის ტკაცუნი, საღეჭი კუნთების ტკივილი და სხვა. აქედან გამომდინარე, ორთოდონტიული მკურნალობა გულისხმობს როგორც ესთეტიკური მხარის მოწესრიგებას, ისე სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკასაც.
– როგორ იკვლევთ პაციენტს?
– ორთოდონტიული პაციენტის გამოკვლევა გულისხმობს როგორც კლინიკურ, ისე დამატებით კვლევებსაც, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია რენტგენოლოგიურ კვლევას – ორთოპანტომოგრაფიას. ორთოდონტიული მკურნალობის დაგეგმვის განუყოფელი ნაწილია სახის ესთეტიკა, რაც ითვალისწინებს ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა სახის ოვალი, ცხვირის, ტუჩის, ნიკაპის ზომა და ფორმა. მხოლოდ სრული დიაგნოსტიკის შემდეგ ისახება ოპტიმალური მკურნალობის გეგმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვობაში და მოზარდ ასაკში, როცა ექიმი მხოლოდ კბილების ერთი პოზიციიდან მეორეში გადაადგილებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ყბა-კბილთა სისტემის ზრდისა და ფორმირების პროცესშიც ერთვება.
– როგორ ხერხდება თანკბილვის კორექცია?
– ორთოდონტიული მკურნალობა გულისხმობს თანკბილვის კორექციას ორთოდონტიული აპარატით. ამისთვის გამოიყენება როგორც მოსახსნელი, ასევე მოუხსნელი კონსტრუქციის აპარატები. მოსახსნელ აპარატებს მიეკუთვნება ფირფიტები (პლასტმასის ფირფიტები, რომლებიც მოთავსებულია სასაზე და კბილებზე სპეციალური მავთულით არის მიმაგრებული და რომლებსაც ექიმი პერიოდულად მექანიკურად არეგულირებს), კაპები (სილიკონის გამჭვირვალე, კბილის ყალიბის მსგავსი აპარატი, რომელიც ეტაპობრივად ასწორებს კბილებს და ნაკლებად შესამჩნევია), მოუხსნელს კი ბრეკეტები. ბრეკეტი პატარა ფირფიტებისგან შემდგარი ანაწყობია. ფირფიტები უშუალოდ ეწებება კბილის ზედაპირს და ერთმანეთთან დაკავშირებულია სპეციალური მასალისგან დამზადებული რკალით, რომლესაც მეხსიერება აქვს, ანუ როგორც არ უნდა შევუცვალოთ ფორმა, თავდაპირველი – ოვალური რკალის ფორმისკენ მიილტვის. აპარატის აქტივაცია ანუ მავთულის მაფიქსირებელი რეზინების გამოცვლა ხდება 4-6 კვირაში ერთხელ. შედეგის მისაღებად ბრეკეტის ტარება აუცილებელია 1.5-2 წლის განმავლობაში, ცალკეულ შემთხვევებში კი – 5 წელიც.
დღესდღეობით ბრეკეტებით მკურნალობა მოზარდებში ძალზე მოდური გახდა. ისინი სხვადასხვა ფორმისა და მასალისაა. ზოგიერთი ირჩევს მეტალის ბრეკეტებს, რომლებზეც შესაძლებელია ფერადი ლიგატურების ფიქსირება, ზოგიერთი კი გამჭვირვალეს, ნაკლებად შესამჩნევს, თუმცა მათზე შეიძლება დამაგრდეს ფლუორესცენციური ლიგატურები, რომლებიც ნეონის შუქზე ანათებს. კლუბში, დისკოთეკაზე თუ ბოულინგცენტრში ასეთი ნათება საკმაოდ ეფექტურია.
– რა შემთხვევაში გამოიყენება აპარატი და რა შემთხვევაში – ბრეკეტები ან კაპები?
– ყველა ასაკისთვის არსებობს მკურნალობის შესაბამისი გეგმა და აპარატიც ინდივიდუალურად ირჩევა. მოსახსნელ ორთოდონტიულ აპარატებს იყენებენ უმთავრესად ცვლადი თანკბილვის პერიოდში – 6-დან 10 წლამდე, როცა ხდება მუდმივი კბილების ამოჭრა და მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბება, 11-12 წლიდან კი, როცა მუდმივი კბილების ფესვთა ფორმირება მთავრდება – ბრეკეტებს. 
თუ ბავშვს მხოლოდ კბილთა დგომის ანომალია აქვს და სხვა პრობლემა არ შეინიშნება, თავდაპირველად ვუნიშნავთ მასაჟს.
12 წლამდე სპეციალური ტრეინერიც გამოიყენება. ეს გახლავთ ასაკობრივი სტანდარტის მქონე ელასტიკური მასალისგან დამზადებული ორივე ყბის ფუნქციონალური აპარატი, რომელიც ყბებისა და კუნთების განვითარებას უწყობს ხელს.
 – როგორი მოვლა სჭირდება ამ მოწყობილობებს?
– ფირფიტებით კორექციისას აუცილებელია მათი ყოველ დილა-საღამოს გამოღება და ჯაგრისით გახეხვა. სასურველია ყოველი ჭამის შემდეგ გამოღება და წყლით გადარეცხვა.
ბრეკეტს უფრო სერიოზული მოვლა სჭირდება – ყოველი ჭამის შემდეგ ხეხვა სპეციალური ჯაგრისით. მისი ტარებისას იკრძალება კბეჩა და მაგარი საკვების, მათ შორის – ჩიპსების, პოპკორნის, ფრის, თხილის, კურკიანი ხილის, მჭადის ქერქის, შოთის ყუის – ჭამა. ასევე არასასურველია საღეჭი რეზინის ღეჭვა.
– რამდენ ხანს გრძელდება თანკბილვის კორექცია?
– აპარატის ტარების ვადა ინდივიდუალურია და ანომალიის სახესა და სირთულეზეა დამოკიდებული. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა 1,5-2 წელია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება 3-4 წელიც გაგრძელდეს. ნებისმიერი ორთოდონტიული მკურნალობა გულისხმობს ექიმ ორთოდონტთან რეგულარულ ვიზიტს და შედეგიც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად პირნათლად შეასრულებს პაციენტი ექიმის რჩევა-დარიგებას.
– როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა მიღებული შედეგი?
– ორთოდონტიული აპარატის მოხსნის შემდეგ დგება რეტენციული ანუ შედეგის დაფიქსირების პერიოდი. ამ ეტაპზე გამოიყენება ერთი ან ორივე ყბის მოსახსნელი ან მოუხსნელი აპარატები, რომლებიც ხელს უშლის კბილების გადაადგილებასა და რეციდივს. რეტენციული აპარატების გამოყენების ვადა ანომალიის სახესა და სირთულეზეა დამოკიდებული და ექიმი მას ინდივიდუალურად განისაზღვრს. ჩვეულებრივ, პირველი სამი თვის განმავლობაში მისი მუდმივად ტარებაა სასურველი, მერე კი – მხოლოდ ღამით.
– ხშირად უწევს თუ არა ადამიანს სილამაზისთვის ჯანმრთელი კბილის შეწირვა?
– ორთოდონტიული მკურნალობისას, ჩვენებისამებრ, ხშირად გვიწევს მუდმივი კბილების ამოღება. როგორც წესი, ხდება პირველი პრემოლარების (მეოთხე კბილების) სიმეტრიული ექსტრაქცია, თუმცა შესაძლოა, სამი ან ოთხი მუდმივი კბილის ამოღებაც კი დაგვჭირდეს.
– რას გულისხმობს თანკბილვის დარღვევის პროფილაქტიკა და რა ასაკშია რეკომენდებული, ბავშვი ორთოდონტს ვაჩვენოთ?
– ყბა-კბილთა სისტემის პროფილაქტიკისთვის ყველაზე სასურველი პერიოდი სარძევე თანკბილვის ფორმირებასთან დაკავშირებული ყბების აქტიური ზრდის პერიოდია, რაც ემთხვევა წინასასკოლო და სკოლამდელ ასაკს. ამ პერიოდში იჩენს თავს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორების კლინიკური ნიშნები. ამიტომ ყველა დედას ვურჩევდი, ბავშვები 3-4 წლიდან გაასინჯონ ორთოდონტს. მშობელთა დიდ ნაწილს ჰგონია, რომ სარძევე თანკბილვა არ მოითხოვს ყურადღებას და სარძევე კბილების მოცვლას, მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბებას ელოდება. ეს შეცდომაა. სწორ თანკბილვაზე ზრუნვა მცირე ასაკიდანვე აუცილებელია.
აუცილებელია მავნე ჩვევების აღმოფხვრაც: ბავშვი დროულად უნდა გადავაჩვიოთ საწოვარას, თითის, ენის წოვას, – ასეთი ჩვევები ყბას ფორმას უცვლის, მის რკალს არღვევს, – შევურჩიოთ ზომიერი ბალიში, ვეცადოთ პირღიაობის პრობლემის მოგვარებას – მისი მიზეზი ხშირადაა ადენოიდები, რომლებიც უნდა ამოიკვეთოს. თუ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმმა დაგვიდასტურა, რომ სასუნთქი გზები გამავალია, ცხვირით სუნთქვა თავისუფალია, შეიძლება პირგარეთა აპარატის გამოყენებაც. ეს არის ნაჭრისგან შეკერილი ქუდი, რომელსაც ბავშვი ღამღამობით იხურავს და პირმოკუმულს სძინავს. 
ყბა-სახის ანომალიების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ენის არასწორი მდებარეობა. წესით, ენა ზედა ყბას უნდა ებჯინებოდეს, პირღიაობის დროს კი ის უმეტესად ქვედა ყბაზე მდებარეობს, რაც ზედა ყბის კბილთა რკალის ჩამორჩენას იწვევს. ვინაიდან ენის პრობლემები მეტყველების დარღვევითაც შეიძლება გამოვლინდეს, როგორც კი მშობელი ბავშვს არასწორ მეტყველებას შეამჩნევს, ლოგოპედთან უნდა მიიყვანოს, რომელიც ვარჯიშებითა და მასაჟებით გაუსწორებს ენის მდებარეობასა და მეტყველებას.
ეს ღონისძიებები 4-5 წლიდან ერთობლივად უნდა დაიწყონ ორთოდონტმაც და ლოგოპედმაც.
მარი აშუღაშვილი
გააზიარე: