ლეიკემია

გააზიარე:

ლეიკემია დაავადებაა, რომლის შესახებაც ბოლო ხანს ხშირად საუბრობენ. იმართება საქველმოქმედო აქციებიც ლეიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად. მაინც რა დაავადებაა ეს? რა მდგომარეობაა საქართველოში მისი გავრცელების მხრივ? შეგვიძლია თუ არა ამ დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა? იკურნება თუ არა იგი? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ტოტოღაშვილი:
– ლეიკემია სიმსივნური დაავადების ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული სახეა. ბავშვთა სიმსივნეების 50% სწორედ ლეიკემიის წილად მოდის. საქართველოში წელიწადში დაახლოებით 50 პირველადი პაციენტი აღირიცხება.

  • – ხალხში ამ დაავადებას სისხლის გათეთრებასაც უწოდებენ. რეალურად რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

– ლეიკემიის დროს სიმსივნური პროცესი ბავშვის ძვლის ტვინში ღეროვანი უჯრედების დონეზე მიმდინარეობს. ნაცვლად ამ უჯრედების ნორმალური განვითარებისა, ხდება ერთ-ერთი მათგანის ძალიან სწრაფი, არაკონტროლირებადი გამრავლება – წარმოიშობა სიმსივნური კლონი. სიმსივნურ უჯრედებს ბლასტური უჯრედები ეწოდება. როდესაც ძვლის ტვინში ამ ბლასტური უჯრედების რაოდენობა 25%-ით აღემატება ნორმას, ლეიკემია ყალიბდება. ეს ბლასტური უჯრედები კიდევ და კიდევ მრავლდებიან, გადადიან პერიფერიულ სისხლში და იწვევენ ინფილტრაციას სხვადასხვა ორგანოში: ღვიძლში, ელენთაში, ფილტვში, ზოგჯერ – ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, სათესლე პარკებში, საკვერცხეებში. რაც მთავარია, თვითონ ძვლის ტვინში აღარ ხდება ნორმალური ჰემოპოეზი – სისხლის უჯრედოვანი ელემენტების წარმოქმნა, განვითარება და მომწიფება, აღარ გამომუშავდება ნორმალური ერითროციტები, თრომბოციტები, ნეიტროფილები.

  • – სიმპტომებზე რას გვეტყვით?

– აღინიშნება ანემია – სისხლნაკლებობა, ცხელება, ვინაიდან აღარ არის ის უჯრედები, რომლებიც ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს, წარმოიშობა სისხლდენები და სისხლჩაქცევები, რაც თრომბოციტების წარმოქმნის დარღვევის ბრალია.

  • – რამ შეძლება გამოიწვიოს ბავშვთა ლეიკემია?

– დღესდღეობით მიზეზი უცნობია. არსებობს სხვადასხვა თეორია. ერთ-ერთი მათგანი სავარაუდო მიზეზად მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილ ინფექციებს მიიჩნევს. მეორე თეორიას საფუძვლად უდევს გენეტიკური მუტაციები, რომლებიც შესაძლოა დედასაც ჰქონდეს და მამასაც, მაგრამ მათ არაფერს ვნებდეს, ბავშვს კი გამოუვლინდეს. მუცლადყოფნის პერიოდში მომხდარი ცვლილება არის პირველი დარტყმა ღეროვან უჯრედებზე, თუმცა იგი მუცლადყოფნის დროს არ ვლინდება – თავს იჩენს სიცოცხლის რომელიმე წელს. მეორე დარტყმაა უმთავრესად ეკოლოგიური ფაქტორები: რადიაცია, საკვებში ნიტრატების მაღალი შემცველობა, ნავთობი და მისი პროდუქტები, ასევე – ნარკოტიკები და სხვა. ეს ყველაფერი ზრდის ლეიკემიის განვითარების რისკსს. თუმცა ამ რისკების არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ბავშვს აუცილებლად დაემართება ლეიკემია. ცუდი ის არის, რომ ამ სენის მიზეზი უმეტესად უცნობი რჩება.

  • – რა შემთხვევაში იმატებს ლეიკემიის განვითარების რისკი?

– რისკი იმატებს, თუ ბავშვს:
* აქვს გენეტიკური დაავადება (დაუნის სინდრომი და სხვა);
* აქვს იმუნური სისიტემის გენეტიკური პრობლემები, მაგალითად, ატაქსია (ნერვული დაზიანება – კუნთების ნებითი მოძრაობის შეზღუდვა ან სრული მოშლა);
* ჰყავს ლეიკემიით დაავადებული და ან ძმა, განსაკუთრებით – იდენტური ტყუპისცალი;
* მიღებული აქვს ძლიერი რადიაციული დასხივება, ქიმიოთერაპია, ქიმიკალები – ბენზოლი, სხვადასხვა გამსხნელი ნივთიერებები და სხვ.;
* გადატანილი აქვს იმუნიტეტის დამთრგუნველი თერაპია ორგანოს გადანერგვის გამო.
თუმცა რისკი მცირდება, რადგან ექიმები მშობლებს ურჩევენ, ზემოთ ჩამოთვლილი რისკფაქტორების გავლენის ქვეშ მყოფი ბავშვები რეგულარულად აკონტროლონ, რათა პრობლემა იმთავითვე გამოვლინდეს.
ბავშვთა ლეიკემიის თითქმის ყველა შემთხვევა მწვავეა – სწრაფად ვითარდება.

  • – რომელმა სიმპტომებმა შეიძლება დაგვაეჭვოს ლეიკემიის არსებობაზე?

– ლეიკემიის ძირითადი სიმპტომები თავს იჩენს მაშინ, როცა ლეიკემიური უჯრედები დევნიან ნორმალურს. ეს სიმპტომებია:
* ფერმკრთალი კანი;
* ინფექციები და აუხსნელი ეტიოლოგიის ცხელება;
* ადვილი სისხლდენა და სისხლჩაქცევები, სილურჯეები;
* ზედმეტად გადაღლილობა, სისუსტე;
* სუნთქვის გაძნელება.
ასევე მოსალოდნელია:
* ძვლების ან სახსრების ტკივილი;
* ლიმფური კვანძების გადიდება იღლიებში, კისერზე, საზარდულში;
* წანაზარდები ლავიწის ზემოთ;
* მადის დაქვეითება ან წონის კლება.
ხშირად ლეიკემიის სიმპტომატიკა თვითონვე გვიბიძგებს ექიმთან მისვლისკენ. ეს კარგია, რადგან ამან შესაძლოა დაავადება ადრეულ ეტაპზე აღმოგვაჩენინოს, ადრეული დიაგნოსტიკა კი წარმატებული მკურნალობის საწინდარია.

  • – რამდენი სახის ლეიკემია არსებობს? რა განსხვავებაა მათ შორის?

– განარჩევენ ლეიკემიის ორ ტიპს: მწვავესა და ქრონიკულს. მათ შორის განსხვავება პროლიფერაციული უჯრედების ზრდასა და განვითარებაზეა დამოკიდებული. მწვავე ლეიკემიის დროს სისხლში იმატებს არადიფერენცირებული, უმწიფარი ბლასტური უჯრედების დონე. რაც შეეხება ქრონიკულ ლეიკემიას, ამ დროს გამომუშავდება დიფერენცირებულ უჯრედთა პოპულაცია (ამ შემთხვევაში სისხლის უჯრედები ასწრებენ მომწიფებას), რომელიც თანდათანობით ენაცვლება პერიფერიული სისხლის ნორმალურ უჯრედებს.

  • – როგორი მიმდინარეობა ახასიათებს მწვავე ლეიკემიას?

– ის შესაძლოა დაიწყოს უეცრად, მწვავედ, მაღალი ტემპერატურით, ვირუსული მოვლენებით, გაჩნდეს სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვანზე. მწვავე ლეიკემიას ასევე ახასიათებს საერთო სისუსტე, ძვლების ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა, ადვილად დაღლა, ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, სისმსივნური წარმონაქმნები კანზე და სხვა.

  • – რას ითვალისწინებს ლეიკემიის მკურნალობა?

– პაციენტს მკურნალობენ შესაბამის დაწესებულებაში, აუცილებლად სპეციალიზებულად. დღეისათვის ლეიკემიის სამკურნალოდ რამდენიმე მნიშვნელოვან მეთოდს იყენებენ: ქიმიოთერაპიას და ზოგჯერ ღეროვანი უჯრედების გადანერგვაც კი. ისიც უნდა ითქვას, რომ ლეიკემიის მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს და დაახლოებით ორი წელი გრძელდება. იმუნური სისიტემის დაქვეითების გამო გართულებების თავიდან ასაცილებლად სასურველია პაციენტის იზოლაცია გარკვეული ხნით.
ბავშვთა ლეიკემიის დროს მკურნალობა უფრო შედეგიანია, ვიდრე მოზრდილთა ლეიკემიის შემთხვევაში.
უშუალოდ ლეიკემიის მკურნალობის დაწყებამდე ზოგჯერ საჭიროა მიზანმიმართული მკურნალობა გართულებების წინააღმდეგ. მაგალითად, სისხლის უჯრედებში ცვლილებებმა შესაძლოა გაახშიროს ინფექციები ან ძლიერი სისხლდენები და სხვა. აქედან გამომდინარე მკურნალობაში შესაძლოა ჩაერთოს ანტიბიოტიკები, სისხლის გადასხმა და სხვა. სასურველია, პაციენტმა ამ პერიოდში დაიცვას ზოგადი დიეტა.

  • – რას წარმოადგენს ქიმიოთერაპია? რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოჰყვება მას?

– ქიმიოთერაპია ლეიკემიის მკურნალობის მთავარი მეთოდია. პირველ ეტაპზე ის იწვევს სიმსივნური უჯრედების განადგურებას, შემდეგ – ხელს უშლის ახალი სიმსივნური კლონის განვითარებას. ქიმიოთერაპია მოიცავს სამ ფაზას. პირველია რემისიის ინდუქცია ანუ ბლასტური უჯრედების განადგურება და მათი ნორმამდე დაყვანა. მეორე – კონსოლიდაცია, ანუ მიღებული შედეგის შენარჩუნება. მესამე ეტაპი კი ინტენსიფიკაციაა, რომლის მეშვეობითაც პოტენციურ სიმსივნურ უჯრედებს ბოლომდე ანადგურებენ. ქიმიოთერაპიის სამივე ფაზა სტაციონარში მიმდინარეობს. ამის შემდეგ პაციენტი გადადის შემანარჩუნებელ ანუ დაცვით თერაპიაზე, რომელიც ორ წელიწადს გრძელდება და პაციენტი მედიკამენტებს ბინაზე იღებს. არის შემთხვევები, როდესაც ქიმითერაპია ვერ ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს და დაავადება უფრო მეტად პროგრესირებს. ასეთ შემთხვევას ქიმიოთერაპიისადმი რეზისტენტული ეწოდება. ამ ტიპის პაციენტთათვის სპეციალურად შექმნილია ახალი ტიპის, უჯრედული მკურნალობა, თუმცაღა მისი სარწმუნოობა ბოლომდე არ არის დადასტურებული და დიდ პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე მედიცინისათვის. 
ქიმიოთერაპიის უარყოფითი მხარე ის არის, რომ ამ დროს პრეპარატი ვერ არჩევს სიმსივნურ და ნორმალურ უჯრედებს, ასე რომ, ცუდ უჯრედებთან ერთად ნორმალურიც იხოცება, რასაც შესაძლოა გართულებები მოყვეს.

  • – თქვენ ღეროვანი უჯრედის გადანერგვა ახსენეთ. რა შემთხვევაში იყენებენ ამ მეთოდს?

– ეს პროცედურა ლიმიტირებულია და გამოიყენება მხოლოდ მაღალი რისკი ჯგუფის პაციენტებისთვის ან რეციდივების შემთხვევაში. გადანერგვის წინ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰემატოლოგიური რემისიის – მდგომარეობის გაუმჯობესების – ფაზაში. სამწუხაროდ, ღეროვანი უჯრედების გადანერგვაც არ ნიშნავს 100%-იან შედეგს. ტრანსპლანტირებული პაციენტების მხოლოდ 50% აღწევს გაჯანსაღებას.

  • – სად ტარდება ლეიკემიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა? ხორციელდება თუ არა იგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?

– მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც ხორციელდება მწვავე ლეიკემიისა და ავთვისებიანი ლიმფომების მკურნალობა 18 წლამდე. პაცინტთა დიაგნოსტიკასა და მკურნალობას დღეს მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს.

  • – დაბოლოს, იკურნება თუ არა ლეიკემია?

– ბოლო ხანს ჰემატოლოგიაში მოხდა ბევრი სასიკეთო რამ. გამოიგონეს თანამედროვე პრეპარატები, ქიმიოთერაპიაც ახლებური პროგრამებით, მსოფლიოს წამყვანი ჰემატოლოგების რეკომენდაციით ტარდება. აქედან გამომდინარე, ლეიკემია აღარ არის უკურნებელი დაავადება, დროული მკურნალობის შემთხვევაში პაციენტს გამოჯანმრთელების დიდი შანსი აქვს.

გააზიარე: