10 რჩევა ბავშვის წარმატებისთვის

გააზიარე:

 მშობლის მხარდაჭერა ბავშვისთვის ნებისმიერ ასაკში აუცილებელია, მაგრამ დაწყებითი კლასის მოსწავლეს ის განსაკუთრებით სჭირდება. პატარა იცვლის ცხოვრების წესს, იძენს უამრავ ახალ ნაცნობს და უნარს. ამ დროს მშობლის გვერდით დგომა მას ძალიან ეხმარება.

გთავაზობთ 10 რჩევას, რომლებიც გამოგადგებათ, რათა დაწყებით კლასებში შვილის წარმატებას ხელი შეუწყოთ.

 

1. დაესწარით მშობელთა კრებებს

ცნობილია, რომ სკოლის ცხოვრებაში ჩართული მშობლების შვილებს იმ ბავშვებზე გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ, ვისი მშობლებიც ინტერესს არ ამჟღავნებენ შვილების სასკოლო აქტივობათა მიმართ, ამიტომ ეცადეთ, მშობელთა კრებები არ გამოტოვოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო წლის დასაწყისში გამართული კრება, რომელზეც გაიცნობთ თქვენი შვილის მასწავლებელს, გაიგებთ მის მიზნებსა და მოლოდინებს, გაეცნობით სკოლის წესებსა და სასწავლო პროგრამას.

მშობელთა კრებაზე შეიტყობთ თქვენი შვილის სირთულეებისა თუ მიღწევების შესახებ, პედაგოგთან ერთად მოძებნით საუკეთესო გზას მის დასახმარებლად და წასახალისებლად. ასეთი შეხვედრები ბავშვს აიმედებს, რომ მშობლები, თუმცაღა სკოლაში არ არიან, გვერდით უდგანან და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან. ეს სახლიდან შორს, უცხო გარემოში ყოფნის განცდასაც უმსუბუქებს. მშობლისა და მასწავლებლის კარგი ურთიერთობა საგრძნობლად უადვილებს ბავშვს სკოლასთან ადაპტაციას.

გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის მასწავლებელთან, სასწავლო ნაწილთან, თუნდაც სკოლის დირექტორთან შეხვედრა წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ. თქვენ ამის უფლება გაქვთ.

 

2. ეწვიეთ სკოლის ვებგვერდს

აქ ბევრ რამეს გაიგებთ სკოლის შესახებ და უფრო ადვილად აჰყვებით ბავშვს საუბარში, როცა ის სკოლის ამბების მოყოლას დაიწყებს.

ვებგვერდზე გაეცნობით:

•  სკოლის განრიგს;

•  პერსონალის საკონტაქტო ინფორმაციას;

•  დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკს;

• ტესტებისა და გამოცდების გრაფიკს;

ურიგო არ იქნება, სკოლის გეგმასაც გადაავლოთ თვალი და გაიგოთ კაფეტერიის, სპორტდარბაზისა და სხვა ოთახების ადგილმდებარეობა.

მასწავლებლები მშობლებისთვის ხშირად ქმნიან სოციალური მედიის ჯგუფებს, სადაც იგეგმება ექსკურსიები, გასვლითი და სხვა ღონისძიებები. ასეთი ჯგუფები არა მხოლოდ მასწავლებელთან, არამედ სხვა მშობლებთან ურთიერთობის საშუალებასაც იძლევა. თუ თქვენი შვილის კლასში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს, შეგიძლიათ, თავად გამოიჩინოთ ინიციატივა და მშობლებს ჯგუფის შექმნა შესთავაზოთ.

 

3. დაეხმარეთ საშინაო დავალების შესრულებაში

დაწყებით კლასებში საშინაო დავალებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ის ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობას უღვივებს და სამუშაოს განსაზღვრულ დროში შესრულებას ასწავლის, რაც სკოლის კედლებს გარეთაც აუცილებელია.

უნდა მიახვედროთ ბავშვს, რამდენად მნიშვნელოვანია საშინაო დავალების დროულად და სრულფასოვნად შესრულება. ამასთან, შეუქმნათ ზედმიწევნით კომფორტული გარემო. კარგად განათებულ, მყუდრო ოთახში ბავშვი უფრო ადვილად მოახერხებს კონცენტრაციას და დავალებასაც უკეთ შეასრულებს.

კარგი იქნება, თუ დაუწესებთ მეცადინეობის დაწყებისა და დასრულების დროს. ამ დროს ბავშვები მთლიანად დავალებაზე კონცენტრირდებიან და მეტი სტიმული აქვთ, რადგან იციან, რომ თუ სწორად შეასრულებენ დავალებას, კონკრეტულ საათზე დასვენების დრო დაიწყება.

მეცადინეობისას დაეხმარეთ ბავშვს დავალების მითითებათა სწორად გაგებაში, აუხსენით გაურკვეველი ამოცანები და წინადადებები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეასრულოთ დავალება მის მაგივრად. საკუთარ შეცდომებზე სწავლა ბავშვის გონებრივი განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ნუ შეუშლით ამ პროცესს ხელს.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი შვილი მეტისმეტად იღლება და საჭიროზე მეტ ხანს უთმობს საშინაო დავალების შესრულებას, ჯერ თავად ბავშვთან გაარკვიეთ მიზეზი, მერე კი მის მასწავლებელს გაესაუბრეთ.

 

4. მოამზადეთ სკოლაში წასვლამდე

სკოლაში წასვლამდე ნოყიერი საუზმე აუცილებელია. ბავშვები, რომლებიც ყოველ დილით საუზმობენ, ენერგიით სავსენი არიან, ადვილად კონცენტრირდებიან, კარგი მეხსიერება აქვთ და ამიტომ უკეთესადაც სწავლობენ.

თუ ბავშვს სკოლაში აგვიანდება და საუზმობას ვერ ასწრებს, საგზალი მოუმზადეთ და თან გაატანეთ.

წარმატების კიდევ ერთი საწინდარი სრულფასოვანი ძილია. გამოუძინებელი ბავშვი გაღიზიანებულია, დათრგუნული და სწავლისადმი უარყოფითადაა განწყობილი. გამოუძინებლობა მის ჯანმრთელობაზეც უარყოფით გავლენას ახდენს. ამიტომ სკოლის პერიოდში შეიმუშავეთ ერთსა და იმავე დროს დაძინების რუტინა. ეცადეთ, დაწოლამდე ბავშვს ჰქონდეს თავისუფალი დრო, რომელსაც განტვირთვისთვის გამოიყენებს. არ არის სასურველი ძილის წინ აქტიური თამაში, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ყურება.

 

5. მიაჩვიეთ ორგანიზებულობას

ორგანიზებული ბავშვი სწორად ანაწილებს დროს და დასასვენებლად მეტი ხანი რჩება. მიაჩვიეთ შვილი წესრიგს, აკონტროლეთ, რომ სამუშაო კუთხე მუდამ დალაგებული ჰქონდეს, ასწავლეთ დღიური გეგმის შედგენა და მთელი დღის განმავლობაში შესასრულებელი დავალებების დახარისხება. მაგალითად, სია შეიძლება ასეთი იყოს:

1. საშინაო დავალება

2. ფეხბურთი

3. ოთახის დალაგება

 

6.ასწავლეთ გამოცდებისთვის მომზადება

გამოცდა და ტესტირება არათუ ახალბედებს, უფროსკლასელებსაც კი აშინებთ, ამიტომ დაწყებით კლასებშივე ასწავლეთ ბავშვს სწორად მომზადება. მიაჩვიეთ გაკვეთილების მიმდინარეობისას ჩანაწერების კეთებას, მასწავლებლის აქცენტების ჩანიშვნას.

სასურველია, მოსალოდნელი ტესტირებისა თუ გამოცდის შესახებ ერთი კვირით ადრე მაინც იცოდეთ, რათა ბავშვი ნაბიჯ-ნაბიჯ, შესვენებებით მოამზადოთ და ტესტირების წინა ღამის გათენება არ მოგიწიოთ.

დაწყებით კლასებში ჩამოყალიბებული ჩვევა ბავშვს მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება.

 

7.მიაჩვიეთ დისციპლინას

ყველა სკოლას აქვს ქცევის წესები, რომელთა დაცვაც ყოველ მოსწავლეს მოეთხოვება. წესები მოიცავს დაგვიანებას, ხშირ გაცდენას, შეუსაბამო ჩაცმულობას, ელექტროგაჯეტების გამოყენებას, ბილწსიტყვაობას. აუხსენით ბავშვს, რატომაა საჭირო თითოეული ამ წესის დაცვა. რა თქმა უნდა, ამას მასწავლებელიც გააკეთებს, მაგრამ მშობლის დარიგებას ბავშვი ყოველთვის უფრო მეტად ითვალისწინებს.

ბავშვებს ძალიან ეხმარება, როდესაც სკოლაში არსებული წესები ემთხვევა სახლის წესებს. მაგალითად, თუ შინ ბილწსიტყვაობის გამო შენიშვნას არ აძლევთ, ვერ გაიგებს, რატომ უკრძალავენ ამას სკოლაში და გაურკვევლობა შემდგომ აგრესიაში გადაეზრდება.

 

8.ჩაერთეთ სკოლის აქტივობებში

უმცროსკლასელებს მოსწონთ, როცა მშობლებს სკოლაში ხედავენ – ეს მათ დაცულობის შეგრძნებას მატებს, ამიტომ ეცადეთ, შეძლებისდაგვარად ჩაერთოთ სკოლის აქტივობებში, მაგრამ თუ შეატყვეთ, რომ ზედმეტი მოგდით და თქვენს შვილს აღარ სიამოვნებს თქვენი ასეთი ჩართულობა მის სასკოლო ცხოვრებაში, ვიზიტებს მოუკელით.

ბავშვს აგრძნობინეთ, რომ სკოლაში არა მის გასაკონტროლებლად, არამედ მის და მისი მასწავლებლების დასახმარებლად დადიხართ. ამერიკაში ჩვეულებადაა ქცეული ყოველწლიური თუ ყოველთვიური ღონისძიებები, რომლებსაც მშობლები სკოლის ტერიტორიაზე მართავენ. საქართველო ასეთი პრაქტიკით ვერ დაიკვეხნის, თუმცა აქაც შეხვდებით სკოლებს, სადაც მსგავსი აქტივობები დანერგილია. თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ინიციატორი და თანამოაზრე მშობლებთან ერთად იზრუნოთ ამ მხრივ სკოლების განვითარებაზე, რადგან ამერიკული პრაქტიკიდან ვიცით, რომ მსგავსი ღონისძიებები ბავშვებზე ძალზე დადებითად მოქმედებს.

 

9.სერიოზულად მიუდექით გაცდენებს და დაგვიანებებს

გარდა იმისა, რომ გაკვეთილებზე დაგვიანება და სკოლის უმიზეზოდ გაცდენა ბავშვს უპასუხისმგებლობას აჩვევს, ის თანაკლასელებსაც ჩამორჩება და ორმაგი შრომა უწევს მომავალი ტესტირებისა და გამოცდისთვის.

ეცადეთ, ბავშვი გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენას არ შეაჩვიოთ. მას გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ სკოლას აცდენს მხოლოდ ის, ვინც ავადაა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაკვეთილებზე დასწრება არ შეუძლია.

თუ ბავშვი მეტისმეტად ხშირად გთხოვთ სახლში დატოვებას და უარს ამბობს სკოლაში სიარულზე, შესაძლოა, საქმე მხოლოდ სიზარმაცეში არ იყოს – გაარკვიეთ, სკოლაში ვინმე ხომ არ ჩაგრავს ან რამე სხვა პრობლემა ხომ არ აწუხებს, რომლის უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლება. გაესაუბრეთ ბავშვს, შეეცადეთ, ძალდაუტანებლად მოაყოლინოთ, რა აწუხებს. თუ განდობა არ მოისურვა, აუცილებლად მიმართეთ მის მასწავლებელს და სკოლის ფსიქოლოგს, რათა უმტკივნეულოდ დაეხმარონ ბავშვს პრობლემის მოგვარებაში.

 

10.ისაუბრეთ სკოლის შესახებ

რაც უნდა დატვირთული გრაფიკი გქონდეთ, ეცადეთ, ყოველდღე გამონახოთ რამდენიმე წუთი შვილთან სასაუბროდ. დაწყებით კლასებში პატარებს უხარიათ და ეხალისებათ მშობლებისთვის სკოლის ამბების მოყოლა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ შვილთან საუბარს პატარაობიდანვე დაიწყებთ, გარდატეხის პერიოდში ნაკლები იქნება შანსი, ჩაიკეტოს და თავის სამყაროში აღარ შეგიშვათ.

საუბრისას აგრძნობინეთ პატარას, რომ მართლა გაინტერესებთ მისი მონათხრობი. შუა საუბარში ნუ დაიწყებთ ტელეფონის შემოწმებას. როცა ბავშვი დაინახავს, რომ მისი სასკოლო ცხოვრება თქვენთვის მნიშვნელოვანია, ის მისთვისაც მნიშვნელოვანი გახდება. ისიც გახსოვდეთ, რომ სწორად წარმართული დიალოგი ბავშვს საუბრის ეთიკას ასწავლის, გადმოცემისა და მოსმენის უნარს უვითარებს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: