ყველაფერი კალციუმის შესახებ
გააზიარე:
D ვიტამინი – კალციუმის ერთგული თანაშემწე
პრობლემები ფარისებრი ჯირკვლის მახლობლად
ოსტეოპოროზი – სუსტი სქესის სუსტი წერტილი
კალციუმი – პირველი, რასთანაც ეს ელემენტი ასოცირდება, ძვლებია. მართლაც, ძვლების სიმტკიცისთვის კალციუმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ მისი წყალობით დავდივართ, დავრბივართ, ვეზიდებით ტვირთს...
ძვლების სიმაგრის შენარჩუნება კალციუმის ერთადერთი დანიშნულება არ არის. ამ ელემენტს გაცილებით მეტი ევალება: სისხლძარღვების შეკუმშვა და გაფართოება, სისხლის შედედება, კუნთების შეკუმშვა, ნერვული იმპულსების გადაცემა, ჰორმონების სეკრეცია... თუმცა ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესრულებას ორგანიზმში არსებული კალციუმის 1%-ზე ნაკლები ჰყოფნის. დანარჩენი 99% ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი და მათი სტრუქტურის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
- როგორ მივიღოთ
კალციუმს განუწყვეტლივ მოვიხმართ, შესაბამისად, ორგანიზმში მისი მარაგი დღიდან დღემდე ილევა. კალციუმის წარმოქმნა ორგანიზმს თავად არ შეუძლია, ამიტომ ის გარედან უნდა მივაწოდოთ. ამისთვის საუკეთესო საშუალება საკვებია. კალციუმი არაერთი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში შედის. ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა ორგანიზმს კალციუმითაც ამარაგებს და არაერთი სხვა პრობლემისგანაც გვიცავს. ამ ყველაფერზე ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ. მანამდე გავიგოთ, რა ხდება კალციუმის ნაკლებობის დროს.
- მიღება-ჩაბარება
ამრიგად, კალციუმი ყოველდღიურად, მეტიც – ყოველწუთიერად გვჭირდება. სხვაგვარად ვერც სისხლძარღვები შეიკუმშება, ვერც ნერვული იმპულსები გავრცელდება. რა მოხდება, თუ ორგანიზმს კალციუმი დროულად არ მივაწოდეთ?
ორგანიზმი კარგად გრძნობს ამ ელემენტის აუცილებლობას, ამიტომ მის დეფიციტს ვერ ეგუება – თუ რაიმე მიზეზით “ნედლეულის” მიწოდებამ იკლო, მისი ალტერნატიული წყაროების ძიებას იწყებს და ადვილად პოულობს: კალციუმით ხომ ასე მდიდარია ჩვენი ძვლები, ორგანიზმიც საკუთარი ძვლებიდან “იპარავს” საჭირო ელემენტს. ეს ერთგვარი საკომპენსაციო მექანიზმია, რომლითაც კალციუმის დეფიციტის პრევენცია ხდება, მაგრამ თუ ასე დიდხანს გაგრძელდა, ძვალსახსროვან სისტემას კარგი დღე არ ელის: დროთა განმავლობაში ძვლები გაღარიბდება და პრობლემებიც წამოყოფს თავს.
- ერთი შანსი
მტკიცე ძვლების ფორმირების შანსი ორგანიზმს მხოლოდ ბავშვობაში ეძლევა. ის, ვინც ამ ასაკში კალციუმის უკმარისობას არ განიცდის, ზრდასრულ ცხოვრებას მტკიცე ძვლებით იწყებს და სამომავლოდ მრავალ პრობლემას იცილებს თავიდან. რატომ? საქმე ის არის, რომ ორგანიზმი მუდმივად იღებს ძვლებიდან ცოტაოდენ კალციუმს და მას ახლით ცვლის. ამ პროცესს რემოდელირება ეწოდება. პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა ამოღებული კალციუმი ჩალაგებულზე მეტია.
ძვლის რეზორბციასა და დეპოზიციას (კალციუმის ამოღებასა და ჩალაგებას) შორის ბალანსი ასაკთან ერთად იცვლება. ბავშვებსა და მოზარდებთან რეზორბციას დეპოზიცია უსწრებს, საშუალო ასაკში ორივე პროცესი თანაბარი ტემპით მიმდინარეობს, ხანდაზმულებთან კი, ცხადია, რეზორბცია ჭარბობს. მაშასადამე, “დაგროვება” 20 წლამდე ხდება, 30-დან კი “ხარჯვა” იწყება. რაც უფრო მეტ კალციუმს დააგროვებთ, მით უფრო უმტკივნეულოდ ჩაივლის ხარჯვის პროცესი. თუმცა ნურც 20 წლის შემდეგ ისხდებით გულხელდაკრეფილი – კალციუმის სათანადო ოდენობით მიღება და ფიზიკური აქტიურობა ძვლის კარგვის პროცესს შეანელებს და გაცილებით უმტკივნეულოს გახდის.
- რამდენი გვჭირდება
კალციუმის დღიური ნორმა ასაკზეა დამოკიდებული. საშუალო მაჩვენებლები ასეთია:
6 თვემდე – 200 მგ
7-დან 12 თვემდე – 260 მგ
1-დან 3 წლამდე – 700 მგ
4-დან 8 წლამდე – 1000მგ
9-დან 13 წლამდე – 1300 მგ
14-დან18 წლამდე – 1300 მგ
19-დან 50 წლამდე – 1000 მგ
51-დან 70 წლამდე:
. მამაკაცებისთვის – 1000 მგ
. ქალებისთვის – 1200 მგ
ორსულებისა და მეძუძურებისთვის
. მოზარდებისთვის – 1300 მგ
. ზრდასრულებისთვის – 1000 მგ
- რა ვჭამოთ
კალციუმის მთავარი წყარო რძე და რძის ნაწარმია. საუკეთესოა ყველი, მაწონი, ხაჭო. მცენარეული საკვებიდან კალციუმს შეიცავს კომბოსტო, ბროკოლი და ჩინური კომბოსტო.
კალციუმის შემცველობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ცხიმის შემცველობაზე. რაც უფრო მეტი ცხიმია პროდუქტში, მით ნაკლებია კალციუმი.
- ვკითხულობთ ეტიკეტს
იმის გასაგებად, რამდენ კალციუმს შეიცავს კონკრეტული პროდუქტი, უნდა შევამოწმოთ მისი ყოველდღიური ღირებულება – ე.წ. DAILY VALUE (DV). ეტიკეტზე ეს მაჩვენებელი პროცენტებშია გამოსახული და გათვლილია ყოველდღიურად 1000 მგ კალციუმზე. მაგალითად, 30% DV 300 მგ კალციუმს შეესაბამება, 15% – 150-ს და ა.შ. 20% და მეტი კალციუმის მაღალ შემცველობად ითვლება.
გთავაზობთ დეტალურ ჩამონათვალს:
რძე ცხიმის მაღალი შემცველობით – 200მლ/236 მგ
რძე ცხიმის დაბალი შემცველობით – 200მლ/240 მგ
იოგურტი არომატიზებული – 150 გ/197მგ
იოგურტი ნატურალური – 150 გ/207 მგ
მაგარი ყველი – 30 გ/240 მგ
რბილი ყველი – 60 გ/240 მგ
ხაჭო 1%-იანი ცხიმიანობის – 250 გ/138 მგ
სარდინი (დაკონსერვებული ზეთში, ძვლებიანად) – 85 გ/325მგ
ორაგული (დაკონსერვებული ძვლებიანად) – 85გ/180 მგ
ბროკოლი – 225 გ/360 მგ
პარკოსნები – 225 გ/175 მგ
მიღებული კალციუმი ნაწლავებიდან მთლიანად არ შეიწოვება – საშუალოდ, 30%-ს ვითვისებთ. მაჩვენებელი, ცხადია, საკვების ტიპზეც არის დამოკიდებული, თუმცა გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც:
* ასაკი. ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან კალციუმის აბსორბცია 60%-ს აღწევს, ასაკთან ერთად კი მაჩვენებელი განუხრელად იკლებს, ამიტომ რეკომენდებული დღიური ოდენობა ხანდაზმულებისთვის უფრო დიდია, ვიდრე ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისთვის შედარებით.
* D ვიტამინის მოხმარება. ეს ვიტამინი კალციუმის შეწოვას აძლიერებს. მის დეფიციტს კალციუმის დეფიციტთან მივყავართ.
* სხვა საკვები. მაგალითად, მჟაუნმჟავა და ფიტინის მჟავა, რომლებსაც ზოგიერთი ბოსტნეული, პარკოსანი და მარცვლეული შეიცავს, კალციუმის შეწოვას აფერხებს.
არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას ორგანიზმიდან კალციუმის გამოყოფაზე შარდით, განავლითა და ოფლით: ალკოჰოლი, კოფეინიანი სასმელები და სხვა, – თუმცა, საბედნიეროდ, ეს გავლენა ძლიერი არ არის.
- ორსულობა საშიშია?
რისკი არსებობს. ძვლების ფორმირებისა და ზრდისთვის კალციუმი აუცილებელია. ნაყოფისთვის კალციუმის წყარო დედის მიერ მიღებული საკვები და კალციუმის დანამატებია. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, კალციუმს ძვლებიდან მოიპარავს. აქვე უნდა ითქვას, რომ ორსულობის დროს კალციუმის შეწოვა იმატებს. დედის სხეული მეტ ესტროგენს გამოიმუშავებს, რაც ძვლების დამცავი კიდევ ერთი მექანიზმია. ამის კვალობაზე, ორსულობის დროს ძვლოვანი მასა იკარგება, მაგრამ სათანადო მართვით მალევე აღდგება მშობიარობის შემდეგ.
ლაქტაციის დროსაც შეიძლება ძვლოვანი მასა დაიკარგოს, მაგრამ ესეც დროებითია – კვლევებმა აჩვენა, რომ მეძუძური ქალები ძუძუთი კვების შეწყვეტიდან 6 თვეში აღიდგენენ ძვლის სიმკვრივეს.
- რჩევები მოზარდებისთვის
მოზარდობა ის პერიოდია, როდესაც კალციუმის მოთხოვნილება ყველაზე ძლიერია, მისი დაკმაყოფილება კი – ყველაზე ძნელი. თუ ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან საქმე შედარებით მარტივადაა (ჩვილი კალციუმის მთელ მარაგს დედის რძიდან ან ხელოვნური ნარევიდან იღებს; პატარა ბავშვების მენიუც საკმაოდ მდიდარია კალციუმის შემცველი პროდუქტებით), მოზარდი დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის და ხშირად მშობლები ვერც კი აკონტროლებენ მის რაციონს. თინეიჯერების მენიუში კალციუმით მდიდარ საკვებს იშვიათად ნახავთ, ამიტომ, სანამ ერთად სადილობთ და ვახშმობთ, დრო მაქსიმალურად გამოიყენეთ ბავშვის ორგანიზმის კალციუმით დასატვირთავად.
მოუმზადეთ ბავშვს ხილის დესერტი რძით, არაჟნით, კეფირით. ხაჭოს დაამატეთ ცოცხალი ხილი, რძეს – ცოტაოდენი მურაბის წვენი ან შოკოლადის სიროპი.
ერიდეთ არომატიზებულ რძის ნაწარმს – მასში ბევრია შაქარი.
კერძს უცხიმო ყველი მოახეხეთ.
წვნიანს ხშირად დაამატეთ თეთრი ლობიო.
- კალციუმის კვებითი დანამატები
კალციუმს შეიცავს პოლივიტამინებისა და მინერალების მრავალი კომპლექსი, თუმცა არსებობს ისეთი დანამატებიც, რომელთა შემადგენლობაში მხოლოდ კალციუმი ან კალციუმი და D ვიტამინი შედის.
კალციუმის დანამატის ორი ძირითადი ფორმა არსებობს – კარბონატი და ციტრატი. პირველი ყველაზე უკეთესად საკვებთან ერთად შეიწოვება. მეორე უფრო ძვირად ღირებულია და კარგად შეიწოვება როგორც ცარიელ, ისე სავსე კუჭზე. ციტრატს კარბონატზე უკეთესად ითვისებენ ადამიანები, რომლებსაც კუჭის მჟავიანობა დაქვეითებული აქვთ (განსაკუთრებით ხშირია 50 წლიდან).
გარდა ამ ორი ფორმისა, კალციუმი შესაძლოა წარმოდგენილი იყოს გლუკონატის, ლაქტატის ან ფოსფატის სახითაც.
სხვადასხვა დანამატი სხვადასხვა რაოდენობის კალციუმს შეიცავს. მაგალითად, კალციუმის კარბონატში მისი შემცველობა 40%-ია, ციტრატში – 21%. ეს ინფორმაცია შეფუთვაზეა მოყვანილი. დანამატის დოზის შერჩევისას, უწინარეს ყოვლისა, სწორედ აღნიშნული მაჩვენებელი უნდა გაითვალისწინოთ.
რაც უფრო იზრდება კალციუმის ოდენობა, მით უფრო მცირდება შეწოვა. ეს ეხება დანამატებსაც. კალციუმი საუკეთესოდ მაშინ შეიწოვება, როდესაც ერთ ჯერზე არა უმეტეს 500 მგ-ს იღებთ. თუ 1000 მგ გჭირდებათ, ჯობს, ულუფა ორად გაყოთ და დილა-საღამოს მიიღოთ, ვიდრე ერთბაშად.
კალციუმის დანამატებმა შესაძლოა მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა და შეკრულობა გამოიწვიოს. თუ ამ სიმპტომებმა იჩინა თავი, დღიური ულუფა რამდენიმე ნაწილად გაყავით, დანამატი ჭამის დროს მიიღეთ ან სხვა კომპანიის ნაწარმი სინჯეთ.
- სხვა ურთიერთკავშირი
კალციუმის დანამატები მედიკამენტებთან ურთიერთქმედებს და აძლიერებს ან ასუსტებს მათ ეფექტს. არც ის არის გამორიცხული, სხვა წამალმა ასწიოს ან დააქვეითოს კალციუმის დონე. ამიტომ, რაც უნდა უვნებელი გეჩვენოთ პრეპარატი, მისი მოხმარების დაწყებამდე აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, რომ სხვა წამლებსაც იღებთ.
ერთად მიღების შემთხვევაში კალციუმი ხელს უშლის შემდეგი პრეპარატების შეწოვას:
* ბიოფოსფონატები (გამოიყენება ოსტეოპოზის სამკურნალოდ);
* ფთორქინოლონებისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები;
* ლევოთიროქსინი (ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს);
* დინატრიუმის ტილუდრონატი (ინიშნება პეჯეტის დაავადების დროს).
თიაზიდური ტიპის დიურეტიკები ამცირებს თირკმელების მიერ კალციუმის ექსკრეციას, რაც, თავის მხრივ, სისხლში კალციუმის დონის მატებას იწვევს, მაგრამ მარყუჟოვანი დიურეტიკები, – მაგალითად, ლაზიქსი, – პირიქით, ზრდის კალციუმის ექსკრეციას და ამ გზით სისხლში მისი დონის დაქვეითებას განაპირობებს.
ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი ანტაციდები ხელს უწყობს შარდით კალციუმის კარგვას.
პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები კალციუმის შეწოვას ამცირებს.
გლუკოკორტიკოიდები (პრედნიზოლონი) ხანგრძლივი (რამდენიმე თვე) მოხმარების შემთხვევაში კალციუმის უკმარისობას და შედეგად ოსტეოპოროზის განვითარებას იწვევს.
- უვნებელია თუ არა დანამატი
მრავალი მცდელობის მიუხედავად, ადამიანს ბუნებაზე უკეთესი ვერაფერი შეუქმნია. სინთეზურ და ნატურალურ პროდუქტებს შორის უპირატესობა ყოველთვის ამ უკანასკნელთა მხარესაა. ასეა კალციუმის დანამატების შემთხვევაშიც. ყველა სამედიცინო რეკომენდაცია ერთხმად მოგვიწოდებს, კალციუმის დღიური ულუფა საკვებიდან მივიღოთ და თუ არ გამოგვივიდა, მერეღა ჩავრთოთ საქმეში დანამატები. დანამატების სიჭარბემ შესაძლოა სხვა პრობლემებს დაუდოს სათავე. ასე რომ, არ მიიღოთ დანამატი, თუ არ გჭირდებათ. არანაირი სარგებლობა ზომაზე მეტ კალციუმს არ მოაქვს, პირიქით, შესაძლოა გავნოთ კიდეც. საგულისხმოა, რომ უარყოფითი ეფექტი უმთავრესად დანამატებს ახასიათებს და არა კალციუმის ბუნებრივ წყაროს. ქვემოთ რამდენიმე საინტერესო კვლევის შედეგებს გაგაცნობთ, უშუალოდ კალციუმის ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებებზე კი უფრო ვრცლად მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.
- კიბოს რისკი
მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ კალციუმის დანამატების მიღება და კალციუმით მდიდარი დიეტა ამცირებს სწორი ნაწლავის კიბოს რისკს, ხოლო პროსტატის კიბოსას ზრდის. კავშირი მართლაც შეინიშნება, თუმცა საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისი ჯერ არ არსებობს. სამეცნიერო დასკვნების გამოსატანად ხანგრძლივი კვლევებია საჭირო.
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ზოგიერთი კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ კალციუმის სათანადო რაოდენობით მიღება გულის დაავადებებისა და ინსულტის ალბათობას ამცირებს, ზოგიერთის მიხედვით კი კალციუმის ჭარბი მიღება, განსაკუთრებით – დანამატების სახით, რისკს ზრდის. მონაცემების შეჯერების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს: სანამ კალციუმის მოხმარება არ გადააჭარბებს ზედა ზღვარს, საკვებიდან ან დანამატებიდან კალციუმის მიღება არც ამცირებს და არც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობას.
- პრეეკლამფსია
ეს მძიმე დაავადებაა, რომლის დროსაც ორსულის არტერიული წნევა მაღლა იწევს, თავს იჩენს თირკმლის პრობლემები, შარდში ჩნდება ცილა. პრეეკლამფსია დედათა და ახალშობილთა ავადობისა და სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. პრეეკლამფსიის დროს კალციუმის უკმარისობაც ვლინდება. დადგენილია, რომ ქალებთან, რომლებიც ორსულობისას დღეში 900 მგ-ზე ნაკლებ კალციუმს იღებენ, დანამატები ამცირებს პრეეკლამფსიის რისკს.
- კენჭები თირკმელებში
თირკმლის კენჭების უმეტესობა კალციუმის ოქსალატით არის მდიდარი. ზოგიერთმა კვლევამ ცხადყო, რომ კალციუმის დანამატების ჭარბი მოხმარება ზრდის თირკმელკენჭოვანი დაავადების რისკს, განსაკუთრებით – ხანდაზმულებთან. საკვებიდან მიღებულ კალციუმს, როგორც ჩანს, იგივე ეფექტი არ ახასიათებს. მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ სხვა ფაქტორები, მაგალითად, სითხის არასაკმარისი მიღება, თირკმელში კენჭების გაჩენას უფრო მეტად უწყობს ხელს, ვიდრე კალციუმის ჭარბი მოხმარება.
- წონის კლება
ჭარბწონიანებს იმედი უნდა გაგიცრუოთ: მართალია, ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კალციუმის დიდი რაოდენობით მიღება წონის კლებას იწვევს და პერსპექტივაში მის მატებასაც უშლის ხელს, მაგრამ კვლევათა უმეტესობამ ცხადყო ისიც, რომ საკვებიდან თუ დანამატებიდან მიღებული კალციუმი პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას სხეულის წონასა და ორგანიზმში ცხიმის შემცველობაზე.
- ანემია
კალციუმის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს რკინისა და თუთიის ათვისებაზე, ამიტომ გვირჩევენ (განსაკუთრებით – რკინის დეფიციტის დროს), რკინით მდიდარი საკვები კალციუმით მდიდართან ერთად არ მივიღოთ. იმასაც ამბობენ, რკინის დეფიციტი მას უფრო ემუქრება, ვინც რძის ნაწარმს უხვად მიირთმევსო, თუმცა ეს ურთიერთკავშირი ბოლომდე დადასტურებული არ არის.
- არ გადავაჭარბოთ!
ასე რომ, არც კალციუმის სიჭარბეა სასურველი. ქვემოთ მისი ზედა ზღვარია მოცემული. ამ ზღვარს მხოლოდ საკვებით ძნელად თუ გადალახათ – კალციუმის სიჭარბის მთავარი მიზეზი დანამატებია.
6 თვემდე – 1000 მგ
7-დან 12 თვემდე -1500 მგ
1-დან 8 წლამდე – 2500 მგ
9-დან 18 წლამდე – 3000 მგ
19-დან 50 წლამდე – 2500 მგ
51 წლიდან – 2000მგ
ორსულებისა და მეძუძურებისთვის
. მოზარდებისთვის – 3000 მგ
. ზრდასრულებისთვის – 2500 მგ
D ვიტამინი – კალციუმის ერთგული თანაშემწე
იმისთვის, რომ სხეული კალციუმით სათანადოდ მოვამარაგოთ, მხოლოდ კალციუმის მიღება არ კმარა. დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად მას სხვა ნივთიერება – D ვიტამინი სჭირდება, ამიტომ ამ უკანასკნელის დეფიციტი ავტომატურად იწვევს კალციუმის უკმარისობას. ბავშვობაში ამას რაქიტის, ზრდასრულ ასაკში კი ოსტეოპოროზის განვითარებამდე მივყავართ. ასე რომ, კალციუმზე საუბრისას D ვიტამინს გვერდს ვერ ავუვლით.
მოდი, გავიგოთ რა არის რაქიტი და რა გზით შეიძლება D ვიტამინით ორგანიზმის მომარაგება.
- მზის ვიტამინი
დიდი ხანია ცნობილია, რომ D ვიტამინი ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას, აძლიერებს თირკმელებში ფოსფორის უკუშეწოვას და ძვლებში კალციუმისა და ფოსფორის ჩალაგებას. არც ისე დიდი ხნის წინ მიაჩნდათ, რომ კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაცია D ვიტამინის ერთადერთი ფუნქცია იყო, მაგრამ ბოლოდროინდელი კვლევები მოწმობს, რომ ამ ვიტამინს შეუცვლელი როლი აკისრია მრავალი სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესის განხორციელებაშიც.
როგორ ჩნდება ჩვენს ორგანიზმში D ვიტამინი? ნაწილი იქვე წარმოიქმნება, ნაწილს კი საკვების საშუალებით ვიღებთ. ორგანიზმი D ვიტამინს მაშინ გამოიმუშავებს, როდესაც კანს მზის სხივები ხვდება, ამიტომ მას მზის ვიტამინსაც უწოდებენ.
D ვიტამინით მდიდარი საკვების სია მწირია: ცხიმიანი თევზი (თინუსი, ორაგული, სკუმბრია), საქონლის ღვიძლი, კვერცხის გული, სოკო. განვითარებულ ქვეყნებში ამ ვიტამინით საგანგებოდ ამდიდრებენ საკვებ პროდუქტებს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ, კალციუმისგან განსხვავებით, საჭირო რაოდენობის D ვიტამინის მიღება მხოლოდ საკვებით ძალიან ძნელია. მისი მთავარი წყარო მზის სხივებია.
საჭირო რაოდენობის D ვიტამინის წარმოსაქმნელად საკმარისია, კვირაში სამჯერ 15 წუთით მოგვხვდეს მზე სახეზე, ხელებზე, ზურგზე ან ფეხებზე (ოღონდ ამ დროს მზისგან დამცავი კრემი არ უნდა გვესვას). ვინაიდან მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება კანის კიბოს რისკფაქტორია, 15 წუთის შემდეგ აუცილებელია კრემის წასმა. D ვიტამინი არ გამომუშავდება, თუ, მაგალითად, მზეს ფანჯრიდან მიეფიცხებით. ღრუბლები, ჩრდილი და მუქი კანი ასევე უშლის ხელს ვიტამინის გამომუშავებას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეცნიერები ერთ დასკვნამდე მივიდნენ: მხოლოდ ინსოლაციის იმედად ყოფნა, განსაკუთრებით – წელიწადის ცივ სეზონზე, არ შეიძლება, ამიტომ საერთაშორისო კონსენსუსი D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის დანამატების გამოყენებისკენ მოგვიწოდებს.
D ვიტამინის საჭირო დოზა ასეთია: 12 თვემდე – 400 სე (საერთაშორისო ერთეული); 1 წლიდან ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის ორსულებისთვისაც – 600 სე; 70 წელს გადაცილებულთათვის – 800 სე. 1 მკგ უდრის 40 საერთაშორისო ერთეულს.
- რას გვიქადის სიჭარბე
D ვიტამინის სიჭარბე კალციუმის ჭარბ შეწოვას და ჰიპერკალციემიას – სისხლში კალციუმის დონის მატებას – იწვევს, ჰიპერკალციემია კი, თავის მხრივ, გულსა და ფილტვებში კალციუმის დეპოების წარმოქმნას განაპირობებს, გავლენას ახდენს აზროვნებასა და ორიენტაციაზე, აზიანებს თირკმელებს, იწვევს გულისრევასა და ღებინებას, ყაბზობას, მადის დაქვეითებას, წონის კლებას, საერთო სისუსტეს.
D ვიტამინის უსაფრთხო ზედა ზღვარია:
1 წლამდე – 1000-1500 სე (25 მკგ დღეში);
1-დან 3 წალმდე – 2500 სე (65 მკგ დღეში);
4-დან 8 წლამდე – 3000 სე (75 მკგ დღეში);
9 წლიდან (მათ შორის – ორსულებისა და მეძუძურებისთვის) – 4000 სე (100 მკგ დღეში).
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ D ვიტამინის დეფიციტის განვითარების ალბათობა საკმაოდ მაღალია, სიჭარბისა კი – საკმაოდ დაბალი.
- რაქიტი
რაქიტი ბავშვთა დაავადებაა, რომელსაც D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული კალციუმის ან ფოსფორის ცვლის მოშლა, შედეგად კი ძვლის ქსოვილის წარმოქმნისა და მინერალიზაციის დარღვევა ახასიათებს.
რაქიტის განვითარების რისკი მაღალი აქვთ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებს, რადგან დედის რძე ამ ვიტამინს არ შეიცავს. ასევე მათ, ვინც:
* ცივ ქვეყნებში ცხოვრობს;
* ბევრ დროს ატარებს შენობაში;
* აღენიშნება ლაქტოზის აუტანლობა;
* არ იღებს რძის ნაწარმს;
* იცავს ვეგეტარიანულ დიეტას.
რისკი იმატებს გენეტიკური განწყობის შემთხვევაშიც. ასევე – იმ დარღვევების ფონზე, რომელთა დროსაც საჭმლის მონელება, ცხიმის გადამუშავება და, შესაბამისად, D ვიტამინის ათვისება ფერხდება.
ზოგჯერ რაქიტი ღვიძლის დაავადების შედეგია. ამ დროს ღვიძლი D ვიტამინის აქტიურ ფორმას ვერ წარმოქმნის. არც ის არის გამორიცხული, რაქიტის მიზეზი თირკმელების პათოლოგია იყოს.
დაავადება 6-დან 24 თვემდე ვლინდება და იშვიათად იჩენს თავს ახალშობილებთან.
- დროულად რომ ამოვიცნოთ
D ვიტამინის დეფიციტი საწყის ეტაპზე არასპეციფიკური ნიშნებით ვლინება – საერთო სისუსტით, ოფლიანობით, კანის სიმშრალით, თმის ცვენით. თუ დაკვირვებულმა მშობელმა მალევე შეამჩნია პრობლემა და მკურნალობა დაიწყო, შედეგი გაცილებით უკეთესია, თუ ვერა – პროცესი პროგრესირებს და მალე რაქიტისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებიც იჩენს თავს.
რაქიტის კლინიკური სურათი მოიცავს :
* ძვლების ტკივილს;
* კუნთოვანი ტონუსის დაქვეითებას, კიდურებში, მენჯებსა და ხერხემალში პროგრესირებად სისუსტეს;
* კბილის პათოლოგიებს, მათ შორის – კბილის სტრუქტურის დეფექტებს, ღრმულებს, კარიესს, თანკბილვის დარღვევას;
* ზრდის შეფერხებას – ზრდასრულთა სიმაღლე 1.52 მ-ზე ნაკლებია;
* ძვლების მოტეხილობას;
* კუნთების სპაზმს;
* მენჯისა და კიდურების დეფორმაციას, თავის ქალას დეფორმაციას – შუბლის ბორცვების წინ წამოწევას, ნეკნების გამოდრეკას (ე.წ. ქათმის გულმკერდი), ნეკნის ბოლოების შემსხვილებას (რაქიტული კრიალოსანი), ხერხემლის დეფორმაციას – სქოლიოზსა და კიფოზს;
* რაქიტულ სიქაჩლეს – თმის ცვენას კეფის არეში, რომელიც ხშირი ოფლიანობით და ამის შედეგად ბალიშზე თავის ხახუნით არის გამოწვეული.
- დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ბავშვის დათვალიერებასთან ერთად რაქიტის დიაგნოსტიკაში გვეხმარება სისხლში D ვიტამინის, კალციუმის, ფოსფორის, პარათირეოდული ჰორმონის განსაზღვრა, ძვლების რენტგენოგრაფია, იშვიათად – ძვლების ბიოფსია.
მკურნალობის მიზანი სიმპტომების კორექციაა და დაავადების გამომწვევი დეფიციტის აღმოფხვრაა. უამისოდ დაავადების “მეორედ მოსვლის” საშიშროების წინაშე დადგებით.
დეფიციტის აღმოსაფხვრელად გამოიყენება D ვიტამინის დანამატები. კურსი საშუალოდ 1-დან 3 თვემდე გრძელდება. მკურნალობა ლაბორატორიული მაჩვენებლების მოწესრიგებისა და სიმპტომების მოხსნისთანავე არ წყდება – კიდევ დიდხანს გრძელდება D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზებით.
რაქიტის მკურნალობისას კალციუმის სათანადო რაოდენობით მიღებასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ეს საკვებით ვერ ხერხდება, მკურნალობაში კლაციუმის დანამატებს რთავენ.
დეფორმაციების შესამცირებლად და თავიდან ასაცილებლად სახსრის პოზიციონირება და ფიქსაცია ხდება. ჩონჩხის ზოგიერთი დეფორმაცია ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
თუ რაქიტს ზრდის პროცესის დასრულებამდე არ მივხედეთ, ჩონჩხის დეფორმაციები შეუქცევადი გახდება, დროულად დაწყებული მკურნალობის შედეგად კი მდგომარეობა უმჯობესდება და ხშირად დეფორმაციები საერთოდ ქრება.
- უკმარისობის თავიდან ასაცილებლად
საბედნიეროდ, რაქიტის პრევენცია შესაძლებელია. უნდა დარწმუნდეთ, რომ პატარა სათანადო რაოდენობით იღებს კალციუმს, D ვიტამინსა და ფოსფორს. არ დაგავიწყდეთ მზის სხივების მნიშვნელობა და პატარა ხშირად ასეირნეთ სუფთა ჰაერზე. კვებეთ დაბალანსებულად. საჭმლის მონელების დარღვევის მქონე ბავშვებს დანამატები დასჭირდებათ. დროულად უმკურნალეთ თირკმელების დაავადებებს, რომელიც D ვიტამინის შეწოვას აფერხებს. ამასთან, რეგულარულად აკონტროლეთ კალციუმისა და ფოსფორის დონეც.
ვინაიდან მზის გამოსხივება მთელი წელი ერთნაირი არ არის და ორგანიზმს D ვიტამინის საჭირო რაოდენობით ვერ უზრუნველყოფს, წლამდე ასაკის ბავშვებს ამ ვიტამინის დანამატებს რუტინულად უნიშნავენ. მათი გამოყენება ასევე რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის ბავშვებთან წელიწადის ცივ დროს. ბოლო ხანს რეკომენდაციას უწევენ ორსულებისთვის D ვიტამინის დანამატების რუტინულ დანიშვნასაც.
პრობლემები ფარისებრი ჯირკვლის მახლობლად
კალციუმის ცვლაში უდიდეს როლს ასრულებს ფარისებრახლო ჯირკვალი. სწორედ ის არეგულირებს სისხლში ამ ელემენტის დონეს. საბედნიეროდ, ფარისებრახლო ჯირკვალი თავის მოვალეობას უმეტესად კარგად ართმევს თავს, მასთან დაკავშირებული დაავადებები საკმაოდ იშვიათია, მაგრამ რა მოხდება, თუ სისტემა მოიშალა? რა თქმა უნდა, დაირღვევა კალციუმის ცვლა. მაშ, გავიგოთ მეტი ამ პაწაწინა ორგანოს შესახებ.
ორგანიზმში ოთხი ფარისებრახლო ჯირკვალია. სახელწოდებიდანვე ჩანს, რომ ისინი ფარისებრი ჯირკვლის სიახლოვესაა განლაგებული, თუმცა, გარდა ანატომიური სიახლოვისა, ამ მასთან საერთო არაფერი აქვთ.
- როგორ მუშაობს
ფარისებრახლო ჯირკვალი სისხლში კალციუმის დონის უმნიშვნელო ცვლილებაზეც კი რეაგირებს და საჭიროებისამებრ “ჩართავს” ან “გამორთავს” კალციუმის ცვლის რთულ სისტემას. თუ ორგანიზმი საკვებიდან საკმარის კალციუმს ვერ იღებს, ფარისებრახლო ჯირკვალი პარათჰორმონს გამოყოფს, ის კი სათავეს უდებს მოქმედებათა კასკადს, რომლის მიზანიც სისხლში კალციუმის დონის აწევაა.
პარათჰორმონი უპირველესად კალციუმის ბანკს, ძვლებს მიაკითხავს. ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. კალციუმის ძიების მეორე გზა თირკმელებზე გადის – პარათჰორმონი ამ ორგანოებით კალციუმის გამოყოფას ამცირებს. თუმცა ეს ყველაფერი როდია. როგორც უკვე იცით, D ვიტამინი კალციუმის შეწოვას აძლიერებს. საინტერესოა, რომ თავად D ვიტამინსაც ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონი ააქტიურებს. საქმე ის არის, რომ D ვიტამინი, რომელსაც საკვებიდან ვიღებთ თუ მზის სხივების დახმარებით წარმოვქმნით, არააქტიურია. აქტიურ ფორმაში გადასასვლელად ის თავდაპირველად ღვიძლში უნდა მოხვდეს, მერე კი თირკმელებში, სადაც კალციტრიოლად გარდაიქმნება. სწორედ პარათჰორმონი არეგულირებს აქტიური D ვიტამინის ფორმირებას. აქტიური D ვიტამინი, კალციტრიოლი, ნაწლავებიდან რაც შეიძლება მეტი კალციუმის შეწოვას უწყობს ხელს. როგორც კი ამ პროცესების შედეგად სისხლში კალციუმის დონე დარეგულირდება, სისტემა მუშაობას შეანელებს და მომდევნო სიგნალს დაელოდება.
ეს ყველაფერი ჩვენს შეუმჩნევლად ხდება, ვინაიდან სისხლში კალციუმის დონის ცვლილება იმდენად უმნიშვნელოა, შესაძლოა, ვერც კი გაიზომოს. მაშასადამე, სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მცირედი ცვლილებაც კი მთელ სისტემას ააქტიურებს.
ფარისებრახლო ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები ორი ტიპისაა: აქტიურობის მომატებით მიმდინარე და აქტიურობის კლებით მიმდინარე. პირველი ტიპი ჰიპერკალციემიით ვლინდება, მეორე კი სისხლში კალციუმის დონის დაქვეითებით.
- ჰიპერაქტიური ჯირკვალი
სისხლში კალციუმის მაღალი დონე შესაძლოა წლობით უსიმპტომოდ შენარჩუნდეს, მაგრამ იმას ეს არ ნიშნავს, რომ ზიანსაც არ მოგვაყენებს. კალციუმის სიჭარბე თირკმელებს უქადის საფრთხეს – კენჭების ფორმირებას უწყობს ხელს, ამიტომ თირკმლის კენჭების აღმოჩენისას აუცილებლად უნდა განისაზღვროს სისხლში კალციუმის დონე და შეფასდეს ფარისებრახლო ჯირკვლის მდგომარეობაც.
არსებობს უფრო ნატიფი ცვლილებებიც, რომლებიც ფარისებრახლო ჯირკვლის ჰიპერაქტიურობას უკავშირდება, მათ შორის – მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადებები და აზროვნების ცვლილება. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ეფექტების მექანიზმი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის ახსნილი.
- მიზეზები
ათიდან რვა შემთხვევაში ჰიპერპარათირეოიდიზმი კეთილთვისებიანი სიმსივნის, ადენომის, შედეგია. თუ დაავადების მიზეზი მემკვიდრეობითი პათოლოგიაა, მეტია შანსი, პროცესში ერთზე მეტი ფარისებრახლო ჯირკვალი იყოს ჩართული. ჰიპერპარათირეოიდიზმს იშვიათად იწვევს ფარისებრახლო ჯირკვლის კიბო.
- დიაგნოზი
დიაგნოზი სისხლში კალციუმისა და პარათჰორმონის დონის განსაზღვრას ეფუძნება. ზოგჯერ ჰორმონის დონე ნორმის ზედა ზღვარზეა, მაშინ როდესაც კალციუმის სიჭარბის საპასუხოდ ქვედა ზღვარზე ან დაქვეითებული უნდა იყოს. კალციუმის სიჭარბის მიღმა შესაძლოა სხვა მიზეზიც იდგეს, მაგრამ პარათჰორმონის დონის მატება ჰიპერპარათირეოიდიზმის უტყუარი ნიშანია.
არ არის გამორიცხული, კალციუმის დონე ნორმალური იყოს, პარათჰორმონისა კი მომატებული. ეს ჰიპერპარათირეოიდიზმის საწყისი ფაზაა. თუ არ ჩაერიეთ, დროთა განმავლობაში კალციუმიც დაიწევს.
მდგომარეობის დადასტურების შემდეგ მიზეზის დადგენის დრო დგება. ამისთვის შარდს ამოწმებენ, რის შედეგადაც ირკვევა, პირველადია დაავადება თუ თირკლმის პრობლემებიდან იღებს სათავეს. დაგჭირდებათ ძვლების, თირკმელების და D ვიტამინის ცვლის გამოკვლევაც.
- მკურნალობა
ჰიპერპარათირეოიდიზმის მკურნალობის ერთადერთი გზა აქტიური ჯირკვლის ამოკვეთაა. ასიდან 85-90 პაციენტთან პროცესში მხოლოდ ერთი ჯირკვალია ჩართული, შესაბამისად, მხოლოდ მას ამოკვეთენ. ოპერაციის შედეგად დაავადება იკურნება და იშვიათად მეორდება.
დაზიანებული ჯირკვლსი ამოსაცნობად ოპერაციამდე სპეციალურ კვლევას ატარებენ. ორგანიზმში რადიაქტიური ნივთიერება შეჰყავთ და ულტრაბგერითი აპარატით ფარისებრახლო ჯირკვლებს აკვირდებიან. ნივთიერება დაზიანებულ ჯირკვალს გამოავლენს. ქირურგი ოპერაციის დროს სწორედ ამ მონაცემებით იხელმძღვანელებს.
შემთხვევათა 10-15%-ში პათოლოგიურ პროცესში ოთხივე ჯირკვალი მონაწილეობს. დაავადების ამ ფორმას ხშირად გენეტიკური, ოჯახური ხასიათი აქვს. ასეთ დროს ქირურგი სამ ჯირკვალს მთლიანად ამოკვეთს, მეოთხეს კი სანახევროდ.
ქირურგიული ოპერაცია მკურნალობის ერთადერთი გზაა, თუმცა ყოველთვის არ ტარდება. გადაწყვეტილებას ქირურგი სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით იღებს. თუ ოპერაცია ნაჩვენები არ არის, დაავადების ზედმიწევნითი მონიტორინგი ტარდება – პროგრესირებადი მდგომარეობა ქირურგიის ჩვენებაა.
- ჰიპოპარათირეოიდიზმი
სისხლში კალციუმის დაბალი დონე უფრო გავრცელებული პრობლემაა. განსაკუთრებით ხშირად აღირიცხება ფარისებრახლო ჯირკვლის პათოლოგიით გამოწვეული ჰიპოკალცემია. ჰიპოპარათირეოიდიზმის დროს ორგანიზმი სათანადო რაოდენობით ვერ წარმოქმნის ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონს (pTH). ეს კალციუმისა და ფოსფორის დონის დაქვეითებას იწვევს, რაც ძვლების, კუნთების, კანისა და ნერვების პრობლემებს უდებს სათავეს.
ჰიპოპარათირეოიდიზმის კლინიკური სურათი მოიცავს:
* კიდურებისა და ტუჩების დაბუჟების, ჩხვლეტის შეგრძნებას;
* თმისა და კანის სიმშრალეს, ფრჩხილების მტვრევადობას;
* კუნთოვან სპაზმს (ტეტანიას), რომელიც სახის, კიდურებისა და ტერფების ტკივილს იწვევს;
* კბილის მინანაქრის დასუსტებას და ფესვების დეფორმაციას;
* მეხსიერების დაქვეითებას;
* ტვინში ან თირკმელებში კალციუმის დეპოზიტების გაჩენას.
ცალკე უნდა ვახსენოთ ძლიერი კუნთოვანი სპაზმები, რომლებმაც ბავშვებში შესაძლოა კრუნჩხვა გამოიწვიოს. ჰიპოკალცემიური გულყრა ზოგჯერ დაავადების პირველი ნიშანია.
- რა იწვევს
დაავადების მიზეზი ყველაზე ხშირად ფარისებრახლო ჯირკვლის ტრავმაა. ეს უკანასკნელი შესაძლოა მოჰყვეს, მაგალითად, თავის ან კისრის არეში ჩატარებულ ოპერაციას. არცთუ იშვიათად ფარისებრახლო ჯირკვალი ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის დროს ზიანდება. ზოგჯერ, განსაკუთრებით – კისრის არეში არსებული კიბოს ამოკვეთის დროს, სიმსივნის მთლიანად მოცილების მიზნით საჭირო ხდება ფარისებრახლო ჯირკვლების ამოკვეთაც, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ავთვისებიან პროცესთან მათ საერთო არაფერი ჰქონდეთ.
არ არის გამორიცხული, მდგომარეობა დაბადებისთანავე გამოვლინდეს – ავტოიმუნური დარღვევის შედეგი იყოს. ეს ავტოიმუნური დაავადებები ფარისებრახლო ჯირკვალთნ ერთად, წესისამებრ, რამდენიმე სხვა ჯირკვალსაც აზიანებს – ფარისებრს, საკვერცხეს, თირკმელზედას და კუჭქვეშას. როცა პარათჰორმონის უკმარისობას სხვა ჰორმონების დეფიციტიც ახლავს თან, სავარაუდოა იშვიათი თანდაყოლილი სინდრომი – ავტოიმუნური პოლიგლანდულური უკმარისობა.
- დიაგნოსტიკა
განისაზღვრება სისხლში პარათირეოიდული ჰორმონის, კალციუმის, ფოსფორის, კრეატინინის, მაგნიუმის, D ვიტამინის დონე. შესაძლოა, შარდის კვლევაც დაგინიშნონ, რათა დაადგინონ, რამდენი კალციუმი გამოიყოფა ორგანიზმიდან.
- გართულებები
თუ თანდაყოლილი ჰიპოპარათირეოიდიზმის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ადრევე დაიწყო, შედეგი, წესისამებრ, კარგია, ნებაზე მიშვებული დაავადების გართულება კი გარდაუვალია: კუნთების ძლიერი სპაზმის გამო სასუნთქი გზების ბლოკირება, ზრდის შეფერხება, კბილების არასწორი ფორმირება, კატარაქტა, ტვინში კალციფიკატების ჩ ჩამოყალიბება.
- როგორ მკურნალობენ
ჰიპოპარათირეოიდიზმის მკურნალობის მიზანი ორგანიზმში კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფორის დონის აღდგენაა. მკურნალობის ერთადერთი მეთოდი, რომელსაც ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია გვთავაზობს, სინთეზური D ვიტამინის, კალციუმისა და მაგნიუმის დანამატების მიღებაა. არ აქვს მნიშვნელობა, რითია გამოწვეული პარათჰორმონის დეფიციტი – ეს ერთ-ერთი იმ მცირე დაავადებათაგანია, რომელთა დროსაც ჰორმონის დეფიციტს ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპიით არ მკურნალობენ, თუმცა ბოლო დროს აქტიურად ტარდება კვლევები ამ პროცესში პარათჰორმონის ეფექტის შესასწავლად. წინასწარი მონაცემებით, პარათჰორმონის ანალოგების გამოყენება შესაძლოა საკმაოდ შედეგიანი იყოს. შეიცვლება თუ არა მკურნალობის სქემა, მომავალი გვიჩვენებს.
ზოგჯერ გართულება თავად მკურნალობას მოჰყვება. კალციუმისა და D ვიტამინის ჭარბი მიღება სისხლში კალციუმის მატებას, ჰიპერკალციემიას განაპირობებს, რასაც საბოლოოდ თირკმლის ქსოვილის დაზიანებამდე და ამ ორგანოს ფუნქციის დაქვეითებამდე მივყავართ. სტანდარტული მკურნალობა შესაძლოა თირკმელებში კალციუმის დაგროვებისა და ნეფროკალცინოზის მიზეზადაც იქცეს. საგულისხმოა, რომ ეს პროცესი აუცილებლად ჰიპერკალცემიას არ უკავშირდება და შესაძლოა სისხლში კალციუმის ნორმალური დონის ფონზეც განვითარდეს.
ოსტეოპოროზი – სუსტი სქესის სუსტი წერტილი
არაერთხელ გავუსვით ხაზი, რომ ძვლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბავშვობიდან იწყება. თუ ეს მარტივი წესი არ დავიცავით, პრობლემები გარდაუვალია. ოსტეოპოროზი მკაფიო ილუსტრაციაა იმისა, რა ელის ძვლებს, თუ მათ სათანადოდ არ მოვუარეთ.
ოსტეოპოროზი ძვლების დაავადებაა, რომელსაც ძვლის სტრუქტურისა და სიმკვრივის დაქვეითება ახასიათებს. ძვლები სუსტი და მყიფე ხდება და შესაძლოა, მცირე ტრავმის შედეგადაც კი მოტყდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოტეხილობა ხანდაზმულთა ინვალიდობისა და გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, იოლად მივხვდებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რამდენად დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სტატისტიკა მოვიშველიოთ: მსოფლიოში ოსტეოპოროზით დაავადებული 200 მლნ-ზე მეტი ქალია. ექსპერტთა შეფასებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობისა და დაბერების ტემპის ზრდასთან ერთად ამ დაავადების გავრცელება კიდევ უფრო მოიმატებს.
- რა იწვევს?
დაავადების მიზეზი ძვლის სიმკვრივის კლებაა, რაც, თავის მხრივ, მინერალების დეფიციტით არის განპირობებული. დეფიციტით, რომელიც ბავშვობასა და მოზარდ ასაკში არასათანადო კვების, კალციუმისა და D ვიტამინის უკმარისობის შედეგია.
- ვის ემართება?
როგორც ითქვა, უმეტესად ხანდაზმულ ქალებს. ამ დიაგნოზის მქონე 10 მლნ-მდე ამერიკელიდან 8 მლნ ქალია. აშშ-სავე სტატისტიკის მიხედვით, ოსტეოპოროზი 65 წელს გადაცილებულ ყოველ მეოთხე ქალს ემართება.
ამ სქესობრივ უთანასწორობას თავისი ფიზიოლოგიური მიზეზები აქვს:
* ქალის ძვლები უფრო მოკლე, წვრილი და მყიფეა, ვიდრე მამაკაცისა;
* ქალები მამაკაცებზე მეტხანს ცოცხლობენ, ძვლების განლევა კი ასაკის მატებას სდევს თან;
* მენოპაუზის შემდეგ ჰორმონული ცვლილებები იწყება, საკვერცხეები ძალიან ცოტა ესტროგენს გამოიმუშავებს, ესტროგენი კი ძვლის სიმკვრივის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ზოგი ქალი მენოპაუზის შემდგომი 10 წლის განმავლობაში ძვლის მასის 25% -ს კარგავს.
გარდა ამისა, ოსტეოპოროზის განვითარების რისკი იმატებს, როცა:
* არ იღებთ სათანადო რაოდენობის კალციუმსა და დ ვიტამინს;
* ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ძვლების სიმტკიცეზე არ გიზრუნიათ. გოგონების ძვლოვანი მასის 90% 18 წლამდე ყალიბდება. თუ ამ დროისთვის დაბალანსებული კვებით და ფიზიკური აქტივობით ძვლების გამაგრება ვერ მოასწარით, მომავალში სირთულეებს უნდა ელოდეთ;
* გაქვთ სხეულის მცირე მასა;
* გაქვთ ოსტეოპოროზის ოჯახური ისტორია;
* ფიზიკურად არასათანადოდ აქტიური ხართ – რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ყველა ასაკის ქალისთვის აუცილებელია. ის ძვლების ძალისა და სიმტკიცის შენარჩუნებას უწყობს ხელს;
* გაქვთ ამენორეა – თუ ზედიზედ სამი თვეა, არ გქონიათ მენსტრუაცია, მაგრამ არც ორსულად ხართ, არც ძუძუს აწოვებთ და არც ამენორეის გამომწვევ მედიკამენტს იღებთ, ექიმს მიმართეთ. ციკლის არარსებობა ნიშნავს, რომ თქვენმა საკვერცხეებმა ესტროგენის გამომუშავება შეწყვიტა, რაც ძვლებსაც უქმნის საფრთხეს;
* გაქვთ კვებითი დარღვევა – ძვლებს განსაკუთრებით ასუსტებს ნერვული ანორექსია და ბულიმია. ამასთან, ანორექსია შესაძლოა ამენორეის მიზეზიც გახდეს;
* გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, საკვერცხეების ნაადრევი განლევა, ცელიაკია, დეპრესია, ნაწლავის ანთებითი დაავადება;
* დიდი ხანია იღებთ ასთმის, ართრიტის, მგლურას, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს;
* ეწევით – მწეველ ქალებს ძვლის სიმკვრივე დაქვეითებული აქვთ და, როგორც წესი, უფრო ადრე ეწყებათ მენოპაუზაც. კვლევები იმასაც მოწმობს, რომ თამბაქოს წევა ზრდის ძვლის მოტეხილობის რისკს. რისკი მწეველობის ხანგრძლივობისა და ინტენსივობის პირდაპირპროპორციულია;
* ჭარბად მოიხმართ ალკოჰოლს – სხვა პრობლემებთან ერთად, ალკოჰოლი ძვლის განლევასაც იწვევს. გარდა ამისა, არაფხიზელი მდგომარეობა მოტეხილობის რისკსაც ზრდის.
- სუსტი ძვლების ამბავი
ოსტეოპოროზს ჩუმ დაავადებას უწოდებენ, ვინაიდან წლების განმავლობაში ორგანიზმი ძვლოვან მასას შესამჩნევი ცვლილებების გარეშე კარგავს და პრობლემა მხოლოდ მოტეხილობისას ხდება აშკარა. ნებისმიერი ძვლის მოტეხა შესაძლებელია, მაგრამ ყველაზე ხშირად ხერხემლისა და ბარძაყის ძვლელბი ტყდება. მოტეხილობა შესაძლოა განვითარდეს ყოველდღიური საქმინაობისას, მაგალითად, კიბეზე ასვლისას, შედარებით მძიმე ტვირთის აწევისას, დახრისას. ოსტეოპოროზით გამოწვეული მოტეხილობა ყოველ მესამე ქალთან გვხვდება. ის ძლიერ ტკივილს იწვევს, ხშირად ინვალიდობამდეც მივყავართ და ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
ხერხემლის მალების მოტეხილობა იწვევს ზურგის ტკივილს, ტანადობის შეცვლას – მხრის დაწევას, სიმაღლის მოკლებას, გადახრას. ეს აისახება ყოველდღიურ აქტივობაზე, შრომის უნარზე, ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
ყოველწლიურად ოსტეოპოროზით გამოწვეული მოტეხილობის 8,9 მილიონი ახალი შემთხვევა აღირიცხება. ბარძაყის მოტეხილობით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი პირველი წლის შემდეგ მამაკაცებში 30%-ს აღემატება, ხოლო ქალებში – 17%-ს. სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა ხერხემლისა და წინამხრის მოტეხილობებიც. ვერტებრული მოტეხილობის შედეგია აშშ-ში ყოველწლიურად 70 000 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია და 66 000 ამბულატორიული ვიზიტი.
ოსტეოპოროზის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მოტეხილობის რისკს საგრძნობლად ამცირებს.
- დიაგნოზი
დიაგნოსტიკა ძვლის სიმკვირივის შეფასებას ეფუძნება. ამ მიზნით რენტგენოლოგიური კვლევა – ორმაგენერგეტიკული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრია ტარდება. კვლევა ადრეულ ეტაპზევე ადგენს ძვლის მინერალიზაციის პრობლემას, ავლენს მოტეხილობის რისკს.
მიუხედავად ამისა, დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა მთელი მსოფლიოსთვის დღემდე პრობლემაა. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ოსტეოპოროზის შემთხვევათა უმეტესობა დაგვიანებით ვლინდება.
ძვლის მინერალური სიმკვრივის გამოკვლევა რეკომენდებულია:
* 65 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის ქალებისთვის და 70 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის, განურჩევლად რისკფაქტორების არსებობა-არარსებობისა;
* 50-დან 69 წლამდე ასაკის პოსტმენოპაუზური პერიოდში მყოფი ქალებისა და მამაკაცებისთვის რისკ ფაქტორების არსებობის შემთხვევაში;
* მათთვის, ვისაც ანამნეზში აღენიშნება მოტეხილობა (დაავადების სიმძიმის ხარისხის დასადგენად);
* მათთვის, ვისაც უნდა დაენიშნოს ფარმაკოთერაპია ან უკვე უტარდება ის (მკურნალობის შედეგის შესაფასებლად);
* მათთვის, ვისაც აქვს ისეთი დაავადება ან იტარებს ისეთ მკურნალობას, რომელიც ძვლის მასის კარგვას იწვევს.
- მკურნალობა
ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატების მოქმედების მექანიზმი, მიღების წესები და ეფექტურობა სხვადასხვანაირია. წესისამებრ, გამოიყენება:
* ბიოფოსფონატები – ანელებს ძვლის მასის კარგვას და ხელს უწყობს ძვლოვანი მასის ფორმირებას;
* სელექციური ესტროგენ-რეცეპტორების მოდულატორები (შEღMს) – ანელებს ძვლის მასის კარგვას პოსტმენოპაუზურ პერიოდში;
* დენოსუმაბი – ანელებს ძვლის მასის კარგვას და ამაგრებს ძვლებს;
* კალციტონინი – ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში კალციუმის დონეს არეგულირებს და ძვლების ფორმირებას უწობს ხელს. ძვლოვანი მასის კლების ტემპს ისიც ანელებს.
* მენოპაუზის ჰორმონული თერაპიისთვის გამოსაყენებელი საშუალებები – ეს პრეპარატები, რომლებიც მენოპაუზისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ამსუბუქებს, ძვლოვანი მასის კლებასაც უშლის ხელს;
* პარათირეოიდული ჰორმონი – ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის საინექციო ფორმაა. მისი წყალობით ახალი ძვალი უფრო სწრაფად წარმოიქმნება, ვიდრე ძველი იხარჯება.
არ დაგავიწყდეთ რაციონის კალციუმითა და დ ვიტამინით გამდიდრება, ფიზიკური აქტივობა.
- პრევენცია
ოსტეოპოროზის პრევენციის საუკეთესო საშუალება მტკიცე ძვლების ფორმირებაა, ეს კი ბავშვობის წლებში ხდება. ასაკის მატებასთან ერთად ძვლის წარმოქმნის სიჩქარე იკლებს, მენოპაუზის შემდეგ კი ძვლოვანი მასის კარგვა კიდევ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს.
ზრდასრულ ასაკში ძვლის მასის კარგვის ბუნებრივი პროცესი შეგიძლიათ შეაჩეროთ შემდეგი რეკომენდაციების დაცვით:
* ყოველდღიურად მიიღეთ სათანადო რაოდენობის D ვიტამინი და კალციუმი.
* ფიზიკურად იაქტიურეთ – იარეთ ფეხით, ირბინეთ.
* ერიდეთ თამბაქოს და ალკოჰოლს.
მოამზადა გვანცა გოგოლაძემ