ყველაზე სასიამოვნო თერაპია

გააზიარე:
დედამიწის ზურგზე ძნელად თუ იპოვით ადამიანს, მასაჟი სიამოვნებას რომ არ ჰგვრიდეს. საოჯახო თუ სამსახურებრივი საქმეებისგან დაღლილს, ალბათ თქვენც არაერთხელ გინატრიათ მასაჟის სალონში მოხვედრა. თუმცა მასაჟი მხოლოდ მოდუნების საშუალება როდია – მას ოდითგანვე იყენებენ სამკურნალოდაც. მასაჟის როგორც სამკურნალო და სარელაქსაციო მეთოდის შესახებ სასაუბროდ “ავერსის კლინიკის” რეაბილიტოლოგს ნინო კერვალიშვილს ვეწვიეთ.

– სად და როდის წარმოიშვა მასაჟი და რა ცვლილებები განიცადა დღემდე?
– მასაჟის ხელოვნება უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ინსტინქტი, შევეხოთ, ხელი გადავუსვათ მტკივან ადგილს, დროთა განმავლობაში დამოუკიდებელ სამკურნალო მეთოდად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით ღრმად უდგას ფესვები ამ ტრადიციას აღმოსავლეთის ქვეყნებში: ხუთი ათასი წლის წინანდელ ჩინურ ტრაქტატში რეკომენდებულია სხეულის ”სრესა გაციებისგან თავის დასაცავად, შინაგანი ორგანოების მოქნილობისთვის და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად”. მასაჟი ინდური კულტურის ნაწილიც იყო და, როგორც ამბობენ, დღესაც ყველა ინდოელმა ქალმა იცის, როგორ დაუზილოს სხეული ახალშობილს. მასაჟისტების გამოსახულება შემორჩენილია ძველეგვიპტურ ბარელიეფებზეც. საინტერესოა, რომ არომატული ზეთებით დაზელა ეგვიპტეში სულაც არ მიიჩნეოდა დიდგვაროვანთა პრეროგატივად – მას დიდი ადგილი ეკავა მდაბიოთა ყოფაშიც. ძველი ბერძნების მისწრაფება იდეალური სხეულისკენ მასაჟის გარეშე წარმოუდგენელი იყო. ელინელთა ცნობილი სამედიცინო ცენტრები სავარჯიშო ღია დარბაზებისგან, სპორტული მოედნებისა და მასაჟის ოთახებისგან შედგებოდა. სპორტული და საბრძოლო ტრავმების მასაჟით მკურნალობა სწორედ ამ ეპოქიდან იღებს სათავეს. ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ნამდვილ მკურნალს საუცხოოდ უნდა სცოდნოდა მასაჟის ტექნიკა. ძველმა რომაელებმა მასაჟი ყოველდღიურ წესად აქციეს და განბანის რიტუალში ჩართეს. ფართოდ იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდაც. ანტიკური ეპოქის ცნობილმა ექიმმა გალენუსმა სამკურნალო მასაჟს რამდენიმე ტრაქტატი უძღვნა. სწორედ მან შეიმუშავა მასაჟისტის ხელის მოძრაობათა კლასიფიკაცია, რომელსაც, ფაქტობრივად, დღემდე ვიყენებთ. შუა საუკუნეებში, არაბული სამედიცინო ცენტრის აყვავების ეპოქაში, მასაჟის განვითარება ავიცენამ განაგრძო. მან აღწერა სამკურნალო მცენარეები, რომელთა გამოყენებაც შეიძლებოდა მასაჟის დროს, აღწერა მასაჟით ხერხემლის მკურნალობის მეთოდები, გამოყო მასაჟის რამდენიმე სახე. XIX საუკუნეში შვედმა ათლეტმა პერ ჰენრიკ აინგმა ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე დაყრდნობით ფიზიკური ვარჯიშისა და მასაჟის მთელი სისტემა შეიმუშავა. მის მიერ გახსნილი ტანვარჯიშის ცენტრალური სამედიცინო ინსტიტუტი დღემდე ფუნქციონირებს. 1894 წელს ჩამოყალიბდა პროფესიონალ მასაჟისტთა საზოგადოება, რამდენიმე წლის შემდეგ კი ლონდონში , წმ. გიორგის სავადმყოფოში, მასაჟის განყოფილება გაიხსნა. თუმცა მასაჟი მეცნიერულ განვითარებას მაინც გერმანელ ექიმებს მეტცგერსა და მოზენგეილს უნდა უმადლოდეს.
თანამედროვე განმარტებით, მასაჟი – ეს არის მრავალი დაავადების მკურნალობის მეცნიერული მეთოდი ხელის სისტემატური ილეთების მეშვეობით. თვით ტერმინის წარმოშობას მრავალი ქვეყნის კულტურა იჩემებს: ის შეიძლება წარმოდგებოდეს არაბული “მასს”ანუ “მასცჰ”-იდან, რაც ნაზად ზეწოლას, სრესას ნიშნავს, ბერძნული “მასსო”-დან (სრესა, ზელა, ჭყლეტა) ან ლათინური “მასსა”-დან (თითებს მიკრული).
– მასაჟის უამრავი სახეობა არსებობს. რა განსხვავებაა მათ შორის და როგორ დაახასიათებდით თითოეულ მათგანს?
– აღმოსავლური მასაჟი, ევროპულისგან განსხვავებით, მოქმედებს ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე და მუშაობს ე.წ. მერიდიანების ტრაექტორიის გათვალისწინებით. ეს არის წერტილოვანი და ზედაპირული მასაჟისა, რომელსაც საფუძვლად რეფლექსური მექანიზმი უდევს, შესაბამისად, ეფექტურია უფრო ფუნქციური მოშლილობების, ზოგიერთი ქრონიკული დაზიანებისა და ვეგეტატიური სისტემის პათოლოგიების დროს. მასაჟის ტექნიკა უნიფიცირებული არ არის, სხვადახვა ქვეყანაში მას სხვადასხვა 
თავისებურება ახასიათებს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ყველაფერი ძველი ჩინური მასაჟის ტუი-ნას (TUI-NA ) რვა ძირითადი პრინციპიდან იღებს სათავეს. ეს პრინციპებია:
1. სისტემატურობა. მასაჟი სისტემატურად უნდა სრულდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შედეგს ვერ გამოიღებს.
2. ვიწყებთ შუბლიდან. ტუი-ნას მეთოდით, არსებობს საერთო მასაჟის ორი ტიპი, თუმცა ორივე ტიპის მასაჟის კეთება შუბლიდან იწყება, ყელს ჩამოჰყვება და ისე გადადის სხეულის სხვა ნაწილებზე;
3. მსუბუქიდან ძლიერისკენ. მასაჟისტის პირველი შეხება ძალიან მსუბუქი და ზედაპირული უნდა იყოს. ზეწოლა ნელ-ნელა, თანდათანობით უნდა გაძლიერდეს და როდესაც პიკს მიაღწევს, ისევ ნელ-ნელა შესუსტდეს.
4. ნელიდან სწრაფისკენ. მასაჟი ნელი მოძრაობებით იწყება და ნელ-ნელა ჩქარდება. მასაჟისტის ზეწოლითი მოძრაობები რაღაცით ცეკვას უნდა წააგავდეს. როდესაც მასაჟის რიტმი სასურველ სიჩქარეს მიაღწევს, ტემპი ისევ იკლებს და მასაჟი ნელი ზეწოლით სრულდება. 
5. ზედაპირულიდან სიღრმისეულისკენ. მასაჟისტმა კარგად უნდა იცოდეს, რომ სხეულის ზოგიერთი ზონა მსუბუქ, ზედაპირულ მასაჟს ითხოვს, ხოლო ზოგიერთს ძლიერი და სიღრმისეული დაწოლა უხდება. გარდა ამისა, დაწოლის სიძლიერე და სირღმე ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისად უნდა იცვლებოდეს.
6. მკურნალობის თანამიმდევრულობა თუ მასაჟის დროს სხეულის ზოგიერთი ზონა უფრო მგრძნობიარე და მტკივნეული აღმოჩნდა, პირველ რიგში სწორედ ამ ადგილებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ტკივილის მიზეზი აღმოვფხვრათ.
7. მასაჟის რიგითობა. საერთო მასაჟის დროს დაცული უნდა იყოს ზეწოლის რიგითობა შემდეგი თანამიმდევრობით:
თავი – ტანი
ზურგი – გულმკერდი
მარჯვენა მხარე – მარცხენა მხარე და ა.შ.
8. მოდუნება. დაუშვებელია მასაჟის კეთება დაძაბულ, დაჭიმულ სხეულზე. შესაბამისად, მასაჟისტმა ჯერ პაციენტის მოდუნება უნდა სცადოს. აი, მასაჟის დასრულების შემდეგ კი მსუბუქი დაჭიმვაა საჭირო.
ახლა კი მასაჟის რამდენიმე აღმოსავლური სახეობა მიმოვიხილოთ.
ბირმული მასაჟი. ამ დროს პაციენტს ბამბის სამოსი უნდა ეცვას. მასაჟი სრულდება დილის გამამხნევებელი ვარჯიშის წინ ან შემდეგ, თუმცა რეკომენდებულია ძილის წინაც.
მონღოლური მასაჟი. მასაჟის მონღოლურ-ტიბეტური სკოლა უპირატესობას ანიჭებს ზეწოლის ტაქტიკას. ზეწოლა ხდება I-II თითებით, თითის სახსრებით, ხელისგულით, იდაყვით. სრესა საკმაოდ ძლიერია. იყენებენ ხის ან ლითონის კაუჭს, რომელსაც წამოცმული აქვს რეზინის ან ნაჭრის მუფთა. სამასაჟო არეს უსვამენ ცხიმს (მაგალითად, ცხვრის დუმის ქონს).
ტაილანდური მასაჟი არსებითად განსხვავდება ევროპულისგან. პროცედურას წინ უძღვის პაციენტისა და გარემოს საგანგებო მომზადება. ტაილანდური მასაჟი კუნთების დაჭიმვაზე ფოკუსირდება. ზეწოლა ნელ გაჭიმვასთან ერთად, ძლიერი და ამავე დროს მომადუნებელია. ჭეშმარიტული ტაილანდური მასაჟი (და არა ის, რასაც ტურისტებს სთავაზობენ) თითქმის რელიგიური რიტუალია. ალბათ ამიტომ იყო, რომ მისი გაკეთების უფლება მხოლოდ ბუდისტ ბერებს ჰქონდათ.
იაპონური მასაჟი შიაცუ ემყარება აღმოსავლურ წარმოდგენას ორგანიზმში სასიცოცხლო ენერგიის განსაკუთრებული არხებით ცირკულაციის შესახებ. შიაცუს მიმდევართა თვალთახედვით, როგორც სისხლი მიმოიქცევა ორგანიზმში, ისეთივე ცირკულაციას განიცდის სასიცოცხლო ენერგიაც. სტრესები, ტრავმები და დაავადებები ამ ცირკულაციას არღვევს და ბლოკავს. შიაცუ სხეულის განსაზღვრულ წერტილებზე დაწოლით ამ ცირკულაციის აღდგენას და ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ზეწოლ ხდება თითებითა და ხელისგულით 3-7 წამის განმავლობაში.
მასაჟის დასავლური, ანუ ევროპასა და ამერიკაში გავრცელებული სახეობებიდან გამოვყოფდი ესპანურ მასაჟს, რომელიც პლასტიკურობით გამოირჩევა. ორგანიზმის თითოეული სისტემისთვის შემუშავებულია მანიპულაციების ცალკე კომპლექსი, სხვადასხვა პაციენტთან ან ერთსა და იმავესთან სხვადასხვა პროცედურაზე ერთი და იგივე კომპლექსი არ მეორდება. განსაკუთრებით პოპულარულია ესპანური მასაჟი სახისა და ყელისთვის.
შვედურმა მასაჟმა რუსულ-გერმანული სკოლის გავლენით დიდი ცვლილება განიცადა, თუმცა მაინც ინარჩუნებს თვითმყოფადობას. ახასიათებს ნახევრად მოხრილი თითებით ქსოვილებზე ძლიერი, ღრმა ზემოქმედება, იმდენად ღრმა, რომ მასაჟისტი ძვლამდეც კი აღწევს. კლასიკური მასაჟისგან განსხვავებით, იგი ცენტრიდან პერიფერიისკენ არის მიმართული.
ამერიკული მასაჟი – ეს არის ზედაპირული ქსოვილის, განსაკუთრებით – სახსრებისა და მყესების, ტლანქი სრესა. მასაჟი საკმაოდ ხანგრძლივია და ბევრი გართულებაც ახლავს, დაწყებული ტკივილის გაძლიერებით, დამთავრებული სისხლჩაქცევებისა და ჰემატომების გაჩენით, ამიტომ სხვა ქვეყნებში გავრცელება ვერ პოვა. საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ მასაჟის ძლიერ, ენერგიულ ილეთებს (იმავე შვედურ ან ფინურ მასაჟს) კლინიკებში თითქმის არ იყენებენ.
ჩვენთან, “ავერსის” კლინიკაში, ისევე როგორც, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში, გამოიყენება კლასიკური სამედიცინო მასაჟი, რომელსაც ზოგიერთი პათოლოგიის დროს გარკვეული თავისებურებები ახასიათებს.

– როდის ინიშნება მასაჟი?
– მასაჟი შეიძლება გაუკეთდეს როგორც ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს ამა თუ იმ დაავადების პროფილაქტიკისთვის და ზოგადი ტონუსის შესანარჩუნებლად, ასევე ავადმყოფს განსაზღვრული ჩვენების შემთხვევაში და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს. ეს ჩვენებებია ტრავმები: დაჟეჟილობა, დაჭიმულობა, მოტეხილობა, ასევე – მოტეხილობისა და ამოვარდნილობის შემდგომი პერიოდის ფუნქციური შეზღუდვები, ართროზები და ოსტეოქონდროზი, ნევროლოგიური დაავადებები (თავის ტკივილი, ნევრალგიები, ნეიროპათიები, დამბლები და პარეზები), შინაგანი სნეულებები (მაგალითად, სასუნთქი სისტემის დაავადებები, მსხვილი ნაწლავის დისტონია) და სხვა.
– შეიძლება თუ არა, მასაჟისტის მომსახურებით ისარგებლოს ორსულმა?
– სპეციალური მასაჟი შეიძლება და უნდა გაკეთდეს ორსულობის დროსაც. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მუცელს, სარძევე ჯირკვლებს, ბარძაყებსა და მკლავებს. მასაჟი, ერთი მხრივ, არის სასიამოვნო პროცედურა, რელაქსაციის საშუალება მომავალი დედისთვის (მით უმეტეს, რომ ორსულობისას ბევრი უჩივის ზურგის კუნთების ტკივილს, დაჭიმულობას), მეორე მხრივ კი ორსულთა სტრიების საპროფილაქტიკო ღონისძიებაა. ამასთან, მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც, გერმანელი კოლეგების დაკვირვებით, ძალზე სიამოვნებს ნაყოფსაც.
– როდის არ შეიძლება მასაჟის გაკეთება?
– როგორც ნებისმიერ სამკურნალო მეთოდს, მასაჟსაც აქვს უკუჩვენებები. ესენია ავთვისებიანი სიმსივნეები, სისხლდენა და სისხლდენისკენ მიდრეკილება, სისხლის დაავადებები, ნებისმიერი ლოკალიზაცის ჩირქოვანი პროცესები, კანის ზოგიერთი დაავადება, თრომბოემბოლიები, გამოხატული ვარიკოზი, ანევრიზმები, აგზნებით მიმდინარე ფსიქიკური დაავადებები, ცხელება და სხვა. ამიტომ მხოლოდ ექიმ რეაბილიტოლოგს შეუძლია განსაზღვროს, შეიძლება თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში მასაჟის დანიშვნა და თუ შეიძლება, რა დატვირთვით, რა სიხშირით. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ექიმები ყველას, ნუ დაინიშნავენ თვითნებურად მასაჟს და პირველი პროცედურის ჩატარებამდე აუცილებლად გაიარონ ექიმი სპეციალისტის კონსულტაცია.

გააზიარე: