არამენსტრუაციული სისხლდენა

გააზიარე:

არეულობის მსხვერპლი
მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში ქალის ორგანიზმში ფიზიოლოგიური პროცესების მთელი კასკადი მიმდინარეობს: ორი ქალური ჰორმონი, ესტროგენი და პროგესტერონი, რომლებიც წყვილ საკვერცხეში გამომუშავდება, საშვილოსნოს ამომფენი სისხლძარღვოვანი გარსის წარმოქმნას უწყობს ხელს. სწორედ ამ 
გარსის ქსოვილში უნდა ჩაინერგოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. ეს უკანასკნელი, ჯერ კიდევ თავისუფალი და გაუნაყოფიერებელი, მენსტრუაციის დაწყებიდან მე-12-14 დღეს საკვერცხიდან გამოიტყორცნება, ჯერ მუცლის ღრუში ხვდება, შემდეგ კვერცხსავალ (ფალოპის) მილში გადაინაცვლებს და სპერმატოზოიდს ელოდება. თუ პაემანი შედგა, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ორსულობისთვის საგანგებოდ მომზადებულ, სისხლძარღვებით მდიდარ ენდომეტრიუმში – საშვილოსნოს ამომფენ გარსში ჩაინერგება. თუ განაყოფიერება არ მოხდა, ჰორმონების დონე დაიკლებს, ხოლო საშვილოსნოს ღრუს ამომფენი სისხლძარღვოვანი შრე ნელ-ნელა ჩამოიფცქვნება. ასე იწყება მენსტრუაციული სისხლდენა.
მენსტრუაციული ციკლი იწყება სისხლდენის პირველი დღიდან და მეორე სისხლდენის დაწყებამდე გრძელდება. ქალთა უმრავლესობას 28-დღიანი ციკლი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ციკლი უფრო მოკლე ან უფრო ხანგრძლივიც იყოს – პლუს-მინუს 7 დღე ნორმად ითვლება. თავად მენსტრუაციის ხანგრძლივობაც მეტ-ნაკლებად ლიმიტირებულია და უმეტესად ხუთდღიანია.

მენოპრობლემები
ქალის ორგანიზმი ყოველთვის როდი სჯერდება “ლიმიტირებულ” მენსტრუაციულ სისხლდენას – შესაძლოა, გამონადენი მენსტრუაციებს შორისაც გაჩნდეს ან თავად თვიურმა გადალახოს ყოველგვარი ლიმიტი.
სისხლდენა ნორმის ფარგლებს სცდება და, ამდენად, საყურადღებოა, თუ:
. მენსტრუაციებს შორის იჩენს თავს. შესაძლოა, სისხლდენა უხვი არც იყოს და თეთრეულზე მხოლოდ ბაც ვარდისფერ ლაქებს ტოვებდეს.
. ვითარდება სქესობრივი კონტაქტის შემდეგ.
. მენსტრუაციის დროს მეტისმეტად უხვი და ხანგრძლივია. თუ სისხლდენამ, თუნდაც მენსტრუაციულმა, 7 დღეს გადააჭარბა, მას მენორაგიას უწოდებენ. ამ დროს ქალს საათში ერთხელ მაინც უხდება საფენის ან ტამპონის გამოცვლა.
. სისხლდენა მენოპაუზის შემდეგაც გრძელდება.
ქალის სიცოცხლის ზოგიერთ ეტაპზე ციკლის დარღვევა საგანგაშო არ არის, თანაც მალევე უბრუნდება ნორმას. მაგალითად, სქესობრივი მომწიფების ასაკში, პირველი მენსტრუაციიდან – მენარქედან რამდენიმე თვის ან წლის მანძილზე, თვიური შესაძლოა არარეგულარული იყოს, სისხლიანი გამონადენი კი ზომაზე მეტად უხვი ან მცირე. მსგავსი უცნაურობანი შესაძლოა მენოპაუზის პერიოდშიც გაგრძელდეს: ციკლი მოკლდება, არარეგულარული ხდება, სისხლდენა ძლიერდება ან სუსტდება. ამგვარი ცვლილებები, როგორც გითხარით, დროებითია და მკურნალობას არ საჭიროებს.

მენომიზეზები
საშოდან პათოლოგიური (დისფუნქციური) სისხლდენის მიზეზი მრავლად მოიძებნება. ყველაზე ხშირად მას ჰორმონული დისბალანსი იწვევს: ზოგჯერ ესტროგენს მეტისმეტი მოსდის, მისი ზემოქმედებით ენდომეტრიუმი ზომაზე მეტად სქელდება და, შესაბამისად, სისხლდენაც უხვია; ზოგჯერ ჰორმონების არაადეკვატური მოქმედების შედეგად საშვილოსნოს ღრუს ამომფენი სისხლძარღვოვანი გარსი უდროო დროს იწყებს აცლას და სისხლდენაც მენსტრუაციებს შორის იჩენს თავს ან დროზე ადრე იწყება.
პათოლოგიური სისხლდენის განვითარებისთანავე კონსულტაციისთვის გინეკოლოგს ეწვიეთ. მხოლოდ მას შეუძლია გაარკვიოს, რამდენად სახიფათოა ვითარება და რა სახის მკურნალობა გჭირდებათ. ხშირად პრობლემას უბრალო მიზეზი აქვს და იოლი დასაძლევია.
დისფუნქციურ სისხლდენას იწვევს:
. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, უპირატესად – კომბნირებული ორალური კონტრაცეპტივები (კოკები) და სპირალი;
. საშვილოსნოს, მისი დანამატებისა და საშოს ინფექციური დაავადებები;
. საშვილოსნოს პოლიპები და ფიბროზული წარმონაქმნები;
. საშვილოსნოსა და საშოს ავთვისებიანი წარმონაქმნები;
. ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, უმეტესად – ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და შაქრიანი დიაბეტი;
. ორსულობა, საშვილოსნოსგარე ორსულობა ან სპონტანური აბორტი (მუცლის მოშლა);
. ზოგიერთი მედიკამენტი.

არ გადადოთ ვიზიტი
მართალია, გინეკოლოგიურ გასინჯვას სასიამოვნოს ვერაფრით დავარქმევთ, მაგრამ ჯანმრთელობის დაკარგვას ხანმოკლე დისკომფორტის მოთმენა გიჯობთ. ექიმი ხელით გაგსინჯავთ, სისხლის ანალიზის გაკეთებას გირჩევთ და ჰორმონებზე გამოსაკვლევადაც გაგგზავნით. შესაძლოა, საჭირო გახდეს ულტრაბგერითი კვლევის, ენდომეტრიუმის ბიოფსიის, ჰისტეროგრაფიისა და ჰისტეროსკოპიის ჩატარება.

გამოსავლის ძიებაში
საშოდან პათოლოგიური სისხლდენის სამკურნალო არაერთი მეთოდი არსებობს. მაგალითად, ჰორმონოთერაპია კოკებით. ჩასახვის საწინააღმდეგო ეს აბები ესტროგენსაც შეიცავს და პროგესტერონსაც. თერაპია რამდენიმე თვეს გასტანს. შესაძლოა, თავდაპირველად უხვმა მენსტრუაციულმა გამონადენმა შეგაწუხოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ციკლი დარეგულირდება. თუ პრობლემა გახანგრძლივდა, უთუოდ აცნობეთ ექიმს.
კოკები უმნიშვნელოდ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. იშვიათად არტერიულ ჰიპერტენზიასაც იწვევს. ამდენად, თუ მსგავსი პრობლემები მანამდეც გაწუხებდათ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. სავარაუდოდ, გინეკოლოგი შედარებით დამზოგველ აბებს გამოგიწერთ, რომლებიც მხოლოდ პროგესტერონს შეიცავს. მათ მინი-პილისაც უწოდებენ. მათი მიღების დროს შესაძლოა შეგაწუხოთ მკერდის შემკვრივებამ და უმნიშვნელო ტკივილმა, თავის ტკივილმა, განწყობის ხშირმა ცვალებადობამ.
როგორც კოკის, ისე მინი-პილის მიღების შემთხვევაში შესაძლოა თეთრეულზე სისხლის ბაცი ლაქები შეამჩნიოთ. ასეთი გამონადენი საგანგაშო არ არის, თავისთავად გაქრება, მაგრამ თუ გახანგრძლივდა, ექიმს აცნობეთ.
ჰორმონული თერაპიის კიდევ ერთი გავრცელებული ვარიანტია სპირალის ჩადგმა, რომელიც ჰორმონებს გამოყოფს.
გაითვალისწინეთ: დაანებებთ თუ არა თავს ჰორმონების მიღებას, ჩასახვის უნარი უმალვე აღდგება.
ზოგჯერ სისხლდენის შესაჩერებლად ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ. შესაძლოა, საჭირო გახდეს პოლიპის ან ფიბროზული წარმონაქმნის ამოკვეთა. ამგვარი ოპერაციის ჩატარება ჰისტეროსკოპის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. 
სხვა ქირურგიული მეთოდებიდან აღსანიშნავია ენდომეტრიული აბლაციის მეთოდი, რომლის დროსაც ლაზერით, ელექტროდენით ან მოყინვით არღვევენ ენდომეტრიუმის მთლიანობას, რაც ქალს ქრონიკული სისხლდენისგან ერთხელ და სამუდამოდ ათავისუფლებს. ამ პროცედურის შემდეგ თვიური ქალთა უმრავლესობას უქრება. შესაბამისად, ვეღარც დაორსულებას ახერხებენ.
კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს ექიმი, ჰისტერექტომია ანუ საშვილოსნოს ამოკვეთაა.

ამოჩემებული ასაკი
ორმოცდაათს მიტანებულ ქალთა უმრავლესობას კლიმაქსთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. დისკომფორტის მიზეზი ამჯერადაც ჰორმონული დისბალანსია: მკვეთრად მცირდება საკვერცხეების მიერ ესტროგენისა და პროგესტერონის პროდუქცია და იწყება მენსტრუაციული ციკლის სავსებით კანონზომიერი ცვლილებები, რომლებიც თვიურის გაქრობით სრულდება.
მენსტრუაციული ციკლის ცვლილებები მენოპაუზის დადგომამდე რამდენიმე წლით ადრე იწყება: ციკლი მოკლდება ან ხანგრძლივდება; სისხლდენა უხვი ან მეტისმეტად მწირია; ისიც შეიძლება, მენსტრუაციამ თვე გამოტოვოს... ამგვარი ცვლილებები ნორმალურია და მენოპაუზის დადგომას გვაუწყებს. ამ პერიოდს პერიმენოპაუზა ეწოდება. თვიურის გაქრობისთანავე იწყება მენოპაუზა, ხოლო ციკლის გაქრობიდან ერთი წლის შემდეგ დგება პერიოდი, რომელსაც პოსტმენოპაუზას უწოდებენ.
იმ კანონზომიერ ცვლილებებთან ერთად, რომლებსაც ქალი ასე თუ ისე ეგუება, ჰორმონული დისბალანსი შესაძლოა გაცილებით ძლიერი დისკომფორტის მიზეზადაც იქცეს: იმის გამო, რომ საკვერცხე კვერცხუჯრედს აღარ გამოისვრის, აღარც ჰორმონების დონე მცირდება ყოველთვიურად (ალბათ გახსოვთ: თუ ოვულაციის შემდეგ განაყოფიერება არ განხორციელდა, ჰორმონების დონე დაიკლებს, ხოლო ენდომეტრიუმი აცლას დაიწყებს). შედეგად ესტროგენი კვლავ ჩვეული ოდენობით გამომუშავდება, რაც ენდომეტრიუმის ქსოვილის ჩამოფცქვნის ნაცვლად მის შესქელებას განაპირობებს. ამის გამო შესაძლოა უეცრად დაიწყოს უხვი სისხლდენა ან ქალი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საცვალზე სისხლიან ლაქებს ამჩნევდეს. ამ შემთხვევაში გინეკოლოგთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
გინეკოლოგთან ვიზიტს გირჩევთ მაშინაც, თუ 55 წელს გადააბიჯეთ, მაგრამ მენსტრუაციული სისხლდენა ჯერ კიდევ არ შეგწყვეტიათ.
პოსტმენოპაუზის პერიოდში საშოდან სისხლდენას უმეტესად განაპირობებს:
. ჰორმონული თერაპია;
. საშვილოსნოს ამომფენი გარსის გათხელება – ენდომეტრიუმის ატროფია;
. პოლიპები;
. ენდომეტრიუმის შესქელება, რომელმაც უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას დაუდოს სათავე;
. საშვილოსნოს კიბო.
გაცილებით იშვიათად:
. მცირე მენჯის ღრუს ინფექციები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ზოგიერთი მედიკამენტი.
მენოპაუზის შემდგომ პერიოდში საშოდან სისხლდენის მიზეზი რვიდან ერთ შემთხვევაში საშვილოსნოს ღრუში არსებული ავთვისებიანი წარმონაქმნია.
საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკი მომატებულია, თუკი ქალს:
. აქვს ჭარბი წონა;
. ახალგაზრდობისას ჰქონდა არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი;
. მენოპაუზა გვიან დაუდგა;
. აქვს საკვერცხეების პოლიკისტოზი;
. ჰქონდა ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, რომელსაც არ უმკურნალა;
. ჰქონდა საკვერცხის, ძუძუს ან სწორი ნაწლავის კიბო;
. საშვილოსნოს კიბო მის წინაპრებსაც ჰქონდათ.
მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ საშვილოსნოს ღრუს კიბოს განვითარების ყველაზე მძლავრი რისკფაქტორი ესტროგენის შემცველი მედიკამენტის მიღებაა, რომელსაც ოსტეოპოროზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, კლიმაქსთან დაკავშირებული დისკომფორტის (მაგალითად, ალების) შესამსუბუქებლად ნიშნავენ ექიმები. კვლევებმა დაადასტურა, რომ გაცილებით უვნებელია კომბინირებული, ესტროგენისა და პროგესტერონის შემცველი ჰორმონოთერაპია. მართალია, ამ შემთხვევაში გამორიცხული არ არის საშოდან სისხლდენა, მაგრამ, წესისამებრ, დისკომფორტი რამდენიმე (უმეტესად 6) თვეში თავისთავად ქრება. ასეა თუ ისე, ჰორმონული თერაპიის დანიშვნა უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს. პრეპარატი უთუოდ სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს.

საშიში ნიშანი
საშოდან სისხლიანი გამონადენი არცთუ იშვიათია ორსულობის დროს. განსაკუთრებით ხშირია სისხლდენა ფეხმძიმობის პირველი 12 კვირის განმავლობაში. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ, გინეკოლოგთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
სისხლიანი გამონადენი შესაძლოა სქესობრივი კონტაქტის შემდეგაც გაჩნდეს. უთუოდ აცნობეთ ექიმს ამის შესახებ, რადგან უყურადღებობას შესაძლოა საკმაოდ მძიმე შედეგი – სპონტანური აბორტი მოჰყვეს.
მუცლის მოშლა უნდა იეჭვოთ, თუკი უეცრად დაგეწყოთ უხვი სისხლდენა და მუცლის ქვედა ნაწილის ძლიერი ტკივილი, რომელიც მენსტრუაციულ ტკივილს ჰგავს, მაგრამ მასზე გაცილებით მძაფრია. 
ორსულობის ადრეულ ეტაპზე სისხლდენის კიდევ ერთი მიზეზი საშვილოსნოსგარე ორსულობაა. ის გაცილებით იშვიათია (60-დან ერთი შემთხვევა), ვიდრე სპონტანური აბორტი (ის ორსულთა 15-20%-ს უვითარდება).
საშვილოსნოსგარე ორსულობით გამოწვეული სისხლდენა მეტად საყურადღებო მდგომარეობაა, ვინაიდან ამ დროს კვერცხსავალი მილი ზიანდება და მისი მთლიანობა ირღვევა (საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილში ინერგება და იქ განაგრძობს ზრდას, ვიდრე მილს არ გახეთქავს).
ორსულობის მეორე ნახევარში სისხლდენის მიზეზი უმეტესად პლაცენტის პათოლოგიაა. შესაძლოა, ვაგინალური სისხლდენა პლაცენტის ნაადრევმა აცლამ ან მისმა წინამდებარეობამ განაპირობოს (ამ დროს პლაცენტის ქსოვილი საშვილოსნოდან გამოსავალ ხვრელს ფარავს). ნებისმიერ შემთხვევაში ორსულობის მიწურულს განვითარებული სისხლდენა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. 
და კიდევ: იშვიათად სისხლიანი გამონადენი ახალშობილ გოგონასაც აქვს. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომელიც თავისთავად გაივლის, მისი მიზეზი კი ისევ და ისევ ჰორმონული დისბალანსია, რომელიც პაწიას დედიკოსგან გამოჰყვა. 

გააზიარე: