როცა დედას აგვიანდება

გააზიარე:
გახანგრძლივებული სასწავლო ფორმატი სკოლებში – ბევრი მშობლისთვის გარდაუვალი, აუცილებელი გადაწყვეტილებაა. დღეს თითქმის ყველა კერძო სკოლა და საჯარო სკოლების უმეტესობა ითვალისწინებს მშობლების ამ საჭიროებას და სთავაზობს მათ ბავშვების დატოვებას ძირითადი გაკვეთილების შემდეგ. სხვადასხვა სკოლა სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფს მსურველს. ფასისა და სკოლის პროფილის გათვალისწინებით, ეს შეიძლება იყოს დამატებითი წრე, საშინაო დავალებების მომზადება, თავისუფალი გრაფიკი და სხვა. არსებობს თუ არა რაიმე სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს გახანგრძლივებული დღის ფორმატით მომუშავე სკოლა?


ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, “ყველა სკოლას შეუძლია, საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების ფარგლებში შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება. ეს შეიძლება იყოს დამატებითი საგანი ან წრე. ყველა დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება სასკოლო საათობრივ ბადეში უნდა აღინიშნოს, ასევე მიეთითოს დრო და პედაგოგი`წრის ხელმძღვანელი თუ სხვა.
დამატებითი საგანი შეიძლება ისწავლებოდეს ფაკულტატური ან სავალდებულო სახით.
სასკოლო სასწავლო გეგმით განსზღვრული დამატებითი ფაკულტატური საგანი`წრე შეიძლება იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი ნებისმიერი საგანი (მაგ., ფოტოგრაფია, ცეკვა). დამატებით ფაკულტატურ საგანს`წრეს მოსწავლეები სურვილის მიხედვით ესწრებიან. ასეთი სახის მომსახურება სკოლამ შეიძლება შესთავაზოს მოსწავლეს როგორც სკოლის ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული, ასევე ფასიანი მოსახურების სახით. თითოეულ კლასში სკოლას უფლება ეძლევა, სავალდებულო საათებს დაამატოს გარკვეული რაოდენობის საათები, რომელთაც იყენებს მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებითი საგნებისა თუ ფაკულტატური კურსების ჩასატარებლად”.
ამდენად, სკოლებისთვის ერთიანი პროგრამა ან სტანდარტი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საშუალო განათლების დაწესებულება, არ არსებობს.
ჰიგიენური ნორმები და დღის რეჟიმი დოკუმენტში მხოლოდ გაკვრითაა ნახსენები: „საათების დამატებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს სასწავლო დღისა და გაკვეთილის რეკომენდებული ხანგრძლივობა და საათების დამატებისას ყურადღება მიაქციოს იმას, რომ მოსწავლეებს შუალედებში სათანადოდ დასვენების საშუალება ჰქონდეთ“, თუმცა გარდა სათანადო დასვენების საშუალებისა, მოსწავლეებს, რომლებიც გახანგრძლივებულად იმყოფებიან სკოლაში, სჭირდებათ კვება, რეჟიმი და შესაბამისი გარემო. 
სამწუხაროდ, მოზარდი ადამიანის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე ოფიციალურ წყაროში არაფერია მითითებული.
როგორია „გახანგრძლივებული“ პრაქტიკაში, რა შენიშვნები და მოსაზრებები აქვთ მშობლებს და როგორია თავად მოსწავლეების დამოკიდებულება გახანგრძლივებული დღის ფორმატისადმი?
ამ კითხვებზე პასუხებისთვის თბილისის რამდენიმე სკოლას მივმართეთ.
გაკვეთილები დასრულდა. მოემზადეთ გაკვეთლებისთვის!
უნდა აღინიშნოს, რომ კერძო სკოლებში პროცესი მეტ-ნაკლებად ორგანიზებული და მოწესრიგებულია, საჯარო სკოლების უმეტესობაში ბავშვები უმთავრესად იმავე კლასებში აგრძელებენ ყოფნას, სადაც ძირითადი გაკვეთილები უტარდებოდათ. როცა კონტიგენტი მცირეა, კლასები ერთიანდება და რამდენიმე სხვადასხვა კლასის მოსწავლე ერთ ოთახში იყრის თავს. ასე უმეტესად დაწყებით კლასებში ხდება.
ანი ტუღუში, მეხუთე კლასის მოსწავლე:
– გახანგრძლივებულში შარშან ვრჩებოდი. თავიდან ძალიან მომწონდა, თან ვერთობოდით, თან ვმეცადინეობდით. ბავშვები სხვა კლასებიდანაც შემოდიოდნენ. მერე აღარ მომინდა გახანგრძლივებულში დარჩენა. დედა და მამა მუშაობენ, ამიტომ ბებოს გამოვყავარ სკოლიდან და გაკვეთილების შემდეგ აღარ ვრჩები.
რამდენად ეფექტური იქნება განსხვავებული კლასის მოსწავლეთა ერთ ოთახში მეცადინეობა, ძნელი მისახვედრი არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, როცა კლასები არ ერთიანდება, საშინაო დავალებების შესრულების ხარისხი საეჭვოა, რადგან ბავშვები დაუდევრად მუშაობენ და ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან შესასრულებელ დავალებას. ასე რამდენიმე მიზეზის გამო ხდება: ძირითადი გაკვეთილებიდან პირდაპირ გახანგრძლივებულ ჯგუფში გადასვლისას მათ არ აქვთ ჯეროვნად დასვენების საშუალება, არ ხდება მოსწავლეების განტვირთვა სასწავლო პროცესისგან და ჯგუფში მუშაობისას დავალებები ერთობლივად და უფრო “მხიარულად“ სრულდება.
თამარ ხორავა, პედაგოგი:
– იმისთვის, რომ მოსწავლემ კარგად აითვისოს ახალი მასალა და განიმტკიცოს უკვე ნასწავლი, მნიშვნელოვანია რამდენიმე აქტივობის შესრულება: მან უნდა მოისმინოს ახსნილი, შეასრულოს საკლასო სამუშაო და ყურადღებით მოეკიდოს საშინაო დავალებას. ბავშვები, რომლებიც ძირითადი გაკვეთილების შემდეგაც რჩებიან სკოლაში და იქვე ასრულებენ დავალებებს, ცოტა არ იყოს, დაუდევრად ეკიდებიან ამ უკანასკნელს. იდეალურ შემთხვევაში, გახანგრძლივებულში მუშაობისას მოსწავლემ დავალება უნდა შეასრულოს “შავად“, ან ცალკე რვეულში, შემდეგ კი სახლში მისცეს დასრულებული სახე. ასე, ცხადია, არ ხდება. ბავშვები ისედაც ზედმეტად იტვირთებიან დამატებითი გაკვეთილებით. იმავეს სახლში გაკეთება მათთვის წარმოუდგენელია. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სახლში მუშაობა გაცილებით ეფექტური და საფუძვლიანია, რადგან ერთად მეცადინეობის დროს ბევრს უჭირს ყურადღების კონცეტრირება მოცემულ დავალებაზე.
კვება
დღესდღეობით სკოლებში ჯანსაღი კვება პრობლემური საკითხია. ჯანსაღი რაციონი, ცხელი და წვნიანი კერძები ყველგან არ არის ხელსმისაწვდომი. ბავშვები, უმეტესწილად, მშრალ და სწრაფადმომზადებად საკვებს (ე.წ. ფასტფუდს) სჯერდებიან. ბევრგან დგას სპეციალური აპარატი, სადაც შესაძლებელია სასუსნავის, გაზირანი სასმელებისა და ტკბილეული შეძენა. ბავშვი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სკოლაში რჩება, ფაქტობრივად, “უზრუნველყოფილია“ ჯანმრთელობისთვის მავნე და უვარგისი საკვებით.
მარი მახათაძე:
– ჩემი შვილი კერძო სკოლაში დამყავს. სადილად წვნიანი ყოველდღე აქვთ, მაგრამ ვიცი, რომ ან საერთოდ არ ჭამს, ან ძალიან ცოტას მიირთმევს. ურჩევნია, გარეთ გავიდეს და აპარატიდან შეიძინოს ტკბილეული. ბუფეტში ფუნთუშები და ბუტერბროდებიც იყიდება. რადგან სკოლაში ძირითადი გაკვეთილების შემდეგაც რჩება, ფულს ყოველთვის ვატან, რომ რამე იყიდოს და ჭამოს. ასე იქცევა ყველა მისი თანაკლასელიც. ალბათ, ვერ მოხერხდება ისე, რომ სკოლის ტერიტორიაზე ტკბილეული არ იყიდებოდეს. მოხარული ვიქნებოდი, მათ ნაცვლად ხილი, თხილეული ან რაიმე ნაკლებად მავნე რომ გაიყიდოს.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დღის იმ მონაკვეთში, რასაც სკოლაში ატარებს, იღებდეს კვების პირამიდის ძირითად კომპონენტებს. ასეთ დროს არცთუ ურიგო გამოსავალია ხემსის წინასწარ მომზადება და სკოლაში გატანება. უყიდეთ ბავშვს სპეციალური კონტეინერი, გაითვალისწინეთ მისი გასტრონომიული მიდრეკილებები და სკოლაში გაატანეთ საკვები, რომლის ვარგისობაშიც თავად ხართ დარწმუნებული.
სკოლა თუ შემნახველი საკანი?
ზემოთქმულიდან ისე ჩანს, თითქოს გახანგრძლივებული დღე სკოლებში ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი და მიუღებელია ბავშის ნორმალური განვითარებისთვის, თუმცა სწორად დაგეგმვის და ფორმირების შემთხვევაში გახანგრძლივებულ დღეს ბევრი პლიუსიც შეიძლება ჰქონდეს.
. ურთიერთობა და სოციალური უნარები. თანატოლებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანი სოციალური უნარების გამომუშავება ხდება. რაც უფრო ხშირია ურთიერთობა, მით მეტია გამოცდილებაც. გახანგრძლივებული დღე სკოლაში სოციალურად ღირებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, უდავოდ, ხელს უწყობს. ბავშვი ეჩვევა სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციას, იწრთობა და ვითარდება ამ კუთხით.
. განვითარება-შემეცნება. კლასგარეშე სწავლება შესაძლებლობების სხვადასხვა კუთხით რეალიზებისთვის ზედგამოჭრილია. ზოგიერთ სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე, სადაც ბავშვებს შეუძლიათ მოძებნონ მათი ინტერესის სფერო, მოსინჯონ ძალები სხვადასხვა მიმართულებით.
ამდენად, გახანგრძლივებული უნდა იქცეს სასწავლო-შემეცნებითი პროცესის განუყოფელ ნაწილად. ამასთან ერთად, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ბავშვის განვითარების ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ასპექტებიც.
თეა გაჩეჩილაძე, ბავშვთა ნევროლოგი:
– სასურველია, გახანგრძლივებული დღის ფორმატის მქონე სკოლებმა შეიმუშაონ ისეთი პროგრამა მოსწავლეებისთვის, რომ მათ არ შეექმნათ დისკომფორტი მთელი დღე სკოლაში ყოფნისგან. დღე ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ბავშვმა შეძლოს განტვირთვაც, დასვენებაც და განვითარებაც.
ძირითადი გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებმა სუფთა ჰაერზე უნდა დაისვენონ. ასეთ დროს მიზანშეწონილია ფიზიკური აქტივობები, სპეციალური სავარჯიშოები, მოძრავი თამაშები... გონებრივი აქტივობის შემდეგ ამგვარი ფიზიკური განტვირთვა აუცილებელია. ყურადღება უნდა მიექცეს სწორ კვებას და ბავშვების უზუნველყოფას ვიტამინებით მდიდარი საკვებით. ვფიქრობ, სკოლაში საერთოდ უნდა იკრძალებოდეს ისეთი პროდუქციის შეტანა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოზარდის ჯანმრთელობას. ასეთია ნაირ-ნაირი ცომეული, ტკბილეული, ქიმიური, გაზიანი სასმელები. მე თვითონ მშობელი ვარ და ჩემს შვილს და მის თანაკლასელებს ხშირად ვესაუბრები ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე. ვცდილობ, ბავშვს სკოლაში გავატანო ხილი ან ბოსტნეული.
ოდესაში სტაჟირების დროს ძალიან მომეწონა ერთი იქაური კერძო სკოლის გახანგრძლივებული დღის ფორმატი. ბავშვები უბრალოდ კი არ რჩებოდნენ სკოლაში მშობლების მოსვლამდე, არამედ დროს ატარებდნენ სასიამოვნოდ და მათთვის სასარგებლოდ. აქ არ ხდებოდა იმ დღეს მოცემული საშინაო დავალებების შესრულება. სკოლაში ფუნქციონირებდა რამდენიმე წრე – ხატვის, სიმღერის, თეატრალური, კითხვის, ხეზე კვეთის, ორთაბრძოლების, სპორტის სხვადასხვა სახეობის. იყო აგრეთვე სხვადასხვა სარეკრეაციო ზონა და ბავშვები სურვილისამებრ ირჩევდნენ სასურველ საქმიანობას. ვისურვებდი, მსგავსი პრაქტიკა ჩვენს სკოლებშიც დანერგილიყო. ასეთ შემთხვევაში გახანგრძლივებულში დარჩენა უსიამოვნო ვალდებულება ან საშინაო დავალებების იძულებით შესასრულებელი მექანიზმი კი არ იქნება, არამედ ბავშვების სწორ და ჯანსაღ განვითარებას შეუწყობს ხელს.
მართლაც, ურიგო არ იქნება გამოცდილების გაზიარება და ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რომელიც დაავალდებულებს სკოლებს, შეუქმნან მოსწავლეებს სათანადო პირობები. გაკვეთილების შემდეგ შვილის სკოლაში დატოვება, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ბევრი მშობლისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა. კარგი იქნება, თუკი გახანგრძლივებული დღე ბავშვებისთვის საშუალო განათლების მიღების განუყოფელ, ჰარმონიულ და სასიამოვნო ნაწილად იქცევა.

გააზიარე: