10 რჩევა სსმ ბავშვების მშობლებს
გააზიარე:
შვილი ბედნიერებაა, მაგრამ რა სასიამოვნოც არ უნდა იყოს უსაყვარლესი პატარა ადამიანის განვითარებაზე დაკვირვება და მის ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობა, ეს ყველაფერი დიდ მოთმინებას, ენერგიას, ნერვებს და დროს მოითხოვს. თუ, ამავე დროს, ბავშვი სპეციალური საჭიროების მქონეა, ზემოთ ჩამოთვლილი დანახარჯი ორმაგდება.
სსმ ბავშვების მშობლებს ყველაფერი მეტი მოეთხოვებათ. მათ უნდა მოახერხონ, რომ ამ განსაკუთრებული პატარას გვერდით არც სხვა შვილებს მოაკლდეთ ყურადღება, არ ჩამორჩნენ მოვლენებს სამსახურში და არ მოსწყდნენ სოციალურ ცხოვრებას. ასე გადატვირთულებს, ხშირად ავიწყდებათ, რომ მათი ყურადღება და სითბო კიდევ ერთ ადამიანს სჭირდება – მეუღლეს.
თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდით, შესაძლოა, მეუღლესთან ურთიერთობის მოგვარება თქვენი გადატვირთული გრაფიკის კიდევ ერთ შესასრულებელ პუნქტად მოგეჩვენოთ. ასეც რომ იყოს, გაითვალისწინეთ: გუნდურად უფრო ნაკლებ ხანში უფრო მეტის გაკეთებას შეძლებთ, შესაბამისად, საქმე გაგიმარტივდებათ, სტრესი დაიკლებს და ცხოვრება – არა მარტო თქვენთვის, არამედ ბავშვებისთვისაც – უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდება.
გთავაზობთ 10 რჩევას, რომლებიც ურთიერთობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.
1. ისაუბრეთ. დუმილი ძალიან ბევრს ამბობს ურთიერთობაზე, რადგან თავისთავად ბადებს კითხვას: "რა გაწუხებთ და რაზე არ საუბრობთ?" სსმ ბავშვების მშობლები ხშირად იკავებენ ემოციებს, მაშინ როდესაც შესაძლოა, ერთ მათგანს დანაშაულის განცდა ჰქონდეს, ხოლო მეორე ბრაზობდეს, ერთი გადაქანცული იყოს, მეორე კი ამ დროს თავს გარიყულად გრძნობდეს. ისაუბრეთ ამ ემოციებზე, მაგრამ ნუ გაკიცხავთ ერთმანეთს მათ გამო. ერთსა და იმავე სიტუაციაში მყოფ ორ ადამიანს შესაძლოა რადიკალურად განსხვავებული ემოციური რეაქციები ჰქონდეს და ასეთ დროს მართალი და მტყუანი არ არსებობს. გაითვალისწინეთ: როდესაც გეცოდინებათ, როგორ რეაგირებს თქვენი პარტნიორი ამა თუ იმ მოვლენაზე, საქმის განაწილება უფრო გაგიადვილდებათ. აუცილებლად ისაუბრეთ დიდ პრობლემებზე – დაინახავთ, რომ მომავალში ეს ყოველგვარ თემაზე საუბარის, ყოველგვარი სირთულის გადაჭრის დასაბამი გახდება.
2. გახდით ერთი გუნდი. ბავშვის აღზრდასა და მოვლაში თქვენი როლის დისბალანსმა შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს ურთიერთობას. თუ მიგაჩნიათ, რომ საქმის ზედმეტად დიდი წილი გაწევთ, დაელაპარაკეთ მეუღლეს ამის შესახებ და მოიფიქრეთ მოვალეობათა განაწილების უკეთესი გზა. სასურველია, ეს დიალოგი დასვენებულ გონებაზე გამართოთ და არა მაშინ, როდესაც ნერვები გღალატობთ და ასაფეთქებლად მზად ხართ. ერთად გაარკვიეთ ერთმანეთის ძლიერი მხარეები – შესაძლოა, ერთ-ერთ თქვენგანს ექიმთან ვიზიტების მოგვარება უფრო გამოსდიოდეს, მეორე კი სიამოვნებით აბანავებდეს და აძინებდეს ბავშვს. როლების განაწილების შემდეგ ნახავთ, რომ სიატუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.
3. ნუ მოირგებთ უფროსის და ხელქვეითის როლებს. ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ხშირად დედას აკისრია. ის დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და შესაძლოა, დროთა განმავლობაში, ისე, რომ ვერც კი გააცნობიეროს, ამის კეთება მამასთან შეუთანხმებლად დაიწყოს. ასეთ დროს ერთი მშობელი ბოსის როლში გვევლინება, მეორე – დაქირავებული ხელქვეითის. ეს სიტუაცია, თავისთავად ცხადია, იწვევს მუდმივ კონფლიქტს და ძირს უთხრის ურთიერთობას, ამიტომ ეცადეთ, გადაწყვეტილებები ერთმანეთთან შეთანხმებით მიიღოთ. იმსჯელეთ და ერთად გადაწყვიტეთ, როდის რა იქნება სწორი. ასე ბოსის და ხელქვეითის სტატუსები ურთიერთობიდან გაქრება და კვლავ ჰარმონია დაისადგურებს.
4. ეცადეთ, სიყვარულის ნაპერწკალი არ ჩაგიქრეთ. დღის ბოლოს, როდესაც ფიზიკურად და ემოციურად გადაქანცულს, ერთი სული გაქვთ, ლოგინში ჩაწვეთ და დაიძინოთ, მეუღლესთან ფიზიკური სიახლოვე შეიძლება არც მოგაგონდეთ, მაგრამ თუ ბევრჯერ განმეორდა ასე, ვერც კი შეამჩნევთ, ისე ჩაქრება სიყვარულის ნაპერწკალი და მოსიყვარულე ცოლ-ქმრიდან შესაძლოა იქცეთ ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ ორ უცხო ადამიანად, რომლებსაც მხოლოდ ბავშვი აერთიანებს. ეცადეთ, დღის განმავლობაში საქმე ისე გაანაწილოთ, რომ დღის ბოლოს, როდესაც ბავშვებს დააძინებთ, სიხარულით გაატაროთ მეუღლესთან ერთად თუნდაც ერთი საათი.
5. გამონახეთ დრო მეუღლესთან განმარტოებისთვის. წესად აქციეთ, ყოველდღე 20 წუთი მაინც გაატაროთ მასთან ერთად. მიირთვით რამე სასუსნავი ან დალიეთ ყავა და ისაუბრეთ. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ და ბავშვებს ძიძას დაუტოვებთ, თქვენ კი რამდენიმე რომანტიკულ საათს აჩუქებთ თქვენს თავს. ეცადეთ, ბავშვების გარდა სხვა თემებზეც ისაუბროთ, მოსწყდეთ ყოველდღიურობას და ამ წუთებით ბოლომდე დატკბეთ.
6. იკამათეთ (ხანდახან). უთანხმოება ნებისმიერი ურთიერთობისთვის ნორმალური მოვლენაა. ნუ უგულებელყოფთ თქვენს განსხვავებულ აზრებს, პირიქით, გაუზიარეთ ისინი ერთმანეთს. მოუსმინეთ მეუღლეს, გაარკვიეთ, რატომ მიაჩნია, რომ ცდებით, მერე კი მის მოსაზრებას საკუთარი არგუმენტი დაუპირისპირეთ. პატარა უთანხმოებათა დიალოგის გზით მოგვარება თავიდან აგაცილებთ დიდ უსიამოვნებებს, რომლებიც თან სდევს აზრთა სხვადასხვაობას.
7. გაუმკლავდით დაღლილობას. სსმ ბავშვის აღზრდა ზღვა ენერგიას მოითხოვს. ძალიან ძნელია მეუღლესთან რომანტიკისთვის დროის გამონახვა, ამიტომ თქვენს თავს თვითონვე უნდა შეუწყოთ ხელი: თუ ატყობთ, რომ დღის გეგმა ქანცს გაცლით და საღამოს ძილის გარდა აღარაფრის თავი აღარ გექნებათ, თვალი გადაავლეთ შესასრულებელი დავალებების ჩამონათვალს და შეძლებისდაგვარად შეიმსუბუქეთ ჯაფა. შეიძლება, ხვალისთვის გადადოთ სახლის დალაგება, ჭურჭლის რეცხვა (სადილი კი ქაღალდის თეფშებზე მიირთვათ) ან პიცის დღე მოიწყოთ და სადილის გაკეთება აღარ მოგიწიოთ... ასეთი ხრიკები დედებს ეპატიებათ, თუ ეს მეუღლესთან ურთიერთობაზე დადებითად იმოქმედებს.
8. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის. თუ საკუთარ თავს საკმარის ყურადღებას არ აქცევთ, დროთა განმავლობაში მეუღლისთვის დასათმობი ყურადღების მარაგიც ამოგეწურებათ. იზრუნეთ საკუთარი სულის სიმშვიდეზე. ასე ოჯახისთვისაც უფრო მეტ სითბოსა და სიყვარულს გაიღებთ. ადექით ოჯახის დანარჩენ წევრებზე ერთი საათით ადრე და მიიღეთ თბილი აბაზანა ან ისიამოვნეთ დილის ყავით, წადით სავარჯიშოდ ან უბრალოდ გაისეირნეთ და თავი მოუყარეთ აზრებს. რაც მთავარია, გააკეთეთ ეს ყველაფერი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. გახსოვდეთ, ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ აკეთებთ – დასვენებული და მშვიდი, გარშემო მყოფებსაც დადებით ემოციებს გადასდებთ.
9. ისწავლეთ მოსმენა. თუ თქვენი მეუღლე სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდა და თქვენთან გულის მოოხება სურს, ნუ შეეჯიბრებით და ნუ აუგდებთ სიტყვას ბანზე იმის გამო, რომ თქვენც არანაკლებ დაღლილი ხართ. მოუსმინეთ, დაამშვიდეთ, შეაქეთ დაუღალავი შრომისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ოჯახისთვის აკეთებს. შემდეგში, როდესაც თქვენ მოგინდებათ მისთვის გულის გადაშლა და წუწუნი, ისიც ასევე მოიქცევა.
10. არ დაგეზაროთ მადლობის გადახდა. თქვენი მეუღლე ადრე ადგა, რათა თქვენ მეტხანს გძინებოდათ? ბავშვები დაიტოვა, რომ თქვენ სპორტდარბაზში წასულიყავით? ნუ დაიზარებთ მადლობის გადახდას. მადლიერება ძლიერი ემოციაა, ამიტომ ყოველთვის დააფასეთ ერთმანეთის მცდელობა, გახადოთ ურთიერთობა უფრო ჰარმონიული და კომფორტული.
დაბოლოს, გახსოვდეთ: თუ გგონიათ, რომ საკუთარი ძალებით ვერ მოახერხებთ პრობლემის მოგვარებას, ყოველთვის შეგიძლიათ მიაკითხოთ სპეციალისტს. ეს არც თქვენი და არც თქვენი მეუღლის სისუსტეზე არ მიანიშნებს, პირიქით, ხაზს უსვამს, რა ძლიერად იბრძვით ურთიერთობისა და ოჯახის შესანარჩუნებლად.
ლიკა ქათამაძე