ეფექტური ჩანაცვლება

გააზიარე:

ჰორმონშემცველი მედიკამენტების მიღება ქალებს აშინებთ, ჰორმონის გარეშე დარჩენილი ორგანიზმი კი განგაშის რეჟიმში მუშაობს. თავად განსაჯეთ: ჰორმონები მრავალ სასიცოცხლო მნიშვნელობის რეაქციას არეგულირებენ. საკმარისია, მათმა რაოდენობამ იკლოს, რომ ორგანიზმში ერთგვარი წითელი ნათურა ინთება, რომელიც მარაგის დაუყოვნებლივ შევსებისკენ მოგვიწოდებს. აბა, უცებ წარმოიდგინეთ შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანი, რომელმაც ინსულინის დეფიციტი დროულად ვერ შეივსო... სწორედ ასეთი ან დაახლოებით ასეთი ოპერატიულობით სჭირდება შევსება სასქესო ჰორმონების მარაგს, რომელიც ასაკთან ერთად მცირდება, ხოლო მენოპაუზის პერიოდში სულ მთლად ილევა.

მენოპაუზა სხვა არაფერია, თუ არა ქალის რეპროდუქციული უნარის შეუქცევადი დასასრული, რასაც ქალური ჰორმონების სინთეზის მკვეთრი შემცირება და კვერცხუჯრედის გამომუშავების შეწყვეტა იწვევს.
მენოპაუზა ერთბაშად როდი დგება. ვიდრე მენსტრუაცია ქალს საბოლოოდ შეაქცევდეს ზურგს, ჩნდება უჩვეულო სიმპტომები, მაგალითად, წამოხურება (ალები), რაც ჰორმონული დისბალანსის ბრალია. ამ პერიოდს მენოპაუზის გარდამავალი ეტაპი, სხვაგვარად – პერიმენოპაუზა ეწოდება. ის მოიცავს რამდენიმე წელიწადს უკანასკნელ მენსტრუაციამდე და კიდევ ერთ წელს მის შემდეგ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მენსტრუაცია შეგიწყდათ, მენოპაუზა ჯერ არ დამდგარა და მასზე დაბეჯითებით საუბარი მენსტრუაციული ციკლის გაქრობიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ მენსტრუაციის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში, ანუ “ნამდვილი” მენოპაუზის დადგომამდე, ქალს განაყოფიერების უნარი შენარჩუნებული აქვს და არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვა უთუოდ მოუწევს.
მენოპაუზის შემდეგ (ამ დროს კლიმაქტერიული სინდრომი ყალიბდება) დგება პოსტმენოპაუზის პერიოდი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გასტანს.
მენოპაუზისთვის საშუალო ასაკი 50 წელია, თუმცა ბევრს მენსტრუაციულ ციკლთან გამოთხოვება გაცილებით ადრე – 40 წლისას – ან გვიან, 60 წელს მიახლოებულს უხდება. იშვიათად მენოპაუზა 40 წლამდეც კი დგება.
განსაზღვრული, ძალზე სერიოზული მიზეზების გამო ზოგჯერ საჭირო ხდება საშვილოსნოს ამოკვეთა. ჰისტერექტომია, თავისთავად ცხადია, მენსტრუაციის შეწყვეტასაც იწვევს. ამ შემთხვევაში მენოპაუზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რომლებსაც კლიმაქტერიულ სინდრომად იხსენიებენ, არ ვითარდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ხელუხლებელი საკვერცხეები ჰორმონების სინთეზს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
არის შემთხვევები, როდესაც ქალს საკვერცხეებთან გამომშვიდობებაც უხდება. ამ შემთხვევაში წამოხურება, ძილის დარღვევა და სხვა უჩვეულო სიმპტომები ოპერაციის შემდეგ უმალვე იჩენს თავს.
გარდა ოპერაციული მენოპაუზისა (ასე უწოდებენ მენსტრუაციის შეწყვეტას საშვილოსნოსა და საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ), არსებობს მედიკამენტურიც. ის არც ისე ხშირია და კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღების შედეგად ვითარდება.
რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული მენოპაუზა და, შესაბამისად, სასქესო ჰორმონების დეფიციტი, მათი მარაგის შევსება აუცილებელია. სწორედ ამ დროს მიმართავენ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას.

რა გვაწუხებს
საკმარისია, ესტროგენისა და პროგესტერონის დონემ იკლოს, რომ ორგანიზმში ცვლილებები იჩენს თავს.
მენოპაუზის მოახლოებაზე მიგვანიშნებს:
I – მენსტრუაციული ციკლის ცვლილება, კერძოდ:
• ციკლის შემოკლება;
• უხვი ან, პირიქით, შემცირებული სისხლდენა მენსტრუაციის დროს;
• გამონადენი მენსტრუაციებს შორის;
• მენსტრუაციული სისხლდენის გახანგრძლივება, ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელება. 
II – ალები. სახისა და კისრის არეში წამოხურებას და  კანის დაფოთვლას უამრავი ქალი უჩივის. ალები ქალს ღამღამობითაც უტევს. ამ დროს ქალი ოფლად გაღვრილი იღვიძებს. წამოხურება ნახევრიდან 10 წუთამდე გასტანს.
III – ძილის პრობლემები. გარდა ალებით გამოწვეული დისკომფორტისა, ძილის დარღვევას შფოთვაც იწვევს. ქალს უჭირს ჩაძინება, იოლად ეღვიძება, უეცარი გამოღვიძების შემთხვევაში ხელახლა ჩაძინება სატანჯველად ექცევა.
IV – ხასიათის ცვლილება. მოჭარბებული შფოთვა, ნერვიულობა, ჭირვეულობა, გაღიზიანება, დეპრესია და იოლად დაღლა კლიმაქტერიულ სინდრომს თითქმის ყოველთვის ახლავს თან.
V – შარდსასქესო სისტემის ცვლილებები. ესტროგენის დონის დაქვეითება საშოს აშრობს და ლორწოვან გარსს ათხელებს, ამიტომ სქესობრივი კონტაქტი დისკომფორტს იწვევს. იმატებს ინფიცირების რისკიც. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მენოპაუზის დროს იჩენს თავს, შარდის შეუკავებლობაა – შარდი დახველების, დაცემინების, ვარჯიშის, სირბილის, მძიმე ტვირთის აწევისა და სიცილის დროსაც კი გამოიყოფა.
გარდა ამისა, მენოპაუზის დროს ზოგიერთი ქალი უჩივის:
• წონის მატებას;
• ძვლებისა და სახსრების ტკივილს;
• მეხსიერების დაქვეითებას;
• თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალეს;
• თავზე თმის ცვენას და ამავე დროს თმიანობას უჩვეულო ადგილას, მაგალითად, ნიკაპის მიდამოში.
ამრიგად, ამ პრობლემების ჩამოთვლის შემდეგ შევთანხმდეთ: ისევე, როგორც სხვა ენდოკრინული დაავადებების მკურნალობისას, კლიმაქტერიული სინდრომის მკურნალობის დროსაც ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება. სტატისტიკის თანახმად, მართებულად შერჩეული ჰორმონული თერაპია 50%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, 40%-ით – ინსულტისას, 50%-ით – ბარძაყის ძვლის მოტეხილობისას, 70%-ით – ხერხემლის მოტეხილობისას და 40%-ით – ალცჰაიმერის დაავადებისას. ამ მძიმე პათოლოგიურ მდგომარეობებს რომ თავი დავანებოთ, ორად ორი ჰორმონის მცირე დოზით მიღებაც კი საკმარისია, რომ ქალი კლიმაქტერული სინდრომის ტყვეობიდან განთავისუფლდეს.

შვება ძვლებისთვის
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ოსტეოპოროზით უკვე 200 მილიონი ადამიანია ავად.  50 წელს გადაცილებულთა შორის ის სამიდან ერთ ქალს აღენიშნება. ოსტეოპოროზი ჩონჩხის სისტემური დაავადებაა, რომელსაც ძვლის  სიმკვრივის შემცირება და სტრუქტურის შეცვლა ახასიათებს. ამ ცვლილებათა გამო ძვლის სიმყიფე იზრდება და, რაც მთავარია, საგრძნობლად იმატებს მოტეხილობის რისკი.
ქალებს ოსტეოპოროზის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალი აქვთ პოსტმენოპაუზურ პერიოდში, როდესაც ორგანიზმში სასქესო ჰორმონების ოდენობა მცირდება. დადგენილია, რომ სასქესო ჰორმონები ძვლოვანი სისტემის პროტექტორებს წარმოადგენენ. ყოველგვარი ჰორმონული დისბალანსი ძვლის სიმტკიცის შემცირებას იწვევს.
გარდა მენოპაუზისა, ქალებს სიცოცხლის მანძილზე აქვთ ისეთი კრიტიკული პერიოდებიც, როგორიც არის ორსულობა და ლაქტაცია, როდესაც ძვლოვანი მასის შენარჩუნებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
ოსტეოპოროზი ერთბაშად როდი ვითარდება. 
თავდაპირველად თავს იჩენს ოსტეოპენია – ამ დროს ძვლოვანი მასა შემცირებულია, მაგრამ ოსტეოპოროზი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ამ შემთხვევაში სათანადო მკურნალობის დროულ დაწყებას შეუძლია, დაავადება თავიდან აგვაცილოს.
თუ ძვლოვანი მასის შემცირება გასცდა გარკვეულ ზღურბლს, რომელიც მოტეხილობის მაღალ რისკს უკავშირდება, უკვე ოსტეოპოროზთან გვაქვს საქმე, ხოლო თუ ოსტეოპოროზს მოტეხილობა ერთვის, დაავადების მძიმე ფორმაზე ლაპარაკობენ.
ამ დაავადების ერთ-ერთი კლასიკური გამოვლინებაა ხერხემლის მალების მოტეხილობა, რაც იწვევს ზურგის მწვავე ან ქრონიკულ ტკივილებს, ტანადობის შეცვლას, სიმაღლის დაკლებას. ეს უარყოფით გავლენას ახდენს ფილტვების ფუნქციაზეც. ხშირია წონის კლება, უარესდება ცხოვრების ხარისხი, ადამიანი ანალგეტიკებზე ხდება დამოკიდებული, ეწყება დეპრესია. მოსალოდნელია გაფანტული ტკივილი პერიფერიულ ძვლებში.
ოსტეოდენსიტომეტრიის განვითარებამ შესაძლებელი გახადა, ძვლის სიმკვრივის შემცირება ადრეულ ეტაპზევე იქნეს შემჩნეული და დაიწყოს პროფილაქტიკა, მათ შორის – ჰორმონული პრეპარატების გამოყენება. ამ მეთოდის საშუალებით მაქსიმალური სიზუსტით ფასდება ძვლოვანი ქსოვილის რაოდენობრივი მაჩვენებლები, მისი მინერალიზაციის ხარისხი და მოტეხილობის რისკი.
ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ორმაგენერგეტიკული რენტგენული აბსორბციომეტრია (DEXA) მიიჩნევა. ეს ძალიან მგრძნობიარე და ზუსტი დენსიტომეტრიული მეთოდია, რომელიც განსაზღვრავს ძვალში ფართობის ერთეულზე მინერალის შემცველობას არა მხოლოდ ჩონჩხის პერიფერიულ ნაწილებში, არამედ ხერხემალშიც. ამ მეთოდის საშუალებით ძვლის სიმკვრივე განისაზღვრება ბარძაყისა და წინამხრის ძვლებშიც – იმ ადგილებში, რომლებიც ოსტრეოპოროზის შედეგად ყველაზე მეტად ზიანდება.
ზემოაღნიშნულ კვლევასთან ერთად ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკური კომპლექსი მოიცავს ლაბორატორიულ გამოკვლევებს: კალციუმისა და კალციუმის ცვლაში მონაწილე ჰორმონების, აგრეთვე – ძვლის მეტაბოლიზმის მარკერების განსაზღვრას, რის საფუძველზეც შეირჩევა მკურნალობა.
ქალებში გულის დაავადებათა განვითარების რისკი მენოპაუზის დადგომისთანავე მკვეთრად – 2-3-ჯერ მაინც იზრდება. 45 წლის ქალბატონებს სისხლში საერთო ქოლესტეროლის დონე უფრო ხშირად აქვთ ნორმაზე მაღალი, ვიდრე მამაკაცებს. გულის შეტევა ყოველწლიურად 45-დან 64 წლამდე ასაკის 88 000 ამერიკელ ქალს ემართება. სტატისტიკის წყალობით ცნობილი გახდა, რომ იქაური ქალბატონების მკვლელი #1 გულის დაავადებები ყოფილა. 

მაშ, რა გზით და რამდენი?

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ესტროგენისა და პროგესტერონის საშუალებით ტარდება. თუ ქალს ჰისტერექტომია ჩაუტარდა, პროგესტერონის მიღება საჭირო აღარ არის, რადგან ეს ჰორმონი საშვილოსნოში განსაზღვრული უჯრედების ზრდას აფერხებს და ამით ერთგვარად ამცირებს კიდეც ამ ღრუ ორგანოში ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბების რისკს. ლოგიკურად, თუ საშვილოსნო აღარ არსებობს, ამ პროცესის მარეგულირებელი ჰორმონის მიღებაც აზრს კარგავს.
საზოგადოდ, ჰორმონული მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც ყოველდღიურად, ისე თვის განსაზღვრულ დღეებში. ისიც შეიძლება, მედიკამენტი სხვადასხვა (ტაბლეტის, ადგილობრივად კრემის ან საშვილოსნოსშიდა სპირალის) სახით მიიღოს ორგანიზმმა. მიღების გზა უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, რა ძირითადი პრობლემა აწუხებს ქალს. მაგალითად, თუ საშოს სიმშრალე ძალიან მძაფრად არის გამოხატული, ექიმი პაციენტს ადგილობრივი მოქმედების ჰორმონისშემცველ საშუალებას ურჩევს. 
ჰორმონული თერაპია უკვალოდ ყოველთვის არ ჩაივლის. ქალი შესაძლოა შეაწუხოს სისხლდენამ, სარძევე ჯირკვლების შეშუპებამ და შემკვრივებამ, თავის ტკივილმა, გულისრევამ, ხასიათის ცვლილებამ.

მენიუც მნიშვნელოვანია
იმისთვის, რომ მენოპაუზის პერიოდში თავი კომფორტულად იგრძნოთ, გირჩევთ, კვების რაციონს გადახედოთ. უპირატესობა მიანიჭეთ:
• ახალ ხილსა და ბოსტნეულს (თუ შეძლებთ, კარგი იქნება, ყოველდღე 3 სახეობის ხილი და 4-5 სახეობის ბოსტნეული მიირთვათ);
• დაცეხვილი ხორბლისა და ჭვავის პურს, ქატოს, ბრინჯს, პარკოსნებს;
• დაბალცხიმიან რძეს, ყველს, ხაჭოს, მაწონს, იოგურტს;
• ქათმის მჭლე ხორცსა და უცხიმო თევზს.
ერიდეთ:
• მეტისმეტად ცხიმიან საკვებს (ნაღების კარაქს, ქონის შემცველ ხორცს და ა. შ.);
• სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებულ პროდუქციას, ე.წ. ფასტ-ფუდს;
• კოფეინის შემცველ სასმელებს;
• შაქარს და მარილს. 
კლიმაქსთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, მცენარეული ესტროგენების შემცველი პროდუქტი მიიღოთ. ასეთია სოია, ქატო და პარკოსნები.

გააზიარე: