იოგა – სხეულით მეტყველების ანბანი
გააზიარე:
დღევანდელ დღემდე მოსაღწევად იოგამ ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გზა განვლო. ზოგიერთი მკვლევარის მითითებით, ცხრაათასწლოვანი ისტორიის მანძილზე მან დააგროვა მეთოდებისა და სხვადასხვა ტექნიკის კოლოსალური ბაგაჟი, რომელიც სამ ძირითად კონცეპტს აერთიანებს – ვარჯიშს, სუნთქვასა და მედიტაციას. ამათგან ვარჯიში ფიზიკურ სიჯანსაღეს უზრუნველყოფს, სუნთქვა და მედიტაცია კი ადამიანის სხეულში არსებულ შინაგან სამყაროს აღვიძებს და ახალ სიცოცხლეს შთაბერავს მას.
იოგას შემქნელად უძველეს წყაროებში სახელდება შივა – ინდური მითოლოგიის უმძლავრესი და უზენაესი ღმერთი, ბრძოლის, ტრანსფორმაციისა და გარდაქმნების მფარველი. სწორედ ამიტომ მიიჩნევა იოგა ადამიანის გასხივოსნების, ყოველდღიური რუტინული არსებობისგან თავდაცვისა და შემეცნების არსებული საზღვრების გადალახვის საშუალებად. იოგა ქართული საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი 1995 წლიდან გახდა. სწორედ ამ წელს გამოიცა ქართულ ენაზე უძველესი ნაშრომი იოგას ფილოსოფიის შესახებ – “უპანიშადები“, რომელიც ლერი ალიმონაკმა თარგმნა. თუმცა მანამდეც, მიუხედავად საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი ცენზურისა, ზოგიერთი ახერხებდა და გაუხმაურებლად, ზედმეტი აჟიტირების გარეშე მისდევდა ცხოვრების ამ სტილს.
უნდა ითქვას, რომ ტრადიციულ ქართულ სოციოკულტურაში იოგა მყარად დღემდე არ დამკვიდრებულა და ამას თავისი მიზეზები აქვს. უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ამის შესახებ ინტერვიუს გაცნობისას მიიღებთ.
საინტერესოა, რომ ინდუიზმისა და ბუდიზმის მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული იოგა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ვრცელდება ევროპასა და ამერიკაში და ერთმანეთისგან განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისა და მრწამსის უამრავ ადამიანს აერთიანებს. იოგას განსაკუთრებულ პოპულარობას ისიც განაპირობებს, რომ დღეს ამ სისტემით ბევრი ცნობილი ადამიანია გატაცებული – მადონა, გვინეტ პელტროუ, სტინგი, მეგ რაიანი, ჯენიფერ ანისტონი... რიჩარდ კორლისი, რომელმაც ჟურნალ “ტაიმისთვის“ ამის თაობაზე ვრცელი სტატია მოამზადა (მოგვიანებით მისი ნაშრომი ნარკვევის სახითაც გამოიცა), ხუმრობს, იმ ცნობილი ამერიკელების ჩამოთვლა უფრო ადვილია, ვინც იოგას არ მისდევს, ვიდრე იმათი, ვინც იოგას სახელგანთქმულ ინსტრუქტორებთან სავარჯიშოდ რიგებში დგანანო.
სამედიცინო თვალსაზრისით...
“ავტონომიური ნერვული სისტემა სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ სისტემებად არის დაყოფილი. პირველი აღგზნებასა და ე.წ. თავდასხმა-გაქცევის რეაქციასთანაა დაკავშირებული, მეორე კი რელაქსაციასთან. ღრმა სუნთქვითი სავარჯიშოები, გაწელვა, კუნთების დაჭიმულობის მოსადუნებელი მოქმედებები, რომლებსაც იოგას ვარჯიშების კომპლექსი მოიცავს თავდასხმა-გაქცევის რეაქციას თიშავს და რელაქსაციის რეაქციას ააქტიურებს. ამ მანიპულაციების შედეგად გულისცემა მშვიდდება, სუნთქვა და არტერიული წნევა სტაბილურდება და ეს ცვლილებები ორგანიზმის სამკურნალო მექანიზმების ასამუშავებლად გამოიყენება“, – შენიშნავს ჟურნალ “Yoga Journal”-ის ერთ-ერთი რედაქტორი, ექიმი მაკკელი.
კლასიკური მედიცინა იოგას მიმართ, მართალია, ფრთხილ, მაგრამ მაინც ერთმნიშვნელოვნად დადებით განწყობას გამოხატავს.
“სკეპტიკურად განწყობილი ექიმები, რომლებიც არ ცნობენ არამეცნიერულ მიდგომებს და მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს, მიიჩნევენ, რომ მშვიდი, სტატიკური, სწორ სუნთქვაზე ორიენტირებული, არატრავმული და რელაქსაციისა და სტრესის მოხსნისკენ მიმართული კომპლექსი ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს ვერ მიაყენებს. კვლევებმა ისიც დაადასტურა, რომ იოგა ლიმფური სისტემის სტიმულირებას და, შესაბამისად, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მისი ზოგიერთი პოზა (ასანა) სწორედ იმ კუნთებს ჭიმავს, რომლებიც ლიმფური სისტემის აქტიურ მუშობას ახალისებს. მაგალითად, თავდახრილი ძაღლის პოზა, როდესაც ხელები ძაღლის თათების მსგავსად არის გაჭიმული, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს“, – ვკითხულობთ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და აღიარებულ ჟურნალში იოგას შესახებ.
“იოგასთან პირადი შეხება ძალიან მცირე ხნის განმავლობაში მქონდა. უკრაინაში სტაჟირების დროს დავდიოდი სპეციალურ ცენტრში, სადაც ინსტრუქტორის მეთვალყურეობით ვვარჯიშობდი. იოგა ერთი უბრალო მიზეზის გამო შევარჩიე – დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ფიზიკური განტვირთვა მჭირდებოდა, იოგა კი საკმაოდ პრაგმატული იყო იმ თვალსაზრისით, რომ არც წინასწარ მომზადებაა საჭირო, არც ვარჯიშის შემდგომ შხაპი. როგორც ექიმმა, შემიძლია შევნიშნო, რომ ვარჯიშის დროს ხდება სხეულის სრული მოდუნება და იხსნება დაძაბულობა, სტრესი. სტატიკური ფიზიკური დატვირთვა დამღლელი და მატრავმირებელი კი არა, ტონუსის ამწევია. მუსკულატურაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ვარჯიშდება. აღსანიშნავია სუნთქვითი ვარჯიშებიც, რაც უდავოდ სასიკეთო გავლენას ახდენს ორგანიზმზე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ, მიუხედავად გავრცელებული სარეკლამო მოწოდებებისა, რაც, ზოგადად, ახასიათებს ალტერნატიულ მიმდინარეობებს, ვერც ერთი მეთოდი თუ მიდგომა ვერ ჩაანაცვლებს კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას. ადამიანს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ რაიმე დაავადებისგან მხოლოდ ამგვარი მეთოდით განიკურნება, თუმცა საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვადასხვა სომატური პათოლოგიის შემსუბუქება სავსებით რეალურია. და კიდევ ერთი: მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც გადაწყვეტს ვარჯიშს, დაუკავშირდეს სპეციალისტს, რადგან დამოუკიდებლად, უმეთვალყურეოდ, არასწორად ჩატარებულმა ვარჯიშმა შესაძლოა სარგებლობის ნაცვლად ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას“, – ამბობს ნევროლოგი თეა გაჩეჩილაძე.
იმ საკითხებში უკეთ გარკვევის მიზნით, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, “ავერსი” საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი ბერძენიშვილს დაუკავშირდა. ინტერვიუ “იოგას სახლში“ შედგა:
– რამდენად პოპულარულია იოგა დღეს საქართველოში?
– საკმაოდ პოპულარულია. ბოლო ხანს მოდური გახდა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ადრე ცხოვრების ჯანსაღი წესი ძირითადად კარგი კვებით შემოიფარგლებოდა. არსებობდა მცდარი წარმოდგენა, რომ თუ ადამიანი დღეში ამდენჯერ და ამდენჯერ იკვებება და პირველი, მეორე, მესამე და დესერტი უზრუნველყოფილი აქვს, ესე იგი ჯანმრთელი იქნება. საბედნიეროდ, დამოკიდებულება შეიცვალა. ახლა ბევრი ინტერესდება სხეულის სიჯანსაღით და ეძებს საამისოდ სხვადასხვა გზას, მათ შორის – იოგასაც.
იოგას ფედერაცია უამრავი ადამიანს აერთიანებს. “იოგას სახლი” ორ წელიწადზე მეტია არსებობს და ეს არის პირველი იოგას ცენტრი საქართველოში. ამ ხნის განმავლობაში პროგრესი აშკარაა, უამრავი ხალხი მოგვმართავს.
– რა არის იოგა – ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსი, მსოფლმხედველობა, ფილოსოფიური მიმდინარეობა თუ რაიმე სხვა?
– ისტორიულად იოგა ინდუისტურ მსოფლხედველობას ეფუძნება. საზოგადოდ, მას ფესვები ისე ღრმად აქვს გადგმული რელიგიაში, ლეგენდებსა და მითებში, რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია. უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ორი რამ: იოგა, რა სახითაც იგი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა სამშობლოში და იოგა, რომელიც დღესდღეობით არის გავრცელებული მსოფლიოში. თანამედროვე იოგა ნაკლებად ატარებს ფილოსოფიურ ხასიათს. მისი ეს მიმდინარეობა, რომლითაც ჩვენთან ვარჯიშობენ, ევროპელების მიერაა მოდერნიზებული. მათ კლასიკურ იოგას ჩამოაშორეს ზოიგიერთი ელემენტი და შექმნეს ახალი სტილი, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი მრწამსისგან განურჩევლად მისდიოს იოგას.
– რა დაბრკოლებას შეიძლება წააწყდეს ორთოდოქსი ქრისტიანი, თუკი იოგათი დაინტერესდება?
– ზოგი ფრთხილობს, იოგა მის რელიგიასა და ტრადიციებთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. მართალია, იოგას მედიტაციას აქვს კავშირი ინდუიზმთან, ბუდიზმთან, მაგრამ საკუთრივ მედიტაცია არ შეიძლება ნიშნავდეს მაინცდამაინც აღმსარებლობის შეცვლას. გაიხსენეთ ოლიმპიური თამაშები. ოდესღაც, ანტიკურ ხანაში, ისინი ღმერთების პატივსაცემად იმართებოდა და აშკარად გამოხატული რელიგიური ელფერი ჰქონდა. ვინმე იტყვის, რომ დღევანდელ ოლიმპიურ თამაშებს რაიმე კავშირი აქვს ანტიკური ღმერთების პანთეონთან? იგივეა აქაც. ჩვენთვის ეს უკვე ვარჯიშია. მედიტაციაც საკუთარ თავზე მუშაობის მეთოდიკაა, იმის იქით კი ყველა თვითონ აკეთებს არჩევანს, რა რელიგიას მისდიოს, ვინაიდან ეს ადამიანის პირადი საკითხია.
– იოგას სისტემით ვარჯიში ყოველგვარი ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანს შეუძლია?
– მოქნილობას გულისხმობთ, ალბათ. მერწმუნეთ, ნებისმიერს შეუძლია მისდიოს იოგას და მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ თუ იგი სპეციალისტის დაკვირვებით და მითითებით შეასრულებს ასანას, შედეგს აუცილებლად მიიღებს, განურჩევლად იმისა, რამდენად მოქნილად ან ზუსტად იმეორებს ინსტრუქტორის მოქმედებას. სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა შესაძლებლობა და ფიზიკური მონაცემები აქვს. იოგა ყველასთვისაა.
– დღეს ძალზე პოპულარულია სტიმულატორების მიღება ენერგიის მოსამატებლად და მუშაობის ხარისხის ასამაღლებლად. რას სთავაზობს იოგა ყავის, სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელის, ალკოჰოლის მომხარებლებს?
– პირადად მე არც ერთის მომხარებელი არ ვარ. თითოეულ ამ სტიმულატორს, თუ შეიძლება ასე ითქვას, დროებითი ეფექტი აქვს, სასიცოცხლო, ჯანსაღ ენერგიას ვერც ერთი ვერ აღადგენს. ეს უფრო ბანკიდან კრედიტის გამოტანას და ერთ საათში დახარჯვას ჰგავს – ამის შემდეგ ორგანიზმს მეტი შრომა სჭირდება, რათა შინაგან ჰარმონიას მიაღწიოს. იოგა შინაგანი ძალების ჰარმონიულად აღდგენისთვის შეუცვლელია. მისი ვარჯიშები აჯანსაღებს მთელ სხეულს. ვარჯიშის პროცესში კუნთების აქტიური მოქმედება ხელს უშლის ორგანიზმის დაბერებას. იოგას ვარჯიშების შესრულება საუკეთესო გზაა დაავადებათა თავიდან ასაცილებლად, ამასთან, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ყველაზე მეტად კი ხერხემლის დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა იოგა ნამდვილად ვერ იტვირთავს შორსწასული ან მძიმე დაავადების სრულ განკურნებას. ამის გარანტიას არც ერთი სპეციალისტი არ მისცემს ადამიანს. აღსანიშნავია ისიც, რომ იოგა დღეს უფრო პოპულარულია, ვიდრე ფსიქოთერაპია. ამერიკაში ჩატარებული კვლევების თანახმად, დღეს იოგას ცენტრებს უფრო მეტი ხალხი მიმართავს ფსიქოლოგიური პრობლემების კორექციისთვის, ვიდრე ფსიქოთერაპევტებს. ჯგუფური ან ინდივიდუალური იოგა გაცილებით უფრო კომფორტული მეთოდია პრობლემებთან გასამკლავებლად, ვიდრე პაციენტის ამპლუაში ფსიქოთერაპევტის სავარძელში ჯდომა.
– აქ მოსული ადამიანის ფსიქოტიპსა და ტემპერამენტს თუ ითვალისწინებთ? ვფიქრობ, ასეთი არადინამიკური, სტატიკური ფიზიკური დატვირთვა ყველასთვის მისაღები ვერ იქნება.
– რა თქმა უნდა, ვითავლისწინებთ. ენერგიულ, ტემპერამენტიან ადამიანებს დააინტერესებს აშტანგა იოგა – ვარჯიშების დინამიკური, ინტენსიური კომპლექსი. იოგას, ფაქტობრივად, არ გაჩნია ასაკობრივი შეზღუდვა. ის მიზანშეწონილია ბავშვებისთვისაც, ორსულებისთვისაც და ხანში შესული ადამიანებისთვისაც. ერთი სიტყვით, ყველასთვის, ვისაც სურს ფიზიკურად და სულიერად გაძლიერდეს, გაიაქტიუროს შინაგანი ენერგია, გაიუმჯობესოს ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.