წოლით გამოწვეული პრობლემა

გააზიარე:
 ნაწოლები მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანს დიდხანს – კვირაობით, თვეობით უწევს ერთსა და იმავე მდგომარეობაში ყოფნა – წოლა ან ჯდომა. ამ დროს შემაერთებელი ქსოვილი იჭყლიტება და ზიანდება. განსაკუთრებული ზიანი ადგება კანს და მის ქვეშ მოქცეულ ქსოვილს ძვლის სიახლოვეს: ჯდომისას – მენჯის არეში, დუნდულა კუნთების ქვედა ნაწილში, წოლისას კი ნაწოლები პირველ რიგში ზურგზე წარმოიშობა.

რაკი ნაწოლები ხანგრძლივი იმობილიზაციის დროს ჩნდება, ბუნებრივია, პრობლემა მეტწილად მაშინ იჩენს თავს, როდესაც ადამიანი ავადმყოფობის გამო საწოლს არის მიჯაჭვული ან ინვალიდის ეტლით სარგებლობს. ბუნებრივია ისიც, რომ ნაწოლები უმეტესად მოხუცებს აწუხებთ. ნა
წოლები თავდაპირველად შედარებით მსუბუქია, მერე და მერე კი მძიმდება. ამის კვალობაზე, განასხვავებენ დაზიანების რამდენიმე დონეს:

  • პირველი დონე – კანზე ცვლილებები არ შეინიშნება, მხოლოდ ოდნავ არის ფერნაცვალი, შეწითლებული, ისიც უმთავრესად ღია ფერის კანის პატრონებში. შავგვრემნებს სიწითლე ზოგჯერ არც კი ეტყობათ. მიუხედავად თვალისთვის ნაკლებად შესამჩნევი ცვლილებისა, ხელის დაჭერისას ტკივილი მაინც იგრძნობა. შესაძლოა, ეს უბანი ჯანმრთელ კანთან შედარებით გრილი ან, პირიქით, მხურვალეც იყოს.
  • მეორე დონე – კანზე წყლულოვანი ბუშტუკი ჩნდება და მათი გახეთქვისას, ასევე – კანის ზედა შრის განლევის შედეგად, ქვედა შრე შიშვლდება. 
  • მესამე დონე –წყლული ღრმავდება და კანზე ჭრილობის მსგავსი დაზიანება წარმოიშობა, რომელიც შესაძლოა ირგვლივ მდებარე ქსოვილებზეც გავრცელდეს.
  • მეოთხე დონე – ჭრილობა კუნთებამდე და ძვლებამდე აღწევს და უფრო და უფრო ფართო უბანს მოიცავს.

სად როდის
ხანგრძლივი ჯდომის შედეგად უპირატესად ზიანდება ქსოვილი ხერხემლის გასწვრივ, ბეჭებზე, ასევ – დუნდულა კუნთებისა და ფეხების ის ნაწილები, რომლებიც სკამს ებჯინება.
წოლისას ნაწოლები ჩნდება კეფაზე, ყურების უკან, ბეჭებზე, თეძოებზე, ზურგის ქვედა ნაწილში, წვივის უკანა ზედაპირზე, ქუსლებზე და მუხლის სახსრის არეში.
მაინც რა იწვევს?
მიზეზი აშკარაა: ერთსა და იმავე პოზიციაში ყოფნა და კანზე ხანგრძლივი ზეწოლა, თუმცა თავიანთი წვლილი სხვა ფაქტორებსაც შეაქვთ. ესენია:

  • მოჭეჭყვა. როდესაც კანი და მის ქვეშ მდებარე ქსოვილი ძვალსა და ეტლს ან საწოლს შორის არის მოქცეული, რბილ ქსოვილებზე ზეწოლა სისხლძარღვებში სისხლის დინებისთვის საჭირო წნევაზე მეტია. ამის შედეგად სისხლი ქსოვილებამდე ვეღარ აღწევს, რასაც მათი შიმშილი, ხოლო მძიმე შემთხვევაში – კვდომა მოჰყვება. ასეთი ცვლილებები უმთავრესად იმ შემაერთებელ ქსოვილებში იჩენს თავს, რომლებსაც ცხიმოვანი ან კუნთოვანი ქსოვილი არ არტყია გარს. ასეთი “შიშველი” უბნები ხერხემლის გასწვრივ, გავის არეში, ბეჭებზე, იდაყვებზე მდებარეობს.
  • გახეხვა. კანი ზიანდება, როდესაც მოძრაობაშეზღუდული ადამიანი დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით ცდილობს პოზის შეცვლას. ამ დროს კანი უხეშად ეხახუნება მყარ ზედაპირს და უფრო მეტად ზიანდება, თუ ნოტიოა – ოფლიანია ან სხვა მიზეზით არის სველი. “გახეხილი” კანზე ნაწოლები უფრო იოლად ჩნდება.
  • “არასწორი” მოძრაობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანი ერთი მიმართულებით მოძრაობს, ხოლო ზედაპირი, რომელსაც იგი ეხება – საპირისპორო მიმართულებით. ასეა მაშინ, როდესაც ექიმი საწოლის თავს მაღლა სწევს და ავადმყოფი ქვემოთ ჩამოცურდება ან საწოლი დაქანებულია, მენჯის ძვალი ქვემოთ მიცოცავს, ხოლო კანი ადგილზე რჩება.

ნაწოლების გაჩენა მოსალოდნელია:
დამბლის დროს;
მძიმე ტრავმის ან ისეთი დაავადების დროს, რომელიც ხანგრძილივ წოლით რეჟიმს მოითხოვს;
კომის დროს;
ძლიერმოქმედი სედაციური (დამამშვიდებელი) ეფექტის მქონე მედიკამენტების მიღების შემდეგ.
ნაწოლების განვითარების ალბათობას ზრდის:

  • ხანდაზმული ასაკი. ასაკის მატებასთან ერთად კანი თხელდება, შრება და ეშვება, სიმკვრივეს კარგავს. ახალი უჯრედების წარმოქმნა-რეგენერაცია მასში ახალგაზრდა კანთან შედარებით ნელა მიმდინარეობს. ყოველივე ამის შედეგად კანი უფრო იოლად ზიანდება და ძნელად შუშდება.
  • დაქვეითებული მგრძნობელობა. ზურგის ტვინის ტრავმისა და ზოგიერთი სხვა ნევროლოგიური დაზიანების შედეგად კანი მგრძნობელობას კარგავს. ადამიანი დისკომფორტსა და ტკივილს ვერ გრძნობს, ყურადღებას არ აქცევს და ნაწოლებიც იოლად ჩნდება.
  • წონის მკვეთრი კლება. ხანგრძლივი ავადმყოფობის, წოლის ან ჯდომის შემდეგ კუნთები და ცხიმოვანი ქსოვილი განლევას იწყებს, შემაერთებელი ქსოვილი დაუცველი რჩება, უშუალოდ ეხება ძვალს და იოლად ზიანდება.
  • ცუდი კვება და სითხის ნაკლებობა. სითხის, კალორიების, ცილის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების სიმცირე ქსოვილის აღდგენის უნარს აქვეითებს და მის დაზიანებას უწყობს ხელს.
  • შარდისა და განავლის შეუკავებლობა. ამ დროს კანი ხშირად სველდება, იოლად ღიზიანდება და ნაწოლებიც იოლად უჩნდება. გარდა ამისა, შარდსა და განავალში არსებული ბაქტერიები დაზიანებულ კანში იჭრება და ჯერ ადგილობრივ, ხოლო მოგვიანებით ზოგად ინფექციურ პროცესს იწვევს.
  • კანის მეტისმეტი სიმ შრალე. ისევე როგორც ნოტიო, ზომაზე მეტად გამომშრალი კანიც იოლად ზიანდება.
  • დაავადებები, რომლებიც ცირკულაციის მოშლას იწვევს. ასეთებია, უპირველეს ყოვლისა, დიაბეტი და ვასკულარული (სისხლძარღვთა) დაავადებები, რომლებიც კანის განსაზღვრული უბნების სისხლით მომარაგებას არღვევს და კანის კვებას აფერხებს.
  • თამბაქოს წევა. ეს მავნე  ჩვევა არღვევს ცირკულაციას და, საზოგადოდ, ხელს უშლის სისხლის ჟანგბადით გამდიდრებას. ამდენად, მწეველებს კანი უფრო ადვილად უზიანდებათ და ძნელად უშუშდებათ.

სირთულეები
ნაწოლები თავისთავადაც უსიამოვნოა, მაგრამ თუ ყურადღება არ მივაქციეთ, შესაძლოა საქმე უფრო მეტად გართულდეს.
ნაწოლების ყველაზე მძიმე გართულებებია:

  • სეფსისი, რომელიც დაზიანებული ქსოვილიდან შეჭრილი ინფექციის შედეგია;
  • ცელულიტი. ქალებისთვის კარგად ნაცნობ პრობლემას არ ვგულისხმობთ – ცელულიტი ეწოდება კანის ანთებით დაავადებას, რომელიც ქსოვილის შეწითლებით, შეშუპებითა და ტკივილით მიმდინარეობს. ეს გამოვლინებაა ადგილობრივი ინფექციური პროცესისა, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა გენერალიზებულ სეფსისში ან მენინგიტში გადაიზარდოს.
  • ძვლისა და სახსრის ინფექცია, რომელიც დაზიანებული კანიდან შეჭრილი ინფექციის შედეგია. თუ ადამიანმა არ იმკურნალა, შესაძლოა სახსრის ქსოვილები დაუზიანდეს, ამას ოსტეომიელიტიც დაერთოს და საბოლოოდ საქმე მოძრაობის მყარი შეზღუდვამდე და ინვალიდობამდე მივიდეს.
  • კიბო. ავთვისებიანი სიმსივნე შესაძლოა გაჩნდეს ქრონიკული ჭრილობის არეში, სადაც დაზიანებული უჯრედები, რომელთა მოშუშება ვერა და ვერ ხერხდება, მალიგნიზაციას ანუ ავთვისებიან გადაგვარებას განიცდიან. 

როგორ მოვაშუშოთ
მკურნალობას ვიწყებთ იმ ზეწოლის მოხსნით, რომელსაც დაზიანებული კანი განიცდის. ამისთვის ეტლში მჯდომ ადამიანს სხეულის მდგომარეობა 15 წუთში ერთხელ მაინც უნდა ვიცვალოთ, ხოლო მწოლიარეს – 2 საათში ერთხელ. გარდა ამისა, მეტად მნიშვნელოვანია სპეციალური მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც დაზიანებულ კანზე ზეწოლას შეამცირებს. შეიძლება, საამისოდ მუთაქა, ბალიშიც გამოვიყენოთ. სპეციალური საშუალებები კი სპეციალისტმა უნდა შეგვირჩიოს – ის ზუსტად განსაზღვრავს, რა არის საჭირო. ზეწოლის მოცილების შემდეგ, თუ კანი მეტისმეტად არის დაზიანებული, საჭიროა მისი მოცილებაც. იმისდა მიხედვით, რამდენად ღრმაა დაზიანება, ექიმი გადაწყვეტს, ქირურგიულ ჩარევას მიმართოს საამისოდ თუ მექანიკური ან აუტოლიზური მეთოდი გამოიყენოს. ეს უკანასკნელი გულისხმობს სპეციალური ენზიმების გამოყენებას, რომელთა ზემოქმედებითაც მკვდარი კანი იშლება და ჯანმრთელს სცილდება.
აუცილებელია დაზიანებული კანის გაწმენდა. პირველი სტადიის ნაწოლის გასუფთავება საპნითა და წყლითაც შეიძლება. თუ უკვე ღია ჭრილობაა ჩამოყალიბებული, ვწმენდთ მარილის წყალხსნარით. ამ დროს აუცილებელია ჭრილობის გადახვევაც, რომ ინფექცია არ შეიჭრას. ნაწოლების თანმხლები ტკივილის შესასუსტებლად პაციენტს ტკივილგამაყუჩებელს ასმევენ ან უსვამენ. თუ არსებობს ინფექციის გავრცელების საფრთხე, ანდა თავი იჩინა მისმა ნიშნებმა, აძლევენ ანტიბიოტიკებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, რაც ქსოვილის რეგენერაციის უნარს ზრდის. მეტად სასარგებლოა ჩ ვიტამინი და თუთია.
ნაწოლები რომ არ გაჩნდეს...
ამისთვის უმთავრესია სხეულის რეპოზიცირება ანუ მდებარეობის ცვლა. ეტლში მჯდომმა ადამიანმა პოზა უფრო ხშირად უნდა იცვალოს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მჯდომარეს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე მწოლიარეს. თუ დამოუკიდებლად განძრევა უჭირს, სხვისი დახმარებით საათში ერთხელ მაინც უნდა იცვალოს მდგომარეობა.
თუ ნაწოლები ჯერ არ გაჩენილა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანზე ზეწოლის შესამცირებლად სპეციალური საშუალებების გამოყენება ნაადრევია. ექიმი გირჩევთ, რომელი ხელსაწყო გამოიყენოთ ნაწოლების პროფილაქტიკისთვის. თუ ადამიანი საწოლსაა მიჯაჭვული, გამოგადგებათ სპეციალური, სითხით ან ქაფით სავსე ლეიბი, რომელიც სხეულს სათანადო მდგომარეობაში დააკავებს.
აუცილებელია კანის მოვლა. უწინარეს ყოვლისა, საჭიროა ხშირი ბანა, რომ ინფექცია არ გავრცელდეს. თუ კანი მეტისმეტად მშრალია – დანოტივება, ხოლო სინოტივის შემთხვევაში – მისაფრქვევი პუდრით მოშრობა.
ნუ დაივიწყებთ ჯანსაღ, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით გაჯერებულ საკვებს და, რაც მთავარია, მიაწოდეთ ორგანისმს სათანადო ოდენობის სითხე. 
დაბოლოს, თუ ადამიანი საწოლს ან ეტლს არის მიჯაჭვული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხეული ბოლომდე გააზარმაცოს; ურჩიეთ, თავს ძალა დაატანოს და ის მინიმალური მოძრაობები მაინც შეასრულოთ, რის საშუალებასაც ორგანიზმი აძლევს.


გააზიარე: