დამოუკიდებლობა

გააზიარე:
ანა და მაშო დები არიან.

ანა ოთხი წლისაა. დილით, ადგომისთანავე, შეხსენებაც არ სჭირდება, ისე მიფრატუნობს სააბაზანოსკენ და თავს იწესრიგებს. დედა მხოლოდ შორიდან ადევნებს თვალს, როგორ იბანს პატარა ქალი პირს, იხეხავს კბილებს და ივარცხნის თმას. საუზმის შემდეგ 
თეფში ნიჟარაში იდება და ანა სიხარულით ემზადება საბავშვო ბაღში წასასვლელად. ანას არაფრის ეშინია, კონტაქტურია, ნაცნობებს ესალმება და კითხვებზეც თამამად პასუხობს. სტუმრებისთვისაც მუდამ მზად აქვს თითო-ოროლა ლექსი და სიმღერა და თხოვნისთანავე მზადაა მინიკონცერტის ჩასატარებლად.
მაშო ხუთი წლისაა. პირის დასაბანად შესული საპნის ბუშტების “წარმოებით” და მათზე დაკვირვებით ისე ერთობა, რომ საერთოდ ავიწყდება, რისთვის შევიდა სააბაზანოში. ჩაცმა, საუზმე და ბაღისთვის მომზადება დედის მკაცრი მეთვალყურეობის გარეშე შეიძლება დღის ბოლომდე გაიწელოს. არც ბაღში წასვლა სურს, არც სტუმრებსა და თანატოლებთან ერთად გართობა. დედის კალთას ამოფარებული შესცქერის სამყაროს და საკუთარ სურვილებსაც კი თითქოს რიდით გამოთქვამს.
რატომ არის, რომ ერთ ოჯახში, ერთსა და იმავე პირობებში გაზრდილი ბავშვები ასე ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისგან? რატომ აქვს ზოგიერთ ბავშვს ქცევის თითქოს განსხვავებული, გაუმჯობესებული რეპერტუარი, მეორე კი სრულიად მოკლებულია გარკვეულ უნარ-ჩვევებს? და მთავარი კითხვა – რა არის საჭირო იმისთვის, რომ ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე მიზანს მივაღწიოთ და ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები გამოვუმუშაოთ?
უნდა ითქვას, რომ დამოუკიდებლობა ის თვისებაა, რომელიც აუცილებელია ადამიანის ზრდისა და განვითარებისთვის, მისი ხასიათის, მომავლის, ურთიერთობებისა და სიცოცხლისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის.
ეს თვისება ადამიანს დაბადებიდანვე თან არ დაჰყვება.
ახალშობილი ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე უმწეო და უსუსური არსებაა და მას ყველა ცოცხალ ორგანიზმზე მეტხანს სჭირდება მშობლის პატრონობა და მეთვალყურეობა, რათა ელემენტარული საჭიროებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილება შეძლოს.
ეს ხანგრძლივი პროცესი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა თავისებურებით ხასიათდება და თუ მშობელს არ ეცოდინება, როდის უნდა მისცეს შვილს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც მისთვის ამა თუ იმ ეტაპზეა სასიცოცხლოდ აუცილებელი, არსებობს საშიშროება, რომ იგი ჩამოუყალიბებელი და უმწიფარი პიროვნება დადგეს.
უკვე 5-6 თვის ასაკში პატარა ცდილობს მისწვდეს სათამაშოს, წამოჯდეს, საწოლში იკოტრიალოს... პირველი წლის მიწურულს იგი სწავლობს წონასწორობის დაცვას, დგომას, სიარულს, ასრულებს მიზანდასახულ მოძრაობებს და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ადამიანი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას.
3 წლიდან მშობლებს სულ უფრო ხშირად ესმით სიტყვა “მე!” სულ ცოტა ხანია, რაც ამ ნაცვალსახელმა ბავშვისთვის გარკვეული მნიშვნელობა შეიძინა და ამიერიდან იგი არც ერთ შემთხვევას არ გაუშვებს ხელიდან, რომ ეს ახალი სიტყვა არ გამოიყენოს, თანაც – რაც შეიძლება დამაჯერებლად, რაც შეიძლება ხმამაღლა! და თუ აქამდე შვილთან თქვენი ურთიერთობა მშვიდ, ჰარმონიულ კლასიკურ მუსიკას ჰგავდა, ამიერიდან ნამდვილი ჯაზი იწყება. ბავშვის აქტივობის რიტმი და ტემპი ნამდვილი გამოცდაა მშობლებისთვის. ფსიქოლოგებმა სწორედ ამ პერიოდს უწოდეს არცთუ სასიამოვნო სახელი – “3 წლის კრიზისი”, და, თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, დაამატეს ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა “ნეგატივიზმი” და “ბავშის სიჯიუტის ხანა”. საბოლოოდ ამ ასაკის ბავშვის ბევრი მშობელი მიმართავს სპეციალისტს დახმარების თხოვნით და თითქმის ყველა მათგანი ერთსა და იმავეს აღნიშნავს: “არ ვიცი, რამ შეცვალა ბავშვი, ისეთი დამჯერი და ჭკვიანი იყო, ახლა კი ყველაფერში მეწინააღდეგება და არაფრის გაგონება არ სურს!“ სპეციალისტებს ჩვენც მივმართეთ სტატიის დასაწყისში დასმულ კითხვებზე კვალიფიციური პასუხის მისაღებად. იმედი გვაქვს, ბავშვთა ფსიქოლოგის და ნევროლოგის რჩევები, მათი მსჯელობა და დაკვირვებები ჩვენს მკითხველსაც წაადგება და დააინტერესებს.
ნანა ჟორდანია, ფსიქოლოგი:
– გაიზარდო – ეს, პირველ რიგში, ნიშნავს ისწავლო ყველაფრის თვითონ, დამოუკიდებლად გაკეთება.
უდავოა, რომ ბავშვობის ხანისთვის აუცილებელი პირობაა მშობლის გავლენის ქვეშ არსებობა. მისი მზრუნველობის, მასზე დამოკიდებულების გარეშე პატარა ვერ იარსებებს, მაგრამ მშობელს უნდა ესმოდეს, რომ ზომიერების დაცვა და ბავშვისთვის უსაფრთხო პირობებში თავისუფლების მინიჭება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ხშირად მქონია შემთხვევა, როცა შეხვედრაზე მოსული დედა შვილს კითხვებზე პასუხის გაცემას არ აცლის და თავად პასუხობს მის ნაცვლად, ან მუდმივად მრავლობით რიცხვში საუბრობს: “ჩვენ დავდივართ სკოლაში, გვიყვარს შემწვარი კარტოფილი, არ ვამზადებთ გაკვეთილებს ბეჯითად“ და ა.შ. ასეთი დამოკიდებულების დეფინიციისთვის ლიტერატურაში გამოიყენება განსაზღვრება “ტირანული მზრუნველობა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ აქვს და მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში, შესაძლოა შეექმნას სირთულეები სოციუმთან, უმაღლესი სასწავლებელი იქნება ეს თუ სამსახური.
ერთი საინტერესო ექსპერიმენტის შესახებ მინდა მოგითხროთ.
ჩატარდა კვლევა დედა-შვილის ურთიერთობის შესასწავლად. ექსპერიმენტში მონაწილე დედა-შვილს განსაზღვრული დავალებების წყვილად შესრულება ევალებოდა. ამ ცდის შედეგად გამოვლინდა ურთიერთმიმართების რამდენიმე  ტიპიური ფორმა:
. დედა-ლიდერი`ბავშვი-დამკვირვებელი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დავალების მიღებიდან ორიოდე წუთში მშობელი ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს და დავალებას ისე ასრულებს, როგორც თავად მიაჩნია მართებულად. ბავშვი ასეთ დროს შესასრულებელი საქმის მიმართ არც ინიციატივას იჩენს, არც სურვილს და არც ინტერესს.
. პასიური დედა`აქტიური ბავშვი – დედა სრულ თავისუფლებას ანიჭებს შვილს, მაგრამ მაშინაც კი არ იჩენს ინტერესს მის მიმართ, როდესაც მას დახმარება სჭირდება ან რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი. პასიურ მშობელს მიღებული შედეგის სისწორე და შესრულების ხარისხიც ნაკლებად აინტერესებს, რაც პირდაპირ აისახება ბავშვის მოტივაციაზე, მომავალში სამუშაო უფრო გულდასმით და უკეთ შეასრულოს.
. დაბოლოს, პარტნიორული ურთიერთობა, როდესაც დედა თანაბრად და შესაძლებლობების მიხედვით ანაწილებს საქმეს და პასუხისმგებლობას. რასაკვირველია, შედეგების მიხედვით ურთიერთობის მესამე ფორმაა ყველაზე უფრო პროდუქტული და მისაღები, რადგან ამ შემთხვევაში მშობელი პატივს სცემს ბავშვის პიროვნებას და აძლევს მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, უმაღლებს მოტივაციას და აწვდის ქცევის სწორ მოდელს.
ცხადია, სხვადასხვა ბავშვს განსხვავებული შესაძლებლობა და რესურსი აქვს ამა თუ იმ ქცევის განსახორციელებლად. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი თითოეული მათგანის თავისებურების გათვალისწინება და განსავითარებლად მისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა. არც ის ვარგა, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობის სურვილი უტიფრობასა და უზრდელობაში გადაიზარდოს და ზედმეტად მორცხვი და უთქმელი ბავშვიც პრობლემურია, ამიტომ მშობლებმა შვილის უნარებ
ის, ხასიათისა და თანდაყოლილი, ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით უნდა შეიმუშაონ აღზრდის სტრატეგია.
ნებისმიერ შემთხვევაში, მშობელი მოთმინებით უნდა მოეკიდოს შვილის ინიციატივას, გააკეთოს რაიმე თავად, მისი დახმარების გარეშე. თუ ყოველ ჯერზე ვუკრავთ თასმებს 5 ან 6 წლის ბავშვს და თან ვეუბნებით, მაინც არ გა
მოგდის და რამდენ დროს მაკარგვინებო, იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ მომავალში ბავშვი სხვა, უფრო რთული დაბრკოლების გადალახვასაც სხვისი დახმარებით შეეცდება.
მეტწილად სწორედ ასეთი ყოველდღიური, ყოფითი სიტუაციები აყალიბებს უნარებს. სამი წლის ასაკიდან ბავშვს უკვე შეუძლია თავად მიირთვას საჭმელი, მაგრამ მშობლების უმეტესობას ურჩევნია, ბავშვი მხოლოდ პირის დამოუკიდ
ებლად გაღებით შემოიფარგლოს, რადგან თავად უფრო აკურატულად, სწრაფად და რაც მთვარია, უფრო მეტს აჭმევს შვილს. ასეთ დროს, სამწუხაროდ, ყურადღების მიღმა რჩება გაცილებით მნიშვნელოვანი რამ.
აუცილებელია, სახლში უფროსებმა შექმნან ისეთი გარემო, რომელიც ბავშვის დამოუკიდებელ საქმიანობას შეუწყობს ხელს. აქ ისეთ დეტალებსაც უნდა მიექცეს ყურადღება, როგორიცაა პირსაბანის სიმაღლე აბაზანაში – თუ ნიჟარა მეტისმეტად მაღლაა, დაუდგით ბავშვს პატარა სკამი, რათა მან შეძლოს საჭიროების დროს ხელების დამოუკიდებლად დაბანა. იზრუნეთ იმაზე, რომ ერთი საკიდი ბავშვისთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე იყოს განთავსებული, რათა მან შინიდან გასვლისა და შინ შემოსვლის დროს ქურთუკის დამოუკიდებლად ჩაცმა და გახდა მოახერხოს. ავარჯიშეთ თასმების შეკვრაში, განუვითარეთ წვრილი და მსხვილი მოტორიკა, რაც მეტ თავისუფლებას მიანიჭებს მის ქმედებებს და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მთელი ეს შრომა და მოთმინება აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ბავშვი დამოუკიდებელ, ძლიერ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდება.
თეა გაჩეჩილაძე, ბავშვთა ნევროლოგი:
– ჩემი დაკვირვებით, თანამედროვე მშობლებს ერთი თავისებურება ახასიათებთ. ხუმრობით თუ ვიტყვი, მათ ერთგვარი დაავადება სჭირთ – ჰიპერმზრუნველობა.

ეს ვლინდება მშობლის ზედმეტი მზრუნველობით შვილის მიმართ. 
ბავშვს, უბრალოდ, არ ეძლევა შესაძლებლობა დამოუკიდებლად გადალახოს სირთულეები. ჰიპერმზრუნველობის შედეგად იგი კარგავს საკუთარი ენერგიის, რესურსების მობილიზების უნარს რთულ და მისთვის მნიშვნელოვან სიტუაციებში და ვითარდება ე.წ. “შეძენილი უსუსურობა” – ნებისმიერი დაბრკოლების აღმოცენებისთანავე ბავშვი თავს ანებებს საქმეს და იმის ნაცვლად, რომ დასახული მიზნის შესრულებაზე იზრუნოს, ნებდება და საქმიანობას წყვეტს.
დამოუკიდებლობის ჩვევის გამომუშავება ხანგრძლივი და არცთუ მარტივი პროცესია, თუმცა აუცილებელიც, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ, მცირე დეტალების გათვლით ეყრება საფუძველი ადამიანის ფსიქოტიპს.
იმისთვის, რომ მშობელსა და ბავშვს შორის სწორი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, აუცილებელია, მშობელმა წააქეზოს პატარას დამოუკიდებელი ქცევა, გაითვალისწინოს მისი აზრი ამა თუ იმ საკითხის გადაჭრისას, გათვალოს ბავშვის შესაძლებლობები და ამის მიხედვით შესთავაზოს აქტივობა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში დაუშვებელია გარკვეული ეპითეტებისა და ფრაზების გამოყენება ბავშვის მიმართ: “ჩანჩალა”, “უვარგისი”, “არაფერში ვარგიხარ, არაფერი გამოგდის” და მსგავსი შეფასებები მატრავმირებელია მოზარდის ფსიქიკისთვის და არასწორ სტერეოტიპებს აყალიბებს. დღეს უამრავი ფსიქოლოგი აღიარებს, რომ ურთულესი ქცევის კორექციაც კი მხოლოდ დადებითი განმამტკიცებლის გამოყენებით არის შესაძლებელი. ამიტომ ქება და კარგი საქციელისკენ წაქეზება მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე შენიშვნა და უარყოფითი შეფასება.
დასასრულ, მინდა მშობლებს ვთხოვო: შეუწყვეთ ხელი დამოუკიდებლობისკენ ბავშვების სწრაფვას, რადგან სწორედ ეს უნარია მათი მომავალი წარმატებების საწინდარი!

გააზიარე: