მალათაშუა პრობლემები

გააზიარე:
წელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია ზრდასრულ მოსახლეობაში. ათიდან რვა კაცი ერთხელ მაინც შეუწუხებია წელის მწვავე ტკივილს, რომელიც რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის, ათიდან ოთხი კი ქრონიკულ ტკივილს უჩივის.

წელის ტკივილი უმეტესად არ არის საშიში და არც სპეციფიკურ გამოკვლევასა თუ მკურნალობას მოითხოვს, მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით – ხანგრძლივი მიმდინარეობისას, იგი დაავადების სიმპტომია და სათანადო ყურადღებას საჭიროებს. ერთ-ერთი ასეთი
დაავადებაა წელის მალათაშუა დისკის თიაქარი, რომლის შესახებაც “ავერსის კლინიკის” ექიმი, ნევროლოგი გვანცა გიორგაძე გვესაუბრება.
– რას ნიშნავს მალათაშუა დისკის თიაქარი?
– ხერხემალი პირობითად შეიძლება ერთგვარ სამოძრაო სეგმენტებად დავყოთ. თითოეული ასეთი სეგმენტი მოიცავს ორი მეზობელი მალის სხეულს, მალათაშუა დისკს და ორ ფასეტურ სახსარს. მალათაშუა დისკი მალებს შორის არის მოთავსებული. გარშემო მას ფიბროზული რგოლი აკრავს, შიგთავსი კი თხევადი, ჟელატინისებურია. სამოძრაო სეგმენტში დისკი ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებს – მოძრაობის ელასტიკურობას განაპირობებს. თუ რაიმე მიზეზით ფიბროზული რგოლის მთლიანობა დაირღვა, დისკის თხევადი შიგთავსი გარეთ იღვრება. ასე ყალიბდება თიაქარი.
– რა იწვევს წელის მალათაშუა დისკის თიაქარს?
– მალათაშუა დისკის თიაქარი ყველაზე ხშირად წელის სეგმენტში გვხვდება, შედარებით იშვიათად – კისრის, გაცილებით იშვიათად კი გულმკერდის სეგმენტში. გამოყოფენ მისი განვითარების სამ ძირითად ფაქტორს: ასაკს, ჭარბ წონასა და ფიზიკურ გადატვირთვას.
მალათაშუა დისკების ასაკობრივ დეგენერაციულ ცვლილებებს სპონდილოზს უწოდებენ. როგორც აღვნიშნეთ, დისკის უმეტესი ნაწილი თხევადია. ასაკთან ერთად ხდება მისი გაუწყლოება, შედეგად კი გარეთა შრე უფრო ადვილად ზიანდება, სკდება, ირღვევა დისკის მთლიანობა. ამას მოჰყვება სამოძრაო სეგმენტის შემადგენელი ორივე მალის სხეულისა და ფასეტური სახსრის დეგენერაცია, საბოლოოდ კი იოგებისა და ხერხემლის სვეტის მიმდებარე სხვა რბილი ქსოვილების დაზიანებაც, ირღვევა სეგმენტის ნორმალური სტრუქტურა, ყალიბდება სეგმენტური სპინალური არასტაბილობა.
ჭარბი წონის დროს ხერხემლის წელის სეგმენტზე ზეწოლა ძლიერდება, რაც ხელს უწყობს სპონდილოზის პროგრესირებას და ზრდის დისკის თიაქრის ჩამოყალიბების რისკს.
არასწორი ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, მაგალითად, სიმძიმის აწევის დროს მალათაშუა დისკის თიაქარი მწვავედ ყალიბდება, ტკივილი ძალზე ინტენსიურია და ზღუდავს მოძრაობას. 
– რა სიმპტომებით ვლინდება მალათაშუა დისკის თიაქარი?
– ხშირად თიაქარს არავითარი სიმპტომი არ ახლავს თან და მას შემთხვევით გამოავლენენ, მაგალითად, რენტგენოგრაფიის დროს. მაგრამ თუ თიაქარი დააწვა მიმდებარე ნერვულ ფესვებს, წარმოიშობა შესაბამისი სიმპტომები:
. ტკივილი წელის არეში, რომელიც ვრცელდება დუნდულაზე, ბარძაყზე, წვივზე და, შესაძლოა, ტერფზეც. მოძრაობის, ხველისა თუ ცემინების დროს ტკივილი ელვისებურად გაივლის ფეხში.  ზოგჯერ ტკივილის ნაცვლად ან მასთან ერთად დაჭიმულობის შემაწუხებელი შეგრძნებაც იჩენს თავს;
. დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ფეხში;
. სისუსტე დაზიანებული ფესვის საინერვაციო კუნთებში, მაგალითად, ტერფის აწევის გაძნელება და სხვა.
– როდის არის საჭირო გადაუდებელი დახმარება?
– გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაა საჭირო, როცა:
. სიმპტომები პროგრესირებს და ზოგადი მდგომარეობა უარესდება;
. დარღვეულია შარდვა ან დეფეკაცია;
. დაქვეითებულია მგრძნობელობა უნაგირის ტიპით – ბარძაყის შიგნითა და უკანა ზედაპირებზე, ანალური ხვრელის გარშემო.
– როგორ სვამენ წელის მალათაშუა დისკის თიაქრის დიაგნოზს?
– პირველი და უმნიშვნელოვანესი საფეხურია დაავადების განვითარების ისტორიის (ანამნეზის) დეტალური შესწავლა და პაციენტის გასინჯვა. საჭიროებისამებრ, ინიშნება რენტგენოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ნერვის დაზიანების ხარისხის შესაფასებლად კი ნეირომიოგრაფია. 
– როგორ მკურნალობენ წელის მალათაშუა დისკის თიაქარს?
– კონსერვატიული მკურნალობა, რომელიც უმთავრესად ფიზიკური აქტივობის სპეციფიკურ რეჟიმს, ფიზიოთერაპიასა და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიღებას გულისხმობს, ეფექტურია ათიდან ცხრა შემთხვევაში. უმეტესად სიმპტომები პრაქტიკულად მთლიანად უკუვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 თვის შემდეგ.
მედიკამენტებიდან უმთავრესად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული, ტკივილგამაყუჩებელი, ზოგჯერ კი ნარკოტიკული საშუალებები, მიორელაქსანტები. ნეიროპათიული ტკივილის, ასევე დაბუჟების, ჭიანწველების ცოცვის შეგრძნების მოსახსნელად ინიშნება ანტიკონვულსიური (ეპილეფსიის საწინააღმდეგო) ან ანტიდეპრესიული მოქმედების მედიკამენტები. ეფექტურია სტეროიდის ინექცია უშუალოდ დაზიანებული ნერვული ფესვის მიმდებარე არეში.
განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება ფიზიოთერაპიას. აუცილებელია, ექიმთან ერთად შემუშავდეს რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მოიცავს დატვირთვის მართებულ რეჟიმს, ულტრაბგერით თერაპიას,  ელექტროთერაპიას და სხვა.
– როდის მიმართავენ წელის მალათაშუა დისკის თიაქრის ქირურგიულ მკურნალობას?
– ქირურგიული მკურნალობა საჭიროდ მიიჩნევა, თუ:
. დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგაც კი კონსერვატიულმა თერაპიამ შედეგი არ გამოიღო;
. დისკის ფრაგმენტი გადანაცვლებულია სპინალურ არხში, ახდენს ზეწოლას ნერვულ ფესვზე და შედეგად კუნთოვანი სისუსტე პროგრესირებს;
. ქრონიკული ტკივილი ართულებს ჩვეულ საქმიანობას, დგომას, ჯდომას და სხვა.
წელის მალათაშუა დისკის თიაქრის ქირურგიული მკურნალობის შესახებ გვესაუბრება „ავერსის კლინიკის” ნეიროქირურგიული სამსახურის უფროსი ლაშა ბაქრაძე: 
– ქირურგიული ჩარევა უმეტესად 25-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებს უტარდებათ, ვინაიდან ეს ასაკი ფიზიკურად ყველაზე უფრო აქტიური პერიოდია, ხოლო დისკოგენური რადიკულოპათიის ძირითად მიზეზს არასწორად გადანაწილებული ფიზიკური დატვირთვა წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ტრავმა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, თამბაქოს წევა და სხვა, დაავადებას პროვოცირებას უწევენ.
– დისკის თიაქრის რაგვარი დაზიანებაა მოსალოდნელი?
– დისკი ანატომიურად გარეთა, ფიბროზული სარტყლისა და შიგნითა, შედარებით რბილი პულპოზური ნაწილისგან შედგება. სწორედ პულპოზური ნაწილის კომპრესია, ზეწოლა, იწვევს ამ დაავადების დროს გამოხატულ ჩივილებს.
დისკის თიაქრის დაზიანება სხვადასხვანაირია. დაზიანების ფორმას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით ვადგენთ. გარეთა ფიბროზული რგოლის დაზიანების შემთხვევაში, თუ კაფსულა მთლიანად არის დარღვეული და გამოვარდნილი ნაწილი გადანაცვლებულია, ვსაუბრობთ სეკვესტრირებულ თიაქარზე, თუ კაფსულის ფორმა დაუზიანებლად არის შეცვლილი, საქმე გვაქვს პროტრუზიასთან.
– რომელი გამოკვლევების საფუძველზე ტარდება ოპერაცია?
– ქირურგიული ჩარევის საკითხი მხოლოდ კლინიკონევროლოგიური და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემების შედარების საფუძველზე წყდება. მედიალური დისკის თიაქარი ქირურგიულ ჩარევას იშვიათად, მხოლოდ სპინალური არხის მნიშვნელოვანი სტენოზის დროს საჭიროებს.
ქირურგიული ჩარევის დრო უმთავრესად კლინიკურ გამოვლინებაზეა დამოკიდებული. ოპერაცია ტარდება, როდესაც პაციენტი უჩივის მწვავე ტკივილს, რომლის კუპირებაც ვერ ხერხდება ანალგეტიკური საშუალებებით, ან დასტურდება კომპრესიული სინდრომი, რომელიც კიდურის პროგრესირებადი სისუსტით ვლინდება.
– როგორია ოპერაციის ქირურგიული ტექნიკა?
– დღეს მსოფლიოში გავრცელებულია ოპერაციის ორი მიმართულება: სტანდარტული მიკროდისკექტომია და ენდოსკოპიური დიკსექტომია. “ავერსის კლინიკაში” ორივე მეთოდია დანერგილი. ენდოსკოპიური დისკექტომიის უპირატესობაა 
 მცირე ინვაზიური ჩარევა (გაცილებით ნაკლები ტრავმატიზაცია), ვინაიდან ამ გზით მინიმუმამდეა დაყვანილი ძვლოვანი სისტემის დაზიანება, ეს კი საშუალებას გვაძლევს, პაციენტი ოპერაციიდან 6-7 საათში გავწეროთ ბინაზე, მაშინ როდესაც სტანდარტული მიკროდისკექტომიის შემთხვევაში რეაბილიტაციისთვის, წესისამებრ, 2-3 დღეა საჭირო. ამასთან, ენდოსკოპიური დისკეტომიის დროს კოსმეტიკური დეფექტი თითქმის შეუმჩნეველია – კანის განაკვეთი შეადგენს 18 მმ-ს.
– რა შემთხვევაში გიწევთ სტანდარტული დისკექტომიის გაკეთება?
– როგორც სტანდარტული, ისე ენდოსკოპიური ოპერაცია პრაქტიკულად ნებისმიერ პაციენტს შეიძლება ჩაუტარდეს. მთავარი მიზეზი, რის გამოც სტანდარტულ დისკექტომიას ვამჯობინებთ, არის დისკის თიაქრის არსებობა რამდენიმე დონეზე.
– რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ოპერაციას?
– როგორც სტანდარტული, ისე ენდოსკოპიური დისკექტომიის შემდეგ რეციდივის ანუ იმავე პრობლემის ხელახალი გაჩენის ალბათობა, სხვადასხვა მონაცემებით, 4-7%-ს შეადგენს, ინფექციური და სხვა გართულებების რისკი კი 1-2%-ს არ აღემატება.
არაერთი გამოკვლევა მოწმობს, რომ არაქირურგიული მკურნალობის ფინანსური დანახარჯი გაცილებით მეტია, ვიდრე ქირურგიული ჩარევის ღირებულება. ამასთან, გასათვალიწინებელია გაცდენილი სამუშაო დღეები, პაციენტის ფსიქოემოციური განწყობა, რომელიც  ახლობლებსაც გადაედება, მაშინ როდესაც ოპერაციის შემდგომ პაციენტი მეორე დღესვე ბრუნდება შინ და შეუძლია, ერთ კვირაში ყოველდღიურ საქმიანობასაც დაუბრუნდეს.
– რა ეკრძალება პაციენტს ოპერაციის შემდეგ, როგორია მისი ცხოვრების რეჟიმი?
– ოპერაციის შემდეგ მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იზღუდება მძიმე ფიზიკური დატვირთვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეზღუდულია მოძრაობა, გადაადგილება ან ყოველდღიური საქმიანობა.
ენდოსკოპიური ოპერაციის შემდეგ პაციენტის აქტივაცია და სოციალური ადაპტაცია გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე სტანდარტული ოპერაციის შემდეგ.
– შესაძლებელია თუ არა დისკის თიაქრის პროფილაქტიკა?
– დისკის თიაქრის და, საზოგადოდ, დისკის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ცურვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ძალისმიერი ვარჯიშების მართებულად შესრულება.

გააზიარე: