ვშიფრავთ იმუნურ სისტემას
გააზიარე:
ეს დაუპატიჟებელი სტუმრები ყველაზე ხშირად ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები და სოკოები არიან. როდესაც იმუნური სისტემა გამართულად მუშაობს, ისინი ორგანიზმის სიღრმემდე ვერც კი აღწევენ, ხოლო თუ მაინც მოახერხეს შეჭრა, აგრესიული იმუნური პასუხის შედეგად ნადგურდებიან.
იმუნური სისტემა, ისევე როგორც ორგანოთა სხვა სისტემები, ამა თუ იმ მიზეზით შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს და ორგანიზმის დაცვა ვეღარ შეძლოს.
იმუნურ სისტემას, სხვა ფუნქციებთან ერთად, ისიც მოეთხოვება, საკუთარი ორგანიზმის უჯრედებს და ამავე ორგანიზმში მობინადრე სასარგებლო ბაქტერიებს არ ავნოს. ამდენად, მშობლიურისა და უცხოს გარჩევის ნიჭი იმუნური სისტემის სიჯანსაღის ერთ-ერთი ნიშანია. ყველა მიკროორგანიზმს, რომელსაც იმუნური სისტემა უცხოდ აღიქვამს, ანტიგენების სახელით მოიხსენიებენ. ანტიგენად აღიქმება ყველაფერი უცხო: ვირუსი, მოლეკულა, უჯრედი, ქსოვილი...
მწყობრიდან გამოსული იმუნიტეტი ხშირად “საკუთარისა” და “სხვისის” გარჩევის უნარს კარგავს და თავისივე ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებს უტევს. სწორედ ამის შედეგად ყალიბდება აუტოიმუნური დაავადებები, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ.
ერთგული ჯარისკაცები
იმუნური სისტემის ჯარისკაცები — ლიმფოციტები — მთელ ორგანიზმში არიან მიმოფანტულნი. მათ წარმოქმნაში კი მთავარ როლს ძვლის ტვინი ასრულებს.
ლიმფოციტები ორნაირია: T და B. სისხლძარღვებისა და ლიმფური ძარღვების საშუალებით ისინი მთელ ორგანიზმში მიმოდიან. მათი ერთ-ერთი ნავსაყუდელი ლიმფური კვანძებია, როლებიც ლიმფური ძარღვების გასწვრივ მძივებივით არის ჩამწკრივებული. სწორედ აქ მიაქვთ ლიმფოციტებს ანტიგენებზე პირველი შეტევა. ასეთივე “ბანაკის” როლს ასრულებს ელენთა – ორგანო, რომელშიც ლიმფოციტები იყრიან თავს და უცხო სხეულების აქტიურ განადგურებას იწყებენ.
ლიმფური კვანძები უმთავრესად კისრის, იღლიის, მუცლისა და საზარდულის მიდამოებშია თავმოყრილი.
ლიმფოიდური წარმონაქმნები ორგანიზმის სხვა კუთხე-კუნჭულებშიც გვხვდება. მათ შორის ტონზილები, ადენოიდები და ჭიაყელა დანამატი ანუ აპენდიქსი.
ლიმფოიდური სისტემის შემადგენელი ნაწილია თიმუსის ჯირკვალიც, რომელიც მკერდის ძვლის უკან მდებარეობს.
იმუნურ სისტემას სხვა ჯარისკაცებიც ჰყავს — ფაგოციტები, რომლებიც უცხო სხეულებს გარს ეხვევიან და, უხეშად რომ ვთქვათ, ჭამენ.
ამრიგად, იმუნური სისტემა სხვადასხვა დანიშნულების ელემენტებისგან შედგება. ერთნი თუ მიზანში იღებენ მტერს, მეორენი მათი შთანთქმით არიან დაკავებულნი. სისტემამ ეფექტურად რომ იმუშაოს, მისი ყველა კომპონენტი შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს — თავდაცვის რეაქცია ეფექტური ლინკებით იყოს ურთიერთდაკავშირებული და მტრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას “ფოსტით” ატყობინებდნენ ერთმანეთს. ამ “ფოსტა-ტელეგრაფში” გზავნილების როლს ქიმიური ნივთიერებები ასრულებს, რომლებიც ჰორიზონტზე ანტიგენის გამოჩენისთანავე სინთეზირდება.
ბაქტერიავირუსული შეტევა
მიკროორგანიზმებს, ისევე როგორც ყველა აგრესორს, შეტევის თავ-თავიანთი ტაქტიკა აქვთ. იმუნური სისტემაც ყოველ მათგანს სხვადასხვანაირად პასუხობს.
ბაქტერიების უმრავლესობა უჯრედებს შორის არსებულ სივრცეში მოკალათდება ხოლმე. სწორედ აქ პოულობს მას ანტისხეული, ზედ ეკვრის და ფაგოციტებს სიგნალს უგზავნის, რომ “დანაშაულის ადგილისკენ” იჩქარონ და ანტიგენი შთანთქონ.
ზოგიერთ ბაქტერიას, ისევე როგორც ვირუსებს, არსებობისთვის უჯრედში მოხვედრა სჭირდება. ამ შემთხვევაში მათ განიარაღებაში T ციტოტოქსიკური ლიმფოციტები ერთვებიან.
აი, პარაზიტები კი უჯრედის ზედაპირზეც და მის შიგნითაც შესანიშნავად გრძნობენ თავს. ეს მიკროორგანიზმები ხშირად უფრო დიდი ზომისანი არიან, ვიდრე ვირუსები და ბაქტერიები, ამიტომ მათი განიარაღებისთვისაც მეტი ძალისხმევაა საჭირო.
პარაზიტების შეჭრისას ვითარდება ანთებითი რეაქცია, რომელშიც, ჩვეულებრივ, ანტისხეულებთან ერთად ეოზინოფილები, ბაზოფილები და სხვა გრანულოვანი უჯრედები მონაწილეობენ.
ჯერ კიდევ უძველესმა ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ინფექციური დაავადება ადამიანს ხელმეორედ აღარ ემართებოდა. გამოითქვა ვარაუდი, რომ ინფექციის ხელახალი შემოტევისას ჭკვიანი იმუნიტეტი უმალვე ცნობდა მტერს და დაუყოვნებლივ ანადგურებდა. დროთა განმავლობაში ეს მოსაზრება დადასტურდა. აღმოჩნდა, რომ T და B ლიმფოციტები მეხსიერების უჯრედებად გარდაისახებიან და განმეორებითი ინტერვენციის დროს მყისვე იწყებენ “წინააღმდეგობის მოძრაობას” — მტრის განადგურება-განიარაღების პროცესს. გარდა მეხსიერების სიმტკიცისა, იმუნური პასუხის სიძლიერე დამოკიდებულია ანტიგენების ტიპზე, რაოდენობასა და გზაზე, რომლითაც უცხო სხეული ორგანიზმში ხდება. მნიშვნელობა გენეტიკასაც ჰქონია.
იმუნური გაუგებრობა
იმუნური სისტემის შემადგენელი ნაწილების ურთიერთშეუთანხმებელ და არაკორექტულ მოქმედებას ხშირად დაავადებამდე მივყავართ. ასეთი დაავადება, სამწუხაროდ, არაერთია. ისინი შეგვიძლია რამდენიმე ჯგუფად დავყოთ.
ყველაზე ხშირია ალერგიული დაავადებები. ამ დროს იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურობს და მტვრის უბრალო ნაწილაკიც კი მოსისხლე მტერი ჰგონია. ასეთ დროს ამბობენ, რომ ორგანიზმი, უფრო სწორად, იმუნური სისტემა ჰიპერრეაქტიულია, ხატოვნად კი მას შესაძლოა “ფეთქებადი” იმუნიტეტიც უწოდონ.
ზოგჯერ ამ ყოვლისმჭვრეტელ საიმედო მცველს ამომცნობი მექანიზმი უმტყუნებს და საკუთარ უჯრედებს მტრებად მიიჩნევს. ასე ვითარდება აუტოიმუნური დაავადებები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ სახსრების დაავადებებს (მათ უფრო რევმატული პათოლოგიების სახელით მოიხსენიებენ), თირკმლის ზოგიერთ დაავადებას და შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთ ფორმას.
იმუნური სისტემის არასწორი ქცევით გამოწვეულ დაავადებათა კიდევ ერთი დიდი ჯგუფია იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. ამ დროს იმუნური სისტემა ანტიგენებს საკადრის პასუხს ვეღარ სცემს და ორგანიზმი ბაქტერიებს, ვირუსებსა თუ სიმსივნეებს უვარდება ხელში. ამ ჯგუფში შედის პირველადი ანუ თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები (ასამდე ისეთი დაავადება, როცა იმუნიტეტის რომელიმე რგოლი დაბადებიდანვე არასწორად ფუნქციობს) და შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი – შიდსი.
იმუნოდეფიციტს თანამედროვე მედიცინა მხოლოდ მძიმე დარღვევას უწოდებს. მას, ისევე როგორც იმუნური სისტემის სხვა პათოლოგიებს, სპეციფიკური, სპეციალისტის მიერ შერჩეული მკურნალობა სჭირდება. თუმცა ისიც უდავოა, რომ ყოველგვარი უქეიფობა, სხვა ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემის დაავადება თუ სეზონური ცვლილება იმუნურ სისტემაში გარკვეულ რყევებს იწვევს. ამ დროს უმჯობესია, იმუნიტეტის მოძლიერების ნაცვლად ძირითადი დაავადების კონტროლზე ვიზრუნოთ, ხოლო გაზაფხულის უქეიფობასთან გასამკლავებლად ორგანიზმის მოსამაგრებელ საშუალებებს მივმართოთ.
ძილი და სუფთა ჰაერი
იმუნურ სისტემას ყურადღება წელიწადის ყოველ დროს სჭირდება, მაგრამ გაზაფხულობით – ყველაზე მეტად. ზამთარგამოვლილი, ვიტამინებით მდიდარ საკვებს მოკლებული ორგანიზმი შესამჩნევად სუსტდება და ხელის შეშველებას ითხოვს.
რა უწყობს ხელს იმუნიტეტის სათანადო დონეზე შენარჩუნებას? მოდი, გავარკვიოთ.
. იმუნიტეტს ძილი უხდება. ვირუსებმა და ქრონიკულმა სნეულებებმა მშვიდად რომ განაგრძონ თვლემა, ჩვენც ნორმალურად უნდა ვიძინოთ. ქრონიკული უძილობა მკვეთრად აქვეითებს სასიცოცხლო ტონუსს და იმუნურ სისტემას უმძიმეს დარტყმას აყენებს.
. ძალ-ღონის მოკრებაში სუფთა ჰაერიც დაგვეხმარება. ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი რომ მიიღოს, ყოველდღე თითო საათი მაინც უნდა გავატაროთ სუფთა ჰაერზე. კარგი იქნება, თუ ძილის წინ ოთახის განიავებასაც მოვახერხებთ.
. არანაკლებ მნიშვნელოვანია გაკაჟება. მეთოდები კი მარტივზე მარტივია: კონტრასტული შხაპი, ტანის დაზელა... მთავარია, წყლის ტემპერატურა ნელ-ნელა, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ, თითო გრადუსით შეამციროთ 37 0C-დან 27-28 0C-მდე.
. არ გვაწყენდა რაციონის გადახალისება. სწორი კვება რომ ჯანმრთელობის საწინდარია, არაერთხელ გვითქვამს, გაზაფხულზე კი რაციონს ვიტამინებით გაჯერება სჭირდება. საბედნიეროდ, მათ საძებნელად შორს წასვლა არ დაგვჭირდება: ადრე შემოდის მწვანილი, მხალეული, შემდეგ – ხილი და ბოსტნეული.
ნაზამთრალი პროდუქტებიდან ვიტამინებს შედარებით უკეთესად ინარჩუნებს მწვანე ვაშლი, კომბოსტოს მწნილი, ასკილი, ციტრუსები, შავი მოცხარი. არც რძემჟავა ნაწარმის დავიწყება გვეპატიება: ცოცხალი სასარგებლო ბაქტერიების შემცველი მაწონი, კეფირი, იოგურტი მხოლოდ ნაწლავების ნორმალურ მუშაობას კი არ აღადგენს, იმუნური სისტემის მოძლიერებასაც უწყობს ხელს. იმუნიტეტზე რძემჟავა ბაქტერიების დადებით გავლენას არაერთი კვლევა ადასტურებს.
. მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადების მართვა. საამისოდ გეგმა ექიმთან ერთად უნდა შევიმუშაოთ და განუხრელად მივდიოთ მას, თუნდაც თავს მშვენივრად ვგრძნობდეთ. ამით დაავადების პროგრესირებას ხელს შევუშლით და ჩვეული რიტმით ცხოვრების გაგრძელებას შევძლებთ. მოსალოდნელი საგაზაფხულო გამწვავების თავიდან ასაცილებლადაც კონკრეტულ რჩევას ექიმი მოგცემთ.
იმუნური სისტემის და, საზოგადოდ, ორგანიზმის მოსაძლიერებლად მედიკამენტებსაც ხშირად იყენებენ. ექიმებს ამის თაობაზე საერთო აზრი ჯერ კიდევ არ გააჩნიათ, ასე რომ, ზუსტად ვერ გეტყვით, ღირს თუ არა საპროფილაქტიკოდ რომელიმე ამ წამლის მიღება. ეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ თავად უნდა გადაწყვიტოთ. სამეცნიერო ლიტერატურა კი სადღეისოდ ამგვარ სამკურნალო, უფრო სწორად, იმუნიტეტის ამამაღლებელ საშუალებებს გვირჩევს:
. პოლივიტამინებს. ისინი ძალიან მცირე ოდენობით გვჭირდება, სამაგიეროდ, მათ ნაკლებობას სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია. ამერიკის პედიატრთა აკადემიაში მიაჩნიათ, რომ ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების უმრავლესობას ვიტამინების დამატებითი მიღება არ სჭირდება, მაგრამ ქრონიკული დაავადებებისა და კვებითი დარღვების დროს მათი სმა აუცილებელია. თუ ზამთარში დიდხანს იავადმყოფეთ ან თავს განსაკუთრებით სუსტად გრძნობთ, ვიტამინები მართლაც კარგ სამსახურს გაგიწევთ.
. პრობიოტიკებს. ისინი სასარგებლო, ჯანმრთელი ადამიანის კუჭ-ნაწლავში მცხოვრებ მიკროორგანიზმთა მსგავსი ცოცხალ ბაქტერიების ნაკრებია. არსებობს მონაცემები, რომ პრობიოტიკები ეფექტურია დიარეის, საშარდე და რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციების, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ბავშვებში – ატოპიური დერმატიტის (დიათეზის) სამკურნალოდ, თუმცა ეს წინასწარი მონაცემებია, მტკიცებულებით მედიცინას საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს, იმუნიტეტდაქვეითებულთათვის კი მათი თვითნებური, არასწორი გამოყენება შესაძლოა არცთუ უვნებელი აღმოჩნდეს.
. ექინაცეას. ამ მცენარეულ პრეპარატს ხშირად იყენებდნენ გრიპისა და გაციების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ, ასევე – იმუნიტეტის მოსაძლიერებლადაც. ბოლოდროინდელი მონაცემებით, ეს მცენარე ვირუსებისგან ვერ იცავს. რაც შეეხება ზედა სასუნთქი გზების ინფექციათა მკურნალობას, აქ მონაცემები ურთიერთსაპირისპიროა და დამატებით კვლევას მოითხოვს.
იმუნიტეტის ასამაღლებლად სხვა მცენარეებსაც მიმართავენ, მათ შორის – ჟენ-შენს, ალოეს, ლიმონს, ჟოლოს...
ჟენ-შენს მრავალი საუკუნეა იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში. მის ფესვში ასამდე აქტიური ნივთიერება მოიპოვება, რომლებიც ძალზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაზე.
ჟენ-შენს იყენებენ როგორც მატონიზებელ, ორგანიზმის მასტიმულირებელ საშუალებას. იგი აუმჯობესებს ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას, არეგულირებს არტერიულ წნევასა და გულის მუშაობას.
ჟენ-შენი კარგია დაღლილობის (თუნდაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომის), გამოფიტვის, ხანგრძლივი და დაძაბული გონებრივი მუშაობის (მაგალითად, გამოცდებისთვის მზადების), ანემიის შემთხვევაში, ასევე – ინფექციის შემდგომ პერიოდში.
მიზანშეწონილია ჟენ-შენის გამოყენება იმ პრეპარატების პარალელურად, რომლებიც რომელიმე (მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები) ქრონიკული ინფექციის სამკურნალოდ ინიშნება. მისი წყალობით მოძლიერებული ორგანიზმი გაცილებით იოლად უმკლავდება დაავადებას. ყველაზე ხშირად იყენებენ 10%-იან სპირტზე დამზადებულ ჟენ-შენის ნაყენს. შინაურ პირობებში ის ცალკეც შეგიძლიათ მოამზადოთ და სხვა მცენარეების ნაკრებთან ერთადაც. ნაყენის მიღება სასურველია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. დაიხსომეთ: ძილის წინ ჟენ-შენის ნაყენის დალევა მიზანშეწონილი არ არის, რადგან შესაძლოა გამოფხიზლდეთ და კარგა ხანს აღარ დაგეძინოთ. ჟენ-შენი მეტად სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ მართებული გამოყენებისას. იგი ასტიმულირებს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესს, მათ შორის – სიმსივნურსაც, ასე რომ, მათთვის, ვისაც საშვილოსნოს მიომა, მასტოპათია ან კისტური წარმონაქმნები აქვს, ამ მცენარის ნაყენი სახიფათოც კია.
ჟენ-შენის გამოყენება არც მათთვის არის სასურველი, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს. ბოლო ხანს სამედიცინო საზოგადოება სულ უფრო ხშირად მსჯელობს იმის თაობაზე, სახიფათოა თუ არა ჟენ-შენი ორსულისთვის. ნაწილი ემხრობა მოსაზრებას, რომ ამ მცენარემ, გარდა იმისა, რომ საშვილოსნოს ტონუსის მატებას იწვევს, შესაძლოა, ნაყოფის განვითარების მანკებიც გამოიწვიოს. ასე რომ, თუ ორსულად ხართ, ჟენ-შენი მხოლოდ გინეკოლოგის ნებართვით მიიღეთ.
თუ წინ დაძაბული დღე გელით, ენერგიით რომ დაიმუხტოთ, გირჩევთ, საუზმის შემდეგ ჟენშენის სპირტხსნარის 30 წვეთი მიიღოთ და წყალი დააყოლოთ. ენერგიის მოზღვავებას ნახევარ საათში იგრძნობთ. თუ ექსტრა ენერგია დაგჭირდათ, იგივე სადილის წინაც გაიმეორეთ.
ალერგია – დარღვევა სისტემაში
ალერგია სხვადასხვანაირია: კვებითი, კანისა, სასუნთქი სისტემის ალერგოზი, ალერგია მწერის ნაკბენზე, წამლისმიერი ალერგია... არის შემთხვევები, როდესაც ალერგიული გამოვლინებები რომელიმე სხვა, პირველად დაავადებას უკავშირდება. მაგალითად, მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება შესაძლოა ასოცირებული იყოს ვირუსულ ინფექციასთან, ჩიყვთან, დიაბეტთან, კუჭის წყლულთან, ავთვისებიან დაავადებასთან.
არსებობს ფიზიკურ ფაქტორებთან დაკავშირებული ალერგიაც, მაგალითად, ალერგია სითბოზე, სიცივეზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, წყალზე, მექანიკურ გაღიზიანებაზე, მზის სხივებზე.
სხვადასხვა ალერგიული დაავადება სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა სიხშირით გვხვდება. მაგალითად, კვებითი ალერგია მეტწილად წლამდე ასაკის ბავშვებს აწუხებთ, ოთხიდან ათ წლამდე უმთავრესად დერმატოზული გამოვლინებები გვხვდება, ხუთი წლიდან პუბერტატულ ასაკამდე კი ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები. ბოლო ხანს საგრძნობლად გახშირდა ალერგია მედიკამენტებზე. განსაკუთრებით აქტუალურია ალერგია ანტიბიოტიკებსა და ტკივილგამაყუჩებლებზე, რომლებიც ხშირად იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე სისტემურ რეაქციებს. ალერგია, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა მიზეზი აქვს, სხვადასხვანაირადაც ვლინდება.
გასტროენტერულ (კუჭ-ნაწლავის) ალერგიას უმთავრესად გასტროენტერული მოვლენები ახასიათებს. ბავშვთა ასაკში ის შეიძლება გამოიხატოს სტომატიტით, კოლიკით – მუცლის მუდმივი მორეციდივე ტკივილით, ფაღარათით ან, პირიქით, ყაბზობით, სისხლიანი განავლით. კანისმხრივი გამოვლინებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი, რომელიც ზოგჯერ რთულდება და ატოპიურ დერმატიტიში გადაიზრდება. ამ უკანასკნელის მძიმე ფორმაა ნეიროდერმიტი, რომელიც უმეტესად უფროსი ასაკის ბავშვებს ემართებათ და საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. სასუნთქი გზების ალერგოზებიდან განსაკუთრებით არის გავრცელებული პოლინოზები – მცენარის მტვრით გამოწვეული ალერგიული მდგომარეობები, რომლებიც ცემინებით, რინოკონიუნქტივიტით, ცრემლდენით ვლინდება.რესპირაციულ ალერგოზებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ბრონქულ ასთმას. ის სხვადასხვა სიმძიმითა და ფორმით მიმდინარეობს. მისი ძირითადი გამოვლინებებია სულხუთვა, ქოშინი, ხველა. დაავადება მუდმივად მორეციდივეა.
შავი სია
ალერგიის გამომწვევთა ნუსხა საკმაოდ ვრცელია. აქ შეხვდებით:
* მტვრის ტკიპას, რომელიც ლამის ყოველ კუთხე-კუნჭულში ბინადრობს: ქვეშაგებში, პლედზე, ხალიჩაზე, პლუშის სათამაშოებზე...
* მცენარეულ მტვერს, რომელიც სეზონურად დაფრინავს ჰაერში.
* ობს, რომელიც თურმე სახლშიც შეიძლება შეგვხვდეს (ცუდად ვენტილირებად, სველ სააბაზანოში, სარდაფში, სამზარეულოში, უმეტესად – ნიჟარის ახლოს) და გარეთაც, უპირატესად – ნესტიან, ბნელ გარემოში.
* შინაურ ცხოველებს, უფრო სწორად, მათ ბეწვს. ალერგიის გამომწვევი აგრესიული ნაწილაკები ცხოველს ნერწყვში აქვს. ბეწვი თუ გაილოკა, ნერწყვი ზედ შერჩება, შეაშრება და მისი ცილოვანი კომპონენტები ტიპურ ალერგენებად იქცევა. ყველაზე ხშირად ალერგიას კატა იწვევს, რასაც მეცნიერები ასე ხსნიან: კატის ბეწვი ნერწყვით ყველაზე ხშირად სველდებაო. გარდა ნერწყვისა, ალერგენები ცხოველებს ჰქონიათ ქერტლში, ბეწვსა და შარდშიც.
* საკვებს. მათ შორის ალერგიას ყველაზე ხშირად იწვევს:
. ძროხის რძე. მასში შემავალი ცილა კაზეინი ახალშობილთა 6%-ს უქმნის პრობლემებს. ამ შემთხვევაში მშობლებს ისეთი საკვები ნარევის შერჩევა მოუწევთ, რომელიც კაზეინს არ შეიცავს, თუმცა ეს აგრესიული ცილა რძის ნებისმიერ პროდუქტში შეიძლება აღმოჩნდეს.
. კვერცხი. ამ ალერგენის გაშიფვრა ძალიან ძნელია, რადგან მას უამრავი პროდუქტი შეიცავს (მაგალითად, ნამცხვარი). ალერგიის გამომწვევი აგრესორი უმეტესად ცილაში ბუდობს, იშვიათად – გულშიც.
. ზღვის პროდუქტები ნებისმიერი ასაკის ბავშვებში იწვევს ალერგიას, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მოზარდებს ემტერება. ზოგიერთი საკვების (მაგალითად, რძის, კვერცხის) ალერგია თუ ასაკთან ერთად გაივლის, ზღვის პროდუქტების აგრესიას წლები ვერაფერს აკლებს.
. თხილეული. ალერგიას ყველაზე ხშირად მიწის თხილი იწვევს. ხდება ისეც, რომ მიწის თხილის მიმართ ალერგიულ ბავშვს თხილზე, ნუშზე, ნიგოზზე, ფსტაზეც უვითარდება ანალოგიური რეაქცია. ზღვის პროდუქტების მსგავსად, თხილეულისადმი ალერგია ასაკთან ერთად იშვიათად ქრება.
. სოია. ხშირად ალერგიულ ბავშვებს სოიის პროდუქტებს უნიშნავენ, მაგრამ ზოგჯერ პაწიებს მის მიმართაც უვითარდებათ ალერგიული რეაქცია. იმ ბავშვების 30-40%, ვისაც ძროხის რძეზე აქვს ალერგია, ვერც სოიას მიირთმევს.
. ხორბალი. ამ მარცვლეულის ცილა უამრავ საკვებშია, ამიტომ ალერგიულ რეაქციასაც ხშირად იწვევს.
სეზონური პრობლემა
პოლინოზი ალერგიის ის ფორმაა, რომელიც მცენარეთა ყვავილობის სეზონზე იჩენს თავს.
ვინაიდან მცენარეები ყველგან ყვავიან, ეს დაავადებაც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და მოსახლეობის 5%-ს აწუხებს. მათ შორის ბევრი ბავშვია.
გაითვალისწინეთ: ყველაზე მეტი მცენარის მტვერი ჰაერში დილით, დღისით და მშრალ, მზიან ამინდში დაფრინავს. სამაგიეროდ, წვიმიან ამინდში მისი აგრესიულ-ალერგიული ნაწილაკები თითქმის ქრება. ასე რომ, თავად განსაზღვრეთ სეირნობის დრო.
საქართველოში ალერგიული მცენარეები სამ პერიოდში ყვავილობენ.
I პერიოდი – იწყება მარტიდან და მაისის პირველ კვირამდე გასტანს. ამ დროს ყვავის ხეები: ჭადარი, ფიჭვი, ალვა, კაკალი, ევკალიპტი, წაბლი, მურყანი. ამ პერიოდის წილად მოდის პოლინოზის შემთხვევათა 7-10%.
II პერიოდი – მაისიდან იწყება და ივლისის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ დროს ძირითადად პურეული მცენარეები ყვავის: ტიმოთელა, სათითურა, წივანა, თივაქასრა, შვრიელა, ჭვავი. საქართველოში პოლინოზის შემთხვევათა ძირითადი ნაწილი, 60-70%, სწორედ ამ პერიოდის წილად მოდის.
III პერიოდი – აგვისტოდან გვიან შემოდგომამდე გასტანს. ამ დროს ყვავის ამბროზია, ავშანი, თუთუბო. ამ პერიოდზე მოდის პოლინოზის შემთხვევათა 15-20%.
პოლინოზი ყველაზე ხშირად რინოკონიუნქტივიტით ვლინდება. ამ რთული სახელწოდების მქონე სინდრომს ყველასთვის კარგად ნაცნობი ნიშნები ახასიათებს: ქუთუთოების ქავილი, თვალის ლორწოვანი გარსის შეწითლება, ცრემლდენა, თვალების წვისა და ჭრის შეგრძნება. მასთან ერთად შეინიშნება ცხვირცემინება, ცხვირის წვა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება ლორწოვანის შეშუპების გამო, ცხვირიდან გამონადენი, სახის, ხახის, ყურების ქავილი.
ალერგენი მხოლოდ სასუნთქი გზებიდან როდი ხვდება ორგანიზმში; აგრესიული მტვრის ნაწილაკები ადამიანმა შეიძლება საკვებთან ერთადაც აითვისოს. ამ დროს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, უმეტესად – გულისრევა და პირღებინება, იჩენს თავს, რასაც არცთუ იშვიათად ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპებაც ერთვის.
თუ ალერგია ხეების მტვერზე გაქვთ, ერიდეთ ვაშლს, კაკალს, ალუბალსა და ატამს, ბალახებზე ალერგიის შემთხვევაში – ხორბლისა და ჭვავის პურს, სარეველა მცენარეებზე ალერგიისას კი ჰალვას, მზესუმზირას (ასევე – მის ზეთს), საზამთროსა და ნესვს. ერიდეთ თაფლსაც, რადგან მისი 10% მცენარის მტვერია. სიფრთხილე გამოიჩინეთ მცენარეული წამლების მიმართაც.
გამოსავალი?
პოლინოზის დიაგნოსტიკა ადვილია; რთულია მისი მკურნალობა. პოლინოზის მკურნალობის ერთ-ერთ წამყვან მეთოდად მიიჩნევა იმუნოთერაპია – ალერგენებით აცრა, რომელიც ძვირად ღირებულია და ამიტომ ცოტას თუა მიუწვდება ხელი, მკურნალობის კურსი ხანგრძლივია (მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ ხუთი წელი გრძელდება) და არც შედეგია გარანტირებული.
ბრონქულ ასთმას ფარმაკოთერაპიითა და იმუნოთერაპიით მკურნალობენ. იმუნოთერაპიას მაშინ მიმართავენ, როდესაც დადგენილია, რომ გამომწვევია საყოფაცხოვრებო ალერგენი, მაგალითად, ოთახის მტვერი ან ტკიპა. ოთახის მტვერითა და ტკიპით, ასევე – მცენარეული ალერგენით და ზოგჯერ სოკოთი ჩატარებული იმუნოთერაპია შედეგიანია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბრონქული ასთმის დროს იმუნოთერაპია სარეზერვო მეთოდია. მკურნალობას, წესისამებრ, იწყებენ ფარმაკოლოგიური საშუალებებით, რომლებიც ამჟამად მრავლად არის ფარმაცევტულ ბაზარზე.
ალერგიის მკურნალობის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა ელიმინაციური მეთოდი, რომლის გამოყენება, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება. უფრო ხშირად იყენებენ სიმპტომურ (დაავადების სიმპტომებზე მოქმედ), რეაქტიულობის დამთრგუნველ და პროფილაქტიკურ პრეპარატებსა და მეთოდებს. მკურნალობა ნებისმიერ შემთხვევაში ტარდება ექიმის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით. თვითმოქმედება დაუშვებელია, ვინაიდან ალერგოზი, როგორც წესი, პროგრესირებს და მძიმდება.
როდესაც ადამიანს ზედა სასუნთქი გზების ლოწოვანი უშუპდება, – ხმა ეკარგება, უჩნდება შეგრძნება, რომ ყელში რაღაც გაეჩხირა ან ემართება ანაფილაქსიური შოკი, – სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
. დაუყოვნებლივ გაკეთდეს 0.1%-იანი ადრენალინის ჰიდროქლორიდის ინექცია (იგი პირველი რიგის პრეპარატად ითვლება ანაფილაქსიური შოკისა და მწვავე ურტიკარიის დროს).
ადრენალინი კეთდება კანქვეშ ან კანში, მოზრდილებისთვის – 0.2-0.5 მლ, ბავშვებისთვის – 0.01 მლ სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე, თუმცა ჯამში – არა უმეტეს 0.3 მლ-ისა.
. სტეროიდული პრეპარატებიდან არჩევითია დექსამეტაზონი, რომელსაც ძლიერი შეშუპების საწინააღმდეგო თვისება აქვს. მისი დოზაა 0.6 მლ სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე, თუმცა ჯამში – არა უმეტეს 10 მლ-ისა ანუ 2 ამპულისა. შეიძლება პრედნიზოლონის შეყვანაც, დოზით 1-2 მგ`კგ.
. ანტიჰისტამინური პრეპარატებიდან შეიძლება დიმედროლის გამოყენება.
სპორტული ჟინი და იმუნიტეტი
რამდენიც უნდა ვისაუბროთ იმუნიტეტის მოსაძლიერებელ სამკურნალო საშუალებებზე, რაც უნდა გრანდიოზული გეგმები დავსახოთ სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ისეთ სარგებლობას ვერაფერი მოუტანს იმუნურ სისტემას, როგორსაც ფიზიკური აქტიურობა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკისა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე ადამიანი ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს მისდევს, ჰიპოდინამიას კი პირველ რიგში კი იმუნურ სისტემაზე მიაქვს იერიში.
დეტალები
თუ ადამიანი ჯანმრთელია, უნდა ივარჯიშოს იმ ფორმითა და ხანგრძლივობით, რაც მისთვის კომფორტულია. მისაღებია ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც სიამოვნებას მოგვანიჭებს, ცურვა იქნება ეს, შეიპინგი, აერობიკა, აკვააერობიკა თუ უბრალოდ ფეხით სიარული. თავად განსაჯეთ: თუ ადამიანმა თავი კომფორტულად არ იგრძნო, მალევე დაყრის ფარ-ხმალს, ვარჯიშს კი მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ის ზომიერი დატვირთვით და, რაც მთავარია, რეგულარულად სრულდება.
თუ ადამიანს რომელიმე ქრონიკული დაავადება აქვს (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა, არტერიული ჰიპერტენზია), წინასწარი გამოკვლევა და დატვირთვაზე ფუნქციური დიაგნოსტიკის ჩატარებაა საჭირო. ამ გზით გაირკვევა, როგორ ადაპტირდება დატვირთვასთან გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები. ასეთი გამოკვლევა, რომელიც ძალიან მარტივად, ველოერგომეტრით ტარდება, გულის მუშაობისა და გარეგანი სუნთქვის შეფასების საშუალებას იძლევა, მიღებული მონაცემების მიხედვით კი სპეციალისტი განსაზღვრავს, რამხელა დატვირთვით შეძლებს ადამიანი ვარჯიშს.
საზოგადოდ, ყველამ, ვინც ვარჯიშის დაწყებას აპირებს, წინასწარ აუცილებლად უნდა გაიაროს გამოკვლევა. მრავალი ქრონიკული პათოლოგია ვერაგი ბუნებისაა და თუ მანამდე ფარულად არსებობდა ორგანიზმში, შესაძლოა, ფიზიკური დატვირთვისას ერთბაშად და მძაფრად იჩინოს თავი. თანამედროვე დონის ნებისმიერ ფიტნესცენტრს ექიმი უნდა ემსახურებოდეს და მისი პროფესიული აზრი ინსტრუქტორმა უთუოდ უნდა გაითვალისწინოს. გარდა ამისა, თავად ინსტრუქტორმაც უნდა იცოდეს, რა ტიპის დატვირთვაა მისაღები ჯანმრთელობის ამა თუ იმ სტატუსის მქონე ადამიანისთვის.
სპორტი პატარებისთვის
თუ მშობელს განზრახული აქვს, შვილი პროფესიონალ სპორტსმენად აღზარდოს, ის მცირე ასაკიდანვე უნდა ჩააბას სპორტში. მაგალითად, მხატვრულ ტანვარჯიშსა და ფიგურულ სრიალზე პატარა სამი წლიდანვე უნდა შევიყვანოთ.
თუ ჩვენი მიზანი გაკაჟება და იმუნიტეტის მოძლიერებაა, უმჯობესია, სპორტის ისეთი სახეობა შევარჩიოთ, რომ მთელი სხეული თანაბრად დაიტვირთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა ტანდეგობის დარღვევამდე მიგვიყვანოს.
არამც და არამც არ შეიძლება ბავშვის ჩაბმა სპორტის ისეთ სახეობაში, რომელიც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ჭარბი დატვირთვა აჩქარებს ზრდის ზონების დახურვას და, შესაბამისად, ხელს უშლის ზრდას.
მოზარდი ორგანიზმისთვის საუკეთესოა ცურვა – ის უხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემას, არ აფერხებს ხერხემლის ზრდას, ხელს უწყობს კუნთების თანაბარ განვითარებას და, საბოლოო ჯამში, იმუნიტეტის ამაღლებას განაპირობებს.
დაიხსომეთ: არ არის მიზანშეწონილი ბავშვის ერთდროულად დატვირთვა სპორტის რამდენიმე სახეობით – ორგანიზმის ფიზიკური რესურსები მალევე ამოიწურება და იმუნიტეტი სერიოზულ დარტყმას მიიღებს.
ვამსხვრევთ მითს
რატომღაც მიაჩნიათ, რომ სპორტსმენები ჩვეულებრივ ადამიანებზე გაცილებით ჯანმრთელები არიან და იმდენად ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ, რომ ნებისმიერ დაავადებას იოლად უმკლავდებიან. სინამდვილეში სრულიადაც არ არის ასე. პროფესიონალი სპორტსმენები არა მხოლოდ ფიზიკურად, ემოციურადაც ძლიერ იტვირთებიან – სხვაგვარად ხომ პაექრობაში მონაწილეობა შეუძლებელია! სპორტსმენი ორგანიზმს შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას სთხოვს და ძალების აღდგენის საშუალებას არ უტოვებს. ამის გამო ორგანიზმი “ცვდება”, იმუნიტეტი ქვეითდება. თუ ჩვეულებრივ ადამიანს ონკანის წყალი არ ვნებს, პროფესიონალი სპორტსმენი შესაძლოა ინტოქსიკაციის მსხვერპლი გახდეს, უბრალო ენით რომ ვთქვათ, მოიწამლოს. მეტსაც გეტყვით: კარიესი, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს, სპორტსმენებისთვის ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული პრობლემის მიზეზად იქცევა.
საკვები იმუნიტეტისთვის
ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ, რომ ჯანსაღი კვება ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია. სწორად შერჩეული საკვები იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად მართლაც საუკეთესო საშუალება ყოფილა.
ჯანსაღი კვება ორგანიზმის დამცველობით ძალებზე რამდენიმე ტიპის ზემოქმედებას ახდენს. პირველ რიგში, ზრდის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობას და წვრთნის მათ, რათა უკეთ შეუტიონ მტერს. მეორე – ორგანიზმიდან გამოდევნის ნარჩენებს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე. ასეა თუ ისე, ფაქტია: ასებობს საკვები კომპონენტები, რომლებიც იმუნიტეტის ამაღლებაში გვეხმარებიან. მოდი, გავიცნოთ ისინი:
C ვიტამინი იმუნური სისტემის საუკეთესო მაშველია – მას მრავალი სახეობის ხილი შეიცავს და, რაც მთავარია, მისი წარმოება ძალზე იაფია, რის წყალობითაც ამ ვიტამინზე ყველას მიუწვდება ხელი. იმუნურ სისტემაზე მისი პოზიტიური ზემოქმედება კი მოკლედ ასე შეიძლება აღვწეროთ: C ვიტამინი ზრდის სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობას; ასტიმულირებს ინტერფერონის სინთეზს, რომელიც, თავის მხრივ, ვირუსებისადმი აგრესიულ დამოკიდებულებაშია შემჩნეული; ზრდის სისხლში სასარგებლო ქოლესტეროლის დონეს, რითაც ხელს უწყობს არტერიული წნევის რეგულირებას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს. გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩ ვიტამინით მდიდარ დიეტას იცავენ, იშვიათად ემართებათ სწორი ნაწლავის, პროსტატისა და ძუძუს კიბო. C ვიტამინმა რომ გარგოთ, მისი კილოგრამობით მიღება არ არის საჭირო – დღეში 200 მგ სავსებით საკმარისია. კარგია ამ ვიტამინით მდიდარი ხილის – ციტრუსების, ბანანის, მარწყვის – მირთმევაც. E ვიტამინი კილერი უჯრედების წარმოქმნას ააქტიურებს. ეს ის უჯრედები არიან, ორგანიზმში დაუკითხავად შეჭრილ მიკროორგანიზმებს და ასევე დაუკითხავად წამოქმნილ სიმსივნურ უჯრედებს სასიკვდილო დარტყმას რომ აყენებენ. E ვიტამინი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკასაც ახდენს. ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოკვლევაც კი ჩატარდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს ვიტამინი მთელი 50%-ით ამცირებს გულის შეტევის რისკს.
ორგანიზმისთვის დღეში 30-60 მგ E ვიტამინი საკმარისია, თუმცა მხოლოდ საკვებიდან ამდენის ათვისება ჭირს, ამიტომ E ვიტამინის დეფიციტის შესავსებად მცენარეულ ზეთსა და მარცვლეულთან ერთად სპეციალური პრეპარატების მიღებაც არ იქნება ურიგო.
. კაროტინოიდი, სახელდობრ, ბეტა-კაროტინი, ინფექციებსა და, საზოგადოდ, ორგანიზმისთვის უცხო აგენტებთან ეფექტურ ბრძოლაშია შემჩნეული. კაროტინის მოქმედების მექანიზმი ზემოხსენებული ვიტამინებისას ჰგავს და არანაკლებ სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, სიმსივნური პროცესების პრევენციისთვის. ბეტა-კაროტინი A ვიტამინის წინამორბედია, რომელსაც ასევე ანტიოქსიდანტური, იმუნომასტიმულირებელი თვისებები ახასიათებს. მეცნიერთა აზრით, უმჯობესია, ადამიანმა ბეტა-კაროტინი მიიღოს, ვიდრე A ვიტამინი, რადგანაც ეს უკანასკნელი შესაძლოა ჭარბად დაგროვდეს ორგანიზმში და ტოქსიკური ზემოქმედება მოახიდნოს მასზე. ბეტა-კაროტინის მიღების შემთხვევაში კი, ჭარბადაც რომ იყოს, ორგანიზმი ზუსტად იმდენ A ვიტამინს წარმოქმნის, რამდენიც სჭირდება.
. ბიოფლავონოიდები უმთავრესად გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორებისგან იცავენ ორგანიზმს. უფრო ზუსტად, ეს ნივთიერებები მავნე ნაწილაკებს უჯრედებზე მიმაგრების საშუალებას არ აძლევენ. დიახ, ადამიანის უჯრედებს სპეციალური ადგილი ჰქონიათ, სადაც დაუპატიჟებელი სტუმრები, მათ შორის – ტოქსინები, “პარკირებას” ახდენენ. თუ პარკირების ადგილი ანტიოქსიდანტებმა დაიკავეს, მავნე ნაწილაკები უჯრედებს ვეღარ მიეკარებიან.
ბიოფლავონოიდები კარდიოვასკულური დაავადებების განვითარებასაც უშლიან ხელს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ სისხლძარღვის სანათურში დალექილ ქოლესტეროლს სისხლძარღვის კედელზე მიმაგრება უჭირს.
. თუთიაც ზემოხსენებული ვიტამინებისა და ბიოფლავონოიდების მსგავს ეფექტს ახდენს: ზრდის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობას და ბრძოლის უნარს, წინააღმდეგობას უწევს ორგანიზმში მოხვედრილ მავნე ნაწილაკებს.
დაიხსომეთ: ჭარბი თუთია იმუნურ სისტემას არათუ ვერ მოაძლიერებს, შესაძლოა დათრგუნოს კიდეც, ამიტომ ეცადეთ, დღიურ დოზას – 75 მგ-ს – არ გადააჭარბოთ. საუკეთესო ვარიანტია დღეში 15-დან 25 მგ-მდე თუთიის მიღება და იმავდროულად ისეთი საკვების მირთმევა, რომლებიც ამ ელემენტით არის გაჯერებული: ზღვის პროდუქტებისა, თუთიით გამდიდრებული ფქვილისა, საქონლისა და ინდაურის ხორცისა, ბარდისა, ლობიოსი.
. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა უხვად არის თევზში. ბავშვებზე დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის პატარები, რომლებიც თევზის ქონს მიირთმევდნენ, თანატოლებზე იოლად უმკლავდებოდნენ ინფექციურ დაავადებებს. აღმოჩნდა, რომ ეს მჟავები ააქტიურებენ ფაგოციტებს – უჯრედებს, რომლებიც მავნე აგენტებს შთანთქავენ და ამით ინფიცირებისგან იცავენ ორგანიზმს.
საუკეთესო ვარიანტია ზეთოვანი ნარევი, რომელიც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისა და E ვიტამინისგან შედგება. ასევე მეტად ეფექტურია 1-2 სუფრის კოვზი ამ ნარევის მიღება ხილსა და რძის ნაწარმთან ერთად.